Home Blog Page 1916

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სენტიმენტებსა და აშშ დოლარის მაღალ განაკვეთებს შემოდინებები აბალანსებს

ბოლო დღეების განმავლობაში, ლარი მცირედით გამყარდა. უახლესი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა, რომ დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის მხრივ, 9 ნოემბრის მდგომარეობით, ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტად ზრდა იკვეთება. თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების მკითხველს შევახსენებთ თიბისი კაპიტალის ადრინდელ შეფასებას, რომ მართალია სავალუტო შემოდინებების სეზონურობა არსებობს, თუმცა თუკი ბაზრის მონაწილეები ლარის კურსის სეზონურობას მოელიან, ამ ტენდეციას ადგილი აღარ ექნება. როგორ უნდა მივხვდეთ აქვს თუ არა მსგავს მოლოდინებს ადგილი? სესხების და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის გარდა, რაზეც, თავისთავად, სხვა ფაქტორებიც მოქმედებს, ყველაზე მარტივი გზა მათი განწყობებია, ვინც სავალუტო ბაზარზე მეტნაკლებად აქტიურია. საკუთრივ, თუ ბევრი ფიქრობს, რომ ლარის კურსის სეზონურობას ადგილი ექნება, ეს ხშირად, თუ ყოველთის არა, სწორედ საპირისპიროზე მიუთითებს. იგივე შეიძლება ითქვას ე.წ. არჩევნების შემდგომ, და ზოგადად, გაუფასურებისა და გამყარების მოლოდინებთან დაკავშირებით.

თავისთავად, სენტიმენტები ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ასევე, ძირითადად აშშ დოლარის მაღალი საერთაშორისო განაკვეთების გამო, ბოლო პერიოდში იკვეთება ლარის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილის შემცირება. ამ ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრისა და მითუმეტეს ნოემბრის შესაბამისი მაჩვენებლები ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, თიბისი კაპიტალის აზრით, ლარის მცირედით, მაგრამ მაინც გამყარება, სავარაუდოდ სწორედ წმინდა სავალუტო შემოდინებების შედეგია. თავისთავად, სავალუტო ბაზარზე სებ-ის ფაქტორიც გასათვალიწინებელია, თუმცა თიბისი კაპიტალის შეფასებით, არ გვახსენდება ეპიზოდები, როდესაც გამყარება ან გაუფასურება, ინტერვენციის შედეგი ყოფილა, რადგანაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში, ინტერვენციები უფრო მეტისმეტი მერყეობის თავიდან ასაცილებლადაა გამიზნული, ვიდრე გაცვლითი კურსის მიმართულების განსაზღვრისათვის.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

R

“როგორ შეიძლება „ნაცს“ წაჰყვე ოკუპაციასთან დაკავშირებულ რაიმე ნარატივში, როცა ისინი არიან ოკუპაციის თანაავტორები”

როგორ შეიძლება „ნაცს“ წაჰყვე ოკუპაციასთან დაკავშირებულ რაიმე ნარატივში, როცა ისინი არიან ოკუპაციის თანაავტორები, – ასე ეხმიანება მამუკა მდინარაძე ოპოზიციის რეზოლუციას, რომელიც ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის გაფართოებას და მასში თამაზ გინტურის მკვლელების შეყვანისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას.

მდინარაძე აცხადებს, რომ ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია იყო თანხმობის დოკუმენტი წლების წინ, რადგან კონკრეტული კრიტერიუმები გაიწერა და თუ ამ კრიტერიუმებში ჩაჯდება და საშუალება იქნება კონკრეტულ ადამიანს მტკიცებულებებზე დაყრდნობით ბრალი წარედგინოს, ეს ისედაც მოხდება და ამას არანაირი რეზოლუცია არ სჭირდება, თუმცა, მდინარაძე აცხადებს, რომ „ოკუპაციის პირობებში ხშირად ამის საშუალება არ არის ხოლმე“.

„ხალხო, ისე ნუ გამოიყვანთ, რომ მე ვიცავ ვიღაც ნაძირალას, რომელმაც კაცი მოკლა, თქვენ გინდათ ასე გამოიყვანთ. ერთი კრიტერიუმებია და თუ მოხდა ისე, რომ იდენტიფიცირება იმგვარად მოხდა, რომ მტკიცებულების სტანდარტი დააკმაყოფილოს, ავტომატურად შევა, თქვენი და ჩემი აღტყინება აღარ იქნება საჭირო და მეორე – ზოგადად, რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ და მისი კლასტერის საერთაშორისო სამართლებრივ და მსგავს დოკუმენტებს, მათ შორის, ოკუპაციის თემებს, არ მივყვებით. როგორ შეიძლება „ნაცს“ წაჰყვე ოკუპაციასთან დაკავშირებულ რაიმე ნარატივში, როცა ისინი არიან თანაავტორები ოკუპაციის. ახლა ბრაზდებიან და სწყინთ, როცა მათგან გადმოყოლილ მძიმე მემკვიდრეობას ვახსენებთ. 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად შემოუხაზა ოკუპანტებს ტერიტორია, დადგენილება გამოსცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელმაც აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი სიტყვა „ყოფილის“ დაყოლებით და დაადგინა მისი საზღვრები, რაც იყო საბჭოთა პერიოდში, მეტი უარესი რა უნდა ექნათ? რატომ გვიწოდებთ თანაავტორებსო და მეტი რა უნდა ექნათ, ზემო აფხაზეთი დაარქვეს კოდორს, ახალგორიც ამ საზღვრებში მოაქციეს და ძალიან დიდი ტერიტორიები, რომელზეც პრეტენზია არ ჰქონდათ აქამდე, მოაქციეს ამ საზღვრებში და მათაც ეს ტერიტორიები უფრო ადვილად მიიტაცეს,“ – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში -კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ვარაუდით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში.

მისივე თქმით, არანაირი კოალიციური მმართველობა არ იქნება.

„არანაირი კოალიციური მმართველობა. მტერმა, რაც არ უნდა იზრუნოს, არ გამოუვათ, ეს ყალბი კვლევებიც და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, რაც არ უნდა იწვალონ. მე გეტყვით და დაგამშვიდებთ, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ!“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძე ჟურნალისტებთან საარჩევნო ბარიერის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ და საზოგადოების მხარდაჭერა არ გაქვს, რა გინდა საერთოდ პოლიტიკაში და რა პრეტენზია გაქვს“.

„ირაკლი კობახიძის განცხადება გახსოვთ, მაშინ, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა, თუ დეკემბერში მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, (მაშინ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება, რომ არაფერი არ ჯდებოდა, არანაირი ლოგიკა არ არსებობდა პოლიტიკური მიზნებისთვის მიიღეს ეს არასამართლიანი გადაწყვეტილება, სანამ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა, მაშინ გაკეთდა განცხადება, რომ თუ მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს) შეიძლებოდა ამ თემაზე საუბარი, დღეს ამაზე საერთოდ საუბარი არ არის.

ხომ აქვთ პრეტენზია, ხომ ამბობენ მზარდი რეიტინგი აქვს ოპოზიციასო?! აგერ არის ბატონო, 5%-იანი ბარიერი და ვნახოთ, რამდენი პოლიტიკური პარტია გადალახავს ამ 5%-იან ბარიერს. როდესაც პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია, თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ და საზოგადოების მხარდაჭერა არ გაქვს, რა გინდა საერთოდ პოლიტიკაში და რა პრეტენზია გაქვს“, – განაცხადა კალაძემ.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 18 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 18 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1970 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „იავა“), 1994 წელს დაბადებული გ.დ., 1978 წელს დაბადებული ი.ა. (მეტსახელად „კოტო“), 1960 წელს დაბადებული გ.ნ..

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ნ.გ. (მეტსახელად „ლოპე“), 1985 წელს დაბადებული ბ.გ., 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1996 წელს დაბადებული ლ.შ., 1960 წელს დაბადებული შ.თ. (მეტსახელად „ხასიკო“).

„კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული პ.შ., 1970 წელს დაბადებული მ.თ., 1992 წელს დაბადებული ლ.თ., 1978 წელს დაბადებული რ.ა., 1974 წელს დაბადებული ვ.ხ. (მეტსახელად „ბულალა“), 1973 წელს დაბადებული მ.თ., 1962 წელს დაბადებული ნ.ც.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. „კანონიერი ქურდების“ რუსლან გეგეჭკორის, თენგიზ ხოფერიას, ჯეირან კინწურაშვილის, რევაზ მორჩილაძისა (მეტსახელად „პიტკინა“) და პაატა ბაქრაძის დავალებით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ „კანონიერი ქურდების“ მითითებებს, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, ფული, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

6 ნოემბერს მოხდა უმძიმესი ფაქტი, ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა საოკუპაციო ძალამ -ირაკლი ჩიქოვანი

6 ნოემბერს მოხდა უმძიმესი ფაქტი, ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა საოკუპაციო ძალამ და რომელიც არის სამწუხარო, მძიმე გამოვლინება იმ ოკუპაციისა, რომელსაც ყოველდღიურად უნდა გავუსწოროთ თვალი თითოეულმა ჩვენგანმა და იმ მოსახლეობამ, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ან საოკუპაციო ხაზის მიღმა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, აღნიშნულთან მიმართებაში მყისიერი რეაქცია ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ყველა სახელისუფლებო ორგანოს, რომლის პასუხისმგებლობასაც წარმოადგენდა ეს საკითხი. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო პარტნიორი ჩართო და გამოიყენა ყველა მექანიზმი, შედეგად კი უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლეს.

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის: 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილი, 2016 წელს გიგა ოთხოზორია, 2011 წელს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს გიორგი ლომსაძესა და შოთა შუბითიძეს. 2011 წელს მოკლეს ნიკა ჯოჯუა. 2010 წელსაც არ დაგვავიწყდეს, რომ აწამეს და მოკლეს გოგიტა ანჯაფარიძე. დღეს ჩვენ შეიძლება გაგვიჭირდეს კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს საზარელი მკვლელობები, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გვქონდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები და ეს ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოხდება და ამას გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

“გვაქვს საკმაოდ დიდი დრო, ხუთი თვე, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ყველა თემაზე, რასთან დაკავშირებითაც კონსულტაციები გაიმართება ევროკომისიის წარმომადგენლებთან”

დეზინფორმაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „დეზინფორმაციას ვებრძვით მთელი ეს ოცი თვეა, რაც შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად“.

„გახსოვთ, რამხელა დეზინფორმაცია მოჰყვა ამ ყველაფერს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან, ტელევიზიებისგან. პირდაპირ ხალხს ატყუებდნენ, თითქოს 14 მილიარდი ევრო მოყვებოდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ტყუილებთან გვიწევდა გამკლავება. რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას. ჩვენ იგივე ავიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არც მაშინ ვატყუებდით საზოგადოებას, როდესაც უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არც ახლა ვატყუებთ, როდესაც დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული ევროპული კომისიის მხრიდან. მაშინაც სიმართლეს ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ კანდიდატის სტატუსთან არ იყო დაკავშირებული ფინანსური, ეკონომიკური სარგებელი და ასე შემდეგ, ეს იყო პოლიტიკური განაცხადი არც მეტი, არც ნაკლები. სიმართლეს ვამბობდით. ვიღაცეებმა იმიტომ დაბლოკეს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის. კონკრეტულმა ძალებმა, გლობალურმა ომის პარტიამ, ამაში სპეციალურად არ შევდივართ, რომ უხერხულებები არ შევქმნათ, ძალიან გარკვეული ძალები იგულისხმებიან. სანქციების გვერდის ავლას არ ვუშვებთ და ამასთან დაკავშირებით მისია იყო ჩამოსული საქართველოში, რომელმაც დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის, უფრო მეტიც,დადგინდა უმარავი შემთხვევა, როდესაც იყო გვერდის ავლის მცდელობა, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებმა აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლა ჩვენს ქვეყანაში. როგორ შეიძლება სანქციებს შევუერთდეთ, ეს არის ოცნება „ნაცმოძრაობის“. როგორ შეიძლება ევროკავშირმა შენ მოგთხოვოს რომ შენი ქვეყნის ეკონომიკა პირველივე წელს შემცირდეს მინიმუმ 10%-ით. როგორ შეიძლება ეს ევროკავშირმა შენგან მოითხოვოს. მარტივი ლოგიკაა. სანქციების გვერდის ავლაზეა საუბარი. რაც შეეხება სანქციებთან მიერთებას, ევროკავშირი ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოითხოვს იმას, რომ ჩვენ ვერანაირად ვერ დავაზიანოთ რუსეთი ეკონომიკურად, მაგრამ დავაზიანოთ საკუთარი ხალხი და საკუთარი ქვეყანა. ამას როგორ მოითხოვს ევროკავშირი, რომ საკუთარი ხელით მინიმუმ 10% შევამციროთ საკუთარი ეკონომიკა. ამას ითხოვს ევროკავშირი? რა თქმა უნდა, ამას არ ითხოვს. შეიძლება ვიღაცეების მიზანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მინიმუმ 10%-ით შემცირდეს ეკონომიკა, მაგრამ ევროკავშირი ამას ვერ მოითხოვს. რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, თუ ეს არის შინაარსი, რა თქმა უნა, არც აქამდე არ გამოიყენეობდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ჩვენი ქვეყნის გვერდის ავლისთვის და არც მომავალში იქნება გამოყენებული. ჩვენ კონსულტაციებს უკვე ვიწყებთ ამ თემებთან დაკავშირებით. გვაქვს კიდევ ერთი საპარალმენტო სესია, საკმაოდ დიდი დროა, 5 თვეა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ყველა თემაზე, რასთან დაკავშირებითაც გაიმართება კონსულტაციები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, შეაბამისად, დრო არის საკმარისი და გაგრძელდება ბუნებრივია მუშაობა“, – განაცხადა კობახიძემ.

დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტს ტოვებს

დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტს ტოვებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტში განუცხადეს, მანდატის დატოვების თაობაზე დავით სერგეენკოს განცხადება კომიტეტში უკვე შევიდა.

მათი ინფორმაციით, დავით სერგეენკოს მიმართვის განხილვა 16 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე მოხდება, რის შემდეგაც ამავე დღეს საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა და მას უფლებამოსილება შეუწყდება.

დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა.

“სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის პრეზიდენტზე”

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა დღეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე.

მისივე თქმით, მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.

ევროკავშირმა პრაქტიკულად მწვანე შუქი აუნთო საქართველოს კანდიდატი სტატუსის მისაღებად -არჩილ თალაკვაძე

ვულოცავ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას. ევროკავშირმა, პრაქტიკულად, მწვანე შუქი აუნთო საქართველოს კანდიდატი სტატუსის მისაღებად. მინდა, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, ვინც ამ წლების განმავლობაში მტკიცედ გვიჭერდა მხარს რეფორმებში და იმ პოლიტიკაში, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებულმა ამ პოლიტიკამ დააბრუნა საქართველოში ევროპული პერსპექტივა და ამ პოლიტიკის შედეგია, რომ ფუნდამენტური მიმართულებებით საქართველოს აქვს არსებით პროგრესი.

„ეს არის მშვიდობა და უსაფრთხოება მაშინ, როდესაც ჩვენს ნომერ პირველ ამოცანად რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია, ეს არის დემოკრატიის გაძლიერება ქვეყანაში, ადამიანის უფლებების დაცვა, უფრო ძლიერი და გაზრდილ ეკონომიკა და ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებითი პროგრესი, ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი. ეს შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და დღეს ჩვენი ქვეყანა არის უფრო ევროპული, უფრო თავისუფალი, უფრო ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო, ვიდრე იყო ათი წლის წინ. სწორედ ეს შედეგები ადასტურებს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ სწორი პოლიტიკა გაატარა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავლაბარში ოთხი ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,ავლაბარში,  თ.მუჯირიშვილის N10 – N12-ში ოთხი ლიფტის რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 169 000 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა.

“ქალაქის მოედნებზე გამოიყოფა სივრცეები, სადაც ქართველების ნამუშევრები განთავსდება”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად ავლაბრის მოედანზე, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მიერ განთავსებულ სკულპტურას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე ასევე იმყოფებოდა ფონდის ხელმძღვანელი ლიკა ჭკუასელი.

ნამუშევარი, სახელწოდებით „წინააღმდეგობა“ ბელგიაში მოღვაწე ქართველ ხელოვანს, დავით ნათიძეს ეკუთვნის.

„რამდენიმე ხნის წინ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი დავაფუძნეთ, რაც ხელს შეუწყობს ხელოვნების განვითარებას, ქართველი სკულპტორების ნამუშევრების განთავსებას ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე. აღნიშნული ფონდის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ადამიანებს – მართლაც ბევრი გვყავს ასეთი, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, ასევე, ახალგაზრდები. ავლაბარში დავით ნათიძის მიერ შექმნილი სკულპტურაა განთავსებული, რომელიც ძალიან მოუხდა აღნიშნულ სივრცეს.

ქალაქის კონკრეტულ მოედნებზე, კონკრეტულ უბნებში გამოიყოფა შესაბამისი სივრცეები, სადაც ქართველების ნამუშევრები განთავსდება. გარდა ამისა, ვაპირებთ, რომ პარკებისთვის, იმ კონკრეტული პროექტებისთვის, რომელთა რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, მუნიციპალიტეტმა მსგავსი ნამუშევრები შეიძინოს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ამ ადამიანებს, მისცემს კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობას და სტიმულს. ჩვენი მხრიდან მათ ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, დავით ნათიძის ნამუშევარმა გაიმარჯვა ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა, თბილისი, ავლაბრის მოედანი“.

„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი (ააიპ) 2023 წელს თბილისის მერიამ დააფუძნა. მისი შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სფეროს განვითარებას. კერძოდ, წაახალისოს

საჯარო სივრცეებში თანამედროვე შემოქმედებითი ინტერაქციები; ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ხელმისაწვდომობას; მხარი დაუჭიროს თანამედროვე ქართველ ხელოვანებს მასშტაბური პროექტების განხორციელებაში; ასევე ხელი შეუწყოს ქალაქის კულტურული იერსახის განვითარებას. ამ ამოცანების შესასრულებლად ფონდი აცხადებს ღია კონკურსებს თანამედროვე ხელოვანებისთვის.

მიმდინარე წელს ფონდმა რამდენიმე მსგავსი პროექტი განახორციელა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“გთავაზობთ შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით” –

გთავაზობთ, რომ შეიქმნას თუნდაც მცირე ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბებს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას არჩევნების ნორმალურად, სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით და დაწესდეს ამაზე მონიტორინგი არა მხოლოდ საპარლამენტო ძალები მხრიდან, – ამის შესახებ დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ყველაზე კარგი დროა უმრავლესობისა და ოპოზიციის თანამშრომლობისთვის.

„სწორედ მმართველმა ძალამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები. მიუხედავად იმისა, რამდენად მიუღებელია მისთვის ოპოზიცია, ან მისი ცალკეული ნაწილები, უნდა მოახერხოს და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე დაიწყოს კონკრეტული გეგმის რეალიზება, რომელიც მიგვიყვანს სამართლიან არჩევნებამდე. არაერთი თამაზ გინტური ჰყოლია საქართველოს და რეალურად, საუკუნეების თუ ათწლეულების მანძილზე მიზეზი ესაა ჩვენი ევროპული არჩევანისა და აგრეთვე იმის, რომ ჩვენკენ იმზირება დასავლეთი. მაგრამ დღეს, ჩვენ წარსულის დამსახურებების გამო არავინ არ გაგვიღებს ამ კარს თუ არ აღდგა ნდობა საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის, ყველაფერი წყალში ჩაიყრება“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.