შარლ მიშელი გაერო-ს წესდებაში ცვლილებების შეტანას ითხოვს

240
spot_img

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გაერო-ს წესდებაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. კერძოდ, ვეტოს უფლების გამოყენების წესის შეცვლას, უშიშროების საბჭოში წევრების რაოდენობის გაზრდას და გაერო-ში რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლობას, – ამის შესახებ შარლ მიშელმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, წარვადგინო ახალი ხედვა გაერო-ს რეფორმის დებატებში. ასევე, სამი ინიციატივა – ისინი ეხება ვეტოს უფლებას, წარმომადგენლობას და როლს, რომელიც რეგიონულმა ორგანიზაციებმა უნდა შეასრულონ. ამ საკითხებზე მე ვითხოვ გაერო-ს წესდებაში ცვლილებების შეტანას. ვეტოს უფლება ამჟამინდელი ფორმით შესაძლებელია, ბოროტად გამოყენების საგანი გახდეს. ის საბჭოს უძლურს ხდის. უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს შეუძლია, უხეშად დაარღვიოს ჩვენი წესდება და საერთაშორისო სამართალი. და კიდევ უფრო მეტად შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ მას შეუძლია, ვეტო დაადოს საკუთარი თავის წინააღმდეგ სანქციებს და ასევე ის ფაქტი, რომ ის უშიშროების საბჭოს თავისი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიზნით იყენებს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საფრანგეთისა და მექსიკის ინიციატივას, რომელიც მასობრივი სისასტიკის შემთხვევაში ვეტოს უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.

„წესდების რეფორმის კონტექსტში, მჯერა, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ მექანიზმი, რომელიც აერთიანებს უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილების მიღებას და ვეტოს უფლების ზომიერ და მოქნილ გამოყენებას“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ევროპელმა მაღალჩინოსანმა ასევე უშიშროების საბჭოში ქვეყნების წარმომადგენლობაზე ისაუბრა.

„უშიშროების საბჭო არ ასახავს დღევანდელ მსოფლიოს. არის 60 ქვეყანა, რომელსაც უშიშროების საბჭოში არასდროს ჰქონია ადგილი. მსოფლიოს მთელ რეგიონებს – აფრიკას, სამხრეთ ამერიკას, კარიბის ზღვის ქვეყნებს, აზიას – აქვთ მცირე წარმომადგენლობა ან საერთოდ არ აქვთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს გლობალურ რეფორმას, რომელიც გააძლიერებს ამ რეგიონებისა და ქვეყნების ხმებს“, – აღნიშნა მან.

შარლ მიშელის თქმით, უშიშროების საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდა გარდაუვალია.

„ჩვენ უნდა გავიდეთ ამ სტატუს კვოს ფარგლებიდან“, – განაცხადა მიშელმა.

ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, იზრდება რეგიონული და კონტინენტური ორგანიზაციების როლი. Ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა ევროკავშირი, აფრიკული კავშირი, ლათინოამერიკული და კარიბის ქვეყნების გაერთიანება (CELAC), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ASEAN) ასახავენ ლეგიტიმურობის ახალ დონეს საერთაშორისო და მრავალმხრივ ფორუმებზე.

„მე დარწმუნებული ვარ, გაერო უფრო ლეგიტიმური და ეფექტიანი გახდებოდა, რეგიონული ორგანიზაციებისთვის ადგილი რომ შეეთავაზებინა. ეს ხელს შეუწყობს რეგიონულ ორგანიზაციებს შორის უფრო მეტ და უკეთეს თანამშრომლობას“, – თქვა შარლ მიშელმა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში წარადგენს ევროკავშირის, აფრიკული კავშირის, CELAC-ის და ASEAN-ის სამიტის გამართვის ინიციატივას.

„დღეს გაერო-ს სისტემა ჩიხში გაიჭედა და მას აფერხებენ მტრული ძალები. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მრავალმხრივი თანამშრომლობა კალაპოტში. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ნდობის აღდგენა, ყველაზე აქტუალური პრობლემების გადაჭრა, გაერთიანებული ერების სისტემის აღდგენა. ნდობა ემყარება გაერო-ს წესდებაში გაწერილი წმინდა პრინციპების პატივისცემას, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების პატივისცემას. ამის მიუხედავად, ბოლო 19 თვეა, უშიშროების საბჭოს წევრი რუსეთი აწარმოებს დამპყრობლურ ომს მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც არასდროს დამუქრებია მას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.