ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შესარჩევ მეორე ეტაპზე შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები გადავიდნენ

322
spot_img

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შესარჩევ მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიაა, მეორე კი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.

მისივე თქმით, ორივე კომპანია მსოფლიოში აღიარებული და წამყვანია.

„საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა. ერთი არის შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც მეორე ეტაპზე გადავიდა და მეორეა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის მსოფლიოში აღიარებული, წამყვანი კომპანიათა ჯგუფი.

რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პურობებთან, შესაბამისად, ისინი ვერ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რასაც წინადადების წარმოდგენის ეტაპი ჰქვია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომელთანაც შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რათა მათი მხრიდან წინადადებები მივიღოთ და ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზე, ხარისხზეა დამოკიდებული, ვინ იქნება ჩვენი კერძო პარტნიორი.

ამ კონკურსში რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ. იმისთვის, რომ რუსული ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, სხვა ქვეყნის ინტერესი, გავლენა არ დომინირებდეს, პროექტი იყოს საქართველოს ინტერესებზე და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ინტერესები, ეს პორტიც, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის, ეკონომიკის ინტერესებს, სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი და კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლის მომსწრეებიც ვართ წინა წლების განმავლობაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით და სახელმწიფოს უფლებების გარეშე ძალიან უპასუხისმგებლო კონცესიის შეთანხმებებით არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება. როცა კომერციულ და სტრატეგიულ ინტერესებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ორი პოლიტიკურად ძალიან მეგობარი ქვეყანა კომერციული კუთხით იყოს კონკურენტი და ერთმანეთთან ვერ ითანამშრომლოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.