მომზადდა და ყველა საინფორმაციო-საკომუნიკაციო მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი და მრავალკომპონენტიანი კამპანია სახელწოდებით „ქართული ენა გვაერთიანებს“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა პარლამენტში, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო, პოლიტიკის ფარგლებში დასახული ამოცანების გადასაჭრელად, სახელმწიფო სტრატეგიის შემდგომი ორწლიანი ციკლის კომპლექსური დაგეგმვის თვალსაზრისით.
„მოგახსენებთ, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, განვითარების და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს და შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გასული წელი მნიშვნელოვანი იყო, პოლიტიკის ფარგლებში დასახული ამოცანების გადასაჭრელად, სახელმწიფო სტრატეგიის შემდგომი ორწლიანი ციკლის კომპლექსური დაგეგმვის თვალსაზრისით. 2023-24 წლების სამოქმედო გეგმით 200-მდე აქტივობა განისაზღვრა, რომლის შემუშავების ღია და ინკლუზიური პროცესი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად წარიმართა; მათ შორის, უზრუნველყოფილი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობა, ისევე, როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული გეგმის პროექტთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებული პირის მხრიდან მოსაზრების გამოხატვისა და წვლილის შეტანის შესაძლებლობა. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა წინა, 2021-2022 წწ. სამოქმედო გეგმის შესრულების ყოვლისმომცველი შეფასების შედეგები და გამოცდილება, ასევე, საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციები.
გასული წელი გამოირჩეოდა საერთაშორისო ანგარიშვალდებულების მიმართულებითაც იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის საბჭოს „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის“ მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოში განხორციელდა მრჩეველთა კომიტეტის დამოუკიდებელ ექსპერტთა დელეგაციის ვიზიტი, რომელიც ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება, დაინტერესებული მხარეების ჩართულობაზე დაფუძნებული ანგარიშის მომზადების მიზნით“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების სრულფასოვანი ინტეგრაციის ფუნდამენტს სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნა წარმოადგენს.
„პოლიტიკის ხუთი ურთიერთდაკავშირებული სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში მიღწეული შედეგების მიმოხილვას სახელმწიფო ენის პრიორიტეტით დავიწყებ, რამდენადაც, ჩვენი ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების სრულფასოვანი ინტეგრაციის ფუნდამენტს სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნა წარმოადგენს. ამ მიმართულებით დღემდე არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად, ქართული ენის სწავლების, ასევე, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით გატარებული ღონისძიებების შედეგად:
• მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობები სკოლამდელი და სასკოლო განათლების დონეზე: ეტაპობრივად გაფართოვდა ორენოვანი განათლების მოდელის გეოგრაფიული არეალი; ბილინგვური პროგრამა დღეს უკვე 36 საბავშვო ბაღსა და 170-მდე სკოლაში ხორციელდება და მომავალი წლის ბოლომდე, ყველა არაქართულენოვან ბაღსა და სკოლაში დაინერგება.
• ქართული ენის სწავლების და ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების განვითარების უზრუნველსაყოფად, წელს სხვადასხვა საგნის 4000-ზე მეტი ადგილობრივი პედაგოგი ჩაერთო სხვადასხვა პროფესიული გადამზადებისა და ქართული ენის შემსწავლელ პროგრამებში. ამასთან, ადგილზე კვალიფიციური პედაგოგიური კადრების დეფიციტის დასაძლევად, რეგიონებში მივლინებულ იქნა 146 ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი.
• სახელმწიფო ენის სწავლების ძალისხმევასათან ერთად, ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენაზე განათლების უფლება რეალიზებულია როგორც სკოლამდელ დაწესებულებებში, ასევე ყველა არაქართულენოვან სკოლასა და სექტორზე. ამავდროულად, ადგილობრივი თემის მოთხოვნის საფუძველზე, მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების – ოსური, ასურული, ჩეჩნური, უდიური, ხუნძური ენების სწავლება 12 სკოლაში მიმდინარეობს.
• საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მასშტაბური პროექტი. ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში წელს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, განხორციელდა არაქართულენოვანი 20 სკოლისა და 21 საბავშვო ბაღის საპროექტო-სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რაც გარდამტეხ როლს შეასრულებს ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით.
• პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების შემდგომი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. არაქართულენოვანი ახალგაზრდების საჭიროებების საპასუხოდ, სახელმწიფო ენის ინტეგრირებული კურსის დანერგვამ, ამ მიმართულებით ცალსახად გაზარდა მოტივაცია და წელს, ქართული ენის კურსში უკვე 289 სტუდენტი ჩაერთო. დამატებით, სხვადასხვა პროფესიის სპეციფიკის გაცნობის და ადგილზე დაუფლების შესაძლებლობას ზრდის პროფესიული უნარების საორიენტაციო და სასერთიფიკაციო კურსები, რომელიც 49 არაქართულენოვან სკოლაშია დანერგილი.
• უმაღლეს განათლებაზე გამარტივებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით მოქმედ „1+4 პროგრამაში“ წელს 1500-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო. ბოლო წლებში გამოვლენილი მზარდი ინტერესისა და არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, პროგრამის შემდგომი განვითარების მიზნით 2024 წელს დაგეგმილი შეფასებისთვის მიმდინარეობს მეთოდოლოგიისა და კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება.
• ზრდასრული მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფო ენის შესწავლის მოთხოვნის საპასუხოდ, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ძალისხმევა მიმართულია არსებული პროგრამების გაუმჯობესებაზე. 12 სასწავლო ცენტრში, ასევე, დისტანციური სწავლებისა და საცხოვრებელ ადგილზე 200-ზე მეტი მობილური ჯგუფის საშუალებით, ქართული ენის ცოდნის დონე 5500-მდე ბენეფიციარმა, მათ შორის საჯარო მოხელეებმა გაიუმჯობესეს.
• ქართული ენის პოპულარიზაციის, შესწავლის მოტივაციის გაზრდისა და არსებულ მრავალფეროვან შესაძლებლობებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მომზადდა და ყველა საინფორმაციო-საკომუნიკაციო მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი და მრავალკომპონენტიანი კამპანია, სახელწოდებით – „ქართული ენა გვაერთიანებს“, – განაცხადა ახვლედიანმა
როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში, ზემოაღნიშნული კომპლექსური და მრავალმხრივი ძალისხმევის, მათ შორის საშეღავათო პროგრამების განხორციელების შედეგებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ქართული ენის აქტუალობა ფაქტობრივად ყველა არაქართულენოვან დასახლებაში.
„განსაკუთრებით თვალსაჩინოა მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში ქართული ენის შესწავლის მზარდი ინტერესი და მოტივაცია, რაც იმ ათასობით ორენოვანი ახალგაზრდის წარმატებას უკავშირდება, რომლებსაც, სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობებმა პიროვნული რეალიზების, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩართვისა და დასაქმების პერსპექტივები გაუფართოვა. არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, ჩვენ უწყვეტად გავაგრძელებთ კოორდინირებულ საქმიანობას, ბევრად მასშტაბური შედეგების მისაღწევად“, – განაცხადა ახვლედიანმა.