Home Blog Page 1914

უკრაინის არმიამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შენობა დაბომბა

უკრაინის არმიამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შენობა დაბომბა.

სევასტოპოლის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი მიხაილ რაზვოჟაევი აცხადებს, რომ სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბბინაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

გავრცელებული ცნობით, რაკეტის ნამსხვრევები სევასტოპოლის ცენტრში დაეცა.

პარალელურად, უკრაინული მედია წერს, რომ რუსმა სამხედროებმა სევასტოპოლის ყურეზე კვამლის საფარი გაუშვეს, თუმცა ტერიტორიაზე შავი კვამლიც შეინიშნება.

მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

“იმდენი განცხადება მოვისმინეთ ანაკლიის პორტის აშენებაზე, რომ არ გამიკვირდება კიდევ ბევრჯერ დააანონსოთ” – ანა წითლიძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ბედი, თქვენი ხელისუფლების პირობებში როგორი იქნება, არ ვიცით. არ ვიცით, იმიტომ, რომ 11 წლის განმავლობაში, თქვენ არათუ არაფერი ააშენეთ ანაკლიაში, ისიც ვერ შეძელით, რომ, რაც დაგიტოვეთ, ის შეგენარჩუნებინათ და იმისთვის მოგევლოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ინტერპელაციის წესით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უსმენენ.

მისივე თქმით, ანაკლიის გაპარტახებაზე, მიტოვებულ შენობებსა და განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ მაშინ დაეკისრება, როცა ხელისუფლებაში არ იქნება.

„ბატონო მინისტრო, თქვენ და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატსაც იგივე მინდა ვკითხო – ბოლოს ანაკლიაში როდის იყავით? ქვიშის გორები ნანახი გაქვთ? ნანახი გაქვთ, რა თქმა უნდა, ეს ქვიშის გორები, უბრალოდ არ იმჩნევთ. არ იმჩნევთ იმას, რომ უკვე ორი წელია ანაკლიელები იხრჩობიან ამ ქვიშის გორებში და თქვენ რომ „მინისტრის საათის“ ფორმატში აქ იყავით, ანაკლიელების თხოვნა გადმოგეცით, მაგრამ პრობლემა არის იგივე. ნიავზეც კი შეუძლებელია ანაკლიაში ადამიანმა ისუნთქოს და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას მთელი ანაკლია. სანამ თქვენ აქ ყველა ერთად გადაფარებული ხართ რუსეთის ჯაშუშს, ფარცხალაძეს, ანაკლიელები იწამლებიან. პრინციპში, ანაკლიელები რომ არ გაინტერესებთ და არც საქართველოს მოქალაქეები გაინტერესებთ, ეს არახალია. განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეს ძალიან კარგად აჩვენა, როდესაც სისტემა გადაეფარა რუსეთის ჯაშუშს, ფარცხალაძეს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა იმაში, რომ დღემდე ანაკლიის პორტი არ აშენდა. ირაკლი ჩიქოვანი ასაკით ჩემზე დიდია და წესით, უნდა ახსოვდეს ძალიან კარგად, როგორი იყო ანაკლია და როგორი წარმოუდგენელი იყო ანაკლიაში რაიმე გაკეთებულიყო. კონფორმისტი რომ არ იყოს ირაკლი ჩიქოვანი, ობიექტურობისთვის აუცილებლად აღნიშნავდა, რომ რომ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსეთის დავალებით ციხეში გიზით, ანაკლია უბრალოდ არ იქნებოდა. მაინტერესებს, სასტუმრო „ოქროს საწმისი“, რომელიც დაგიტოვეთ ანაკლიაში, ფუნქციონირებადი, რატომ არის მიტოვებული, რატომაა ბალახები ამოსული, რატომაა დაკეტილი? „ოქროს საწმისის“ გვერდით მშენებარე სასტუმრო, რომელიც დაგიტოვათ წინა ხელისუფლებამ და დასასრულებელი თანხაც დაგიტოვათ, რატომაა ეს სასტუმრო მიტოვებული? ანაკლიის სანაპიროზე როდის იყავით ბოლოს, როდის ჩაატარეთ ნაპირსამაგრი სამუშაოები და გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ ფაქტობრივად, ნახევარი სანაპირო წელს ზღვამ წაიღო?!

ზღვაში რომ დგას იაპონური რესტორანი გახსნილი დაგიტოვეთ, ფუნქციონირებდა, ახლა რატომ არის შიგნით ნაგავი, რატომ არის მთელი ანაკლია გაპარტახებული და მიტოვებული? წარმოუდგენელია იმას ხედავდეთ, რაც ანაკლიაში ხდება და გული არ შეგტკიოდეთ. ანაკლიელები ანაკლიიდან გარბიან და კარგად იცით თქვენც. გარბიან იმიტომ, რომ არაა სამუშაო ადგილები არც რეგიონში და არც ქვეყანაში. და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს გარდა იმისა, რომ დიდი რეგიონალური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, სამეგრელოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს უნდა ყოფილიყო ათასობით სამუშაო ადგილი. არ მიკვირს, რომ დააანონსეთ ანაკლიის პორტი ვითომ აშენდებაო, 2016 წლიდან იმდენი განცხადება მოვისმინეთ ანაკლიის პორტის აშენებაზე, რომ არ გამიკვირდება კიდევ ბევრჯერ დააანონსოთ. მაგრამ გეტყვით რა იქნება, რაც არაერთხელ გვინახავს, მათ შორის ანაკლიელებს. ორ ტრაქტორს დააყენებთ, ორდღიან სამუშაოებს ჩაატარებთ, საარჩევნოდ ეცდებით, რომ მოატყუოთ საქართველოს მოქალაქეები. ამ ორი ტრაქტორის შემდეგ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ბედი, თქვენი ხელისუფლების პირობებში როგორი იქნება, არ ვიცით. არ ვიცით, იმიტომ, რომ 11 წლის განმავლობაში, თქვენ არათუ არაფერი ააშენეთ ანაკლიაში, ისიც ვერ შეძელით, რომ, რაც დაგიტოვეთ, ის შეგენარჩუნებინათ და იმისთვის მოგევლოთ. ამიტომაც აქციეთ ანაკლია მიტოვებულ და გაპარტახებულ ქალაქად, სადაც უბრალოდ რომ შეხვიდეთ, ნორმალურ ადამიანს, გული მოუკვდება“, – განაცხადა წითლიძემ.

მისივე თქმით, არავის სჯერა, რომ ანაკლიის პორტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აშენდება.

„აქ იკითხეს, როდის შემოვა ანაკლიაში პირველი გემიო და როდის დასრულდება ან დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობაო – არ ვიცი კიდევ ვინმე თუ დარჩა, რომელსაც სჯერა, რომ თქვენი, რუსული ხელისუფლების პირობებში შეიძლება ანაკლიის პორტი აშენდეს. იმიტომ, რომ ანაკლიის პორტს არამხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, არამედ არის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურადაც, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ. თქვენ ვინ გკითხავთ, ბატონო მინისტრო, ანაკლიის პორტი აშენდება თუ არა ან ირაკლი ჩიქოვანს ვინ კითხავს. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მკაფიოდ თქვა და თქვენ რასაც აკეთებთ 11 წელია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, არის ის, რომ მხოლოდ ასრულებთ მის ბრძანებას, მაგრამ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენება, ანაკლიელები აუცილებლად აბრუნდებიან ანაკლიაში და საქართველოს მოქალაქეები აუცილებლად დაბრუნდებიან ამ ქვეყანაში! მანამდე თქვენც უნდა იცოდეთ, რომ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ანაკლია და ანაკლიის პორტი 11 წელია ამ მდგომარეობაშია, რა მდგომარეობაშიც ახლაა. ანაკლიის გაპარტახებაზე, მიტოვებულ შენობებსა და განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებლობა, როცა ხელისუფლებაზე არ იქნებით, აუცილებლად დაგეკისრებათ ყველას“, – განაცხადა წითლიძემ.

“სამწუხაროდ, პრეზიდენტსა და ოპოზიციას განვიხილავთ ერთ ბანაკში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის” – გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიცია პრეზიდენტს ეუბნებოდა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობიდან პარლამენტში წარდგენილი კანდიდატები უკან გაეწვია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასე რომ ვერ მოხდა, შემდეგ შტურმი სწორედ ამ კანდიდატებზე მიიტანეს.

„პრეზიდენტს არაფერს ეკითხებიან. ეს კანდიდატები თუ არ უნდოდათ, პრეზიდენტმა რატომ წარმოადგინა? რატომ არ ეკითხებიან? იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, პრეზიდენტი გადაბარგდა ოპოზიციის ბანაკში. მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ თქვა, სალომე ზურაბიშვილი ჩვენს ბანაკშიაო. სამწუხაროდ, პრეზიდენტსა და ოპოზიციას განვიხილავთ ერთ ბანაკში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“ტრაგედიით სარგებლობა ყველაზე დიდი ამორალური რამ არის, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო”-მამუკა მდინარაძე

ტრაგედიით სარგებლობა ყველაზე დიდი ამორალური რამ არის, რაც კი შეიძლება, ადამიანმა მოიფიქრო და ამას ახერხებენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა.

„მე არ მიადვილდება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ როდესაც მათ ინფორმაციაც აქვთ და ალბათ დღეს კიდევ ერთხელ მოისმენენ ამ ინფორმაციას, რა მდგომარეობაში ამოჰყავდათ მაშველებს გარდაცვლილი ადამიანები, რამდენად მყისიერი იყო თუ არა ადამიანების გარდაცვალება იმ უდიდესი ტრაგედიის დროს, ამის შემდეგ რომ კიდევ საუბარს აგრძელებენ, ამაზე დიდი ამორალურობის წარმოდგენა შეუძლებელია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებს „რაღაც ფუსფუსი აქვთ და რაღაცისთვის ემზადებიან“.

„ახლა ლევან დავითაშვილს პრაქტიკულად არ უსმენს ოპოზიცია. რამდენიმე ადამიანია დარბაზში და რაღაც გეგმებს ალაგებენ. იქვე იგრძნობა, ისე გოიმურად აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ რაღაც მითითებებს აძლევენ ერთმანეთს, დიდი ფუსფუსი აქვთ გაჩაღებული. როგორც ჩანს, რაღაცას მოაწყობენ, მაგრამ ეს არ ვიცი. რაღაც ფუსფუსი აქვთ და რაღაცისთვის ემზადებიან, ისე გოიმურად და ისე რაღაცნაირად, არ ვიცი, რა დავარქვა. არ აინტერესებს ამ ხალხს არცერთი თემა. ანაკლიაზე ვლაპარაკობთ და რომან გოცირიძე ლაპარაკობს, იქ ნატო-ს წყალქვეშა ნავები უნდა განვათავსოთო. არასერიოზული ხალხია, მაგრამ ამ ყველაფერსაც თავი რომ დავანებოთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეათედი ინფორმაციაც რომ გქონდეს, რაც მოხდა შოვში და შემდეგ ამასთან დაკავშირებით რაღაც პოლიტიკურ დღის წესრიგს აგებ, ამაზე დიდი ამორალურობა არ არსებობს. ეს სპექტაკლი, რაც მათ დღეს უნდა მოაწყონ, ამ ამორალურობის ხარისხის პიკს აღწევს, რომ ამასთან დაკავშირებითაც კი შეუძლიათ, თავისი პოლიტიკური დივიდენდებისთვის იზრუნონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ანაკლიის პროექტის პირველი ფაზისთვის, პირველადად 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული -ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პროექტის პირველი ფაზისთვის, პირველადად 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული.

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ანაკლიის განვითარებისთვის ოცი მილიონი ლარია გამოყოფილი.

„2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში უკვე არის ასახული მიმდინარე წელს 20 მლნ ლარი ანაკლიის განვითარებისთვის. ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან, პროცედურის შესაბამისად, ჩვენ ვხედავდით, რომ ბოლო კვარტლამდე ეს ხარჯები გასაწევი არ გვექნებოდა და ბიუჯეტს ვგეგმავთ უფრო კონსერვატიულად. რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება, შესაბამისად, იმ ნაწილზე, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, მონაცემები ბიუჯეტში იქნება წარმოდგენილი. საკონსულტაციო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული იყო დაფინანსება ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტში, ესეც შესაბამისობაშია ბიუჯეტის კანონთან. განახლებულია, მათ შორის, პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა. ჩვენმა კომერციულმა საკონსულტაციო კომპანიამ, MTBS-მა განაახლა და ტენდერის პირობებში მოხდება ამ რიცხვების ცვლილება. იმედი გვაქვს, შემცირდება, თუმცა პროექტის პირველი ფაზისთვის, პირველადად 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია სანქცია, ძალიან დიდი იაღლიში მოუვიდათ” – რომან გოცირიძე

საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია სანქცია – ერთი ძალიან დიდი იაღლიში მოუვიდათ, რაც ფარცხალაძემ ვერ გათვალა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულო ბანკის ბრძანება სანქციის მხოლოდ საფინანსო ნაწილს ეხება, თუმცა, სანქციები მოიცავს ასევე ქონებრივ ნაწილსაც, სადაც პირის მიმართ განსხვავებულ მიდგომას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

„საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია სანქცია, დიდი იურისტები და ექსპერტები რომ ჰგონიათ თავი, ვერ გაითვალისწინეს ის, რომ ამერიკული სანქციები ორ მხარეს მოიცავს, ერთია საფინანსო, მეორე ქონებრივი. ეროვნული ბანკის ამოცანა იყო გაეყინა ფარცხალაძის ანგარიშები. ეს გააკეთა, შემდეგ იმავე დღეს გადაწყვეტილება შეცვალა. „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, ბრძანება რომ საქართველოს მოქალაქეს სანქცია არ უნდა შეეხოს თუ ბრალი არ დამტკიცდება, სანქციის მეორე მხარეზეც ვრცელდება. ნურას უკაცრავად, სანქციის მეორე მხარე ითვალისწინებს ქონების, ყველა სახის აქტივის, წილების, აქციების დაყადაღებას და ერთი ძალიან დიდი იაღლიში მოუვიდათ, ეს თავად ფარცხალაძემ ვერ გათვალა, როცა თავის შვილს გარდა ქონებისა, ერთ – ერთი კომპანიის 100 პროცენტიანი წილი. ამერიკული სანქცია ითვალისწინებს, რომ თუ კომპანიაში 50 პროცენტზე მეტი წილი აქვს, ამ კომპანიის ანგარიშები უნდა დაყადაღდეს, ასევე ქონება და აქციები. ეროვნული ბანკის განცხადება ამას აბსოლუტურად არ ეხება, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ ნაწილში პირის მიმართ განსხვავებულ მიდგომას, ამიტომ დღეს ამ მდგომარეობაში ფარცხალაძის ქონებრივ ნაწილში საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია სანქციები და ამაზე, ალბათ, რეაგირება ექნებათ,”- განაცხადა გოცირიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ეროვნულ ბანკში თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის დანიშვნას და აღნიშნა, რომ ყველა პირი, მათ შორის ნათია თურნავა, რომელმაც „ეროვნულ ბანკში კლანური გადატრიალება მოახდინა“, სალომე ზურაბიშვილის წარდგენილია.

„სალომე ზურაბიშვილი არ არის კომპეტენტური იმ ადგილებზე საკუთარი წარმომადგენლობის დანიშვნაში, რომელიც მისი კონსტიტუციური უფლებაა. მან ბევრჯერ წარმოადგინა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად საკმაოდ საეჭვო კვალიფიკაციის მქონე ადამიანები, ყველა პიროვნება, ვინც კი დღეს მოახდინა კლანური გადატრიალება ეროვნულ ბანკში, არის სალომე ზურაბიშვილის წარდგენილი, ნათია თურნავაც და ყველა ის ადამიანიც, ვინც ეროვნულო ბანკის საბჭოშია და სალომე ზურაბიშვილი დაემორჩილა ივანიშვილისა და მთავრობის ზეწოლას. ახლა გაიბრძოლა და წარმოადგინა კანდიდატები, მათგან ერთი (ნანა ყეინიშვილი) ოდიოზურზე ოდიოზური, რადგან მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამება საბჭოს წევრს, მევენახე-მებოსტნეობის სპეციალისტია, მეორეს (თენგიზ ხომერიკს) კვალიფიკაცია არ დაეწუნება, ჩემთან მუშაობდა საბიუჯეტო ოფისის უფროსი როცა ვიყავი, თუმცა, მედიით როგორც გავიგეთ სახელისუფლებო კლანთან და კობახიძეს ახლოსაა. როგორც იტყვიან, სალომე ზურაბიშვილს „ჩაუდეს“ სახელისუფლო კანდიდატი. მან გვიან გააცნობიერა, რომ შეცდომა დაუშვა, მოითხოვა გამოწვევა და ისიც არ იცის, რომ კანდიდატების გამოწვევა არ ხდება”,- განაცხადა გოცირიძემ.

“თავად იბარებენ შს მინისტრს პარლამენტში, თავადვე პიკეტირებას უწყობენ” – დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე

რადგან არ ვჩანვართ არც „ხალხად“ არ გთვლიან. მათი „ხალხი“ ამ სურათზეა. ჩემი ხალხი კი ამ წუთებში ვაშლიჯვრის სასაფლაოსკენ მიისწრაფვის. ბაბუშარას აეროპორტში განვითარებული ტრაგედიის მორიგი წლისთავია, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ ინტერპელაციით წესით პარლამენტში მინისტრების დაბარებას და პარალელურად აქციის მოწყობას.

ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც იქაა შეკრებილი, ოპოზიცია სავარაუდოდ, მრავალათასიან აქციად მონათლავს.

„თავად იბარებენ შსს მინისტრს პარლამენტში, თავადვე პიკეტირებას უწყობენ. ალბათ „ხალხმრავალს“ უწოდებენ ამ აქციას, ალბათ “მრავალათასიანად” გაასაღებენ ვერ გეტყვით. აი, ფონ კრამონი და დეგნანი „ქართველი ხალხის“ ნებაზე რომ აპელირებენ ხშირად, ამ სურათზეა მათი რაოდენობა. დანარჩენები საქმით ვართ დაკავებული და ამიტომ არა ვჩანვართ.

რადგან არ ვჩანვართ არც „ხალხად“ არ გთვლიან. მათი „ხალხი“ ამ სურათზეა. ჩემი ხალხი კი ამ წუთებში ვაშლიჯვრის სასაფლაოსკენ მიისწრაფვის. ბაბუშარას აეროპორტში განვითარებული ტრაგედიის მორიგი წლისთავია. მეც დავიძვრები. ნათელში ამყოფოს უფალმა დაღუპულების სულები. ღმერთმა გააძლიეროს მათი ოჯახის წევრები.

ფოტოზე აღბეჭდილებს კი ქვესკნელი მიიღებს და დააწყნარებს თავის დროზე… თუმცა, იმ დრომდე მათაც აქვთ გადარჩენის შანსი, რასაც გულწრფელად ვუსურვებ წმინდა კეთილგონივრული ავაზაკის ზეციური მფარველობით“, – წერს ქართველიშვილი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შესარჩევ მეორე ეტაპზე შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები გადავიდნენ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შესარჩევ მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიაა, მეორე კი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.

მისივე თქმით, ორივე კომპანია მსოფლიოში აღიარებული და წამყვანია.

„საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა. ერთი არის შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც მეორე ეტაპზე გადავიდა და მეორეა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის მსოფლიოში აღიარებული, წამყვანი კომპანიათა ჯგუფი.

რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პურობებთან, შესაბამისად, ისინი ვერ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რასაც წინადადების წარმოდგენის ეტაპი ჰქვია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომელთანაც შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რათა მათი მხრიდან წინადადებები მივიღოთ და ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზე, ხარისხზეა დამოკიდებული, ვინ იქნება ჩვენი კერძო პარტნიორი.

ამ კონკურსში რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ. იმისთვის, რომ რუსული ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, სხვა ქვეყნის ინტერესი, გავლენა არ დომინირებდეს, პროექტი იყოს საქართველოს ინტერესებზე და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ინტერესები, ეს პორტიც, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის, ეკონომიკის ინტერესებს, სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი და კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლის მომსწრეებიც ვართ წინა წლების განმავლობაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით და სახელმწიფოს უფლებების გარეშე ძალიან უპასუხისმგებლო კონცესიის შეთანხმებებით არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება. როცა კომერციულ და სტრატეგიულ ინტერესებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ორი პოლიტიკურად ძალიან მეგობარი ქვეყანა კომერციული კუთხით იყოს კონკურენტი და ერთმანეთთან ვერ ითანამშრომლოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 სექტემბერს სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

მათივე ცნობით, თბილისში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 22-23 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 სექტემბერს, შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 22-23 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 სექტემბერს, შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 22-23 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 სექტემბერს, შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 22-23 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 სექტემბერს, შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან, შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური), შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 22-23 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 სექტემბერს, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაბუშერას ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა

დღეს ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს იხსენებენ.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა, მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, უწყების წარმომადგენლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 30 წლის წინ, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი და მათი საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მეომრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო შენაერთ “მხედრიონის” წევრები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლში გახვეული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დაესვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ავიალაინერში მყოფი 100-ზე მეტი მგზავრიდან მხოლოდ 16 გადარჩა, დანარჩენი კი დაიღუპა.

მათი ცხედრები აეროპორტთან ახლოს დაკრძალეს. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ბაბუშერას სამარხიდან, ნეშტების ამოცნობა და გადმოსვენება მოხერხდა; 2010 წელს, წითელი ჯვრის ეგიდით, შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში, უგზო – უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა, ბაბუშერას ძმათა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სხვა სამარხების გახსნა, ცხედრების იდენტიფიცირება და გადმოსვენება. გადმოსვენების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 

ბაბუშერას ტრაგედიის მსხვერპლთა ნეშტები, დიღმის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა იდენტიფიცირებისა და მათი გადმოსვენებისათვის, სახელმწიფოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობა კვლავ გრძელდება.

“მთიანი ყარაბაღიდან ჩვენი თანამემამულეების სომხეთში გადაყვანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მათი იქ დარჩენა შეუძლებელია”

მთიანი ყარაბაღიდან ჩვენი თანამემამულეების სომხეთში გადაყვანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ჩვენი თანამემამულეების მთიან ყარაბაღში დარჩენა შეუძლებელია, ანუ არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, თუ ყარაბაღში არსებული ვითარება არ გამოსწორდება, ეთნიკური სომხების სომხეთის ტერიტორიაზე გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში დადგება.

„სომხეთში ხალხის შესაძლო შემოდინების შემთხვევისთვის მომზადდა 40 000-ზე მეტი ადგილი. საუბარია საცხოვრებელ ადგილებზე, ასევე ჯანდაცვასა და კვებაზე. ეს არის კოორდინირებული პოზიცია მთიანი ყარაბაღის პარტნიორებთან. ჩვენი პირველი გეგმაა, არ გავიყვანოთ სომხები მთიანი ყარაბაღიდან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ საკუთარ სახლებში შიშის გარეშე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

21 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ევაკუაცია უნდა იყოს მესამე გეგმა და არა – პირველი ან მეორე, რათა არ აღმოჩნდეს, რომ სომხეთი ეთნიკურ წმენდას საკუთარი ხელით ახორციელებს, რითიც აზერბაიჯანს ართმევს პასუხისმგებლობას.

“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, შოვის ტრაგედია საკუთარი პარტიული მიზნებისთვის გამოიყენოს და ხელისუფლება დააზიანოს”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციას შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ჭეშმარიტების დადგენის მიზანი არ ამოძრავებს.

სარჯველაძის თქმით, მათი მიზანია, „ისტორიები შეთხზან“, რასაც უსაფუძვლო ბრალდებების მიზეზად გამოიყენებენ.

„„ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა მიმართულია, რომ შოვის დიდი ტრაგედია რაღაც ფორმით საკუთარი პარტიული მიზნებისთვის გამოიყენონ, ხელისუფლება დააზიანონ და რაღაც უპირატესობა მოიპოვონ. ყველა კარგად ხვდება, რომ არავითარი მიზეზი არ არსებობს და მხოლოდ ჭარბი ემოციებით ხდება იმის გადაფარვა, რა მანკიერი ზრახვებიც ამოძრავებთ. ინსინუაციები იყო ჯერ ვერტმფრენებზე, შემდეგ არანორმალური ბრალდებები კალაძის ოჯახზე. არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ოპოზიციას ჭეშმარიტების დადგენის მიზანი ამოძრავებს. მათი ერთადერთი მიზანია, ისტორიები შეთხზან, რასაც ახალი უსაფუძვლო ბრალდებების მიზეზად გამოიყენებენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დღეს, 22 სექტემბერს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტში მოუსმენენ.