Home Blog Page 1904

,,ვერ გავიგე, ქალბატონო სალომე, რა ნაწილში იწუნებთ ჩემ სისხარტეს”- თეა ახვლედიანი სალომე სამადაშვილს

ვერ გავიგე, ქალბატონო სალომე, რა ნაწილში იწუნებთ ჩემ სისხარტეს და რა ნაწილში ადარებთ იმ წლებს, როდესაც მე ბრიუსელში ვმუშაობდი, – ასე მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა „ლელოს“ წევრს, სალომე სამადაშვილს, რომელმაც მინისტრთან დაკავშირებით თქვა, რომ გაუგებარია, რა შედეგებს დებს და რას ცვლის მინისტრის საქმიანობა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

თეა ახვლედიანმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ სალომე სამადაშვილი ინფორმაციის სიმწირეს განიცდის.

„თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ ვერ გაიგეთ და ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქ საქმე გვაქვს ექსპერტიზის ნაკლებობასთან, ასევე კომპეტენციასთან ნაწილობრივ, სავარაუდოდ, ასევე იმასთან, რომ თქვენ სრულყოფილად სავარაუდოდ, საერთოდ არ ბრძანდებით ჩართული ამ პოლიტიკის არსში იმიტომ, რომ ინფორმაციის სიმწირეს განიცდით, როდესაც ის არის ფართოდ ხელმისაწვდომი. ასევე, ყველა კარი არის ღია იმისათვის, რომ თქვენ დააზუსტოთ კითხვები. ქალბატონო სალომე, თქვენ გაქვთ გაჟღერებული ინფორმაციის მიმღებლობის ნაკლებობა, ეს არის ცოტა სხვა პრობლემა იმიტომ, რომ მე აქ რამდენჯერმე რომ ვილაპარაკო, თქვენ მაინც ბრძანებთ, რომ ვერ მოისმინეთ, ვერ გაიგეთ და მე აქ, ვერ გიშველით“, – განაცხადა ახვლედიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ყოფნისას.

ინტენსიურად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი და მრავალკომპონენტიანი კამპანია სახელწოდებით „ქართული ენა გვაერთიანებს“- ახვლედიანი

მომზადდა და ყველა საინფორმაციო-საკომუნიკაციო მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი და მრავალკომპონენტიანი კამპანია სახელწოდებით „ქართული ენა გვაერთიანებს“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო, პოლიტიკის ფარგლებში დასახული ამოცანების გადასაჭრელად, სახელმწიფო სტრატეგიის შემდგომი ორწლიანი ციკლის კომპლექსური დაგეგმვის თვალსაზრისით.

„მოგახსენებთ, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, განვითარების და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს და შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გასული წელი მნიშვნელოვანი იყო, პოლიტიკის ფარგლებში დასახული ამოცანების გადასაჭრელად, სახელმწიფო სტრატეგიის შემდგომი ორწლიანი ციკლის კომპლექსური დაგეგმვის თვალსაზრისით. 2023-24 წლების სამოქმედო გეგმით 200-მდე აქტივობა განისაზღვრა, რომლის შემუშავების ღია და ინკლუზიური პროცესი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად წარიმართა; მათ შორის, უზრუნველყოფილი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობა, ისევე, როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული გეგმის პროექტთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებული პირის მხრიდან მოსაზრების გამოხატვისა და წვლილის შეტანის შესაძლებლობა. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა წინა, 2021-2022 წწ. სამოქმედო გეგმის შესრულების ყოვლისმომცველი შეფასების შედეგები და გამოცდილება, ასევე, საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციები.

გასული წელი გამოირჩეოდა საერთაშორისო ანგარიშვალდებულების მიმართულებითაც იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის საბჭოს „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის“ მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოში განხორციელდა მრჩეველთა კომიტეტის დამოუკიდებელ ექსპერტთა დელეგაციის ვიზიტი, რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება, დაინტერესებული მხარეების ჩართულობაზე დაფუძნებული ანგარიშის მომზადების მიზნით“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების სრულფასოვანი ინტეგრაციის ფუნდამენტს სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნა წარმოადგენს.

„პოლიტიკის ხუთი ურთიერთდაკავშირებული სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში მიღწეული შედეგების მიმოხილვას სახელმწიფო ენის პრიორიტეტით დავიწყებ, რამდენადაც, ჩვენი ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების სრულფასოვანი ინტეგრაციის ფუნდამენტს სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნა წარმოადგენს. ამ მიმართულებით დღემდე არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად, ქართული ენის სწავლების, ასევე, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით გატარებული ღონისძიებების შედეგად:

• მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობები სკოლამდელი და სასკოლო განათლების დონეზე: ეტაპობრივად გაფართოვდა ორენოვანი განათლების მოდელის გეოგრაფიული არეალი; ბილინგვური პროგრამა დღეს უკვე 36 საბავშვო ბაღსა და 170-მდე სკოლაში ხორციელდება და მომავალი წლის ბოლომდე, ყველა არაქართულენოვან ბაღსა და სკოლაში დაინერგება.
• ქართული ენის სწავლების და ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების განვითარების უზრუნველსაყოფად, წელს სხვადასხვა საგნის 4000-ზე მეტი ადგილობრივი პედაგოგი ჩაერთო სხვადასხვა პროფესიული გადამზადებისა და ქართული ენის შემსწავლელ პროგრამებში. ამასთან, ადგილზე კვალიფიციური პედაგოგიური კადრების დეფიციტის დასაძლევად, რეგიონებში მივლინებულ იქნა 146 ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი.
• სახელმწიფო ენის სწავლების ძალისხმევასათან ერთად, ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენაზე განათლების უფლება რეალიზებულია როგორც სკოლამდელ დაწესებულებებში, ასევე ყველა არაქართულენოვან სკოლასა და სექტორზე. ამავდროულად, ადგილობრივი თემის მოთხოვნის საფუძველზე, მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების – ოსური, ასურული, ჩეჩნური, უდიური, ხუნძური ენების სწავლება 12 სკოლაში მიმდინარეობს.
• საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მასშტაბური პროექტი. ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში წელს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, განხორციელდა არაქართულენოვანი 20 სკოლისა და 21 საბავშვო ბაღის საპროექტო-სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რაც გარდამტეხ როლს შეასრულებს ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით.
• პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების შემდგომი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. არაქართულენოვანი ახალგაზრდების საჭიროებების საპასუხოდ, სახელმწიფო ენის ინტეგრირებული კურსის დანერგვამ, ამ მიმართულებით ცალსახად გაზარდა მოტივაცია და წელს, ქართული ენის კურსში უკვე 289 სტუდენტი ჩაერთო. დამატებით, სხვადასხვა პროფესიის სპეციფიკის გაცნობის და ადგილზე დაუფლების შესაძლებლობას ზრდის პროფესიული უნარების საორიენტაციო და სასერთიფიკაციო კურსები, რომელიც 49 არაქართულენოვან სკოლაშია დანერგილი.
• უმაღლეს განათლებაზე გამარტივებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით მოქმედ „1+4 პროგრამაში“ წელს 1500-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო. ბოლო წლებში გამოვლენილი მზარდი ინტერესისა და არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, პროგრამის შემდგომი განვითარების მიზნით 2024 წელს დაგეგმილი შეფასებისთვის მიმდინარეობს მეთოდოლოგიისა და კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება.
• ზრდასრული მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფო ენის შესწავლის მოთხოვნის საპასუხოდ, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ძალისხმევა მიმართულია არსებული პროგრამების გაუმჯობესებაზე. 12 სასწავლო ცენტრში, ასევე, დისტანციური სწავლებისა და საცხოვრებელ ადგილზე 200-ზე მეტი მობილური ჯგუფის საშუალებით, ქართული ენის ცოდნის დონე 5500-მდე ბენეფიციარმა, მათ შორის საჯარო მოხელეებმა გაიუმჯობესეს.
• ქართული ენის პოპულარიზაციის, შესწავლის მოტივაციის გაზრდისა და არსებულ მრავალფეროვან შესაძლებლობებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მომზადდა და ყველა საინფორმაციო-საკომუნიკაციო მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი და მრავალკომპონენტიანი კამპანია, სახელწოდებით – „ქართული ენა გვაერთიანებს“, – განაცხადა ახვლედიანმა

როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში, ზემოაღნიშნული კომპლექსური და მრავალმხრივი ძალისხმევის, მათ შორის საშეღავათო პროგრამების განხორციელების შედეგებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ქართული ენის აქტუალობა ფაქტობრივად ყველა არაქართულენოვან დასახლებაში.

„განსაკუთრებით თვალსაჩინოა მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში ქართული ენის შესწავლის მზარდი ინტერესი და მოტივაცია, რაც იმ ათასობით ორენოვანი ახალგაზრდის წარმატებას უკავშირდება, რომლებსაც, სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობებმა პიროვნული რეალიზების, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩართვისა და დასაქმების პერსპექტივები გაუფართოვა. არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, ჩვენ უწყვეტად გავაგრძელებთ კოორდინირებულ საქმიანობას, ბევრად მასშტაბური შედეგების მისაღწევად“, – განაცხადა ახვლედიანმა.

საქართველომ და მისმა მთავრობამ სამუშაო შეასრულა და მათ უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი”- ოლივერ ვარჰეი

საქართველომ და მისმა მთავრობამ სამუშაო შეასრულა და მათ უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი, – ასე უპასუხა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით „ქრონიკის“ კითხვას.

„ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა უნდა მიიღონ. ვფიქრობ, რომ ევროკომისიის წინადადებები მკაფიოა. საქართველომ გრძელი გზა გაიარა. საქართველომ და მისმა მთავრობამ სამუშაო შეასრულა და მათ უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი. ამას გაითვალისწინებს თუ არა ევროპული საბჭო, ვნახავთ. ჩემი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის და ქართველი ხალხისთვის ასეთია – გააგრძელეთ მუშაობა, იმიტომ რომ ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის“, – განაცხადა ვარჰეიმ.

,,ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო დადგა” – ევროკომისიის განცხადება

2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ ევროკომისიამ დემოკრატიის დაცვის პაკეტი მიიღო, რომელიც გააძლიერებს გამჭვირვალობასა და მესამე ქვეყნების სახელით ინტერესთა წარმომადგენლობის საქმიანობის დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას, რაც მიმართულია პოლიტიკაზე, გადაწყვეტილების მიღებასა და დემოკრატიულ სივრცეზე გავლენის მოხდენაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისია ავრცელებს.

Eurobarometer-ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ევროპელების 81% მიიჩნევს, რომ ჩვენს დემოკრატიულ სისტემებში უცხოური ჩარევა სერიოზული პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო დადგა”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიის წინადადება მოიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა რეგისტრაცია გამჭვირვალობის რეესტრში. კერძოდ, სუბიექტები, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით, უნდა დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში.

ინტერესთა წარმომადგენლობითი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ძირითადი ელემენტები საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება, რაც გამჭვირვალობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საშუალებას იძლევა. ეს ეხება, მაგალითად, მიღებულ წლიურ თანხებს, მესამე ქვეყნებსა და საქმიანობის ძირითად მიზნებს.

სუბიექტებს, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით, მოეთხოვებათ შეინახონ ჩანაწერები მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაციის ან მასალის შესახებ ამ საქმიანობის დასრულებიდან ოთხი წლის განმავლობაში.

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი დარჩიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების განმარტებით, გიორგი დარჩიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

„საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

,,ზელენსკიმ დაგვარწმუნა, დახმარების მიღების შემთხვევაში ის ომს მოიგებს” – სენატორი ჩაკ შუმერი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სენატორებს შეხვდა. სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ეს იყო ძალიან ძლიერი შეხვედრა და ზელენსკიმ ნათლად დაანახა, რამდენად სჭირდება დახმარება.

„ეს იყო ძალიან ძლიერი შეხვედრა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად გვაჩვენა, როგორ სჭირდება დახმარება და თუ დახმარებას მიიღებს, მას შეუძლია, მოიგოს ეს ომი. დაწვრილებით გვაჩვენა, რა სახის დახმარება სჭირდება. ჩვენმა რესპუბლიკელმა კოლეგებმაც კი ისაუბრეს იმაზე, რომ ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, რომ ის გაიმარჯვებს, თუ დავეხმარებით. მეორე მხრივ, მან ნათლად აჩვენა, რომ თუ ჩვენ წავაგებთ, პუტინი გაიმარჯვებს. ეს იქნება ძალიან, ძალიან საშიში. მან ასევე დააფიქსირა კიდევ ერთი მოსაზრება, რომ დახმარება სჭირდება სწრაფად“, – განაცხადა შუმერმა.

ამასთან, მედიის ცნობით, ადგილობრივი დროით 04:15 საათზე ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან გამართავს შეხვედრას.

„ქართული ოცნების“ განცხადება

„ქართული ოცნებამ“ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტთან და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიულ მრჩევლებთან. კლუგაფტი და მიქაელი ACT NEWS-ის დამფუძნებლები არიან. მოშე კლუგჰაფტი არის საერთაშორისო სტრატეგიული მრჩეველი და კამპანიის მენეჯერი პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის მთელს მსოფლიოში. ის მუშაობდა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან და პრემიერ-მინისტრ ბენეტთან ისრაელში, ასევე ავსტრიის კანცლერთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან და სხვებთან.

კლუგჰაფტი მართავდა სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიას 2018 წელს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები და ასევე მართავდა PSD-ის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) წარმატებულ კამპანიას რუმინეთში 2016 წლის არჩევნებისთვის. ის “ფორბსმა” აირჩია ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად 40 წლამდე, ხოლო “იერუსალიმ პოსტმა” აირჩია 2020 წლის მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიან ებრაელს შორის. მირი მიქაელი ბოლო 17 წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც ისრაელის ჟურნალისტი ისრაელის წამყვან ტელეარხებზე. ბოლო წლებში მიქაელს მიჰყავდა უამრავი გადაცემა მიმდინარე მოვლენების შესახებ, სპეციალური საინფორმაციო გადაცემები და აშუქებდა არჩევნებს მე-13 და მე-12 არხებზე. მან ასევე გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატიები და მხატვრული სიუჟეტები მთავარ საინფორმაციო გამოცემებში.

მიქაელი ასევე იყო ევროპული კორესპონდენტი ტერორისტული თავდასხმებისა და ISIS-ის აღზევების პერიოდში და ამ პერიოდის განმავლობაში მან ინტერვიუ ჩამოართვა მსოფლიოს ბევრ ლიდერს, მათ შორის ბორის ჯონსონს და ანგელა მერკელს. მოშე კლუგჰაფტი: „მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ვხედავ მის მნიშვნელოვან განვითარებას როგორც ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირისადმი მიდგომაში და განსაკუთრებით მის უნარში, შეინარჩუნოს მშვიდობა იმ დღეებში, როდესაც მსოფლიო ომის პირობებშია. მაგრამ საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ბევრი აკეთო – ასევე აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ და ჩვენ ამაში დავეხმარებით მომავალ წელს“.

,,საქართველო არასდროს დადგება ცალ ფეხზე იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოაწონოს”- მდინარაძე

„ეს იყო ურთულესი სასესიო წელი, რომლის სირთულესაც უზრუნველყოფდა საქართველოს მტრობაში გაწაფული შიდაპოლიტიკური არა ერთი ძალა“- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ერთ წლიანი მუშაობა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო წელი დასრულდა პოზიტიური შედეგებით, ეკონომიკური წინსვლით, სტაბილურობით, მშვიდობით და ამაში პარლამენტის როლი უდიდესია.

„ის რომ „რუსულ კანონად“ იწოდა ამერიკული კანონი ეს ამ მტრობის ნაწილია. ის რომ რთულ, ეკლიან გზაზე, სადაც ცალ ფეხზე ხტუნაობას მოგვიწოდებდნენ, ორ ფეხზე დავდექით და კანონებიც ამგვარად მივიღეთ. მივიღეთ უამრავი კანონი, რომელიც ემსახურებოდა მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესს, 12 რეკომენდაციის შესრულებას და ასობით კანონი მიღებული იყო ამ ზეწოლის, სტრესული გარემოს, ამ საბოტაჟის ქვეშ. სამუშაო ჯგუფებში ვერ შემოვიყვანეთ ოპოზიციის წარმომადგენლები და მაინც მოვახერხეთ, ეს კანონები იმგვარად დაწერილიყო, რომ აღსრულების მექანიზმებიც, შემდეგი გაგრძელება შესაბამისი ყოფილიყო. საბოლო ჯამში, ამას მოყვა ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია რამაც გაგვახარა და არის მყარი გარანტია იმისა, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამის პარალელურად, არაერთი ეკონომიკური, სამართლებრივი პროექტი გავიტანეთ, რომელსაც ხანდახან საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, რაც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. არის თანმდევი პროცესი ეკონომიკური გაძლიერებისა იმიტომ, რომ ახალი გამოწვევები ჩნდება.

როდესაც რეგიონში არის ურთულესი მდგომარეობა, ერთი ომი, მეორე ომი, შენ ამ ქვეყანაში მშვიდობა გაქვს, ამ მშვიდობის ფონზე სტაბილური განვითარებაა უზრუნველყოფილი, არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელი დავასრულეთ პოზიტიური შედეგებით, ეკონომიკური წინსვლით, სტაბილურობით, მშვიდობით და ამაში პარლამენტის როლი უდიდესია. რევოლუციური სცენარის განვითარების პრევენცია მოვახდინეთ. უამრავი საკითხი იყო, რომელიც პარლამენტის კომპეტენციაში არ შემოდის, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკურად მყარად დგომა და საქართველოს პარლამენტი ამ მიმართულებითაც მყარად, ორ ფეხზე დგას. არასდროს დადგება არც საქართველო, არც პარლამენტი, არც საკანონმდებლო, არც აღმასრულებელი ორგანო და არც სხვა ინსტიტუტი ცალ ფეხზე იმისთვის, რომ თავი მოაწონოს ვინმეს, ან ამ ცალ ფეხზე დგომამ უზრუნველყოს რაღაც. მყარად ღირსებით შევალთ ევროპულ ოჯახში, დავბრუნდებით ჩვენს ადგილას, სადაც ამ ქვეყნის ბუნებრივი ადგილია,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ჩავიდნენ აშშ-ი ხაბე, კიკუ მშენებელი და თინათინი. გადაწერეს აშშ-ს ისტორია, პენსი გააპრეზიდენტეს! ქურქუმალვაითი საერთაშორისო დიპლომატიურ ენად დანერგეს!”- ხაინდრავა

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს დანაშაულებრივი ორგანიზაცია “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლების აშშ-ში სტუმრობაზე: “რას ნიშნავს ზურგს უკან მსოფლიო გავლენის მქონე ფიგურა! ჩავიდნენ აშშ-ი ხაბე, კიკუ მშენებელი და თინათინი. გადაწერეს აშშ-ს ისტორია, პენსი გააპრეზიდენტეს! ქურქუმალვაითი საერთაშორისო დიპლომატიურ ენად დანერგეს! მოჰფინეს “მიშა დემოკრატიის შუქურა”-ს ნათელი USA და უკან შიგ ევროპაში!”

,,მშვიდობად აფასებთ უმძიმეს რეალობას, სადაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის საოკუპაციო ძალები კლავენ და იტაცებენ?!”- ბოკუჩავა

იზიარებთ ღარიბაშვილის პროპაგანდისტული ყალბი რუსული მშვიდობის იდეას და მშვიდობად აფასებთ უმძიმეს რეალობას, სადაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის საოკუპაციო ძალები კლავენ და იტაცებენ?! – ამ შეკითხვით მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის ფორმატში“იმყოფება.

 

ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს, ხალხს მოახვიოს რუსული ყალბი მშვიდობის იდეა და თავს ამ ყალბი რუსული მშვიდობის გარანტად აცხადებს.

 

„ამ დროს, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2012 წლიდან დღემდე, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დააკავეს 1614 მოქალაქე და 40 სხვა ქვეყნის მოქალაქე. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1191 მოქალაქე და სხვა ქვეყნის 22 მოქალაქე. ამჟამად, უკანონო პატიმრობაში რჩება 11 პირი. ამ დრომდე არ დასჯილან ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის, 2019 წელს ირაკლი კვარაცხელიას, 2023 წელს თამაზ გინტურის და თემურ კარბაიას მკვლელობაზე. გთხოვთ, მიპასუხოთ, ასე გამოიყურება თქვენთვის მშვიდობა? იზიარებთ ღარიბაშვილის პროპაგანდისტული ყალბი რუსული მშვიდობის იდეას და მშვიდობად აფასებთ უმძიმეს რეალობას, სადაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის საოკუპაციო ძალები კლავენ დაიტაცებენ?! თქვენ, როგორც შერიგების მინისტრს, როგორ გესმით, როგორც მხოლოდ ნეგატიური მშვიდობა, თუ ასევე, როგორც პოზიტიური მშვიდობა, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ომით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებას, განვითარებას და კეთილდღეობას გულისხმობს. და თუ ეს უკანასკნელია ის განმარტება, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ხელისუფლება და არა ივანიშვილის რუსული ყალბი მშვიდობის კონცეფცია, როგორ აფასებთ მშვიდობად იმ უმძიმეს მოცემულობას, სადაც ოკუპაციის ხაზის მიმდებარე დასახლებების მხოლოდ 33%-ს აქვს წყალგაყვანილობა და აქედან მხოლოდ 73%-ს აქვს სასმელი წყალგაყვანილობა, 38%-თვის საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

,,შერიგების პოლიტიკა ხორციელდება იმისათვის, რომ დეოკუპაციის პერიოდისთვის აღმოფხვრილ იქნას კონფლიქტი ადამიანთა დონეზე”- ახვლედიანი

პატივცემულო პარლამენტის წევრებო, პირველ რიგში, მოგახსენებთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზერაც უფრო ფართო – კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და მისი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც დეოკუპაციის განზომილების პარალელურად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში ხორციელდება იმისათვის, რომ დეოკუპაციის პერიოდისთვის აღმოფხვრილ იქნას კონფლიქტი ადამიანთა დონეზე, დაძლეულ იქნას გაუცხოება და მიზანმიმართულად შექმნილი ნეგატიური განწყობები.

 

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციის თანმდევი მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ხაზგასასმელია, ადგილზე შექმნილი ის გარემო და განვითარებული პროცესები, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს დღემდე უწევს გამკლავება, და რომელთა პირობებში ვაგრძელებთ მაქსიმალურ ძალისხმევას სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების გზით.

 

ამ თვალსაზრისით, ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებთან ერთად,  ვგულისხმობთ: 

 

§ იმ უკანონო გადაწყვეტილებებს, რაც საოკუპაციო ძალის მიერ ორივე რეგიონში ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება და შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციას ისახავს მიზნად.

§ ამავე მიზანს ემსახურება, ადგილზე, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის და შეზღუდვების გამკაცრება, ასევე ორივე რეგიონში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აკრძალვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას დღემდე არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულად აღსრულების შესაძლებლობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

§ ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს დღემდე შეზღუდული აქვს საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

§ კვლავ გრძელდება მოსახლეობის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების უხეში და სისტემატური დარღვევები, ეთნიკური დისკრიმინაცია, აქტიური რუსიფიკაციის და ასიმილაციის პოლიტიკა, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრებაზე წვდომის თუ სხვა სოციალური და ეკონომიკური უფლებების შეზღუდვა. ამ კუთხით, ვითარება განსაკუთრებით მძიმე რჩება გალისა და ახალგორის რაიონებში.

§ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფება საოკუპაციო ძალის გავლენისა და წნეხის ქვეშ, რაც მათ შორის გულისხმობს შერიგების პოლიტიკითა და სამშვიდობო ინიციატივებით დანერგილი შესაძლებლობებით სარგებლობის სურვილის მქონე ადამიანების დევნას.

§ სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული გააქტიურებული დეზინფორმაციული კამპანიები და ანტიქართული პროპაგანდა.

§ სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ის მიზანმიმართული ნაბიჯები და განცხადებები, რაც გამიზნულია უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ და შესაბამისად, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ ადამიანებს შორის შერიგების, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგ.

უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინტენსიურ თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან -ახვლედიანი

მაქვს პატივი, მინისტრის საათის ფორმატში წარვდგე საქართველოს პარლამენტის წინაშე და მოგახსენოთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2023 წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ, როგორც შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, ასევე სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებით;

წარმოგიდგინოთ გასული წლის მნიშვნელოვანი პროცესები, არსებულ რეალობასა და საჭიროებებზე მორგებული მუშაობის დღის წესრიგი, რომელიც თანმხლები გამოწვევების მიუხედავად, გახლდათ მდგრადი და პოზიტიური დინამიკის მატარებელი, შედეგზე ორიენტირებული და პროდუქტიული. თითოეული თემატური მიმართულებით მიღწეული შედეგებისა და პროგრესის ძირითადი ტენდენციების თაობაზე მოგახსენებთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მანდატით განსაზღვრული საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით. გასული წლის განმავლობაში ვახორციელებდით მრავალგანზომილებიანი საქმიანობის კოორდინაციას ყველა დარგობრივ სახელმწიფო უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე სპეციალურად შექმნილი სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში: შედეგად, არსებული პოლიტიკური ხედვისა და განსაზღვრული სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად, ინიცირებულ იქნა, დაინერგა და ამოქმედდა სათანადო ინსტრუმენტები და მექანიზმები, გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები შედეგზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის საფუძველზე შეფასებულ იქნა მიღწეული პროგრესი, ისევე როგორც დაისახა სამომავლო გეგმები და განსახორციელებელი ქმედებები. აღნიშნული პროცესი იყო ინკლუზიური და მიმდინარეობდა ყველა პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების, თემით დაინტერესებული აქტორების, ექსპერტებისა და აკადემიური წრეების, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით.

ამ კონტექსტში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან. ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით საპარლამენტო კომისიასთან, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის და სხვა დარგობრივ კომიტეტებთან მუშაობა. ორივე პოლიტიკის ფარგლებში დასახული ამოცანების გადასაჭრელად, ასევე, უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინტენსიურ თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ჩართული იყო სხვადასხვა ფორმატებში – გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა პარტნიორი ქვეყნების ყველა იმ ინსტრუმენტის ფარგლებში, რომელიც უკავშირდება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტებს, დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებს. ვაგრძელებთ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან, ასევე, პარტნიორი-სახელმწიფოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დელეგაციებთან.

წელს ბრიუსელში ჩემი სამუშაო ვიზიტის, ასევე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული და სხვა არაერთი თემატური დიალოგის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელეთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზე, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, არსებულ გამოწვევებზე და მათ დასაძლევად, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისა და კოორდინირებული ქმედებების შემდგომი გაძლიერების გზებზე. ჩემი უშუალო მოწვევით, წელს ვუმასპინძლეთ რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, რომლებიც საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრების კვალდაკვალ, საოკუპაციო ხაზთან ვიზიტის ფარგლებში ადგილზე გაეცნენ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, დონორი სახელმწიფოების მხრიდან ჩვენი ორივე პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ამოცანების შესაბამისად გაწეული ძალისხმევის ურყევი მხარდაჭერისთვის.