დიდი ხანია, ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არ გულშემატკივრობენ საკუთარ ქვეყანას. პრემიერმა ფეხბურთელებს მეოთხედფინალში გასვლა მიულოცა, ტაში არ დაუკრეს აქაც რადიკალებმა. ვთქვათ, ეკონომიკური წარმატება გწყინს, რაღაც სხვა წინსვლა გწყინს, როგორ შეიძლება, ფეხბურთელებს არ მიულოცო ტაშით წარმატება. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ყველაფერი აღიზიანებთ, რაც დაკავშირებულია წინსვლასთან, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სესიაზე.
მისივე თქმით, ეს არის ოპოზიცია, რომელიც დერეფნებში ითხოვს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ და „ეს, ეტყობა, მერე ჩვევაში გადადის.“ კობახიძის განცხადებით, მათ ჩვევაში აქვთ გადასული ის, რომ არცერთი წარმატება არ უნდა გაუხარდეთ.
„დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე სპორტთან მიმართებაში გვაქვს უნიკალური შედეგები, პირველად მოხდა რაღაც ისტორიაში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა განვითარების სხვა საფეხურზე გადავიდა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება სპორტის გუნდურ სახეობებს. კალათბურთში პირველად გავიდა ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენი წყალბურთელები პირველად მოხვდნენ ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის, ჩვენი ხელბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ძიუდოს შერეული ნაკრები პირველად გახდა მსოფლიო პრიზიორი, მესამე ადგილზე გავიდნენ. რაგბის რაც შეეხება, პირველად მოვუგეთ 6 ერის გუნდებს, ზედიზედ ორს. ფეხბურთზე ჯერ კიდევ წინ არის მიმდინარე ჩემპიონატი და უფრო მეტი წარმატების იმედი გვაქვს, მაგრამ ახალგაზრდები რომ უკვე რვა გუნდში მოხვდნენ, ეს უკვე არის წარმოუდგენელი წარმატება, ძალიან ახლოს ვართ ევროპის ჩემპიონატთან; ხვიჩა კვარაცხელია გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ჩვენი კალათბურთელი გიორგი შერმადინი გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. ასეთი ამბები შემთხვევით არ ხდება და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებაზე მეტყველებს.
შეგახსენებთ ოპოზიციის რეაქციებს იმ ინვესტიციებთან დაკავშირებითაც, რომელიც იდებოდა სპორტის კონკრეტულ სახეობებში. ფეხბურთში ჩაიდო მილიონობით ინვესტიცია და მახსოვს, თავის დროზე ნაცმოძრაობის, გირჩელების გამოსვლები, რომ ეს იყო წყალში გადაყრილი ფული. რაგბის რაც შეეხება, სახელმწიფო ინვესტიცია, თავისთავად, განხორციელდა და ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ჩადო რაგბიში“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, შემთხვევით არ მოდის ასეთი წარმატება, რასაც აკეთებს საქართველოს ნაკრები, რადგან ეს ყველაფერი არის კონკრეტული ინვესტიციების შედეგი.
„30 წლის თავზე, ჩვენი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მეთერთმეტე წელს განვითარების სხვა საფეხურზე გადავედით; აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით, თითოეული იმ ადამიანით, რომელსაც თავისი წილი წარმატება მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა, რას ვხედავთ აქაც, ოპოზიციას შურს თითოეული ამ ადამიანის და განსაკუთრებული ბულინგის მსხვერპლი არიან ყველაზე წარმატებული ადამიანები და ჩვენი თანამოქალაქეები. გახსოვთ კონკრეტულ სპორტსმენებზე: თორნიკე შენგელია, ხვიჩა კვარაცხელია, ბოლო შემთხვევა იყო ნუცა ბუზალაძეზე, მომღერალზე, რომელსაც თავს დაესხნენ იმის გამო, რომ კერძო ღონისძიებაზე იყო ჩასული რუსეთში და იქ იმღერა. ვერცერთ წარმატებულ ადამიანს ვერ იტანენ და ქვეყნის წარმატებას ვერ იტანენ.
ჩვენი დღის წესრიგია შემდეგი – ქვეყნის წარმატებაზე ზრუნვა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გაგრძელდეს ის გზა, რომელსაც ადგას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლება და აქ განსაკუთრებული წვლილი აქვს, ბუნებრივია, პრემიერს, მთავრობის თითოეულ წევრთან ერთად, კიდევ ერთხელ მინდა, მათ გადავუხადო მადლობა იმ საქმისთვის, რომელსაც ქვეყანა წინ და სწორი მიმართულებით მიჰყავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.