Home Blog Page 1944

7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ. პიროვნული მომხიბვლელობა საჭირო ადამიანების გაცნობასა და მათთან ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ საღამო სახლის გარეთ, ხალხმრავალ ადგილზე გაატაროთ და გაერთოთ.

კურო

თუ შესაძლებელია, საქმიანი აქტიურობა შეამცირეთ და ცოტა დაისვენეთ. ეს დაგეხმარებათ, პრობლემებს სხვა კუთხით შეხედოთ და შემდეგ დღეებში თქვენი შრომის ნაყოფიერება გაზარდოთ. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე ნერვებს და დროს არ დახარჯავთ.

ტყუპები

საბრძოლო განწყობის დამსახურებით, ამ დღეს ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაუმკლავდებით. შედეგის მისაღწევად ძალას არ იშურებთ, მაგრამ გარემოებები თქვენ წინააღმდეგაა. ნუ ინერვიულებთ, თუკი გეგმების შეცვლა მოგიწევთ. სამაგიეროდ, საღამოს რაღაც საკითხში ძალიან გაგიმართლებთ.

კირჩხიბი

თქვენი ოცნებები ნელ-ნელა სრულდება. დღის პირველი ნახევარი, საღამოსთან შედარებით, გაცილებით წარმატებული იქნება. თუმცა, სერიოზული საკითხების მოგვარება, უმჯობესია, მომავალი დღეებისთვის გადადოთ.

ლომი

ჰოროსკოპი გირჩევთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ – სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯი გელით. დილიდან უმიზეზო შფოთვას გრძნობთ, ამიტომ გირჩევთ, აქტიურობა შეამციროთ და ცოტა დაისვენოთ. საყვარელ ადამიანებთან საუბარი, საკუთარი გრძნობების და განცდების გაზიარება სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

ქალწული

ეცადეთ, ახალი პროექტის დაწყებამდე ძველი ვალდებულებები შეასრულოთ, რათა ყურადღება არ გაგეფანტოთ და მნიშვნელოვან საკითხებზე კონცენტრირება შეძლოთ. ამ დღეს მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ და საერთოდაც – ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც სხვები გეტყვიან.

სასწორი

ჰოროსკოპის ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობას იჩენენ. ეს დღე მშვიდად, განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. დრო საქმისთვისაც გექნებათ, დასვენებისთვისაც და მეგობრების დახმარებასაც შეძლებთ. დღის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით, უსიამოვნო მოულოდნელობისგან კი შინაგანი წინდახედულობა გიხსნით. თუ მარტოხელა ხართ, ამ დღეს შეიძლება ვიღაც განსაკუთრებული ადამიანი გაიცნოთ.

მორიელი

საკითხები, რომლებიც ცოტა ხნის წინ განიხილეთ, ისევ აქტუალური იქნება და მათთან დაბრუნება მოგიწევთ. ნერვიულობა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სტრესისგან გაგათავისუფლებთ. ბედმა შეიძლება საქმეში წინსვლისთვის შესანიშნავი შანსი მოგცეთ. ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ, თორემ დიდხანს ინანებთ.

მშვილდოსანი

დღის განმავლობაში თქვენი გეგმები რამდენჯერმე შეიცვლება. თუ პრობლემას სტანდარტული მეთოდებით ვერ აგვარებთ, შემოქმედებითი მიდგომა დაიხმარეთ და ოპტიმისტური განწყობაც შეინარჩუნეთ. შეგიძლიათ, რთულ დროს დახმარებისთვის მეგობრებს მიმართოთ. ახლობელი ადამიანების გარემოცვაში დასვენება თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.

თხის რქა

მომგებიანი შესაძლებლობა, რომელსაც ეს დღე გთავაზობთ, ხელიდან არ უნდა გაუშვათ. თუ ძალებს სწორად გაანაწილებთ, ზოგი თქვენი ჩანაფიქრი შეიძლება ასრულდეს. ეცადეთ, ძველი, დაუსრულებელი საქმეები დროულად დაასრულოთ და მომავლის გეგმები დასახოთ. თუ ცხოვრების მეგზური არ გყავთ, შეიძლება გრძნობა ისე მოულოდნელად გეწვიოთ, რომ დიდხანს ვერ გააცნობიეროთ.

მერწყული

ემოციურად რთული დღეა. დილიდან შინაგან შფოთვას და ნერვიულობას განიცდით. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ, ასევე ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელიც სიზუსტეს და ყურადღებას მოითხოვს. ენდეთ თქვენს ინტუიციას – ის განიშნებთ, მოულოდნელ სიტუაციებში როგორ უნდა იმოქმედოთ.

თევზები

ამ დღეს პლანეტების კეთილგანწყობა და ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ვერც ერთი გაუთვალისწინებელი გარემოება გზიდან ვერ აგაცდენთ და საქმის ბოლომდე მიყვანას შეძლებთ. მთავარია, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და უფრო რეალურად იაზროვნოთ.

ოკუპაცია არის წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა -ირაკლი კობახიძე

ოკუპაცია არის წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რომელთან დაპირისპირებაც ყოველდღიურად გვიწევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე თამაზ გინტურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ოკუპაციამ ჩვენი კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რომელთან დაპირისპირებაც ყოველდღიურად გვიწევს. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დამნაშავის დასასჯელად ყველაფერი უნდა გაკეთდეს“, – წერს ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

https://www.facebook.com/KobakhidzeOfficial/posts/884238316393134?ref=embed_post

უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ველოდებით, რომ ის დავაბრუნოთ კონტროლირებად ტერიტორიაზე -ირაკლი ანთიძე

უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ელოდება, რომ უკანონოდ დაკავებული კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნოს.

„მეორე უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ იგი დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე თავად დავრწმუნდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია კირბალთან მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი, რაც მოხდა, არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს -ირაკლი ანთაძე

დასრულდა საგანგებო შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესი მოთხოვნა იყო, მეორე უკანონოდ დაკავებულის, რომელიც ამჟამად იმყოფება ცხინვალში, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივი დასჯა, – ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში ჩანიშნული შეხვედრის შემდეგ ანთაძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში, უნდა გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე.

„ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან პასუხს, რათა, პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქე, რომელიც შეესწრო ამ მკვლელობის ფაქტს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს არ არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მკვლელობის პირველი შემთხვევა. ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი. რაც მოხდა, ამას არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს. ვმუშაობთ აქტიურად, რომ დაბრუნდეს უკანონოდ დაკავებული ოჯახში. პერმანენტულ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ახლა ველოდებით პასუხს, რომ უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქე დავაბრუნოთ საკუთარ ოჯახში“, – განაცხადა ანთაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

დღეს კიდევ ერთი უსამართლობის მოწმე გავხდით – ყველა ნაბიჯს მოვეკიდოთ პასუხისმგებლობით-ანდრია ჯაღმაიძე

დღევანდელმა ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს, რა რისკის ფასად უვლიან ქართულ კერებს სასულიერო პირები საოკუპაციო ხაზს იქით და მსახურობენ შეიარაღებული რუსული საოკუპაციო ძალების გარემოცვაში, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ კირბალის მახლობლად საქართველოს მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა გასროლით მოკლეს. დღეს კიდევ ერთი უსამართლობის მოწმე გავხდით და უპირველესად ვუსამძიმრებ დაღუპულის ახლობლებს და ყველას, ვისაც გული შესტკივა მომხდარის გამო.

ეს ის კირბალია, რომლის მახლობლად, ოკუპირებულ ხაზს იქით, ლომისის სახელობის ტაძარი რომ მოხვდა (ეს მლეთის ლომისის ტაძარი არ არის).

როგორც ამას წინათ განვაცხადე, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზს შიგნით იყო, ამ ტაძარში ქართველი სასულიერო პირები და მრევლი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოსალოცად და ტაძრის მოსავლელად შესვლას გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მცდელობით ახერხებდა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა არის რთული და რისკების შემცველი. საოკუპაციო ხაზის შიგნით, ტაძართან ქართული დროშის აღმართვის საპასუხოდ რუსებმა აჭედეს ტაძრის კარი, აკრძალეს მიმოსვლა, უკიდურესად დაიძაბა ვითარება მოსახლეობასთან, ტაძარი დარჩა მიუხედავი, დღეს კი, სამწუხაროდ, მსხვერპლი გვაქვს.

მლეთაში მდებარე ლომისის ტაძარში, ქედზე ანალოგიური ვითარება გვაქვს, საოკუპაციო ხაზი სამონასტრო კომპლექსს შუაზე კვეთს და ბერი, რომელიც ტაძარს უვლის, ხაზს იქით ცხოვრობს მუდმივი, ანალოგიური საფრთხეების ქვეშ. 15 წელია ოკუპაციის შემდეგ გასული და მიუხედავად იმისა, რომ რუსი სამხედროები პერიოდულად ამოდიან ახალგორის ბაზიდან, ჩვენ შევძელით ამ ტაძარზე ზრუნვა.

დღევანდელმა ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა დიდ შრომას ეწევიან და რა რისკის ფასად უვლიან ქართულ კერებს სასულიერო პირები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იქით ტაძრებს უვლიან და მსახურობენ შეიარაღებული რუსული საოკუპაციო ძალების გარემოცვაში.

25-26 ოქტომბერს მომხდარმა ამბებმა და სიუჟეტებმა, რაც მლეთის ტაძარს უკავშირდებოდა, აქაც გაამძაფრა საფრთხეები.

მე, როგორც ამ ტაძრის მღვდელმსახური, ვალდებული ვარ, მცდელობა არ მოვაკლო, რომ მსგავსი რამ იქ არ მოხდეს და ვფიქრობ, დღეს უნდა გავაკეთოთ დასკვნები, ყველა ნაბიჯს მოვეკიდოთ პასუხისმგებლობით, რომ წინდაუხედავმა მოქმედებამ უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი და შეუქცევადი ზიანი არ მოგვიტანოს.

ღმერთმა მოიხსენიოს გარდაცვლილი თამაზ გინტური“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქში“.

დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს -სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

იოსელიანი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ასევე, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.

„6 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ასევე, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს – მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ადამიანის უფლების მორიგი უმძიმესი დარღვევის ფაქტი, გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. ასევე, კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა. ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

რუსეთი მტერია, ოკუპაცია გრძელდება, მტერთან ნებისმიერი კომპრომისი მოჩვენებით მშვიდობას ნიშნავს – გიორგი გახარია

რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. მტერთან ნებისმიერი კომპრომისი მოჩვენებით მშვიდობას ნიშნავს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია Twitter-ში წერს.

გიორგი გახარია რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქლაქის მკვლელობას ეხმიანება.

“რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. მტერთან ნებისმიერი კომპრომისი მოჩვენებით მშვიდობას ნიშნავს. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევროატლანტიკურ ოჯახშია”, – წერს გიორგი გახარია.

“გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება”- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას სროლის ინციდენტის გამო, რომელსაც მოჰყვა ადამიანის გარდაცვალება, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM) ადასტურებს, რომ ინციდენტი მოხდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, რომელმაც გამოიწვია საქართველოს მოქალაქის ტრაგიკულად გარდაცვალება. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახის და ახლობლების მიმართ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.

“მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვაზე, მათ შორის, სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის აქტიური გამოყენების გზით”, – განაცხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

სუსის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.

შსს-მ სოფელ კირბალთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კირბალთან მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ სოფელ კირბალთან მომხდარი ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით -პაპუაშვილი

შემზარავი ფაქტი მოხდა სოფელ კირბალთან, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლა, ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და მეგობრებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაცია ყოველდღიურად ტოვებს მძიმე შედეგებს და ატარებს რისკებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის.

საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად და დამნაშავის დასასჯელად.

საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ აღნიშნული ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ცალსახად დაგმონ რუსეთის ქმედებები, რომელმაც უხეშად და ურცხვად დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა -სალომე ზურაბიშვილი

ღრმად ვარ აღშფოთებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ სასიკვდილო სროლის გამო უკანონო დაკავების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტის თქმით, ეს არის უხეში თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე.

„ეს კიდევ ერთხელ აშიშვლებს „ერთმორწმუნე ძმის“ ნამდვილ ბუნებას. დაუყოვნებლივ მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ცალსახად დაგმონ რუსეთის ქმედებები, რომელმაც უხეშად და ურცხვად დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა“, – წერს ზურაბიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს კირბალთან მომხდარ ფაქტზე- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ სროლის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა – უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე.

მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები.

მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.