“თქვენ დაასამარეთ ყველაფერი ევროპული ამ სახელმწიფოში და ხალხს ატყუებდით, რომ რეფორმების გამო შეიძლებოდა, ვიღაც მოგეკლათ და სიკვდილის ექსპორტიორები ყოფილიყავით… ამას ამართლებდით და ამას აკეთებდით დასავლეთის სახელით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ამბობს და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს. ოპოზიციის წარმომადგენლებს მან შეკითხვაც დაუსვა: ახლა მინდა დავუსვა შეკითხვა, აი აქ ყველაზე ხმამაღლა რომ საუბრობდნენ, იმ ოპოზიციონერებს. რომელს არ ეთანხმებით აქედან? ანუ, რომელი არ მოგწონთ, მშვიდობა და უსაფრთხოება არ მოგწონთ, თუ მსოფლიო ბანკის მონაცემებს არ ეთანხმებით ეკონომიკურ ზრდაზე? თუ თქვენ დარბაზიდან რომ გაიპარეთ და მოსმენა რომ აღარ გინდათ პასუხების, მაგ ნაწილში არანაირი დისკომფორტი არ გაქვთ. დემოკრატიას არ ეთანხმებით თუ რას აკეთებთ? ამ საკითხებიდან უბრალოდ თქვით, რომელს არ ეთანხმებით. ვერ იტყვით, იმიტომ რომ, იცით, რომ ეს არის ფარისევლობა, რაზეც თქვენ აქ საუბრობდით, – თქვა თალაკვაძემ.
„მალე ვიქნებით [ხელისუფლებაში] და გნახავთ ქვეყნიდან გაქცეულებს“- ვაშაძე
ევროპარლამენტარები მტრები არიან, ამერიკის ელჩი მტერია, ევროკავშირის ელჩი მტერია, ოლაფ შოლცის პარტიაზე ამბობთ, რომ ლიბერალური ფაშისტებია არიანო – მოყვარე ვინ არის, გეკითხებით? ვინა რის თქვენი პარტნიორი, ვისთან ერთად აპირებთ ევროპაში შესვლას?, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მმართველ პარტიას პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოვიდა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ღირსეული ადამიანი, ერის გამაერთიანებელი და არა ერის დამქსაქსველი.
ამასთან ვაშაძის განცხადებით, საქართველოში კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებლებია.
მისივე თქმით, ამაში დამნაშავე ხელისუფლებაა.
„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი გამოსვლა შეიძლება შევაფასოთ სამი კონკრეტული შეფასებით: რეალობას აცდენილი, ტყუილებით და სიცრუით გაჯერებული, სიძულვილის ენით გაჯერებული. საქართველოს მოქალაქეები დაინახავდნენ სკამზე ზრუნვას, როგორ შეინარჩუნოს თანამდებობა და სკამი.
საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელია. ქვეყანაში ფიზიკურად ხალხი არ არის. ქვეყანაში ბავშვები აღარ იბადებიან, ამას ემატება მიგრაციის მაჩვენებელი. 2022 წელს საქართველო დატოვა საქართველოს 100 ათასმა მოქალაქემ. რატომ დატოვა ამ ხალხმა საქართველო? იმიტომ რომ სამუშაო ადგილები შექმენით? იმიტომ რომ ეკონომიკა წინ წავიდა? იმიტომ რომ ქვეყანაში კარგი ცხოვრებაა?- სიღარიბისა და გაჭირვების გამო დატოვა. ამაში დამნაშავე ხართ თქვენ!
ჯენტრიფიკაცია – თუ გაგიგიათ ასეთი სიტყვა? ჯენტრიფიკაცია ნიშნავს შეძლებული მოქალაქეების გადმოსვლას, რაც იქიდან ძველი, ხელმოკლე ოჯახების გადასახლებას იწვევს. საქართველოში ჯენტრიფიკაცია კი არა რუსეთიფიკაციაა. იმიტომ რომ 65 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, დასახლდა და 100 ათასი საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან.
თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ საქართველოს, როცა ქვეყანაში დემოგრაფიული კატასტროფაა. თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ იმ ასობით ათასს ემიგრანტს, რომლებიც საქართველოდან გავიდნენ, იმიტომ რომ აქ ლუკმა-პური ვერ იშოვეს. თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ საქართველოს მცოცავი ოკუპაციისთვის. თქვენი ხელისუფლების ყოფნის პერიოდში 3-ჯერ მეტ ტერიტორიებს დაეპატრონა ოკუპანტი, ვიდრე სოხუმის ტერიტორიაა და ეს არის მშვიდობა?“,- განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძემ ევროინტეგრაციაზე და 12-პუნქტიანი გეგმაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საბოტაჟს ახორციელებთ იმით, რომ არ რეფორმებს არ ახორციელებს.
„ხომ ამბობდით, რომ ვარჰეია ყველაზე კარგი კაცი ევროპაში. რა გითხრათ ვარჰეიმ? 12-პუნქტიდან , მხოლოდ 3 გაქვთ შესრულებულიო. ახლა მე გეკითხებით, თქვენ რომ ტყუილებს აგრძელებთ, არის თუ არა ეს საქართველოს ევროპული პერსპექტივის საბოტაჟი? პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებთ იმით, რომ არ ასრულებთ რეფორმებს. პირდაპირი საბოტაჟია ის ანტიდასავლური კამპანია, რომელსაც თქვენ ახორციელებთ. საქართველოს ევროატლანტიკური ალიანსში გაწევრიანების პირდაპირი საბოტაჟია ის განცხადებები, რომ თურმე ნატომ დაიწყო უკრაინაში ომი და ნატოს გამო მოხდა ეს ყველაფერი.
ევროპარლამენტარები მტრები არიან, ამერიკის ელჩი მტერია, ევროკავშირის ელჩი მტერია, ოლაფ შოლცის პარტიაზე ამბობთ, რომ ლიბერალური ფაშისტებია არიანო – მოყვარე ვინ არის, გეკითხებით? ვინა რის თქვენი პარტნიორი, ვისთან ერთად აპირებთ ევროპაში შესვლას? როდესაც 27 ქვეყნის წარმომადგენლობა შეიკრიბება, ერთი სიტყვა ვინ უნდა დაასველოს? ასეთი ადამიანი არ არის. დიახ, ევროინტეგრაციის საბოტაჟი ხართ თქვენ , „ქართული ოცნება“.
ჩვენ, რომ ხელისუფლებაში რომ ვიყოთ ეს ყველაფერი შესრულებული იქნებოდა“,- განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის ამ განცხადებას პარლამენტში უმრავლესობის მხრიდან ხმაური და შეძახილები მოჰყვა, რასაც ვაშაძემ ასე უპასუხა:
„მალე ვიქნებით [ხელისუფლებაში] და გნახავთ ქვეყნიდან გაქცეულებს“.
,,უმთავრესი ამოცანა დღეს არის სწორედ ის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა”- სუბარი
ომი უკრაინაში არ არის მხოლოდ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ეს არის უზარმაზარი გამოწვევები, რომელიც ცვლის მთლიანად მსოფლიო დღის წესრიგს და როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ ხვალ, ზეგ, ან სამი წლის შემდეგ, არავის შეუძლია ამის წინასწარმეტყველება, -განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.
დეპუტატის თქმით, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესი ამოცანა იმ ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომელიც გეოპოლიტიკურად ყველაზე რთულ სივრცეში ცხოვრობს, არის როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა.
„ამაზე დიდი ამოცანა დღეს საქართველოს არ აქვს და ამას სჭირდება ყველაზე დიდი ძალისხმევა. პრემიერმა ისაუბრა ეკონომიკურ ზრდაზე, განსახორციელებელ თუ მიმდინარე სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მართლა შთამბეჭდავი ციფრებია, მაგრამ ეს ყველაფერი დარჩება წარსულში, როგორც კი პირველი ტყვია გავარდება. ტყვია გავარდება და უკვე სხვა სამყაროში ვიწყებთ ცხოვრებას, სადაც სხვა წესები მოქმედებს, რომელიც ჩვენ აღარ გვემორჩილება და ვეღარ ვმართავთ. ამიტომ უმთავრესი ამოცანა დღეს არის სწორედ ის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა“, – განაცხადა სუბარმა.
,,უკრაინის კონტრშეტევის ადრეულმა ეტაპმა არ გაამართლა მოლოდინები”- CNN
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის ადრეულმა ეტაპმა მოლოდინი არ გაამართლა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინისათვის დახმარების გაწევას გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ, როგორც ვთქვი, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან“, – განუცხადა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს.
„ჩვენ ვაგრძელებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ მათ კონტრშეტევაში, იქნება ეს წვრთნებით ან დამატებითი შესაძლებლობების მიწოდებით და რა თქმა უნდა, რჩევებითა და ინფორმაციის გაზიარებით. ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ისინი მუშაობენ ამ შეტევით ოპერაციებზე, მაგრამ სად მიდიან და რამდენად სწრაფად მიდიან, ეს ნამდვილად მათი გადასაწყვეტია“, – აღნიშნა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
კონტრშეტევასთან დაკავშირებით ჯონ კირბიმ აღიარა, რომ უკრაინულმა ძალებმა „მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს და ისინი [უკრაინელები] თავად საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს არ არის იმდენად დიდი, რამდენადაც მათ სურდათ, მაგრამ კვლავ, ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მათ ჰქონდეთ ის, რაც მათ სჭირდებათ და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას“.
22 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონტრშეტევის ფარგლებში წინსვლა იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე სასურველი იქნებოდა.
შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის გამართვის თაობაზე მიმართა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს 11:00 სთ-დან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა.
რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია:
• „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები,
• „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით,
• „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,
• „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით,
• „თავდაცვის კოდექსი“ მე-2 მოსმენით.
პირს, რომელიც მიშა მშვილდაძეს თავს დაესხა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, მშვილდაძეს თავდამსხმელი ფიზიკურად 27 ივნისს გაუსწორდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ალეკო ელისაშვილის გამოსვლას პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა
“მოქალაქეების” დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის გამოსვლას დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება ზურა გირჩი ჯაფარიძის შესახებ ელისაშვილის განცხადებამ გამოიწვია. კერძოდ საკუთარ გამოსვლაში ელისაშვილმა შემდეგი ფრაზით მიმართ ღარიბაშვილს – “ლაზარე გრიგორიადისის და ზურა ჯაფარიძის პრემიერი არ ხართ?”, რის გამოც მას გურამ მაჭარაშვილი და ბეჟან წაქაძე დაუპირისპირდნენ.
უმრავლესობის წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ ზურა ჯაფარიძეზე მსგავსი საუბარი არასწორია. სიტუაციის განმუხტვა რამდენიმე წუთში მანდატურებმა შეძლეს, რის შემდეგაც ელისაშვილმა დარბაზი დატოვა.
სიახლე, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზრდება და 200 ლარი გახდება.
ჯანდაცვის სამინისტროში გადავამოწმეთ, არის თუ არა აღნიშნული დახმარება სოციალურად დაუცველი ყველა ბავშვისთვის გათვალისწინებული, სადაც განგვიცხადეს, რომ დახმარება შეეხება ოჯახებს, რომელთა ქულა 120 ათასამდეა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის ქულა 120 ათას არ აღემატებოდა 150-ლარიან დახმარებას იღებდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გახდება ცნობილი.
„დედაქალაქისთვის სირცხვილია ასეთი ადამიანების ამ მნიშვნელოვან დარბაზში ყოფნა”- გივი ჩხარტიშვილი
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა გივი ჩხარტიშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს აღზრდა დაუწუნა და „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ უწოდა. მან საზოგადოებას მოუწოდა, ერთად დადგეს ყველა, ვისაც გააჩნია ღირებულებები. „დედაქალაქისთვის სირცხვილია ასეთი ადამიანების ამ მნიშვნელოვან დარბაზში ყოფნა. ესენი არიან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. ადამიანები, რომლებმაც გაყიდეს სამშობლო, ჩააბარეს კოდორი. ძალიან ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუ რამხელა ცოდვაა მათ კისერზე. საზოგადოებას და ჩემს ამომრჩეველს მინდა მივმართო, ზუსტად ახლა იწყება ის პროცესი, რასაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის დასრულება ჰქვია და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ყველანი ერთად დავდგეთ, ვისაც გაგვაჩნია ღირებულებები, რადგან რა ძალასთან გვაქვს საქმე, ყველა კარგად ვხვდებით. ვისაც უნდა, რომ გაატაროთ პოლიტიკა, რომელიც ანტიქართულია, კიდევ ერთხელ ხელს შევუშლით და აუცილებლად დავამარცხებთ 2024 წლის არჩევნებზე“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.
“პოლიციის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა… ვერავინ ვერ გამოიყვანს” – ღარიბაშვილი
“არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი. ყველა, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო მის მიმართ. არ მაინტერესებს არავის არც თმის ფერი და არც არაფერი. გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს ვინც არის, ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი და უკომპრომისო. არავის არ ვაპატიებთ ასეთ რაღაცას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ახლა გამოვიდნენ და დაიცვან, რატომ არ იცავენ? რატომ არ გამოყავთ ციხიდან? ვერავინ ვერ გამოიყვანს და ვერავინ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს.”
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
კასპში, “ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრების დროს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მათი ცნობით, გამოძიება 126-ე (ძალადობა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, კასპში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს მოსახლეობას ხვდებოდა, სადაც ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.