Home Blog Page 1929

“წარმატებას ვუსურვებ აბიტურიენტებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი”-განათლების მინისტრი

მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, ახალგაზრდებს, ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რათა საგამოცდო პროცესი მათთვის კომფორტულ და მშვიდ აკადემიურ გარემოში წარიმართოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საგამოცდო პროცესი მათთვის კომფორტულ და მშვიდ აკადემიურ გარემოში წარიმართოს, სადაც ყველა აპლიკანტს ექნება საშუალება, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პროცესში ასე აქტიურად იყო ჩართული!

კიდევ ერთხელ მივმართავ ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას და დასახული მიზნების მიღწევას. ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები გამოცდას დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.

„ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

აბიტურიენტებისთვის წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდრეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში“,- აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, დღეს, თქვენი ცხოვრების თანამგზავრთან გარკვეულ გაუგებრობებსა და უთანხმოებას ჰქონდეს ადგილი, საყოფაცხოვრებო, პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას.

კურო

სიმშვიდე და თავდაჯერებულობა წარმატებას მოგიტანთ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს. განსაკუთრებით, საქმიან სფეროში იყავით დიპლომატიური და ნუ ჩაერთვებით კონფლიქტებში.

ტყუპები

შესაძლოა, ჰორიზონტზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ნეგატიურად იმოქმედებენ თქვენზე, რადგან ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში. ნუ შეშინდებით, ყველაფერს გაუმკლავდებით.

კირჩხიბი

ემოციურად დატვირთული დღეა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ განაწყენდებით და ნურც სხვებს აწყენინებთ, თქვენს სამოქმედო გზაზე იქნება სიძნელეები, მაგრამ შეეცადეთ, თავად მართოთ სიტუაცია.

ლომი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, ფინანსურ საკითხებში „ვარსკვლავური“ გამართლება გაქვთ, ყური მიუგდეთ ინტუიციას. საქმიან სფეროში, წინსვლასა და სიახლეებს ელოდეთ.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას, ჯანსაღ კვებას, და დაკავდით სპორტით, კარგია სულიერი პრაქტიკები: იოგა, მედიტაცია. მოერიდეთ ახლობელთა კრიტიკას.

სასწორი

მოერიდეთ კამათსა და გარჩევებს, ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, ნუ აჰყვებით შიშებს და მეტად ირწმუნეთ საკუთარი ძალების.

მორიელი

ახალი ადამიანები და ახალი კონტრაქტები წარმატების მომტანია თქვენს საქმიანობაში, მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ სამოქმედო გეგმა, შრომისმოყვარეობისა და ამტანობის წყალობით ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს.

მშვილდოსანი

თქვენი თავისუფლების მიმართ სიყვარული, განვითარებისკენ სწრაფვა და პროგრესული იდეები მეტად საინტერესოა, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებს გადამეტებულად ნუ შეაფასებთ. იზრუნეთ ერთგული მოკავშირეების მოძიებაზე.

თხის რქა

თქვენი კეთილსინდისიერება და საქმისადმი შეუპოვარი დამოკიდებულება ირგვლივ მყოფთა გაოცებას და გაკვირვებას გამოიწვევს, თუმცა, თქვენი იდეები არც თუ სწრაფად განხორციელდება.

მერწყული

შესაძლოა, დღეს, პოლიტიკურმა და სამეცნიერო საკითხებმა გაგიტაცოთ, წარმატების ალბათობა, დიდია თუ ამ სფეროში მოღვაწეობთ. სასიკეთოა დღე ახალი ნაცნობობისთვის.

თევზები

შეცვალეთ სამოქმედო გეგმები და სტრატეგია, სასიყვარულო თემებთან დაკავშირებით. უარი თქვით ზედმეტად ჩაძიებაზე, რათა ურთიერთობებში თავიდან აირიდოთ განხეთქილებები და გარჩევები.

საქართველოს ნაკრების ოლიმპიადაზე გასვლის შანსი იზრდება

ევრო 2023-ზე დასრულდა მესამე მეოთხედფინალური შეხვედრა. ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ ინგლისის ნაკრებმა პორტუგალია ენტონი გორდონის გოლით დაამარცხა – 1:0.

მატჩი დრამატული გამოვიდა. პირველი ტაიმი ინგლისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და გორდონმა ანგარიში 34-ე წუთზე მორგან გიბს-უაითის პასის შემდეგ გახსნა. მეორე ნახევარში პორტუგალია ძალიან გააქტიურდა და მეტოქის კართან არაერთი რეალური მომენტი შექმნა, თუმცა უშედეგოდ.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრები ბათუმში ისრაელს შეხვდება, რომელმაც ტურნირიდან საქართველოს ნაკრები გამოთიშა.

ინგლისის გამარჯვება ზრდის საქართველოს შანსს, ითამაშოს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საგზურისთვის. თუ დღეს, ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში საფრანგეთი უკრაინას დაამარცხებს, 7 ივლისს ბუქარესტში ოლიმპიადაზე მოხვედრისთვის რამაზ სვანაძის გუნდი უკრაინას შეხვდება.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

“ევროპაში დაწყებულია სისხლიანი, ვანდალური აქციები” -დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში მიმდინარე მასობრივ აქციებს მიმოიხილავს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, „სისხლიან, ვანდალურ აქციებზე“ ერთი ხელწერა შეინიშნება და მსგავსი პროვოკაციის მოწყობა იგეგმებოდა 6-8 მარტის აქციებზე საქართველოში.

„ამერიკაში აგორებული მოძრაობა BLM-ის (Black Lives Matter) შემდეგ, რომლის დანიშნულება და მიზნები ცდება მხოლოდ „რასისტულ“ კონტექსტს და ლიბერალური ფაშიზმის დღის წესრიგით იმართება, ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს დღეს უკვე ევროპაშიც. საფრანგეთში დაწყებული სისხლიანი, ვანდალური აქციები – დღეს უკვე იმართება ბელგიაში, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში. მათ თავისუფლად შეგვიძლია MLM-ი (Migrant Lives Matter) დავარქვათ. პროტესტის საბაბი იდენტური იყო ამერიკაში განვითარებული მოვლენებისა, როდესაც პოლიციელს დაკავებისას „შემოაკვდა“ შავკანიანი ფლოიდი. საფრანგეთში, პოლიციელისთვის გაწეული დაუმორჩილებლობის გამო, 17 წლის ალჟირელი მოზარდი მოკლეს. მას შემდეგ ჯერ საფრანგეთში, ხოლო ახლა უკვე ევროპის ოთხ წამყვან ქვეყანაში დაიწყო ნამდვილი კოშმარი. დაკავებულია ათასობით პროტესტანტი. აქციების მონაწილენი – ახალგაზრდები და 15-წლამდე მოზარდებია.

შვეიცარიის მედია იუწყება ლოზანაში ღამის დარბევებისას დაკავებული პორტუგალიელი, ბოსნიელი, სერბი, სომალელი და ქართველი მიგრანტების თაობაზე. ბრიუსელში მხოლოდ გუშინდელ ღამეს დააკავეს 35 ადამიანი, აქედან – 31 არასრულწლოვანი. მხოლოდ გასულ ღამეს საფრანგეთში დააკავეს 719 ახალგაზრდა. მორიგეობის რეჟიმში იმყოფებოდა 45 ათასი პოლიციელი (აქედან 7 ათასი – მხოლოდ პარიზში). ჩვენ ვწერდით იმის თაობაზე, რომ „ორი ტრუპის“ სცენარის განვითარებას 6-8 მარტის აქციებზეც ჰქონდა რეალური საფუძველი. ამ სცენარის ფარგლებში მიმდინარეობდა პოლიციელების მიზანმიმართული პროვოცირება ისეთ საპასუხო ქმედებებზე, რომლის დროს შესაძლოა განვითარებულიყო ტრაგიკული მოვლენები. ჩვენთვის ალბათ გამზადებულიც კი ექნებოდათ მორიგი აბრევიატურა – NLM (Nazzi Lives Matter).

მადლობა ღმერთს, ჩვენი ახალგაზრდობის ზომბირებული, დატრენინგებული და გენმოდიფიცირებული ნაწილის „საზარბაზნე ხორცად“ გადაქცევის გეგმის „ლეტალური“ ნაწილი ამ ეტაპზე წარუმატებლად დასრულდა. ამაზრზენია სხვა რამ: როდესაც ამ გეგმის ხორცშესხმაში მონაწილეობდა საქართველოში აკრედიტებული დასავლელი ელჩების უმეტესობა, იგივე შემადგენლობა ნიანგის ცრემლებს ღვრიდა ერთ დაკავებულ პოტენციურ მკვლელზე, ხოლო დანარჩენი დაკავებულები, ამ ელჩების მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის გზით გაათავისუფლეს.

სად არიან ახლა ეს ელჩები? რას ნიშნავს მათი „კრავთა დუმილი“? სადაა ახსნა-განმარტება? რატომ იჭერენ „ბავშვებს“, მათ შორის -ქართველებს ლოზანაში? არა, მე ამ დუმილის მომხრე ვარ, ოღონდ პირველ რიგში, საქართველოსთან დაკავშირებით! ვოცნებობთ, როდის დადუმდებით საკუთარ თვალებში დირეებგამოტენილები ჩვენი „ბეწვების“ ძებნის პროცესის დროს. ან როგორ არ იღლებით? საკუთარ სახლებს რომ მიხედოთ – ვერა?“, – წერს დავით ქართველიშვილი.

მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიაში სახელმწიფო ვიზიტი გადადო. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, მაკრონის ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტი კვირას უნდა დაწყებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვიზიტი გადადო.

„სახელმწიფო ვიზიტი არის მეგობრობის ვიზიტი, წმინდა ცერემონიალი, უკეთესი დრო იქნება ამის გასაკეთებლად. ახლა ფრანგები ვერ გაიგებდნენ გერმანიაში რომ წასულიყო. ეს დღეები პარიზისთვის მნიშვნელოვანია“, – განუცხადა მაკრონის თანაშემწემ „როიტერს“.

„მაკრონი შაბათს ტელეფონით ესაუბრა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტის სპიკერმა.

საქართველოს რკინიგზა გაუქმებული რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, 3 ივლისს რეისების ნაწილი გაუქმდა.

„ძვირფასო მგზავრებო! სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, 3 ივლისს გაუქმდა შემდეგი რეისები:

მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:

#806 თბილისი-ბათუმი 06:30
#805 ბათუმი-თბილისი 14:30
#802 თბილისი-ბათუმი 08:00
#803 ბათუმი-თბილისი 08:10
#808 თბილისი-ბათუმი 10:35
#870 თბილისი-ზუგდიდი 08:40
#12 თბილისი-ოზურგეთი 08:50
#18 თბილისი-ქუთაისი 08:50
#873 ფოთი-თბილისი 07:20
#11 ოზურგეთი-თბილისი 09:00
#17 ქუთაისი-თბილისი 12:25

საგარეუბნო მატარებლები:

#6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50
#6417 ზესტაფონი-ხაშური  06:50

სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით, – წერს საქართველოს რკინიგზა.

როგორ მოწმდება წყლის ხარისხი შავ ზღვაში

„იმედის კვირა“ დაინტერესდა როგორ მოწმდება წყლის ხარისხი შავ ზღვაში. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ზღვის წყლის ხარისხს ყოველ 10 დღეში ერთხელ ამოწმებს. ნაპირიდან 50 მეტრის რადიუსში, ანუ იქ, სადაც დამსვენებლები ცურავენ, იღებენ წყლის სინჯებს. შერჩეულია 7 ლოკაცია, იმისთვის რომ საერთო სურათი მთელ სანაპირო ზოლზე გამოჩნდეს.

წყლიდან აღებული სინჯები მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აისო სტანდარტის მქონე ლაბორატორიაში მიაქვთ. საბანაო წყალს 4 მთავარი სპეციალისტი ამოწმებს. ზღვის წყლის ხარისხის სანიტარულ-მიკრობიულოგიურ კვლევას 4 დღე სჭირდება. ამის შემდეგ უკვე ცნობილია შედეგები – რამდენად შეესაბამება დადგენილ ნორმებს ზღვის წყლის ხარისხი – ანუ ვარგისია თუ არა საბანაოდ.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალური კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ გახდა, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის და აკვაკულტურის სამმართველოს უფროსი რამაზ მიქელაძე ამბობს, რომ კახოვკის ეკოკატასტროფის გავლენა საქართველოზე ნაკლებად სავარაუდოა.

„უკრაინიდან წამოსული წყალი დიდნაწილად ისევ ციკლურ დინებაში გადადის იქვე, დასავლეთ ნაწილში და წყლის ძალიან მცირე რაოდენობა მოდის აქეთ“, – განმარტავს ის.

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება. გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

 

2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცნობებს გამოსაცდელებს, რომ წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

 

წელს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა; სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე პირია დარეგისტრირებული. 2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება: ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა; მათემატიკა – 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია – 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია – 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; გეოგრაფია – 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა – 700-მდე აბიტურიენტმა; ლიტერატურა – 1 300-მდე აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება – 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

 

უკრაინის კონტრშეტევა ხანგრძლივი და სისხლიანი იქნება – ამერიკელი გენერალი მარკ მილი

ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ რთული და „ძალიან სისხლიანი“ იქნება.

გენერლის თქმით, არ უკვირს, რომ კონტრშეტევის პროგრესი იმაზე ნელია, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. თუმცა, მარკ მილი დასძენს, რომ უკრაინა „ურყევად მიიწევს წინ“.

„პროცესი ცოტა ნელა მიდის, მაგრამ ასეთია ომის ბუნება. დღეში 500 მეტრი, ორ დღში 1000, მერე 2 000.  ომი ქაღალდზე და რეალობაში ერთმანეთისგან განსხვავდება. რეალურ ომში ნამდვილი ადამიანები იღუპებიან. რეალური ადამიანები არიან ფრონტის ხაზებზე და რეალური ადამიანები მართავენ ჯავშანტექნიკას. ნამდვილი ადამიანები იღუპებიან ასაფეთქებელ ნივთიერებებზე“, – განუცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალმა მილმა ვაშინგტონში, ეროვნულ პრესკლუბში შეკრებილებს.

მან ასევე გამოთქვა პროგნოზი, თუ რა დროა საჭირო კონტრშეტევის წარმატებისთვის.

„მე ვთქვი, რომ ამას დასჭირდება ექვსი, რვა, 10 კვირა და ეს ძალიან რთული იქნება. ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი და ძალიან, ძალიან სისხლიანი. ამასთან დაკავშირებით არავის არ უნდა ჰქონდეს რაიმე ილუზია. უკრაინელი ჯარისკაცები შეტევებს ახორციელებენ დანაღმულ მინდვრებზე, სანგრებიდან. ეს პირდაპირი მნიშვნელობით, სიცოცხლისთვის ბრძოლაა“, – ამბობს მარკ მილი.

ამასთან, როგორც მარკ მილი ამბობს, აშშ უკრაინას იმ რაოდენობის სამხედრო დახმარებას უწევს, „რამდენიც შესაძლებელია“.

როგორც BBC წერს, ამას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ „გარკვეული“ დასავლელი პარტნიორების დადანაშაულება უკრაინელი პილოტების დაპირებული გაწვრთნის გაჭიანურებაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ კიეველ პილოტების F-16-ის ტიპის ამერიკული წარმოების სამხედრო გამანადგურებლების გამოყენებაში გაწვრთნიდა, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა მოკავშირემ ამ პირობის შესრულება გააჭიანურა.

„ბიბისი“ ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ადრეც აღიარა უკრაინის კონტრშეტევის ნელი პროგრესი.

ხოლო უკრაინის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია უკრაინისთვის დასავლეთის მიერ შეპირებული იარაღის ნელი მიწოდებით.

„მე არ მჭირდება 120 თვითმფრინავი. მთელს მსოფლიოს არ ვემუქრები. შეზღუდული რაოდენობითაც საკმარისი იქნება“, – ამბობს ის.

ამასთან, როგორც BBC აღნიშნავს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი წინასწარ გაუხმაურებელი ვიზიტით ეწვია უკრაინას, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლებს შეხვდა.

„როგორც ითქვა, CIA-ს დირექტორმა განიხილა უკრაინის კონტრშეტევა რუსული ძალების წინააღმდეგ და ასევე, დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით“, – წერს BBC.

რუსეთში, კრასნოდარის სამხედრო აეროდრომთან აფეთქება მოხდა – Meduza

საინფორმაციო სააგენტო Meduza-ს ცნობით, კრასნოდარის მხარეში, სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს აფეთქება მოხდა.

როგორც გამოცემა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, აფეთქების ხმა დაახლოებით 16:00 საათზე გაიგეს, რის შემდეგაც შავი კვამლი გამოჩნდა.

Telegram არხმა Baza გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად გაჩენილი დიდი ზომის ორმო ჩანს – გავრცელებული ინფორმაციით, ის 10 მეტრის დიამეტრისაა და დაახლოებით ოთხი მეტრის სიღრმისაა.

ხოლო Telegram არხი Mash ამტკიცებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს რაკეტა, რომელსაც მიზანში აეროდრომის ტერიტორიაზე არსებული საწვავი და საპოხი მასალების საწყობი ჰქონდა ამოღებული.

როგორც რეგიონის გუბერნატორი ბენიამინ კონდრატიევი წერს, შემთხვევის შედეგად მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.

მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე იზრდება

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირეს ზრდიან.

გამოცემა „ეხო-კავკაზა“ “აზიმუტის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კომპანია კვირაში შვიდი რეისის ნაცვლად 14 რეისს შეასრულებს.

„ამჟამად ფრენები ყოველ დილით სრულდება, ხოლო 5 ივლისიდან განრიგში გამოჩნდება საღამოს რეისიც“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, „თბილისი-მოსკოვი-თბილისის“ მიმართულებით კვირაში სამ რეისს დაამატებს Georgian Airways-ი.

გამოცემა წერს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების სიხშირე, საერთო ჯამში, კვირაში 24 რეისამდე გაიზარდება.