“საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა” – მარია ბურიჩი

112
spot_img

ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ ჩატარებულ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა.

„თქვენს ლამაზ ქვეყანაში ეს ჩემი მეორე ვიზიტი გახლავთ და ველოდები, რომ სამი დღის განმავლობაში ყოვლისმომცველი და დატვირთული პროგრამა მექნება, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე სტუმრობით. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით, ბეჯითად ვმუშაობთ იმ კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, რომელსაც საქართველოს შესახებ ადგენს და შემდგომ წარმოადგენს ევროპის საბჭო და რომელიც ამ საკითხსაც მოიცავს. მინდა, დავიწყო ჩემი მადლიერებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მომიწვიეს ქვეყანაში ვიზიტით და მომეცა შესაძლებლობა, თბილისში ხვალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მივიღო მონაწილეობა. მთელი ჩემი პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა ორმხრივი ღონისძიებით. 24 წლის წინ შეუერთდა საქართველო ევროსაბჭოს და 2020 წელს, როდესაც ქვეყანა ევროსაბჭოს თავმჯდომარე გახდა, მან წარმატებით გაართვა თავი თავმჯდომარეობას და პრიორიტეტებს. თქვენ ასევე ახსენეთ რეიკიავიკის სამიტი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო და სადაც სახელმწიფოს მეთაურებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროსაბჭოს როლს, რომელიც არის კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე და ყველა ეს ღირებულება, თავის მხრივ, განამტკიცებს მშვიდობას, სტაბილურობას. ეს ღირებულებები კარგად მუშაობს ევროპაში და მე ვხედავ, რომ აგრეთვე დღევანდელ საქართველოშიც.

რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო რუსეთის მხრიდან უარის თქმა ამ ღირებულებებზე, რის შედეგადაც იგი გარიცხეს ევროსაბჭოდან და ჩვენ, რასაკვირველია, ძალას არ ვიშურებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რაც ასევე ითვალისწინებს ყველა იმ ზიანის აღრიცხვას, რომელიც ქვეყანას მიადგა რუსეთის თავდასხმის შედეგად.

საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ძალიან მჭიდროა. მიმდინარე სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულდება წლის ბოლოს, მხარდაჭერილია თქვენი ხელისუფლების მხრიდან და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა საქართველოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლოს რეფორმა, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ კანონმდებლობა.

2024-2027 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მალე დასრულდება და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ევროსაბჭო ისევ იქნება ამ რეფორმების ერთგული. ეს ყველაფერი თქვენ წაგადგებათ ევროკავშირში ინტეგრაციაში. ჩვენ აპრილში გამოვეცით ამ წლის კონსოლიდირებული ანგარიში სწორედ საქართველოს შესახებ, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით. რასაკვირველია, ჩვენ ვიბრძვით, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება. ნდობის აღსადგენად გამოყენებული ინსტრუმენტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხრივ ძალისხმევას.

ჩვენ ვცდილობთ, მხედველობის არედან არ დავკარგოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რათა შემდგომი კონსოლიდაციისათვის ეს მხარეები იყვნენ მზად. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხზე, მინდა, გავამახვილო ყურადღება, მათ შორის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოაქვს რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც დღესაც ვალდებულია, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს. ყველა ის სარჩელი, რომელიც არის რუსეთის წინააღმდეგ, გროვდება და უკვე 10 მილიონ ევროს გადააჭარბა კომპენსაციის რაოდენობამ, რომლის გადახდაც რუსეთს ევალება. ბოლო სარჩელი – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკვე დასრულების პროცესშია და, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილებები აღასრულოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა ამ საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ ჩატარებულ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით და ეს მხარდაჭერა ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან იზრდება ამბიციების საჭიროებები“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.