Home Blog Page 1942

პოლიტიკოსების უმრავლესობა, ვინც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, პოლიტიკურად დისკრედიტებული ფიგურები არიან -სარჯველაძე

პოლიტიკოსების უმრავლესობა, ვინც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, საზოგადოების თვალში პოლიტიკურად უკიდურესად დისკრედიტებული ფიგურები არიან, შესაბამისად, გარკვეული ცვლილებები იძულებით ნაკარნახებია, – ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საარჩვენო სიის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტრირებისას აღნიშნა.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა: „მომავალი არჩევნებისთვის ჩვენი პარტიული სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები“.

სარჯველაძის თქმით, ეს არის ფანდი საკუთარი ამომრჩევლის მოსატყუებლად.

„არ მგონია, რომ ეს ვენდეტაა. ეს საკმაოდ კარგად გათვლილი ჩანაფიქრია. სინამდვილეში, ფანდია საკუთარი ამომრჩევლის მოსატყუებლადაც, რადგან პოლიტიკოსების უდიდესი უმრავლესობა, თუ არა უკლებლივ ყველა, ვინც წარმოადგენს დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოების თვალში პოლიტიკურად უკიდურესად დისკრედიტებული ფიგურები არიან. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ცვლილებები უბრალოდ, იძულებით ნაკარნახებია. ისინი რასაკვირველია, შეეცდებიან, რომ გადაანაცვლონ ეს ხალხი ჩრდილში, როგორც აკეთებდნენ. მაგალითად, მერაბიშვილთან მიმართებაში და ა.შ. წინა სცენაზე გამოიყვანონ ადამიანები, რომლებითაც შენიღბავენ საკუთარ ძალიან მანკიერ და ტოქსიკურ რეპუტაციას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

“მიშამ ხომ გითხრათ წადითო და წადით, რაა!” ამ ხალხის საყურადღებოდ: თქვა და გააკეთე არ არის გზა, რომლითაც დავდივარ – მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდა, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო”-მელია

გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, მიშას თქმით, მოშივებულ გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად, დადის და ამ ხალხს პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ნიკა მელია წერს, ვიდრე „სხვას რამეს მოუწოდებენ, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედონ“.

„მიშამ ხომ გითხრათ წადითო და წადით, რაა!“, ამ ხალხის საყურადღებოდ: თქვა და გააკეთე არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მითუმეტეს, არ მივიღებ ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა. მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდაო, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო. ბნელ მხარეს გადავიდაო. რა აკეთა და რა როლი შეასრულა კონკრეტულ პროცესებში, ბევრს გვახსოვს.

ახლა კი, გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, მიშას თქმით, მოშივებულ გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად, დადის და ამ ხალხს პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის.

სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის, ან პარტიის რიგითი წევრის თვალით”, – წერს ნიკა მელია.

70 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის, წითელი ცირკულარით ძებნილი პირის აშშ-ში ექსტრადიცია განხორციელდა – პროკურატურა

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის, ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების იფორმაციით, აღნიშნული პირის ექსტრადიცია საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

„ბრალდებული აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ტრანსნაციონალური ხასიათის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის იძებნებოდა. აღსანიშნავია, რომ იგი წარმოადგენდა მის მიერ შექმნილი მასშტაბური დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, მან სულ მცირე 20 თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმის შექმნა და მათი ფუნქციონირება უზრუნველყო. თაღლითური ონლაინ საინვესტიციო პლატფორმების გამოყენებით, 6 წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით დაზარალებულისგან მოტყუებით მიღებულმა თანხამ 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

ძებნილი პირი აშშ-ში ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის და მითითებული პირის ექსტრადიციის თაობაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გენერალური პროკურატურის განმარტებით, ბრალდებულის აშშ-ში ექსტრადიციის ფაქტს, დღეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი განცხადებით გამოეხმაურა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილი პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დახმარების გაწევისთვის.

როგორც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულის ექსტრადიცია განხორციელდა საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს მუშაობის შედეგად, რათა აღნიშნული პირი წარმდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე.

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკოლ მ. არგენტიერის განცხადებით, ეს ექსტრადიცია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უწყვეტი კოორდინაციის და პარტნიორობის შედეგია.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული პირის აშშ-ში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო. ამასთან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დაუშვებლად ცნო და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2023 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ძებნილი პირის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ბრალდებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა. ძებნილი პირის საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსპორტირება აშშ-ის მარშალთა სამსახურის მიერ მოხდა.

საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“აშკარად ჩანს, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს პროექტ “არესტოვიჩის” შექმნა”-ვასილ მაღლაფერიძე

უკვე ნათელია, რომ იგი მთავარ დარტყმას მიმართავს ზელენსკისკენ და მას ბრალად წაუყენებს სამხედრო და პოლიტიკური პროცესების არასწორად წარმართვას – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე.
“აშკარად ჩანს, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს პროექტ “არესტოვიჩის” შექმნა, დამკვიდრება და ტვინებში ჩაჭედვა. როგორც ჩანს, ან თავისთავად პროქტად გამოიყენებენ, ან რომელიმე პროექტს მიაბამენ. პროექტ “არესტოვიჩის” მიზანია შექმნილი ვითარებით უკმაყოფილო და გულგატეხილი ელექტორატის თავმოყრა.
უკვე ნათელია, რომ იგი მთავარ დარტყმას მიმართავს ზელენსკისკენ და მას ბრალად წაუყენებს სამხედრო და პოლიტიკური პროცესების არასწორად წარმართვას.
მისი მთავარი მახასიათებლებია:
1. არესტოვიჩმა, ვითომც აქ არაფერიაო და თითქოს უახლოესი წარსული წაშლილია, გადააბრუნა ფირფიტა და მისგან ქმნიან მთავარ ანტიზელენსკის. ამ საკითხში ტემპერატურა სულ უფრო მოიმატებს.
2. საუბრობს რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების აუცილებლიბაზე, რითაც უკრაინის არსებული ხელისუფლების სრული ანტიპოდი და უკრაინელი შუაშისტების ლიდერი ხდება.ამავე დროს, ინტენსიურად ამკვიდრებს არსებული ხელისუფლებისადმი ნიჰილიზმს და სრულიად განსხვავებული სახის ხელისუფლების მოთხოვნილებას აჩენს.
3. დაჟინებით ამკვიდრებს აზრს, რომ უკრაინაში კორუფცია მძვინვარებს და ხალხს პირდება რომ თვითონ ახლა უკვე ნამდვილად და საბოლოოდ ამოშანთავს კორუფციას. ზიგადად ემუქრება ვიღაცეებს, გვარების დაუსახელებლად. ეს აპრობირებული პოლიტიკური ილეთია.
4. მოირგო ეროვნული მართლისმთქმელის მანტია, ვითომ თვითონ ერთადერთია, ვინც გულახდილად საუბრობს ისეთ თემებზე , რასაც სხვები თავს არიდებენ. ამ აზრის დამკვიდრებას მხოლოდ ხელს შეუწყობს მის მიმართ დაწყებული გამოძიება, რაც მის წისქვილზე ასხამს წყალს და თუ დააპატიმრეს, ეს ხომ საერთოდ მისი ტრიუმფი იქნება, რადგან საბოლოოდ გადაიქცევა დემოკრატიისა და სამართლიანობის ბრძოლის სიმბოლოდ.
5. ყველა დიდი ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და ამ დროს, არესტოვიჩმა პოლიტოლოგობასთან ერთად, მედიის დიდი ხელშეწყობით, დიდი მხედართმთავრის მანტიაც მოირგო და განუწყვეტლივ უხსნის ხალხს, როგორ უნდა დაგეგმილიყო ფართომასშტაბიანი ოპერაციები. აღარავის ახსოვს და არც მედიას აინტერესებს, რომ იგი არის ლეიტენატი, რომლის მსგავსიც ყოფილ საბჭოთა სივრცეში ვედრო მანეთად იშოვება, ოღონდ ყველამ არესტოვიჩივით “ჩამთრევი” მუსაიფი არ იცის. არც იმაზე ამახვილებს ვინმე ყურადღებას, რატომ არ არის ლეიტენატი წინა ხაზზე.
6. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რაც არესტოვიჩის პროექტის არაშემთხვევითობაზე მიანიშნებს – მაშინ როცა, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინაში გარკვეული მედიაშეზღუდვები მოქმედებს, არესტოვიჩი სხვა უკრაინელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, სულ უფრო მეტად მოთხოვნადი და ჰიპერაქტიური რესპოდენტი ხდება და, ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში ესაუბრება ხალხს და იგი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. საგულისხმოა, რომ მას დიდ დროს და ყურადღებას უთმობენ გორდონი და ლატინინა, რომლებიც, როგორც წესი, საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებენ. ისინი ერთი მხრივ ხელს უწყობებ მის პოპულარობას და, ამასთან, მისგან დემოკრატი ლიდერის ტიპს ქმნიან.
7. დაბოლოს. არესტოვიჩის მთავარი დამახასიათებელია და საინტერესო ნიშანია ისიც, იგი ხშირად, სრულიად უპრობლემოდ, რადიკალურად იცვლის პოზიციებს.
8. ბოლო პერიოდში მოულოდნელად და ინტენსიურად დაიწყო უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობისთვის (მნიშვნელოვანი ელექტორატია) თავის მოქონვა, რაც ადრე არ ახასიათებდა.
9. როგორც ჩანს, პროექტი “არესტოვიჩის” ავტორები ვარაუდობენ, რომ რაღაც მომენტში ეს პროექტი მისაღები გახდება კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარისთვის,”- წერს სოციალურ ქსელში ვასილ მაღლაფერიძე.

დღეს დიმიტრის შაბათია – მიცვალებულთა მოხსენების დღე

დიმიტრის შაბათი ყველა ქრისტიანისთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან ამ დღეს გარდაცვლილების ხსოვნას პატივს მივაგებთ.

 

ეს მორწმუნეებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან წლის ბოლო მოსახსენიებელი შაბათია. ამ დღეს უპირველეს ყოვლისა გარდაცვლილი მშობლები მოიხსენიება. ეს ყველა ადამიანის მთავარი მოვალეობაა. უნდა გავიხსენოთ ჩვენი ბებია–ბაბუები, რომლებმაც მშობლებს სიცოცხლე მისცეს.

პირდაპირი და ირიბი ხაზით ნათესავებისთვისაც უნდა ილოცოთ. ლოცვებით მორწმუნეები უფალს გარდაცვლილების ცოდვების მიტევებას სთხოვენ. ეს სიტყვები არა მხოლოდ ახლობლებისა და ნათესავებისთვის, არამედ უცნობებისთვისაც შეგიძლიათ თქვათ. თუ ეკლესიაში წასვლას ვერ ახერხებთ, სახლში ილოცეთ. მნიშვნელოვანია, რომ გაიხსენოთ ყველა მიცვალებულის სახელი, რომელთა მოხსენება გსურთ. უმჯობესია, სახელები ქაღალდზე ჩამოწეროთ და ლოცვისას ხმამაღლა წარმოთქვათ.

შეგიძლიათ სასაფლაოზე ახვიდეთ და გარდაცვლილი ნათესავების მარადიული განსასვენებელი ადგილი გაწმინდოთ. სასულიერო პირები ამბობენ, რომ ეს აუცილებელი არაა.

უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათი სულებისთვის ილოცოთ. და მაინც, სასაფლაოზე წასვლა ზედმეტი არაა, თუ ამის აუცილებლობას გრძნობთ. ცოცხალი ყვავილების თაიგული გააკეთეთ. მთავარია, რომ სასაფლაოზე ხელოვნური ყვავილები არ მიიტანოთ.

დიმიტრის შაბათს ახლობლების და ნათესავების წრეში სულის მოსახსენებელი სუფრა შეგიძლიათ გაშალოთ. მხოლოდ სამარხვო კერძებია ნებადართული. ამ დღეს გაჭირვებულების ან ცხოველების დახმარება კარგია.

დიმიტრის შაბათი დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის პატივსაცემად ეწოდება, რომლის ხსენების დღე 8 ნოემბერს აღინიშნება.

დიმიტრის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მათ შვილი ჯერ კიდევ პატარაობისას მონათლეს. თავად რომის კონსული გახდა და ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. როცა ამის შესახებ იმპერატორმა შეიტყო, დიმიტრი დააპატიმრეს. იმპერატორი ქუჩის ბრძოლებს აწყობდა, სადაც ყოველთვის მისი მეომარი ლიუსი იმარჯვებდა.

თავის ქრისტიან ტყვეებს მასთან შებრძოლას აიძულებდა. დიმიტრის დახმარებით ერთ–ერთმა მათგანმა ლიუსის დამარცხება შეძლო. ამისთვის იმპერატორმა მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. ათობით შუბი ჩასცეს, სანამ თავად იდგა და ლოცულობდა. აქედან მოდის ამ დღეს ბრძოლებში დაღუპული ჯარისკაცებისთვის ლოცვის ტრადიცია.

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, ეს დღე ზედმიწევნით დაგეგმოთ და თანმიმდევრულად მიჰყვეთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ჩანაფიქრი დროულად განახორციელოთ და საღამოს დაისვენოთ. სამსახურში და სახლში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები. თქვენი ამოცანაა, კომპრომისი იპოვოთ და სერიოზული კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

კურო

თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ, რაც საშუალებას გაძლევთ, დღის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ჩანაფიქრი განახორციელოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაზე რთული საქმეები დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ, საღამოს კი მონატრებულ ნათესავებს ან ძველ მეგობრებს შეხვდეთ და გაერთოთ.

ტყუპები

გეგმის მიხედვით იმოქმედეთ და ეცადეთ, დრო გონივრულად გამოიყენოთ. ხელსაყრელი დღეა ძველი, სამომავლოდ გადადებული საქმეების დასასრულებლად. მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები ყურადღებას გიფანტავთ და ახალი პროექტების დაწყების საშუალებას არ გაძლევთ. საღამოს კარგად უნდა დაისვენოთ, რათა ძალების აღდგენა შეძლოთ.

კირჩხიბი

ეს დღე რთული და შრომატევადი საქმეებისთვის შეუფერებელია – პლანეტების განლაგება და გარემოებები გეგმის განხორციელების საშუალებას არ მოგცემთ. ამ დღეს „ღრუბლებში დაფრინავთ“, რაც სიტუაციის სწორად შეფასებასა და გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. ამ დღეს პიროვნული თვისებების წყალობით გარშემო მყოფებს ადვილად მოხიბლავთ.

ლომი

ამ დღის პირველი ნახევარი ყველაზე ნაყოფიერი და აქტიური იქნება. ეცადეთ, საქმე ისე გაანაწილოთ, რომ საღამომდე ყველაფერი მოასწროთ. თავი შეიკავეთ გულწრფელი საუბრებისგან – თუნდაც უახლოეს ადამიანებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შემთხვევით საკუთარი ან სხვისი საიდუმლო გაამხილოთ.

ქალწული

ეს დღე საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას და ბინის საქმეებს უნდა დაუთმოთ. ამისთვის დღის პირველი ნახევარი საუკეთესო დროა. სადილის შემდეგ კი იზრუნეთ დასვენებზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე.

სასწორი

კარგი განწყობა ურთიერთობასა და ნაყოფიერ მუშაობაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ახალი, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. სასურველია, საქმე აუჩქარებლად აკეთოთ – ეს შეცდომებს თავიდან აგარიდებთ. მალე საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ.

მორიელი

ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ – ეს თქვენი წარმატების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. მოსალოდნელია მცირე უსიამოვნება და უთანხმოება კოლეგებთან. ამაზე სერიოზულად ნუ ინერვიულებთ, მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. შეიძლება მოულოდნელი საჩუქარი მიიღოთ ან მონატრებულ ადამიანებს შეხვდეთ.

მშვილდოსანი

მარტოხელა მშვილდოსნებს საინტერესო ნაცნობობა ელით – შესაძლოა, რომანტიკული გრძნობების მორევშიც აღმოჩნდეთ. პროფესიულ საქმიანობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. გახსოვდეთ, რომ არასერიოზულობამ ან უყურადღებობამ შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგიყვანოთ.

თხის რქა

გადაწყვეტილება, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, შემდგომ მოვლენებზე გავლენას მოახდენს. ასე რომ, სანამ შეთავაზებაზე პასუხს გასცემთ, კარგად დაფიქრდით. სამსახურში თქვენს მონდომებას შენიშნავენ და შეიძლება ფინანსური წახალისება დაიმსახუროთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და მოძებნეთ კომპრომისები ნებისმიერ სადავო სიტუაციაში.

მერწყული

ეს დღე საინტერესო შეხვედრებით დაგამახსოვრდებათ. ცნობისმოყვარეობის გამოჩენა და კითხვების დასმა ნუ მოგერიდებათ. უსმინეთ ახლობელ ადამიანებს და მათი რჩევები გაითვალისწინეთ. თქვენი ზოგი გადაწყვეტილება სიფრთხილეს და წინდახედულობას მოითხოვს.

თევზები

გეგმების შეცვლა მოგიწევთ, მაგრამ ეს მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ აჩქარებამ შეიძლება პრობლემები და შეცდომები გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ, ჩვეული ტემპით იმუშაოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ და მათთვის მეტი დრო უნდა გამონახოთ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მომავალ კვირას ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მომავალ კვირას ეწვევა – ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს და წერს, რომ ზელენსკის ვიზიტისთვის, მზადება მიმდინარეობს.

„ასეთი ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება“, – ამბობს ისრაელის განათლების მინისტრი იოავ კიში.

მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი თელ-ავივში ორშაბათს, ან სამშაბათს ჩავა.

„სააკაშვილი არის ტყვე, ჩემი შეფასებით, ის ორმაგ ტყვეობაშია”- ნიკა მელია

„სააკაშვილი არ შეიძლება შეცდომაში იყოს შეყვანილი? – ასე უპასუხა „ენმ“-ის წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტის კითხვას, დაუჭირა თუ არა მხარი თავისი განცხადებით მიხეილ სააკაშვილმა კეზერაშვილ-მერაბიშვილს.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი 3 ნოემბერს „ენმ“-ის წევრებს მოუწოდა, რომ „თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს გახვიდეთ და რაღაცა თქვენი გააკეთოთ, არ გვჭირდება შიგნიდან რყევა“.

„სააკაშვილი არის ტყვე, მაგრამ მე მითქვამს, რომ ჩემი შეფასებით, ის არის ორმაგ ტყვეობაში, ბევრი თვალსაზრისით. მე მასთან დებატებში რა უფლება მაქვს შევიდე, ალბათ გვისმენს ახლა.

ჩემთვის სიმართლე არის ერთი. სააკაშვილი არ შეიძლება შეცდომაში იყოს შეყვანილი? მით უმეტეს დატყვევებული ადამიანი“, – აცხადებს ნიკა მელია.

ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან აფეთქება მოხდა

ქალაქ ღაზის მთავარ საავადმყოფოსთან, ალ-შიფასთან აფეთქება მოხდა. პალესტინის წითელი ჯვრის საზოგადოება საავადმყოფოს ტერიტორიიდან დაზიანებული სასწრაფო დახმარების ავტომობილის ფოტოს აქვეყნებს.

გავრცელებული ცნობით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები რაფას საზღვრისპირა ტერიტორიებიდან ბრუნდებოდნენ, საიდაც დაშავებული პალესტინელები გადაჰყავდათ, რა დროსაც მათზე დარტყმა განხორციელდა.

პალესტინის ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო აფეთქების შედეგად დაღუპულებისა და დაშვებულების შესახებ იუწყება.

,,პარტია მიტაცებულია”- ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის მენეჯმენტი არაფორმალურად იმართება.

მისი თქმით, პარტია მიტაცებულია.

„მერაბიშვილ-კეზერაშვილის კრიტიკა არ არის პარტიის კრიტიკა. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის კეზერაშვილ-მერაბიშვილი“. არ ვაპირებ თვალებში ნაცარი შევიყარო. დღეს პარტია არის მიტაცებული. ხმა არ უნდა მომეღო იმ უმსგავსობაზე, რაც გააკეთეს?! ჩემთვის კეზერაშვილი და მერაბიშვილი არ არის პარტია. ჩემთვის პარტია არის ის ხალხი, რომელსაც მე ვხვდები. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველაფერში, რომ დაეთანხმებოდა. ე.ი მიხეილ სააკაშვილი თუ გარკვეულ მოსაზრებებს საჯაროს ხდის, აუცილებელია დავეთანხმო ამ მოსზრებებში?!

არ არსებობს ძალა, არც მიწიერი, არც ზეციერი, რომელიც აზრს შემაცვლევინებს და მათქმევინებს, არაფორმალური მმართველობა დღეს პარტიაში არ არის“ – აცხადებს ნიკა მელია.

პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიის დღის აღსანიშნად სხვადასხვა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს უმასპინძლა.

პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა.

„ძალიან მოხარული ვარ და დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის. ძალიან სწორია, რომ დღეს აქ, ამ ადგილას აღვნიშნავთ დიპლომატიის დღეს, რამე თუ ეს ორბელიანების სასახლეა და როგორც იცით, დიპლომატიის დღე სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეზე დაინიშნა. ეს შემთხვევითი არაა. ჩემი და იმდროინდელ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩემი ადმინისტრაციის ინიციატივა იყო რომ ეს დღე აგვერჩია. ერთი მხრივ, იმიტომ რომ სულხან-საბა დიპლომატების წინაპარი იყო და ამასთანავე ევროპისკენ მიმავალი ჩვენი ერთ-ერთი პირველი დიპლომატი და ჩვენ ყველანი მას მივყვებით.

დღეს, როცა ჩვენ ველოდებით ჯერ პირველ დასკვნას და შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ეს დღე უნდა აღვნიშნოთ და გავიაზროთ, რას ნიშნავს ჩვენთვის დიპლომატია. ჯერ ერთი დიპლომატია არ დაიწყო სულხან-საბათი და მუდამ ქართველ მეფეებს ჰყავდათ თავისი დესპანები, რომლებსაც სხვადასხვა დიდ სახელმწიფოებში აგზავნიდნენ, ისინი ხშირად მათი ოჯახის წევრები იყვნენ – მეუღლეები, შვილები და ეს ტრადიცია გაგრძელდა სანამ საქართველო, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ანუ პირველ რესპუბლიკად არ ჩამოყალიბდა, როცა მართლაც დაიბადა ჩვენი პროფესიონალური დიპლომატია. მათი სახელები, ზოგიერთი ალბათ იცით – აკაკი ჩხენკელი, შეიძლება ყველაზე ცნობილი იყოს, მაგრამ ბევრი სხვაც იყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ჰყავდა ძალიან სერიოზული დიპლომატიური წარმომადგენლობა და ისინი როგორც საქართველოს დელეგაცია, პირველად ოფიციალურად, მონაწილეობდნენ მაგალითად 1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, შემდეგ მონაწილეობდნენ და ძალიან დიდი სამუშაო გაიწია, რათა საქართველო ერთა ლიგის წევრი გამხდარიყო.

„სამწუხაროდ, როგორც ალბათ ყველამ იცის, ეს ისე დამთავრდა, რომ საოკუპაციო ჯარები შემოვიდნენ და ჩვენ ვეღარ მოვასწარით ერთა ლიგის სრულყოფილი წევრი გავმხდარიყავით. მაგრამ ეს სამუშაო ტყუილად არ გაწეულა.

შემდგომაც იყო განხილვები და საქართველოს დიპლომატიური საქმიანობა გაგრძელდა, თუნდაც მაშინ, როცა საქართველო აღარ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და მაგალითად საფრანგეთში, ემიგრაციაში, სადაც ყველაზე დიდხანს შენარჩუნდა საქართველოს დელეგაცია 1904 წლამდე, ოფიციალურად იყო აღიარებული საქართველოს წარმომადგენლობა და ჰქონდათ ოფიციალური ურთიერთობები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სხვა ქვეყნებთან პარიზიდან, რომელიც უცხოეთში მყოფი მთავრობის ცენტრად ითვლებოდა. ეს სამუშაოები ერთა ლიგაში მერეც გამოგვადგა, რამე თუ სწორედ საქართველოს საკითხი იყო წარდგენილი ამერიკის კონგრესში. მთელი განხილვა ჩატარდა და ეს ჩანაწერები დღესაც შეიძლება მოიპოვოთ, ძალიან საინტერესოა.

ავად თუ კარგად, ასე გაგრძელდა სანამ 1991 წელს ხელახლა არ აღდგა ნამდვილი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პროფესიონალური დიპლომატია, რომელსაც ძალიან დიდი საქმე ჰქონდა – პირველ რიგში, მოეპოვებინა ჩვენი სახელმწიფოს აღიარება, ეს მათი პირველი საქმიანობა იყო, რომელიც ძალიან გაშლილი და წარმატებული იყო მთელ მსოფლიოში.

ჩვენ დღეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს აღიარება ბევრი ქვეყნების მიერ უფრო სწრაფად უნდა მომხდარიყო, მაგრამ მან დაგვიტოვა შედეგი – ვიყოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი.

ჩვენ ვიცით ეტაპები, როცა გავერთიანდით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში და დავიწყეთ მსვლელობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მოკლე პერიოდში, მომავალ თვეში თუ თვეებში გადავალთ ევროპისკენ ამ მსვლელობის კიდევ ერთ ეტაპზე, რაც ჩვენ დასავლეთ თანამეგობრობის სრულყოფილ წევრად გაგვხდის. ეს არის გზა, რომელზეც ჩვენმა დიპლომატიამ უზარმაზარი როლი ითამაშა.

მე მიყვარს იმის თქმა, რომ ჩვენი დიპლომატია არ ჰგავს ბევრი სხვა ქვეყნის დიპლომატიას. იმ მხრივ რომ, დღესაც კი, ჩვენთვის სხვადასხვა მეზობელთან თუ სხვადასხვა ქვეყანასთან ურთიერთობების წარმართვას აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა. იმიტომ, რომ ჩვენთვის დამოუკიდებლობა ყოველდღე გასამყარებელია. ჩვენთვის სრულყოფილი დამოუკიდებლობა ჯერ არ არის, როცა ჩვენი ყველა საზღვარი ბოლომდე არაა აღიარებული, არაა დადგენილი, როცა ჩვენი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, როცა არაღიარება ჯერ კიდევ ჩვენი პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, როცა ჩვენ სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა მიმართულებით კიდევ გვიწევს იმის დამტკიცება, რომ სუვერენული ქვეყანა ვართ და ამას არავინ, არასოდეს არ უნდა შეეხოს.

ამიტომ, ვიდრე ეს ასე იქნება იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში სადაც ვცხოვრობთ, ვიდრე ჩვენ არ გავხდებით ევროპის და ევროატლანტიკურ თანამეგობრობის სრულყოფილი წევრი, ალბათ ეს მართლაც ჩვენს ეგზისტენციალურ მიზნად დარჩება. დიპლომატია უნდა იყოს ის მიზანი, რომლითაც ჩვენ ამ ყველაფერს ვინარჩუნებთ. მაგრამ არამხოლოდ ეს.

როგორც ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენთვისაც დიპლომატია ჩვენი ქვეყნის საზღვარგარეთ გატანაა, ჩვენი იდენტობის, კულტურის გაცნობაა. ეს უკვე მხოლოდ დიპლომატების საქმე არაა. ამაში დიდ როლს თამაშობს ჩვენი კულტურა. თავისთავად კულტურის გატანა და ყველა ის ადამიანი, ვინც რაღაცას ქმნის, მათი შემოქმედებითი აქტივობა, კრეატიულობა – ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის გარეთ ექსპორტის ნაწილია. ჩვენ გვგონია, რომ ექსპორტი ბიზნეს სიტყვაა, ესეც არის, თუმცა ასევე ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის ცნობადობის, მხარდაჭერის კუთხითაა. რაც უფრო კარგად გვიცნობენ გარეთ, ალბათ უფრო მყარია ის მხარდაჭერა, რითაც ჩვენ შეიძლება ვისარგებლოთ. ჩვენ ყველანი ვართ მოწმენი, თუ სპორტმა და სპორტსმენებმა (და დიდი მადლობა მათ) რამდენად გაიტანეს ჩვენი ქვეყნის სურათი, აამაღლეს ცნობადობა და მართლაც აჩვენეს, რა შეუძლიათ ქართველებს ინდივიდუალურად და კოლექტიურად. ეკონომიკაც ძალიან დიდი ნაწილია.

ბიზნესმენებიც საზღვარგარეთ ჩვენი ელჩები არიან, მაგრამ დიპლომატიაში მაინც საელჩოები, დიპლომატიური კორპუსი და პროფესიონალები არიან ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს მათ, როგორც არასოდეს, სჭირდებათ მეტი გამბედაობა, მეტი აქტივობა. არ უნდა შეეშალოთ ერთი რამე, რომ ისინი რომელიმე მთავრობის წარმომადგენლები არ არიან, ისინი სახელმწიფოს წარმომადგენლები, ქვეყნის წარმომადგენლები არიან და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ზოგჯერ საკმაოდ რთული. მაგრამ მაინც, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი დიპლომატია თავის რანგზე დადგება და ყველაფერს შეძლებს, რაც ამ ქვეყანას სჭირდება და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დღეს ამ ქვეყანას ყველაზე მეტად ევროპის ამ გზაზე სხვლა, ევროპის ამ გზაზე წარმატება სჭირდება. აქ ყველას როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ თავისი ნაწილი უნდა გააკეთოს. აქ მე დისკუსიები მესმის – „იმისი გაკეთებულია, ამისი გაკეთებულია, იმისი ბრალია, ამისი ბრალია“- ეს ყველაფერი მცდარია. იმიტომ, რომ არ შეიძლება, ამ საქმეში ყველანი ერთად არ ვიყოთ და არ შეიძლება რომ ამ საქმის შედეგი არ იყოს ჩვენი ყველასი და პირველ რიგში საზოგადოების“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ყველა კარგად ხედავს და გარედან კიდევ უფრო კარგად ჩანს, თუ რა უნდა საქართველოს, რა უნდა მის ხალხს, რა უნდა მის საზოგადოებას, რა უნდა მის ახალგაზრდობას.

„ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ გზაზე ისაა, რომ ჩვენ მიგვიღონ იქ, სადაც ჩვენი ადგილია, სადაც ჩვენი ოჯახია და რეალურად რისი ალტერნატივაც ჩვენთვის არ არსებობს, მე მგონი ამაში ყველანი დამეთანხმებით. როგორც არასოდეს, გლობალიზაციის დღევანდელ მსოფლიოში პატარა ქვეყანა, მარტო ქვეყანა ძალიან ცოდოა, პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ უნდა გვყავდეს პარტნიორები, მეგობრები, ოჯახი, რომელსაც შეიძლება ვენდოთ და რომელთანაც ვიზიარებთ მთავარს – კულტურულ ღირებულებებს, ფასეულებს, ყველაფერს, რაც ქმნის ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს კულტურას, რაზეც ჩვენ ვართ გაზრდილი და რაც წარსულიდან მოგვყვება. ეს ჩვენი სივრცეა და არ შეიძლება რომ ამ სივრცის გარეთ დავრჩეთ. ამ სივრცის გარეთ დარჩენა ნიშნავს დაუცველობას, ნიშნავს მართლაც მარტო ყოფნას, ნიშნავს იზოლაციას. ეს ძალიან რთულია, მით უმეტეს დღეს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ წარსულშიც ასე იყო, მაგრამ წარსულში სხვა ტიპის ბალანსი არსებობდა და ჩვენ ამას რაღაცნაირად ვეჭიდებოდით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დღევანდელი მსოფლიო სხვანაირადაა მოწყობილი და აქ საქართველოს ადგილი ძალიან ნათელია.

„შეიძლება, ბევრად ადვილი იყოს, იმ მხრივ, რომ არჩევანი ნათელია, ამას ბევრი ფიქრი არ სჭირდება და ინსტინქტურად ვიცით, ვხედავთ სად არის ჩვენი გზა, სად არის ჩვენი მომავალი. დიპლომატია ამისთვის არის აუცილებელი. დიპლომატიას როცა ვამბობ, ეს მოიცავს ცოდნას, რაც არამხოლოდ პროფესიონალ დიპლომატებს, ასევე თქვენ ყველას გეხებათ. ჩვენ თუ არ ვიცით და კარგად არ გავიგეთ გარე მსოფლიო – ქვეყნები, მათი ისტორია, მათი კულტურა, ჩვენ არ გვექნება ეფექტური დიპლომატია.

ნამდვილი და სერიოზული დიპლომატია სხვადასხვა რეგიონების გაგებაზე, ცოდნაზე, მათი ისტორიის ანალიზზეა დაყრდნობილი. ასე რომ, უცოდინარი დიპლომატები არავის სჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრი ექსპერტი გვჭირდება.

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ექსპერტი თვითდამრქმევითია, ვიღაცა თავის თავს დაარქმევს, რომ მე ვარ რაღაცის ექსპერტი და უცებ ექსპერტად ჩამოყალიბდება. ნამდვილი ექსპერტობა რთული, ძალიან საინტერესო და ძალიან საჭიროა. ასე, რომ ყველას გთხოვთ, გეხვეწებით, ჩაერთოთ თქვენს დარგში, ყველა დარგის სპეციალისტი გვჭირდება იმიტომ, რომ ასე ყველაფრის მცოდნე ადამიანები ხშირად არაფრის მცოდნეები არიან. სერიოზული ცოდნა დღევანდელი საუკუნის გამოწვევაა.

ძალიან ბევრი ტექნოლოგიური და კომუნიკაციის საშუალება არსებობს, შეიძლება ნამეტანიც კი. ამიტომ ზოგჯერ დაბნეულები ვართ, მაგრამ ამ საშუალებების გამოყენება თქვენი ყველას ვალდებულებაა. თქვენ ხართ ის თაობა, რომელსაც უზარმაზარი საშუალება ეძლევა – მოძრაობის, გაცნობის, გაგების, ერთმანეთთან ურთიერთობების. ეს ყველაფერი გამოიყენეთ. ნურაფრის ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა.

სტუდენტის კითხვაზე, რა რჩევას მისცემდით იმ დიპლომატს, იმ ახალგაზრდას, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს კარიერაში და რა რჩევას მისცემდით იმ პრეზიდენტს, რომელიც თქვენ შემდგომ გააგრძელებს ამ მოღვაწეობასა და საქმიანობას, პრეზიდენტმა აღნიშნა, „თუ არჩევანი არსებობს და რჩევა არსებობს, მე შემიძლია გირჩიოთ, რომ ამაზე საინტერესო და მით უფრო დღევანდელ დღეს მე მგონი სხვა პროფესია“.

„დიპლომატიის ნაწილში ძალიან მარტივია. მე მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც მე მივიღე პირველად რჩევად, როცა მნიშვნელოვან მოლაპარაკებებზე გამიშვეს საერთაშორისო კონფერენციაზე. ეს იყო ვენაში, ეუთოს ფარგლებში და ვინც იქ ჩემი წინამორბედი იყო, იქ ჩემამდე მოღვაწეობდა, მან მითხრა, მე ვერანაირ რჩევას ვერ მოგცემო, მაგრამ ერთადერთი მოლაპარაკებებში შენ შეგიძლია, ყველაფერი გამოიყენო, რაც გაქვს – ნიჭი, როგორც თეატრში, თუ შეგიძლია, იტირო – იტირე; თუ შეგიძლია, გაიცინო – გაიცინე, იუმორი გამოიყენე, ცოდნა გამოიყენე და ყველაფერი. თავისუფალი სივრცეა, სადაც მართლა შეიძლება, შენით და შენი ინიციატივით ჩაატარო ეს მოლაპარაკებები.

ცხადია, ეს არ ნიშნავს თავნებობას, რადგან მოლაპარაკებებში მთავარია ინსტრუქციებით მოქმედება და იმ ჩარჩოში უნდა ჩაჯდე. მაგრამ დანარჩენი ფორმა, რასაც მისცემ მოლაპარაკებებს არის სრულიად თავისუფალი. ამაზე საინტერესო პროფესია მე მგონი არ არსებობს. იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად შეგიძლია ამით სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურო, ბოლომდე და სიღრმისეულად გაიცნო ქვეყნები, მათი მოსახლეობა და ისტორია. ასე რომ, თუ არჩევანი არსებობს და რჩევა არსებობს, მე შემიძლია გირჩიოთ, რომ ამაზე საინტერესო და მით უფრო დღევანდელ დღეს მე მგონი სხვა პროფესია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, არ არსებობს.

რაც შეეხება პრეზიდენტს, მე ჩემს თავს ნამდვილად არ მივცემ უფლებას რომ მომავალ პრეზიდენტს რამე რჩევა მივცე იმიტომ, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხდები, როცა ხარ არჩეული, ისე იქნება თუ ასე, რა ფორმაც არ უნდა ჰქონდეს, ერთადერთი რამ უნდა გახსოვდეს ყოველთვის – შენ იმ დღიდან ხდები ყველას პრეზიდენტი. აღარა ხარ ვინმეს არჩეული, მასაც აღარ აქვს უფლება რომ გითხრას მე აგირჩიე, შენთვის ვირბინე, ის გავაკეთე, ეს გავაკეთე და აბა რას აკეთებ. შენ არჩეული ხარ ამ ძალიან რთულ ფუნქციაზე მოვალეობებით, ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობით და რაც შეიძლება შენს თავთან, შენ ქვეყანასთან და მის ინტერესებთან რაც შეიძლება მართალი უნდა იყო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ქვეყნის ევროპულ მომავალს სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში იქნება კომისიის დასკვნა, რომელიც ასახავს რეკომენდაციების მათ შეფასებას – რამდენად შესრულდა, არ შესრულდა.

„ჩემი მოლოდინით იქნება და მე არაფერი შიდა ინფორმაცია არ გამაჩნია, რადგან ამაზე არავინ ბოლომდე არაფერს ამბობს. ჩემი შეხედულებაა, რომ ჩვენ დიდი ალბათობით მივიღებთ სტატუსს, ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ მე ყველაფერი გავაკეთე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, არ მინდა მეტი ვილაპარაკო იმაზე ვინ მეტი გააკეთა და ვინ ნაკლები. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ ამას მივაღწევთ იმიტომ, რომ მე მგონი ჩვენმა პარტნიორებმა კარგად გაიგეს, რომ ჩვენთვის ამ კანდიდატურის არ მოცემა, რუსეთისთვის ერთგვარი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს და ამისი სურვილი არ არსებობს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას ძალიან ხაზგასმით, რომ არ შეიძლება წინასწარ იმის ძახილი, რომ უთუოდ მოგვცემენ.

მე მაქვს იმედი, მაქვს რწმენა, რომ ჩვენ აქეთკენ მივდივათ და ეს უნდა იყოს წარმატებული, მაგრამ არ არის სწორი და არც არ არის ეთიკური, ვიტყოდი, ამის ძახილი, როცა ოცდაშვიდმა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას აქვს დიდი მნიშვნელობა და ერთმაც რომ თქვას უარი, ეს იქნება უარი. ამის მიმართ იმის თქმა რომ ას პროცენტიანად გარანტირებულია, არის ან არ ცოდნა იმ სისტემის ან არასწორი. ასე რომ, ველოდოთ, ვიყოთ იმედიანად. კიდევ ერთხელ, ყველაფერი გავაკეთოთ და კიდევ გვაქვს გასაკეთებელი. მე რამდენიმე დღეში გეტყვით რას გავაკეთებთ ერთად და ამაზე ყველაფერს დეტალურად მომდევნო დღეებში გაიგებთ“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, როგორი მმართველობა უნდა იყოს საქართველოში საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ არასოდეს ამ ქვეყანაში არ ყოფილა გახსნილი დისკუსია, იმის შესახებ თუ რომელი რეჟიმი – საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ნახევრად საპრეზიდენტო იქნებოდა საქართველოსთვის.

„ეს სრული დისკუსია არც პარლამენტში არ ჩატარებულა. მე ვიყავი მონაწილე იმ საკონსტიტუციო კომისიის და პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემა მოგვყვება პირველივე დღიდან, ვიტყოდი პირველი რესპუბლიკიდანაც ერთგვარად. ჩვენ ვცვლით რეჟიმებს და კონსტიტუციებს იმის მიხედვით თუ რა არ მოგვეწონა წინა მმართველებისგან, თუ პრეზიდენტი არ მოგვწონდა და თუ ზე-პრეზიდენტობდა, მაშინ გვინდა საპარლამენტო, ახლა პარლამენტი შეიძლება გუშინდელი და გუშინწინდელი ძახილების მერე ჩავთვალოთ რომ არ მოგვწონს ასეთი უხამსობა და გადავწყვიტოთ, რომ სხვა სისტემა გვირჩევნია. ეს არის ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი საკითხი, როგორც კიდევ ბევრი საკითხი გვაქვს კონსტიტუციაში.

მე მაგალითად მიმაჩნია, ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ ჩვენ ორი პალატა გვჭირდება, ამიტომ სანამ მეორე პალატა არ იქნება, არ გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურად. დღესვე უნდა შეიქმნას, თეორიულად ვამბობ კიდევ ერთხელ, და ახლავე უნდა ვუთხრათ და ვაჩვენოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს რა იქნება მათი ადგილი იქ და დავტოვოთ მათი ადგილი ღიად, მაგრამ სისტემა შევცვალოთ იმისთვის რომ მივცეთ ამ ქვეყანას მეტი პოლიტიკური განვითარების საშუალება. 2006 წლიდან ვფიქრობდი ამას და არაფერი არ შეიცვალა. თუ არა ადგილობრივი დემოკრატია და თვითმმართველობა, თუ იქიდან არ წამოვიდნენ ახალი პოლიტიკოსები, მაშინ ვიტრიალებთ ამ წრეზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დიდი იმედი აქვს, რომ საქართველო მიიღებს ამ სტატუსს.

„რომ არ მივიღოთ, ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი. რაც არ ვიცი, რით უნდა დავძლიოთ. ძალიან რთული იქნება და რთული იქნება ყველაზე მეტად იმ ახალი თაობისთვის, რომელიც ამას ელოდება და რომლის ახლო და ხანგრძლივი მომავალი ამაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, თუ მივიღეთ, პირიქით ეს იქნება იმ იმედის საფუძველი, რომელიც მერე მობილიზაციაში გადაიქცევა, რის გარეშეც ჩვენ სერიოზული და თავისუფალი არჩევნები არ გვექნება. ჩვენ უნდა მოვამზადოთ არჩევნები, ჩვენ სერიოზულად უნდა ჩავებათ. დრო მოვიდა, რომ დიასპორა სხვანაირად ჩაერთოს ამ არჩევნებში, შორიდან არ გვიყუროს და თქვან რომ თქვენ ასე და ისე უნდა მოიქცეთ. არა, მოქცევა და ჩართვა ნიშნავს, რომ მონაწილეობა უნდა მიიღო ამ არჩევნებში, მაგრამ პირველი და აუცილებელი წინაპირობა ამ ყველაფრის არის ის, რომ ხალხი იმედიანად იყოს, მობილიზებული იყო, გვჯეროდეს რომ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ და ყველაფერს მივაღწევთ“, – დასძინა პრეზიდენტმა.

ისრაელის მთავრობა საკუთარ  მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელის მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ საკუთარი ეროვნული იდენტობის გარეგნული დემონსტრირებისგან.

„ისრაელის საელჩოები, აეროპორტები, სადაც ისრაელიდან რეისები ხორციელდება, ისევე როგორც ებრაული სატვისტომოები და რელიგიური დაწესებულებები ანტისემიტური ხასიათის თავდასხმებისთვის მთავარი სამიზნეებია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის მთავრობა, ასევე, მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ირანის მოსაზღვრე ქვეყნებში მოგზაურობისგან.