Home Blog Page 1936

სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში მთავრობა 4700 ოჯახს დაეხმარა

სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში მთავრობა 4700 ოჯახს დაეხმარა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაგეგმილია ამ პროგრამის გაფართოვება იმისთვის, რომ უფრო მეტ ოჯახს დაეხმაროს მთავრობა.

„ორი წლის წინ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის ამოქმედება. ეს არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხები. ეკონომიკის სამინისტრო გასცემს ამ პროგრამის ფარგლებში სუბსიდირებულ სესხებს, უფრო სწორედ, ბანკებთან თანამშრომლობს. პროგრამით სარგებლობას შეძლებს ოჯახი თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 1 წლამდე ასაკის შვილი და ამ პროგრამის მოდიფიცირებაც არის დაგეგმილი. გვინდა, რომ ეს გავაფართოვოთ, უფრო მეტ ოჯახს დავეხმაროთ. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ დღეს ამ პროგრამის ფარგლებში ჩართული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 4,700 და ბენეფიციარებს ჯამურად 500 მლნ ლარზე მეტი სესხი დაუმტკიცდათ და ჩვენ დავუსუბსიდირეთ. 4700 ოჯახს დავეხმარეთ აი ამ პროგრამის ფარგლებში”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

“ველით, რომ ეს იქნება ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება” – პრემიერი

„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელის” პროექტს რული მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება.

„რაც შეეხება ენერგეტიკას და ტრანსპორტს, მე მინდა უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ თემაზე. შარშან ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის პროექტი დავაინიცირეთ. ეს არის ქართული ინიციატივა, ეს შეეხება „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელს”. ეს პრიოექტი ჩვენ განვიხილეთ და მე ვიყავი პირადად ჩასული ბრიუსელში. 2021 წლის აპრილში და ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა სწორედ ეს იყო, როდესაც ჩვენ ვარჩევდით მსხვილ პროექტებს. ჩვენ თავიდანვე მივიღეთ სრული მხარდაჭერა ევროკავშირისგან. შემდეგ აქტიური თანამშრომლობა გავაგრძელეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და შარშან ხელი მოეწერა მემორანდუმს. ახლა აქტიურად მიმდინარეობს შესწავლა. ჩვენ ველით, რომ სექტემბერში გვექნება უკვე კვლევის შედეგები და ამის შემდეგ გადავალთ უკვე მეორე ფაზაზე. სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობის – 103 მილიონ ლიტრამდე, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო”

ექსპორტის ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება; 5 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 33%-იანი ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის – 103 მილიონ ლიტრამდე, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო.

„ღვინის ექსპორტი გაიზარდა სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთში გვაქვს 30%-იანი ამერიკაში 28%-იანი ზრდა, ლატვიაში – 20%, გერმანია -34%, ესტონეთი 50%, იაპონია -68%, რუსეთი -50 %. ასე რომ, სულ, ჯამურად, კიდევ ვიმეორებ, შარშან გვქონდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის 103 მილიონი ლიტრი ღვინის ექპორტი, ამით 250 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღეს ქართველმა მეწარმეება.

ასევე იზრდება სპირტიანი სასმელები. აქ ზრდა გვაქვს 57%-იანი, 48 მილიონ დოლარს აჭარბებს მიღებული შემოსავალი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს.

სექსუალური ძალადობის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც დედამ ბავშვი, ტკივილების გამო, კლინიკაში წაიყვანა. გაირკვა, რომ ბავშვი სამი თვისა და ორი კვირის ორსულია.

არსებული ინფორმაციით, დედამ გოგონა ქუთაისის კლინიკაში აბორტის გასაკეთებლად წაიყვანა, თუმცა ექიმებმა ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს.

ოჯახები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. ბავშვმა და დედამ პოლიციას ჩვენება უკვე მისცეს, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა. ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა დაკავებულსაც. არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კაცმა გაიგო, რომ მომხდარს შსს იძიებდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმალვას ცდილობდა, რა დროსაც დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მხულით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

“რეკორდულ მაჩვენებელს – 2 მილიარდ დოლარს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ”

რეკორდულ მაჩვენებელს – 2 მილიარდ დოლარს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაფიქსირდა ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული ზრდა.

„რეკორდულ მაჩვენებელს – 2 მილიარდ დოლარს მიაღწია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ; დაინერგა ინოვაციური მიდგომები ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ჩვენი ქვეყნის პოტენციალით უკვე დაინტერესდნენ მსოფლიოს უმსხვილესი და მრავალმილიარდიანი კორპორაციები. შარშან, ექსპორტისა და ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა; გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 107.6%-ით გადააჭარბა და 3.5 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. თუ ამ მონაცემებს შევადარებთ 2021 წელს, ზრდამ 182.5% შეადგინა. წელს, არა მხოლოდ ვუბრუნდებით პანდემიამდელ მაჩვენებლებს, არამედ მთავრობის სწორი სტრატეგიის შედეგად, რეკორდული მოცულობის შემოსავალს ველით ტურიზმის ინდუსტრიიდან: პირველი კვარტლის მდგომარეობით 1.2 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლეთ, რაც მნიშვნელოვანი აღდგენაა 2019 წელთან შედარებით. მიღებული შემოსავალი არის რეკორდული პირველ კვარტალში, თითქმის, 800 მლნ აშშ დოლარი, რაც 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 38%-იანი მატებაა. საფუძვლიანი მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით, 6 მლნ-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლებთ და ქვეყანა ელოდება დაახლოებით, 4.5 აშშ დოლარის შემოსავალს, რაც 2019 წელთან მიმართებაში 134% მატებაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავრობის დაფინანსებით წელს დაიწყება” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა იმ ინვესტორის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს, რომელმაც ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ინტერესი გამოხატა.

ამის შესახებ მან პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

„ანაკლიის პორტის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით. 51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა. ამ საკითხების დამუშავება აქტიურად მიმდინარეობს. სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი. თუმცა, ამ ეტაპზე, არ ვართ იმ კონდიციაში, რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით. მინდა გითხრათ, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ წელს ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას და ეტაპობრივად, პარალელურად გავაგრძელებთ ინვესტორებთან მოლაპარაკებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია”- პრემიერი

მიმდინარე წლის აპრილში ეროვნული ბანკის ოფიციალურმა სარეზერვო აქტივებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 5.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური აქტივობის მაღალ ზრდასთან ერთად გაიზარდა ინკლუზიურობა და შემცირდა როგორც უმუშევრობის დონე, ასევე სიღარიბე.

„უმუშევრობის დონე, პატივცემულო დეპუტატებო, წინა წელთან შედარებით შემცირდა მნიშვნელოვნად და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს – 17.3%-ს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, უმუშევრობის დონე თითქმის 27% იყო. წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად – 70 ათასით გაიზარდა და შეადგინა 1 271 000. უმუშევრობის შემცირება, პირველ რიგში, კერძო სექტორში სამუშაო ადგილების ზრდით არის განპირობებული, იმ გარემოთი, რომელიც ჩვენ შევქმენით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუ შევადარებთ გასულ წელს, ეს მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია. აბსოლუტური სიღარიბის დონე ასევე ისტორიულ მინიმუმამდე – 15.6%-მდე ჩამოვიდა და წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელიც არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. 2012 წელს სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30.0%, 30% იყო წინა ხელისუფლების დროს სიღარიბის მაჩვენებელი. წელს ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა სიღარიბე – 15.6%. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ათ წელში სიღარიბის დონე თითქმის განახევრდა, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა თავი დააღწია სიღარიბეს, უფრო ზუსტად, 535 000-მა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს”, – განაცხადა პრემიერმა.

რკინიგზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია – საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გვიან ღამიდან ყველა რეისი ჩვეული გრაფიკით შესრულდა.

„ძვირფასო მგზავრებო, საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. შეფერხების მიუხედავად, გვიან ღამიდან ყველა რეისი ჩვეული გრაფიკით შესრულდა. შეგახსენებთ, რომ უამინდობისა და ძლიერი წვიმის გამო, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მატარებლებს მცირე შეყოვნება ჰქონდათ, თუმცა საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების აქტიური მუშაობის შედეგად, მოძრაობა მალევე განახლდა. აღსანიშნავია, რომ კომპანია თითოეულ მგზავრს შექმნილი დისკომფორტის გამო მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს. ამ დროისათვის, საქართველოს რკინიგზის ყველა რეისი გრაფიკით მოძრაობს“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

“ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება – მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება.

როგორც პრემიერმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა, მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს – უკვე არსებული აეროპორტის გაფართოებას, ან ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებას.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, აქტიურად განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას. ვამუშავებთ ორ ვარიანტს – ერთი ეს არის არსებულის გაფართოება, თუმცა ამ ვარიანტს უფრო მეტი მინუსი აქვს. გვაქვს მეორე ვარიანტი, რომელიც დამუშავების პროცესშია. საუბარია, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორებისა და კომპანიების შერჩევა. გვინდა, სამუშაოები 2024 წელს დავიწყოთ. მანამდე პროექტირებას დასჭირდება დრო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რეალურია ბირთვული საფრთხე” – პრემიერი

ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა, იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში, როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე მთავრობის მთავარი საზრუნავი და ამოცანა არის სწორედ ქვეყნის გადარჩენა.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ საანგარიშო პერიოდი მსოფლიოსთვის ურთულეს, გამოწვევით აღსავსე პერიოდს მოიცავს. ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის და ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, ამოცანა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ხალხის ინტერესების დაცვა და რაც მთავარია, ასეთ ვითარებაში ძლიერი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება.

მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. 10-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. წელსაც საკმაოდ ძლიერად დავიწყეთ. დღეს გამოქვეყნდა მაისის თვის მონაცემები, რომლის მიხედვით, პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5 პროცენტით განისაზღვრა, რაც დამეთანხმებით, ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეძლო, საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა” – მარია ბურიჩი

ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ ჩატარებულ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა.

„თქვენს ლამაზ ქვეყანაში ეს ჩემი მეორე ვიზიტი გახლავთ და ველოდები, რომ სამი დღის განმავლობაში ყოვლისმომცველი და დატვირთული პროგრამა მექნება, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე სტუმრობით. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით, ბეჯითად ვმუშაობთ იმ კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ადგენს და შემდგომ წარმოადგენს ევროპის საბჭო და რომელიც ამ საკითხსაც მოიცავს. მინდა, დავიწყო ჩემი მადლიერებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მომიწვიეს ქვეყანაში ვიზიტით და მომეცა შესაძლებლობა, თბილისში ხვალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მივიღო მონაწილეობა. მთელი ჩემი პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა ორმხრივი ღონისძიებით. 24 წლის წინ შეუერთდა საქართველო ევროსაბჭოს და 2020 წელს, როდესაც ქვეყანა ევროსაბჭოს თავმჯდომარე გახდა, მან წარმატებით გაართვა თავი თავმჯდომარეობას და პრიორიტეტებს. თქვენ ასევე ახსენეთ რეიკიავიკის სამიტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო და სადაც სახელმწიფოს მეთაურებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროსაბჭოს როლს, რომელიც არის კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე და ყველა ეს ღირებულება, თავის მხრივ, განამტკიცებს მშვიდობას, სტაბილურობას. ეს ღირებულებები კარგად მუშაობს ევროპაში და მე ვხედავ, რომ აგრეთვე დღევანდელ საქართველოშიც.

რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო რუსეთის მხრიდან უარის თქმა ამ ღირებულებებზე, რის შედეგადაც იგი გარიცხეს ევროსაბჭოდან და ჩვენ, რასაკვირველია, ძალას არ ვიშურებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რაც ასევე ითვალისწინებს ყველა იმ ზიანის აღრიცხვას, რომელიც ქვეყანას მიადგა რუსეთის თავდასხმის შედეგად.

საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა. მიმდინარე სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულდება წლის ბოლოს, მხარდაჭერილია თქვენი ხელისუფლების მხრიდან და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა საქართველოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლოს რეფორმა, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ კანონმდებლობა.

2024-2027 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მალე დასრულდება და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ევროსაბჭო ისევ იქნება ამ რეფორმების ერთგული. ეს ყველაფერი თქვენ წაგადგებათ ევროკავშირში ინტეგრაციაში. ჩვენ აპრილში გამოვეცით ამ წლის კონსოლიდირებული ანგარიში სწორედ საქართველოს შესახებ, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. რასაკვირველია, ჩვენ ვიბრძვით, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება. ნდობის აღსადგენად გამოყენებული ინსტრუმენტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხრივ ძალისხმევას.

ჩვენ ვცდილობთ, მხედველობის არედან არ დავკარგოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რათა შემდგომი კონსოლიდაციისათვის ეს მხარეები იყვნენ მზად. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხზე, მინდა, გავამახვილო ყურადღება, მათ შორის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოაქვს რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც დღესაც ვალდებულია, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს. ყველა ის სარჩელი, რომელიც არის რუსეთის წინააღმდეგ, გროვდება და უკვე 10 მილიონ ევროს გადააჭარბა კომპენსაციის რაოდენობამ, რომლის გადახდაც რუსეთს ევალება. ბოლო სარჩელი – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკვე დასრულების პროცესშია და, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილებები აღასრულოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა ამ საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ ჩატარებულ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით და ეს მხარდაჭერა ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან იზრდება ამბიციების საჭიროებები“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა. 

“ჩვენმა მთავრობამ შეძლო, საქართველო გამხდარიყო ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ეკონომიკის კუთხით”

ბოლო 2 წელია ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა – 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ყოველწლიური ანგარიშით გამოდის.

„ჩვენ წელსაც საკმაოდ ძლიერად დავიწყეთ. დღეს გამოქვეყნდა მაისის თვის მონაცემები, რომლის მიხედვით ჩვენ გვაქვს 7,5 ეკონომიკური ზრდა, რაც ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა. ჩვენმა მთავრობამ ბოლო 2 წლის განმავლობაში შეძლო საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ეკონომიკის კუთხით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.