Home Blog Page 1922

“იმ ადამიანს, ვისაც ექომაგებიან, ჩადენილი აქვს არაერთი უღირსი დანაშაული საქართველოში” – მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რაც უნდა პოლიტიკურად მიზანშეწონილად ეჩვენებოდეს ვინმეს, არ არის სწორი მიდგომა, ჩადენილი დანაშაულებისთვის დაკისრებული სასჯელის აღსრულებას ვინმე გარედან ხელს უშლიდეს.

აღნიშნულით სარჯველაძე უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინაში საქართველოს ელჩს სთხოვა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე.

“სამწუხაროდ, არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გასაგები მიზეზების გამო რელევანტური პასუხით დავუპირისპირდეთ ასეთი ტიპის განცხადებებს. იმედი მაქვს მალე დადგება ის დღე, როდესაც შეგვეძლება იმის გაკეთება, რომ რეალურად აღარ იმყოფებოდეს საომარ მდგომარეობაში და შეგვეძლოს ყველაფერს საკადრისი პასუხი გავცეთ. სამწუხაროა, რომ ასეთი მდგომარეობა იქმნება და არ უფრთხილდებიან იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებობს.

ალბათ ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ იმ ადამიანს, ვისაც ექომაგებიან, ჩადენილი აქვს არაერთი უღირსი დანაშაული საქართველოში და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როდესაც არ აცლი ქართულ მართლმსაჯულებას, რომ აღასრულოს დამსახურებული სასჯელი,” – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე იმყოფებოდა საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი. ინფორმაციას უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს. ტექსტში წერია, რომ დიპლომატი უკრაინის პრეზიდენტის ინსტრუქციების შესასრულებლად დაიბარეს, რომელმაც, გამოხატა მწვავე პროტესტი საქართველოში პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებასთან დაკავშირებით. ტექსტში ნათქვამია, რომ ქართველ დიპლომატთან საუბრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ შეურაცხყოფა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი გაიწვიეს რომ დაბრუნდეს თბილისში კონსულტაციებისთვის რომ მოიძიონ არსებული სიტუაციის მოგვარების გზები. უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას სასწრაფოდ განიხილონ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი.

“მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა” – კალაძე

მეგობრობა, როგორც სიყვარული, ურთიერთობები, ორმხრივი არსებობს, ცალმხრივი არაფერი ვარგა, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს.

„გულდასაწყვეტია აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით, თუმცა, ერთი რამ მინდა ვთქვა, თუ გადავხედავთ ისტორიას, ისტორიულად, ქართველი და უკრაინელი ხალხი ყოველთვის მეგობრები იყვნენ. ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იყვნენ და ამ ურთიერთობას ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეცვლის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს“, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნება აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პასუხი, კახა კალაძემ განმარტა, რომ „გადაწყვეტილებებს ემოციებით არ იღებენ“.

„ჩვენ გადაწყვეტილებებს ემოციებით არ ვიღებთ. ეს ჩანს მთელი იმ პოლიტიკის განმავლობაში, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წლის შემდეგ აწარმოებს. დღეს პარტიის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს გაგაკეთებთ, რომ ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის ურთიერთობები არსებობდეს“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ ადამიანებმა, ვინც სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ცრუ კამპანია ააგორეს, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

„მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის კლინიკაში. ის პენიტენციურ დაწესებულებაში არ იმყოფება. იცით, რა კამპანია იყო წამოწყებული, თითქოს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. თუ რეალურად მართლა რამე აქვს, იმკურნალოს. არანაირი პრობლემა არ არის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ეს ადამიანი მთელი ამ ხნის და თვეების განმავლობაში თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა. ერთი მიზანი იყო, როგორმე მომხდარიყო მისი სასჯელისგან გათავისუფლება ზუსტად იმ მოტივით, რომ ფიზიკურად არის სუსტად, არის მძიმე მდგომარეობაში, აქვს დაავადებები. საბოლოოდ, ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა. გამოდიოდნენ და იმასაც გვაბრალებდნენ, თითქოს ხელისუფლების მიერ მოწამლული იყო. ექიმები, პოლიტიკოსები გამოდიოდნენ, უცხო ქვეყნებიდან, თუკი რაიმე ორგანიზაცია იყო, ყველა შეაწუხეს და ყველა ალაპარაკეს. გამოვიდნენ ახლა ეს ადამიანები, კეთილი ინებონ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას იმ ცრუ კამპანიისთვის, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს.

“საქართველოს დემოკრატიული იმიჯის წინააღმდეგ წარმოებული მტრული კამპანია ორ მთავარ ტყუილს ეყრდნობოდა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში’’ საქართველოს წინააღმდეგ, ბოლო დროს, მიმდინარე კამპანიას ეხმიანება და წერს, რომ საქართველოს დემოკრატიული იმიჯის წინააღმდეგ წარმოებულმა მტრულმა კამპანიამ, რომელიც ორ მთავარ ტყუილს ეყრდნობოდა, შედეგი ვერ გამოიღო.

მისი თქმით, პირველი, მითი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააბათილა, რომელმაც დაადასტურა, რომ ხელისუფლების მიერ დაცულია სააკაშვილის უფლებები. ხოლო, მეორე მითი, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციების წარმომადგენლების დასკვნამ, რომ საქართველო უზრუნველყოფს სანქციების თავიდან არიდების პრევენციას და რომ სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი საქართველოში არ გამოვლენილა.

„საქართველოს დემოკრატიული იმიჯის წინააღმდეგ წარმოებული მტრული კამპანია ბოლო წელიწად-ნახევარში ორ მთავარ ტყუილს ეყრდნობოდა: პირველი, სააკაშვილის ვითომ წამებას პატიმრობაში და, მეორე, დასავლეთის თანამეგობრობის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების დარღვევის მტკიცებას. ორივე მითი ახლა უკვე განადგურებულია, პირველი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც დაადასტურა ხელისუფლების მიერ სააკაშვილის უფლებების დაცვა, მათ შორის სრული სამედიცინო მომსახურება და რომელმაც სააკაშვილი სასჯელის მოსახდელად კლინიკაში დატოვა. და მეორეც, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სანქციების წარმომადგენლების დასკვნებმა დაადასტურა, რომ საქართველო უზრუნველყოფს სანქციების თავიდან არიდების პრევენციას, სანქციების არიდების საწინააღმდეგო ქართული სისტემა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს და სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა. საქართველო ამ უთანასწორო ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა. საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ სიმართლის იმედად იყო, ხოლო ოპონენტებს მილიონობით დოლარის იმედი ჰქონდათ, რომლებიც სულ ტყუილად გაფლანგეს, რათა დაეზიანებინათ საქართველოს დემოკრატიული მიღწევები და შეექმნათ ტყუილების, არასწორი აღქმებისა და დეზინფორმაციის საბურველი. ხაზგასასმელია, რომ ეს ხალხი, უცხოელებიც და ქართველებიც, პოლიტიკური კორუფციის ჭაობში ჩაფლულები, საქართველოს წინააღმდეგ რუსულ ჰიბრიდულ ტაქტიკას იყენებდნენ. რამდენიმე დღეა, მოწმენი ვართ ბოლო, სასოწარკვეთილი მცდელობებისა, ხელახლა შეცვალონ ვითარება, რაც ვერასოდეს მოხდება, რადგან ტყუილების საპნის ბუშტი უკვე საქართველოს საზღვრების გარეთაც გასკდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი” – მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატო-ს სამიტისთვის მზადების დროს ჩემთვის მოიცალა – უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, აღნიშნავს, რომ ის რჩება უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაჩინა ადამიანურობის ეტალონი და გაგანია ომის და ნატოს სამიტისთვის მზადების დროს მოიცალა ჩემთვის.

როგორ შეიძლება თუნდაც ამის გამო არ გიყვარდეს უკრაინა და არ სცემდე პატივს მის პრეზიდენტს. მე ვრჩები უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ და, რა თქმა უნდა, გმირული ქვეყნის ამაყ მოქალაქედ.

უახლოეს დღეებში ველოდები კარგ ამბებს ფრონტიდან“, – წერს სააკაშვილი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 ივლისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6092 ლარი ეღირება, ევრო – 2.8422 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3066 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6131 ლარი ღირდა, ევრო – 2.8342 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3040 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 ივლისს ამოქმედდება.

„საფრანგეთო, რა სწრაფად დაივიწყე რუსეთის წყალობა და სიკეთე?!“ – უცხოური პრესა

თურქული პოპულარული გამოცემა „დიკგაზეტე“ (DikGAZETE) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საფრანგეთო, რა სწრაფად დაივიწყე რუსეთის წყალობა და სიკეთე!“ (ავტორი – ფუად საფარი). მასალაში ერთმანეთთან არის შედარებული სსრკ (რუსეთ)-საფრანგეთის ისტორიული ურთიერთობები – მე20 საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის დროს და 21-ე საუკუნეში, ამჟამად.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

1945 წლის 8 მაისის ღამეა. დამარცხებული გერმანიის დედაქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში მდგარ შენობაში, რომელშიც წითელი არმიის შტაბი იყო განლაგებული, გერმანიის ვერმახტის სარდლობამ უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა.

სანამ ნაცისტური გერმანიის დელეგაცია სსრ კავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლების წინაშე კაპიტულაციას ხელს მოაწერდა, საინტერესო მოვლენა მოხდა.

დაინახა რა დარბაზში შესვლისას საფრანგეთის დროშა და ქვეყნის უმაღლესი სამხედრო სარდლობა მაგიდასთან, გერმანიის დელეგაციის მეთაურმა, ფელდმარშალმა ვილჰელმ კეიტელმა თავი ვერ შეიკავა და იკითხა: „ნუთუ ჩვენ ფრანგებმაც დაგვამარცხეს?“.

რა თქმა უნდა, საფრანგეთი გამარჯვებული ქვეყნების რიგში საბჭოთა ლიდერის – იოსებ სტალინის წყალობით შევიდა.

დიახ, ფრანგი მფრინავები მოსკოვის მხარეზე იბრძოდნენ ავიაესკადრილია „ნორმანდია-ნემანის“ შემადგენლობაში, გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ. ზოგიერთი მათგანი გმირული სიკვდილით დაიღუპა… მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ ვერმახტის შემადგენლობაში მყოფი ფრანგული სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის მიწაზე მხეცობას სჩადიოდნენ.

იცით, რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი?

მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, საფრანგეთის სულ უფრო ხშირად აკრიტიკებდა რუსეთს, ბოლო დროს კი ლანძღვამ ყველანაირ საზღვარს გადააბიჯა.

ამას წინათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე უკრაინელი სამხედრო ტყვეების ჩვენებები გამოქვეყნდა, რომელთა მიხედვით, ფრანგი ინსტრუქტორები მათ რაც შეიძლება მეტი რუსის დახოცვის წესებს ასწავლიდნენ და საუბრისას რუსი ხალხისადმი სიძულვილს უნერგავდნენ.. ასეთი ქმედება არაადამიანური და ანტიჰუმანურია. სწორედ ასეთი პროპაგანდისა და აგიტაციის წყალობით ხდება სიძულვილის გაღვივება და სისხლისღვრა.

საფრანგეთი, იმის ნაცვლად, რომ საკუთარ პრობლემებს ებრძოლოს, სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ერევა, განსაკუთრებით რუსეთის შიდა პოლიტიკაში. ბუნებრივია, პარიზის პოლიტიკას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკადრისი პასუხი გასცა – „უმჯობესი იქნება შენს პრობლემებს მოუარო, სხვის საქმეებში რომ ეჩრებიო… და სანამ ჩვენი პრობლემების მოგვარებას გვასწავლი, მანამ შენს პრობლემებს მოუარე და იმკურნალეო“.

როგორც ცნობილია, საფრანგეთში ამ დღეებში მოსახლეობის ფართო მასების უპრეცედენტო ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს.

ვფიქრობ, რომ საფრანგეთმა საკუთარ ხსოვნას უნდა უმკურნალოს, რათა არ დაივიწყოს ის კარგი, რაც რუსეთმა საფრანგეთს გაუკეთა.

უბრალოდ, ფრანგებმა თავიანთ საქმეებს უნდა მიხედონ, სხვის საქმეებში ცხვირს ნუ ჩაჰყოფენ და რჩევების მიცემას ნუ დაიწყებენ.

წყარო

თეგეტა ჰოლდინგმა“ 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები გამოუშვა

საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერმა – „თეგეტა ჰოლდინგმა”, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 20 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა.

აღნიშნული ტრანზაქცია ეროვნულ ვალუტაში და ასევე, რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში პირველი მწვანე ობლიგაციების განთავსებაა.

 ობლიგაციების სტრატეგიული ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია. ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა – მსუბუქი, სამგზავრო და სხვა ტიპის ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის იმპორტსა და რეალიზაციას, ასევე, ქვეყნის მასშტაბით, ელექტრო მანქანების 70 დასატენი სადგურის მოწყობას მოხმარდება.

 2.5-წლიანი ობლიგაციების ფასი TIBR6m+3.5%-ით განისაზღვრა, კუპონის საპროცენტო განაკვეთი კი ნახევარწლიურად დაიფარება.

 განთავსების სტრატეგიული ინვესტორების იურიდიული მრჩეველია – Dentons. მწვანე ობლიგაციების ჩარჩოზე მეორე მხარის მოსაზრება კი, Sustainalytics-მა წარმოადგინა.

 აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში, ლარის რესურსის მოსაზიდად, ბონდების სტრატეგიულმა ინვესტორმა – აზიის განვითარების ბანკმა (ADB), ასევე თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე ლარის ობლიგაციები გამოუშვა.

 ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი: „ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ავტოინდუსტრიაში თეგეტა პრეცედენტს ქმნის – ამ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანია პირველია, რომელმაც რეგიონის მასშტაბით, საავტომობილო ბიზნესში მწვანე ობლიგაციები გამოუშვა და ამასთანავე, პირველები ვართ ქართული კაპიტალის ბაზარზე, ვინც მწვანე ფასიანი ქაღალდების ემისია ეროვნულ ვალუტაში განახორციელა. მწვანე ბონდების გამოშვება ძალიან ახლოსაა ჩვენს კორპორაციულ სოციალურ კულტურასთან. არსებული ემისიის პროსპექტის ფარგლებში კი კომპანია იღებს ვალდებულებას, ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტი კიდევ უფრო განავითაროს. ეს დივერსიფიცირებული ელექტრფიცირებული სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, რაც ფართო მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგის მწვანე ობლიგაციები სრულად აზიის განვითარების ბანკმა შეიძინა, რაც მიუთითებს, რომ მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი თეგეტას სამომავლო პარტნიორად განიხილავს.”

 მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი„მოხარული ვართ, რომ როგორც რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში, ისე ეროვნულ ვალუტაში განხორციელებული პირველი მწვანე ბონდები სწორედ თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განთავსდა. ეს ტრანზაქცია „თეგეტა ჰოლდინგისა” და თიბისი კაპიტალისთვის – მე-3 ერთობლივი, თიბისი კაპიტალისთვის კი, მწვანე ობლიგაციების მე-განთავსებაა, რაც ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის და ზოგადად, თიბისი ჯგუფის წვლილსა და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ. მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. სულ უფრო მეტი ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ თავიანთ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს გაზრდიან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და ქართული კომპანიები ამ ტენდენციის მონაწილეები ვიყოთ იმისთვის, რომ მომავალში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორები კიდევ უფრო აქტიურად დავაინტერესოთ ქართული კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით.”

 სიუზან გაბური, ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი: „აზიის განვითარების ბანკი (ADB) აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკია და ეს ინვესტიცია ADB-ის იმ მხარდაჭერის ნაწილია, რასაც საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის კლიმატისა და გენდერული ობლიგაციების სახით ახორციელებს. ეს საქართველოში ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებაა და ველოდებით, რომ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მეტი მწვანე ობლიგაციის გამოშვებას.”

(R)

რა ბზარებია პუტინის ძალაუფლების ვერტიკალში – უცხოური პრესა

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ Voice of America-მ („ამერიკის ხმა“ – აფინანსებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რედაქცია – ვაშინგტონში) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია „ბზარები პუტინის ძალაუფლების ვერტიკალში“, რომელშიც გაანალიზებულია რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერ-ჯგუფის“ ანტისამთავრობო ამბოხების შედეგები, მოცემულია აგრეთვე ექსპერტების კომენტარები და პროგნოზები.

გთავაზობთ პუბლიკაციას სრული სახით:

ევგენი პრიგოჟინის და მისი სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” ხანმოკლე ამბოხს მოჰყვა განხილვები იმაზე, თუ რამ განაპირობა პუტინის ყოფილი ახლო მოკავშირის მიერ საკუთარი კერძო ჯარის მოსკოვისკენ მიმართვა.

„ევგენი პრიგოჟინს ან დახვრეტა ან ციხეში წასვლა ემუქრებოდა. ამიტომ მან, როგორც ჯარისკაცმა, კამათელი გააგორა და გადაწყვიტა ვა-ბანკზე წასულიყო“, – ამბობს ლეონ არონი, “ამერიკის წამოწყებათა ინსტიტუტის” უფროსი მკვლევარი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

ევგენი პრიგოჟინმა წინააღმდეგობის გარეშე თითქმის მოსკოვამდე მიაღწია. თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამბოხი 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციას შეადარა, თუმცა მალევე პოზიცია შეცვალა და პრიგოჟინთან 24 ივნისს შეთანხმებას მიაღწია. პრიგოჟინის ამბოხი “აჩვენებს ბზარებს პუტინის ძალაუფლების ვერტიკალში”, – ამბობს მარია სნეგოვაია, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი.

„ძალაუფლების ვერტიკალი მან 1990-იანი წლების არასტაბილურობის საპირწონედ ააშენა, როცა კრიმინალები დათარეშობდნენ… და მთავრობას ემუქრებოდნენ. ახლა, ამ ფონზე, ისმის კითხვა, თუ რა განსხვავებაა 1990-იანების რუსეთსა და 2023 წლის რუსეთს შორის“, – დასძენს მარია სნეგოვაია.

ამბოხის შეწყვეტის სანაცვლოდ დადებული შეთანხმების თანახმად, ევგენი პრიგოჟინი და მისი “ვაგნერის” ჯგუფი ბელარუსში გადადიან. ამავე შეთანხმების ნაწილი იყო პრიგოჟინის წინააღმდეგ კრიმინალურ საქმის შეწყვეტა, რაც კრემლმა მალევე უკან წაიღო და გამოძიების გაგრძელებასთან ერთად მისი შემოსავლების მოკვლევა დაიწყო.

ექსპერტების აზრით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ის გზავნილია, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა ამბოხის შედეგად მიიღეს.

„ისინი ხედავენ, როგორი სისხლიანი და უაზრო ომია ეს ომი და როგორი არაეფექტური და კორუმპირებულია ის. მომხდარმა მათ შესაძლოა გარკვეული იდეებიც მისცეს, რომ თუ გაქვს საკმარისი შეიარაღება, შეგიძლია ერთ მილიონიანი ქალაქის ოკუპაცია მოახდინო და მოსკოვამდეც ჩახვიდე. რუსეთის ელიტაში ბევრი სასოწარკვეთილი და გაბრაზებული ადამიანია… და როცა სისხლი იღვრება, ზვიგენები იქვე ჩნდებიან“, – აცხადებს მარია სნეგოვაია.

სამხედრო აჯანყების მიმდინარეობისას, რუსეთის ხელისუფლების ტრადიციული შიდა მოკავშირეები და ელიტის წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში დუმდნენ.

„ბევრი [რუსეთს ელიტაში] უბრალოდ იჯდა და ელოდებოდა რა მოხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის მიმართ მხარდაჭერა ძალიან სუსტია”, – ამბობს კურტ ვოლკერი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი და აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს მოუწევს იმოქმედოს.

“მე ვერ ვხედავ როგორ შეიძლება დარჩეს ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში ისე, რომ ევგენი პრიგოჟინს ეს აპატიოს და თავისუფალი დატოვოს. ამიტომ ბევრ რამეს ვიხილავთ. ვფიქრობ რეჟიმი „ვაგნერის“ ყოფილი ხელმძღვანელის მოკვლას ეცდება და ეს თვითონ ევგენი პრიგოჟინმა იცის“, – ამბობს კურტ ვოლკერი.

62 წლის ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერმა“ უკრაინაში 16-თვიანი ომის ყველაზე რთულ და სისხლიან ბრძოლებში მიიღეს მონაწილეობა.

„მისი ჯარი ყველაზე კარგად გაწვრთნილი, გამოცდილი და შეიარაღებულია. ფაქტია, რომ დღეს ის ალტერნატიული ძალაუფლების ცენტრს წარმოადგენს, სამწუხაროდ არა მშვიდობიან, დემოკრატიულ, ლამაზ რუსეთს, არამედ ძალიან ძალადობრივ, ნაციონალისტურ, დაუნდობელ და შეიძლება იმაზე უფრო მახინჯ რუსეთს, ვიდრე რუსეთი დღესაა“, – ამბობს მარია სნეგოვაია.

მიმომხილველების უმრავლესობა თანხმდება, რომ „ვაგნერის“ მოსკოვისკენ მარშმა და როსტოვის დაკავებამ, რუსეთის ლიდერის ხელისუფლების სისუსტეები აჩვენა. რას ნიშნავს მომხდარი ვლადიმერ პუტინისთვის?

„ვნახეთ, რომ ვლადიმირ პუტინი უფრო მეტად სუსტია ვიდრე დასავლეთში ფიქრობდნენ. ის თუ როგორ მიიღეს “ვაგნერის” ლიდერი ევგენი პრიგოჟინი რუსეთში, მათ შორის ორ სამხედრო ბაზაზე და ორ ქალაქში, აჩვენებს, რომ ის პოპულარულია და იმას, რომ რუსებს არ მოსწონთ როგორ მართავს პუტინი სიტუაციას”, – ამბობს კურტ ვოლკერი.

ევგენი პრიგოჟინი თავდაპირველად ვლადიმერ პუტინს არ აკრიტიკებდა და მხოლოდ რუსეთს სამხედრო ხელისუფლების მოქმედებებს გმობდა ომის არასწორი წარმართვის გამო. მისი თქმით, “მოსკოვზე მარში” მიზნად ისახავდა კორუმპირებული და არაკომპეტენტური რუსი სამხედრო ხელმძღვანელობის შეცვლას. ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ევგენი პრიგოჟინის კრიტიკა სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ ხაზს უსვამს, რუსეთის ელიტის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლის ერთ ასპექტს.

„ნებისმიერი გამოწვევა პუტინისთვის პოტენციურად კარგია, რადგან ის არყევს სტაბილურობაზე წარმოდგენას და მისი დაუძლევლობის ხატს“, – ამბობს მარია სნეგოვაია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვიხილავთ თუ არა ცვლილებებს რუსეთის თავდაცვის სისტემაში და დარჩებიან თუ არა პოსტებზე თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.

საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში შესაძლოა გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს, რომელიც უკრაინის ომს გარკვეულ ეტაპზე ედგა სათავეში და ასევე ხელმძღვანელობდა რუსეთის კამპანიას სირიაში. უცნობია რა როლი ჰქონდა მას ამბოხში და ასევე უცნობია, რა ელის თავად პრიგოჟინს.
„მე გამიკვირდება თუ ის დიდხანს იცოცხლებს. ვლადიმერ პუტინი არასდროს პატიობს მოღალატეებს. მან ასეთი რეპუტაცია შეიქმნა. იქნება ეს „ნოვიჩოკი“ თუ სხვა რამ, ან თუ უცებ პრიგოჟინი ფანჯრიდან გადახტება, სადმე ბელარუსში“, – ამბობს მარია სნეგოვია.

ესპერტების ნაწილი თვლის, რომ პრიგოჟინის ამბოხი რუსეთში ძალაუფლების კრიზისის მხოლოდ დასაწყისი იყო. მარია სნეგოვაიას თქმით, „ჩვენ მხოლოდ პირველი აქტი ვიხილეთ და მეორე აქტსაც სავარაუდოდ მალე ვნახავთ“.

წყარო

“ყველამ იხილა მიშას კადრები, რასაც მოჰყვა მკვეთრი რეაქცია”-პეტრე ცისკარიშვილი

ჩვენი პარტიის სახელით, მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინელ ხალხს, უკრაინაში მართლაც ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ელჩი იქნეს გამოძევებული კიევიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

როგორც პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი ზელენსკი და მისი ადმინისტრაცია ბოლო წლინახევრის განმავლობაში გვერდიდან აკვირდებოდნენ საქართველოს, ხელისუფლების მოქმედებებს, მათ ხელშეწყობას რუსული რეჟიმისთვის ეკონომიკური ბლოკადის გარღვევაში, როგორც ეს თავად რუსეთის საბაჟოს სამსახურმა განაცხადა.

საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს და ეხმარება რუსეთს პირდაპირი ფრენების აღდგენაში, ვაჭრობაში, ვალუტის გადინებაში და იქიდან, შესაბამისად, ადამიანების და მათი გადმოგზავნილი ფულის მიღებაში და ყველაფერ იმაში, რასაც შემდეგ რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ იქ სამხედრო კამპანიის საწარმოებლად. პრეზიდენტ ზელენსკიმ შარშან, წლის ბოლოს, ძალიან კოლეგიალურად, ადამიანურად ითხოვა უკრაინის მოქალაქის, თავისი მეგობრის, მისი ადმინისტრაციის მთავარი რეფორმატორის, მიშა სააკაშვილის გათავისუფლება ჰუმანიტარული მიზნით, მაგრამ „ქოცების“ რეჟიმმა, „რუსულმა ოცნებამ“ ეს თხოვნა არ შეისმინა, შესაბამისი გადაწყვეტილებები, მოგეხსენებათ, არ მიიღო. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად მთელმა უკრაინამ იხილა მიშას კადრები, პირდაპირ გაიგივებული საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრის კადრები, გუშინ და ამას მოჰყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია, რისთვისაც მე ვუხდი მადლობას, ჩვენი პარტიის სახელით, პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინელ ხალხს, ყველას ვუხდით დიდ მადლობას, რადგან უკრაინაში მართლაც ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ელჩი იქნეს გამოძევებული კიევიდან“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

პოლიციამ კახეთში მომხდარი 2 პირის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებს – 1952 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ზ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ზელენსკის ერთი ბრძნული გამონათქვამი მინდა, შევახსენო – “ვინც საკუთარ სამშობლოს ჰყიდის, ის სხვის სამშობლოს ნაცარტუტად აქცევს” -დიმიტრი ხუნდაძე

,,თუ გონი გაქვთ, უნდა მიხვდეთ, რომ აღარ გჭირდებათ ავანტიურისტი სააკაშვილის დამატება. ბოლოს და ბოლოს, დაინდეთ უკრაინელი ხალხი „საქართველოს ხელისუფლება, ზელენსკისგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და სწორედ ამიტომ გავხდით დასავლეთისგან დარტყმის ობიექტი”, – ასე გამოეხმაურა, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ელჩისთვის ქვეყნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია, მას ეს დაავალეს და შესაბამისად ასრულებს ამ დავალებას. „მიხეილ სააკაშვილის ეკრანზე გამოჩენა მისი ლობისტების მხრიდან კიდევ ერთი შემოტევის საბაბი გახდა. გუშინ კვლავ იგივე სცენარი გაითამაშეს, რასაც აქამდე აკეთებდნენ სააკაშვილის საჩვენებელი გამოსვლა და შემდეგ წინასწარ მომზადებული ტექსტებით გამოხმაურებები.

სააკაშვილის მიერ მიზანმიმართულად გამოყენებული საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე კითხვებს აღარ ბადებს ყველაზე რადიკალურად განწყობილ მოსახლეობაშიც კი, მათ შორის დარწმუნებული ვარ, არც მის ლობისტებში. მათაც კარგად იციან, რომ თუ პატიმარი საკვებს ნორმალურად მიიღებს, კარგი ვიზუალი ექნება, თუმცა პოლიტიკური მიზნებისთვის ამის აღიარება არ აწყობთ. თან, წინ უდევთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც. ამ მანიპულაციური დაგეგმარების შედეგია გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაც საქართველოს ელჩის შესახებ. ზელენსკიმ მორიგი დავალება მიიღო და იმ ქვეყნის ელჩს ატოვებინებს უკრაინას, სადაც ომისგან განადგურებულ უკრაინელებს მფარველობენ.

რა ჰქვია ამას?” ამას შესაძლოა მხოლოდ ერთადერთი სახელი მივუსადაგოთ – უმადურობა, თუმცა სხვა ქვეყნების დაკვეთების განმახორციელებელს კიდეც რომ ჰქონდეს მადლიერების გრძნობა, ამის თქმის უფლებას არავინ მისცემს. საქართველომ უკრაინის მიმართ ღირსეული მეგობრობის მაგალითი აჩვენა, რაც ჩვენს ხასიათში დევს ზოგადად. საქართველოს ხელისუფლება, ზელენსკისგან განსხვავებით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და სწორედ ამიტომ გავხდით დასავლეთისგან დარტყმის ობიექტი. ეს ომიც დამთავრდება ადრე თუ გვიან და ისტორია ყველას შესაბამის ადგილს მიუჩენს. კიდევ ერთხელ ვუცხადებ თანადგომას უკრაინელ ხალხს, რომლებიც ამ სასტიკ ომს არ იმსახურებდნენ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ზელენსკის ერთი ბრძნული გამონათქვამი მინდა შევახსენო: „ვინც საკუთარ სამშობლოს ჰყიდის, ის სხვის სამშობლოს ნაცარტუტად აქცევს”. თუ გონი გაქვთ, უნდა მიხვდეთ, რომ აღარ გჭირდებათ ავანტიურისტი სააკაშვილის დამატება. ბოლოს და ბოლოს დაინდეთ უკრაინელი ხალხი”, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

„სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა, ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნება“ – ვახტანგ ძაბირაძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ბოლო სასამართლო სხდომაზე, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვას, ქართველი და მსოფლიო საზოგადოების მხრიდან, განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. სააკაშვილის ხილვით შეშფოთებულმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს უკრაინას.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, რომ დაიბარონ უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.

„სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს და სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას დათანხმდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის. მე მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, მოაგვარონ ეს სიტუაცია და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არცერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასაჯოს ადამიანები, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“, – დასძინა მან.
ზელენსკის მწვავე განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ – ირაკლი კობახიძემ.

„უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი – ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში“, – განაცხადა მან.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეურაცხმყოფელი იყო ის, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები ჩართულები იყვნენ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაში და ახლა იმავე ხელისუფლების წარმომადგენლები მისი უკრაინისთვის გადაცემას ითხოვენ.

„რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გუშინდელ ნაბიჯს, რაც უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში მარტივი მიზეზის გამო, რომ თემა ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც არის ომის მდგომარეობაში. მაგრამ ზოგადად ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი იყო თავისთავად ისიც, რომ, როგორც თავადვე აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულნი სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში, დღესაც იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას. ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს, თუმცა ამაზე ღრმად მე არ მინდა შევიდე. ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში”, – განაცხადა კობახიძემ.

დიპლომატიური კუთხით, როგორ შეიძლება შეფასდეს ზელენსკის განცხადება და რა გამოსავალი არსებობს მოცემულ სიტუაციაში, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების მოგვარების თვალსაზრისით? – ამ კითხვებით „ჯორჯიან თაიმსი“ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ძაბირაძის შეფასებით, ზელენსკის მწვავე განცხადება და ქმედება ძალიან ცუდი პოლიტიკური ჟესტია და ის აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

„როდესაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან ასეთი განცხადება კეთდება და ამ განცხადებას გარკვეული ქმედებაც მოსდევს, ეს საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ჟესტია. ზელენსკის მხრიდან საქართველოს ელჩის გამოძევება საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებაა, რაც, რა თქმა უნდა კარგად არ აღიქმება.

ამ კუთხით, ვფიქრობ, პრობლემა არ არის სააკაშვილის გამოსვლაში. პრობლემაა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებში და მათ პოლიტიკაში.

ის, რომ უკრაინა საკუთარი მოქალაქის დაცვას ცდილობს, ჩვეულებრივი ამბავია, ამას რომ სხვა კონტექსტები არ უძღოდეს წინ. ვფიქრობ, ეს თემა პოლიტიკურად უნდა მოგვარდეს. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება კიდევ ერთი აჟიოტაჟი, მიუხედავად იმისა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ვინ მართალია ამ საქმეში და ვინ – მტყუანი. ჩვენ ამას აუცილებლად ისე უნდა შევხედოთ, როგორც პოლიტიკურ პრობლემას და გადაწყვეტილებაც, შესაბამისად უნდა მივიღოთ“, – აცხადებს ის.

პოლიტოლოგის განმარტებით, მოცემულ სიტუაციაში, საუკეთესო გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაა, რითაც ერთხელ და სამუდამოდ, ეს საკითხი დასრულდება.

„ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, იდეალური ქცევა იქნება ის, რომ სააკაშვილი გადასცენ უკრაინას. ეს მართლაც საუკეთესო გამოსავალი იქნება. ოღონდ, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ამ გადაწყვეტილებით მანიპულირება. პირიქით, მათ უნდა თქვან, რომ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება, ვიდრე – სააკაშვილის აქ პატიმრობა. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო უკრაინასთან, არამედ, ჩვენს პარტნიორებთან მიმართებაშიც.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ ყველაფერი „გამოწურა“, რაც სააკაშვილისგან შეიძლებოდა „გამოწურულიყო“. სააკაშვილი ამ მდგომარეობაში ქართულ პოლიტიკაზე დიდ გავლენას ვეღარ მოახდენს, ამიტომაც, საუკეთესო გამოსავლად, სწორედ ეს სვლა მიმაჩნია. ის, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. არც ის მიმაჩნია სწორად, როცა ამბობენ, რომ პრეზიდენტი არ უნდა იჯდეს ციხეშიო. მოდით, ვთქვათ, რომ პრეზიდენტი არც უკანონოდ არ უნდა შემოიპაროს ქვეყანაში. თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, კარგი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხზე გააკეთებს განმარტებას და ამ ქმედებით, ეს თემა საერთოდ დაიხურება. ეს უდიდესი დიპლომატია იქნება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „ჯორჯიან თაიმსთან“.

/თამუნა დუღაშვილი/