“შოვის სტიქიის დროს, სამაშველო ოპერაციისას ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია, გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო”

212
spot_img

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას, შოვის სტიქიის დროს მიღებული შეტყობინების პირველივე წუთებიდან მომხდარ რეაგირებასა და ჩატარებულ სამაშველო ღონისძიების შესახებ ისაუბრა.

გომელაურის თქმით, სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება მოისმინა.

„მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში, სტიქიის დაწყების პირველივე წუთებიდან საზოგადოებას მაქსიმალურად მოკლე დროში ვაწვდიდით გადამოწმებულ ინფორმაციას, საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებულების გათვალისწინებით, შევეცდები კიდევ ერთხელ ამომწურავად გავცე პასუხი იმ კითხვებს, რომლებიც დეპუტატებისგან მივიღე. სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე მოვისმინეთ არაერთი პოლიტიკური სპეკულაცია, სიცრუე და ცილისწამება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ობიექტური რეალობა, ამიტომ ყოველთვის მზად ვართ, ფაქტებზე დაყრდნობით, სიღრმისეულად მივუდგეთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებთ.

მოგეხსენებათ, 3 აგვისტოს, შოვში სტიქია ძალიან სწრაფად განვითარდა, ღვარცოფის უზარმაზარი მასა, რომელიც გარემოს დაცვის ექსპერტების პირველადი შეფასებით, დაახლოებით ხუთ მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა, დაიძრა სტიქიის ეპიცენტრის მიმართულებით და დაფარა კურორტ შოვის მიმდებარე ტეროტორია. აღნიშნულ მასაში, რამდენიმე მეტრი მიწის ქვეშ მოყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ძებნა-შველის ოპერაციას და ამ ოდენობით მიწის მასის დამუშავებას თავისთავად დრო სჭირდებოდა. 100-მდე (86 ერთეული) მძიმე ტექნიკის მეშვეობით მოხერხდა ღვარცოფული მასის სრულად გადამუშავება, რათა დაღუპულების პოვნა შეგვძლებოდა. დღეის მონაცემებით, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად აღმოჩენილია 32 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს ერთ პირთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მისი პოვნის თეორიული შანსი იარსებებს. სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია, გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ცხედრების უმეტესობა არის დანაწევრებული და ფაქტობრივად მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.