Home Blog Page 1941

“პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება”- გომელაური

ჩვენს საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ჰქონდა საშუალება, თვალი ედევნებინა ამ პროცესებისთვის და ყველამ კარგად ვნახეთ საქართველოში პირველად აქციაზე პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ გომელმაურმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს პარლამენტის შენობას, გაჩნდა ხანძარი, რომელიც პოლიციელებმა წყლის ჭავლით ჩააქრეს.

„პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება, რომ შეკრებილებს დაეცვათ წესრიგი და არ დაერღვიათ კანონით განსაზღვრული წესები. ყველა იმ შემთხვევაში, სადაც პოლიციამ ადგილზევე მოახდინა სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე მოხდა მათი დაკავება. საზოგადოებამ, ასევე, პირდაპირ ეთერში ნახა აქციის მოძალადე მონაწილეების მხრიდან აქციაზე მოსულ სახალხო დამცველზე განხორციელებული თავდასხმა. ყველამ ვნახეთ, როგორ ესროდნენ მას კვერცხებს, შეასხეს წყალი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად და სახალხო დამცველის თანმხლები პირების ჩართულობით სიტუაცია იმ კონკრეტულ მომენტში განიმუხტა და მათ დატოვეს შეკრება/მანიფესტაციის ადგილი. საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, შესაბამისად, პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

“მიუხედავად პოლიციის არაერთი მოწოდებისა, რომ 7-8 მარტის აქციების მონაწილეებს დაეცვათ კანონი, მათი მხრიდან აგრესია უფრო მატულობდა”-გომელაური

მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა, დაეცვათ კანონი და შეკრება-მანიფესტაცია გაეგრძელებინათ მშვიდობიანი ფორმით, აქციის მონაწილეთა მხრიდან აგრესია უფრო მატულობდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, აუცილებელი გახდა წინა რიგებში პოლიციის თანამშრომლების ჩანაცვლება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებით, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური დამცავი საშუალებებით.

„მიუხედავად პოლიციელებზე განხორციელებული არაერთი თავდასხმისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საპოლიციო კორდონები არ გადაადგილებულან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით და ისინი აგრძელებდნენ პარლამენტის შესასვლელების დაცვას. შესაბამისად, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა პროტესტი მშვიდობიანი ფორმებით გაეგრძელებინათ პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე. დაახლოებით 22:30 საათიდან შეკრებილ მოქალაქეთა მხრიდან სიტყვიერი აგრესია გადაზიარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ეს ხდებოდა 11-ის ნახევარზე. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სპეციალური ეკიპირებით პოლიციის თანამშრომლებისთვის დამცავი ფარების წართმევა, მათი მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს – ქვებს, ბოთლებს, ბლაგვ საგნებს, რკინისა და ბეტონის ნაჭრებს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კორდონში მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

“სამწუხაროდ, 7-8 მარტის აქციების შესახებ მოვისმინეთ ბევრი სპეკულაცია, პოლიციის მიმართ ცილისწამება და შეურაცხყოფა”-გომელაური

სამწუხაროდ, 7-8 მარტის აქციების შესახებ ვნახეთ და მოვისმინეთ ბევრი სპეკულაცია, პოლიციის მიმართ ცილისწამება და შეურაცხყოფა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 7 და 8 მარტს გამართული საპროტესტო აქციები, არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში.

„დაახლოებით ერთი თვის წინ, პარლამენტის 8 დეპუტატის მხრიდან, მივიღე კითხვები: პროპორციული იყო თუ არა 7-8 მარტს სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა? ხომ არ წარმოადგენდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას 7-8 მარტს სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა? და წესის დაცვით იქნა თუ არა გამოყენებული სპეციალური საშუალებები. შევეცდები ამ კითხვებს ვუპასუხო ამომწურავად, მიუხედავად იმის რომ ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანოს თითოეულ წევრს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგით ხელმძღვანელობთ, მარტის მოვლენების დროს პოლიციის მხრიდან ზომიერი, მაღალპროფესიონალური და სამართლიანი მოქმედებების შესახებ თავად შეგიძლიათ მსჯელობა და სწორი დასკვნების გამოტანა. 7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქციები, რომელიც არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ, არამშვიდობიან მასობრივ ქმედებებში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა

“რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის საწინააღმდეგოა”- ლიეტუვის საგარეო უწყება

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოვიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებთან შესაბამისობაში, მათ შორის საავიაციო სექტორში, – ამის შესახებ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.
„იმედგაცრუებით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებისა და მის მიერ არჩეული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოვიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებთან შესაბამისობაში, მათ შორის საავიაციო სექტორში“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

“ბატონო გიორგი, არ გაბრაზდეთ ჩემ „ხაბეზე“, კაცობს, უნდა, რომ თავის გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოს”

ბატონო გიორგი, არ გაბრაზდეთ ჩემს „ხაბეზე“. კაცობს ახლა, უნდა, რომ თავის გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოს, დაეშალა. მას ლიდერად არ აღიარებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში განაცხადა, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს დეპუტატები ინტერპელაციის წესით სკოლებში უფასო კვების საკითხთან დაკავშირებით უსმენენ.

ზარქუას განცხადებით, მისი სურვილია ლევან ხაბეიშვილი დიდხანს იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ.

„მინდა შევეხო ამ ხელმოცარულებს, ახლა რომ იყვნენ გამოსულები. ბატონო გიორგი, არ გაბრაზდეთ ჩემს „ხაბეზე“. კაცობს ახლა, უნდა რომ თავის გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოს, დაეშალა. მას ლიდერად არ აღიარებენ.

თუ ვინმე რამეს ხარჯავს, თავისი შემოსავლით ხარჯავს, განსხვავებით თქვენი მმართველობის დროს, მინისტრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ თავიანთი ბავშვების განათლებას.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა გითხრათ ჩემს „ხაბეზე“. უგულავას დროს სოციალური სამსახურის ერთ-ერთი „ჩინოვნიკი“ იყო. მათ დროს, თბილისში საბავშვო ბაღები ფასიანი იყო და ეს ადამიანი ხელფასსაც იღებდა და პრემიასაც. რასაც ვამბობ თუ არასწორია, ხვალ განცხადებას დავწერ და სამსახურიდან წავალ, თუ ეს ასე არ არის, მან თქვას. ხაბეიშვილს, გარდა იმისა, რომ ბაღებში კვება ყოფილიყო, ევალებოდა უფასო სასადილოების მონიტორინგიც. ფოტოებს განახებთ, ანტისანიტარია იყო, რა ფული „ტყდებოდა“ და ახლა ეს ადამიანი გამოდის და გვმოძღვრავს, იმის ნაცვლად, რომ შეიფეროს ის თანამდებობა, სანამ დროებით აქვს.

მე ვუსურვებდი, დიდი ხანს იყოს. ჩემ ინტერესშია დიდ ხანს იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელად, ამაში ჩემი წვლილი შევიტანე. ზოგჯერ იყოს აკადემიური და დარჩეს, თორემ დაემართება ის, რაც საკრებულოში დაემართა, მისი გუნდის წევრები გამარჯობას რომ არ ეუბნებოდნენ, ეს დაემართება“,- განაცხადა ზარქუამ.

თბილისში არსებულ თექვსმეტ ქუჩას სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელები მიენიჭა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თექვსმეტ ქუჩას იმ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელები მიენიჭა, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში შეტანილი აქვს.

თბილისის საკრებულოს ცნობით, საკითხები საკრებულოს წევრებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ გააცნო.

„საკითხები, რომლებსაც კენჭი ეყრება, თბილისის ურბანულ გარემოში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარების ჩვენს მიერ წარმოებული გრძელვადიანი კამპანიის ნაწილია. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ წარმოდგენილი საკითხების კომისიურ ფორმატში განხილვა სიმბოლურად მარტის თვეში, ქალთა კვირეულის ფარგლებში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ კვირეული რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა, პარტნიორი ორგანიზაციების – გაეროს ქალთა ფონდისა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით თბილისის ქუჩებში განთავსდა დროებითი აბრები, იმ სტერეოტიპების საწინააღმდეგო სლოგანებით,“ – აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.

თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით თბილისის ქუჩებს შეემატა: ექიმ მერი გელოვანის ქუჩა; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის თამარ დეკანოსიძის ქუჩა; მევიოლინე მარინე იაშვილის ქუჩა; კომპოზიტორ თამარ ვახვახიშვილის ქუჩა; სახელმწიფო მოღვაწის, კრავაი ჯაყელის ქუჩა; საზოგადო მოღვაწის, მედეა ღამბაშიძის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი ინჟინერი ქალის, ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მეზღვაური ქალის, იულია ფაილოძის ქუჩა; კალიგრაფ მანანა ზედგინიძის ქუჩა; ექიმ ბარბარე ყიფიანის ქუჩა; მსახიობ ცეცილია წუწუნავას ქუჩა; მსახიობ თამარ ჭავჭავაძის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალის, ნინა ხუბულავას ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალის, რუსუდან ჟორდანიას ქუჩა; დიპლომატ რუსუდან მიქელაძის ქუჩა; რეპრესირებული პოეტის, მარიამ აბრამიშვილის ქუჩა; მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის ქუჩა.

“ნებისმიერს ოპოზიციური პარტიებიდან, ვისაც გულწრფელად გული შეგტკივათ ბავშვების განათლებაზე, კვებასა და ჯანსაღ განვითარებაზე, გეპატიჟებით სამუშაო ჯგუფში”

ნებისმიერს ოპოზიციური პარტიებიდან, ვისაც გულწრფელად გული შეგტკივათ ბავშვების განათლებაზე, კვებასა და ჯანსაღ განვითარებაზე, გეპატიჟებით სამუშაო ჯგუფში – მოგისმენთ სიამოვნებით, – ეს განცხადება პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გააკეთა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი ამილახვარს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. მთავრობის წევრმა სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კითხვებს უპასუხა.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, იმისთვის, რომ სკოლებში კვების საკითხი მოგვარდეს, საჭიროა სხვა რიგი ნაბიჯები გადაიდგას – კერძოდ, უნდა მოგვარდეს სასკოლო ინფრასტრუქტურის (სასადილო, ადგილზე მომზადების შემთხვევაში სამზარეულო, წყალი-სანიტარია-ჰიგიენური ნორმები, ნარჩენების მართვა) საკითხი და ამ კუთხით უკვე დაწყებულია 800 სკოლის რეაბილიტაცია/მშენებლობის პროექტი. გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს 270-მდე სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია.

მინისტრის თქმით, სამინისტროებისა და უწყებების ჩართულობით შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც გამოვლენილი და იდენტიფიცირებულია გამოწვევები და საკითხები, რომლებზეც სამოქმედო გეგმა შეიქმნება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი მუშაობს ორი მიმართულებით: საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და საქართველოს რეალობის შესწავლა. საპილოტე რეგიონად ქართლი შეირჩა.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყოთ გარკვეულ ვერსიებზე მსჯელობა, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, რომ სადმე დავიწყოთ სასკოლო კვების პროგრამა და სადმე არ დავიწყოთ. თუ სადმე დავიწყებთ, ეს უნდა გავაკეთოთ ყველასთვის და აქ გამორიცხულია გამორჩევა რეგიონის, სოციალური კუთვნილების თუ სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით. ეს უნდა იყოს ყველასთვის უზრუნველყოფილი, ვისაც ბუნებრივია, ამის სურვილი აქვს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ისაუბრა სამ მოდელზე, რომელზეც სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაჩენასთან ერთად ეტაპობრივად შეეცდება, რომ პირველ რიგში, სწორი კონცეფცია ჩამოაყალიბოს, შესთავაზოს საზოგადოებას და შემდგომ დაიწყოს ამის ნაბიჯ – ნაბიჯ განხორციელება.

„პირველი ეს არის ე.წ. ტრადიციული სისტემა, როდესაც სკოლებში არის სამზარეულოს ინფრასტრუქტურა და სკოლას დამოუკიდებლად შეუძლია ამის განხორციელება. მეორე ეს არის ცენტრალიზებული, როდესაც გარკვეულ არეალში არის ერთი ცენტრალიზებული საწარმოო, რომელიც ე.წ ნახევარფაბრიკატებს აწვდის სკოლებს და იქ ადგილზე ხდება მისი საბოლოო დამზადება და მესამე არის მიტანა ე.წ ლანჩ-ბოქსები“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზა სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართვა.

თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდა

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 19 მაისიდან 25 მაისის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი ზოლით შეიზღუდა, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერების ადგილი – ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერთან მდებარე გაჩერების ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რუსთაველის გამზირისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩის კვეთასთან გაჩერდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5340 ლარი ეღირება, ევრო – 2.7352 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1510 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5310 ლარი ღირდა, ევრო – 2.7358 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1460 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 მაისს ამოქმედდება.

“2011 წელს ტურისტები მოდიოდნენ და დღეს აქ ჩამოდიან არა ტურისტები, არამედ მოღალატეები, აგენტები”-ელენე ხოშტარია

მაშინ ტურისტები მოდიოდნენ და მთელი მსოფლიო საქართველოს გვერდში იყო, დღეს კი მთელი მსოფლიო არის რუსეთის იზოლაციაში, – ასე უპასუხა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შეკითხვას იმის შესახებ, რა შეიცვალა 2011 წლის შემდეგ, როდესაც ის რუსეთთან ურთიერთობას მიესალმებოდა.

მისი თქმით, დღეს მთელი მსოფლიო მოუწოდებს საქართველოს რუსეთის იზოლაციისკენ, ასევე, ქვეყანაში 2011 წელს რუსეთიდან ტურისტები შემოდიოდნენ, ახლა კი აგენტები და მოღალატეები შემოდიან.

„მთელი მსოფლიო გვეუბნება, რომ ვდისტანცირდეთ და აქ ჩამოდიან არა ტურისტები, არამედ მოღალატეები, აგენტები და პუტინი არის აღიარებული ტერორისტი. აი ეს შეიცვალა ამ 13 წლის განმავლობაში.“ – აღნიშნა ხოშტარიამ.

კითხვაზე, 2008 წლის აგვისტოს ომი არ იყო საკმარისი, რომ ომიდან სამი წლის შემდეგ, პუტინი საქართველოს მტრად ჩაეთვალა, ხოშტარიამ უპასუხა, რომ მაშინ სხვა კონტექსტი იყო, ხოლო სააკაშვილი საზღვარზე ტურისტებს იმიტომ ხვდებოდა, რომ რუსეთში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი იყო.

„მაშინ ლაპარაკი არათუ გახსნაზე იყო, არამედ, მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე ტურისტებს, იმიტომ რომ მაშინ რუსეთში იყო ძალიან დიდი პროტესტი, მათ შორის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, აბსოლუტურად სხვა კონტექსტი იყო. პუტინი კი არის ტერორისტი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

“9 აპრილს, არჩევნების წელს, სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე დახვდა რუს ტურისტებს” – ამირან სალუქვაძე

2012 წლის 9 აპრილს, არჩევნების წელს, ჩვენთვის ორმაგი ემოციის დღეს, სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე დახვდა რუს ტურისტებს, 9 აპრილს, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთის მორალია ის, თუ რა თარიღს დაამთხვია პირველი პირდაპირი რეისი, თუმცა, მიხეილ სააკაშვილი რომ 9 აპრილს ლარსის გამშვებ პუნქტს ეწვია და რუს ტურისტებს დახვდა, ეს ექსპრეზიდენტის და მისი გუნდის მორალია.

ექსპერტის თქმით, პუტინის მიერ სავიზო შეზღუდვის გაუქმება და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება გათვლილია როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ისე საერთაშორისო რეაქციაზე.

„9 აპრილს, სწორად ხედავთ, 2012 წლის 9 აპრილს, არჩევნების წელს, ჩვენთვის ორმაგი ემოციის დღეს, სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე დახვდა რუს ტურისტებს, 9 აპრილს.

ამ ფაქტს, ანუ 9 აპრილს საზღვარზე დახვედრას რუსეთის მოქალაქეებისთვის 2010 და 2012 წლებში ვინც ტაში დაუკრა, დღეს აპროტესტებს.

რუსეთმა რომელ დღეს დაამთხვია ეს რეისი, ეს რუსეთის მორალია. სააკაშვილი რომ 9 აპრილს მივიდა ლარსზე, ეს სააკაშვილის და მისი გუნდის მორალი. ახლა დარბიან გიჟებივით.

გახსოვთ რა დავწერე იმ დღეს, როცა პუტინმა ვიზების და ფრენების შეზღუდვა გააუქმა, რომ ეს გათვლილი იყო ჩვენს შიდა პოლიტიკაზე და გარე რეაქციებზე? ზუსტად ეს ხდება, ზუსტად უსრულებენ.

არა უშავს, წელს საქართველო მაინც მიიღებს კანდიდატის სტატუსს”, – წერს ამირან სალუქვაძე.

“ამდენი წელიწადია ბიზნესში ვარ, და პირველად მიწევს ბოდიშის მოხდა” – თემურ ჭყონია

“ეს შეცდომაა, რისთვისაც, ამდენი წელიწადია ბიზნესში ვარ, და პირველად მიწევს ბოდიშის მოხდა”- ასე ეხმაურება თემურ ჭყონია თბილისის ქუჩებში გამოკრულ „მაკდონალდსის“ ბანერებს წარწერით: “235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს” .

„ეს იყო UNICEF-ის გლობალური პროგრამა და ეს ბილბორდი აბსოლუტურად აცდენილია შინაარსს. ეს შეცდომაა, რისთვისაც, ამდენი წელიწადია ბიზნესში ვარ, და პირველად მიწევს ბოდიშის მოხდა. მე არ ვარ ამ ბილბორდის მომხრე, იმიტომ, რომ პროგრამა, რომელიც ჩვენ დასახული გვქონდა​ UNICEF-ის ფილოსოფიით დატვირთული, უფრო ქველმოქმედებაზე იყო აგებული, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებზე.

კონკრეტული მიზანი გვქონდა, UNICEF-ის პროგრამა იყო, რომ 1 ივნისს, ბავშვთა დღეს უნდა გაგვეკეთებინა ქველმოქმედება და დევნილთა სამინისტროში გადაგვერიცხა რაღაც თანხა. ემოციური უფრო ვარ დღეს, ვიდრე პროფესიონალი. იმდენად გამომიყვანა წყობიდან ამ ბილბორდმა, რომ გაგრძელებაზეც აღარ ვფიქრობ.

მე საიდან გავიგე? გვქონდა დილის შეხვედრა და შემომიტანეს, რომ ექსპერტი ნიკოლეიშვილი ახასიათებდა ამას როგორც ბინძურ კამპანიას. ყველას უფლებაა, როგორც უნდა ისე გამოიყენოს – მთავარია, მე როგორ ვფიქრობ“, – აცხადებს თემურ ჭყონია.