Home Blog Page 1923

საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა – Freedom House-ი

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 33,93%-მდე შემცირდა.

მათივე ცნობით, ქვეყანაში დემოკრატიის ქულამ 3.07- დან 3.04-მდე დაიკლო. ორგანიზაცია საქართველოს „ტრანზიციულ ან ჰიბრიდულ რეჟიმად“ მოიხსენიებს.

როგორც Freedom House-ის ანგარიშშია აღნიშნული, დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3.50-დან 3.25 ქულამდე შემცირდა „ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო“. Freedom House-ს მაგალითად მოჰყავს მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორი ტელეკომპანიის დირექტორის სამართლებრივი დევნა, ისევე როგორც „სულ უფრო და უფრო მეტად პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო, რომელმაც ძირი გამოუთხარა სარედაქციო დამოუკიდებლობას“.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიას 2022 წელს ყურადღებით აკვირდებოდნენ, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ნაბიჯები გადადგა, თუმცა „სტრუქტურული პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და მრავალპარტიული მმართველობა, ძირითადად გადაუჭრელი დარჩა, რაც საქართველოში დემოკრატიულ განვითარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს ხელს უშლის“.

„გარდა ქვეყნის მუდმივი პოლიტიკური პოლარიზაციისა, წელი ხასიათდებოდა სიტყვიერი თავდასხმების საგანგაშო დონით, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიმართ, ისევე როგორც პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შემაშფოთებელი შემთხვევებით“, – აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშში.

გარდა ამისა, Freedom House აღნიშნავს, რომ „ევროსაბჭოს მიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებამ, სხვადასხვა კრიტიკული სფერო გამოვლინდა, მათ შორის ლგბტ+ თემისა და რელიგიური უმცირესობების ფართოდ გავრცელებული დისკრიმინაცია როგორც ონლაინ, ისე პირისპირ“.

Freedom House აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას „ომის პარტიად“ მოიხსენიებს, რაც ქვეყანაში არსებული პოლარიზციის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

ორგანიზაცია ანგარიშში საუბრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ დევნაზეც, რომელმაც მათი თქმით, შეშფოთება გამოიწვია სავარაუდო პოლიტიკური ანტაგონიზმის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევისა და მართლმსაჯულების სისტემის მიერ თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობის მინიჭებასთან დაკავშირებით.

სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს.

„ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სკოლის ფინანსების სწორ და მიზნობრივ ხარჯვაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. მან არ დააწესა სათანადო კონტროლი და მონიტორინგი სკოლის საბანკო ანგარიშიდან განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რამაც შესაძლებლობა მისცა დაწესებულების ბუღალტერს უკანონოდ მიეთვისებინა 57 758 ლარი.

სკოლის დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამავე სკოლის ბუღალტერი, რომელიც პარალელურად იყო ქუთაისის №22 საჯარო სკოლის ბუღალტერიც, ორივე სკოლიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე მიცემულია ქუთაისის №22 საჯარო სკოლის დირექტორიც. ორივე ბრალდებულის მიმართ საქმეები არსებითად იხილება სასამართლოში”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს, რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები”-ირაკლი კობახიძე

პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა, ყველა აქცენტი გაკეთდა, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს, მის პოლიტიკას, მათ შორის შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ეს არის გამოხატული არა მარტო სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს, სადაც დაგმობილია სამხედრო აგრესია და სადაც არის მხარდაჭერა გამოხატული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან, ჩვენი პოზიცია მკაფიოა სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი. ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, სანქციები ბუნებრივია არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომელი თანამდებობის პირები ითხოვდნენ ღია ტექსტით საქართველოში მეორე ფრონტი გახსნას. ეს იყო უშიშროების საბჭოს მდივანი. ამაზე მაღალი თანამდებობის პირი პრეზიდენტის შემდეგ არ არსებობს. დანილოვი პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. მეორე პოდოლიაკი, რომელიც გახლავთ დღემდე ზელენსკის მთავარი მრჩეველი. ის პირდაპირ საუბრობდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე. ამ ფაქტის კონსტატაცია მოხდა ქვეყნის გარეთ, რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ქვეყნის შიგნით. მგონი, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები. ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ ეს მძიმე ინფორმაცია უნდა იყოს გაზიარებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, რეალურად, არსებითი სხვაობა არ არის 2012 წელს არსებულ მდგომარეობასა და დღევანდელ მდგომარეობას შორის.

„არის გარკვეულ მონაცემებში ცვლილება, მაგრამ არსებითად, მაშინაც არსებობდა დამოკიდებულება და დღესაც არსებობს ეს დამოკიდებულება. ჩვენ გვაქვს დათვლილი, რას გამოიწვევდა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება, ეს იქნებოდა, სულ მცირე, 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა. სწორედ ეს უნდათ ჩვენს ოპონენტებს. ამაზე საუბრობდა პრემიერი. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამის რესურსი არ აქვს, თუმცა საკუთარი ხალხის დაზიანება ასეთი სანქციებით ხელისუფლებას შეუძლია. ამას ბუნებრივია ჩვენ არ გავაკეთებთ. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ გვჭირდება აშშ-თან, როგორც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე სავიზო რეჟიმის გამარტივება, პირდაპირი ფრენები. იმედია, შემდეგი ელჩის პირობებში ეს საკითხები დაიძვრება. მანამდე, სამწუხაროდ, ჩვენ გვიჭირდა არსებითი პროგრესის მიღწევა ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, სამი მიმართულებით ჩვენ გვქონდეს პროგრესი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში“, – განაცხადა კობახიძემ.

“პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე პრემიერს არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა.

„პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა. ყველა აქცენტი გაკეთდა, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს, მის პოლიტიკას. მათ შორის პრემიერი შეეხო მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან რაც არის დაკავშირებული. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან მკაფიო – ჩვენ რა თქმა უნდა სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ეს არის გამოხატული არა მარტო სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს, სადაც დაგმობილია სამხედრო აგრესია, სადაც არის მხარდაჭერა გამოხატული ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გარდა ამისა, ჩვენი პოზიცია მკაფიო და ბუნებრივია სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი, ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას, აქედან გამომდინარე, სანქციები, ბუნებრივია არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

“საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას”

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილს უსმენენ. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას.

„2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, სასაქონლო ბაზრებზე ზრდადი ფასებისა და გლობალური პანდემიის ჯერ კიდევ უარყოფითი შედეგების გამკლავების დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტური რეაგირება და საბანკო სისტემის მედეგობა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგების შენარჩუნებაში აისახა. საერთაშორისო რეიტინგების მიერ საქართველოს საინვესტიციო მდგომარეობის ასეთი შეფასება აძლიერებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების ნდობას და ქვეყნის ბიზნესგარემოზე პოზიტიურად აისახება“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

“პუტინს არ აინტერესებს რამდენ რუსს მოკლავს”- კურტ უოლკერი

ამჟამად უკრაინასა და რუსეთს შორის სერიოზული მოლაპარაკებების პერსპექტივა არ არსებობს. კრემლის მეთაურს, ვლადიმერ პუტინს, არ აინტერესებს დანაკარგები, – ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ უოლკერმა RBC-Ukraine- თან ინტერვიუში განაცხადა.

რუსი დიქტატორის ქცევის გაანალიზებისას ვოლკერმა აღნიშნა, რომ პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს.

„ვფიქრობ, ყველა ვხედავთ, რომ ვლადიმერ პუტინი არ აპირებს შეწყვიტოს ბრძოლა, თუ მოუსმენთ რას ამბობს, უყურებთ როგორ იქცევა, რას აკეთებს. მას არ აინტერესებს რამდენ რუსს მოკლავს“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების პერსპექტივა მხოლოდ რუსეთის ჯარებზე სრული გამარჯვების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს.

პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომს ვერ მოიგებს – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი კიევს 24 მაისს ეწვია. ის უკვე შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას ოლექსი რეზნიკოვს, – ინფორმაციას  RBC-უკრაინა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტმა პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას არ შეუძლია გაიმარჯვოს ამ უკანონო ომში, რომელიც მან გააჩაღა. რამდენი რუსი ჯარისკაციც არ უნდა გაგზავნოს სასიკვდილოდ თავისი ეგოსა და იმპერიული ამბიციებისთვის, ის წარმატებას ვერ მიაღწევს და საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ გაძლიერდება“, – განაცხადა უოლესმა.

მისი თქმით,  რუსები აგრძელებენ უკრაინის მოსახლეობის მიზანმიმართულ განადგურებას.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია უკვე იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ უკრაინის პარტნიორები უკრაინის გვერდით იქნებიან და დაეხმარებიან ყველა შესაძლო ტიპის იარაღით, მათ შორის ტანკებით.

უოლესის განცხადებით,  რომ მოკავშირეები ყოველთვის გვერდში უდგანან უკრაინას.

გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს ბრიტანეთში უკრაინელი მებრძოლების მომზადების გაგრძელების საკითხი, უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა.

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკები შეიქმნება

თიბისი მხარს უჭერს საზღვარგარეთ ქართული ბიბლიოთეკების შექმნის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც, ბანკსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სიმბოლურია, რომ პარტნიორებმა 23 მაისს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქართული ემიგრაციის მუზეუმში მოაწერეს ხელი, რომელიც სწორედ თიბისის მხარდაჭერით შეიქმნა. მუზეუმისთვის ისტორიული და სამეცნიერო მნიშვნელობის უცნობი ემიგრანტული ლიტერატურა, პირადი არქივები, წერილები თუ ფოტომასალა საქართველოში თიბისის დახმარებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჩამოიტანა.

აღნიშნული შეთანხმებით კი პარტნიორობა ამ ორ ინსტიტუციას, შორის კიდევ უფრო ფართოვდება. თიბისის მხარდაჭერით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისთვის თურქეთის ქალაქ, სინოფში, ქართული წიგნების სივრცე მოეწყობა. კულტურულ-შემეცნებითი სივრცის გახსნის ინიციატივა ქართველი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მწერლის შემოქმედების გაცნობას მოიაზრებს.

„თიბისი, თავისი არსებობის 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყოველთვის მხარს უჭერდა განათლების ხელმისაწვდომობასა და კულტურულ-შემეცნებით ინიციატივებს. ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოქალაქეების სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინება და სხვადასხვა აქტივობით საქართველოსთან მათი კავშირის კიდევ უფრო გამყარება“ – მარიამ თავბერიძე, თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელი.

თიბისისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სტრატეგიულ პარტნიორობას წინ უძღოდა 2015 წელს, ემიგრაციის მუზეუმის დაარსება, რაც ქართული კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

თიბისი მომავალშიც გააგრძელებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.

R

“მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდა და აპრილში 2.7 პროცენტი შეადგინა” – არჩილ მესტვირიშვილი

ეროვნული ბანკის ცნობით, პარლამენტში ამ წუთებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს უსმენენ.

„2022 წელს როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის შემცირება იყო მოსალოდნელი. პანდემიით გამოწვეული მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, მიწოდების ჯაჭვების მოშლა და ლოჯისტიკური შეფერხებების ფონზე გაძვირებული ტრანსპორტირება ეტაპობრივად უნდა დარეგულირებულიყო.

2022 წელს ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაც იყო.

გაძვირებული ენერგორესურსებისა და სასაქონლო პროდუქციების ფასებმა გლობალურად ინფლაცია მკვეთრად გაზარდა და რიგ ქვეყნებში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გლობალური ინფლაციური ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც მალევე გადმოეცა და ფართო მოხმარების პროდუქტებზე, როგორებიცაა საწვავი და სურსათი (მათ შორის პური, ზეთი) ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

წლის დასაწყისში ინფლაციური მოლოდინების გაღვივებასა და ფასების ზრდას, ომის საწყის ეტაპზე ლარის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი. შედეგად, ინფლაციის შემცირების ომამდე მოსალოდნელი ტრენდი შენელდა და გასული წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

მიუხედავად ამისა, ინფლაციას წლის განმავლობაში შემცირების ტენდენცია მაინც ჰქონდა და დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 9.8 პროცენტამდე შემცირდა. წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბაზარზე საქონლის ფასების სტაბილიზაციის და ტრანსპორტირების ღირებულების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა.

ამასთან ერთად, იმპორტირებულ ინფლაციას ძლიერი საგარეო მოთხოვნისა და გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსის შედეგად გამყარებული გაცვლითი კურსიც ამცირებდა. ინფლაციის კლებად ტენდენციას ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედებაც უწყობდა ხელს. ამ ტენდენციების ფონზე მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუხლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა, მაშინ როცა გლობალურად ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.

„ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი რუსეთთან” – პრემიერი

ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია არც ერთი სანქცირებული ავიახაზები არ იფრენს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი რუსეთთან.

„ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი რუსეთთან. ჩვენ არ გვითქვამს, რომ შევაჩერებდით სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს. რუსეთთან. თქვენ ბრძანეთ ფრენების შესახებ რუსეთთან. ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია არც ერთი სანქცირებული ავიახაზები არ იფრენს საქართველოში.

უპირველეს ყოვლისა, ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობლები ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპის მიმართაც ძალიან მადლიერნი ვართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც განვმარტე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, ერთი მილიონი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან მე მგონი ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე, ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი, ისევე, როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან“, – განაცხადა პრემიერმა.

“სააკაშვილის ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს და მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ და ვაწამებთ”

სააკაშვილის ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და ყველა თხოვნაზე უარი უთხრეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს არა ციხეში, არამედ კერძო კლინიკაში იხდის.

„არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული. მინდა ვისაუბრო აწმყოზე, მომავალზე. უფრო საინტერესო ეს არის ჩვენთვისაც და დარბაზისთვისაც, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ არის… ციხეში კი არ არის, არამედ კლინიკაში. კერძო კლინიკაშია უკვე ერთი წელია და ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ამის შესახებ. მისი ოჯახი ხარჯავს მილიონობით დოლარს ბოლო 2 წლის განმავლობაში და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგში ადამიანის უფლებების სასამართლოში წაიღეს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ამ ყველაფერს ევროპული სტანდარტებით ვაკეთებთ,“ – განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, ხედავს, თუ არა რისკებს იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დაიღუპოს, ღარიბაშვილი ასე პასუხობს:

„მე არ მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო. ყველა ადამიანს, ყველა პატიმარს ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს და რაც გითხარით იმას გავიმეორებ – ვიცავთ ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის, ყველა პატიმრის უფლებებს“.

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ბორის ჯონსონის მიერ კოვიდპანდემიის წესების დარღვევის ახალ ფაქტებს სწავლობს

დიდი ბრიტანეთის პოლიცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიერ კოვიდპანდემიის წესების დარღვევის ახალ ფაქტებს სწავლობს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა „თაიმსი“ იუწყება, პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები და მეგობრები პანდემიის დროს სტუმრობდნენ ჯონსონის რეზიდენციას ბუკინგემჰემშირში. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ყოფილი მეთაურის დღიურიდან გახდა ცნობილი.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი-მინისტრის პრესსპიკერმა ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონი კოვიდპანდემიის წესების დარღვევის გამო შარშან ერთხელ უკვე დააჯარიმეს.