უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება არ იყო პირველი მძიმე და უსამართლო გადაწყვეტილება ქართველი ხალხის წინაშე, იმ სოლიდარობის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, ეს არის ძალიან ცუდი ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. „სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იქნა მიღებული. ამაზე ბევრი საუბარი ალბათ არ ღირს. რაც შეეხება ზოგადად საქართველოს და სანქციებს, მგონი, ეს საკითხი ერთწლიანი დეზინფორმაციების შემდეგ, მათ შორის ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის მხრიდან, რომელიც ქართველ ხალხს აბრალებდა, თითქოს აქ ხდებოდა სანქციების გვერდის ავლა, დახურეს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა. მათ მადლობები უხადეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც, არა მხოლოდ უზრუნველყო ის, რომ არცერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც ადასტურებს ან ეჭვს წარმოშობს საქართველოს მეშვეობით სანქციების გვერდის ავლაზე, არამედ პირიქით, იქით ეხმარება, რომ ევროკავშირიდან, თუ სხვა ქვეყნებიდან გამოპარული ტვირთები ჩერდება საქართველოს საზღვარზე. 1 300 ასეთი ტრანზაქცია გაჩერდა ჩვენს საზღვარზე. კითხვა არავის უჩნდება, საერთოდ როგორ აღმოჩნდა ჩვენს საზღვართან სანქცირებული ტვირთები თუ კომპანიები. ამიტომ, საქართველო არა მხოლოდ იცავს პირველივე დღეს ნათქვამ სიტყვას, რომ არავის მივცემთ შესაძლებლობას, გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, არამედ აქეთ ეხმარება სხვა ქვეყნებს, რომ რასაც ყურადღება ვერ მიაქციეს, დაცვის მექანიზმებს გამოპარული ტვირთებიც კი გააჩეროს. ამიტომ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის წინააღმდეგ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან არის ძალიან ცუდი ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. თავისთავად ეს და მეორე მხრივ, ის შეფასებები, რომელიც მოვისმინეთ სანქციების საერთაშორისო კოორდინატორების მხრიდან, აჩვენებს, რომ საფუძველი არ აქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
,,პირველი ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა მეტი სამუშაოა შესასრულებელი”- დეგნანი
ყველას, ევროპელ პარტნიორებს და ჩვენც გვსურს, ეს გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური, როდესაც მისი დრო მოვა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც არის განსაზღვრული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და მასში უნდა იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე.
„როგორც ევროკომისიამ განაცხადა, სამი რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული და ეს ნიშნავს, რომ რჩება ცხრა რეკომენდაცია, რომელიც არის ძალიან სერიოზული და სასწრაფოდ შესასრულებელი, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
ყველას, ევროპელ პარტნიორებს და ჩვენც გვსურს, ეს გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური, როდესაც მისი დრო მოვა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც არის განსაზღვრული. ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და მასში უნდა იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, ყველა მონაწილე პირი, როგორც შემუშავებაში, ასევე შემდგომ ამ რეკომენდაციების განხორციელებაში. კარგი დასაწყისია, პირველი ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა უფრო მეტი სამუშაო არის შესასრულებელი და ყველა ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თამაზ გაიაშვილი მისი და კომპანიის დასანქცირების ფაქტს გამოეხმაურა
ჯორჯიან ეარვეისის” საფრენოსნო სამსახურის ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს. თამაზ გაიაშვილი უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით, აბსურდს და უსამართლობას უწოდებს.
“უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არ გამკვირვებია. მე საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ის ორკესტრირებული ტაშ-ფანდურა მიკვირს, რომლითაც ისინი ქართული ეროვნული კომპანიებისთვის გარედან თითის ქნევას ეგებებიან. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში მოსასვლელად ბრძოლა უკიდურესად რადიკალურ ფორმებს იძენს. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ როგორმე დაამხონ ხელისუფლება და თვითონ აღმოჩნდნენ ქვეყნის სათავეში. თავიანთი ამ არაჯანსაღი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი ახერხებენ უკრაინის პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანასაც.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოს არცერთი ავიაკომპანიის კომპეტენციაში არ შედის ამა თუ იმ ქვეყანაში ფრენების დაწყებაზე ან შეწყვეტაზე ნებართვის გაცემა. ყველაფერ ამას ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაზე სამთავრობო ხელშეკრულება არეგულირებს. ჩვენ, როგორც ყველა სხვა კომპანია, ვალდებული ვართ შევასრულოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს.
რაც შემეხება პირადად მე, 2003 წლიდან აღარც „ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი ვარ და აღარც გენერალური დირექტორი, მე მხოლოდ საფრენოსნო სამსახურის უფროსის თანამდებობა მიკავია.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა.
აქვე მინდა გამოვხატო წუხილი იმის გამო, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს. რუსეთში ფრენებს ახორციელებენ თურქეთის, არაბული სახელმწიფოების, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთელი აზიისა და შუა აზიის ავიაკომპანიებიც, რომლებიც ასობით რეისს ასრულებენ. მაგრამ მათ სანქციების დაწესებას ვერ კადრებენ. არც მე და არც „ჯორჯიან ეარვეისს“ პოლიტიკასთან შეხება არ გვაქვს. ჩვენ ოცდაათი წელიწადია კეთილსინდისიერად ვემხახურებით ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას.
დასასრულს, იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყება,”- წერია განცხადებაში.
,,არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე”- ზურაბიშვილი
„გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით მივიღე“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება შეწყალებაზე არის ძალიან რთული და მტკივნეული.
„არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ახლა დღევანდელმა მთავრობამაც. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და ამიტომ მივიღე. არ მივიღე იმიტომ, რომ მსიამოვნებდა.
ყველა გადაწყვეტილება შეწყალებაზე არის ძალიან რთული, ძალიან მტკივნეული. არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე. კარგად მახსოვს და მე თუ შევიწყალე, შევიწყალე ამ მეხსიერებითაც, მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. სტრატეგიული მოთმინება არის პრეზიდენტისთვის ყველაზე საჭირო“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ პუტინი აფხაზეთში მიიწვია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში მიიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია РИА Новости ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პუტინსა და ბჟანიას შორის სატელეფონო საუბარი აფხაზური მხარის ინიციატივით შედგა და საუბარი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასახული გეგმების რეალიზებას შეეხო. გარდა ამისა, ბჟანიამ რუსეთში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
“საუბრის დროს აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს. თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ მხარი დაუჭირა რუსეთის ხელმძღვანელობის მოქმედებებს, რომლებიც ქვეყანაში კანონიერებასა და საკონსტიტუციო წესრიგის, მოქალაქეთა უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე იყო მიმართული” – წერია განცხადებაში.
„პრაიდის კვირეული” ძალადობისგან თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს ”- სახალხო დამცველი
„პრაიდის კვირეული” ძალადობისგან თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს და დაცული იყოს ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებები.” – ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
“საქართველოს სახალხო დამცველი „პრაიდის კვირეულს“ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია, დაგეგმილი ღონისძიებები ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარდეს და დაცული იყოს ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებები.
ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის კონკრეტული ღირებულებები და შეხედულებები, ნებისმიერ ჯგუფს უნდა შეეძლოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა, უსაფრთხო გარემოში.
ასევე, სახალხო დამცველი გმობს ყველა იმ საჯარო განცხადებასა და მუქარას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების დაცვას და რეალიზებას.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა პასუხისმგებელმა ორგანომ საჯაროდ გავრცელებულ ძალადობის შემცველ ყველა მოწოდებასა და მუქარაზე მოახდინოს სათანადო რეაგირება და უზრუნველყოს პრევენციული ღონისძიებების გატარება მოახლოებული კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს რეაგირება ყველა შესაძლო კანონდარღვევაზე და მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება.”– ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
„მათ აირჩიეს ძალადობრივი გზა”- ირაკლი ნადირაძე
საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე კასპში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„მათ [თავდამსხმელებმა] აირჩიეს ძალადობრივი გზა მაშინ, როდესაც გუშინ ლევან ხაბეიშვილი და დათო კირკიტაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ხვდებოდნენ პენსიონერებს და ხვდებოდნენ ამომრჩევლებს. ზუსტად ისე, როგორც თავს ესხმიან რუსეთში, თავს დაესხნენ ლევან ხაბეიშვილს, ალყაში მოაქციეს ეს ადამიანები, იყო ქვების სროლა, პაპუასებივით იქცეოდნენ ეს ადამიანები და როგორც მერე გაიშიფრნენ, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები კასპში, გორში, ქარელში, ხაშურში ანუ მთლიანად შიდა ქართლის მობილიზება მოახდინეს“, – განაცხადა ნადირაძემ.
30 ივნისს კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საპენსიო პროგრამა წარადგინა, დაპირისპირება მოხდა. შეკრებილებმა ხაბეიშვილის და ბადრი ბასიშვილის კასპში ჩასვლა გააპროტესტეს. ხაბეიშვილის მანქანასთან გვირგვინი მიიტანეს და ავტომობილი დააზიანეს.
„რუსი ტურისტები თუ მიგრანტები, ვინც შემოდიან, თავისთავად არ წარმოადგენენ საფრთხეს,’- ზურაბიშვილი
„რუსი ტურისტები თუ მიგრანტები, ვინც შემოდიან, თავისთავად არ წარმოადგენენ საფრთხეს, რადგან, ძალიან დიდი ალბათობით, ისინი არ არიან პუტინის ჯარები და პირიქით, უფრო დისტანციაზე არიან“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საბაბი არ იყო, რომ აღდგენილიყო რუსეთთან ფრენები. „რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს იმიტომ, რომ გადაგაგდებს. რუსეთს არ უნდა აგრძნობინო რომ გეშინია და რაღაცას უთმობ. მუდამ საჭიროა ჩვენ ჩვენს ადგილას ვიდგეთ. უცებ ვიწყებთ გაუგებარ დათმობის პოლიტიკას. მოთმინება მესმის, სიფრთხილეც მესმის, მაგრამ დათმობა არ მესმის. საბაბი არ იყო იმის, რომ აღდგენილიყო ეს ფრენები. ვის სჯერა, არავის არ შეიძლება სჯეროდეს რომ რუსეთის პუტინი იმდენად დაინტერესებულია რუსეთსა თუ საქართველოში ქართველების კეთილდღეობით, რომ ჩათვალა საჭიროდ აღდგენა ფრენების. როცა ხან უკრაინასთან აგებს და ხან პრიგოჟინთან. ეს არის რუსეთის სვლა რომ რაღაცნაირად მოიპოვოს გავლენა საზოგადოებაზე, რომ ვიღაცას მოეწონოს, ვიღაცამ შიგნით დაიწყოს დაპირისპირება. ეს ყველაფერი არის რუსეთის ისეთი ცნობილი ნაბიჯები, რომ არ არის საჭირო ჭადრაკს თამაშობდე, რომ გაიგო რა ხდება, როგორ ხდება და რას გიკეთებს რუსეთი. რუსი ტურისტები თუ მიგრანტები, ვინც შემოდიან, თავისთავად არ წარმოადგენენ საფრთხეს, რადგან, ძალიან დიდი ალბათობით, ისინი არ არიან პუტინის ჯარები და პირიქით, უფრო დისტანციაზე არიან“, – აცხადებს პრეზიდენტი.
2 ივლისს სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 2 ივლისს სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავენ. „ა.წ 2 ივლისს, კვირას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ დაილოცებიან აბიტურიენტები. ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
კობა კობალაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახებს მიუსამძიმრეს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის წარმომადგენლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების – მალხაზ კვიჟინაძისა და ჯონი ოდიშვილის ოჯახებს მიუსამძიმრეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მალხაზ კვიჟინაძის სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა სამების ტაძარში, ხოლო ჯონი ოდიშვილისა კი წმინდა სამების ლავრის, ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.
„საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მოსამსახურეები, უფროსი სერჟანტი მალხაზ კვიჟინაძე და კაპრალი ჯონი ოდიშვილი, ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვისას დაიღუპნენ. ჯონი ოდიშვილი, ბრძოლის ველიდან, დაჭრილი გამოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს;
მალხაზ კვიჟინაძეს, 2 ივლისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში, ხოლო ჯონი ოდიშვილს, 4 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სამხედრო პატივით დაკრძალავენ;
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომში, 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები გამოცდას დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.
ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.
„ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.
აბიტურიენტებისთვის წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდრეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში“,- აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.