Home Blog Page 1915

“თქვენი წყალობით, პირველი დანაშაულებრივი შედეგი მივიღეთ” – რომან გოცირიძე მმართველ გუნდს

დღეს, თქვენი წყალობით, პირველი დანაშაულებრივი შედეგი მივიღეთ. დღეს, ნათია თურნავამ გასცა ლიცენზია ე.წ. ციფრული ბანკის გახსნაზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველი ბიზნესმენია, ხოლო წილის 50% ეკუთვნის კრიპტო ბირჟას. ვის გაუგია, კრიპტო ბირჟა აფუძნებდეს ბანკს, მაგრამ თავი დავანებოთ კრიპტო ბირჟას, რომელიც ფულის გათეთრებაშია შემჩნეული. ეს კრიპტო ბირჟა არის, უკრაინული ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია Whitebit, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დადგება დრო, როდესაც ვიღაცები ციხეში წავლენ, როდესაც ფულის გათეთრების ფაქტებზე გამოძიება დაიწყება.

„ის რეკომენდაციები, ახალი ვალდებულებები, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველოს მთავრობამ უკვე მოლაპარაკების დაწყების პროცესში, გაიზარდა და კიდევ უფრო მძიმე გახდა თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების გამო. თქვენ დაანგრიეთ საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს ეროვნულ ბანკს დღეს არ ჰყავს მმართველობა. 9 ვალდებულებიდან ერთ-ერთი რეკომენდაციაა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. დღეს, ერთადერთი ადამიანი მმართავს ეროვნულ ბანკს. ბანკს პრეზიდენტი არ ჰყავს, არც ვიცე-პრეზიდენტი, ყველა კომიტეტი და საზედამხედველო ფუნქციები, რომელიც გადანაწილებული უნდა ყოფილიყო ეროვნული ბანკის სხვადასხვა თანამდებობის პირს შორის, ფაქტობრივად ერთი ადამიანის ხელშია.

დღეს, თქვენი წყალობით, პირველი დანაშაულებრივი შედეგი მივიღეთ. დღეს, ნათია თურნავამ გასცა ლიცენზია ე.წ. ციფრული ბანკის გახსნაზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველი ბიზნესმენია, ხოლო წილის 50% ეკუთვნის კრიპოტო ბირჟას. ვის გაუგია, კრიპტო ბირჟა აფუძნებდეს ბანკს, მაგრამ თავი დავანებოთ კრიპტო ბირჟას, რომელიც ფულის გათეთრებაშია შემჩნეული. ეს კრიპტო ბირჟა არის, უკრაინული ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია Whitebit ახლა „გუგლში“ და ნახეთ ვინ არის Whitebit. უამრავი სიუჟეტი იყო უკრაინაში, ასევე ქართულ მედიაში. ერთ წუთში, რაც მოვასწარი ბირჟის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ქრონოლოგიურად გეტყვით, თუ რა წერია: „უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დაავალა უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს, დაიწყოს გამოძიება ამ ბირჟისა, ვინაიდან ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებასა და რუსული ბიზნესის დაფინანსებაში. 18 თებერვალი, ეს არის ამ წელიწადს“.

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო მოკვლევა მარტის თვეში, შემდეგ დამატებითი მოკვლევა გააგრძელა აპრილში და მიმდინარეობს დღემდე. რატომ არ დაელოდა ეროვნული ბანკი გამოძიების შედეგებს? ამ ბირჟის დამფუძნებელი ყოფილა იანუკოვიჩის პარტიის წევრი და მისი შვილი, რომლებიც რუსეთში გაიქცნენ და 2022 წელს რუსეთი მოქალაქეობა მიიღეს. 2023 წელს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ჩამოერთვათ უკრაინის მოქალაქეობა. ერთი წელია ეროვნულ ბანკში დარბიან ეს ადამიანები, რომ მიიღონ ლიცენზია. რატომ არ მისცა ლიცენზია კობა გვენეტაძემ ? რატომ არ გასცა არჩილ მესტვირიშვილმა? რატომ არ გასცა პაპუნა ლეჟავამ, რომელიც უშუალოდ საბანკო ზედამხედველობის ხელმძღვანელი იყო და გადადგა, ასევე სამივე ვიცე-პრეზიდენტი გადადგა იმ დანაშაულებრივი ქმედების გამო, რაც თურნავამ და თქვენ ჩაიდინეთ კანონის სახით. რატომ არ აძლევდნენ ლიცენზიას? დიდი რისკი იყო, რომ საქართველოში შემოსულიყო ფულის გათეთრების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ნახავთ, დადგება დრო, როდესაც ვიღაცები ციხეში წავლენ, როდესაც ფულის გათეთრების ფაქტებზე დაიწყება გამოძიება“,- აღნიშნა გოცირიძემ.

აშკელონში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

ღაზის სექტორიდან გაშვებულმა რაკეტებმა ისრაელის ქალაქ აშკელონში შენობები და ავტომობილები დააზიანა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რაკეტის აფეთქების შედეგად ორი დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ორ ადამიანს კი, განცდილი სტრესის გამო, სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში ევროკავშირის ელჩს საქართველოში − პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრა ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას შეეხებოდა. ელჩებმა მიულოცეს პრემიერ-მინისტრს ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის დიპლომატიურ კორპუსს.

შეხვედრაზე შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ერთიანი ძალისხმევით მოახერხა მოკლე პერიოდში შეესრულებინა თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიის მიერ იყო განსაზღვრული და დაადასტურა მთავრობის მზაობა რეფორმების აქტიური პროცესის გაგრძელებისადმი.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ქვეყანა დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამ პროცესში მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მუდმივ დიალოგს და მჭიდრო კოორდინაციას ევროპელ კოლეგებთან.

ელჩებთან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

“ალბათ, „ფლანგვის დეტექტორს“ აღიზიანებს ის, რომ ასეთი აქტიურები ვართ და არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა მოსახლეობასთან”

ყოველთვის აქტიურები ვართ და შეიძლება ეს გაღიზიანებთ – ალბათ, „ფლანგვის დეტექტორს“ აღიზიანებს ის, რომ ვართ ასეთი აქტიურები და კომუნიკაბელურები მაქსიმალურად, არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან და დედაქალაქის მოსახლეობასთან. ასე ვაპირებ, სანამ ჯანზე ვარ, ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2018-2023 წლებში თბილისის მერიამ 20 მილიონ ლარამდე დახარჯა სააგენტოზე, რომელიც მეტწილად მის პიარს ემსახურება.

მისივე თქმით, რა არის ამაში ცუდი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და ინფორმაცია იმაზე, რომ კონკრეტული პროექტები ხორციელდება.

„ეს არის 5 წელზე და 20 მლნ არის თავისი ხელფასებით და ყველაფრით. გარდა ამისა, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახური მოიცავს: სიპებს, აიპებს და ა.შ. ამ ყველაფერში ყველა შედის, თუ გაინტერესებთ ზუსტი ინფორმაცია და საზოგადოება, რომ არ შეიყვანოთ შეცდომაში, მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.

აბა, მერია ახორციელებს სამუშაოებს და ვისზე უნდა იყოს საუბარი? რა უნდა ვთქვათ, რომ თავისით გაკეთდა?! ეგ პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, რომ ამხელა შრომა იდება, ამდენი სამუშაოები კეთდება, ამდენი პროექტები ხორციელდება, რა არის ამაში ცუდი, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და ინფორმაცია იმაზე, რომ კონკრეტული პროექტები ხორციელდება.

როდესაც პრობლემებია, რა ვიმალებით? არ ვამბობთ, რომ პრობლემები არის თუ პრობლემებს გავურბივართ? ყოველთვის აქტიურები ვართ და შეიძლება ეს გაღიზიანებთ. ალბათ, „ფლანგვის დეტექტორს“ აღიზიანებს ის, რომ ვართ ასეთი აქტიურები და კომუნიკაბელურები მაქსიმალურად, არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან და დედაქალაქის მოსახლეობასთან. ასე ვაპირებ, სანამ ჯანზე ვარ, ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, ვაგრძელებ ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაციას დედაქალაქის მოსახლეობასთან, იმიტომ, რომ დღეს, რომ ვარ ქალაქის მერი, ეს არის დამსახურება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობის, რა თქმა უნდა, მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული მათ წინაშე და თითოეული თბილისელის წინაშე, რომ ის პროექტები და სამუშაოები, რომელიც ხორციელდება და განხორციელდება, ამ ყველაფერზე თითოეულ თბილისელს ჰქონდეს წვდომა, ინფორმაცია“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ფლანგვის დეტექტორის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018-2023 თბილისის მერიამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მუხლით (07 02 04) ბიუჯეტიდან 19,744,100 ლარი დახარჯა. აღნიშნული მუხლით დაფინანსება გამოიყოფა ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოსთვის. თავის მხრივ, ა(ა)იპ “საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო”, თბილისის მერიის მიერ, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და დანაყოფების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების გაერთიანებით შეიქმნა.

“ახლა მთავარია, ჩვენს მიზანს, რასაც ჰქვია ევროკავშირში და შემდეგ ნატო-ში გაწევრება, რაც შეიძლება დროულად მივაღწიოთ”

ახლა მთავარია, ჩვენს მიზანს, რასაც ჰქვია ევროკავშირში და შემდეგ უკვე ნატო-ში გაწევრება, რაც შეიძლება დროულად მივაღწიოთ – ეს გვეჩქარება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ფიზიკური უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ანა ბუჩუკურმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსისათვის ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილების ფონზე, განსაკუთრებული მადლობა საჯარო მოხელეებს გადაუხადა. მანვე ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა, რათა საქართველომ საბოლოოდ დეკემბერში დამსახურებულად მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„ამისთვის, უპირველესად, რაც უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ დავიბრუნოთ ლიდერის სტატუსი ასოცირებული ტრიოს ფარგლებში, რაც, სამწუხაროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში დავკარგეთ, მაგრამ წლების განმავლობაში გვქონდა და ვამაყობდით. აუცილებელია ლიდერის სტატუსის დაბრუნება და დროულად საბოლოო მიზნის მიღწევა. ამ ყველაფრისთვის კი ყველას ძალიან დიდი შრომა გვაქვს ერთად გასაწევი – ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. სამწუხაროდ, საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი დაქსაქსულობით და ერთმანეთთან დაპირისპირებით უბრალოდ ვერ მიაღწევს მიზანს“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სენტიმენტებსა და აშშ დოლარის მაღალ განაკვეთებს შემოდინებები აბალანსებს

ბოლო დღეების განმავლობაში, ლარი მცირედით გამყარდა. უახლესი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა, რომ დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის მხრივ, 9 ნოემბრის მდგომარეობით, ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტად ზრდა იკვეთება. თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების მკითხველს შევახსენებთ თიბისი კაპიტალის ადრინდელ შეფასებას, რომ მართალია სავალუტო შემოდინებების სეზონურობა არსებობს, თუმცა თუკი ბაზრის მონაწილეები ლარის კურსის სეზონურობას მოელიან, ამ ტენდეციას ადგილი აღარ ექნება. როგორ უნდა მივხვდეთ აქვს თუ არა მსგავს მოლოდინებს ადგილი? სესხების და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიციის გარდა, რაზეც, თავისთავად, სხვა ფაქტორებიც მოქმედებს, ყველაზე მარტივი გზა მათი განწყობებია, ვინც სავალუტო ბაზარზე მეტნაკლებად აქტიურია. საკუთრივ, თუ ბევრი ფიქრობს, რომ ლარის კურსის სეზონურობას ადგილი ექნება, ეს ხშირად, თუ ყოველთის არა, სწორედ საპირისპიროზე მიუთითებს. იგივე შეიძლება ითქვას ე.წ. არჩევნების შემდგომ, და ზოგადად, გაუფასურებისა და გამყარების მოლოდინებთან დაკავშირებით.

თავისთავად, სენტიმენტები ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. ასევე, ძირითადად აშშ დოლარის მაღალი საერთაშორისო განაკვეთების გამო, ბოლო პერიოდში იკვეთება ლარის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილის შემცირება. ამ ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრისა და მითუმეტეს ნოემბრის შესაბამისი მაჩვენებლები ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, თიბისი კაპიტალის აზრით, ლარის მცირედით, მაგრამ მაინც გამყარება, სავარაუდოდ სწორედ წმინდა სავალუტო შემოდინებების შედეგია. თავისთავად, სავალუტო ბაზარზე სებ-ის ფაქტორიც გასათვალიწინებელია, თუმცა თიბისი კაპიტალის შეფასებით, არ გვახსენდება ეპიზოდები, როდესაც გამყარება ან გაუფასურება, ინტერვენციის შედეგი ყოფილა, რადგანაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმში, ინტერვენციები უფრო მეტისმეტი მერყეობის თავიდან ასაცილებლადაა გამიზნული, ვიდრე გაცვლითი კურსის მიმართულების განსაზღვრისათვის.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

R

“როგორ შეიძლება „ნაცს“ წაჰყვე ოკუპაციასთან დაკავშირებულ რაიმე ნარატივში, როცა ისინი არიან ოკუპაციის თანაავტორები”

როგორ შეიძლება „ნაცს“ წაჰყვე ოკუპაციასთან დაკავშირებულ რაიმე ნარატივში, როცა ისინი არიან ოკუპაციის თანაავტორები, – ასე ეხმიანება მამუკა მდინარაძე ოპოზიციის რეზოლუციას, რომელიც ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის გაფართოებას და მასში თამაზ გინტურის მკვლელების შეყვანისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას.

მდინარაძე აცხადებს, რომ ოთხოზორია- ტატუნაშვილის სია იყო თანხმობის დოკუმენტი წლების წინ, რადგან კონკრეტული კრიტერიუმები გაიწერა და თუ ამ კრიტერიუმებში ჩაჯდება და საშუალება იქნება კონკრეტულ ადამიანს მტკიცებულებებზე დაყრდნობით ბრალი წარედგინოს, ეს ისედაც მოხდება და ამას არანაირი რეზოლუცია არ სჭირდება, თუმცა, მდინარაძე აცხადებს, რომ „ოკუპაციის პირობებში ხშირად ამის საშუალება არ არის ხოლმე“.

„ხალხო, ისე ნუ გამოიყვანთ, რომ მე ვიცავ ვიღაც ნაძირალას, რომელმაც კაცი მოკლა, თქვენ გინდათ ასე გამოიყვანთ. ერთი კრიტერიუმებია და თუ მოხდა ისე, რომ იდენტიფიცირება იმგვარად მოხდა, რომ მტკიცებულების სტანდარტი დააკმაყოფილოს, ავტომატურად შევა, თქვენი და ჩემი აღტყინება აღარ იქნება საჭირო და მეორე – ზოგადად, რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ და მისი კლასტერის საერთაშორისო სამართლებრივ და მსგავს დოკუმენტებს, მათ შორის, ოკუპაციის თემებს, არ მივყვებით. როგორ შეიძლება „ნაცს“ წაჰყვე ოკუპაციასთან დაკავშირებულ რაიმე ნარატივში, როცა ისინი არიან თანაავტორები ოკუპაციის. ახლა ბრაზდებიან და სწყინთ, როცა მათგან გადმოყოლილ მძიმე მემკვიდრეობას ვახსენებთ. 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად შემოუხაზა ოკუპანტებს ტერიტორია, დადგენილება გამოსცა მაშინდელმა პრეზიდენტმა, რომელმაც აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი სიტყვა „ყოფილის“ დაყოლებით და დაადგინა მისი საზღვრები, რაც იყო საბჭოთა პერიოდში, მეტი უარესი რა უნდა ექნათ? რატომ გვიწოდებთ თანაავტორებსო და მეტი რა უნდა ექნათ, ზემო აფხაზეთი დაარქვეს კოდორს, ახალგორიც ამ საზღვრებში მოაქციეს და ძალიან დიდი ტერიტორიები, რომელზეც პრეტენზია არ ჰქონდათ აქამდე, მოაქციეს ამ საზღვრებში და მათაც ეს ტერიტორიები უფრო ადვილად მიიტაცეს,“ – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში -კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ვარაუდით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში.

მისივე თქმით, არანაირი კოალიციური მმართველობა არ იქნება.

„არანაირი კოალიციური მმართველობა. მტერმა, რაც არ უნდა იზრუნოს, არ გამოუვათ, ეს ყალბი კვლევებიც და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, რაც არ უნდა იწვალონ. მე გეტყვით და დაგამშვიდებთ, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2024 წლის არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ!“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძე ჟურნალისტებთან საარჩევნო ბარიერის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ და საზოგადოების მხარდაჭერა არ გაქვს, რა გინდა საერთოდ პოლიტიკაში და რა პრეტენზია გაქვს“.

„ირაკლი კობახიძის განცხადება გახსოვთ, მაშინ, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა, თუ დეკემბერში მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, (მაშინ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება, რომ არაფერი არ ჯდებოდა, არანაირი ლოგიკა არ არსებობდა პოლიტიკური მიზნებისთვის მიიღეს ეს არასამართლიანი გადაწყვეტილება, სანამ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა, მაშინ გაკეთდა განცხადება, რომ თუ მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს) შეიძლებოდა ამ თემაზე საუბარი, დღეს ამაზე საერთოდ საუბარი არ არის.

ხომ აქვთ პრეტენზია, ხომ ამბობენ მზარდი რეიტინგი აქვს ოპოზიციასო?! აგერ არის ბატონო, 5%-იანი ბარიერი და ვნახოთ, რამდენი პოლიტიკური პარტია გადალახავს ამ 5%-იან ბარიერს. როდესაც პოლიტიკოსობაზე გაქვს პრეტენზია, თუ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავ და საზოგადოების მხარდაჭერა არ გაქვს, რა გინდა საერთოდ პოლიტიკაში და რა პრეტენზია გაქვს“, – განაცხადა კალაძემ.

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 18 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში 18 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1966 წელს დაბადებული მ.ც., 2002 წელს დაბადებული ე.კ., 1970 წელს დაბადებული დ.ი. (მეტსახელად „იავა“), 1994 წელს დაბადებული გ.დ., 1978 წელს დაბადებული ი.ა. (მეტსახელად „კოტო“), 1960 წელს დაბადებული გ.ნ..

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ნ.გ. (მეტსახელად „ლოპე“), 1985 წელს დაბადებული ბ.გ., 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1996 წელს დაბადებული ლ.შ., 1960 წელს დაბადებული შ.თ. (მეტსახელად „ხასიკო“).

„კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული პ.შ., 1970 წელს დაბადებული მ.თ., 1992 წელს დაბადებული ლ.თ., 1978 წელს დაბადებული რ.ა., 1974 წელს დაბადებული ვ.ხ. (მეტსახელად „ბულალა“), 1973 წელს დაბადებული მ.თ., 1962 წელს დაბადებული ნ.ც.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. „კანონიერი ქურდების“ რუსლან გეგეჭკორის, თენგიზ ხოფერიას, ჯეირან კინწურაშვილის, რევაზ მორჩილაძისა (მეტსახელად „პიტკინა“) და პაატა ბაქრაძის დავალებით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ „კანონიერი ქურდების“ მითითებებს, მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, ფული, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

6 ნოემბერს მოხდა უმძიმესი ფაქტი, ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა საოკუპაციო ძალამ -ირაკლი ჩიქოვანი

6 ნოემბერს მოხდა უმძიმესი ფაქტი, ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა საოკუპაციო ძალამ და რომელიც არის სამწუხარო, მძიმე გამოვლინება იმ ოკუპაციისა, რომელსაც ყოველდღიურად უნდა გავუსწოროთ თვალი თითოეულმა ჩვენგანმა და იმ მოსახლეობამ, რომელიც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ან საოკუპაციო ხაზის მიღმა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, აღნიშნულთან მიმართებაში მყისიერი რეაქცია ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ყველა სახელისუფლებო ორგანოს, რომლის პასუხისმგებლობასაც წარმოადგენდა ეს საკითხი. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო პარტნიორი ჩართო და გამოიყენა ყველა მექანიზმი, შედეგად კი უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი გაათავისუფლეს.

„სამწუხარო რეალობაა ის, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის: 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილი, 2016 წელს გიგა ოთხოზორია, 2011 წელს ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს გიორგი ლომსაძესა და შოთა შუბითიძეს. 2011 წელს მოკლეს ნიკა ჯოჯუა. 2010 წელსაც არ დაგვავიწყდეს, რომ აწამეს და მოკლეს გოგიტა ანჯაფარიძე. დღეს ჩვენ შეიძლება გაგვიჭირდეს კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს საზარელი მკვლელობები, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გვქონდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები და ეს ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოხდება და ამას გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

“გვაქვს საკმაოდ დიდი დრო, ხუთი თვე, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ყველა თემაზე, რასთან დაკავშირებითაც კონსულტაციები გაიმართება ევროკომისიის წარმომადგენლებთან”

დეზინფორმაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „დეზინფორმაციას ვებრძვით მთელი ეს ოცი თვეა, რაც შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად“.

„გახსოვთ, რამხელა დეზინფორმაცია მოჰყვა ამ ყველაფერს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან, ტელევიზიებისგან. პირდაპირ ხალხს ატყუებდნენ, თითქოს 14 მილიარდი ევრო მოყვებოდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ტყუილებთან გვიწევდა გამკლავება. რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას. ჩვენ იგივე ავიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არც მაშინ ვატყუებდით საზოგადოებას, როდესაც უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არც ახლა ვატყუებთ, როდესაც დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული ევროპული კომისიის მხრიდან. მაშინაც სიმართლეს ვეუბნებოდით საზოგადოებას, რომ კანდიდატის სტატუსთან არ იყო დაკავშირებული ფინანსური, ეკონომიკური სარგებელი და ასე შემდეგ, ეს იყო პოლიტიკური განაცხადი არც მეტი, არც ნაკლები. სიმართლეს ვამბობდით. ვიღაცეებმა იმიტომ დაბლოკეს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის. კონკრეტულმა ძალებმა, გლობალურმა ომის პარტიამ, ამაში სპეციალურად არ შევდივართ, რომ უხერხულებები არ შევქმნათ, ძალიან გარკვეული ძალები იგულისხმებიან. სანქციების გვერდის ავლას არ ვუშვებთ და ამასთან დაკავშირებით მისია იყო ჩამოსული საქართველოში, რომელმაც დაადასტურა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის, უფრო მეტიც,დადგინდა უმარავი შემთხვევა, როდესაც იყო გვერდის ავლის მცდელობა, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურებმა აღკვეთეს სანქციების გვერდის ავლა ჩვენს ქვეყანაში. როგორ შეიძლება სანქციებს შევუერთდეთ, ეს არის ოცნება „ნაცმოძრაობის“. როგორ შეიძლება ევროკავშირმა შენ მოგთხოვოს რომ შენი ქვეყნის ეკონომიკა პირველივე წელს შემცირდეს მინიმუმ 10%-ით. როგორ შეიძლება ეს ევროკავშირმა შენგან მოითხოვოს. მარტივი ლოგიკაა. სანქციების გვერდის ავლაზეა საუბარი. რაც შეეხება სანქციებთან მიერთებას, ევროკავშირი ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოითხოვს იმას, რომ ჩვენ ვერანაირად ვერ დავაზიანოთ რუსეთი ეკონომიკურად, მაგრამ დავაზიანოთ საკუთარი ხალხი და საკუთარი ქვეყანა. ამას როგორ მოითხოვს ევროკავშირი, რომ საკუთარი ხელით მინიმუმ 10% შევამციროთ საკუთარი ეკონომიკა. ამას ითხოვს ევროკავშირი? რა თქმა უნდა, ამას არ ითხოვს. შეიძლება ვიღაცეების მიზანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მინიმუმ 10%-ით შემცირდეს ეკონომიკა, მაგრამ ევროკავშირი ამას ვერ მოითხოვს. რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, თუ ეს არის შინაარსი, რა თქმა უნა, არც აქამდე არ გამოიყენეობდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია ჩვენი ქვეყნის გვერდის ავლისთვის და არც მომავალში იქნება გამოყენებული. ჩვენ კონსულტაციებს უკვე ვიწყებთ ამ თემებთან დაკავშირებით. გვაქვს კიდევ ერთი საპარალმენტო სესია, საკმაოდ დიდი დროა, 5 თვეა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ყველა თემაზე, რასთან დაკავშირებითაც გაიმართება კონსულტაციები ევროკომისიის წარმომადგენლებთან, შეაბამისად, დრო არის საკმარისი და გაგრძელდება ბუნებრივია მუშაობა“, – განაცხადა კობახიძემ.

დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტს ტოვებს

დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტს ტოვებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტში განუცხადეს, მანდატის დატოვების თაობაზე დავით სერგეენკოს განცხადება კომიტეტში უკვე შევიდა.

მათი ინფორმაციით, დავით სერგეენკოს მიმართვის განხილვა 16 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე მოხდება, რის შემდეგაც ამავე დღეს საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა და მას უფლებამოსილება შეუწყდება.

დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობას იკავებდა.