Home Blog Page 1913

სამგორში, რაჭის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, რაჭის ქუჩაზე, 11 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე გზის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტიანი გზით გადაადგილდებოდა.

 

ტერიტორიაზე ახალი ორფენიანი საფარი იგება და მიმდებარედ ბორდიურები წესრიგდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ.

 

მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე გაეცნენ.

 

საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. სამგორის გამგეობამ მიმდინარე წელს ასფალტის ძველი საფარი ახლით 100 მისამართზე შეცვალა. ჯამში, ახალი საფარი 137 000 კვ.მ ფართობზე დაიგო.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა ოპოზიციური ჯგუფის მარგინალიზაცია მოახდინოს” – ცაგარეიშვილი

ხელისუფლების ინტერესია, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ეს ბარიერიც, რომელიც ახლაა წარმოდგენილი, მთელ ევროპულ კონტინენტზეა დამკვიდრებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მარგინალიზაცია მოახდინოს ყველა ოპოზიციური ჯგუფის.

„სამწუხაროდ, ადამიანები ოპოზიციიდან ვერაფრით ვერ დაეხსნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მარწუხებს. ყოველთვის თავს მიდევნიან ხოლმე იქ, საიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირთ. რა თქმა უნდა, ეს აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მარგინალიზაცია მოახდინოს ყველა ოპოზიციური ჯგუფის და ეს კარგად გამოსდით ამ ადამიანებს. ამიტომ, პარტიებმა, რომლებიც დღესაც არიან პარლამენტში წარმოდგენილი, ან ისინი, რომლებიც ცდილობენ გადალახონ ბარიერი და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში მოხვდნენ, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს ჩამოშორდნენ.

ხელისუფლების ინტერესია, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ ეს ბარიერიც, რომელიც ახლაა წარმოდგენილი, მთელ ევროპულ კონტინენტზეა დამკვიდრებული. ფაქტობრივად ყველგან 4 ან 5%-იანი ბარიერია, მგონი ჰოლანდიაში ნულოვანი ბარიერი, დანარჩენი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და არაწევრ ქვეყნებშიც, ფაქტობრივად ყველგან 4-5%-იანი ბარიერია“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

,,თუ ვინმეს თანამშრომლობა უნდა, შედგება ფორმატები, კარი ღიაა და ვნახავთ რისი გამკეთებლები არიან“,”- დავითულიანი

ბექა დავითულიანი ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა კახა კალაძე ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო გააკრიტიკა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გაიხსენა, რომ სამნიძემ თვითონ ამხილა ოპოზიციის ნაწილი იმაში, რომ ისინი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.

„თავად ხათუნა სამნიძემაც აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ჩადიოდნენ ბრიუსელში და ამბობდნენ, რომ არ შეიძლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ ფონზე რა გაუკვირდა სამნიძეს, რომ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ თანამშრომლობის განწყობა არსებობს ოპოზიციის მხრიდან დამატებითი 9 რეკომენდაციის შესრულებაში და კახა კალაძემ ამ თვალსაზრისით სკეპტიციზმი გამოთქვა. ცოტა გაუგებარია და როგორც მინიმუმ, უტიფრობაა ამაზე რაღაც შეცხადება. თუ ვინმეს თანამშრომლობა უნდა, შედგება ფორმატები, კარი ღიაა და ვნახავთ რისი გამკეთებლები არიან“, – განაცხადა დავითულიანმა.

ხათუნა სამნიძემ კახა კალაძის განცხადებას უპასუხა, რომელშიც თბილისის მერმა თქვა, რომ მისთვის, გამოცდილებიდან გამომდინარე, ევროკომისიის ახალი დათქმების შესრულების მიზნით, ოპოზიციასთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.

,,რაში გვჭირდება ასეთ მავნებლებთან თანამშრომლობა?!”- ზარქუა

რაში გვჭირდება ასეთ მავნებლებთან თანამშრომლობა?! ის, ვინც აქტიური, კონსტრუქციული და აქცენტირებული იყო, რომ დიახ, საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, მათთან ახლაც ვთანამშრომლობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც კახა კალაძის განცხადებას უპასუხა, რომელშიც თბილისის მერმა თქვა, რომ მისთვის, გამოცდილებიდან გამომდინარე, ევროკომისიის ახალი დათქმების შესრულების მიზნით, ოპოზიციასთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია.

„სულ რამდენიმე ხნის წინ თავის კოლეგებს თვითონ [ხათუნა სამნიძე] არ იყო რომ საყვედურობდა, რომ თურმე საბოტაჟს ეწეოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ?! ასეთ ოპოზიციასთან რა საერთო გვაქვს? წლებია ვერ შემოვიყვანეთ სამუშაო ჯგუფებში, რომ ან ერთი ადეკვატური იდეა ჰქონოდათ, ან რეფორმებში მიეღოთ მონაწილეობა. რაში გვჭირდება ასეთ მავნებლებთან თანამშრომლობა?! ის, ვინც აქტიური, კონსტრუქციული და აქცენტირებული იყო, რომ დიახ, საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, მათთან ახლაც ვთანამშრომლობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ზარქუამ.

SITA რუსულ ავიაკომპანიებს საერთაშორისო საავიაციო დომენის ზონიდან თიშავს

სამოქალაქო ავიაციისთვის მომსახურების მიმწოდებელი შვეიცარიული პროვაიდერმა SITA-მ რუსულ ავიასატრანსპორტო კომპანიებისთვის საერთაშორისო ავიაციის დომენის უმაღლესი დონე .aero-ზე წვდომის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ადმინისტრირებას თავად SITA უწევს.

„იზვესტია“ სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ავიაკომპანიების ნაწილმა 10 ნოემბრიდან აღნიშნულ ზონაში რეგისტრაციისა და დომენების გახანგრძლივების შეწყვეტის შეტყობინებები უკვე მიიღეს. ინფორმაცია გამომცემლობას აეროპორტების ჰოლდინგიდან, მსხვილმა ავიაკომპანიებმა და თვითმფრინავების ტექმომსახურების ორგანიზაციებმა მიაწოდეს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიებს შეტყობინებები გასულ პარასკევს Ru-Center-დან მიუვიდათ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში .aero-ს დომენის სახელების რეგისტრირების ავტორიზებული ორგანიზაციაა.

„დღეს ჩვენ .AERO-ს უმაღლესი დონის ადმინისტრაციიდან მივიღეთ შეტყობინება. 2023 წლის 10 ნოემბრიდან SITA რიგი ქვეყნების კლიენტებისთვის, მათ შორის რუსეთის ფედერაციისთვის, დომეინ ზონა .aero-ში დომენების რეგისტრაციაზე შეკვეთების მიღებას წყვეტს“, – წერია შეტყობინებაში.

„იზვესტია“ რეგისტრატორის პრესამსახურსაც დაუკავშირდა, ამ შეტყობინების გაგზავნაზე დასტური მიიღო. ავტორიზებულ ორგანიზაცია Ru-Center-ში შეტყობინების მიღების შემდეგ დომენების ვადები 1 წლით გაახანგრძლივეს, რათა მათი ვებგვერდების ქმედუნარიანობა შეენარჩუნებინათ. ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მომხმარებელთა სრული სიმშვიდისთვის, ჩვენ შესაძლო შეფერხებები გადავაზღვიეთ და ამ ზონის დომენების ვადა გავახანგრძლივეთ“, – განუცხადეს „იზვესტიას“ Ru-Center-ის პრესსამსახურში.

ორგანიზაციაში აზუსტებენ, რომ ამ დროისთვის დომენების რეგისტრაცია და ვადის გახანგრძლივება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ყველაფერი განრიგით მუშაობს, რადგან შეზღუდვები ძალაში ჯერ არ შესულა.

ქეთევან დედოფლის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა 15 და 16 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

„აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).

გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით“, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

“ძალიან სამწუხარო და მძიმეა, როცა კახა კალაძე აკეთებს განცხადებას, რომ მას ვერ წარმოუდგენია თანამშრომლობა ოპოზიციასთან” – ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძე კახა კალაძის განცხადებას პასუხობს, რომელშიც თბილისის მერმა თქვა, რომ მისთვის, გამოცდილებიდან გამომდინარე, ევროკომისიის ახალი დათქმების შესრულების მიზნით, ოპოზიციასთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.

„ვფიქრობ, ახლა აღარ არის იმის დრო, რომ ერთმანეთისკენ ხელი გავიშვიროთ და ამ რთულ განვლილ გზაზე ვილაპარაკოთ, არამედ შევხედოთ უკვე მომავალს და იმას თუ როგორ ვაპირებთ მომავალში რეკომენდაციების შესრულებას. ძალიან სამწუხარო და მძიმეა, პრობლემაა, როცა კახა კალაძე სულ რამდენიმე ხნის წინ აკეთებს განცხადებას, რომ მას ვერ წარმოუდგენია თანამშრომლობა ოპოზიციასთან. მაშინ, როდესაც ყველა რეკომენდაცია და ყველა ჩვენი პარტნიორის სიტყვა ადასტურებს იმას, რომ ვართ იძულებულები ვითანამშრომლოთ“, – განაცხადა სამნიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

რუსებმა უკრაინაში მებრძოლი საქართველოს 2 მოქალაქე ტყვედ აიყვანეს

რუსებმა უკრაინაში მებრძოლი საქართველოს 2 მოქალაქე, გიორგი ჩუბიტიძე და გეორგი გოგლიძე ტყვედ აიყვანეს. პატიმრების დაკითხვის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვრცელდება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

დონეცკის რეგიონში საქართველოს მოქალაქეების დატყვევების შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლებისა და კავკასიის ეხოს ქართული სამსახურის ორი წყარო ადასტურებს. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ ჩუბიტიძე და გოგლიძე 12 ნოემბერს დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დატყვევებული ქართველი მებრძოლები უკრაინის შეიარაღებული ძალების უცხოურ ლეგიონში მსახურობდნენ.

უკრაინაში მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის ლიდერმა მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს განუცხადა, რომ აღნიშნული პირები მის ქვედანაყოფში არ მსახურობდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

“საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილია” – გიორგი ვაშაძე

საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილია, ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის დახმარების აღმოჩენა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისა განაცხადა.

ვაშაძე ენერგოუსაფრთხოების საკითხებს შეეხო და ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება განიხილა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება თითქმის 100%-თ არის გაზრდილი, რაც საქართველოზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

მისივე თქმით, ენერგეტიკის სექტორს რუსეთი ჰიბრიდული ომის იარაღად იყენებს.

“ენერგეტიკის სექტორი რუსული ჰიბრიდული ომის იარაღია. ჩვენს რეგიონში მრავალი ქვეყანა რუსეთის მხრიდან მავნე ზეგავლენას განიცდის. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე გაზრდილია. თითქმის 100% ნავთობისა შემოტანილია რუსეთიდან, მაშინ, როდესაც ჩვენ სრულად დამოუკიდებელნი ვიყავით ამ თვალსაზრისით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის ევროპულ დონეზე განხილვა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის დახმარების აღმოჩენა, რათა მათი ენერგოსექტორის დივერსიფიკაცია მოხდეს”, – განაცხადა ვაშაძემ.

“ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა” – სააკაშვილი

ლავროვის განცხადება უნდა გაგებულიყო, როგორც პირდაპირი სამხედრო დაპყრობის მუქარა, ახლა ჩვენ უნდა ხმამაღლა ვაფრთხილებდეთ ყველა შესაძლო პარტნიორს ამ დიდ საფრთხეზე, ვითხოვდეთ გამყოფ ხაზებზე ევროკავშირის დამკვირვებლის რიცხოვნობის გაზრდას, – ასე ეხმაურება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, უნდა შეჩერდეს რუსების შემოდინება საქართველოში.

„უნდა მოვითხოვოთ ანტი-საჰაერო დაცვის და ანტი-სატანკო სისტემების დიდი რაოდენობით გადმოცემა! გადაუდებლად უნდა შევაჩეროთ რუსების შემოდინება საქართველოში.

უნდა შევძლოთ ქვეყნის შიგნით ყველა ძირითად ჯგუფთან საერთო ენის გამონახვა, სიძულვილის ინსტრუმენტზე უარის თქმა, რადგან შიდა მწვავე დაპირისპირება ძალიან უადვილებს აგრესორს ამოცანას.

ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რუსებისთვის თვალების პაჭუნით და მათი დავალებების ჩუმად შესრულებით, ჩვენ პირდაპირ ინტერვენციას თავიდან ავიცილებთ, საქმე იმაშია, რომ რუსებს სჭირდებათ სიმბოლოები და ასეთი სიმბოლო არის ის რაც მან ვერ მოახერხა 2008-ში – რუსული დროშა და რუსი ჯარისკაცის ჩექმა თბილისის ცენტრში. აქამდე ყველა მოქმედებით, (მათ შორის, ჩემი დატყვევებით) ან უმოქმედობით ოლიგარქის ხელისუფლება ჩვენს მტერს ამ ამოცანას მხოლოდ უადვილებს“, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა ასეთი განცხადება გააკეთა: “ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, ეს არ გამოვა“.

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ერთ-ერთი მსჯავრდებული ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა

2006 წელს რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მსჯავრდებული ერთ-ერთი მამაკაცი უკრაინაში ბრძოლის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა.

მოსკოვის ყოფილ პოლიციელს, სერგეი ხაჯიკურბანოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა 2014 წლის სასამართლო პროცესზე მიესაჯა. მისმა ადვოკატმა, ალექსეი მიხალჩიკმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულმა ახლა მიიღო პრეზიდენტის შეწყალება მას შემდეგ, რაც დაასრულა ექვსთვიანი სამხედრო კონტრაქტი. ის იყო ერთ-ერთი ხუთ ადამიანში, რომლებიც დანაშაულში იყვნენ მსჯავრდებულები. ხაჯიკურბანოვი დამნაშავედ ცნეს მკვლელისთვის ლოგისტიკური დახმარების გაწევის გამო.

ანა პოლიტკოვსკაია, გამომძიებელი რეპორტიორი და ჩეჩნეთში რუსეთის ომის აქტიური კრიტიკოსი, საკუთარი კორპუსის ლიფტში მოკლეს. გაზეთ „ნოვაია გაზეტასთვის“ მისმა რეპორტაჟმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ჩეჩნეთში რუსული ძალადობის გამოძიების გამო.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6981 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6981 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8932 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8836 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.