Home Blog Page 1916

შარლ მიშელი გაერო-ს წესდებაში ცვლილებების შეტანას ითხოვს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გაერო-ს წესდებაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. კერძოდ, ვეტოს უფლების გამოყენების წესის შეცვლას, უშიშროების საბჭოში წევრების რაოდენობის გაზრდას და გაერო-ში რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლობას, – ამის შესახებ შარლ მიშელმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, წარვადგინო ახალი ხედვა გაერო-ს რეფორმის დებატებში. ასევე, სამი ინიციატივა – ისინი ეხება ვეტოს უფლებას, წარმომადგენლობას და როლს, რომელიც რეგიონულმა ორგანიზაციებმა უნდა შეასრულონ. ამ საკითხებზე მე ვითხოვ გაერო-ს წესდებაში ცვლილებების შეტანას. ვეტოს უფლება ამჟამინდელი ფორმით შესაძლებელია, ბოროტად გამოყენების საგანი გახდეს. ის საბჭოს უძლურს ხდის. უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს შეუძლია, უხეშად დაარღვიოს ჩვენი წესდება და საერთაშორისო სამართალი. და კიდევ უფრო მეტად შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ მას შეუძლია, ვეტო დაადოს საკუთარი თავის წინააღმდეგ სანქციებს და ასევე ის ფაქტი, რომ ის უშიშროების საბჭოს თავისი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიზნით იყენებს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საფრანგეთისა და მექსიკის ინიციატივას, რომელიც მასობრივი სისასტიკის შემთხვევაში ვეტოს უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.

„წესდების რეფორმის კონტექსტში, მჯერა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ მექანიზმი, რომელიც აერთიანებს უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების მიღებას და ვეტოს უფლების ზომიერ და მოქნილ გამოყენებას“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ევროპელმა მაღალჩინოსანმა ასევე უშიშროების საბჭოში ქვეყნების წარმომადგენლობაზე ისაუბრა.

„უშიშროების საბჭო არ ასახავს დღევანდელ მსოფლიოს. არის 60 ქვეყანა, რომელსაც უშიშროების საბჭოში არასდროს ჰქონია ადგილი. მსოფლიოს მთელ რეგიონებს – აფრიკას, სამხრეთ ამერიკას, კარიბის ზღვის ქვეყნებს, აზიას – აქვთ მცირე წარმომადგენლობა ან საერთოდ არ აქვთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს გლობალურ რეფორმას, რომელიც გააძლიერებს ამ რეგიონებისა და ქვეყნების ხმებს“, – აღნიშნა მან.

შარლ მიშელის თქმით, უშიშროების საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდა გარდაუვალია.

„ჩვენ უნდა გავიდეთ ამ სტატუს კვოს ფარგლებიდან“, – განაცხადა მიშელმა.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, იზრდება რეგიონული და კონტინენტური ორგანიზაციების როლი. Ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა ევროკავშირი, აფრიკული კავშირი, ლათინოამერიკული და კარიბის ქვეყნების გაერთიანება (CELAC), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ASEAN) ასახავენ ლეგიტიმურობის ახალ დონეს საერთაშორისო და მრავალმხრივ ფორუმებზე.

„მე დარწმუნებული ვარ, გაერო უფრო ლეგიტიმური და ეფექტიანი გახდებოდა, რეგიონული ორგანიზაციებისთვის ადგილი რომ შეეთავაზებინა. ეს ხელს შეუწყობს რეგიონულ ორგანიზაციებს შორის უფრო მეტ და უკეთეს თანამშრომლობას“, – თქვა შარლ მიშელმა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში წარადგენს ევროკავშირის, აფრიკული კავშირის, CELAC-ის და ASEAN-ის სამიტის გამართვის ინიციატივას.

„დღეს გაერო-ს სისტემა ჩიხში გაიჭედა და მას აფერხებენ მტრული ძალები. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მრავალმხრივი თანამშრომლობა კალაპოტში. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ნდობის აღდგენა, ყველაზე აქტუალური პრობლემების გადაჭრა, გაერთიანებული ერების სისტემის აღდგენა. ნდობა ემყარება გაერო-ს წესდებაში გაწერილი წმინდა პრინციპების პატივისცემას, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების პატივისცემას. ამის მიუხედავად, ბოლო 19 თვეა, უშიშროების საბჭოს წევრი რუსეთი აწარმოებს დამპყრობლურ ომს მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც არასდროს დამუქრებია მას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

“დროა გავაცნობიეროთ: უკრაინას წინ ხანგრძლივი ომი ელოდება – აუცილებელია კურსის შეცვლა-The Economist

ცნობილ ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist), ლიდერი მასალის სახით, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დროა გავაცნობიეროთ: უკრაინას წინ ხანგრძლივი ომი ელოდება. აუცილებელია კურსის შეცვლა“.
ვრცელ პუბლიკაციაში გაანალიზებულია ომის მდგომარეობაში მყოფი უკრაინის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებები გრძელვადიან პერსპექტივაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომს არაერთხელ გაუცრუებია მოლოდინი კიევის მომხრეებისათვის და ახლაც იგივე მეორდება: სამი თვის წინ დაწყებული კონტრშეტევის შემდეგ იყო იმედი, რომ თანამედროვე დასავლური იარაღით აღჭურვილი და დასავლურ ბაზებზე გაწვრთნილი უკრაინელი ჯარისკაცები ოკუპანტი რუსებისაგან სულ მთლიანად თუ არა, იმდენ ტერიტორიას მაინც დაიბრუნებდნენ, რომ ქვეყნის ლიდერებს, ნებისმიერი საზღვარგარეთული ვიზიტისა თუ მოლაპარაკების დროს, პოზიციებს გაუმაგრებდნენ.

მაგრამ ამ ჩანაფიქრმა არ იმუშავა: უკრაინის არმიამ სოფელ რობოტინოსთან ბრძოლის დროს (რომელსაც „გარღვევას“ უწოდებენ), რუსებისაგან დაკავებული ტერიტორიის მხოლოდ 0,25% დაიკავა. ფრონტის ხაზი, რომლის სიგრძე ათას კილომეტრზე მეტია, პრაქტიკულად არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, თეორიულად უკრაინის არმიას, უახლოეს კვირეებში, ჯერ კიდევ შეუძლია „გარღვევის“ განხორციელება, მაგრამ, როგორც სამთვიანი საომარი მოქმედებების „უშედეგო შედეგები“ მოწმობს, ვარაუდების იმედზე ყოფნა გულუბრყვილობა იქნებოდა. (…)

უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ რუსეთთან გაჭიანურებული ომი ელოდებათ, რომელიც ერთმანეთის გამოფიტვისკენ იქნება მიმართული. ვაშინგტონში მყოფმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ეკონომისტის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ „მე მზად უნდა ვიყო გრძელვადიანი ომისთვისო“, თუმცა, ამჟამად, სამწუხაროდ, ომის გაჭიანურების შემთხვევაში უკრაინისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მზადყოფნა არაფერში არ ჩანს, ისინი ყველა ისევ კონტრშეტევაზე არიან კონცენტრირებულნი. არადა, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ დადგა დრო იფიქრონ, როგორც უკრაინის ახალ სამხედრო სტრატეგიაზე, ისე მის ეკონომიკაზეც. „გამარჯვების“ ნაცვლად, რომელიც, რაც დრო გადის, საეჭვო ხდება, უკრაინა უნდა ისწრაფოდეს რეალური სიტუაციის ობიექტურად გააზრებისაკენ და ეკონომიკის აღდგენისაკენ – თვით საომარ მდგომარეობაშიც კი.

პირველი „რეკალიბრაცია“, რაც უნდა გაკეთდეს, უკრაინის სამხედრო სფეროს უნდა შეეხოს: უკრაინელი ჯარისკაცები, განუწყვეტელი საომარი მოქმედებების გამო, ძალზე დაიქანცნენ, ბევრმა სამხედრო ქვედანაყოფმა თავისი საუკეთესო მებრძოლები დაკარგა. მობილიზაციის მიუხედავად, უკრაინის არმიას კონტრშეტევის ტემპის დასაჩქარებლად ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცები მაინც არ ჰყოფნის. შესაბამისად, უკრაინამ რაციონალურად უნდა გამოიყენოს თავისი რესურსები და თამაშის წესები უნდა შეცვალოს. კიევმა უნდა გააფართოოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების რაოდენობა. ცნობილია, რომ უკრაინული სამხედრო კომპანიები უკვე დიდი რაოდენობით აწარმოებენ უპილოტო საფრენ აპარატებს (დრონებს), მაგრამ კიევს ნოკაუტში ჩამგდები დარტყმის მიყენების იმედი არ ჰქონდეს. იმიტომ, რომ რუსეთიც სწრაფი ტემპით აფართოებს დრონების წარმოებას. აქ მთავარი ისაა, რომ კიევს პასუხის გაცემის უნარიც აქვს და რუსული დრონების დარტყმების თავიდან არიდების უნარიც, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაუმჯობესების წყალობით. (…)
უკრაინის შეტევითი პოტენციალის გაზრდასთან ერთად აუცილებელია იარაღის გამძლეობისა და მისი შენარჩუნების საკითხის მოგვარებაც. სამხედრო ტექნიკას მაღალი დონის მომსახურება ჭირდება, რომ ტანკებმა, ჯავშანმანქანებმა და სატრანსპორტო საშუალებებმა მრავალწლიან ბრძოლას გაუძლონ. ამაში იგულისხმება მიმდინარე რემონტი, მარაგნაწილების დროული მიწოდება და რეზერვი, სამხედრო წვრთნების ჩატარება და სხვა. გაჭიანურებული ომი ითხოვს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის შესაძლებლობების გაფართოებასაც. რასაკვირველია, ამას დიდი ფინანსები ჭირდება. საკვირველია, მაგრამ ასეთი სისხლისმღვრელი ომის დროს კიევი, შეიძლება ითქვას, კარგად არის დაცული, განუწყვეტელი საჰაერო შეტევების კვალობაზე. ასეთივე დაცვით უნდა იყოს უზრუნველყოფილი სხვა დიდი ქალაქებიც. სწორედ ამიტომ ჭირდება უკრაინას ამერიკული „ფალკონების“ (F-16-ების) ესკადრილია და დამატებითი რადარული სისტემები.

მეორე „რეკალიბრაცია“ ეკონომიკას ეხება: ეს ნიშნავს, რომ კიევმა უნდა შეამციროს ეკონომიკური აღდგენის „ნაპოლეონური გეგმები“ და მეტი ყურადღება დაუთმოს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქარხნების ამუშავებას – პროდუქციის მეტ გამოშვებას და კაპიტალურ დაბანდებებს. გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკა ერთი მესამედით შემცირდა, სახელმწიფო ბიუჯეტი სანახევროდ დასავლეთის ფინანსური ინექციებით ივსება. ამჟამად უკრაინის ფინანსებში „ჰოლანდიური ავადმყოფობა“ შეინიშნება – გრივნის კურსი მყარდება (ეს ხდება ეკონომიკის ცალკეული სექტორების სწრაფი განვითარებით, მაგალითად, სამხედრო სფეროში, რაც საბოლოო ჯამში, წამგებიანია საერთო ეკონომიკური მდგომარეობისათვის. ტერმინის ისტორია უკავშირდება 1970-იან წლებში ნიდერლანდებში გაზის დიდი მარაგის აღმოჩენას, რომელიც შემდეგ გამოილია). მაგრამ გრივნის გამყარებასთან ერთად, კერძო ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირდა. გარდა ამისა, შეინიშნება სამუშაო ძალის მწვავე ნაკლებობა: თითქმის მილიონ უკრაინელს ხელში იარაღი უჭირავს და ფრონტზე იბრძვის, მილიონობით მოქალაქე კი საზღვარგარეთ გაიქცა.

უკრაინის ეკონომიკა, ომის მიუხედავად, უნდა ეცადოს უცხოური პირდაპირი ფინანსური ინექციებიდან თავის დაღწევას და ინვესტიციების მიზიდვაზე უნდა გადავიდეს. კიევს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს: იარაღის წარმოებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების ჩათვლით. ამოცანა იმაშია, რომ მთავრობამ უნდა დაარწმუნოს ადგილობრივი და უცხოელი კომპანიები ინვესტიციების მომგებიან დარგებში ჩადებისათვის და უფრო მეტად ისარგებლონ შედარებით მშვიდი რეგიონების შესაძლებლობით, მაგალითად, დასავლეთ უკრაინაში [ვოლინში, იმიერკარპატეთში, ბუკოვინაში და ა.შ.]. ცხადია, ამ ყველაფერს ხელი უნდა შეუწყოს უსაფრთხოების დონის გაზრდამ – ინვესტორს იმის შიში არ უნდა ჰქონდეს, რომ მისი ახალი საწარმო დაბომბვებით ნანგრევებად იქცევა. აუცილებელია ეკონომიკური რეფორმების გატარება – ბიზნესის წარმოების გაუმჯობესება-გაიოლების მიზნით, კვალიფიკაციის ამაღლება, დაზღვევა და კორუფციასთან ბრძოლის გაფართოება, კანონის უზენაესობის დაცვა, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში.
ამ ყველაფრის რეალიზება, რასაკვირველია, პოლიტიკურ ნების გამოჩენას ითხოვს როგორც უკრაინის ხელისუფლებისაგან, ასევე მისი დასავლელი მეგობრებისგანაც. გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე საუკეთესო გარანტიას ნატოს წევრობა წარმოადგენს და როგორც მინიმუმი – აუცილებელია ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, თუ რისი შეთავაზება შეუძლია ევროკავშირს უახლოეს ხანში – იგულისხმება არამარტო ფული, არამედ ორგანიზაციაში გაწევრიანებაც. რა თქმა უნდა, ძნელია წარმოიდგინო ქვეყნის აყვავება მუდმივი დაბომბვის პირობებში – ასეთ სიტუაციაში ისრაელიც კი არ ყოფილა. მაგრამ უკრაინა, ისრაელისაგან განსხვავებით, ადრე თუ გვიან, თავისი საკუთარი რესურსების ეფექტური გამოყენებით, შეიძლება მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების სიაში მოხვდეს. ევროკავშირის წევრის სტატუსი კიევს განვითარებისათვის ქმედით დახმარებას გაუწევს (ისევე როგორც თავის დროზე გაუწია აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს).
ევროპასაც მოუწევს უკრაინის მიმართ თავისი მიდგომებისა და მეთოდების შეცვლა. მან უკვე მისცა თითქმის იმდენივე იარაღი უკრაინას, რამდენიც ამერიკამ და უფრო მეტი პირდაპირი ფინანსური დახმარება. მაგრამ მიღწეულზე არ უნდა გავჩერდეთ. თუ აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მან შეიძლება უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა შეუმციროს. და მისი წაგების შემთხვევაშიც კი, საბოლოო ჯამში, ევროპას მოუწევს უკრაინის დახმარების დიდი ნაწილი თვითონ იკისროს.
უკრაინის დამარცხება ნიშნავს, რომ ევროკავშირის გვერდით არშემდგარი სახელმწიფო იქნება, მისგან გამომდინარე არასასურველი შედეგებით. უკრაინის გამარჯვება კი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირს ახალი წევრი ეყოლება 30-მილიონიანი კარგად განათლებული მოქალაქით, ევროპაში ყველაზე დიდი და ბრძოლისუნარიანი არმიით და მძლავრი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ბაზის მქონე ქვეყნის სახით.
უკრაინაზე საუბრის დროს ხშირად ლაპარაკობენ „კონფლიქტის დასრულების“ თაობაზე. ასეთ ლაპარაკს ბოლო უნდა მოეღოს. ილოცეთ სწრაფ გამარჯვებაზე, მაგრამ ემზადეთ ხანგრძლივი ბრძოლისათვის – რათა უკრაინა, ყოველივე პრობლემის მიუხედავად, გადარჩეს და აყვავდეს.

წყარო:

თიბისის პარტნიორმა კომპანიამ PUZZ-ი ბათუმში სტენდ-მაღაზია გახსნა

კომპანია „ფაზი“, რომელიც თიბისის მხარდაჭერით მესამე წელია მომხმარებელს ფაზლების, სამაგიდო თამაშებისა და ლეგო/კონსტრუქტორების დიდ არჩევანს სთავაზობს, უკვე ბათუმი მოლში, სტენდის სახითაა წარმოდგენილი.

ნულიდან დაწყებული პროექტისა და მისი წარმატების შესახებ, „ფაზის“ დამფუძნებელი, გიორგი ბახუტაშვილი გვიყვება:

“ჩვენი თავდაპირველი იდეა ფაზლებს უკავშირდებოდა, რაც გულისხმობდა სურათების დაფაზვლის მომსახურებას – მომხმარებელი გამოგვიგზავნიდა მისთვის სასურველ ფოტოს და ჩვენ უნდა დაგვეფაზლა, თუმცა ამ მიმართულებით ბრენდის განვითარება დასაწყისში ძალიან გაგვიჭირდა, რადგან დიდ ფინანსებთან იყო კავშირში. ცოტა ხნით გადავდეთ და ფაზლებისა და სამაგიდო თამაშების ონლაინ მაღაზია შევქმენით, რომელიც 500-მდე დასახელების ფაზლსა თუ სამაგიდო თამაშს აერთიანებს. ჩვენი ყოველდღიურობა სოციალური ქსელებითაა მოცული, სამაგიდო თამაშები კი იდეალური გზაა მეგობრებთან ერთად გართობის, ახალი სამყაროს შეცნობისა და დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვისთვის.  ჩვენი კონცეფციაც სწორედ გონების ვარჯიში და სტრესის მოხსნის თამაშით გადაწყვეტაა.

იქიდან გამომდინარე რომ ბიზნესი ცარიელი ფურცლიდან დავიწყეთ, მის განსავითარებლად დამატებითი ინვესტიციის მოზიდვა იყო საჭირო. 2021 წელს თიბისი სტარტაპერს მივმართეთ. სტარტაპერის მხარდაჭერით გავამრავალფეროვნეთ პროდუქცია და შევქმენით კომპანიის ვებგვერდი https://puzz.ge/, რომელზეც მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს, აირჩიოს და გამოიწეროს მისთვის სასურველი პროდუქტი, სწრაფი მიტანის სერვისის მეშვეობით კი მომხმარებელი გამოწერილ პროდუქტს თბილისში იმავე ან მომდევნო დღეს იღებს, ხოლო რეგიონებში 2-3 სამუშაო დღეში.

ოთხი თვეა, რაც თიბისის მხარდაჭერით ბათუმი მოლში სტენდ-მაღაზია გავხსენით. ეს დიდი ნაბიჯია ჩვენთვის და იმედი გვაქვს, რომ ბათუმშიც გავუწევთ პოპულარიზაციას ჩვენს მიმართულებას. წლის ბოლომდე კი უკვე თბილისში ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში ვგეგმავთ ასევე სტენდ-მაღაზიის გახსნას, რაც ჩვენს მომხმარებელს მეტ კომფორტსა და ადგილზე პროდუქციის დათვალიერების საშუალებას მისცემს.

„ფაზისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გონების გასავარჯიშებელი თამაშების რეალიზაცია, ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობთ სკოლებთან და სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ვთავაზობთ ინტელექტუალურ სამაგიდო თამაშებს. ასეთი თანამშრობლობა მოტივაციას  გვაძლევს, ეს მიმართულება კიდევ უფრო დავხვეწოთ.

ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ხარისხსა და მომხმარებლის მოთხოვნაზე, ამიტომ ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ მსოფლიოში ცნობილი ისეთი სამაგიდო თამაშები, როგორიცაა „კატანი“, „დიქსითი“, “ავალონი“, ცნობილი მხატვრების ვან გოგისა, და ფრიდა კალოს ნახატების ფაზლები, სტადიონებისა 3D მაკეტები და ლეგოს ბრენდის  კონსტრუქტორები.

სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას განსხვავებულ არჩევანს ვთავაზობთ: – დაწყებული ორდეტალიანი ფაზლით, რომელსაც ორი წლის ბავშვიც გაუმკლავდება, დამთავრებული კომპლექსური სამაგიდო თამაშებით, რომლებიც ხშირად იზიდავენ ზრდასრულებს.

ოქტომბრიდან უკვე შევძლებთ მომხმარებლის გამოგზავნილი ფოტოების ფაზლად ქცევას, რაც ძალიან გვახარებს, რადგან სწორედ ამ იდეით შევქმენით ბრენდი და ცოტა დაგვიანებით, მაგრამ 3 წლის შემდეგ მაინც შევძელით მისი განხორციელება.

ნოემბერში ფაზი 3 წლის ხდება და წინ დიდი გეგმები და განვითარების გზები გვაქვს. თიბისისთან ჩვენი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან სტარტაპი მათთან ერთად დავიწყეთ და ჩვენი ყველა სიახლეც თიბისის უკავშირდება.

ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეების განხორციელებას, ვურჩევდი, იდეის დაბადების შემდეგ მალევე იმოქმედონ მათი სისრულეში მოყვანისთვის. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ თანმიმდევრული, შრომითა და განვითარების უწყვეტი სურვილით ყველაზე რთული იდეების ხორცშესხმაც შესაძლებელია.“

R

“ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმართულებით” –

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელთან განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმართულებით , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვიტერზე” წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე მან მადლიერება გამოხატა ლუქსემბურგის ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ გამოხატავს.

“გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ქსავიე ბეტელთან.

განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული წინსვლა 12 რეკომენდაციის განხორციელების მიმართულებით და მადლიერება გამოვხატე ლუქსემბურგის ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიმართ გამოხატავს.

კოლეგას დავუდასტურე საერთო ინტერესების მქონე სფეროებში თანამშრომლობის დიდი სურვილი”, – აღნიშნავს პრემიერი.

“აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

როგორც მთავრობის მეთაური “ტვიტერზე” წერს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის.

“გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი დავსწრებოდი აშშ პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის”, – აღნიშნავს პრემიერი.

“არ ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება სწორია” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ იზიარებს ზოგიერთი სახელმწიფოს ლიდერების აზრს ვლადიმერ პუტინის მიმართ „ნეგატიური დამოკიდებულების“ შესახებ, – Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქ ჟურნალისტებს განუცხადა.

“როგორც ლიდერებს, ასევე პრემიერ მინისტრებს (სხვა სახელმწიფოების) ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ პუტინის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იგივე დამოკიდებულება. არ ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება სწორია. რადგან რუსეთი არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა,“ – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მისი თქმით, რუსეთი მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, ამიტომ „ასეთი ქვეყნის იგნორირება შეუძლებელია. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან პოზიტიურად ურთიერთობას“, – განაცხადა ერდოღანმა.

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონების გადამალვის ფაქტებზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იმერეთის რეგიონში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, ქონების მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით არ ახდენდა კომპანიის გადასახადების სრულად დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში, 287 960 ლარის გადახდას.

„მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა კომპანიის საკუთრებაში არსებული 567 076 ლარის ღირებულების ქონება მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგებით, გადააწერა მისავე განკარგულებაში არსებულ მეორე კომპანიას, რათა საგადასახადო ორგანოებს ვეღარ მოეხდინათ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების იძულების წესით ამოღება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე და 2051 მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

“მომავალ კვირას უკრაინას პირველი ამერიკული „აბრამსის“ ტანკები გადაეცემა” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკები უკრაინას მომავალ კვირას გადაეცემა.

„დღეს მე უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების შემდეგი ტრანში დავამტკიცე, მათ შორის მეტი არტილერია, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. მომავალ კვირას უკრაინას პირველი ამერიკული „აბრამსის“ ტანკები გადაეცემა“, – აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ასევე ორიენტირებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა დაიცვან „კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს და სინათლეს წლის ყველაზე ცივ და ბნელ დღეებში“.

ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით კანადაში ჩავიდა, – ინფორმაციას კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ოფისი ავრცელებს.

“ლიდერები გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინელ ხალხს შეეძლოს დაიცვას თავი რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრისგან. კანადა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება“, – აცხადებენ ჯასტინ ტრუდოს ოფისში.

გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის ოტავაში ჯასტინ ტრუდო შეხვდება, რათა „დაადასტუროს კანადის სამხედრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის სასტიკი აგრესიისგან“.

ლიდერები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განმტკიცების გაგრძელებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზელენსკი კანადის პარლამენტში სიტყვით გამოვა.

როგორ შეიძლება გვინდოდეს რუსეთი მაშინ, როდესაც ჩემი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ -კახა კალაძე

როგორ შეიძლება გვინდოდეს რუსეთი მაშინ, როდესაც ჩემი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაგრამ ის დამოკიდებულებაც არ გვინდა, რასაც ვხედავთ ზოგიერთი ე.წ. ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„გვინდა მეგობრული, პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები და არა ისეთი, რახან პატარა ქვეყანა ვართ, თავში წამოგვარტყას. კი, პატარა ქვეყანა ვართ, უდიდესი ტრადიციების ქვეყანა ვართ, ჩვენი ტრადიციებით ვამაყობთ, ადათ-წესებით. მე მეამაყება ქართველი რომ ვარ და თავაწეული დავდიოდი და დავდივარ ევროპაში. პატივს ვცემ ჩემს წინაპრებს, კულტურას, სარწმუნოებას, ეკლესიას, პატრიარქს. როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობ, ამბობენ – ეს ბნელია? ჩვენ ვართ ბნელები და ისინი არიან გონებაგახსნილები? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. რა თქმა უნდა, მინდა ევროპა, ევროპული მომავალი ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის, ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ადათ-წესებზე, წარსულზე, კულტურაზე – პირიქით, ამით ვართ ევროპაში საინტერესო, რომ ამხელა კულტურის ქვეყანა ვართ“, – აღნიშნა კალაძემ.

პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს.

„შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ საპარლამენტო ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“თქვენ რასაც ეტრფით გოგოებო, იმას პარლამენტის დარბაზში საჯაროდ ვერ მოგართმევენ, ამიტომ გემს გაყევით, რუსულ გემს. თქვენც გაილაღებთ და ქვეყანაც მოისვენებს!”-გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით მიმართავს პარლამენტარ ქალებს, რომლებიც გუშინ, მინისტრის საათის ფორმატში ტრიბუნასთან მდგარ კულტურის მინისტრს მიეჭრნენ.

“ამ ქალბატონებზეა ნათქვამი: “რაც ესიზმრებოდათ ის ელანდებოდათ!”-ო თქვენ რასაც ეტრფით გოგოებო, იმას პარლამენტის დარბაზში საჯაროდ ვერ მოგართმევენ, ამიტომ გემს გაყევით გოგოებო, რუსულ გემს. ოკუპანტის ენა კარგად გცოდნით, საწადელს გზად მიაგნებთ, თქვენც გაილაღებთ და ქვეყანაც მოისვენებს!”, – წერს ხაინდრავა.