Home Blog Page 1945

ძალადობის ბრალდებით, მოზარდის მამა და ბიძა დააკავეს

იმერეთში მოზარდის ჩვენების საფუძველზე, ბავშვის მამა და ბიძა დააკავეს. არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ მასზე ძალადობდნენ. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მშობლებს შორის კონფლიქტს უკავშირდება, რომლებიც წლებია გაშორებულები არიან.

დაკავებულები წყალტუბოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებულების ადვოკატი, მცირეწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ საუბრობს. მამისთვის და ბიძისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენიათ.

“ჩვენს ქვეყანაში არავითარი ომიანობის საფრთხე დაშვებული არ იქნება”- თეა წულუკიანი

ვგმობ ბატონი გივი თარგამაძის განცხადებას და ღია მოწოდებას ძალადობისაკენ, ახლა გამოსარკვევი მხოლოდ ის დარჩა, მან რატომ აირჩია ეს მომენტი ამის სათქმელად, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გივი თარგამაძის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე არ არსებობს.

„როგორ მოახერხა ამის გამოთქმა, რადგან ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე საუბრობს იარაღზე, სისხლზე, დაწვაზე, მანქანების განადგურებასა და სხვა ტიპის ძალადობრივ აქციაზე იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს არაერთხელ უნახავს, მათ შორის ყველაზე ბოლოს მაშინ, როდესაც თავად გივი თარგამაძე იყო ხელისუფლებაში და უპასუხისმგებლოც რბილი შეფასებაა ამგვარ განცხადებასთან მიმართებაში. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე. მინდა, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში დაშვებული არ იქნება რისკის დონეზეც კი და არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ უპასუხისმგებლო და ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს, რომელსაც გივი თარგამაძის მსგავსი უსამშობლო, ომის და არეულობის მომხრე ადამიანები გააკეთებენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორ გივი თარგამაძემ განაცხადა: „მარტის პროტესტის დროს ამბობდნენ, პოლიციის მანქანა როგორ დაწვესო, იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს“.

„გამარჯობა, თბილისო!”- როგორ შეხვდა საქართველო რუს ტურისტებს

რუსეთის ფედერალურ სამთავრობო გაზეთ „როსიისკაია გაზეტაში“ (Российская газета) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამარჯობა, თბილისო! როგორ შეხვდა საქართველო რუს ტურისტებს“ (ავტორი – იგორ ელკოვი), რომელშიც გადმოცემულია ქართული შთაბეჭდილებები რუსი ჟურნალისტისა, რომელიც მოსკოვიდან თბილისში განახლებული პირველი ავიარეისით ჩამოვიდა.

სტატია იწყება საუბრით ქართველ ტაქსისტთან, რომელიც ეხება თბილისში არსებულ ფასებს საწვავზე, ქალაქის ტრანსპორტით მგზავრობაზე, კვებას კაფეებში და რესტორნებში. ავტორი თვლის, რომ „ფასები სრულიად მისაღებია… თუ თქვენ უკვე იცით მთავარი ქართული სიტყვები – „გამარჯობა“ და „მადლობა“ – პირველ ხანებში ეს საკმარისია. ასე რომ, გამარჯობა, თბილისო!“.

(…)
თბილისური კოლორიტი განსაცვიფრებელია. გახსოვდეთ, რომ ტროტუარზე სიარულისას ყურადღებით უნდა იყოთ: ძალიან ბევრ ადგილზე თბილისელი ძაღლები არიან წამოწოლილნი. დიდები, ჭკვიანი და კეთილი თვალებით. ნუ შეგეშინდებათ, მათ სტუმრის პატივისცემა იციან. მართალია ქუჩაში ცხოვრობენ, მაგრამ ადამიანის მეგობრის ყველა უფლებით სარგებლობენ, ყურში ყველას „ჩიპები“ აქვს გაკეთებული.

(…)
შენობების კედლებზე და მესრებზე ბევრი წარწერა მოჩანს. შენობები ყველანაირია – სუპერთანამედროვე, ძველი ნგრევის პირას მისული და უკვე თითქმის დანგრეულიც. ბევრ სახლს რემონტი ჭირდება, კოსმეტიკური მაინც. საერთოდ, თბილისური შენობების კედლები, შეიძლება ითქვას, უფასო გზამკვლევის როლს ასრულებს. მივდივარ ქუჩაში, გავიარე ერთი ნაკლებად შესამჩნევს სახლთან, თვალი შევცვალე ფასადს და… ჰოი, საკვირველებავ! „ამ სახლში 1916-1918 წლებში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი მხატვარი ფიროსმანი – ნიკო ფიროსმანიშვილი“.

მე კი შენობას კინაღამ გვერდი ავუარე. ისე, რატომ – „ცნობილი“ და არა „გენიალური“, ან „დიდი“? თუმცა მე ხომ პოეტებისა და მხატვრების ქვეყანაში ვარ.

მოსაღამოვდა, ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერში სკამზე ჩამოვჯექი და „ბორჯომს“ ვწრუპავ. რაღაც ხმები მესმის, მივდივარ პარლამენტისკენ (საოცარია სილამაზეა – შადრევნები, განათება…). ხალხია შეგროვილი, დაახლოებით ასი ადამიანი. პოლიციელებსაც ვხედავ. გასაგებია – პოლიტიკურ აქციაზე მოხვდი. ძველი ნაცნობებია – ჯუჯა რადიკალური პარტია და მისი მოკავშირეები – ისინი, ვინც რუსეთ-საქართველოს კავშირების წინააღმდეგ გამოდიან. რა თქმა უნდა, მიტინგი არასანქცირებულია, ძირითადად ერთი ლაპარაკობს, დანარჩენები კი უფრო მეტად ყვირიან და უსტვენენ. ზოგს ხელში უკრაინის დროშები და პლაკატები უჭირავს. ერთზე გარკვევით წერია, რომ რუსები უკან უნდა წავეთრიოთ, მეორე ქართულადაა და ვერაფერი გავიგე, მესამე ლოზუნგმა კი გამაკვირვა: მასზე ინგლისურად წერია – „ბიძინა“ და შემდეგ შეურაცხმყოფელი სიტყვა.

მდაა… ოპოზიციის პოლიტიკური კულტურის დონე ყოველგვარს საზღვრებს სცილდება.
იმის მიხვედრა, თუ რომელი ბიძინა ჰყავს მხედველობაში ოპოზიციას, ძნელი არ არის: საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამაარსებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
მომიტინგეების აზრით, სწორედ ბიძინაა დამნაშავე იმაში, რომ თბილისში რუსი ტურისტები ჩამოდიან და ფულს ხარჯავენ. ოპოზიციის მოქმედება გასაგებია – მათ არ სურთ ჩვენი ქვეყნების კავშირების განმტკიცება. აბა, რა უნდა ქნას გოგონამ, რომელსაც უკრაინის დროშა უჭირავს? ის ხომ უფულოდ დარჩება, თუ მისიას ვერ შეასრულებს“.

წყარო

“ვინ ჩაიბარებს აღლუმს? საქართველოს პ- რეზიდენტი?”- ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც, “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“რამდენიმე შეკითხვა მაქვს 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით:

1. აღლუმი ჩატარდება?

2. ვინ ჩაიბარებს აღლუმს? საქართველოს პ-რეზიდენტი?

3. ვინ ჩაიბარებს ჯარების სარდლის პატაკს? უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტი- “ მთავარსარდალი”, რომელსაც ათიათასობით საქართველოს მოქალაქემ ლეგიტიმაცია ჩამოართვა 30 აპრილს?…

4. ვის წინაშე დადებენ ფიცს ქართველი ვაჟკაცი ჯარისკაცები? ფაშისტური იდეოლოგიის გამტარებელი, ჩვენი შვილების ომში ჩაბმის და დახოცვის მოსურნე სალომე ზურაბიშვილის წინაშე?

ეს ხომ ფარსი იქნება!

ეს ხომ უბრალოდ სირცხვილია!

ეს ხომ შეურაცხყოფა და დამცირებაა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის!!!…

ეს ხომ ერთხელ უკვე გავიარეთ 2013 წელს…

ღმერთო, როგორ დაიღალა ჩვენი სამშობლო… ჩვენი გონიერი და დამთმენი ხალხი…
ღმერთო, გადმოხედე და შეიწყალე კურთხეული სამკვიდრო ქართველთა!”, – წერს ხათუნა ხოფერია.

https://www.facebook.com/xatuna.xoperia/posts/pfbid01LvWDoKMrCkzucYLf654A6inhPeCPbN7upATys9faZo4uYaAqzRJLnrZK3hkFYphl

“კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დღეს ვიხილეთ არა საქართველოს პრემიერი, არამედ რუსი ტროლი”

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე სოციალურ ქსელში კატარის ეკონომიკურ ფორუმზე პერმიერ-მინისტრის, ირაკლი რარიბაშვილის გამოსვლას ეხმაურება:

“კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დღეს ვიხილეთ არა საქართველოს პრემიერი, არამედ რუსი ტროლი!

ირაკლი რუსმა პირდაპირ კრემლის გზავნილები და დეზინფორმაცია გააჟღერა, რომ უკრაინამ უნდა დათმოს რაღაცა, რომ დასავლეთი გვერდში არ უდგას უკრაინას, რომ საქართველო დაინგრევა რუსეთთან ვაჭრობის გარეშე, რომ რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს, რუსული ფრენების გარეშე ქვეყანა ვერ გადარჩება. მოკლედ, პირდაპირ უთხრა ყველას, რომ პუტინის საიმედო მოკავშირეა.

ბლუმბერგის წამყვანიც კი იმდენად შოკირებული იყო ამ აშკარა რუსული გამოსვლით, რომ 4-ჯერ კითხა ირაკლი რუსს, რასაც ამბობთ ამის მერე თქვენ მართლა გინდათ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაო? ამ გზავნილებით ხომ არ აზიანებთ ამ.პროცესსო? ხომ არ აღიზიანებთ თქვენს დასავლელ პარტნიორებსო? ბოლოს ისიც კი კითხა, პუტინის ნარატივს ხომ არ აძლიერებთო?

ლუკაშენკოც კი უფრო თავშეკავებულია ხოლმე თავის საჯარო გზავნილებში!” – წერს სერგო ჩიხლაძე.

საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა – Freedom House-ი

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 33,93%-მდე შემცირდა.

მათივე ცნობით, ქვეყანაში დემოკრატიის ქულამ 3.07- დან 3.04-მდე დაიკლო. ორგანიზაცია საქართველოს „ტრანზიციულ ან ჰიბრიდულ რეჟიმად“ მოიხსენიებს.

როგორც Freedom House-ის ანგარიშშია აღნიშნული, დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3.50-დან 3.25 ქულამდე შემცირდა „ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო“. Freedom House-ს მაგალითად მოჰყავს მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორი ტელეკომპანიის დირექტორის სამართლებრივი დევნა, ისევე როგორც „სულ უფრო და უფრო მეტად პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო, რომელმაც ძირი გამოუთხარა სარედაქციო დამოუკიდებლობას“.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიას 2022 წელს ყურადღებით აკვირდებოდნენ, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ნაბიჯები გადადგა, თუმცა „სტრუქტურული პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და მრავალპარტიული მმართველობა, ძირითადად გადაუჭრელი დარჩა, რაც საქართველოში დემოკრატიულ განვითარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს ხელს უშლის“.

„გარდა ქვეყნის მუდმივი პოლიტიკური პოლარიზაციისა, წელი ხასიათდებოდა სიტყვიერი თავდასხმების საგანგაშო დონით, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიმართ, ისევე როგორც პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შემაშფოთებელი შემთხვევებით“, – აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშში.

გარდა ამისა, Freedom House აღნიშნავს, რომ „ევროსაბჭოს მიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებამ, სხვადასხვა კრიტიკული სფერო გამოვლინდა, მათ შორის ლგბტ+ თემისა და რელიგიური უმცირესობების ფართოდ გავრცელებული დისკრიმინაცია როგორც ონლაინ, ისე პირისპირ“.

Freedom House აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას „ომის პარტიად“ მოიხსენიებს, რაც ქვეყანაში არსებული პოლარიზციის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

ორგანიზაცია ანგარიშში საუბრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ დევნაზეც, რომელმაც მათი თქმით, შეშფოთება გამოიწვია სავარაუდო პოლიტიკური ანტაგონიზმის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევისა და მართლმსაჯულების სისტემის მიერ თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობის მინიჭებასთან დაკავშირებით.

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს.

„ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სკოლის ფინანსების სწორ და მიზნობრივ ხარჯვაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. მან არ დააწესა სათანადო კონტროლი და მონიტორინგი სკოლის საბანკო ანგარიშიდან განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რამაც შესაძლებლობა მისცა დაწესებულების ბუღალტერს უკანონოდ მიეთვისებინა 57 758 ლარი.

სკოლის დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე სკოლის ბუღალტერი, რომელიც პარალელურად იყო ქუთაისის №22 საჯარო სკოლის ბუღალტერიც, ორივე სკოლიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე მიცემულია ქუთაისის №22 საჯარო სკოლის დირექტორიც. ორივე ბრალდებულის მიმართ საქმეები არსებითად იხილება სასამართლოში”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს, რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები”-ირაკლი კობახიძე

პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა, ყველა აქცენტი გაკეთდა, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს, მის პოლიტიკას, მათ შორის შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ეს არის გამოხატული არა მარტო სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს, სადაც დაგმობილია სამხედრო აგრესია და სადაც არის მხარდაჭერა გამოხატული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან, ჩვენი პოზიცია მკაფიოა სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი. ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, სანქციები ბუნებრივია არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომელი თანამდებობის პირები ითხოვდნენ ღია ტექსტით საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას. ეს იყო უშიშროების საბჭოს მდივანი. ამაზე მაღალი თანამდებობის პირი პრეზიდენტის შემდეგ არ არსებობს. დანილოვი პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. მეორე პოდოლიაკი, რომელიც გახლავთ დღემდე ზელენსკის მთავარი მრჩეველი. ის პირდაპირ საუბრობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. ამ ფაქტის კონსტატაცია მოხდა ქვეყნის გარეთ, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ქვეყნის შიგნით. მგონი, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები. ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ ეს მძიმე ინფორმაცია უნდა იყოს გაზიარებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, რეალურად, არსებითი სხვაობა არ არის 2012 წელს არსებულ მდგომარეობასა და დღევანდელ მდგომარეობას შორის.

„არის გარკვეულ მონაცემებში ცვლილება, მაგრამ არსებითად, მაშინაც არსებობდა დამოკიდებულება და დღესაც არსებობს ეს დამოკიდებულება. ჩვენ გვაქვს დათვლილი, რას გამოიწვევდა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება, ეს იქნებოდა, სულ მცირე, 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა. სწორედ ეს უნდათ ჩვენს ოპონენტებს. ამაზე საუბრობდა პრემიერი. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამის რესურსი არ აქვს, თუმცა საკუთარი ხალხის დაზიანება ასეთი სანქციებით ხელისუფლებას შეუძლია. ამას ბუნებრივია ჩვენ არ გავაკეთებთ. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ გვჭირდება აშშ-თან, როგორც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე სავიზო რეჟიმის გამარტივება, პირდაპირი ფრენები. იმედია, შემდეგი ელჩის პირობებში ეს საკითხები დაიძვრება. მანამდე, სამწუხაროდ, ჩვენ გვიჭირდა არსებითი პროგრესის მიღწევა ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, სამი მიმართულებით ჩვენ გვქონდეს პროგრესი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში“, – განაცხადა კობახიძემ.

“პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე პრემიერს არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა.

„პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა. ყველა აქცენტი გაკეთდა, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს, მის პოლიტიკას. მათ შორის პრემიერი შეეხო მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან რაც არის დაკავშირებული. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო – ჩვენ რა თქმა უნდა სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ეს არის გამოხატული არა მარტო სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს, სადაც დაგმობილია სამხედრო აგრესია, სადაც არის მხარდაჭერა გამოხატული ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გარდა ამისა, ჩვენი პოზიცია მკაფიო და ბუნებრივია სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი, ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას, აქედან გამომდინარე, სანქციები, ბუნებრივია არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

“საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას”

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილს უსმენენ. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას.

„2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, სასაქონლო ბაზრებზე ზრდადი ფასებისა და გლობალური პანდემიის ჯერ კიდევ უარყოფითი შედეგების გამკლავების დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება და საბანკო სისტემის მედეგობა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების შენარჩუნებაში აისახა. საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას და ქვეყნის ბიზნესგარემოზე პოზიტიურად აისახება“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

“პუტინს არ აინტერესებს რამდენ რუსს მოკლავს”- კურტ უოლკერი

ამჟამად უკრაინასა და რუსეთს შორის სერიოზული მოლაპარაკებების პერსპექტივა არ არსებობს. კრემლის მეთაურს, ვლადიმერ პუტინს, არ აინტერესებს დანაკარგები, – ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ უოლკერმა RBC-Ukraine- თან ინტერვიუში განაცხადა.

რუსი დიქტატორის ქცევის გაანალიზებისას ვოლკერმა აღნიშნა, რომ პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს.

„ვფიქრობ, ყველა ვხედავთ, რომ ვლადიმერ პუტინი არ აპირებს შეწყვიტოს ბრძოლა, თუ მოუსმენთ რას ამბობს, უყურებთ როგორ იქცევა, რას აკეთებს. მას არ აინტერესებს რამდენ რუსს მოკლავს“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების პერსპექტივა მხოლოდ რუსეთის ჯარებზე სრული გამარჯვების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს.

პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომს ვერ მოიგებს – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი კიევს 24 მაისს ეწვია. ის უკვე შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას ოლექსი რეზნიკოვს, – ინფორმაციას  RBC-უკრაინა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას არ შეუძლია გაიმარჯვოს ამ უკანონო ომში, რომელიც მან გააჩაღა. რამდენი რუსი ჯარისკაციც არ უნდა გაგზავნოს სასიკვდილოდ თავისი ეგოსა და იმპერიული ამბიციებისთვის, ის წარმატებას ვერ მიაღწევს და საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ გაძლიერდება“, – განაცხადა უოლესმა.

მისი თქმით,  რუსები აგრძელებენ უკრაინის მოსახლეობის მიზანმიმართულ განადგურებას.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია უკვე იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ უკრაინის პარტნიორები უკრაინის გვერდით იქნებიან და დაეხმარებიან ყველა შესაძლო ტიპის იარაღით, მათ შორის ტანკებით.

უოლესის განცხადებით,  რომ მოკავშირეები ყოველთვის გვერდში უდგანან უკრაინას.

გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს ბრიტანეთში უკრაინელი მებრძოლების მომზადების გაგრძელების საკითხი, უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა.