Home Blog Page 1923

“ზელენსკის ერთი ბრძნული გამონათქვამი მინდა, შევახსენო – “ვინც საკუთარ სამშობლოს ჰყიდის, ის სხვის სამშობლოს ნაცარტუტად აქცევს” -დიმიტრი ხუნდაძე

,,თუ გონი გაქვთ, უნდა მიხვდეთ, რომ აღარ გჭირდებათ ავანტიურისტი სააკაშვილის დამატება. ბოლოს და ბოლოს, დაინდეთ უკრაინელი ხალხი „საქართველოს ხელისუფლება, ზელენსკისგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და სწორედ ამიტომ გავხდით დასავლეთისგან დარტყმის ობიექტი”, – ასე გამოეხმაურა, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ელჩისთვის ქვეყნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია, მას ეს დაავალეს და შესაბამისად ასრულებს ამ დავალებას. „მიხეილ სააკაშვილის ეკრანზე გამოჩენა მისი ლობისტების მხრიდან კიდევ ერთი შემოტევის საბაბი გახდა. გუშინ კვლავ იგივე სცენარი გაითამაშეს, რასაც აქამდე აკეთებდნენ სააკაშვილის საჩვენებელი გამოსვლა და შემდეგ წინასწარ მომზადებული ტექსტებით გამოხმაურებები.

სააკაშვილის მიერ მიზანმიმართულად გამოყენებული საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე კითხვებს აღარ ბადებს ყველაზე რადიკალურად განწყობილ მოსახლეობაშიც კი, მათ შორის დარწმუნებული ვარ, არც მის ლობისტებში. მათაც კარგად იციან, რომ თუ პატიმარი საკვებს ნორმალურად მიიღებს, კარგი ვიზუალი ექნება, თუმცა პოლიტიკური მიზნებისთვის ამის აღიარება არ აწყობთ. თან, წინ უდევთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც. ამ მანიპულაციური დაგეგმარების შედეგია გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაც საქართველოს ელჩის შესახებ. ზელენსკიმ მორიგი დავალება მიიღო და იმ ქვეყნის ელჩს ატოვებინებს უკრაინას, სადაც ომისგან განადგურებულ უკრაინელებს მფარველობენ.

რა ჰქვია ამას?” ამას შესაძლოა მხოლოდ ერთადერთი სახელი მივუსადაგოთ – უმადურობა, თუმცა სხვა ქვეყნების დაკვეთების განმახორციელებელს კიდეც რომ ჰქონდეს მადლიერების გრძნობა, ამის თქმის უფლებას არავინ მისცემს. საქართველომ უკრაინის მიმართ ღირსეული მეგობრობის მაგალითი აჩვენა, რაც ჩვენს ხასიათში დევს ზოგადად. საქართველოს ხელისუფლება, ზელენსკისგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და სწორედ ამიტომ გავხდით დასავლეთისგან დარტყმის ობიექტი. ეს ომიც დამთავრდება ადრე თუ გვიან და ისტორია ყველას შესაბამის ადგილს მიუჩენს. კიდევ ერთხელ ვუცხადებ თანადგომას უკრაინელ ხალხს, რომლებიც ამ სასტიკ ომს არ იმსახურებდნენ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ზელენსკის ერთი ბრძნული გამონათქვამი მინდა შევახსენო: „ვინც საკუთარ სამშობლოს ჰყიდის, ის სხვის სამშობლოს ნაცარტუტად აქცევს”. თუ გონი გაქვთ, უნდა მიხვდეთ, რომ აღარ გჭირდებათ ავანტიურისტი სააკაშვილის დამატება. ბოლოს და ბოლოს დაინდეთ უკრაინელი ხალხი”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

„სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა, ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნება“ – ვახტანგ ძაბირაძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ბოლო სასამართლო სხდომაზე, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვას, ქართველი და მსოფლიო საზოგადოების მხრიდან, განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. სააკაშვილის ხილვით შეშფოთებულმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს უკრაინას.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რომ დაიბარონ უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.

„სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს და სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას დათანხმდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის. მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასაჯოს ადამიანები, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, – დასძინა მან.
ზელენსკის მწვავე განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ – ირაკლი კობახიძემ.

„უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი – ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში“, – განაცხადა მან.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეურაცხმყოფელი იყო ის, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ჩართულები იყვნენ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაში და ახლა იმავე ხელისუფლების წარმომადგენლები მისი უკრაინისთვის გადაცემას ითხოვენ.

„რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში მარტივი მიზეზის გამო, რომ თემა ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში. მაგრამ ზოგადად ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ, როგორც თავადვე აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულნი სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში, დღესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას. ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს, თუმცა ამაზე ღრმად მე არ მინდა შევიდე. ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში”, – განაცხადა კობახიძემ.

დიპლომატიური კუთხით, როგორ შეიძლება შეფასდეს ზელენსკის განცხადება და რა გამოსავალი არსებობს მოცემულ სიტუაციაში, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების მოგვარების თვალსაზრისით? – ამ კითხვებით „ჯორჯიან თაიმსი“ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ძაბირაძის შეფასებით, ზელენსკის მწვავე განცხადება და ქმედება ძალიან ცუდი პოლიტიკური ჟესტია და ის აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

„როდესაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადება კეთდება და ამ განცხადებას გარკვეული ქმედებაც მოსდევს, ეს საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ჟესტია. ზელენსკის მხრიდან საქართველოს ელჩის გამოძევება საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებაა, რაც, რა თქმა უნდა კარგად არ აღიქმება.

ამ კუთხით, ვფიქრობ, პრობლემა არ არის სააკაშვილის გამოსვლაში. პრობლემაა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებში და მათ პოლიტიკაში.

ის, რომ უკრაინა საკუთარი მოქალაქის დაცვას ცდილობს, ჩვეულებრივი ამბავია, ამას რომ სხვა კონტექსტები არ უძღოდეს წინ. ვფიქრობ, ეს თემა პოლიტიკურად უნდა მოგვარდეს. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება კიდევ ერთი აჟიოტაჟი, მიუხედავად იმისა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ვინ მართალია ამ საქმეში და ვინ – მტყუანი. ჩვენ ამას აუცილებლად ისე უნდა შევხედოთ, როგორც პოლიტიკურ პრობლემას და გადაწყვეტილებაც, შესაბამისად უნდა მივიღოთ“, – აცხადებს ის.

პოლიტოლოგის განმარტებით, მოცემულ სიტუაციაში, საუკეთესო გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაა, რითაც ერთხელ და სამუდამოდ, ეს საკითხი დასრულდება.

„ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, იდეალური ქცევა იქნება ის, რომ სააკაშვილი გადასცენ უკრაინას. ეს მართლაც საუკეთესო გამოსავალი იქნება. ოღონდ, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ამ გადაწყვეტილებით მანიპულირება. პირიქით, მათ უნდა თქვან, რომ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება, ვიდრე – სააკაშვილის აქ პატიმრობა. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო უკრაინასთან, არამედ, ჩვენს პარტნიორებთან მიმართებაშიც.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ ყველაფერი „გამოწურა“, რაც სააკაშვილისგან შეიძლებოდა „გამოწურულიყო“. სააკაშვილი ამ მდგომარეობაში ქართულ პოლიტიკაზე დიდ გავლენას ვეღარ მოახდენს, ამიტომაც, საუკეთესო გამოსავლად, სწორედ ეს სვლა მიმაჩნია. ის, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. არც ის მიმაჩნია სწორად, როცა ამბობენ, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ციხეშიო. მოდით, ვთქვათ, რომ პრეზიდენტი არც უკანონოდ არ უნდა შემოიპაროს ქვეყანაში. თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, კარგი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე გააკეთებს განმარტებას და ამ ქმედებით, ეს თემა საერთოდ დაიხურება. ეს უდიდესი დიპლომატია იქნება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“.

/თამუნა დუღაშვილი/

“რუსულმა ჯარმა ტაქტიკა დახვეწა”- ბრიტანული დაზვერვა

რუსულმა ჯარმა ტაქტიკა დახვეწა – ისინი იყენებენ ნაღმებს, „კამიკაძე დრონებს“, არტილერიასა და ვერტმფრენებს, რათა უკრაინის კონტრიერიში შეანელონ.

ინფორმაციას  დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში დანაღმული ტერიტორიის სიმჭიდროვე მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, გამოიყენა იმაზე მეტი ნაღმი, ვიდრე მისი სამხედრო დოქტრინით არის გათვალისწინებული.

„ნაღმების საშუალებით უკრაინული ჯარის წინსვლის შენელებით, რუსული ჯარი ცდილობს, იერიში მიიტანოს უკრაინულ ჯავშანტექნიკაზე „კამიკაძე დრონების“, ვერტმფრენებისა და არტილერიის გამოყენებით“, – აღნიშნავენ ბრიტანულ დაზვერვაში.

მათივე ცნობით, ასეთმა ტაქტიკამ რუსულ ჯარს უკრაინული კონტრიერიშის ადრეულ ეტაპზე „გარკვეული წარმატება მოუტანა“, თუმცა რუსული მხარის მთავარი პრობლემა – საარტილერიო ჭურვების ნაკლებობა – ამ დრომდე არაა აღმოფხვრილი.

“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გუშინ რაც ვნახე, ეს არის კუჭის რეზექციის რეკლამა”- ირაკლი კობახიძე

600 დღე სააკაშვილი ვითომ კვდებოდა, საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველდღე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, გუშინ რაც ნახა სასამართლო პროცესზე, „არის რეზექციის რეკლამა“.

„თქვენ გახსოვთ, სააკაშვილთან დაკავშირებით 600 დღე ხომ დაგვტანჯეს, ჩვენ კი მიჩვეული ვართ, მაგრამ საზოგადოება დატანჯეს 600 დღე სააკაშვილის თემის გარშემო. 600 დღე სააკაშვილი ვითომ კვდებოდა და, საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გადაწყვიტა სააკაშვილმაც, რომ აღარ უნდა კვდებოდეს ყოველდღე. ამაში გვაცხოვრეს 600 დღე ევროპარლამენტარებმა, ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ამაში ჩართული. გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის; მეორე – ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობთ, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები. ეს ნორმალურია? ეს ხომ არაჯანსაღი მოვლენაა. ეს ხომ ფაქტებია, გაზომილია კალორაჟი. შეგიძლია, ზუსტად იგივე მოცულობის საკვები შეიტანო მაღალი კალორაჟით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“დღეს მავანი მზად არის პატიმარ სააკაშვილისთვის გაწიროს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები”-ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით – მიუღებელია.

მისი თქმით, დღეს მავანი მზად არის პატიმარ სააკაშვილისთვის გაწიროს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები. ისინი, ვინც ხელმოცარული ოპოზიციიდან ამას გაამართლებენ, არიან „გონჩარენკოები“ და მეორე ფრონტის გასახსნელად ყველაფერს აკეთებენ.

„ის გადაწყვეტილება, რაც გუშინ მოვისმინეთ, არ ვიცი დემარშია, დროებითი ღონისძიება თუ რა, ჩემთვის ერთადერთი სიტყვაა – ეს არის უსამართლობა. როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, რომლის წარმომადგენლობა ბოლომდე დარჩა უკრაინელების გვერდით, არც ერთი წამით ქართული საელჩო უკრაინაში არ დახურულა, განსხვავებით სხვა საელჩოებისა, რომლებიც გაიხიზნენ და ზოგი დღემდე არ არის იქ ჩასული და დახურულია საელჩოები. სტატისტიკით საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც უკრაინელების დახმარების კუთხით შედის სამეულში და მოწინავეა. ამ პატარა ქვეყანამ ეს შევძელით. ჩვენ ვართ, ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომლებმაც მივიღეთ უკრაინელები, გავუხსენით სკოლები, ბაღები, უფასო ტრანსპორტი, მათ შორის, ქირას ვუხდიდით, დღემდე ვუხდით და არც ერთი ცენტი არ მიგვიღია დახმარების, ეს ყველაფერი ჩვენ შევძელით, პატარა სახელმწიფომ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის გვერდით დავდექით და დღემდე ვდგავართ, სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ თურმე ჩვენი საელჩო უნდა დაიხუროს და ელჩი გამოძევებულ იქნას. მე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ომშია ჩართული ქვეყანა და მისი ლიდერის გადაწყვეტილება… მე უბრალოდ ვიტყვი, რომ უსამართლოა და ამას არ იმსახურებს საქართველო, მათ შორის, შევახსენებ, წლების განმავლობაში ვთხოვდით, უკრაინას გადმოეცა საქართველოს მიერ ძებნილი და მისჯილი ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, სააკაშვილი. არც ერთხელ არ განუხორციელებიათ ეს და დღეს მავანი მზად არის, რომ პატიმარ სააკაშვილისთვის, რომელსაც სხვათა შორის ევროპულმა სასამართლომ მიუსაჯა დამსახურებულად სასჯელი, გაწიროს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები. პოლიტიკოსები დღეს არიან და ხვალ არ იქნებიან, წავლენ, წამოვლენ, ურთიერთობები კი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ჩვენ ვუჭერთ მხარს უკრაინელ ხალხს. ჩვენ კარგად ვიცით, კარგად მოგვდის ინფორმაციები, თუ როგორ ხდება, რომ ყველა სტრუქტურა, ყველა მედია ერთ ხმაში მუშაობს. ოპოზიციური არხი უკრაინაში არ არსებობს, ოპოზიციური აზრი არ არსებობს და ჩახშულია. ეს ხელწერა იცით, ხომ? სააკაშვილის ხელწერაა, როცა ის იყო ხელისუფლებაში, არც ერთი განსხვავებული აზრი იმ გადაწყვეტილებებზე, სადაც ხდება ყოველდღიურად ადამიანის უფლებების შელახვა და ამაზე საერთაშორისო მედია და უფლებადამცველებიც ხმამაღლა ამბობენ. მე არ მინდა ზელენსკის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გავაკეთო, პატივს ვცემ, ის არის ომში ჩართული ქვეყნის მთავარსარდალი, მაგრამ ამას არ იმსახურებს საქართველო, ქართველი ხალხი, ჩვენი საელჩო, რომელსაც არც ერთი წამით არ შეუჩერებია მუშაობა. ისინი, ვინც ხელმოცარული ოპოზიციიდან ამ ქმედებას გაამართლებენ, პირდაპირ გეტყვით, „გონჩარენკოები“ არიან და საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას საქართველოში. ესენი არიან „გონჩარენკოები“, – განაცხადა ზარქუამ.

პოლიტიკა თუ გასალახები ვართ, გავილახოთ, მაგრამ ამ დარბაზში უნდა შეგვეძლოს, რომ ჩათლახობას ჩათლახობა დავარქვათ! – იაგო ხვიჩია

“სანდრო რაქვიაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან ხელი მოხვდა, ეს არის თქვენი იარაღი, აგერ ვართ ყველანი და მზად ვართ თუ გასალახები ვართ, გავილახოთ, მაგრამ ამ დარბაზში უნდა შეგვეძლოს, რომ ჩათლახობას ჩათლახობა დავარქვათ!”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ ხელმძღვანელმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია ამ კონტექსტში რიგგარეშე სესიის დაწყების წინ, პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვას გამოეხმაურა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევასთან, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ეხება.

„უპრეცედენტოდ, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა, ერთი კანონი საერთოდ არ იხილება და მისი მიღება ისე ხდება. უპრეცედენტოდ, რაც აქამდე არ ყოფილა, პარლამენტის სხდომა კომიტეტის სხდომის პარალელურად ინიშნება. ჩვენს მიერ ეს პროცესი შეფასდა და ამ შეფასების გამო სანდრო რაქვიაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან ხელი მოხვდა, შემოიხია „საროჩკა“. ჩვენ ამაზე არ ვტირით, არ ვწუწუნებთ და სასამართლოში ჩივილს არ ვაპირებთ. ჩვენ შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია და არავის ვაყენებთ შეურაცხყოფას, მაგრამ თქვენ ჩხუბი და გალახვა გინდათ. კანონის ასე მიღება არის ჩათლახობა – მოდით აგერ და გაგვლახეთ ახლა!“,- განაცხადა ხვიჩიამ.

თუ გასალახები ვართ, გავილახოთ, მაგრამ ამ დარბაზში უნდა შეგვეძლოს, რომ ჩათლახობას ჩათლახობა დავარქვათ! – იაგო ხვიჩია

“სანდრო რაქვიაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან ხელი მოხვდა, ეს არის თქვენი იარაღი, აგერ ვართ ყველანი და მზად ვართ თუ გასალახები ვართ, გავილახოთ, მაგრამ ამ დარბაზში უნდა შეგვეძლოს, რომ ჩათლახობას ჩათლახობა დავარქვათ!”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ ხელმძღვანელმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია ამ კონტექსტში რიგგარეშე სესიის დაწყების წინ, პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვას გამოეხმაურა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევასთან, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩარიცხვაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ეხება.

„უპრეცედენტოდ, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა, ერთი კანონი საერთოდ არ იხილება და მისი მიღება ისე ხდება. უპრეცედენტოდ, რაც აქამდე არ ყოფილა, პარლამენტის სხდომა კომიტეტის სხდომის პარალელურად ინიშნება. ჩვენს მიერ ეს პროცესი შეფასდა და ამ შეფასების გამო სანდრო რაქვიაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან ხელი მოხვდა, შემოიხია „საროჩკა“. ჩვენ ამაზე არ ვტირით, არ ვწუწუნებთ და სასამართლოში ჩივილს არ ვაპირებთ. ჩვენ შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია და არავის ვაყენებთ შეურაცხყოფას, მაგრამ თქვენ ჩხუბი და გალახვა გინდათ. კანონის ასე მიღება არის ჩათლახობა – მოდით აგერ და გაგვლახეთ ახლა!“,- განაცხადა ხვიჩიამ.

ჩეხეთმა 33 ადგილობრივი კომპანიისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესრულებაში გამონაკლისები დაუშვა

ჩეხეთმა 33 ადგილობრივი კომპანიისთვის რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესრულებაში გამონაკლისები დაუშვა.

ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Seznam Zprvy ჩეხეთის ფინანსურ-ანალიტიკურ სამმართველოზე (FAU) დაყრდნობით იტყობინება.

FAU-ში აღნიშნავენ, რომ გამონაკლისები დაშვებულია ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. შემთხვევების უმეტესობა ატომური ენერგეტიკისა (37%) და ფარმაცევტიკის (45%) სფეროებს უკავშირდება. კომპანიების დასახელებები და დამატებითი დეტალები უცნობია.

გამოცემის ცნობით, ჩეხეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია CEZ-ი, რომელსაც ატომური ელექტროსადგურები „ტემელინი“ და „დუკოვანი“ ეკუთვნის, რამდენჯერმე ითხოვდა გამონაკლისის დაშვებას. CEZ-ის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ კომპანიას მსგავსი შინაარსის „ათამდე მოთხოვნა აქვს გაგზავნილი“.

Seznam Zprvy წერს, რომ გამონაკლისის დაშვების მიზანი იყო ის, რომ კომპანიას რუსულ ინჟინირინგის კომპანიებთან თანამშრომლობა გაეგრძელებინა. CEZ-ში აცხადებენ, რომ მოთხოვნები ეხებოდა ატომური ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს MSA და Skoda JS. MSA ადრე შედიოდა TMK-ს შემადგენლობაში, რომლის მფლობელიც სანქცირებული ბიზნესმენი დმიტრი პუმპიანსკი იყო. Skoda JS კი წარსულში რუსული ОМЗ-ს სტრუქტურაში შედიოდა.

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა

რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, კანონმდებლობა მთლიანად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან, მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, იმაზე მაღალი სტანდარტიც არის დადგენილი, ვიდრე თუნდაც ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა.

მისი თქმით, სერიოზული ბერკეტები მიენიჭა პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა.

„მეორე პრიორიტეტი უკავშირდება ინსტიტუტების ეფექტიანობას ამაღლებას, რაც მოიცავდა რამდენიმე ასპექტს. პირველი იყო საპარლამენტო ზედამხედველობა და პირველ რიგში საპარლამენტო ზედამხედველობის ნაწილი უკავშირდებოდა რეგლამენტში შესატან ცვლილებებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე წარვადგინეთ ჩვენი გეგმა და საბოლოო ჯამში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელთა მიზანი იყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება. ზოგადად ამ მიმართულებით ჩვენ გვქონდა ისედაც ხელშესახები პროგრესი, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია 2018 წელს და ამოქმედდა ახალი რეგლამენტი, თუმცა, დამატებით დაიხვეწა რეგლამენტის კონკრეტული ნორმები. დეტალებში არ გავყვები ამ ცვლილებებს, მაგრამ მაგალითად მოგახსენებთ, რომ ინტერპელაციის ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილება, გაორმაგდა ინტერპელაციების რაოდენობა.

გახსოვთ, წლების განმავლობაში არც პრემიერები, არც მინისტრები არ მოდიოდნენ პარლამენტში იმისთვის, რომ წარმოედგინათ ანგარიშები პარლამენტის წინაშე, საზოგადოების წინაშე დღევანდელი, ახალი მოცემულობით მაგალითად თუ ექნება ამის სურვილი პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრიც კი, არა მარტო მინისტრები, ვალდებულია ნებისმიერ სასესიო თვეში მობრძანდეს პარლამენტში და წარუდგინოს ანგარიში პარლამენტს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ან წარადგინოს მთავრობის ზოგადი ანგარიში. ანუ, ყოველთვიურია უკვე ინტერპელაციები, რომლებიც შემოღებულია რეგლამენტის დონეზე, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებას. ახლა რა თქმა უნდა, ყველაფერი არის პირველ რიგში ოპოზიციის ხელში, თუ ოპოზიცია თავისი კომპეტენციით შეძლებს ამ საზედამხედველო ფუნქციის გამოყენებას, მისთვის გზა ხსნილია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მინისტრის საათთან დაკავშირებით იყო ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები, რაც განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტში.

„მაგალითად, ანგარიშის წინასწარ წარდგენის ვალდებულება დაეკისრა მინისტრს. ერთ დღეში ერთზე მეტი მინისტრის საათის გამართვა დაუშვებელია; საკომიტეტო მოსმენებთან დაკავშირებით გვაქვს ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგალითისთვის, დაზუსტდა ვადები, რაც დაკავშირებულია კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მინისტრის მოწვევასთან კომიტეტის სხდომაზე, ასევე დადგინდა პროაქტიული ანგარიშგების წესი, ამ თემასთან დაკავშირებით კომიტეტი ვალდებულია პროაქტიულად წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია. პარლამენტის წევრის კითხვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი. აქაც გვაქვს ცვლილებები, კერძოდ, შემცირდა პასუხის გაცემის ვადები, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ასევე, აქაც პროაქტიულად გამოქვეყნდება ნებისმიერი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია შეკითხვებზე პასუხის გაცემასთან, მათ შორის შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია და ა.შ. თემატური მოკვლევა – ესეც არის მნიშვნელოვანი საზედამხედველო ინსტრუმენტი და ამ შემთხვევაშიც გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, კვორუმი იქნა დაწეული, რაც დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების მიღებასთან, ასევე რეგლამენტში დაიხვეწა თემატური მოკვლევის რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მექანიზმი. სუს-ის ანგარიშს რაც შეეხება, სუს-ის უფროსი არ იყო ვალდებული წარმოედგინა პირადად ანგარიში პარლამენტის წინაშე და ესეც დაზუსტდა, სუს-ის უფროსი პირადად წარუდგენს პარლამენტს ანგარიშს სუს-ის საქმიანობის თაობაზე. როგორც ხედავთ, რეგლამენტის დონეზე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, კანონმდებლობა არის მთლიანად თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და უფრო მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში, იმაზე მაღალი სტანდარტიც არის დადგენილი, ვიდრე თუნდაც ევროკავშირის წევრ რიგ ქვეყნებში. ანუ, სერიოზული ბერკეტები მიენიჭა პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციას იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მან საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდება და ხმას მიცემს ელექტრონული წესით, რაც ფუნდამენტური ცვლილებაა და პრაქტიკაზე დადებითად აისახება.

„მეორე პრიორიტეტი არის საარჩევნო რეფორმა და აქაც როგორც მოგეხსენებათ, განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები. მთავარი ცვლილება უკავშირდება ელექტრონულ ხმის მიცემას. შემოღებული იქნე ელექტრონული ხმის მიცემის წესი, კენჭისყრის წესი. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დარეგისტრირდება და ხმას მიცემს ელექტრონული წესით, რაც არის ფუნდამენტური ცვლილება, რაც პრაქტიკაზე აისახება ძალიან დადებითად. თქვენ გახსოვთ, იყო უამრავი სპეკულაცია ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით და ა.შ. პრობლემა იყო დაუბალანსებელი ბიულეტენები, ოქმები და ა.შ. ეს პრობლემები ავტომატურად მოგვარდება. დაახლოებით ერთ საათში კენჭისყრის დასრულებიდან, 20 საათზე სრულდება კენჭისყრა როგორც მოგეხსენებათ, 21 საათისთვის უკვე ამომრჩეველთა ხმების 90%-ზე მეტი იქნება დათვლილი და ატვირთული ცესკო-ს ვებგვერდზე, რაც ფუნდამენტურად გააუმჯობესებს მთლიანად საარჩევნო პროცედურების ხარისხს და ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განხორციელდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, პარტიების დაფინანსების კუთხით ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებებია.

„ხარჯების წლიური ზედა ზღვარი განახევრდა პოლიტიკური პარტიებისთვის, რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსებს, აქაც გავყევით ოდირის რეკომენდაციებს, გაორმაგდა ჯარიმები, რაც არის დაკავშირებული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ასევე დადგინდა ხანდაზმულობის ახალი ვადები ასევე ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.

რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, აქაც არის ფუნდამენტური ცვლილებები, კერძოდ, შემოღებული იქნა საუბნო კომისიების წევრთა სრული სერტიფიცირება, ყველა წევრი უნდა იყოს სერტიფიცირებული და ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე საარჩევნო კოდექსში. ასევე საუბნო კომისიის ხელმძღვანელობა აირჩევა საოლქო კომისიის მიერ, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო, რაც შესრულდა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საჩივრებს, ირაკლი კობახიძის თქმით, გაიზარდა გასაჩივრების ვადები, რაც იყო ასევე ოდირის ერთ-ერთი რეკომენდაცია.

„გადათვლას რაც შეეხება, აქაც ავტომატური გადათვლა იქნა შემოღებული, დისბალანსების შემთხვევაში, თუ დისბალანსი აღემატება, 5 ბიულეტენს, ან არის, -10 ბიულეტენი ამ შემთხვევაში ავტომატურად გადაითვლება ნებისმიერი შესაბამისი უბანი. არსებითად აქტუალური იქნება ეს საკითხი იმ უბნებისთვის სადაც არ ვრცელდება ელექტრონული კენჭისყრა. მარკირება შემოღებული იქნება, მათ შორის იმ ამომრჩევლისთვის, რომელიც გადასატანი ყუთით აძლევს ხმას, ესეც არის მნიშვნელოვანი სიახლე და დაკვირვების ნაწილში დამკვირვებელ ორგანიზაციებს, ადგილობრივ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ დააკვირდნენ ცესკოს სხდომებს, მაშინაც როდესაც არ არის საარჩევნო პერიოდი – ესეც იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია. ანუ, საარჩევნო რეფორმის კუთხითაც ხედავთ რომ არის ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელებული და მე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საკმაოდ ფართო კონსენსუსით იქნა დამტკიცებული საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია იწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია იწყება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, პირველი ეტაპი, 10 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.

„თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში, 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია იწყება. რეგისტრაცია ელექტრონულად, სამ ეტაპად წარიმართება.

თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი რეგისტრაციის გავლა.

პირველი ეტაპი დაიწყება 10 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 15 ივლისის 24:00 საათამდე. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან მიზნობრივი სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს ქულას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, მარტოხელა მშობლების შვილი, მრავალშვილიანი ოჯახის შვილები, ან ნაშვილები ბავშვები, სამხედრო მოსამსახურეების შვილები, საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები, საბავშვო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტზე რეგისტრირებული ბავშვები, ვინც დედაქალაქშია რეგისტრირებული. 17 ივლისს, დილით 10:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 23 ივლისს, 24:00 საათამდე.

რეგისტრაციის მესამე ეტაპია საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელიც 25 ივლისს, დილით 10:00 საათზე დაწყება. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება 2 წელი“, – აღნიშნა კალაძემ.

ველისციხეში კაცმა ორი მეზობელი მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

“ექსპლუატაციის სტატუსი, 2020 წლის აგვისტომდე აშენებულ 400-მდე შენობას მიენიჭა, 700-მდე ობიექტის საქმე კი განხილვაშია” – კალაძე

ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც ექსპლუატაციის სტატუსის არმქონე შენობებში ცხოვრობენ, მიმდინარე თვის 27 რიცხვამდე შეუძლიათ მერიას მიმართონ.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 2 წლის წინ მიღებული კანონმდებლობის თანახმად, შენობებს, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებულია, თუმცა ავტოსადგომების რაოდენობასთან, სიმაღლის რეგულირებასთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებული დარღვევები აქვთ, ექსპლუატაციაში მაინც მიიღებენ.

კახა კალაძის თქმით, კანონმდებლობის დამტკიცების შემდეგ, ექსპლუატაციის სტატუსი 400-მდე შენობას მიენიჭა და 700-მდე ობიექტის საქმე ახლაც განიხილება.

„იცით, რომ დედაქალაქისთვის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემასა და გამოწვევას დაუსრულებელი ობიექტების მშენებლობა წარმოადგენდა. უფრო კონკრეტულად, შენობების მშენებლობა დასრულებული იყო, თუმცა ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული. ათეულობით წლების განმავლობაში ადამიანები ცხოვრობდნენ შენობებში, რომლების ექსპლუატირებული არ იყო. ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო უკანონო მშენებლობა იმ მიზნით, რომ კომპანიებს მეტი სარგებელი მიეღოთ, ასევე, გადამეტებული k1 და k2 კოეფიციენტები, ნებართვისაგან განსხვავებული პროექტით მშენებლობა და ა.შ. ეს, პირველ რიგში, პრობლემა იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მსგავს კორპუსებში ცხოვრობდნენ. ქონებას მშენებარე ობიექტის სტატუსი ჰქონდათ, რაც იურიდიულად სრულფასოვანი მფლობელობის უფლებას მათ არ აძლევდა. ასევე, იქ მცხოვრები ადამიანები ვერ ქმნიან ამხანაგობებს და ამ ამხანაგობების განვითარების მიმართულებით არსებული პროექტებით ვერ სარგებლობენ.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, ორი წლის წინ, პარლამენტში, საქართველოს სივრცით-დაგეგმარებით, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებები შევიდა. ამ ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი გახდა, რომ ექსპლუატაციაში მიიღონ ისეთი შენობებიც, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით დასრულებულია, თუმცა აქვს რაღაც დარღვევები, მაგალითად, ავტოსადგომების რაოდენობა, სიმაღლის რეგულირების ხაზი და სხვა. მიუხედავად ამისა, ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკიდან გამომდინარე, იქვე დაზუსტდა, რომ ექსპლუატაციაში მიიღება მხოლოდ ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიხედვით, უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებენ. ამ კანონმდებლობის მიღების შემდეგ, ექსპლუატაციაში 400-მდე ობიექტი მივიღეთ და განხილვის პროცესში 700-მდე საქმეა.

მერიაში განცხადებების წარმოსადგენად ადამიანებს 2 წელი ჰქონდათ. მიმდინარე თვის 27 რიცხვში ეს ვადა იწურება და მათ, ვისაც ამ შესაძლოებით არ უსარგებლიათ, შეუძლიათ შეაგროვონ შესაბამისი დოკუმენტები და მოგვმართონ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

“ნებისმიერ აგრესიას სამოქალაქო აქტივიზმს ეძახიან და თქვენი ტელევიზიები ამას პოზიტიურ კონტექსტში აშუქებენ”- კობახიძე ჟურნალისტს

“იმის თქმა, რომ 12 რეკომენდაციიდან შესრულდა მხოლოდ 3 არის მანიპულაცია. ყურადღებით რომ მოგესმინათ, ნახავდით, რომ 12-დან 3 არ შესრულებულა. სიღრმისეული ინფორმაციაც იმისთვის წარმოგიდგინეთ, რომ ასეთი მშრალი ციფრებით არ გესაუბრათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„ევროკომისიამ იქვე წარმოადგინა 18 პუნქტი, რაც სამომავლოდ არის გასაკეთებელი. თუ ამ 18 პუნქტს ჩავუღრმავდებით, ნახავთ, რომ მთლიანობაში, ხარისხობრივად რაც იყო 12 პრიორიტეტი, იმის 80% არის გაკეთებული. ეს დასტურდება საიდან: 18 პუნქტია, საიდანაც 13, 14 ეხება პრაქტიკის გაუმჯობესებას. რაც შეიძლება დღემდე გაკეთებულიყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ამ პრეზენტაციიდან ჩანდა.

რაც შეეხება ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას და კონკრეტულად მშვილდაძის შემთხვევას – ჩვენ გავაკეთეთ არაერთი განცხადება, რომ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. მე ყველას მოვუწოდე, ნუ შეაქვთ თავისი წვლილი აგრესიის გაღვივებაში, პოლარიზაციაში. მნიშვნელოვანია ის, რომ სამოქალაქო აქტივიზმს ეძახიან ნებისმიერ აგრესიას. მაგალითად, იყო აჭარაში შემთხვევა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა უმაღლეს საბჭოში და მას თავზე ჩამოამხეს ნაგვის ურნა. თქვენი ტელევიზიები ამას პოზიტიურ კონტექსტში აშუქებდნენ“, – აღნიშნა კობახიძემ.