Home Blog Page 1909

“მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს”-მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, ისე, როგორც მან ეს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა”, – განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას.

ცნობისთვის, კიევსა და ვარშავას შორის დავა უკრაინული მარცვლეულის პოლონეთში ექსპორტზე დაწესებულ აკრძალვას უკავშირდება.

პოლონეთი მიიჩნევს, რომ დიდი რაოდენობით იაფფასიანი უკრაინული მარცვლეული პოლონური ბაზრის დესტაბილიზაციას ახდენს და ადგილობრივ ფერმერებს აზარალებს.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინული მარცვლეულის გარშემო დავას „პოლიტიკური წარმოდგენა” უწოდა, რომელიც „მხოლოდ მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს“.

ზელენსკის ამ განცხადება პოლონეთის ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მანამდე ისიც თქვა, რომ ვარშავა უკრაინას ახალ შეიარაღებას აღარ გადასცემს და საკუთარი თავდაცვის გაძლიერებაზე იზრუნებს.

შვედეთში მეწყრის შედეგად ავტომაგისტრალი ჩამოინგრა

შვედეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ავტომაგისტრალი ჩამოინგრა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, სტიქია გასულ ღამეს მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილების ნაწილი გზიდან გადავარდა.

შემთხვევა შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქ გეტებორგისა და ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

მეწყრის შედეგად დაზიანდა 14 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია. მათ შორის ტყის მასივი, ბენზინგასამართი სადგური და რესტორანი. რამდენიმე ადამიანი მეწყრის ზონიდან მეხანძრეებმა ვერტმფრენით გამოიყვანეს. სამი ადამიანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

შვედეთის სატარნსპორტო ადმინისტრაციის ცნობით, სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. გეოლოგები მეწყრის გამეორებას არ გამორიცხავენ.

პრემიერის გამოსვლა იყო ისეთი ლიდერის მიმართვა მსოფლიოსადმი, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა-დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის” ერთ-ერთი წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრის გაეროს ასამბლეაზე გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის გაეროს ასამბლეაზე გამოსვლა იყო ერთ-ერთი საუკეთესო.
„ვაცადე გასულიყო 24 საათი და ჩემი მოკლე კომენტარი გამეკეთებინა პრემიერ-მინისტრის გუშინდელ გამოსვლაზე გაეროს ასამბლეის წინაშე. ვაცადე, რათა ამერიდებინა დაბრალება, თითქოს ამ გამოსვლაზე რეაგირებით ვცდილობ გადამეფარა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც იყო: 157-კაციანი პარლამენტის პიკეტირება, ქალბატონ ყეინიშვილის ბიოგრაფიის განხილვა, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხი და ექსპერტ ხუხაშვილის ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.
დღეს ვეღარავინ ვერ დამაბრალებს ესოდენ მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო ისეთი ლიდერის მიმართვა მსოფლიოსადმი, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. ამიტომ, არ დადის კაბინეტ-კაბინეტ გაშლილი ხელით: არც იარაღს სთხოვს ვინმეს და არც ანგარიშის წარდგენას სთხოვს მას ვინმე აქამდე მიღებულ და დახარჯულ თანხებზე.
პრემიერმა შეახსენა მსოფლიოს, რომ თავის დროზე მოწინააღმდეგის ყოველგვარი სანქცირების და ასობით მილიარდობით დახმარების გარეშე მიტოვებული და ოკუპირებული საქართველო დღეს კი არ სთხოვს რამეს მსოფლიოს, პირიქით, სთავაზობს მას სათავისოდ გამოიყენოს ქვეყნის სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული, სატრანზიტო, ენერგეტიკული და საფინანსო “ჰაბების” შესაძლებლობები.
ეს შემოთავაზება გამომდინარეობდა ამაყი ქვეყნის ღირსებით აღსავსე ლიდერის მხრიდან, რომელმაც იცის საკუთარი სამშობლოს შესაძლებლობებიც და თავმოყვარეობის ცენზიც. წუწუნი, მათხოვრობა, საკუთარი დანაშაულის გადაფარვის მცდელობა გაეროს ასამბლეას ქართველი პრემიერის გუშინდელ 15-წუთიან გამოსვლაში არ მოუსმენია და ამ კუთხით ეს ალბათ იყო ერთ-ერთი გამორჩეული გამოსვლა გაეროს ფორუმზე”, – წერს ქართველიშვილი.

რა საერთო აქვს ირაკლი ეძგვერაძეს ე.წ. “ავტორიტეტებთან”

გუშინ, გლდანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში რამდენჯერმე გაიჟღერა ე.წ. “კანონიერი ქურდის“, ნოდარ შუკაკიძის, იგივე „ნოდო გლდანსკის“ სახელმა. დაპირისპირების დროს დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე. მისი თანაგუნდელები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლების დავალებით თბილისის საკრებულოს წევრს, სწორედ შუკაკიძის დაჯგუფება, პოლიტიკური მოტივით გაუსწორდა. ნიკა მელიას თქმით, მმართველი გუნდის წევრს, კოტე ზარნაძეს კავშირი აქვს კრიმინალურ „ავტორიტეტთან“.

როგორც “პრაიმტაიმი” წერს, საპირისპიროს ამტკიცებს წყარო და ის ფოტომასალა, რომელიც მათთვის გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ ე.წ. „კანონიერ ქურდთან “ დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს თავად დაზარალებულ ირაკლი ეძგვერაძეს. რამდენიმე ფოტოში ეძგვერაძე ნოდარ შუკაკიძესთან და მის გარემოცვასთან ერთად არის გადაღებული. უფრო მეტიც, ფოტოებით ირკვევა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გავლენიანი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ მეჯვარეა.

შუკაკიძის გარდა ერთ-ერთ ფოტოზე ეძგვერაძე სხვა ე.წ. „ავტორიტეტების“ გარემოცვაშიც ფიგურირებს, მათ შორის ჩანს ცნობილი სომეხი ე.წ. “კანონიერი ქურდი“ სურენ ავეტისიანი, მეტსახელად “სურო“.

თავად ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში „ჭყიპინას” მეტსახელით იცნობენ და როგორც წყარო გვიყვება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მისვლამდე რამდენიმე კრიმინალურ საქმეშიც ფიგურირებდა. ნოდარ შუკაკიძის მსგავსად ისიც ნასამართლევია, მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ცნობილია, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მან მძიმედ დაჭრა უბნელი ჯემალ დოლიძე, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ამისთვის ეძგვერაძე სასჯელსაც იხდიდა, თუმცა რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ ის მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასახელდა.

წლების შემდეგ ირაკლი ეძგვერაძემ პოლიტიკოსობა გადაწყვიტა და ნიკა მელიას გუნდის სახელით თბილისის საკრებულოშიც მოხვდა. სააკაშვილის შეწყალების და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანების შემდეგ ყოფილ მეგობრებთან და “შავი სამყაროს“ წარმომადგენლებთან ურთიერთობა დაეძაბა. მისი გარემოცვის ნაწილმა ნოდარ შუკაკიძის პოზიცია გაიზიარა, თუმცა ნაწილი ეძგვერაძის გარემოცვაში დარჩა, რის გამოც, ამ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა.

წყარო ჰყვება, რომ გლდანში ირაკლი ეძგვერაძეზე გუშინ მომხდარი თავდასხმაც სწორედ ამ დაპირისპირების გაგრძელებაა, თუმცა თავად ეძგვერაძე მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. რა ვიცით თავად ნოდარ შუკაკიძეზე? – ის ამჟამად 33 წლისაა და ე.წ. „კანონიერ ქურდად“ 2013 წელს, საბერძნეთში „აკურთხეს“. ის ქართველი სამართალდამცველების ჩართულობით და ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, 2018 წელს საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, სხვა რამდენიმე კრიმინალურ “ავტორიტეტთან“ ერთად დააკავეს.

წყარო: “პრაიმ ტაიმი” 

 

 

“გია აბესაძის ქმედება ბოლომდე გაცნობიერებული აქტი იყო”- კონსტანტინე გამსახურდია

📌”1991 წლის 21 სექტემბერს, როდესაც პოლიტიკურმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია, პუტჩისტებმა დაიწყეს მზადება მთავრობის სასახლეზე შეიარაღებული თავდასხმისთვის, ოფიცერთა სახლის წინ ახალგაზრდა კაცმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. იგი ნახევრად დამწვარი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 48 საათი იცოცხლა, შემდეგ კი ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა.

📌ეს კაცი იყო გია აბესაძე, ახალგაზრდა ექიმი, წარმოშობით ზესტაფონიდან, ჰყავდა მეუღლე და ერთი ქალიშვილი. “თუ საქართველოს გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დე, მე ვიყო იგი, ოღონდ უკანასკნელი” – წერია მის მიერ დანატოვარ ბარათში.

📌გია აბესაძის ქმედება ბოლომდე გაცნობიერებული აქტი იყო. ცეცხლწაკიდებული აბესაძე ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა: “გაუმარჯოს საქართველოს.” ხოლო სიკვდილის წინ ქალიშვილს დაუტოვა ბარათი: “შვილო, მაპატიე, როდესაც გაიზრდები გამიგებ”.

📌გია აბესაძემ ეს ნაბიჯი გადადგა საბჭოთა იმპერიის და მისი ჯალათების, მისი მსახურების წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ამის გაანალიზება ვერ მოხდებოდა იმ სიტუაციაში, სადაც გონი უკიდურესად დაბნელებული იყო. სწორედ იმპერიას აწყობდა ქართველთა დაპირისპირება, რაც შეიძლება ბევრი ეთნიკური ქართველის მოტყუება, მათი ჩათრევა ავანტიურაში, კანონიერი ხელისუფლების დასამხობად და ქვეყნის სამოქალაქო ომის უფსკრულში გადასაჩეხად.

📌პრესა იმიტომ სდუმდა, რომ 70-80 პროცენტი ამ პრესისა ფაქტობრივად მხარს უჭერდა ხელისუფლების შეცვლას პუტჩის გზით. ხოლო ტელევიზია აღარ არსებობდა – 2 სექტემბრის შემდეგ ტელევიზიის ძირითადი შენობა ოპოზიციამ სრულიად ამოკეტა და დაბლოკა, ტრანსლირება სატელევიზიო ბადის გარეშე ხდებოდა იმ ავტობუსიდან, რომელიც დააყენეს მთავრობის სასახლის ეზოში და პირდაპირ მიაერთეს ანძაზე. (ანძა პუტჩისტებმა აიღეს 1991 წლის ბოლოს და ტრანსლირებაც მათვე განაახლეს)

📌აბა, ვინ შეაფასებდა გია აბესაძის ამ ეთიკურ ნაბიჯს? მათ, ვინც ომზე და პირდაპირ შეიარაღებულ კონფრონტაციაზე მიდიოდნენ, თავიანთ საწინააღმდეგო ნაბიჯად აღიქვამდნენ მის გმირობას. დიახ, პოლარიზაცია ყოველთვის აწყობდა კრემლს.

📌ანალოგიური ნაბიჯი გადადგა პოლიტიკურმა ემიგრანტმა დათო კაპანაძემ გერმანიაში, ეროვნული მოძრაობის დაუღალავმა აქტივისტმა, ჰელსინკის კავშირის წევრმა, თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა 1991 წლის დეკემბრის ბოლომდე. ეს ტრაგედია მოხდა ჰანოვერთან, 2003 წლის სექტემბერში, სადაც დათო კაპანაძემ ბეზნოგასამართ სადგურთან თავი დაიწვა. მისი ბოლო სიტყვები იყო: შეწყდეს საქართველოს მეთოდური განადგურების სპეცოპერაცია, შეწყდეს 1992 წლის 6 იანვარს დამხობილი კანონიერი ხელისუფლების პატიოსან, უკომპრომისო წარმომადგენელთა და მომხრეთა დევნა. ნაბიჯი, რომელიც არავინ არ უნდა გაიმეოროს, თუმცა ის, როგორც გამორჩეული შემთხვევა (ქეისი) რჩება,”-წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია.

 

“პრეზიდენტს ყოველ მიზეზს გარეშე ფარცხალაძისთვის ავტომატურად უნდა შეეწყვიტა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა”-ირაკლი მელაშვილი

“პრეზიდენტს ყოველ მიზეზს გარეშე ფარცხალაძისთვის ავტომატურად უნდა შეეწყვიტა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. ასეთია კანონის მოთხოვნა”- ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი, ირაკლი მელაშვილი  პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, სადაც ნათქვამია – “სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა”.

“საქართველოს პრეზიდენტმა ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სამართლებრივად მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. მან კანონი დაარღვია, რადგანაც ბატონმა ფარცხალაძემ, ისე მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რომ “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის 21 პრიმა მუხლის შესაბამისად, მას ამაზე საქართველოს მთავრობის თანხმობა არ მიუღია.

ფარცხალაძემ არც კი ჩათვალა საჭიროდ დაეცვა ქვეყნის კანონი და ამ თხოვნით მიემართა მთავრობისათვის! აფერუმ ყოფილ გენერალურ პროკურორს! ასე უნდა სცემდე პატივს იმ ქვეყნის კანონებს, რომლის მთავარი დამცველის პოსტი გეკავა! ასე უნდა დაამტკიცო, რომ ამ თანამდებობის ღირსი იყავი! შესაბამისად, პრეზიდენტს ყოველ მიზეზს გარეშე ფარცხალაძისთვის ავტომატურად უნდა შეეწყვიტა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. ასეთია კანონის მოთხოვნა.

პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაც ძალიან ცუდი პრეცედენტია. თუ ვინმეს არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყდა სწორედ იმ მოტივით, როცა მან საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. თავის დროზე მისი და ნაცმოს მხრიდან ამ საკითხის გაპროტესტება, ჩემთვის მათი მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს კანონმდებლობის უპატივცემულობის გამოხატვა იყო და აღნიშნული საქციელი სამარცხვინოდ მიმაჩნდა. ჩემი აზრით, ახლაც ზუსტად იგივესთან გვაქვს საქმე.

ამჯერად მოქმედმა პრეზიდენტმა დაგვანახა, რომ ძალიან შორს ვართ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან, რადგანაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირმა შესაძლებლად ჩათვალა პოლიტიკური მიზანშეწონილების გამო პირდაპირ უგულებელყო კანონის მოთხოვნა და უკანონო, თუმცა, მისი აზრით, პოლიტიკურად სწორი და საჭირო გადაწყვეტილება მიეღო. ძალიან მოლიპული გზაა. თან თუკი სააკაშვილის ქეისს გავიხსენებთ, რომელსაც მარგველაშვილმა კანონის საფუძველზე ჩამოართვა მოქალაქეობა, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით გამოდის, რომ ამ საკითხშიც ვახერხებთ ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც ძალიან ცუდი პრეცედენტი შეიძლება აღმოჩნდეს სამომავლოდ.” – წერს ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა”.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ არის სიბრიყვე – პაატა მანჯგალაძე

პრეზიდენტის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ არის სიბრიყვე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა.

მანჯგალაძის თქმით, სისულელეა განმარტება, თითქოს ფარცხალაძემ პასუხი რომ აგოს, აუცილებელია, ადამიანი საქართველოს მოქალაქე იყოს.

„ვიქნები მაქსიმალურად თავშეკავებული და კორექტული პრეზიდენტის მისამართით მაინც. ყველაზე მცირე, ის არის შეცდომაში შესული. თვითონ თუ გადაწყვიტა, ვინმემ თუ ურჩია – არ ჰგავს ეს მისი კეთილისმსურველის რჩევას, უფრო არის სიბრიყვე. განმარტება, რაც თქვა, თითქოს იმისთვის, რომ ფარცხალაძემ პასუხი აგოს, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობა, სისულელეა. მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ჯერ კიდევ გაუშიფრავი ჯაშუშები, უფრო მაღალი რანგის, ვიდრე ფარცხალაძე იყო. იცით თქვენ, რომ ჯაშუში ჯაშუშის ტყავს არ დახევს. არანაირი გამოძიება საქართველოში არ იქნება. ცუდია, რომ პრეზიდენტი ამას ვერ ხვდება და დროზე გამოასწოროს ეს შეცდომა“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, არანაირი პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ დგას საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა.

„არ ვიცი, მიზანი რა არის, რას ემსახურება ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დატოვება. ეს ნიშნავს, რომ დარჩეს ქართულ იურისდიქციაში და მაქსიმალურად დააფარონ ხელი ღარიბაშვილმა და კობახიძემ. არ ვიცი, პრეზიდენტი კონსტიტუციაში როგორ ერკვევა, რამდენად კარგად იცნობს კონსტიტუციას, მას ჰყავს მრჩეველები. ვინც მას ეს უთხრა, არის, ყველაზე მცირე, ბრიყვული რჩევა და უფრო შორს თუ წავალთ, ეს ჰგავს, შეიძლება, ხელისუფლების პროვოკაციას, რომ ისეთი გარემოცვაა პრეზიდენტის ირგვლივ, რომელზეც გავლენა აქვთ კობახიძესა და ღარიბაშვილს.

მოქალაქეობა არაფერ შუაში არ არის, კობახიძის განმარტებაც კი აბსურდულია. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, ყველა ის უფლება, გარდა საარჩევნო და კონკრეტული უფლებებისა, რომელიც აქვს საქართველოს მოქალაქეს, ავტომატურად ვრცელდება საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც. ის რეგულაციაც სისულელეა, რაც ეროვნულმა ბანკმა გამოსცა, რადგან ეს გამონაკლისი უცხოელზე არ ვრცელდება, მაშინ გამოდის, რომ ყველა რუსი დასანქცირებული პირი ჩამოვა და კობახიძემ ყველა ჯაშუშს მოუწყო ერთგვარი სამოთხე საქართველოში, ყველა სანქცირებულს. ამიტომ ვამბობ, შეცდომაშია შესული. მაქსიმალურად კორექტული ვარ და უფრო მეტიც შემიძლია, ვთქვა, მეტსაც ვფიქრობ, მაგრამ არ ვლაპარაკობ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, ამ გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა დაარღვია თუ არა საქართველოს კონსტიტუცია, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა:

„ჩვენ ვამბობდით და არსად მიმაქვს ჩემი ნათქვამი. დიახ, ის, რომ ფარცხალაძეს ამ დრომდე აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია“.

“მედიის მეფემ” რუპერტ მერდოკმა “ტახტი” დატოვა -ავთანდილ წულაძე

ლეგენდარულმა მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა მიიღო გადაწყვეტილება გადასცეს კომპანიების Fox Corp. და News Corp. კონტროლი თავის ვაჟს ლაჰლან მერდოკს.

რუპერტ მერდოკი 70 წლის განმავლობაში მართავდა მედია აქტივებს სხვადასხვა ქვეყანაში. რუპერტ მერდოკის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე გადადგომა, გაზვიადების გარეშე, გლობალური მასშტაბის მოვლენაა.

მერდოკმა მოიპოვა „მეფეების შემქმნელის“ რეპუტაცია და არაერთხელ გააკრიტიკეს მისი მედია რესურსების გამოყენების გამო ცალკეულ ქვეყნებზე და მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაზე. მერდოკის დემონიზებული იმიჯი დასავლური პოპულარული კულტურის ნაწილი გახდა. მაგალითად, ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ ფილმში მთავარი ბოროტმოქმედი მედიამაგნატი ელიოტ კარვერია. ბევრმა დაინახა მასში მსგავსება მერდოკთან.
“კეისარს ჰყავდა თავისი ლეგიონები, ნაპოლეონს ჰყავდა თავისი ჯარები, მე კი ჩემი დივიზიები – ტელევიზია, ახალი ამბები, ჟურნალები”, – ელიოტ კარვერის ეს ფრაზა შეიძლება ეთქვა რუპერტ მერდოკსაც. საკმარისია ჩამოვთვალოთ პოლიტიკური ლიდერები, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლა ასოცირდება რუპერტ მერდოკის „მედია დივიზიების“ გავლენასთან საზოგადოებრივ აზრზე: მარგარეტ ტეტჩერი, ტონი ბლერი, დევიდ კემერონი, დონალდ ტრამპი.
მერდოკს ასევე მიეწერება დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა – Brexit. ეს არ არის მედიის „ნაპოლეონის“ გამარჯვებების სრული სია გლობალურ მედია ბიზნესში. მაგრამ ეს გამარჯვებებიც საკმარისია მსოფლიო პოლიტიკაზე რუპერტ მერდოკის გავლენის მასშტაბის შესაფასებლად.
წარმოშობით ავსტრალიელმა, მერდოკმა დაიწყო მედია ბიზნესი მის მშობლიურ ავსტრალიაში, მაგრამ თავისი ამბიციების რეალიზება მერდოკმა შეძლო დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მედია ბაზარზე შესვლის შემდეგ. 1969 წელს მერდოკმა იყიდა გაზეთი The Sun, რომელიც მან ტაბლოიდად აქცია.
მერდოკი ცდილობდა არა მხოლოდ ფულის გამომუშავებას სკანდალური ამბებით, არამედ პოლიტიკური გავლენის მოპოვებასაც. 1981 წელს რუპერტ მერდოკმა შეიძინა გაზეთები The Times და The Sunday Times. მერდოკის გაზეთები მხარს უჭერდნენ მარგარეტ ტეტჩერისა და მისი მემკვიდრე ჯონ მეიჯორის კონსერვატიულ მთავრობებს, მაგრამ შემდეგ რუპერტ მერდოკმა ფსონი დადო ლეიბორისტული პარტიის ლიდერზე ტონი ბლერზე.
მორიგი პოლიტიკური შემობრუნება მერდოკის მედია იმპერიამ კონსერვატიული პარტიის ლიდერის, დევიდ კემერონის მხარდაჭერით მოახდინა. მაგრამ კემერონის კარიერის დასრულებაშიც დიდი წილი მიუძღვის მერდოკს, რადგან ოლიგარქის მედიამ მხარი დაჭირა Brexit-ს.
აშშ-ში რუპერტ მერდოკი კონკურენციას უწევდა CNN-ის დამფუძნებელს ტედ ტერნერს. მერდოკის ტელეარხმა Fox News-მა დიდი მიმდევარი მოიპოვა რესპუბლიკური პარტიისადმი მიდრეკილ აუდიტორიაში, ხოლო CNN-ის მაყურებელში დომინირებს დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები.
დონალდ ტრამპის გამარჯვება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელი იყო, დიდწილად განპირობებული იყო ტრამპისთვის რუპერტ მერდოკის მასმედიის მხარდაჭერით.
თუმცა, შემდგომში დონალდ ტრამპს რუპერტ მერდოკთან უთანხმოება მოუვიდა. ტრამპმა დაადანაშაულა ამერიკული პრესა ყალბი ამბების წარმოებაში და მსხვილი მედია ჰოლდინგები თავის წინააღმდეგ აქცია.

2020 წელს ეს ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების ფასად დაუჯდა.

რუპერტ მერდოკის „პენსიაზე გასვლას“ ექნება გლობალური შედეგები მსოფლიო მედია ბიზნესისთვის და მნიშვნელოვნად იმოქმედებს საერთაშორისო პოლიტიკაზეც. უნდა ითქვას, რომ გლობალური მედია ბიზნესი უაღრესად მონოპოლიზებულია. რამდენიმე მსხვილი მედია კორპორაცია განსაზღვრავს მედია პოლიტიკას მსოფლიო მასშტაბით. რუპერტ მერდოკის გადადგომა აუცილებლად აისახება გლობალურ მედია ლანდშაფტზე.

რუპერტ მერდოკი უკვე 92 წლისაა. მანამდე მან რამდენჯერმე გადადო თავისი მედია აქტივების შვილებისთვის გადაცემა, რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ ისინი ადეკვატურად გააგრძელებდნენ მის საქმიანობას.

კომპანიის კომერციული წარმატების მიღწევა და მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა – სხვადასხვა ნიჭია, რომელიც რუპერტ მერდოკმა გააერთიანა ერთ პიროვნებაში. შეძლებს თუ არა ლაჰლან მერდოკი ისეთივე „მეფეთა შემქმნელი“ გახდეს, როგორიც მამამისია, ჯერ მსჯელობა ნაადრევია. მაგრამ ლაჰლან მერდოკს წინ რთული გამოცდა ელის – 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები. მისი მამის მიერ შექმნილი „მედია დივიზიების“ მომავალი ბედი ბევრად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ჩააბარებს ამ გამოცდას ლაჰლან მერდოკი.

ავთანდილ წულაძე – პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

სალომე ზურაბიშვილმა სრული სიგიჟე დაატრიალა მოქალაქეობაზე- კონსტიტუციას არღვევს! – თამარ ჩერგოლეიშვილი

“პოლიტიკური სპექტრი იდიოტების დოღია”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს პრეზდენტის ადმინისტრაციის  მიერ გავრცელებულ განცხადებას.

„პოლიტიკური სპექტრი იდიოტების დოღია.

სალომე ზურაბიშვილმა სრული სიგიჟე დაატრიალა მოქალაქეობაზე.

კონსტიტუციას არღვევს!

თითქოს თუ გასამართლება უნდა ვინმეს, რუსეთის მოქალაქეს ვერ გაასამართლებს.

მე მაგიჟებს ეს ვულგარული უმეცრება!

უფალო მომეცი ღილაკი რომ დავაჭირო და ჩაირეცხონ!“ – წერს ჩეგოლეიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს მთავრობის მეთაურის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ მივმართავდე გაერო-ს გენერალურ ასამბლეას.

მე წარმოვადგენ საქართველოს − ძლიერ ერს,  რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია და ასიათასობით ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი.

თავდაჯერებით ვაცხადებ, რომ მიუხედავად გამოვლილი  განსაცდელისა, არ შეგვიფერხებია ჩვენი ამბიციების განხორციელება. ჩვენ საქართველო გადავაქციეთ დინამიკურად განვითარებად საზოგადოებად, რომელიც სრულად არის ერთგული გაერო-ს წესდებაში გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების რეალიზაციის იდეისადმი.

საქართველოს კარგად ესმის ომისა და მშვიდობის ფასი. 2012 წლიდან ჩვენმა მთავრობამ შექმნა და შეინარჩუნა მშვიდობისა და სტაბილურობის უწყვეტი ათწლეული.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო ჩვენი დიდი მადლიერება საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მშვიდობიანი არსებობის უზრუნველსაყოფად მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, დაარწმუნოს რუსეთის ფედერაცია, ჩაერთოს „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში“ და განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ჩვენი პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდა. ვაგრძელებთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას უკლებლივ ყველა ქართველის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 10 პროცენტს აღემატებოდა  2021 და 2022 წლებში. ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2023 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7 პროცენტს მიაღწია.

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მნიშვნელოვანი ზრდა ჩემი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. 2012 წლიდან ის [მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)] ერთ სულ მოსახლეზე თითქმის გაორმაგდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოზიტიური ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო  რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც თითქმის 90-პროცენტიანი ზრდაა 2012 წელთან შედარებით. უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა.

World Justice-ის პროექტის 2022 წლის კანონის უზენაესობის ინდექსით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში პირველ ადგილს იკავებს. Fraser Institute-ის 2022 წლის ანგარიშის – “მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება” – მიხედვით, საქართველო ყველაზე თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა 15 სახელმწიფოს შორის, ხოლო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 21-ე ადგილს იკავებს ევროპაში 2023 წლის მდგომარეობით და ევროკავშირის 11 წევრ სახელმწიფოს უსწრებს. [NUMBEO] Crime Index საქართველოს 2023 წელს ასახელებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად, რადგან  გლობალურ ჭრილში – მე-18 ადგილზე, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-8 ადგილზე ვართ.

ჩემმა მთავრობამ 2022 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველი გრძელვადიანი პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტია. ის მოიცავს რეფორმების ყოვლისმომცველ კომპლექტს, რომელიც ისეთ სფეროებს ეხება, როგორებიცაა ეკონომიკა, სოციალური პროგრესი, ჯეროვანი მმართველობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებების დაცვა. ეს ჩარჩო დოკუმენტი 2030 წლამდე  განხორციელდება.

ჩვენ ყოვლისმომცველი, მრავალმხრივი პროგრესისკენ ვისწრაფვით და მნიშვნელოვან აქცენტს ვაკეთებთ ასევე განათლებასა და სოციალურ კეთილდღეობაზე. განათლების ძლიერი სისტემების მნიშვნელობა არ შეიძლება გადაჭარბებულად იქნეს მიჩნეული, რადგან ის არის ძლიერი, აყვავებული და პროდუქტიული საზოგადოებების ქვაკუთხედი. განათლებისთვის საბიუჯეტო რესურსების გამოყოფით ვაუმჯობესებთ ციფრულ წიგნიერებას ამ მიმართულებით დიდი ნახტომის შესასრულებლად.

ჩვენი ძალისხმევა ეხება განათლების ყველა საფეხურს. ერთი მილიარდი აშშ დოლარი გამოვყავით მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-აშენების მიზნით. გავზარდეთ ინვესტიციები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში. ამჟამად ჩვენი მოსახლეობის 95 პროცენტი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და მუდმივად ვაუმჯობესებთ ამ სერვისების ხარისხს. განზრახული გვაქვს მაქსიმალური ზრუნვა უზრუნველვყოთ ყველა მოქალაქისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, ეს წარმატებები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროგრესისა, რაც ჩემს ქვეყანას აქვს მიღწეული, მაგრამ ნათლად ასახავს ჩვენს ძალისხმევას, შევქმნათ შესაძლებლობები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის − საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის.

მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს –  ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის ჩვენი საერთო მტერი. ჩვენ ვართ გენიალური ხალხი, რომელსაც წარმოუდგენელი მიღწევები ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა, დიდი ინვესტიციების მოზიდვა და  სრული პოტენციალის გამოვლენა, როგორც გაერთიანებულ ერს. არ უნდა დავუშვათ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ დასახული შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ.

ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მიზნად ისახავს საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, რომელსაც ვეკუთვნით. 2012 წლიდან ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

გასული წლის ივნისში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი თავი გახსნა ევროკავშირთან ურთიერთობაში. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველების თითქმის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ ურყევი ერთგულება დავადასტურეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. ძლიერი, ინკლუზიური და გამჭვირვალე შიდა პროცესის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩვენ ვახერხებთ წლის ბოლომდე მათ შესრულებას.

ჩვენი მიღწევები იმსახურებს ევროკავშირის დადებით გადაწყვეტილებას. ეგრეთ წოდებული ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა! ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა!

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მინდა, ხაზი გავუსვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და გაერო-ს წესდებაში ასახული ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას.

საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში. ორ ათეულ წელზე მეტია, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ნატო-ს მისიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად აქცევს ნატო-ს მისიებში ერაყსა და ავღანეთში. 32 მამაცმა ჯარისკაცმა გაიღო უდიდესი მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით დაშავდა თავისუფლებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის იდეისთვის. საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ინტერესების დასაცავად.

ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ევროკავშირის ხელმძღვანელობით განხორციელებულ მისიებში და პირნათლად ვასრულებთ ამ ვალდებულებას.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გლობალურად ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობისთვის, მაგრამ გულს გვტკენს გაერო-ს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოხატული აგრესია. უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ აღვიძებს საქართველოში 2008 წლის ომის ტრავმას.

სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს.

ჩვენ მივუერთდით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა არაერთხელ შეაქეს ჩვენი შესაბამისობა  საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან.

ჩემი მთავრობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან. ეს ხდება ქვეყნის და ინდივიდების დონეზე, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში. ქართულმა სკოლებმა 2200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღეს და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური, უკრაინული სასწავლო პროგრამით.

ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო – ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით.

ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რათა ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა  ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში.

ძვირფასო მეგობრებო, საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. ჩვენმა ფინანსურმა  სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე, პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული  ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები.

სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს ვავითარებთ აზიასა და ევროპას შორის გადამწყვეტი კავშირების დასამყარებლად. საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში.

შუა დერეფანი გამოჩნდა, როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანსა და ყაზახეთთან, რათა აღმოვფხვრათ დაბრკოლებები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-2027 წლებში. ხსენებული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფროვნებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან.

აღმოსავლეთის დასავლეთთან  კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნესწრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

საქართველომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. სისტემის გამტარუნარიანობა გაორმაგდება 2024 წლის ბოლოსთვის, პროექტის დასრულების შემდეგ.

ახალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ეს მწვანე ველი მოიაზრება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის პროექტად, რომელიც შექმნის თანამედროვე ღრმაწყლოვან პორტს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

ჩვენი მთავრობა აუმჯობესებს ქვეყნის საჰაერო დაკავშირებადობას და ამ მიზნით თბილისში ახალ საერთაშორისო აეროპორტს ვაშენებთ. ის იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, როგორც გლობალური ავიაციის გამორჩეული მოთამაშის სტატუსს.

გარდა ამისა, ამჟამად უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიციირებული. ეს პროექტი გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან სამხრეთ კავკასიის რეგიონის დასაკავშირებლად. პროექტის განხორციელება გააძლიერებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის ამ ორ რეგიონს შორის ტრანზიტისთვის.

ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნასაც და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების საჭიროებას; აქტიურად ვახორციელებთ ახალ წამოწყებებს განახლებადი ენერგიის სფეროში, მათ შორის − წყლის, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების ათვისებით. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ინვესტორები და ხელსაყრელი გარემო შევქმნათ ინოვაციური ელექტროსადგურების შესაქმნელად ქვეყნის უხვი მწვანე ენერგიის პოტენციალის გამოყენებით.

ყველა ეს ტრანსფორმაციული პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ხალხსა და რეგიონს.

ძვირფასო მეგობრებო, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ჩვენ ერთგულნი ვართ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო დიდი შედეგების მიღწევის იდეისადმი, ხოლო გლობალურ საზოგადოებაში – მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის იდეისადმი. მზად ვართ, გავაძლიეროთ საერთაშორისო პარტნიორობა და თანამშრომლობა უფრო მშვიდობიანი, მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად.

ჩვენი საერთო თვისება – ადამიანურობა – გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენივე კოლექტიური პასუხისმგებლობაა, ერთმანეთი გავაძლიეროთ და ხანგრძლივი მემკვიდრეობა დავუტოვოთ მომავალ თაობებს“.

შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გლდანში თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძის და მისი თანმხლები პირების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოში, თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის და მისი თანმხლები პირების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, დახვდათ რამდენიმე პირი, რომლებსაც სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის, მათ შორის სისხლნაჟღენთი დაზიანებები. აღნიშნული პირები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, შსს აღნიშნავს, რომ მომხდარი ფაქტიდან მალევე გლდანში შეიკრიბნენ დაშავებული პირების მეგობრები და თანაპარტიელები, რომლებმაც სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც პოლიციამ 3 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა.

შსს-ს თაანახმად, დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ამასთან, შსს აღნიშნავს, რომ აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოში მოთავსებულმა პირებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებაში მისულ სამართალდამცველებს გამოკითხვაზე უარი განუცხადეს და განმარტეს, რომ ჩვენებას მისცემენ სასამართლოში.

მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გრძელდება გამოძიება, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

“ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა”

ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

” ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო – ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით”, – განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.