Home Blog Page 1917

როგორ შეიძლება გვინდოდეს რუსეთი მაშინ, როდესაც ჩემი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ -კახა კალაძე

როგორ შეიძლება გვინდოდეს რუსეთი მაშინ, როდესაც ჩემი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაგრამ ის დამოკიდებულებაც არ გვინდა, რასაც ვხედავთ ზოგიერთი ე.წ. ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„გვინდა მეგობრული, პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები და არა ისეთი, რახან პატარა ქვეყანა ვართ, თავში წამოგვარტყას. კი, პატარა ქვეყანა ვართ, უდიდესი ტრადიციების ქვეყანა ვართ, ჩვენი ტრადიციებით ვამაყობთ, ადათ-წესებით. მე მეამაყება ქართველი რომ ვარ და თავაწეული დავდიოდი და დავდივარ ევროპაში. პატივს ვცემ ჩემს წინაპრებს, კულტურას, სარწმუნოებას, ეკლესიას, პატრიარქს. როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობ, ამბობენ – ეს ბნელია? ჩვენ ვართ ბნელები და ისინი არიან გონებაგახსნილები? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. რა თქმა უნდა, მინდა ევროპა, ევროპული მომავალი ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის, ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ადათ-წესებზე, წარსულზე, კულტურაზე – პირიქით, ამით ვართ ევროპაში საინტერესო, რომ ამხელა კულტურის ქვეყანა ვართ“, – აღნიშნა კალაძემ.

პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

„შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ საპარლამენტო ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“თქვენ რასაც ეტრფით გოგოებო, იმას პარლამენტის დარბაზში საჯაროდ ვერ მოგართმევენ, ამიტომ გემს გაყევით, რუსულ გემს. თქვენც გაილაღებთ და ქვეყანაც მოისვენებს!”-გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით მიმართავს პარლამენტარ ქალებს, რომლებიც გუშინ, მინისტრის საათის ფორმატში ტრიბუნასთან მდგარ კულტურის მინისტრს მიეჭრნენ.

“ამ ქალბატონებზეა ნათქვამი: “რაც ესიზმრებოდათ ის ელანდებოდათ!”-ო თქვენ რასაც ეტრფით გოგოებო, იმას პარლამენტის დარბაზში საჯაროდ ვერ მოგართმევენ, ამიტომ გემს გაყევით გოგოებო, რუსულ გემს. ოკუპანტის ენა კარგად გცოდნით, საწადელს გზად მიაგნებთ, თქვენც გაილაღებთ და ქვეყანაც მოისვენებს!”, – წერს ხაინდრავა.

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს წარდგება

დღეს პარლამენტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის წესით წარდგება.

ვახტანგ გომელაური შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხებს. აღსანიშნავია, რომ ინტერპელაციის ინიციატორმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინიციატივა მიწვეული მინისტრის წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციაციის გამართვაზეც გამოთქვა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მინისტრის ინტერპელაციის მოწვევის რეალური მიზეზი არა კითხვებზე პასუხების მიღება, არამედ მორიგი პოლიტიკური პერფორმანსის შესრულებაა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ საპროტესტო აქციას ოპოზიციის ნაწილი არ შეუერთდება.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 სექტემბერს ქუთაისში +31 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი – 18. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით 16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 19 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 17 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით 19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისისთ +27 გრადუსი, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი დღეა, ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 12 გრადუსი დაფიქსირდება.ი

ჭიათურაში დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 16 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +26, ღამის ღამით კი 10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, სადაც დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 6 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექოდ ჩაივლის დღე გორში. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი 16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს. +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +20, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი 14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავშიც მოსალოდნელია წვიმა. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 15 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი 13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +24 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით 13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 17 გრადუსი იქნება.

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ფინანსურად წარმატებული დღეა. სავარაუდოდ, ფულთან დაკავშირებული ძველი პრობლემის მოგვარებას ან ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი კრედიტის ან ვალის აღებას მოერიდოთ. ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

კურო

ამ დღეს პირად საჭიროებებზე ზრუნვა, ასევე შვილების ან ახლო ნათესავების პრობლემების გადაჭრა დიდ დროს წაგართმევთ. შესაძლოა, ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.

ტყუპები

რთული არჩევანის წინაშე ხართ და ვერ გადაგიწყვეტიათ, ცხოვრების ჩვეული წესი შეცვალოთ თუ არა. დღის მეორე ნახევარში ფინანსური საკითხების მოგვარება ან დისკუსიებში მონაწილეობა მოგიწევთ. ამ დღეს გულწრფელობისგან მეგობრებთანაც კი თავი უნდა შეიკავოთ.

კირჩხიბი

ამ დღის ემოციები მთლიანად სასიყვარულო ურთიერთობას ან ფინანსური ოპერაციების განხორციელებას უკავშირდება. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ ფინანსური მდგომარეობა დაუგეგმავი შემოსავლის დახმარებით გაიუმჯობესოთ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი

ამ დღის გეგმები სხვა ადამიანებზე ან ადრე მიცემულ დაპირებებზეა დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ – ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს.

ქალწული

ამ დღეს წინააღმდეგობის გადალახვას და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას წარმატებით შეძლებთ. შესაძლოა, მეგობრების ან ნათესავების დახმარებით ფინანსური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის ან ვარჯიშისთვისაც მოიცალოთ.

სასწორი

ეს დღე მთლიანად ფინანსური საკითხების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. პლანეტების განლაგების მიხედვით, მშვენიერი დღეა ვალების დაბრუნების, უძრავი ქონების რეგისტრაციისა და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. მარტოხელა თუ ხართ, სასიყვარულო თავგადასავალი ემოციების ზღვას გპირდებათ.

მორიელი

ამ დღეს გარემოებები სწრაფად იცვლება და გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ნუ ინერვიულებთ, თუ შანსი ხელიდან გაუშვით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ მის ნაცვლად ახალი და ბევრად უფრო საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება. უარი თქვით ძვირად ღირებული საჩუქრების მიღებაზე და ინტრიგებში ჩართვაზე.

მშვილდოსანი

ამ დღეს საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ და გარემოებების შეცვლის კვალდაკვალ იმოქმედოთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ და უკვე დაგეგმილი შეხვედრები გააუქმოთ. მოულოდნელმა სირთულეებმა არ უნდა შეგაშინოთ. ეცადეთ, მომხდარს იუმორით შეხედოთ და უკეთესი გზები მშვიდად მოძებნოთ.

თხის რქა

საქმის მიმართ პრაქტიკული დამოკიდებულება და ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ამ დღის ყველა უსიამოვნებას გაუმკლავდეთ. გარემოებათა ხელსაყრელი განვითარება ან მოულოდნელი იდეა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და იმპროვიზაცია მოგიწევთ.

მერწყული

ამ დღეს მერწყულებისთვის პრიორიტეტული საყოფაცხოვრებო საკითხები იქნება. გინდათ თუ არა, მოგიწევთ, რომ ოჯახურ საქმეებს და უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ. მოერიდეთ მაღაზიებში სიარულს, სადაც შეიძლება ბევრი უსარგებლო ნივთი შეიძინოთ და ეცადეთ, საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ.

თევზები

ამ დღეს თქვენი ემოციური მდგომარეობა დამოკიდებულია გარემოსა და სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდებით. შეეცადეთ, წვრილმანებზე ნაკლები ინერვიულოთ და ადამიანების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. შეზღუდეთ ურთიერთობა არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან და ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.

“პოლონეთის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა სუვერენული გადაწყვეტილებაა” – პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პოლონეთის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, არის „სუვერენული გადაწყვეტილება“.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, რომ გადაწყვიტონ, რა დონის მხარდაჭერის გაწევას აპირებენ”, – აღნიშნა პენტაგონის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა.

რაიდერი ვერ ამბობს, გამოიწვევს თუ არა პოლონეთის გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის მეტი დახმარების მიწოდების აუცილებლობას, მაგრამ ხაზი გაუსვა პოლონეთის უკვე გაწეული დახმარებას.

„პოლონეთი იყო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა უკრაინაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისა და მხარდაჭერის კუთხით მილიონზე მეტი დევნილი უკრაინელისთვის, რომლებიც პოლონეთში წავიდნენ რუსეთის შეჭრის შედეგად“, – განაცხადა რაიდერმა.

„რუსეთთან ურთიერთობას პოზიტიური კუთხით განვაგრძობთ” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნებას აპირებს.

„რუსეთთან ურთიერთობას პოზიტიური კუთხით განვაგრძობთ, რადგან საკითხი, რომელიც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, არის ის, რომ ვზრუნავთ თრაკიის ბუნებრივი აირის კერად ყოფნაზე. ამჟამად, ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან ვყიდულობთ“, – განაცხადა ერდოღანმა თურქულ მედიასთან საუბრისას.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ბუნებრივი აირის კუთხით ევროპას სერიოზული პრობლემა აქვს, თუმცა მათ ამ მიმართულებით სირთულე არ შეჰქმნიათ. ერდოღანი ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით იმედოვნებს, რომ მსგავსი პრობლემა ქვეყანაში არ იქნება.

ამასთან, როგორც ერდოღანმა აღნიშნა, არასწორად მიაჩნია მსოფლიო ლიდერების მხრიდან პუტინის მიმართ ცუდი დამოკიდებულება.

„როგორც ლიდერებს, ასევე პრემიერ-მინისტრებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ პუტინის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს მსგავსი დამოკიდებულება. მე ეს არ მიმაჩნია სწორად, რადგან რუსეთი არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა. რუსეთს აქვს ადგილი მსოფლიოში როგორც მისი ფართობით, ასევე მისი პოზიციით. მარცვლეულის წარმოების კუთხით, ამჟამად რუსეთი ერთ-ერთია მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან. ახლა ასეთი ქვეყნის იგნორირება არ შეიძლება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

“ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს ეკისრება” – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს ეკისრება.

„აზერბაიჯანს ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებები და უსაფრთხოება, მათ შორის მათი უფლება, იცხოვრონ საკუთარ სახლებში დაშინებისა და დისკრიმინაციის გარეშე. მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას სამხედრო ან სხვა საშუალებებით ევროკავშირისგან ძლიერი პასუხი მოჰყვება“, – აღნიშნა ბორელმა განცხადებაში.

ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, მიიღოს შესაბამისი ზომები სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში.

“ოპოზიციას რამდენიმე დღე დასჭირდა, რომ სუს-ის განცხადების შინაარსი თავადვე დაედასტურებინა” – შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და „ენჯეოები“ ერთგულები არიან არა საქართველოსი, არამედ სხვა ქვეყნების. სხვა ქვეყნის ჰიმნს მღერიან, სხვა დროშაზე იფიცებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ რამდენიმე დღეში თავადვე დაადასტურა არეულობასა და დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება.

„ჩვენ ვნახეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შემდეგ, როგორი ხელოვნური ირონიით ცდილობდნენ საკითხის კომენტირებას და რამდენიმე დღე დასჭირდა, რომ თავადვე დაედასტურებინათ ამ განცხადების შინაარსი. იარაღი, „მოლოტოვის კოქტეილები“, შიდა, გარე ძალების ჩარევა, ეს ყველაფერი ხომ ახალი არ არის. ერთგული და ლოიალური არიან სხვა ქვეყნების მიმართ, ვერავინ გაბედა ერთი კრიტიკული სიტყვა ეთქვა უკრაინის კონტრდაზვერვასთან დაკავშირებით, რომლის ხელმძღვანელის მოადგილეც გია ლორთქიფანიძე საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე სააკაშვილის შემოყვანით გეგმავდა არეულობას. ამ ქვეყანაში არ გამოჩნდა არცერთი უცხოური დაფინანსების მქონე „ენჯეო“, რომელიც რაიმენაირად კრიტიკულ სიტყვას იტყოდა ამაზე, არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამოჩნდა ამ ქვეყანაში, რომელიც ამას იტყოდა. ისინი ერთგული არიან არა საქართველოსი, სხვა ქვეყნების, სხვა დროშების, სხვა გერბების და სხვა ჰიმნების. გავიხსენებდი 26 მაისს, გახსოვთ, როგორი ელეთმელეთი დაემართათ ქართულ დროშაზე და პოლიტიკოსები, „ენჯეოები“ ევროკავშირის დროშას ითხოვდნენ, სხვა ქვეყნების დროშას, რადგან მათი დროშა საქართველოს დროშა არ არის, მათი გერბი საქართველოს გერბი არ არის და მათი ჰიმნი საქართველოს ჰიმნი არ არის. სხვა ჰიმნებს მღერიან და სხვა დროშაზე იფიცებიან, სხვა გერბთან დგებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და კვლავ არ უნდა გავხდეთ რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებული”- იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთმა ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც არ უნდა გააგრძელოს.

აღნიშნული განცხადება ნატოს გენმდივანმა ნიუ-ორკში ყოფნისას გააკეთა.

“ენერგეტიკაში არსებული სიტუაცია ფუნდამენტურად არის შეცვლილი… ადრე ბევრ ევროპელს ეგონა, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულობა – აბსოლუტურად ნორმალურია. ისინი ცდებოდნენ… ჩვენ ეს შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და რუსულ გაზსა და ენერგეტიკაზე დამოკიდებულები კვლავ არ უნდა გავხდეთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ეს “გაკვეთილი” ჩინეთსაც ეხება.

“მე არ ვამბობ ჩინეთთან თანამშრომლობის არასაჭიროებაზე, მაგრამ მასზე ძალიან არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები”, – დასძინა ნატოს გენმდივანმა.

ევროკავშირი ყარაბაღის ომის შედეგად დაზარალებულებს 500 მილიონ ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირი არაღიარებულ მთიან ყარაბაღს 500 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გადასცემს, რაც ბრძოლების შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად კეთდება.

„ომიდან გაქცეულმა ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები და დახმარება სჭირდება. ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარება დაზარალებულებს დაეხმარება დაფარონ სასწრაფო საჭიროებები, ასევე მოხდეს მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ფსიქოლოგიური დახმარება“ , – აღნიშნულია კომუნიკეში.

აღნიშნული თანხა ემატება იმ 1,17 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა ყარაბაღის მცხოვრებთათვის 2023 წლის დასაწყისში გამოყო.

„ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას და მზად ვართ შემოგთავაზოთ მეტი დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ცეცხლის შეწყვეტას, მოვუწოდებ კონფლიქტის ყველა მხარეს, უზრუნველყონ ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუფერხებელი წვდომა” , – განაცხადა ევროკომისარმა კრიზისებზე რეაგირების საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა.