Home Blog Page 1923

ქუთაისში, აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომანქანა გზიდან გადავარდა და აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი კლინიკაში.

მძიმეა კლინიკაში გადაყვანილი კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

უკრაინის პრეზიდენტი ოდესაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ოდესაში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელობას შეხვდა და მათ პროფესიული დღე მიულოცა.

მოგვიანებით, უკრაინის ლიდერმა, ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში, დაჭრილი სამხედროები მოინახულა. რამდენიმე მათგანი კი, სახელმწიფო ორდენებით დააჯილდოვა.

3 ივლისის ამინდის პროგნოზი

3 ივლისს ქუთაისში +33 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. +32 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +30 ღამის ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმას ვარაუდობენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. დარია ომალოში, სადაც დღისით +22, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღე +32 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

” მეორე ფრონტის პირობებში, ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც, რაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ”-კობახიძე

პრიგოჟინის ამბოხებიდან კვირაზე მეტი გავიდა და ემოციების ჩაცხრომის ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო ოპოზიციის რეაქცია ე.წ. „ბახმუტის ხორცსაკეპის“ ავტორის ერთდღიან ავანტიურაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ იმ დღეს ჩვენ დილიდან მოვუწოდეთ ოპოზიციას, მშვიდად დაჰკვირვებოდნენ მოვლენებს. თუმცა, რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენი რჩევა ყურად არ იღო. ყველას გვახსოვს, როგორ გულშემატკივრობდა კოლექტიური ნაცმოძრაობა პრიგოჟინს, როგორ უძღვნიდა მას შეძახილებსა და ლექსებს, როგორ გეგმავდა პრიგოჟინის წარმატების კვალდაკვალ არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლას, არამედ სოჭის აღებასაც და ა.შ.

მთელ ამ ისტორიაში მთავარი ის არაა, რომ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ მოვლენები სათანადოდ ვერ გააანალიზა. მთავარი არც ისაა, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც მთლიანად გარე კოორდინაციით მოქმედებდნენ და ხელისუფლებას ერთსა და იმავე აბსურდულ მოთხოვნას უყენებდნენ. მთავარი არც მათი აჟიტირების მორალური მხარე და ის ფაქტია, რომ კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ უკრაინელების „ხორცსაკეპის“ ავტორის წარმატებაში საკუთარი შანსი დაინახა.

პრიგოჟინის ამბოხებაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციაში ყველაზე ნიშანდობლივი მეორე ფრონტისკენ მათი ლტოლვის მორიგი დემონსტრირება იყო. ისინი ვერ მალავდნენ, რომ შესაბამისი ბერკეტი რომ ჰქონოდათ, გამოიყენებდნენ პირველივე შანსს აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესასვლელად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ომისა და ღალატის პარტია, რომლის მიზანია გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად.

ბუნებრივია, კოლექტიური ნაცმოძრაობა ამ განცხადებებს შემთხვევით არ აკეთებდა და ისინი ამ შემთხვევაშიც დავალებებით მოქმედებდნენ. მათი პატრონების უმთავრესი მიზანია, მიაღწიონ მეორე ფრონტს და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანია, მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ნდობის აღდგენას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის.

ამასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება ერთიან საქართველოში, არამედ გვჭირდება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ნდობის აღდგენაც. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჩვენთვის ნამდვილი ღირებულება მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ მეორე ფრონტის პირობებში, ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთანაც, რაც არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ. ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე. ვისი ფიქრიც აქეთკენ არის მიმართული, მას ან უკიდურესი არაკეთილგონიერება, ან საქართველოს მტრობა ამოძრავებს.

მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, რისთვისაც ჩვენს ქვეყანას არა მეორე ფრონტი, არამედ პრაგმატული და რაციონალური სამშვიდობო პოლიტიკა, არა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის კიდევ ერთხელ შერყევა, არამედ ნდობის აღდგენა ესაჭიროება. ჩვენ გვჭირდება არა ომი ერთმანეთთან, არამედ ერთმანეთის მხარდამხარ ზრუნვა ერთიანი, წარმატებული სახელმწიფოს ასაშენებლად“, – წერს კობახიძე.

“წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა ეტაპზე და თქვენ მიერ არჩეულ ახალი ცხოვრების გზაზე”-პრემიერი აბიტურიენტებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებას უსურვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა ეტაპსა და მათ მიერ არჩეულ ახალი ცხოვრების გზაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ახალგაზრდებისთვის განათლების უკეთესი ხარისხის მიღების შესაძლებლობისა და უსაფრთხო მომავლის შესაქმნელად მომავალშიც იზრუნებს.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ყველას, ვინც საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებას უზრუნველყოფს.

“ძვირფასო აბიტურიენტებო,

მინდა წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა ეტაპზე და თქვენ მიერ არჩეულ ახალი ცხოვრების გზაზე.

დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას არ დაიშურებთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

თანამედროვე მსოფლიოს ახალი გამოწვევებისა და სულ უფრო პროგრესული მოთხოვნების პირობებში, სწორედ თქვენნაირი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყნის იმედი.

ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა მომავალშიც იზრუნებს, რომ განათლების უკეთესი ხარისხის მიღების შესაძლებლობა და უსაფრთხო მომავალი შეგიქმნათ.

აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებას უზრუნველყოფს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ აბიტურიენტებს გარანტირებულად ჰქონდეთ მშვიდი და ხელსაყრელი გარემო.

წინასწარ გილოცავთ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის ღირსეულად გავლას”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებიამ ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდა

პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებიამ ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მოზარდის ბებია ამბობს, რომ მეამბოხეები 17 წლის ნაჰელის სიკვდილს იყენებდნენ, როგორც ნგრევის გამოწვევისთვის საბაბს, ხოლო ოჯახს სიმშვიდე სურს.

„მე ვეუბნები აჯანყებულებს, რომ შეწყვიტონ. ნაჰელი მოკვდა, ჩემი ქალიშვილი დაკარგულია, სიცოცხლე აღარ უნდა“, – განაცხადა მოკლული მოზარდის ბებიამ.

საფრანგეთში არეულობა და საპროტესტო მსვლელობები ლოზუნგით „სამართალი ნაჰელისთვის“ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრულის მიერ პარიზის გარეუბან ნანტერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული 17 წლის ახალგაზრდა პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა.

“წარმატებას ვუსურვებ აბიტურიენტებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი”-განათლების მინისტრი

მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, ახალგაზრდებს, ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რათა საგამოცდო პროცესი მათთვის კომფორტულ და მშვიდ აკადემიურ გარემოში წარიმართოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საგამოცდო პროცესი მათთვის კომფორტულ და მშვიდ აკადემიურ გარემოში წარიმართოს, სადაც ყველა აპლიკანტს ექნება საშუალება, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პროცესში ასე აქტიურად იყო ჩართული!

კიდევ ერთხელ მივმართავ ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას და დასახული მიზნების მიღწევას. ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები გამოცდას დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.

„ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

აბიტურიენტებისთვის წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდრეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში“,- აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, დღეს, თქვენი ცხოვრების თანამგზავრთან გარკვეულ გაუგებრობებსა და უთანხმოებას ჰქონდეს ადგილი, საყოფაცხოვრებო, პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას.

კურო

სიმშვიდე და თავდაჯერებულობა წარმატებას მოგიტანთ შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დროს. განსაკუთრებით, საქმიან სფეროში იყავით დიპლომატიური და ნუ ჩაერთვებით კონფლიქტებში.

ტყუპები

შესაძლოა, ჰორიზონტზე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ნეგატიურად იმოქმედებენ თქვენზე, რადგან ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში. ნუ შეშინდებით, ყველაფერს გაუმკლავდებით.

კირჩხიბი

ემოციურად დატვირთული დღეა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ განაწყენდებით და ნურც სხვებს აწყენინებთ, თქვენს სამოქმედო გზაზე იქნება სიძნელეები, მაგრამ შეეცადეთ, თავად მართოთ სიტუაცია.

ლომი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, ფინანსურ საკითხებში „ვარსკვლავური“ გამართლება გაქვთ, ყური მიუგდეთ ინტუიციას. საქმიან სფეროში, წინსვლასა და სიახლეებს ელოდეთ.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას, ჯანსაღ კვებას, და დაკავდით სპორტით, კარგია სულიერი პრაქტიკები: იოგა, მედიტაცია. მოერიდეთ ახლობელთა კრიტიკას.

სასწორი

მოერიდეთ კამათსა და გარჩევებს, ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, ნუ აჰყვებით შიშებს და მეტად ირწმუნეთ საკუთარი ძალების.

მორიელი

ახალი ადამიანები და ახალი კონტრაქტები წარმატების მომტანია თქვენს საქმიანობაში, მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ სამოქმედო გეგმა, შრომისმოყვარეობისა და ამტანობის წყალობით ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს.

მშვილდოსანი

თქვენი თავისუფლების მიმართ სიყვარული, განვითარებისკენ სწრაფვა და პროგრესული იდეები მეტად საინტერესოა, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებს გადამეტებულად ნუ შეაფასებთ. იზრუნეთ ერთგული მოკავშირეების მოძიებაზე.

თხის რქა

თქვენი კეთილსინდისიერება და საქმისადმი შეუპოვარი დამოკიდებულება ირგვლივ მყოფთა გაოცებას და გაკვირვებას გამოიწვევს, თუმცა, თქვენი იდეები არც თუ სწრაფად განხორციელდება.

მერწყული

შესაძლოა, დღეს, პოლიტიკურმა და სამეცნიერო საკითხებმა გაგიტაცოთ, წარმატების ალბათობა, დიდია თუ ამ სფეროში მოღვაწეობთ. სასიკეთოა დღე ახალი ნაცნობობისთვის.

თევზები

შეცვალეთ სამოქმედო გეგმები და სტრატეგია, სასიყვარულო თემებთან დაკავშირებით. უარი თქვით ზედმეტად ჩაძიებაზე, რათა ურთიერთობებში თავიდან აირიდოთ განხეთქილებები და გარჩევები.

საქართველოს ნაკრების ოლიმპიადაზე გასვლის შანსი იზრდება

ევრო 2023-ზე დასრულდა მესამე მეოთხედფინალური შეხვედრა. ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ ინგლისის ნაკრებმა პორტუგალია ენტონი გორდონის გოლით დაამარცხა – 1:0.

მატჩი დრამატული გამოვიდა. პირველი ტაიმი ინგლისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და გორდონმა ანგარიში 34-ე წუთზე მორგან გიბს-უაითის პასის შემდეგ გახსნა. მეორე ნახევარში პორტუგალია ძალიან გააქტიურდა და მეტოქის კართან არაერთი რეალური მომენტი შექმნა, თუმცა უშედეგოდ.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრები ბათუმში ისრაელს შეხვდება, რომელმაც ტურნირიდან საქართველოს ნაკრები გამოთიშა.

ინგლისის გამარჯვება ზრდის საქართველოს შანსს, ითამაშოს 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საგზურისთვის. თუ დღეს, ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში საფრანგეთი უკრაინას დაამარცხებს, 7 ივლისს ბუქარესტში ოლიმპიადაზე მოხვედრისთვის რამაზ სვანაძის გუნდი უკრაინას შეხვდება.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

“ევროპაში დაწყებულია სისხლიანი, ვანდალური აქციები” -დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში მიმდინარე მასობრივ აქციებს მიმოიხილავს.

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, „სისხლიან, ვანდალურ აქციებზე“ ერთი ხელწერა შეინიშნება და მსგავსი პროვოკაციის მოწყობა იგეგმებოდა 6-8 მარტის აქციებზე საქართველოში.

„ამერიკაში აგორებული მოძრაობა BLM-ის (Black Lives Matter) შემდეგ, რომლის დანიშნულება და მიზნები ცდება მხოლოდ „რასისტულ“ კონტექსტს და ლიბერალური ფაშიზმის დღის წესრიგით იმართება, ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს დღეს უკვე ევროპაშიც. საფრანგეთში დაწყებული სისხლიანი, ვანდალური აქციები – დღეს უკვე იმართება ბელგიაში, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში. მათ თავისუფლად შეგვიძლია MLM-ი (Migrant Lives Matter) დავარქვათ. პროტესტის საბაბი იდენტური იყო ამერიკაში განვითარებული მოვლენებისა, როდესაც პოლიციელს დაკავებისას „შემოაკვდა“ შავკანიანი ფლოიდი. საფრანგეთში, პოლიციელისთვის გაწეული დაუმორჩილებლობის გამო, 17 წლის ალჟირელი მოზარდი მოკლეს. მას შემდეგ ჯერ საფრანგეთში, ხოლო ახლა უკვე ევროპის ოთხ წამყვან ქვეყანაში დაიწყო ნამდვილი კოშმარი. დაკავებულია ათასობით პროტესტანტი. აქციების მონაწილენი – ახალგაზრდები და 15-წლამდე მოზარდებია.

შვეიცარიის მედია იუწყება ლოზანაში ღამის დარბევებისას დაკავებული პორტუგალიელი, ბოსნიელი, სერბი, სომალელი და ქართველი მიგრანტების თაობაზე. ბრიუსელში მხოლოდ გუშინდელ ღამეს დააკავეს 35 ადამიანი, აქედან – 31 არასრულწლოვანი. მხოლოდ გასულ ღამეს საფრანგეთში დააკავეს 719 ახალგაზრდა. მორიგეობის რეჟიმში იმყოფებოდა 45 ათასი პოლიციელი (აქედან 7 ათასი – მხოლოდ პარიზში). ჩვენ ვწერდით იმის თაობაზე, რომ „ორი ტრუპის“ სცენარის განვითარებას 6-8 მარტის აქციებზეც ჰქონდა რეალური საფუძველი. ამ სცენარის ფარგლებში მიმდინარეობდა პოლიციელების მიზანმიმართული პროვოცირება ისეთ საპასუხო ქმედებებზე, რომლის დროს შესაძლოა განვითარებულიყო ტრაგიკული მოვლენები. ჩვენთვის ალბათ გამზადებულიც კი ექნებოდათ მორიგი აბრევიატურა – NLM (Nazzi Lives Matter).

მადლობა ღმერთს, ჩვენი ახალგაზრდობის ზომბირებული, დატრენინგებული და გენმოდიფიცირებული ნაწილის „საზარბაზნე ხორცად“ გადაქცევის გეგმის „ლეტალური“ ნაწილი ამ ეტაპზე წარუმატებლად დასრულდა. ამაზრზენია სხვა რამ: როდესაც ამ გეგმის ხორცშესხმაში მონაწილეობდა საქართველოში აკრედიტებული დასავლელი ელჩების უმეტესობა, იგივე შემადგენლობა ნიანგის ცრემლებს ღვრიდა ერთ დაკავებულ პოტენციურ მკვლელზე, ხოლო დანარჩენი დაკავებულები, ამ ელჩების მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის გზით გაათავისუფლეს.

სად არიან ახლა ეს ელჩები? რას ნიშნავს მათი „კრავთა დუმილი“? სადაა ახსნა-განმარტება? რატომ იჭერენ „ბავშვებს“, მათ შორის -ქართველებს ლოზანაში? არა, მე ამ დუმილის მომხრე ვარ, ოღონდ პირველ რიგში, საქართველოსთან დაკავშირებით! ვოცნებობთ, როდის დადუმდებით საკუთარ თვალებში დირეებგამოტენილები ჩვენი „ბეწვების“ ძებნის პროცესის დროს. ან როგორ არ იღლებით? საკუთარ სახლებს რომ მიხედოთ – ვერა?“, – წერს დავით ქართველიშვილი.

მაკრონმა გერმანიაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიაში სახელმწიფო ვიზიტი გადადო. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, მაკრონის ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტი კვირას უნდა დაწყებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვიზიტი გადადო.

„სახელმწიფო ვიზიტი არის მეგობრობის ვიზიტი, წმინდა ცერემონიალი, უკეთესი დრო იქნება ამის გასაკეთებლად. ახლა ფრანგები ვერ გაიგებდნენ გერმანიაში რომ წასულიყო. ეს დღეები პარიზისთვის მნიშვნელოვანია“, – განუცხადა მაკრონის თანაშემწემ „როიტერს“.

„მაკრონი შაბათს ტელეფონით ესაუბრა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტის სპიკერმა.