“ევროპაში დაწყებულია სისხლიანი, ვანდალური აქციები” -დავით ქართველიშვილი

189
spot_img

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში მიმდინარე მასობრივ აქციებს მიმოიხილავს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, „სისხლიან, ვანდალურ აქციებზე“ ერთი ხელწერა შეინიშნება და მსგავსი პროვოკაციის მოწყობა იგეგმებოდა 6-8 მარტის აქციებზე საქართველოში.

„ამერიკაში აგორებული მოძრაობა BLM-ის (Black Lives Matter) შემდეგ, რომლის დანიშნულება და მიზნები ცდება მხოლოდ „რასისტულ“ კონტექსტს და ლიბერალური ფაშიზმის დღის წესრიგით იმართება, ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს დღეს უკვე ევროპაშიც. საფრანგეთში დაწყებული სისხლიანი, ვანდალური აქციები – დღეს უკვე იმართება ბელგიაში, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში. მათ თავისუფლად შეგვიძლია MLM-ი (Migrant Lives Matter) დავარქვათ. პროტესტის საბაბი იდენტური იყო ამერიკაში განვითარებული მოვლენებისა, როდესაც პოლიციელს დაკავებისას „შემოაკვდა“ შავკანიანი ფლოიდი. საფრანგეთში, პოლიციელისთვის გაწეული დაუმორჩილებლობის გამო, 17 წლის ალჟირელი მოზარდი მოკლეს. მას შემდეგ ჯერ საფრანგეთში, ხოლო ახლა უკვე ევროპის ოთხ წამყვან ქვეყანაში დაიწყო ნამდვილი კოშმარი. დაკავებულია ათასობით პროტესტანტი. აქციების მონაწილენი – ახალგაზრდები და 15-წლამდე მოზარდებია.

შვეიცარიის მედია იუწყება ლოზანაში ღამის დარბევებისას დაკავებული პორტუგალიელი, ბოსნიელი, სერბი, სომალელი და ქართველი მიგრანტების თაობაზე. ბრიუსელში მხოლოდ გუშინდელ ღამეს დააკავეს 35 ადამიანი, აქედან – 31 არასრულწლოვანი. მხოლოდ გასულ ღამეს საფრანგეთში დააკავეს 719 ახალგაზრდა. მორიგეობის რეჟიმში იმყოფებოდა 45 ათასი პოლიციელი (აქედან 7 ათასი – მხოლოდ პარიზში). ჩვენ ვწერდით იმის თაობაზე, რომ „ორი ტრუპის“ სცენარის განვითარებას 6-8 მარტის აქციებზეც ჰქონდა რეალური საფუძველი. ამ სცენარის ფარგლებში მიმდინარეობდა პოლიციელების მიზანმიმართული პროვოცირება ისეთ საპასუხო ქმედებებზე, რომლის დროს შესაძლოა განვითარებულიყო ტრაგიკული მოვლენები. ჩვენთვის ალბათ გამზადებულიც კი ექნებოდათ მორიგი აბრევიატურა – NLM (Nazzi Lives Matter).

მადლობა ღმერთს, ჩვენი ახალგაზრდობის ზომბირებული, დატრენინგებული და გენმოდიფიცირებული ნაწილის „საზარბაზნე ხორცად“ გადაქცევის გეგმის „ლეტალური“ ნაწილი ამ ეტაპზე წარუმატებლად დასრულდა. ამაზრზენია სხვა რამ: როდესაც ამ გეგმის ხორცშესხმაში მონაწილეობდა საქართველოში აკრედიტებული დასავლელი ელჩების უმეტესობა, იგივე შემადგენლობა ნიანგის ცრემლებს ღვრიდა ერთ დაკავებულ პოტენციურ მკვლელზე, ხოლო დანარჩენი დაკავებულები, ამ ელჩების მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის გზით გაათავისუფლეს.

სად არიან ახლა ეს ელჩები? რას ნიშნავს მათი „კრავთა დუმილი“? სადაა ახსნა-განმარტება? რატომ იჭერენ „ბავშვებს“, მათ შორის -ქართველებს ლოზანაში? არა, მე ამ დუმილის მომხრე ვარ, ოღონდ პირველ რიგში, საქართველოსთან დაკავშირებით! ვოცნებობთ, როდის დადუმდებით საკუთარ თვალებში დირეებგამოტენილები ჩვენი „ბეწვების“ ძებნის პროცესის დროს. ან როგორ არ იღლებით? საკუთარ სახლებს რომ მიხედოთ – ვერა?“, – წერს დავით ქართველიშვილი.