Home Blog Page 1918

“ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი და იმართება კონცერტები” – ელისო ბოლქვაძე

როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები, – აღნიშნულით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ ოპოზიციონერ კოლეგას, რომან გოცირიძეს უპასუხა, რომელმაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დისკუსიისას ბიუროს მიმართა, განიხილონ, როგორც მისი კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უძრავი ქონების შეძენის აკრძალვის შესახებ, ასევე ელისო ბოლქვაძის წინადადება პარლამენტში როიალის შეტანასთან დაკავშირებით.

როგორც ბოლქვაძემ განმარტა, როიალის დადგმასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სპეკულაცია ისმის, როიალის დადგმა კი ფუფუნების საგანს არ წარმოადგენს.

„ძალიან ბევრი სპეკულაციებია ამ როიალის დადგმასთან დაკავშირებით. როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები. კონცერტები და კლასიკური მუსიკა გართობის თემა არ არის. ეს არის ცნობიერების ამაღლება“, – აღნიშნა ბოლქვაძემ.

“ჩვენი რეიტინგი გაზრდილია წინა არჩევნებთან შედარებითაც კი” – ირაკლი კობახიძე „გორბის“ კვლევაზე

ხედავთ, რა მდგომარეობაა ოპოზიციის შიგნით: არის დაპირისპირება და კინკლაობა „ნაცმოძრაობის“ შიგნით, სხვა პარტიები პრაქტიკულად აღარც არსებობს. ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოსულია 20%-მდე, სხვა პარტიებს არ აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კვლევა ასახავს საზოგადოების განწყობას. ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი წინა არჩევნებთან შედარებითაც კი, გახსოვთ ალბათ, წინა არჩევნებზე იყო 47%, მანამდე 48%. დღეს ეს რეიტინგი არის მომატებული, რასაც აქვს თავისი მიზეზები. რაც შეეხება ოპოზიციის შემცირებულ რეიტინგებს, ამასაც აქვს თავისი მიზეზები. ხედავთ, რა მდგომარეობაა ოპოზიციის შიგნით: არის დაპირისპირება და კინკლაობა „ნაცმოძრაობის“ შიგნით, სხვა პარტიები პრაქტიკულად აღარც არსებობს. ასეთ ვითარებაში აბსოლუტურად გასაგებია, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩამოსულია 20%-მდე, სხვა პარტიებს არ აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი. ეს ზუსტად ასახავს ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ვითარებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციას აგებული ჰქონდა თავისი კამპანია კანდიდატის სტატუსზე. თქვენ იცით, რომ აქაც სერიოზული მარცხი განიცადეს. ეს კვლევაც არის ჩატარებული ევროკომისიის რეკომენდაციის გამოქვეყნებამდე. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რეკომენდაციის შემდეგ ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად, მნიშვნელოვნად გაიზრდება. თავის თავს უნდა დააბრალოს ყველაფერი ოპოზიციამ: დეზინფორმაციული კამპანიები, რევოლუციის მცდელობა და ა.შ. – ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება ოპოზიციის რეიტინგზე. ამ ქვეყანაში ხალხს უნდა სიმშვიდე და მშვიდობა და არა ის, რასაც საზოგადოებას სთავაზობს რადიკალური ოპოზიცია, ამიტომ ეს რეიტინგები აბსოლუტურად ლოგიკურია“, – აღნიშნა კობახიძემ.

„გორბის“ კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ

„იმ დროს, როცა უკრაინელი მამაკაცები მტერს ებრძვიან, ქალები ზურგში მუშაობენ“ – უცხოური პრესა

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვყნებს სტატიას სათაურით „იმ დროს, როცა უკრაინელი მამაკაცები მტერს ებრძვიან, ქალები ზურგში მუშაობენ“. პუბლიკაციაში გადმოცემულია ერთ-ერთი უკრაინელი ქალის ცხოვრება საომარ პერიოდში, პარალელურად განხილულია უკრაინის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა: უმუშევრობისა და დასაქმების დონე, ქალთა მდგომარეობა ომის დროს, მათი შრომითი პირობები და ა.შ.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

49 წლის ოქსანას ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ომმა ქმრისა და ვაჟის სიცოცხლე შეიწირა – ისინი ტერნოვკაში, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქში ცხოვრობდნენ და რუსული არტილერიის დაბომბვის დროს დაიღუპნენ. ტერნოვკა ამჟამად ნაწილობრივ დანგრეულია. ოქსანა, რომელიც ომამდე ცეკვის მასწავლებელი იყო, ჯერ პოლონეთში იმყოფებოდა ლტოლვილად, მაგრამ გულმა ვერ გაუძლო და მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. ნაცნობებმა უთხრეს, რომ  ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია მუშებს ეძებსო და მან მიწის ქვეშ, მეშახტედ დაიწყო მუშაობა. ერთი მხრივ, კარგი ჯამაგირია, მეორე მხრივ, პენსიაც მაღალი იქნება. „მუშაობა ჩემს უბედურებას დროებით მავიწყებს“, – ამბობს ოქსანა.

ომმა მილიონობით უკრაინელის ცხოვრება მკვეთრად შეცვალა. რა თქმა უნდა, შეიცვალა შრომა-დასაქმების ბაზარიც. 4,8 მილიონმა ადამიანმა სამსახური უეცრად დაკარგა. უმუშევრობის დონემ 2022 წლის გაზაფხულზე 30%-ს მიაღწია, თუმცა დღეისათვის უკვე თითქმის 18%-მდეა შემცირებული. ამის მიზეზი რამდენიმეა: მამაკაცების უმრავლესობა ფრონტზე იბრძვის, უმუშევარი ქალები კი საზღვარგარეთ ლტოლვილების სტატუსით არიან წასულნი, ხოლო ვინც უკრაინაში დარჩნენ, მათ ქარხნებში, ფაბრიკებში და მაღაროებში კაცები ჩაანაცვლეს. ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, შრომის უნარიანი უკრაინელების 17%-მა პროფესია შეიცვალა. ომში უკვე, სულ ცოტა, 70 ათასი უკრაინელი დაიღუპა და 120 ათასამდე დაიჭრა. რაც მეტ მამაკაცს იწვევენ ჯარში, მით მეტ ადგილს იკავებენ ქალები იმ სფეროებში, სადაც ადრე, ტრადიციულად, მხოლოდ ძლიერი სქესი მუშაობდა.

ომის დროს  ზუსტი მონაცემების შეგროვება რთულია, თუმცა არის იმის ნიშნები, რომ დღეს უკრაინის შერყეულ ეკონომიკის განმტკიცება ძირითადად ქალების ზურგზე გადადის. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის იულია სიდორენკოს თქმით, ამჟამად უკრაინაში დარეგისტრირებულია 36 ათასი მცირე და საშუალო კომპანია, რომელთაგან 51 პროცენტს ქალები ხელმძღვანელობენ. სულ უფრო მეტი ქალი იწყებს მუშაობას მრეწველობაში, მშენებლობისა და სამთო-მომპოვებელ სფეროებში: „რა თქმა უნდა, ამ ტენდენციას უფრო მკაფიოდ მაშინ დავინახავთ, როცა ომი დასრულდება და რეკონსტრუქცია დაიწყება“.

უახლოეს წლებში უკრაინას ექიმებისა და ფსიქიატრების მტელი არმია დაჭირდება, რომლებმაც ომისაგან დასახიჩრებულ და ტრამვამიღებულ, დავრდომილ ვეტერანებს უნდა უმკურნალოს და მოუაროს. რასაკვირველია, მკურნალი ექიმებიდან ბევრი ქალი იქნება. ისინი, როგორც მოსალოდნელია, მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ომის შემდგომ ეკონომიკის აღდგენაშიც.

ტერნოვკის ქვანახშირის შახტში, საიდანაც 600 მამაკაცი ფრონტზე გაიწვიეს, მათი ადგილი ქალებმა ჩაანაცვლეს. მართალია, კომპანიაში ქალები ადრეც უშაობდნენ, მაგრამ არცერთი არ იყო მიწის ქვეშ დასაქმებული, დღეს კი ისინი რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე ლენტურ კონვეიერებს მართავენ, მიწისქვეშა ლიფტებს აკონტროლებენ.

ქვანახშირის მოპოვება უმძიმესი და დამქანცველი საქმეა, ომმა კი კიდევ უფრო სახიფათო გახადა. გასულ ზამთარში, როცა ელექტროენერგია ითიშებოდა, მეშახტეებს ჯერ ფეხით კილომეტრების გავლა,   შემდეგ კი ავარიული კიბით 600 მეტრი სიღრმიდან მიწის ზედაპირზე ამოსვლა უხდებოდათ. ახლა უკვე დიზელ-გენერატორების მეშვეობით შედარებით მეტი უსაფრთხოების დონეა შენარჩუნებული.

უკრაინას ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი გენდერული თანასწორობის დაცვის სფეროში. თუ 1990 წელს მრეწველობაში, კაცებთან ერთად, ქალების 54% იყო დასაქმებული, ომამდე მათი რაოდენობა 48%-ით შემცირდა. 1992-2022 წლებში ქალები ძირითადად მუშაობდნენ აღზრდა-განათლების, ტურიზმისა და სხვა „მსუბუქ“ სფეროებში, სადაც ხელფასები „მამაკაცურ სამუშაოებთან“ შედარებით დაბალი იყო. მხოლოდ 2017 წელს გაუქმდა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მიღებული კანონი, რომლითაც ქალებს 450 „კაცური“ პროფესიის შესწავლა და მუშაობა ეკრძალებოდათ (მაგალითად, ქალისთვის აკრძალული იყო სატვირთო ავტომობილის მძღოლისა და შემდუღებლის სპეციალობა).

თუმცა გარკვეული სტერეოტიპები მაინც შენარჩუნებულია: „ჩემი აზრით, ქალები შახტში არ უნდა მუშაობდნენ, მათ თავიანთი უნარები უფრო სხვა სფეროებში უნდა გამოავლინონ“, – ამბობს ტერნოვკის ქვანახშირის შახტის უფროსი იგორ ზაბელინი, – ქალისთვის პრიორიტეტი ოჯახისა და სახლის მოვლა უნდა იყოს“. ამასთან, იგი აღიარებს, რომ დღეისათვის შახტს სხვა გამოსავალი არ აქვს, ქალების დასაქმება გარდაუვალი ხდება. მწარე რეალობაა ის, რომ ალბათ, ბევრი ყოფილი მეშახტე ფრონტიდან ვერ დაბრუნდება და ვინც ომს გადაურჩება, მათგანაც ბევრი დაჭრილი იქნება და მიწის ქვეშ მუშაობას ვერ შეძლებს.

წყარო

“მამუკა ხაზარაძის განცხადებას სერიოზულად არ შეიძლება, მოვეკიდოთ” – ეკა სეფაშვილი

ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის განცხადებას სერიოზულად არ შეიძლება, მოვეკიდოთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობამ დაუდგინა, რომ თაღლითია, უბრალოდ ხანდაზმულობის გამო ვერ მოხდა მისი გასამართლება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა მამუკა ხაზარაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

სეფაშვილის თქმით, „თაღლითისაგან ნებისმიერი განცხადების სერიოზულად განხილვა შეუძლებელია“.

ამასთან, სეფაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, მისი თქმით, ვერც სალომე ზურაბიშვილის განცხადებას განიხილავს სერიოზულად.

„ეს არის ადამიანი, რომელმაც ლეგიტიმაცია საზოგადოების უმრავლესობის მხრიდან დაკარგა. მისი მოსაზრებები არ ვიცი ვის აინტერესებს, რადგან ის არის ქალი, რომელიც მრავალგზის უტიფრად არღვევს კონსტიტუციას. ამიტომ, მისი აზრები ჩემთვის საინტერესო არ არის. სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც, რომ მომავალი პარლამენტი იქნება კოალიციური, ნაკლებად საინტერესოდ მიმაჩნია, რადგან ეს არის ადამიანი, რომელსაც ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. ამიტომ მის განცხადებას არავითარი ფასი არ აქვს. ხოლო კოალიციური იქნება პარლამენტი თუ რა კონფიგურაციით წარდგება, ამას მომავალ არჩევნებში გადაწყვეტენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი“, – განაცხადა სეფაშვილმა.

რუსული საზღვაო ფლოტი ოჩამჩირეში – საფრთხეები და მიზნები -“ამერიკის ხმა”

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია „ამერიკის ხმა“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსული საზღვაო ფლოტი ოჩამჩირეში – საფრთხეები და მიზნები“, რომელშიც გადმოცემულია ამერიკელი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების თვალსაზრისები რუსეთის მიერ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის დაარსების შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

„არ არსებობს ურთიერთობა მოსკოვთან, როცა ორივე მხარე გამარჯვებულია“ – ამერიკელი ანალიტიკოსები საქართველოს მთავრობას შეახსენებენ, რომ მაშინაც კი, როცა მის წარმომადგენლებს ე.წ. “არგაღიზიანების, პრაგმატული პოლიტიკის“ იმედი აქვთ, ეს რუსეთთან არ იმუშავებს და ის მხოლოდ მეტის წართმევას შეეცდება. რატომ დასჭირდა მოსკოვს ოჩამჩირის პორტი, რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის და რას – საქართველოსთვის? რას შეცვლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა და რა რისკებს უქმნის ეს ანაკლიის პორტის პერსპექტივებს?

„ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ხაზს უსვამს იმას, რომ მთავრობის „პრაგმატული პოლიტიკა“ უკრაინაში ომთან და ზოგადად რუსეთთან დაკავშირებით, ჩავარდა“, – ამბობს რობერტ (ბობ) ჰამილტონი, თადარიგის პოლკოვნიკი და „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ ევრაზიის პროგრამის კვლევების დირექტორი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ოქტომბრის დასაწყისში თქვა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნას გეგმავს. რუსეთის განზრახვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში დაგმეს და ეს „შავი ზღვის რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაციისთვის“ არსებულ საფრთხედ შეაფასეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების „უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართული მორიგი პროვოკაციული მცდელობაა“. ოპოზიციის წარმომადგენლები კი მმაართველ გუნდს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მათი მხრიდან ამაზე სათანადო რეაგირება არ მომხდარა.

“მოსკოვთან ე.წ “პრაგმატული, არგაღიზიანების პოლიტიკა” არ მუშაობს“ – ასეთია ამერიკელი ყოფილი დიპლომატებისა და ყოფილი სამხედრო ლიდერების შეფასებები ოჩამჩირეში მუდმივი რუსული საზღვაო ბაზის გახსნის თაობაზე. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ერთი მხრივ კარგის ნიშანია უკრაინისთვის, რომელიც უფრო და უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში განლაგებულ რუსულ საზღვაო ძალებს. მეორე მხრივ კი – სულაც არაა მოვლენათა სახარბიელო განვითარება თბილისისთვის. რადგან ომი საქართველოსთან ახლოს სწორედ მოსკოვს მოაქვს და არა – დასავლელ პარტნიორებს, როგორც ამას მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს.

„საქართველოს მთავრობამ უარი თქვა საერთაშორისო სანქციებში მონაწილეობაზე; აღადგინა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები; პრემიერ-მინისტრმა ომი ნაწილობრივ მაინც ნატოს გაფართოებას დააბრალა; საქართველოს მთავრობა დასავლეთს ადანაშაულებს მისი ომში ჩათრევის მცდელობაში. და ირონიულია, რომ ახლა თავად რუსეთს მოაქვს ომი საქართველომდე. ესაა ბაზა, რომელიც რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას ოკუპირებულ, მაგრამ მაინც საქართველოს ტერიტორიაზე შექმნის“, – ამბობს თადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი და განმარტავს:
„დიახ, მას თბილისი ათწლეულებია ვერ აკონტროლებს, მაგრამ ეს მაინც იქნება სამართლებრივად ქართული ტერიტორია, რომელიც უკრაინელი სამხედროებისთვის ლეგიტიმური სამიზნე გახდება“.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს დიდწილად მაინც რუსეთის სამხედრო აუცილებლობით ნაკარნახევი გადაწყვეტილებაა, და არა – ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალის დემონსტრირების სურვილით. რადგან მოსკოვში საქართველოს მთავრობისგან რაიმე საფრთხის შემქმნელი ნაბიჯის მოლოდინი ნამდვილად არ აქვთ. ამასთან, მათი თქმით, ცხადია საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროცესებს, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, თუ რამდენად ძლიერ უკმაყოფილებას გამოხატავს ის.
„ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი და ყოფილი დიპლომატი დენიელ ფრიდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ თუკი რუსეთი უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიის ამა თუ იმ მიზნით გამოყენებას გადაწყვეტს, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული კამპანიის მხარდასაჭერად, ეს მისი პასუხისმგებლობაა და არა – საქართველოს მთავრობის. მაგრამ ხელისუფლებისგან ამის წინააღმდეგ მეტი პროტესტის გამოხატვა და „ხმის ამაღლება“ იქნებოდა მოსალოდნელი.

„ვიმედოვნებდი, რომ საქართველოს მთავრობა გააპროტესტებდა საქართველოს მიწის გამოყენებას რუსეთის აგრესიული მიზნებისთვის. იმ ერთი მიზეზით მაინც, რომ ამას ნამდვილად მოაქვს ომი საქართველოსთან უფრო ახლოს. საქართველოს მთავრობა ზოგჯერ იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა „ომის გლობალური პარტია“. და, რას ვფიქრობთ ახლა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ომის საქართველოსთან მოტანაზე? იფიქრებდით, რომ საქართველოს მთავრობა სულ მცირე გააპროტესტებდა მაინც [ამას]“, – ამბობს დენ ფრიდი.
„სამართლიანები რომ ვიყოთ, მთავრობა რუსებს ამის გაკეთებას ვერ დაუშლის, მაგრამ მათ შეუძლიათ ამის წინააღმდეგ ხმა აიმაღლონ“.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად წარმატებით ახერხებს უკრაინა ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში განლაგებული რუსული საზღვაო ფლოტისთვის საფრთხის შექმნას, ამას კი ნატოს წევრი პარტნიორების მიერ მიწოდებული უფრო და უფრო გრძელი რადიუსის სისტემებთან ერთად, ქვეყნის შიგნითვე წარმოებულ-ადაპტირებული იარაღით აკეთებს.

„უკრაინელები წარმატებით იყენებენ საზღვაო დრონებს და სხვა გრძელი რადიუსის შესაძლებლობებს, იქნება ეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები თუ ის სხვა საშუალებები, რომლებიც ნატოს პარტნიორებმა მიაწოდეს ან თვითონ შექმნეს“, – უთხრა „ამერიკის ხმას“ დევიდ პეტრეუსმა, თადარიგის გენერალმა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა.

„შავი ზღვის ფლოტს დასჭირდა მისი გემების დიდი ნაწილის სევასტოპოლის პორტიდან გაყვანა იმისთვის, რომ უკრაინის დარტყმის რადიუსს გასცლოდნენ. ეს საქართველოსთვის, რომელსაც ამ [აფხაზეთის] ტერიტორიის დაბრუნება შეიძლება სურდეს, გამამხნევებელი სულაც არაა. ეს ნიშნავს რუსული ძალების მეტ და მუდმივ წარმომადგენლობას იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე, რომელიც მათ მიიტაცეს“, – დასძენს დევიდ პეტრეუსი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მედიას უთხრა, რომ ოჩამჩირეში ამჟამად არსებული ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, მათ შორის წყალქვეშა თუ წყალზედა ფრეგატების მიღებას. ამ ინფრასტრუქტურის გარდაქმნას კი სულ მცირე, სამი წელი მაინც დასჭირდება.

ექსპერტების ნაწილი ამ შეფასებას ადასტურებს: ისინი ამბობენ, რომ ოჩამჩირის პორტს ამ ეტაპზე არც საკმარისი სიღრმე აქვს და არც ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ დიდი საბრძოლო გემები მიიღოს, მაგრამ საოკუპაციო ძალები ამ პორტის გაღრმავებას უკვე ცდილობენ. ამასთან, ვაშინგტონში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შავ ზღვაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას მაინც გააუარესებს. მათ შორის, საფრთხეს შეუქმნის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის პერსპექტივას, როგორიც ანაკლიის პორტია. ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ფლოტი ანაკლიიდან 35 კმ-ით იქნება დაშორებული.
„არ ვიცი, რამდენად სწრაფად შეუძლიათ მათ იმ საჭირო ინფრასტრუქტურის აშენება, რაც გემების მისაღებად სჭირდებათ, ეს ლეგიტიმური არგუმენტია. დიახ, სამზადისს შეიძლება თვეები და წლები დასჭირდეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იქნება რუსების კიდევ ერთი სამხედრო ბაზა“, – ამბობს პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი. ყოფილი სამხედრო მეთაური და ევრაზიის პროგრამის კვლევების დირექტორი ხსნის, რომ შავი ზღვის ამ ნაწილში რუსეთის ფლოტის მუდმივი განლაგება მის მავნე პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის და ამ რისკების შემცირებულად წარმოდგენა საჭირო არაა.
„ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ამის მნიშვნელობის დაკნინებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის გახსნა ნამდვილად არაა კარგი რამ. ეს ნამდვილად აყენებს ანაკლიის პორტს რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალებთან უფრო ახლო რადიუსში. ასე რომ, თუკი რუსეთი მოინდომებს, რომ გააკეთოს ისეთი რამ, რაც ნაოსნობას შეაფერხებს ან ხელს შეუშლის, როგორც ის ამას უკრაინული პორტების წინააღმდეგ აკეთებს, ეს მას უფრო გაუადვილდება, რადგან მისი სამხედრო გემები გაცილებით ახლოს იდგება“, – ამბობს ბობ ჰამილტონი.

ექსპერტები ეკონომიკურ რისკებზეც საუბრობენ. რადგან ანაკლიის პორტით დაინტერესებულ პოტენციურ ინვესტორებს დამატებითი კითხვები ექნებათ იმის თაობაზე, თუ რამდენად საშიშია მის სიახლოვეს განლაგებული რუსული ფლოტი. ამ კითხვებმა კი შესაძლოა პორტის პოტენციალიც დააზარალოს და მის მიმართ ინტერესიც შეამციროს.

„არსებობს ეკონომიკური რისკიც. ინვესტორები შეშფოთებულნი იქნებიან, თუკი ნახავენ, რომ ომი საქართველოსთან ახლოს მოდის“, – მიიჩნევს დენიელ ფრიდი. პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი კი ამბობს, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ინვესტორისთვის ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები გადამწყვეტი იქნება:

„ვინც ამ ტიპის ინვესტიციებს აკეთებს, მრავალგვარ რისკს ითვალისწინებს. რუსეთის საზღვაო ბაზის ასე ახლოს გახსნა იმ პორტთან, რაზეც საქართველო იმედებს ამყარებს, რაც შავი ზღვის უმთავრესი პორტი და სავაჭრო კორიდორის ნაწილი უნდა გახდეს, რა თქმა უნდა არ იქნება ინვესტორებისთვის კარგი. ეს ზრდის რისკს და სავარაუდოდ გაზრდის დაზღვევის თანხებსაც ყველაფრისთვის, რაც ამ პორტში უნდა შევიდეს და გავიდეს. ყველა საზღვაო გადაზიდვა უფრო ძვირიც დაჯდება, რადგან ამ ნაპირის გასწვრივ, ზემოთ, ახლოს რუსეთის სამხედრო ბაზა იქნება“, – განმარტავს თადარიგის პოლკოვნიკი.

წყარო:

“საპარლამენტო არჩევნებზე რუსულ ხელისუფლებას დავასრულებთ” – სალომე სამადაშვილი

დარწმუნებული ვარ, ბარიერის დაწევის, 5 პროცენტზე დატოვების თუ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე რუსულ ხელისუფლებას დავასრულებთ, ამიტომ ჩემთვის და „ლელოსთვის“ ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ან საყურადღებო საკითხი,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ გაუკვირდება, რომ ბარიერის დაწევაზე დაპირება „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულოს.

„მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება”, ბარიერის დაწევა იყო შეთანხმება მათ შორის, მიშელის დოკუმენტით, რომლიდანაც „ქართული ოცნება” გავიდა და არ გამიკვირდება, არ ეს პირობა არ შეასრულოს. მთავარი არის არა ბარიერის დაწევის საკითხი, არამედ იმ პოლიტიკური ფორმულის მოძებნა, რომელიც შეცვლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას”, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გადარჩენისთვის. მე დარწმუნებული ვარ, იმ საზოგადოებრივი განწყობის ფონზე, რამდენი გაყალბებული შედეგიც არ უნდა გამოაქვეყნოს „ქართულმა ოცნებამ“ და თავის დამშვიდებას შეეცადოს, ჩვენ ვიცით, რომ მოქალაქეების 70 პროცენტი ითხოვს პოლიტიკურ ცვლილებებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ბარიერის დაწევის, 5 პროცენტზე დატოვების თუ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ჩვენ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე რუსულ ხელისუფლებას დავასრულებთ, ამიტომ ჩემთვის და “ლელოსთვის” ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ან საყურადღებო საკითხი”, – განაცხადა სამადაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, მნიშვნელოვანია არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვალოს.

„ხელისუფლებამ, რომელმაც ჩააგდო ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, მოლოდინი, რომ რაიმე ახალ პირობას ან ძველ შეუსრულებელ პირობებს ამ ჯერზე შეასრულებენ, ცხადია, არ გვაქვს. ხელისუფლების შეცვლის გარეშე არანაირი მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე ჩვენს ქვეყანაში არ გაიხსნება, გასაღები ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, არის რუსული რეჟიმის დასრულება ქვეყანაში”, – განაცხადა სამადაშვილმა.

“2023 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორებმა საქართველოში 4.8 მილიარდი ლარი დახარჯეს” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.7 მილიონი შემოსვლა, რაც 19.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 42.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

„აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.3 მილიონი შეადგინა, რაც 21 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2023 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია, რაც 22.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.7 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 15.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 74.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 21.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2023 წლის მე-3 კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 478.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.9%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (571.4 ათასი), თურქეთის (498.9 ათასი) და სომხეთის (339.0 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 46.5 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 46 პროცენტს შეადგენდა.

2023 წლის მე-3 კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (58.9 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა აჭარის ა/რ-სა და თბილისში, შესაბამისად, 1 174.7 ათასი და 1 081.9 ათასი ვიზიტი.

2023 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.8 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის მე-3 კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.8 ღამე) 14.7 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 67.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2023 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 4.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 7.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი, 2022 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, 11.3 პროცენტით შემცირდა და 2 105.8 ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

“23 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს დიდ შეკრებას და ვლინდება ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან”

23 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს დიდ შეკრებას და ვლინდება ხელშეშლა სახელმწიფოს მხრიდან – ეს არის კიდევ ერთი დარღვევა და პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მინდა ვაცნობო, რომ არჩევნების გაყალბება და ხელის შეშლა არ ხდება მხოლოდ არჩევნების დღეს და იწყება დიდი ხნით ადრე, – ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

კირკიტაძის თქმით, შეკრებაზე ასევე იგეგმება მანიფესტზე ხელმოწერაც.

„მოახლოვდა 23 ნოემბერი, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აპირებს დიდ შეკრებას და მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მხრიდან ვლინდება ხელის შეშლა. ჩვენ მივმართეთ არაერთ სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებას, როგორიც არის ახალი სპორტის სასახლე, მივმართეთ ასევე ძველი სპორტის სასახლის იჯარით აღებისთვის მფლობელ კომპანიას და სამწუხაროდ, მათგან ჩვენ გვეთქვა უარი. მაშინ, როცა „ალტ ინფო“, რუსულ ძალებს არ აქვთ არანაირი შეფერხება საკუთარი შეკრებები ჩაატარონ, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ შენობებში, მაგალითისთვის, ეს იყო თელავის თეატრი, გააფთრებულ წინააღმდეგობას გვიწევენ პროდასავლურ ძალებს, მოვაწყოთ შეკრებები და ღირსეულად აღვნიშნოთ „ვარდების რევოლუციის” 20 წლის თავი. ასევე, ვნახეთ, როგორ იქნა შეფერხებული საზღვარზე ბრიტანელი კონსულტანტი მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეებს, არაერთ ადამიანს, ვისაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი თავისუფლად ატარებს ჩვენს ტერიტორიაზე. ხოლო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც გახლდათ კემერონის და ჯინსონის მრჩეველი არ შემოუშვეს ქვეყანაში. ჩვენ გვესმის მათ ტრაბახს, რომ ძლიერები არიან, მეორე მხრივ, ეშინიათ შენობები დაუთმონ პროდასავლურ ძალებს და მეორე მხრივ, ეშინიათ შენობები იჯარით დაუთმონ პროდასავლურ ძალებს და კონსულტანტები, რომლებიც გვყავს შემოუშვან ქვეყანაში. ეს არის კიდევ ერთი დარღვევა და ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს მინდა ვაცნობო, რომ როცა აკეთებენ შუალედურ და საბოლოო შემაჯამებელ დასკვნებს, არჩევნების გაყალბება, ხელის შეშლა პოლიტიკური სუბიექტებისთვის, არ ხდება მხოლოდ არჩევნების დღეს, ეს იწყება დიდი ხნით ადრე”, -განაცხადა კირკიტაძემ.

კითხვაზე, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე ხომ არ მოეწერება ხელი იმ მანიფესტსაც, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა, კირკიტაძე აცხადებს, რომ „ერთ-ერთი იქნება ეს მანიფესტი, მანიფესტთან ერთად, ჩვენს შეკრებაზე იქნება მნიშვნელოვანი სიახლეები“.

სამხედროებმა ღაზაში მდებარე მეჩეთში გვირაბის შახტი აღმოაჩინეს -ცაჰალი

სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, „ცაჰალის“ სამხედროებმა შახტის გვირაბი აღმოაჩინეს, რომელიც ღაზის სექტორში, მეჩეთში იყო განთავსებული. ინფორმაციას თავად ისრაელის თავდაცვის არმია ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, „ცაჰალმა“ დარტყმები „ჰამასის“ 200 ინფრასტრუქტურაზე განახორციელა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

“დაჩის ზღაპრები“ ჰქვია ამას” – პაატა მანჯგალაძე „გორბის“ კვლევაზე

„დაჩის ზღაპრები“ ჰქვია ამას, კვლევა კი არა. ჩვენ ასეთი ვნახეთ 2018 წელს, როცა კობახიძემ გამოაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 52 პროცენტი მიიღოო და მერე 40 პროცენტი ძლივს დაუწერეს, ასეთივე „დაჩის ზღაპარია“ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ 55 პროცენტი აქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „გორბის“ კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 55 პროცენტი „ქართული ოცნებას“ უჭერს მხარს.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ სინამდვილეში შიშს აჩვენებს და ეს ჩანს იმ ფაქტიდანაც, რომ ბრიტანელი კონსულტანტი ბენ მალეტი ქვეყანაში არ შემოუშვეს.

„[კვლევა ამბობს, რომ] 55 პროცენტს, რა სიღარიბეშიც ცხოვრობს ქვეყანა, მოსწონს, მექსიკიდან ამერიკაში რომ მიდიან მისი ოჯახის წევრები, საჯარო სამსახურში რომ ხელფასები იზრდება და პენსია – არა, ეს მოსწონს, ყოველი მესამე ბავშვი რომ შიმშილობს სკოლაში, ეს მოსწონთ. მე არ მგონია, ასე ვფიქრობდეთ ქართველები. „დაჩის ზღაპრები“ ჰქვია ამას, კვლევა კი არა. ჩვენ ასეთი ვნახეთ 2018 წელს, როცა კობახიძემ გამოაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 52 პროცენტი მიიღოო და მერე 40 პროცენტი ძლივს დაუწერეს, ასეთივე „დაჩის ზღაპარია“ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ 55 პროცენტი აქვს. ჩვენს რეიტინგს რაც შეეხება, ბევრი კვლევაა, ხან 20 პროცენტია, ხან – 25. ძირითადი კვლევა არის არჩევნები და ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის. ხელისუფლებას ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობის და ვნახეთ კიდეც, კონსულტანტი, რომელიც ინგლისის პრემიერის მრჩეველი იყო არ შემოუშვეს ქვეყანაში. კითხეთ „ქართულ ოცნებას,” ინგლისის მოქალაქემ, რომელიც ბორის ჯონსონის მრჩეველი იყო, რა დააშავა და რატომ არ შემოუშვეს საქართველოში, როცა ათასი ჯურის რუსი აგენტი და მაიმუნი შემოდის საქართველოში უპრობლემოდ. არ ვიცი, ამ კვლევებით რა დაგვიწერეს. ჩვენი ამოცანაა, რომ 2024 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთობა გავიდეს პირველ ადგილზე, გპირდებით, ეს იქნება ასე და ხელისუფლება შეიცვლება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

“პირობა, რომლის შესრულებაც ივანიშვილის რეჟიმს მოუწევს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა”

ევროპარლამენტში ყველა ხაზს უსვამს იმას, რომ დადებითი გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

როგორც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თინა ბოკუჩავა ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს.

მათივე ცნობით, პოლიტიკური და ენერგოუსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოების კომპონენტის გაძლიერების აუცილებლობას და ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გახსნის საფრთხე აღნიშნა. ასევე ევროკომისიის მიმართ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პოზიტიური რეკომენდაციისთვის მადლიერება გამოხატა და ხაზი გაუსვა იმ 9 დათქმის შესრულების აუცილებლობას, რომელიც ევროკომისიის ანგარიშშია აღნიშნული.

„ერთი მხრივ, ყველა ევროპარლამენტში ხაზს უსვამს იმას, რომ დადებითი გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან, ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. მეორე მხრივ, ხაზს უსვამენ იმის, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინას დაეწიოს, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებისთვის. მაშინ, როდესაც საქართველო ასოცირების ტრიოში მოწინავე ქვეყანა იყო, მაგრამ ახლა პრაქტიკულად, ერთწლიანი ჩამორჩენაა უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით. აუცილებელია რეფორმების გატარება, თუმცა ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ „რუსული ოცნება“ ამ რეფორმებს გაატარებს, დიდად არ არის. ერთი პირობის შესრულება, რომლის შესრულებაც ივანიშვილის რეჟიმს აუცილებლად მოუწევს, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. კანდიდატის სტატუსის დადებითი გადაწყვეტილება, ერთგვარად, სამართლიანი არჩევნების გარანტად იქცევა, რის შედეგადაც, ხელისუფლება უცილებლად შეიცვლება და შემდეგ დემოკრატიული, დასავლური, ევროპული, კოალიციური ხელისუფლება განახორციელებს რეფორმებს, რათა საქართველოსთვისაც გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე ევროკავშირთან“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ქართული ოცნება“ კარგ ჟესტს გააკეთებს თუ ოპოზიციასთან ერთად მხარს დაუჭერს საარჩევნო ბარიერის ცვლილებას”

„ქართული ოცნება“ კარგ ჟესტს გააკეთებს თუ ოპოზიციასთან ერთად მხარს დაუჭერს მეორე და მესამე მოსმენით საარჩევნო ბარიერის ცვლილებებს, – ამის შესახებ, პარტია „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.

„მგონია „ქართული ოცნება“ კარგ ჟესტს გააკეთებს თუ ოპოზიციასთან ერთად, მხარს დაუჭერს მეორე და მესამე მოსმენით ამ [საარჩევნო ბარიერის] ცვლილებებს. ამით ევროპელებს დავანახებთ, რომ პოლარიზაცია ცოტა შემცირდა, ერთად შეგვიძლია მუშაობა და მართლა უკეთესი საარჩევნო გარემოსკენ გადავდგამთ ნაბიჯს“, – აღნიშნა საბომ.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.