Home Blog Page 1912

“ტრაგედიის ქულების დასაწერად გამოყენება გერმანიაში „ნეონაცისტებმა“ სცადეს, ხოლო საქართველოში „ნაცებმა“

ტრაგედია არის ისეთი რამ, რამაც ყველა უნდა გააერთიანოს, მაგრამ თუ არაფერი წმინდა არა გაქვს, ვერაფერი ვერავისთან

ვერ გაგაერთიანებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტში განაცხადა, სადაც შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით, შოვის ტრაგედიაზე უსმენენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შოვის ტრაგედიიდან ერთი თვის განმავლობაში ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც სტიქიის ზონაში ჩავიდა, შალვა ნათელაშვილი იყო.

„მე მინდა შეგახსენოთ, რომ არცერთი თქვენგანი არ იყო შოვში, არა თუ პირველივე დღეს, საერთოდ არ ჩასულხართ – არცერთი თქვენგანი არ ჩასულა შოვში! ერთადერთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც შოვში ჩავიდა, იყო შალვა ნათელაშვილი. ერთი თვის განმავლობაში შოვში არ ჩასულხართ. იქ რომ ჩასულიყავით, ამდენ სისულელეს არ იტყოდით, ზუსტად იმიტომ არ ჩახვედით, რომ ამდენი სისულელე დაგრჩენოდათ სათქმელი.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ამათი გუნდის წევრია ყოფილი გუბერნატორი რაჭის, რაჭველია, ჰქვია რაჭველი და ისე არ ვიცი რა არის თავისი მენტალიტეტით. ეს კაცი გამოდის და ამბობს, რომ რაჭაში ტურიზმი დამთავრდაო. წარმოიდგინეთ, რა დონის მავნებლები არიან. სხვათა შორის, ასეთი განცხადებების მერე სისტემატურად ხდებოდა ჯავშნების გაუქმება რაჭაში. სხვათა შორის, რაჭველი დეპუტატებიც არიან აქ და ისინიც არ ჩასულან, არც სამშობლო, არც თავისი კუთხე, არაფერი არ აქვთ, არაფერი წმინდა არ აქვთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შოვის ტრაგედიაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ გერმანიაში მომხდარი წყალდიდობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ტრაგედიის ქულების დასაწერად გამოყენება გერმანიაში „ნეონაცისტებმა“ სცადეს, ხოლო საქართველოში „ნაცებმა“.

„არცერთ საპარლამენტო პარტიას არ უცდია ტრაგედიის სპეკულაციისთვის გამოყენება, ტრაგედიის, რომელსაც 200-ზე მეტი გერმანელი შეეწირა, თუმცა იქაც არიან არასაპარლამენტო ძალები, „ნეონაცისტები“ და მხოლოდ მათ სცადეს ამ ტრაგედიის გამოყენება საკუთარი ქულების დასაწერად – გერმანიაში „ნეონაცისტები“, საქართველოში „ნაცები“. ეს არის რეალური სურათი, რასაც აკეთებდნენ გერმანიაში „ნეონაცისტები“, იმავეს აკეთებდნენ ჩვენი „ნაცები“ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილი გია ხუხაშვილს შეხვდა – დეტალები

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანის სასახლეში, სამოქალაქო პლატფორმის „შინ მომავლისთვის“ დამფუძნებელი გია ხუხაშვილი მიიღო.

პლატფორმის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ საუბარი, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ემიგრაციის საკითხს შეეხებოდა.

პრეზიდენტმა ყველა ამ თემაზე სტუმრის მოსაზრებები მოისმინა და საკუთარი პოზიციაც გააცნო.

გია ხუხაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე, იდეა „შინ მომავლისთვის“ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის ქართველთა სოლიდარობის მსოფლიო ქსელის შექმნაზე, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ თანამემამულეებს გააერთიანებს. საქართველოს პრეზიდენტმა იდეას მხარდაჭერა აღუთქვა.

„შინ მომავლისთვის“ უკვე სამი თვეა მუშაობს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ პირთა რეინტეგრაციისა და ემიგრაციის პრობლემებზე. მუშაობა ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს:

იქმნება ქართული ემიგრაციის პროფესიული პრინციპით სტრუქტურირებული ქსელი, შესაბამისი დარგობრივი პანელებით. პლატფორმა მუშაობს ამა თუ იმ სფეროში მოღვაწე წარმატებულ ქართველებთან, კონკრეტული მიმართულებების მიხედვით სხვადასხვა პროექტებზე, რაც ერთი მხრივ ქვეყნის განვითარებაზეა მიმართული და მეორე მხრივ, ქართველთა სოლიდარობის გაძლიერებაზე, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა.

პლატფორმა ეხმარება ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ ქართველებს ინტეგრაცია/რეინტეგრაციის პროცესში – სოციალურ და ეკონომიკურ ადაპტაციაში სთავაზობს რა სასწავლო კურსებს ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში. ასევე, სამართლებრივ დახმარებას უწევს სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერების დასაძლევად.

უკვე ფუნქციონირებს ქართული ენის, ისტორიის და სამართლის შემსწავლელი სკოლა, სადაც სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეები რამდენიმე თვეა, სრულიად უფასოდ სწავლობენ.

მიმდინარე პროექტების პარალელურად, შემუშავებულია სამოქმედო გეგმა სამედიცინო, სამეცნიერო და სხვა სფეროებში. დაგეგმილია ჯანდაცვის საკონსულტაციო ჰაბის შექმნა აშშ-ს და ევროპის წამყვან კლინიკებში მოღვაწე ქართველი ექიმების ჩართულობით.

დაგეგმილია საგანმანათლებლო შერეული ბანაკების ფორმირება ემიგრანტთა შვილების და ადგილობრივი მოზარდების მონაწილეობით.

იდეას „შინ მომავლისთვის“ აქტიური მხარდამჭერები ჰყავს როგორც საქართველოში, ისე ფარგლებს გარეთ დიასპორულ საზოგადოებაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ხმა ჩაიწყვიტე, შე რეგვენო! შენი ტოლი და სწორი ნახე და იქ იყმუვლე” – ეკა ხერხეულიძე დაჩი ბერაიას

ბერაია არც გაბედო, ხმა ჩაიწყვიტე, შე რეგვენო! შენი ტოლი და სწორი ნახე და იქ იყმუვლე, შე, რეგვენო, შენ! – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატს, ირაკლი (დაჩი) ბერაიას.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხერხეულიძის განცხადებას მოყვა, სადაც ის მმართველი პარტიის დეპუტატებს მიმართავდა და აცხადებდა, რომ უმრავლესობასა და ოპოზიციაში ყოფნის საკითხი მონაცვლეობითი ამბავია.

„კოლეგებო, რომლებიც უმრავლესობაში ბრძანდებით, ეს არის მონაცვლეობითი ამბავი. ოდესღაც ჩვენ ვისხედით მაგ მხარეს და აქეთ იყო ოპოზიცია. თქვენც აუცილებლად შეიცვლებით. ბერაია არც გაბედო, ხმა ჩაიწყვიტე, შე, რეგვენო! შენი ტოლი და სწორი ნახე და იქ იყმუვლე, შე, რეგვენო, შენ! ყოველთვის იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან მონაცვლეობითი დამოკიდებულება. ეს არ არის კაცის საქციელი, როცა ერთ ადამიანს ნახავთ, შეესევით, ხან უკნიდან ჩაარტყამთ და გგონიათ, რომ ბოსს ასიამოვნებთ. ეს არ არის არც კაცური, არც ადამიანური და მითუმეტეს, არც დეპუტატს შეეფერება. ყველანი ოდესმე მოხვდებით უმცირესობაში და მაშინ იქნებით იმ ხალხის დასაცავი, ვინც დღესაა უმცირესობაში“, – განაცხადა ხერხეულიძემ

“ყველამ დაიჯერა, მარტო მდინარაძეს და კობახიძეს არ სჯერა, რომ ფარცხალაძე „ეფესბეს“ აგენტია” – ხაბეიშვილი შს მინისტრს

ოთარ ფარცხალაძეზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა აგენტიაო, რუსეთის სახელმწიფო ამბობს, რუსეთის პატრიოტიაო, ფარცხალაძემ ომის პირობებში რუსეთის მოქალაქეობა აიღო, მარტო მდინარაძეს და კობახიძეს არ სჯერა, რომ „ეფესბეს“ აგენტია. დანარჩენი – ფარცხალაძე, ამერიკა, რუსეთი, ყველა შეთანხმდა, მაგრამ თქვენ ვერ იჯერებთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხაბეიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვები, რომელიც საქართველოში რუსი გენერლების სტუმრობას და გამასპინძლებას ეხებოდა.

„ბოტასიპარია“ კაცი პროკურორად რომ დანიშნეთ, ეს იყო ტრაგედია, მერე ფარცხალაძემ ერთ დღეში 3 მლნ ლარის 12 უძრავი ქონება რომ დაირეგისტრირა, ჯერ მაშინ უნდა დაგეწყოთ გამოძიება, მაგრამ თქვენ ყური არ შეგიბერტყავთ. თქვენი მინისტრი, კოლეგა, ერთ მაგიდასთან რომ ისხედით, სარდაფში რომ ჩაიყვანა და სცემა, აი, მაშინ უნდა დაგეწყოთ გამოძიება, მთავარი აუდიტორი ქვეყანაში, საჯაროდ, დღისით, მზისით სცემა, მაგრამ არა, მაინც ისევ ფარცხალაძის დაცვაში ხართ. ამასობაში, აგენტიაო, თქვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის სახელმწიფო ამბობს, რუსეთის პატრიოტიაო, ფარცხალაძემ ომის პირობებში რუსეთის მოქალაქეობა აიღო, მარტო მდინარაძეს და კობახიძეს არ ჯერა, რომ „ეფესბეს“ აგენტია, დანარჩენი – ფარცხალაძე, ამერიკა, რუსეთი, ყველა შეთანხმდა, მაგრამ თქვენ ვერ იჯერებთ. რატომ ვერ იჯერებთ, იცით? სავარაუდოდ, თქვენც რაღაც წვლილი მიგიძღვით. გახსოვთ, თქვენი მოადგილე იყო სოსო გოგაშვილი, ციხეში გყავთ ახლა გამოკეტილი, რადგან აღარ მოსწონხართ. ეს კაცი გეცნობათ? – ბორტნიკოვი – „ეფესბეს“ დირექტორი, თქვენზე თქვეს, რომ ამ ადამიანს ხვდებოდით, ოღონდ, თქვენმა მოადგილემ თქვა, აი, ერთად რომ წყვეტდით შავ-ბნელ საქმეებს, აგერ, არის გენერალი სერგეი ბესედა, სედოვი, ბორტნიკოვი – სხვათა შორის, თქვეს, რომ ხინკლის საჭმელად დაგყავდათ თქვენსავე რესტორანში, თქვენმა მოადგილემ თქვა. ამაზე გამოძიება დაიწყეთ? სხვათა შორის, იოსებ ჭელიძე იყო ნახსენები გოგაშვილის ნათქვამში, გამოიკითხა? ბორტნიკოვს რომ ხვდებოდით და ელარჯს უწელავდით და ხინკალს აჭმევდით, არ იცნობთ? თქვენ მართლა გგონიათ, ვინმეს სჯერა, რომ რუს გენერლებს საქართველოში არ პატიჟებდით? თქვენმა მოადგილემ გამხილათ, საქმე არავის გამოუძიებია, თქვენ ისევ თანამდებობაზე ხართ, აგერ, ფარცხალაძე „ეფესბეს“ აგენტიაო და ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოს მოქალაქეებს სჯერათ, რომ მხოლოდ ფარცხალაძეა „ეფესბეს“ აგენტი, რომელიც სხვათა შორის, თვითონ არაფერს უარყოფს და რუსებიც ამბობენ, ჩვენი პატრიოტიაო – აი, მამუკას არ სჯერა, ვერაფრით ვერ დააჯერა ვერავინ. დღეს გამოვიდა და თქვა, გამოძიებამ რა კითხვა უნდა დაუსვასო, შემობრუნდა სხდომათა დარბაზში, გაიგო რომ დაუბარებიათ, მერე გამოვარდა, თქვა, უიმე, დაუბარებიათ, აი, გამოძიება მიმდინარეობსო. ალბათ, მესიჯბოქსს ვერ აყევით, ხშირად უნდა ჩაიხედოთ ხოლმე ჩათში. ამიტომ, მე ჩემი წარმოდგენა მაქვს თქვენს დამოკიდებულებებზე, თუ როგორ უყურებთ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“2019 წლიდან ყველა მეხანძრე-მაშველს 50%-ით გაეზარდა ხელფასი – ასევე, ყველა მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შემდეგ იღებენ პრემიებს”

ბოლო წლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით და სახანძრო მანქანებით. 2019 წლიდან დღემდე, მეხანძრე მაშველის ფორმა-ტანსაცმლის, მათ შორის ცეცხლმედეგი, ასევე სამთო და მყვინთავის სპეცაღჭურვილობის შესაძენად 20 – მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2019 წლიდან მეხანძრე-მაშველებს გაეზარდათ ხელფასი ყველაზე მცირე 50%-ით, 2020 წლიდან დაიწყო 24-საათიან რეჟიმში მომუშავე მეხანძრე-მაშველთა კვებით უზრუნველყოფა. რაც შეეხება უშუალოდ მეხანძრე-მაშველებს, ისინი ყველა მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შემდეგ იღებენ პრემიებს და ასეც გაგრძელდება.

„ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენი გმირი მეხანძრე-მაშველები თავდაუზოგავად მუშაობდნენ სტიქიის ზონაში, გარკვეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სიცრუის გავრცელებით იყვნენ დაკავებული. გავრცელდა ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია მათ აღჭურვილობაზე, ტექნიკასა და სოციალურ პირობებზე. ყოველთვის ვერიდები წარსულზე საუბარს, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე.

2015 წლამდე, არ არსებობდა ერთიანი სტრუქტურა და სამაშველო სამსახურები მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში იყვნენ. მათი ძირითადი ტექნიკა და აღჭურვილობა იყო საბჭოთა წარმოების, მოძველებული და ამორტიზებული. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა თანამშრომელთა ხელფასები და სოციალური პირობები.

2015 წლიდან, სამაშველო სამსახურები მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებიდან გადმოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში და ჩამოყალიბდა ერთიანი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მას შემდეგ, სამსახურის შესაძლებლობების გასაძლიერებლად განხორციელდა არაერთი რეფორმა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა მეხანძრე-მაშველების აღჭურვილობა, უნიფორმები და ტექნიკა. ბოლო წლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღიჭურვა ახალი, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებით, მათ შორის, მაღალი გამავლობის ავტოტექნიკით, ყველგანმავალი კვადროციკლებით, წყლის სატრანსპორტო საშუალებებით და სახანძრო მანქანებით.

2019 წლიდან დღემდე, მეხანძრე მაშველის ფორმა-ტანსაცმლის, მათ შორის ცეცხლმედეგი, ასევე სამთო და მყვინთავის სპეცაღჭურვილობის შესაძენად 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 2019 წლიდან ყველა მეხანძრე-მაშველს გაეზარდა ხელფასი ყველაზე მცირე 50%-ით. 2020 წლიდან დაიწყო 24-საათიან რეჟიმში მომუშავე მეხანძრე-მაშველთა კვებით უზრუნველყოფა. აქვე მინდა შევეხო პრემია-დანამატების საკითხს. პრემიებთან დაკავშირებით ხშირად ვხდები ხოლმე კრიტიკის ობიექტი. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიციელები, მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც 24 -საათიან რეჟიმში ემსახურებიან ქვეყანას და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას, მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ დანამატებს და ყოველთვის ვიზრუნებთ მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე. რაც შეეხება უშუალოდ მეხანძრე-მაშველებს, ისინი ყველა მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შემდეგ იღებენ პრემიებს და ასეც გაგრძელდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

“შენ ხარ ნაძირალა“, „არაკაცი“, „მაჯლაჯუნა“ – უმრავლესობის დეპუტატები გიორგი ვაშაძეს

“შენ ხარ ნაძირალა“, „არაკაცი“, „მაჯლაჯუნა“, „ვინ გაგზარდა!“, – ეს იყო შეძახილები, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენისას პარლამენტის ტრიბუნასთან გამოსულ გიორგი ვაშაძეს უმრავლესობის დეპუტატები მიმართავდნენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამგვარი ეპითეტებით ვაშაძის იმ განცხადებას შეხვდნენ, რომელშიც მან ვახტანგ გომელაურის მისამართით იკითხა, თუ რატომ არ ჩავიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში პირველივე დღეს. ვაშაძის თქმით, პრემიერი ადგილზე მომდევნო დღეს იმყოფებოდა. გარდა ამისა, ვაშაძემ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამაშველო ოპერაციის გამო გააკრიტიკა.

გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლისას ადგილიდან შეძახილებით პასუხობდნენ „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატები, ოპოზიციონერ კოლეგას მიმართავდნენ, რომ ის პოპულისტი და „ომის პარტიის“ წვერია. ამასთან, ვაშაძეს „ნაბიჭვარიც“ უწოდეს.

„თქვენი შეძახილებით საკუთარი თავის ლუსტრირებას ახდენთ, რადგან კითხვებზე პასუხები არ გაქვთ“, – ასე მიმამართა ვაშაძემ უმრავლესობის წევრებს.

უმრავლესობის დეპუტატებმა ვაშაძეს სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

“საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი ვრჩებით”

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საუბარი, ასევე, შეეხო აშშ -ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხს და სანქციათა შესრულების წესში ცვლილებას. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-მა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით შეიმუშავა და აამოქმედა აღნიშნული ცვლილება. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას.

„გერმანიის ელჩთან და მის კოლეგებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი პროექტები. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ როგორც გერმანიის ცენტრალურ ბანკთან, კომერციულ ბანკებთან, ასევე, სხვადასხვა გერმანულ საფინანსო ინსტიტუტთან. აღვნიშნეთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რასაც გერმანიის მთავრობისგან და გერმანიის საფინანსო სექტორიდან ვიღებთ. ასევე, ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა სანქციების აღსრულების წესში და საქართველოს მოქალაქეებზე განსხვავებული პროცედურები დააწესა. ცალსახად აღვნიშნეთ, რომ საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა, ეროვნული ბანკი, ვრჩებით ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი. რაც შეეხება ცალკეულ იურიდიულ საკითხს, აღსრულებადობას და ა.შ ჩვენ მივყვებით საერთაშორისო პრაქტიკას და მზად ვართ, რომ ამაზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან კარგი შეხვედრა შედგა. ჩვენი შეხვედრის და დისკუსიის თემა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა იყო. განვიხილეთ ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აღინიშნა ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა სებ-სა და გერმანიის ცენტრალურ ბანკს-ბუნდესბანკს შორის. ახლა, როცა საქართველო კანდიდატის სტატუსის და ევროკავშირის წევრობისკენ ნაბიჯებს დგამს, გვინდა, ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაფართოოთ. ასევე ვისაუბრეთ ბოლოდროინდელ მოვლენებზე და ვაფასებ პირველი ვიცე-პრეზიდენტის დეტალურ განმარტებას, რომელიც მან მომაწოდა“, – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მრავალწლიანი, წარმატებული პარტნიორობა. გერმანიის ბუნდესბანკის ექსპერტებმა ეროვნულ ბანკს უდიდესი დახმარება გაუწიეს და მხოლოდ მათი დიდი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი 2012 წელს თანამედროვე სტანდარტების საკასო ცენტრის მშენებლობა და ფუნქციონირება.

“რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა?” – სალომე სამადაშვილი უმრავლესობას

უმრავლესობას უნდა მივმართო – რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? – რის გაკეთებას აპირებთ მომავალში და რა შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო, რომ ჩვენ დანაწევრებული ბავშვები ცოცხლად დამარხული არ ამოგვყავდეს მიწიდან? რისი გაკეთება შეიძლებოდა, ამას უნდა გვიყვებოდეთ ჩვენ აქ, საკუთარ თავს კი არ უნდა ულოცავდეთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით, შოვის ტრაგედიაზე უსმენენ.

სამადაშვილის განცხადებით, როდესაც პრემიერი გამოდის და აცხადებს, რომ მას სახელმწიფო ბორტი მამამ დაუფინანსა, ხალხს არ სჯერა, რომ სახელმწიფოს სახსრები მათი ინტერესებისთვის იხარჯება.

„ინტერპელაცია ისეთ საკითხს შეეხება, რომ თითოეულ ადამიანს, მიუხედავად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა, ძალიან უნდა, დღეს ჩვენ მოვისმინოთ ამ დარბაზში, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა ყველაფერი, რათა ჩვენ არ გვქონოდა ის ტრაგედია, რაც გვქონდა და ამიტომ გისმენდით ძალიან დიდი ყურადღებით. ძალიან დიდი იმედი მქონდა, მოვისმენდი, რომ მართლაც შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი ბავშვის, ერთი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ რაც გამიკვირდა თქვენი გამოსვლის ტონალობაშიც და უმრავლესობას უნდა მივმართო, თქვენ ტაშში – რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა ? მე მაინტერესებს, როდესაც გვესაუბრებით, რომ კლიმატური ცვლილებების ბრალია ეს ტრაგედია და ასეთი ტრაგედიები კიდევ იქნება, რის გაკეთებთ აპირებთ მომავალში და რა შეიძლებოდა სხვანაირად გაკეთებულიყო, რომ ჩვენ დანაწევრებული ბავშვები, ცოცხლად დამარხული არ ამოგვყავდეს მიწიდან? რისი გაკეთება შეიძლებოდა, ამას უნდა გვიყვებოდეთ ჩვენ აქ, საკუთარ თავს კი არ უნდა ულოცავდეთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ, რაც შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ყველაფერი არ არის გაკეთებული – არც შოვშია გაკეთებული, არც გურიაშია გაკეთებული. თუ ყველაფერს აკეთებთ ადამიანების დასახმარებლად, 83 წლის აცრემლებული მოხუცი მე რატომ მირეკავს, რომ დაემარხა სახლი, კარი, ბაღი და ადამიანი არ არის მისი პატრონი? მოგცემთ ტელეფონს, დაურეკეთ და მოუგვარეთ ამ ადამიანს პრობლემები. იცით, რატომ არ სჯერა ხალხს თქვენი? იმიტომ, რომ როდესაც გამოდიან თქვენი პარტიის წარმომადგენლები, როდესაც გამოდის თქვენი პრემიერ-მინისტრი და ხალხს ეუბნება, რომ მამაჩემი ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ბევრი იშრომაო და იშოვა საკმარისი ფული, რომ მე დამიქირაოს სახელმწიფო ბორტი, რომ ვიფრინოო, აღარ სჯერა იმ ადამიანს, რომ თქვენ საბიუჯეტო სახსრები დახარჯეთ იმაში, რომ 30 ადამიანი იმ დღეს იქ არ დაღუპულიყო და თუ გჯერათ, რომ დახარჯეთ, კიდევ ერთხელ გეკითხებით, რატომ არის, რომ ევროპულ ქვეყნებში, იმავე შემთხვევებში სოფელში არის გაფრთხილება და 10 წუთიც კი არის საკმარისი, რომ ადამიანები გაიხიზნონ და გადარჩნენ. ახლა ნუ მეტყვით, რომ ჩვენ არ გვაქვს შვეიცარიის ბიუჯეტი. არ გვაქვს შვეიცარიის ბიუჯეტი, იმიტომ, რომ სახლში მიგაქვთ რაც გვაქვს და აღარ რჩება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.

“შოვში, სტიქიის დროს აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას”

შოვში, სტიქიის დროს საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს გააჩნია საკმარისი ცოცხალი ძალა, მათ შორის სარეზერვო ძალები და სპეცტექნიკა, რომ შოვში ძებნა-შველის ღონისძიება დამოუკიდებლად განხორციელებულიყო.

„სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის შესახებ არაერთი განმარტება გაკეთდა და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ შოვში განვითარებული სტიქიის დროს, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას, რადგან შესაბამისი სამაშველო ღონისძიებები თავისი მოცულობისა და სწრაფი რეაგირების საჭიროების გამო, ჩვენი ძალებით უფრო ეფექტურად ჩატარდებოდა. ყველასთვის გასაგებია, რომ  სამაშველო ღონისძიებაში სხვა ქვეყნების მაშველების  ჩართვა მოითხოვს შესაბამის პროცედურებს და მეტ დროს. საქართველოს გააჩნია საკმარისი ცოცხალი ძალა, მათ შორის სარეზერვო ძალები და სპეცტექნიკა, რომ შოვში ძებნა-შველის ღონისძიება განხორციელებულიყო დამოუკიდებლად“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6816 ლარი ეღირება, ევრო – 2.8521 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2842 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6879 ლარი ღირდა, ევრო – 2.8637 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3067 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 სექტემბერს ამოქმედდება.

“სახელმწიფოს როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა, მსგავსიც კი, როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, შოვის რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო”

როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და გადარჩენილი ადამიანების და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებდით და ევაკუაციას არ განვახორციელებდით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვერტმფრენი „მი 8“ გამოიყენება ძებნა-გადარჩენისა და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენებს, დიახ, აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა და შეუძლია ღამის პირობებში ფრენა. გარდა აღნიშნულისა, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციაში მუშაობენ საუკეთესო, მაღალი დონის პროფესიონალი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიან სპეციალურ გადამზადებას“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

“შოვის სტიქიის დროს, სამაშველო ოპერაციისას ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია, გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო”

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას, შოვის სტიქიის დროს მიღებული შეტყობინების პირველივე წუთებიდან მომხდარ რეაგირებასა და ჩატარებულ სამაშველო ღონისძიების შესახებ ისაუბრა.

გომელაურის თქმით, სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება მოისმინა.

„მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში, სტიქიის დაწყების პირველივე წუთებიდან საზოგადოებას მაქსიმალურად მოკლე დროში ვაწვდიდით გადამოწმებულ ინფორმაციას, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებულების გათვალისწინებით, შევეცდები კიდევ ერთხელ ამომწურავად გავცე პასუხი იმ კითხვებს, რომლებიც დეპუტატებისგან მივიღე. სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე მოვისმინეთ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ობიექტური რეალობა, ამიტომ ყოველთვის მზად ვართ, ფაქტებზე დაყრდნობით, სიღრმისეულად მივუდგეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებთ.

მოგეხსენებათ, 3 აგვისტოს, შოვში სტიქია ძალიან სწრაფად განვითარდა, ღვარცოფის უზარმაზარი მასა, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტების პირველადი შეფასებით, დაახლოებით ხუთ მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა, დაიძრა სტიქიის ეპიცენტრის მიმართულებით და დაფარა კურორტ შოვის მიმდებარე ტეროტორია. აღნიშნულ მასაში, რამდენიმე მეტრი მიწის ქვეშ მოყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ძებნა-შველის ოპერაციას და ამ ოდენობით მიწის მასის დამუშავებას თავისთავად დრო სჭირდებოდა. 100-მდე (86 ერთეული) მძიმე ტექნიკის მეშვეობით მოხერხდა ღვარცოფული მასის სრულად გადამუშავება, რათა დაღუპულების პოვნა შეგვძლებოდა. დღეის მონაცემებით, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად აღმოჩენილია 32 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ერთ პირთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მისი პოვნის თეორიული შანსი იარსებებს. სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია, გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.