Home Blog Page 1925

“ვინ გამოიცნობს, როდის დაიპყრობს ბაიდენის პოლიტიკით რუსეთი მსოფლიო ბაზარს ბოლომდე?” – დავით ზარდიაშვილი

“ბლუმბერგი” წერს, რომ ხორბლის მსოფლიო ბაზარზე უკრაინის წილი ორჯერ, 5%-მდე შემცირდა, კიდევ უფრო შემცირდება, რადგან ყანების დიდი ნაწილი დანაღმულია და ეს არა მხოლოდ წელს, არამედ ხანგრძლივადიანი პრობლემა გახდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი დავით ზარდიაშვილი წერს.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ამასობაში, რუსეთის წილი ხორბლის მსოფლიო ბაზარზე რეკორდულად გაიზარდა და მთელი მიწოდების ერთი მეხუთედი შეადგინა.

“აი, ამას ჰქვია უკრაინის დახმარება და რუსეთის სანქცირება ბაიდენურად. ყოველი ხუთიდან ერთ პურს მსოფლიოს რუსეთი აჭმევს, ხოლო ესენი კი ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინელები მეტი გააჟუჟინონ და მისი პურიც მეტი ჭამონ. როგორცა ჩანს, უკვე მყარი კორელაციაც არსებობს – რაც მეტი უკრაინელი განადგურდება, რუსი მეტ ხორბალს და ნავთობს გაყიდის.

…ზალუჟნი ნიუ-იორკ ტაიმსთან ინტერვიუში უკვე პირდაპირ ამბობს, გაცოფებული ვარო: უკრაინის დასავლეთ საზღვართან ნატოს იმდენი მოიერიშე თვითმფრინავი ფუჭად პატრულირებს, რომ სამჯერ აღემატება რუსეთის ავიაციას, რაც ყოველ დღე უმოწყალოდ გვბომბავსო, მე კი ჩემი “მიგებით” მაგათი მოგერიება ისევე შემიძლია, როგორც მშვილდისრითო. ლამის იმავეს ამბობს, რასაც დათო თევზაძე ამბობდა წლების წინ – ლაგატკით ხომ ვერ ჩამოვაგდებ მაგ რუსულ თვითმფრინავსაო! გარდა ამისა, დღეში 100 ათასი ჭურვი მჭირდებაო ზალუჟნიმ, რომ რუსეთის საარტილერიო ცეცხლი, რაც ჩვენსაზე ათჯერ უფრო ინტენსიურიაო, როგორმე ცოტა მაინც შევაჩერო, თორემ დღეში მინიმუმ 1000 კაცი მეხოცებაო. შეუტიე, შეუტიეო და აჰა, შეუტიეთ და კიდეც გვეტირა ყოფაო. ეგ თქვენი ნაქები ტანკები ბრძოლის ველზე მარტო სამიზნეებად ვარგა, რადგან არც ერთი ნორმალური არმია სათანადო საჰაერო უზუნველყოოფის გარეშე შეტევაზე არ გადადის და ამას, უგუნურის გარდა, არავინ შვრებაო. მიბრძანეს, მე მაინც ვუტევ და თქვენი ხმა არ გავიგო, რატომ ვერ იბრუნებ ტერიტორიებსო!

მოკლედ: რუსეთი ასე “მარცხდება” და მისი პური თუ ნავთობი მსოფლიო ბაზარს ასე იპყრობს. ხოლო ზალუჟნის რომ 100 ათასი ჭურვი სჭირდება, კი, ამერიკელები ჰპირდებიან: ჩვენი ჭურვების წარმოებას 2025 წლის ბოლოსათვის თვეში (და არა დღეში!) 80 ათასამდე გავზრდითო. ეს მაშინ, როცა რუსეთი უფრო მეტ ჭურვს აწარმოებს, ვიდრე მთელი ნატო ერთად აღებული და ამიტომაცაა, რომ უკრაინა დღეში 1000 ჯარისკაცს კარგავს…

ამოცანა თუ გამოცანა გვეკითხება: აბა, ვინ გამოიცნობს, როდის დაიპყრობს ბაიდენის პოლიტიკით რუსეთი მსოფლიო ბაზარს ბოლომდე და ამასობაში კიდე რამდენი ათასი უკრაინელი გაიჟუჟება. სხვისი არ ვიცი, ზალუჟნის ადგილას, მე ვესროდი ბაიდენსაცა და მის ადმინისტრაციასაც. ხოლო გაცოფება და გინება, რასაც ზალუჟნი ახლა იწყებს – უკვე გვიანია. ძალიან გვიანი,”- წერს დავით ზარდიაშვილი.

30-ზე მეტი შეტაკება 24 საათში – რა ხდება უკრაინაში ომის 495-ე დღეს

ომის 495-ე დღეს, უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტის, ავდეევკის, მარიინკისა და ლიმანის მიმართულებები რჩება, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში, 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა.

როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უკრაინულმა ძალებმა წინ წაწევა შეძლეს ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, ოკუპანტები კი შეტევაზე არიან გადავიდნენ სვიატოვის რაიონში. მათივე ცნობთ,  გასული დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 600 რუსი სამხედრო, რუსეთის ერთი ვერტმფრენი და 5 ტანკი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს: 230 260 ჯარისკაცს, 4 057 ტანკს, 7 899 ჯავშანტექნიკას, 4 220 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 309 ვერტმფრენს, 6 834 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 573 უპილოტო საფრენ აპარატს, 590 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 264 ფრთოსან რაკეტას.

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ წინსვლას ბახმუტის, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით – გასული კვირის განმავლობაში მათ 37 კვ. კმ. გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი „ტელეგრამზე“ წერს.

„აღმოსავლეთით გრძელდება როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი მოქმედებები. მივიწევთ ბახმუტის მიმართულებით, ხოლო მტერი აგრძელებს შეტევას ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით. მტერი ცდილობს განდევნოს ჩვენი ჯარები დაკავებული პოზიციებიდან, მაგრამ ღირსეულ პასუხს იღებს. იქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს“, – წერს მალიარი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით კი, გასული კვირის განმავლობაში, ოპერატიული მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, გათავისუფლებული ტერიტორია 9 კვადრატული კილომეტრით გაიზარდა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთით, რუსულმა ძალებმა დაბომბვის ინტენსივობა გააორმაგა. კერძოდ, გასული კვირის განმავლობაში მათ უკრაინის ტერიტორია, ამ მიმართულებით, 11 753-ჯერ დაბომბეს.

„სამხრეთით თავდაცვის ძალები უტევენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, კერძოდ, ნოვოდაროვკას, პრიუტნოეს, ნოვოდანილოვკას, რობოტინოს, ნოვოსელკას, სტარომაიორსკის მიმართულებებით“, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, უკრაინის დამცველებმა ყველა მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს და გასული კვირის განმავლობაში 28.4 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს. სამხრეთით, საერთო ჯამში, გათავისუფლებულია 158.4 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია.

 

“ეს “ოცნებას” პოლიტიკურად უფრო მალე დაასრულებს” – დავით უსუფაშვილი

„ოცნება“ ამბობს, რომ არ შეეშვება ერთპარტიულ ცესკოზე „ოცნებას“ და ამ გზით მიიყვანს არჩევნებამდე ქვეყანას, ეს მათ პოლიტიკურად უფრო მალე დაასრულებს , – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები, რომელიც მმართველმა პარტიამ ცესკოსთან დაკავშირებით მიიღო, ეწინააღმდეგება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას, ასევე, მათ მიერ მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის შეთანხმებას.

„კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი მონაწილეობს ცესკოს თავმჯდომარის შერჩევაში და კანდიდატურას პარლამენტში რომ გამოგზავნის, მას არ ჭირდება კონტრასიგნაცია. „ოცნებამ“ ეს კონსტიტუციური უფლებები მას მთლიანად ჩამოართვა და დაუტოვა სასაცილო უფლება – პარლამენტის თავმჯდომარე რომ შექმნის კომისიას კანდიდატების შესარჩევად, თუ მან ვერავინ გამოავლინა, მერე შეუძლია პრეზიდენტს გამოავლინოს კანდიდატი, გააშარჟა ეს ყველაფერი. ცხადია, ჩვენ ამას მხარს ვერ დავუჭერდით. ეს ეწინააღმდეგება 12 რეკომენდაციის შესრულებას, საქართველოში პოლიტიკური პროცესის მიმართ ნდობის გაჩენის თემას. რატომ აკეთებს ამას „ოცნება“ – იმიტომ რომ კატასტროფულად ეშინია რაღაცების, ეშინია ყველასი – პრეზიდენტის, პოლიტიკური ჯგუფების, ევროპის და საერთოდ სამყაროსი. ვეტო ითვალისწინებს, რომ ყველაფერი უცვლელად დარჩეს, თუმცა 100 ხმის ნაცვლად კანდიდატის ასარჩევად საკმარისი იყოს – 90. ეს არ არის კარგი, მაგრამ კომპრომისული ვარიანტია. ამ.ნაწილში ვეტოსთვის შეიძლება მხარდაჭერა, თუმცა, პრეზიდენტს შეეძლო პროექტი ვენეციისთვის გაეგზავნა კიდევ ერთხელ და პროცესი გაეგრძელებინა. ვნახოთ პროცესი როგორ გაგრძელდება. ამ ეტაპზე „ოცნება“ ამბობს, რომ არ შეეშვება ერთპარტიულ ცესკოზე “ოცნებას” და ამ გზით მიიყვანს არჩევნებამდე ქვეყანას, ეს მათ პოლიტიკურად უფრო მალე დაასრულებს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ის, ასევე, გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის ხვალისთვის დაანონსებულ ბრიფინგს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საყურადღებო ბრიფინგი ცოტა ხნის წინ სტოკჰოლმში იყო.

„აქ ჩვენ ვინ რა აზრზე ვართ, მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია შემფასებელი, ანუ საგამოცდო კომისია რას ფიქრობს. მათი მხრიდან სრულიად ცალსახად მივიღეთ გზავნილი, რომ მათივე კრიტერიებით, ჯამში ჩვენ ნახევარზე ნაკლები გვაქვს გაკეთებული. ეს ქვეყანას გაკეთებული აქვს 12 თვეში, 3 თვეა დარჩენილი და ახლა აგერ 3-4 წუთში მორიგ თემაზე მორიგ არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ დარბაზში, რომ დატოვონ მათ მიერ მიღებული კანონი და არ გაიზიარონ პრეზიდენტის ვეტო”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

“რანაირად უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია?”- ბიძინა გიორგობიანი

მან დაკარგა საკუთარი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უკან მოუხედავად და სამუდამოდ და არის ერთი პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“, – ასე აფასებს ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას. ის არ ეთანხმება იმ აზრს, რომ გვარამიას გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზაციას შეამცირებს.

„დეპოლარიზაცია ხომ მითია. რანაირად უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, როდესაც ერთ მხარეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რამენაირად საზარელ ომში არ ჩაერთოს საქართველო და მეორე მხარეს არის პოლიტიკურად წოდებული კრიმინალების ჯგუფი, რომელიც ფინანსდება პენსიონერებისგან ნაძარცვი ფულით და ცდილობს რამენაირად ააყირაოს ქვეყანა“, – მიიჩნევს გიორგობიანი.

“ურდო არ იშურებს ცოცხალ ძალას, რათა შეაკავოს ჩვენების შეტევები” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“გუშინ ღამის განმავლობაში ჩვენების საჰაერო თავდაცვამ 17-დან 13 შაჰიდი დრონი ჩამოაგდო, ხოლო დანარჩენმა 4-მა ვერ მიაღწია მიზანს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის;

ფრონტის ხაზზე ისევ კარგი ამბები მოდის ბახმუტის ფლანგებიდან. კერძოდ, სამხრეთით, კლეშჩეევკის მიმართულებით კიდევ ერთი საყრდენი პუნქტი აიღეს ჩვენებმა, ხოლო ბერჰივკის დასახლების სიღრმეში კიდევ 300 მეტრით წაიწიეს წინ;

ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ძალიან ცხარე ბრძოლები მიდის. ჩვენებმა წინ წაიწიეს რობოტინეს მიმართულებით. ბრძოლა თითოეული მეტრისთვის მიდის;

ავდეევკის და მარიინკის მიმართულებაზე ყველა შეტევა მოიგერიეს ჩვენებმა, ისევე როგორც სვატოვოს მიმართულებაზე; ურდო არ იშურებს ცოცხალ ძალას, რათა 1) შეაკავოს ჩვენების შეტევები და 2) შექმნას რაიმე წარმატების სიახლეები! თუმცა, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩიც კი ვარაუდობს, რომ უკრაინას ექნება წარმატება კონტრშეტევის განხორციელების დროს. “მალე დაიწყება უკრაინელების კონტრიერიში და უკრაინა, მართალია დიდი მსხვერპლით, მაგრამ მიაღწევს წარმატებას. მე არავის მხარეს ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ასე იქნება”, განაცხადა ვუჩიჩმა სერბულ ტვ პირველთან ინტერვიუში;

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატო საკმაოდ ხისტად გააფრთხილა. “ნატომ არ უნდა გაიმეოროს 2008 წლის ანგელა მერკელის შეცდომა…. ნატოში უკრაინის არ მიღება იქნება თვითმკვლელობა ევროპისთვის, რადგან ეს გახდება საფუძველი ახალი, დიდი სისხლისმღვრელი ომისთვის”!

გავლენიანმა გამოცემა “თაიმმა” ვრცელი სტატია მიუძღვნა პუტინის მიერ რუსეთის ეკონომიკის კანიბალიზაციას საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. “რუსეთი ყოველდღიურად 1 მილიარდ დოლარს ხარჯავს ომის წარმოებაზე. მისი ძირითადი შემოსავლები ამ დრომდე იყო ენერგომატარებლების რეალიზაციიდან, მაგრამ ნავთობზე და გაზზე ფასების მნიშვნელოვანმა ვარდნამ და ევროპული და ამერიკული ბაზრების პრაქტიკულად დახურვამ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას და ახლა პუტინი ცდილობს სხვადასხვა გადასახადების გაზრდითა და დაწესებით ბოლო კაპიკები ამოფხიკოს რუსების ჯიბეებიდან”, წერს “თაიმი”; რუსეთს აქვს კატასტროფული დეფიციტი ბიუჯეტში, რომელიც 3 ტრილიონ რუბლს გადასცდა. როგორც ჩანს, ამასაც პრიგოჟინს “შეტენიან”. გუშინ პროპაგანძილა კისელიოვმა ამცნო დედარუსეთს, რომ წლის განმავლობაში ქვეყანამ 850 მილიარდი რუბლი დახარჯა ვაგნერზე და ამდენივე პრგიოჟინის კომპანიების კონტრაქტებზე. ანუ 1.6 ტრილიონი რუბლი ჩოუდია პრიგოჟინისთვის ჯიბაში, რაც მთელი რუსეთის ჯან.დაცვის ბიუჯეტზე ოდნავ მეტია.

ახლა აღმოჩნდა, რომ ვაგნერის 10 თვიანი ბრძოლა ბახმუტისთვის არაფერი განსაკუთრებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არ ყოფილა, თანაც მარიუპოლთან შედარებით.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ როგორც აღნიშნა, ვაგნერს მოკლულებით ჰყავს 21 ათასი და დაჭრილებით 80 ათასზე მეტი ბოევიკი. ვინც გადარჩა, კი გადავიდა მინსკში, ხოლო ახლების დაქირავების შეწყვეტის შესახებ თავად ვაგნერმა გამოაცხადა. ასე რომ ვაგნერი უკრაინაში – ფაფუ!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, ამოისუნთქე 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით 2023-ში!
დიდება უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს! “- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

ქუთაისში, აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი კლინიკაში.

მძიმეა კლინიკაში გადაყვანილი კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

უკრაინის პრეზიდენტი ოდესაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ოდესაში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობას შეხვდა და მათ პროფესიული დღე მიულოცა.

მოგვიანებით, უკრაინის ლიდერმა, ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დაჭრილი სამხედროები მოინახულა. რამდენიმე მათგანი კი, სახელმწიფო ორდენებით დააჯილდოვა.

3 ივლისის ამინდის პროგნოზი

3 ივლისს ქუთაისში +33 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. +32 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +30 ღამის ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმას ვარაუდობენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. დარია ომალოში, სადაც დღისით +22, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღე +32 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

” მეორე ფრონტის პირობებში, ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც, რაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ”-კობახიძე

პრიგოჟინის ამბოხებიდან კვირაზე მეტი გავიდა და ემოციების ჩაცხრომის ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო ოპოზიციის რეაქცია ე.წ. „ბახმუტის ხორცსაკეპის“ ავტორის ერთდღიან ავანტიურაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ იმ დღეს ჩვენ დილიდან მოვუწოდეთ ოპოზიციას, მშვიდად დაჰკვირვებოდნენ მოვლენებს. თუმცა, რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენი რჩევა ყურად არ იღო. ყველას გვახსოვს, როგორ გულშემატკივრობდა კოლექტიური ნაცმოძრაობა პრიგოჟინს, როგორ უძღვნიდა მას შეძახილებსა და ლექსებს, როგორ გეგმავდა პრიგოჟინის წარმატების კვალდაკვალ არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლას, არამედ სოჭის აღებასაც და ა.შ.

მთელ ამ ისტორიაში მთავარი ის არაა, რომ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ მოვლენები სათანადოდ ვერ გააანალიზა. მთავარი არც ისაა, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც მთლიანად გარე კოორდინაციით მოქმედებდნენ და ხელისუფლებას ერთსა და იმავე აბსურდულ მოთხოვნას უყენებდნენ. მთავარი არც მათი აჟიტირების მორალური მხარე და ის ფაქტია, რომ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ უკრაინელების „ხორცსაკეპის“ ავტორის წარმატებაში საკუთარი შანსი დაინახა.

პრიგოჟინის ამბოხებაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციაში ყველაზე ნიშანდობლივი მეორე ფრონტისკენ მათი ლტოლვის მორიგი დემონსტრირება იყო. ისინი ვერ მალავდნენ, რომ შესაბამისი ბერკეტი რომ ჰქონოდათ, გამოიყენებდნენ პირველივე შანსს აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესასვლელად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ომისა და ღალატის პარტია, რომლის მიზანია გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად.

ბუნებრივია, კოლექტიური ნაცმოძრაობა ამ განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებდა და ისინი ამ შემთხვევაშიც დავალებებით მოქმედებდნენ. მათი პატრონების უმთავრესი მიზანია, მიაღწიონ მეორე ფრონტს და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანია, მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ნდობის აღდგენას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის.

ამასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება ერთიან საქართველოში, არამედ გვჭირდება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ნდობის აღდგენაც. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჩვენთვის ნამდვილი ღირებულება მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ მეორე ფრონტის პირობებში, ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც, რაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ. ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე. ვისი ფიქრიც აქეთკენ არის მიმართული, მას ან უკიდურესი არაკეთილგონიერება, ან საქართველოს მტრობა ამოძრავებს.

მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, რისთვისაც ჩვენს ქვეყანას არა მეორე ფრონტი, არამედ პრაგმატული და რაციონალური სამშვიდობო პოლიტიკა, არა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის კიდევ ერთხელ შერყევა, არამედ ნდობის აღდგენა ესაჭიროება. ჩვენ გვჭირდება არა ომი ერთმანეთთან, არამედ ერთმანეთის მხარდამხარ ზრუნვა ერთიანი, წარმატებული სახელმწიფოს ასაშენებლად“, – წერს კობახიძე.

“წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა ეტაპზე და თქვენ მიერ არჩეულ ახალი ცხოვრების გზაზე”-პრემიერი აბიტურიენტებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებას უსურვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა ეტაპსა და მათ მიერ არჩეულ ახალი ცხოვრების გზაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ახალგაზრდებისთვის განათლების უკეთესი ხარისხის მიღების შესაძლებლობისა და უსაფრთხო მომავლის შესაქმნელად მომავალშიც იზრუნებს.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ყველას, ვინც საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებას უზრუნველყოფს.

“ძვირფასო აბიტურიენტებო,

მინდა წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა ეტაპზე და თქვენ მიერ არჩეულ ახალი ცხოვრების გზაზე.

დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას არ დაიშურებთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

თანამედროვე მსოფლიოს ახალი გამოწვევებისა და სულ უფრო პროგრესული მოთხოვნების პირობებში, სწორედ თქვენნაირი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყნის იმედი.

ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა მომავალშიც იზრუნებს, რომ განათლების უკეთესი ხარისხის მიღების შესაძლებლობა და უსაფრთხო მომავალი შეგიქმნათ.

აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებას უზრუნველყოფს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ აბიტურიენტებს გარანტირებულად ჰქონდეთ მშვიდი და ხელსაყრელი გარემო.

წინასწარ გილოცავთ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ღირსეულად გავლას”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებიამ ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდა

პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებიამ ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მოზარდის ბებია ამბობს, რომ მეამბოხეები 17 წლის ნაჰელის სიკვდილს იყენებდნენ, როგორც ნგრევის გამოწვევისთვის საბაბს, ხოლო ოჯახს სიმშვიდე სურს.

„მე ვეუბნები აჯანყებულებს, რომ შეწყვიტონ. ნაჰელი მოკვდა, ჩემი ქალიშვილი დაკარგულია, სიცოცხლე აღარ უნდა“, – განაცხადა მოკლული მოზარდის ბებიამ.

საფრანგეთში არეულობა და საპროტესტო მსვლელობები ლოზუნგით „სამართალი ნაჰელისთვის“ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრულის მიერ პარიზის გარეუბან ნანტერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული 17 წლის ახალგაზრდა პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა.

“წარმატებას ვუსურვებ აბიტურიენტებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი”-განათლების მინისტრი

მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, ახალგაზრდებს, ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რათა საგამოცდო პროცესი მათთვის კომფორტულ და მშვიდ აკადემიურ გარემოში წარიმართოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საგამოცდო პროცესი მათთვის კომფორტულ და მშვიდ აკადემიურ გარემოში წარიმართოს, სადაც ყველა აპლიკანტს ექნება საშუალება, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პროცესში ასე აქტიურად იყო ჩართული!

კიდევ ერთხელ მივმართავ ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას და დასახული მიზნების მიღწევას. ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.