,,პრემიერს დღეს ჰქონდა მარტო ერთი – „ნაცების“ გინების პროგრამა”- იაგო ხვიჩია

113
spot_img

პრემიერს ჰქონდა მარტო ერთი პროგრამა, „ნაცების“ გინების პროგრამა, ნებისმიერი თემიდან ამისკენ გადადიოდა , – ასე აფასებს „გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას.

იაგო ხვიჩიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს პარლამენტში ძალიან ცოტა იჩხუბეს და წავიდნენ, თუმცა პრემიერს გემა „ბ“ არ ჰქონდა და მაინც მათზე ლაპარაკობდა.

„პარლამენტში ჩვენ კონსტრუქციულ ფორმატში ვიყავით, „ნაცები“ არ იყვნენ და გამოვიდა ისე, რომ პრემიერს ჰქონდა მარტო ერთი პროგრამა, „ნაცების“ გინების პროგრამა, ნებისმიერი თემიდან ამისკენ გადადიოდა. უცებ აღმოჩნდა, რომ „ნაცები“ არ იყვნენ და სკამებს აგინებდა.

ჩემდა გასაკვირად „ნაცებმა“ დღეს ძალიან ცოტა იჩხუბეს, მერე წავიდნენ. პრემიერი მოვიდა, იწყებს ლანძღვა-გინების კორიანტელს. რამდენიმე ადამიანი ვისხედით იქ და არ გვეხებოდა ეს საუბარი, მაგრამ ჩვენკენ იხედებოდა პრემიერი, რადგან მეორე მხარეს ხელისუფლება იჯდა. არ არსებობდა გეგმა „ბ“, რომელიც იმ დროისთვის იმუშავებდა, როცა „ნაცები“ არ არიან დარბაზში. ამიტომაც ვამბობთ, რომ პოლიტიკაშიც ამ თვალსაზრისით „ნაცები“ პრობლემები არიან, ჯობია დაშლილები იყვნენ. დღეს პრემიერს გამოუვიდა არაადეკვატური გამოსვლა, გინება იმ ხალხის, ვინც იქ საერთოდ არ იყო და მათი გინება საერთოდ არაფერ შუაში არ იყო. „თქვენ ამას შვრებოდით, იმას შვრებოდით“ და არცერთი არ ზის იქ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, მომავალ კვირაში „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლება თავდაცვის კოდექსის ძალადობრივად გატანას აპირებს.

„შემდეგ კვირას „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში ყოფნა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან როგორც კულუარულად გვეუბნებიან, თავდაცვის კოდექსი გააქვთ განსახილველად, ფიქრობენ, რომ დანიშნონ რიგგარეშე სხდომები და სასწრაფო წესით, ძალადობრივად გაიტანონ თავდაცვის კოდექსი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.