მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს კირბალთან მომხდარ ფაქტზე- ირაკლი ღარიბაშვილი

139
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ სროლის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა – უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე.

მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.