„სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა, ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნება“ – ვახტანგ ძაბირაძე

142
spot_img

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ბოლო სასამართლო სხდომაზე, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვას, ქართველი და მსოფლიო საზოგადოების მხრიდან, განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. სააკაშვილის ხილვით შეშფოთებულმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს უკრაინას.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რომ დაიბარონ უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.

„სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს და სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას დათანხმდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის. მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასაჯოს ადამიანები, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, – დასძინა მან.
ზელენსკის მწვავე განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ – ირაკლი კობახიძემ.

„უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი – ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში“, – განაცხადა მან.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეურაცხმყოფელი იყო ის, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ჩართულები იყვნენ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაში და ახლა იმავე ხელისუფლების წარმომადგენლები მისი უკრაინისთვის გადაცემას ითხოვენ.

„რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში მარტივი მიზეზის გამო, რომ თემა ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში. მაგრამ ზოგადად ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ, როგორც თავადვე აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულნი სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში, დღესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას. ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს, თუმცა ამაზე ღრმად მე არ მინდა შევიდე. ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში”, – განაცხადა კობახიძემ.

დიპლომატიური კუთხით, როგორ შეიძლება შეფასდეს ზელენსკის განცხადება და რა გამოსავალი არსებობს მოცემულ სიტუაციაში, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების მოგვარების თვალსაზრისით? – ამ კითხვებით „ჯორჯიან თაიმსი“ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ძაბირაძის შეფასებით, ზელენსკის მწვავე განცხადება და ქმედება ძალიან ცუდი პოლიტიკური ჟესტია და ის აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

„როდესაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადება კეთდება და ამ განცხადებას გარკვეული ქმედებაც მოსდევს, ეს საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ჟესტია. ზელენსკის მხრიდან საქართველოს ელჩის გამოძევება საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებაა, რაც, რა თქმა უნდა კარგად არ აღიქმება.

ამ კუთხით, ვფიქრობ, პრობლემა არ არის სააკაშვილის გამოსვლაში. პრობლემაა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებში და მათ პოლიტიკაში.

ის, რომ უკრაინა საკუთარი მოქალაქის დაცვას ცდილობს, ჩვეულებრივი ამბავია, ამას რომ სხვა კონტექსტები არ უძღოდეს წინ. ვფიქრობ, ეს თემა პოლიტიკურად უნდა მოგვარდეს. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება კიდევ ერთი აჟიოტაჟი, მიუხედავად იმისა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ვინ მართალია ამ საქმეში და ვინ – მტყუანი. ჩვენ ამას აუცილებლად ისე უნდა შევხედოთ, როგორც პოლიტიკურ პრობლემას და გადაწყვეტილებაც, შესაბამისად უნდა მივიღოთ“, – აცხადებს ის.

პოლიტოლოგის განმარტებით, მოცემულ სიტუაციაში, საუკეთესო გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაა, რითაც ერთხელ და სამუდამოდ, ეს საკითხი დასრულდება.

„ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, იდეალური ქცევა იქნება ის, რომ სააკაშვილი გადასცენ უკრაინას. ეს მართლაც საუკეთესო გამოსავალი იქნება. ოღონდ, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ამ გადაწყვეტილებით მანიპულირება. პირიქით, მათ უნდა თქვან, რომ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება, ვიდრე – სააკაშვილის აქ პატიმრობა. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო უკრაინასთან, არამედ, ჩვენს პარტნიორებთან მიმართებაშიც.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ ყველაფერი „გამოწურა“, რაც სააკაშვილისგან შეიძლებოდა „გამოწურულიყო“. სააკაშვილი ამ მდგომარეობაში ქართულ პოლიტიკაზე დიდ გავლენას ვეღარ მოახდენს, ამიტომაც, საუკეთესო გამოსავლად, სწორედ ეს სვლა მიმაჩნია. ის, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. არც ის მიმაჩნია სწორად, როცა ამბობენ, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ციხეშიო. მოდით, ვთქვათ, რომ პრეზიდენტი არც უკანონოდ არ უნდა შემოიპაროს ქვეყანაში. თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, კარგი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე გააკეთებს განმარტებას და ამ ქმედებით, ეს თემა საერთოდ დაიხურება. ეს უდიდესი დიპლომატია იქნება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“.

/თამუნა დუღაშვილი/