Home Blog Page 1900

“თუ მოგვცეს სტატუსი, ეს დაფუძნებული იქნება იმაზე, რაც ხელისუფლებას უკეთებია” – გია ვოლსკი

თუ მოგვცეს სტატუსი, ეს დაფუძნებული იქნება იმაზე, რაც ხელისუფლებას უკეთებია – საგანგებო მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა სასამართლოს თემა, საარჩევნო კოდექსის თემა 100 პროცენტიანად შესრულებულად გვეთვლება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, გარდა ამისა, სტატუსს იმსახურებს საზოგადოება, რომელიც ხელისუფლებისგან არავინ არ უნდა გამოყოს.

„თუ მოგვცეს სტატუსი და ვფიქრობ, სწორედ ასე გადაწყდება, ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება იმაზე, რაც უკეთებია ხელისუფლებას და ამის გარდა, რასაკვირველია, საზოგადოებას ეკუთვნის – არასდროს არ უნდა გამოვყოთ საზოგადოება ხელისუფლებისგან, რა პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს.

არის გარკვეული საკითხები, საგანგებო მნიშვნელობის, ეს არის სასამართლოს თემა, საარჩევნო კოდექსის თემა, ის, რაც 100-პროცენტიანად შესრულებულად გვეთვლება და გარკვეულწილად მიმდინარეობს კიდევ მუშაობა მთელ რიგ საკითხებზე. შესრულდა რეკომენდაციები – იუსტიციის უმაღლესი საბჭოც დაკომპლექტდა და ბევრი თემაა, რომელიც ვთვლით, რომ მაღალპროფესიონალურ დონეზეა შესრულებული, მაგრამ არავინ თქვას, რომ საზოგადოებას გარკვეული ავტორიტეტი ამ გადაწყვეტილების მიღებაში არ აქვს. რასაკვირველია, საზოგადოებაა მთავარი და მთავრობაც საზოგადოების ნაწილია, ჩვენ ერთნი ვართ. ამ ერთობის დარღვევაზე მიდის მუშაობა, რომ როგორმე არ მისცენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სტატუსი, როგორმე ვითომ საზოგადოება სხვაა და ხელისუფლება სხვა. ესაა პირდაპირი მოწოდება, რომ სტატუსი არ მისცენ ქვეყანას და საზოგადოებას უთხრან, რომ მთავრობაა მიზეზი იმის, რომ სტატუსი არ გვეძლევა და საჭიროა, რომ საზოგადოებამ ხელისუფლება მოიცილოს. ეს არის დესტაბილიზაციისკენ მოწოდება, რომელიც არის მთავარი გეგმა. საერთოდ არ აინტერესებთ სტატუსი გვექნება თუ არა,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ექთნისა და მეანი-ექთნის პროფესიები რეგულირებად პროფესიებად განისაზღვრება

ექთნისა და მეანი-ექთნის პროფესიები რეგულირებად პროფესიებად განისაზღვრება – შესაბამისი განათლების მოპოვების შემდგომ, დაინტერესებული პირი სახელმწიფო სარეგისტრაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას დაექვემდებარება.

მთავრობის ინიციატივით პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა, რომელიც ექთნებისა და მეანი-ექთნების დიპლომის შემდგომი პროფესიული მზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული განათლების სისტემების ამოქმედებას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, წოდებრივი რანჟირების სისტემა ინერგება. კერძოდ, უმაღლესი (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს რეგისტრირებული ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება მიენიჭებათ, პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს – სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება, საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება – უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი. საექთნო დიპლომის შემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება წოდება – ექთანი სპეციალისტი.

ამასთან, იგეგმება ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრის შექმნა, რომლის საშუალებით ექთნებისა და მეანი ექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება განხორციელდება. რეესტრში ავტორიზებული იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა.

სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნებისთვის სერტიფიცირება 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე, უგამოცდოდ განხორციელდება. რეგისტრირებული ექთნების რეგისტრაცია უგამოცდოდ 2030 წლის 1-ელ იანვრამდე მოხდება.

მთავრობის საკანონმდებლო პროექტის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭება 5 წლის ვადით მოხდება.

საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე პროექტით მკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი – კერძოდ, “მეანი-ექთნით“ ხდება “ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება.

საკანონმდებლო პაკეტი ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების ამსახველი 300-ზე მეტი ფაილი ამოიღო და დანაშაულში 14 პირი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 14 პირი ამხილა, მათგან 7 – დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა, თბილისში მცხოვრებმა გ.მ.-მ, 2023 წლის მარტში, ნაცნობ ქალთან ვიდეოზარით კომუნიკაციის დროს, მას შიშველი სხეულის ჩვენება მოსთხოვა და მისი ნებართვის გარეშე ფარულად ინტიმური შინაარსის აუდიო/ვიდეო მასალა გადაუღო. მოგვიანებით, გ.მ-მ, ქალბატონის რეპუტაციის შელახვისა და დამცირების მიზნით, აღნიშნული ინტიმური ვიდეო/აუდიო მასალა საჯაროდ სოციალურ ქსელ TIK TOK-ზე განათავსა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.მ. დააკავა. მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ასევე, დაკავებული იქნა ქალაქ რუსთავში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული გ.ტ. ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა გ.ტ-მ, 2000 წელს დაბადებული ქალის FACEBOOK-ის გვერდზე უნებართვოდ შეაღწია და დაზარალებულის მიერ სხვა პირთან გადაგზავნილი მისი შიშველი სხეულის ამსახველი ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები უკანონოდ მოიპოვა. 2022 წლის 26 მაისს და 2022 წლის 15 ივლისს, გ. ტ.-მ აღნიშნული პირადი ხასიათის მასალა დაზარალებულის მეგობრებსა და ნათესავს გადაუგზავნა, ასევე, საჯაროდ FACEBOOK-ის გვერდზე განათავსა.

საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული გ.ტ. დააკავა და მას ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 12 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ. აღნიშნული ქმედებებით მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაირღვა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულების მომართვის შემდეგ, მათი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების ჩატარება მოკლე დროში უზრუნველყო.

„მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, მობილური და კომპიუტერული ტექნიკიდან ინფორმაციის მოპოვების შედეგად, მტკიცებულების სახით 300 ერთეულზე მეტი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილი ამოიღო, ხოლო აღნიშნული მასალის განადგურება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ მოხდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კობა კობალაძემ ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ომის ვეტერანი თანამშრომლები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა

23 ოქტომბერს, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საარჩევნო ადმინისტრაციის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი თანამშრომლები: ლიანა ქათამაძე, პაატა საყვარელიძე, ნოდარ მუსერიძე, პაატა ვარაზი, ვასილ კალანდაძე, გიორგი დარბაიძე, თეიმურაზ კაჭარავა, ვარლამ ფერაძე, ბიძინა ნონიაშვილი საპატიო სიგელით დააჯილდოვა და მათ ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ინიციატივით, ცესკოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.

“საარჩევნო ადმინისტრაცია უერთდება, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ გავმართეთ ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის დირექტორმა პირადად გადასცა საარჩევნო ადმინისტრაციაში მომსახურე 9 ვეტერანს საპატიო სიგელები, რომელიც გახლავთ აღიარება, დადასტურება მათი ღვაწლის, თავდადებისა და თავგანწირვის ჩვენი სახელმწიფოსადმი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ორგანიზაციული კულტურის ფარგლებში, ინსტიტუცია მუდმივად ახორციელებს, როგორც ვეტერანთა, ასევე, სხვა სოციალური ჯგუფების თანამშრომელთა დაფასებას და აღიარებას,-” განაცხადა ცენტრალური სარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

კობა კობალაძემ, დამსწრეთ, იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომელთა გადალახვაც, ვეტერანებს, ომის დასრულების შემდეგ მოუხდათ და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში, ვეტერანთა მიმართ, არც სახელმწიფოს და არც საზოგადოების მხრიდან არ არსებობდა ის ყურადღება და თანადგომა, რასაც დღეს, ქვეყნის ხელისუფლება, მათთვის სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური პროგრამებით გამოხატავს; მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვეტერანთა ინტელექტუალური რესურსის გამოყენება ქვეყნის განვითარების გზაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვისა და მათ მიერ ქვეყნისათვის გაწეული ღვაწლის აღიარებისთვის;

კობა კობალაძემ, გიორგი კალანდარიშვილს, ვეტერანთა დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა:”პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ გიორგის, რამეთუ, ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იმის, რომ სახელმწიფო უწყებებში ესე ღიად, ლაღად და პირდაპირ დავიწყეთ, მადლობის გადახდა ჩვენი დამსახურებული ვეტერანების მიმართ,”- აღნიშნა კობა კობალაძემ.

კობა კობალაძემ გიორგი კალანდარიშვილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ცესკოს მთელ გუნდს წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, სამსახურის თანამშრომლები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ,საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მეცხრედ აღინიშნა. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ”, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება, რომელშიც სახელმწიფო და კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული.

აკაკი წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

აკაკი წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ცნობით, პირველ ეტაპზე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტილ მხარეს შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები და ჭები მოყვანილია ნიშნულზე.

„ამჟამად, ტროტუარებზე საჰაერო კაბელების მიწისქვეშ გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი.

გამზირის საპირისპირო მხარეს, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და ძველი სავალი ნაწილის მოფრეზვა მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2024 წლის იანვარში დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა, რას აკეთებენ, რა მიზანს ემსახურებიან ისინი -არჩილ თალაკვაძე

პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა, რას აკეთებენ ისინი და რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი, – ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ USAID-ის და სოროსის ფონდის მიერ კანონდამრღვევთა დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ „მაშინ ეს გამოხატვის თავისუფლებად მონათლეს, ეს კამპანია გრძელდება.სწორედ ამაზე ვსაუბრობდით თვეების წინ, რომ პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა თუ რას აკეთებენ ისინი და რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი. ვნახეთ, რომ იყო კოორდინირებული კამპანია იმ აგრესიული და ძალადობაში ჩართული ადამიანების დასაცავად, მათ წარმოსაჩენად გმირებად, ვინც საკუთარი თანამოქალაქეების, პოლიციელების დაწვა სცადა, ცეცხლი წაუკიდა ადამიანებს, ეს მაშინ გამოხატვის თავისუფლებად მონათლეს. ეს კამპანია არ შეწყვეტილა, გრძელდება.

რა თქმა უნდა, არსებობენ ქვეყანაში ძალები, რომლებიც ყველა ადამიანს, მათ შორის მათ, ვისაც გულწრფელი პროტესტი შეიძლება ჰქონდეს, მაქსიმალურად გამოიყენებენ დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, ამიტომ საჭიროა და მოველით მეტ გამჭვირვალობას, მოველით თანამშრომლობასთან ერთად ანგარიშვალდებულებასაც და მოველით, რომ რა დამოკიდებულებაც ჩვენ გვაქვს ამ თანამშრომლობის ფარგლებში, იგივე პრინციპებს სცეს პატივი ყველა მხარემ. ეს არის საქართველოს ინტერესებში, ეს არის ჩვენი საზოგადოების ინტერესებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სავალუტო შემოდინებები ნორმალიზდება

რეკორდულად მაღალი წმინდა სავალუტო შემოდინებების პერიოდი, როგორც ჩანს, მართლაც გასულია. ამასთან, თიბისი კაპიტალის ინარჩუნებს შეფასებას, რომ ადგილი უფრო ნორმალიზებას აქვს, ვიდრე ვარდნას. კერძოდ, საქონლით ექსპორტ-იმპორტის, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით ტურიზმისა და გზავნილების მაჩვენებელის მშპ-თან ფარდობა მართალია შემცირებულია, თუმცა, წინა წლების გადასახედიდან, კვლავ მაღალ დონეზეა.

სხვა უახლესი მაკროეკონომიკური პარამეტრების მხრივ, საყურადღებოა, რომ 17 ოქტომბრის მდგომარეობით, თიბისის არხებით საბარათე ანგარიშსწორებაზე დაყრდნობით, უკვე გამოიკვეთა ისრაელიდან ტურისტული შემოდინებების შემცირება. თუმცა, ამავე პერიოდში, ჯამური ტურისტული შემოდინებები, სექტემბერთან შედარებით სეზონურობის გათვალისწინებით, პირიქით მზარდია. ისრაელიდან გზავნილების მხრივ, როგორც მოსალოდნელი იყო, ნეგატიური ტენდენცია საერთოდ არ იკვეთება. ამასთან, ზომიერი შემცირება ჩანს მიგრაციის კუთხით, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისობაშია.

გასული კვირა, ასევე საყურადღებო იყო სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების კუთხითაც. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში არაერთ შემთხვევაში შემოსავალი უცხოურ ვალუტაშია, სავალუტო დაკრედიტების შეზღუდვის 300 000 ლარამდე ზრდასთან ერთად, ე.წ. ჰეჯირებული მსესხებლებისათვის შესაბამის ვალუტაში სესხის აღების შესაძლებლობა მარეგულირებელ ჩარჩოს უფრო მორგებულს ხდის, რადგანაც ასეთ შემთხვევებში ლარში სესხი არა მხოლოდ უფრო ძვირი, არამედ უფრო რისკიანიცაა.

გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.

 

“არ მესმის, 1%-იანი გახარია რატომ უნდა იყოს საინტერესო”-კახა კალაძე

არ მესმის, 1%-იანი გახარია რატომ უნდა იყოს საინტერესო. არ არის საინტერესო 1%-იან პარტიაზე გავაკეთო კომენტარი – ყველაფერი იდეალურად იქნება, 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორც შეაფასებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებას, რომ საარჩევნოდ თანამშრომლობის საკითხზე მათი პარტიის ლიდერებს მოლაპარაკებები აქვთ ყოფილ მინისტრებსა და დეპუტატებთან, რომელთა შორისაც არიან „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებიც.

„არ მესმის, 1%-იანი გახარია, რატომ უნდა იყოს საინტერესო. არ არის საინტერესო 1%-იან პარტიაზე გავაკეთო კომენტარი. ყველაფერი იდეალურად იქნება, „ქართული ოცნება“ 2024 წელს აუცილებლად გაიმარჯვებს, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და ჩემი სიტყვები. ასეთი მხარდაჭერა “ქართულ ოცნებას” 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. 2024 წელსაც გავიმარჯვებთ და 2028 წელსაც”, – აღნიშნა კალაძემ.

“საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად ვაღიარებთ, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება”- ოლაფ შოლცი

ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების კატეგორიას მივაკუთვნებთ. ორივეს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიამ საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა და სურს, ქვეყანაში წესების დარღვევით დარჩენის ფაქტები შეამციროს.

“გვსურს, შევამციროთ აქ წესების დარღვევით დარჩენის სტიმული. თუ გერმანიის ფედერალური მიწები განაცხადებენ, რომ მათ სურთ თანხის სანაცვლოდ სოციალური დახმარების ნატურალური ფორმით გაწევა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. თუ მათ სურთ სადებეტო ბარათების შემოღება თავშესაფრის მაძიებლებისთვის (ნაღდი ფულის ნაცვლად, რომელსაც სახლში რიცხავენ ან კონტრაბანდისტებს უხდიან), ჩვენ ამასაც მხარს დავუჭერთ. მეტიც, სწორად მივიჩნევთ თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზოგადოებრივი მომსახურების სერვისების გახსნას”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს საკმარისი იქნება გერმანიაში ჩასული ადამიანების რაოდენობის საგრძნობლად შესამცირებლად, ოლაფ შოლცმა უპასუხა:

“როგორც ვთქვი, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ზომების პაკეტით და მე ჯერ კიდევ არ მიხსენებია ერთი მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ საბოლოოდ უნდა მოვახდინოთ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს. ისინი, ვინც სავარაუდოდ ვერ მიიღებენ გერმანიაში დარჩენის ნებართვას, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ დაცვის საჭიროება, უნდა დაბრუნდნენ. პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის განცხადებები და პირველადი გასაუბრება უნდა ჩატარდეს თავდაპირველ მიმღებ დაწესებულებაში. სასამართლო პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მიწაზე, დეპორტაციის საქმეებზე თავდაპირველი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ოთხი თვის შემდეგ, ხოლო ზოგში ამას 39 თვე სჭირდება. ეს მიუღებელია. ჩვენ უნდა განვახორციელოთ დეპორტაცია უფრო ხშირად და უფრო სწრაფად“.

ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია -კახა კალაძე

ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, დიდი ხანია, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მიმდინარეობს.

„ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა. ძალიან კარგად იცის, რომ ლევან ხაბეიშვილი მარტო არ მოქმედებდა, ასევე ვინ იდგა მის უკან. როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, სააკაშვილი რატომ არ ახსენდება, თუ მართლაც სწორად ფიქრობს და სწორი დამოკიდებულება აქვთ?

დიდი ხანია, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა. ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ ხაბეიშვილი გამოაგდებდა მელიას, ამის შემდეგ ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. გამზადებული ჰყავდათ მელია, რომ პარტიიდან გამოერიცხათ, ამ შემთხვევაში მან დასწრება გადაწყვიტა. ჩვენ ვთქვით, რომ არ უნდა იყო საინტერესო რა და როგორ იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – აღნიშნა მერმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია კვლავ საუბრობს პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე და აცხადებს, რომ არ და ვერ იქნება იქ, “სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.

 

“ჩვენ გვაქვს ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში” – რობინ დანიგანი

თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რობინ დანიგანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, განიხილეს გზები, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

 

„კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დიდი ხანია ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერები ამ კუთხით. მინისტრთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და გავაგრძელებთ აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – განაცხადა ელჩმა, რომლის კომენტარს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს და ამით მწარედ დამარცხდება რადიკალური ოპოზიცია -დავით მათიკაშვილი

კანდიდატის სტატუსს რომ მივიღებთ, ეს იქნება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის უმძიმესი მარცხი და ქართული სახელმწიფოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი.

მისი თქმით, შარშანდელი გადაწყვეტილებით, რომლითაც სტატუსი არ მიენიჭა ქვეყანას, ევროკავშირმა გეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვა.

„რადიკალური ოპოზიციის მიზნები არ არის კანდიდატის სტატუსის მიღება. მათი მიზანია ხელისუფლების უკანონოდ შეცვლა, რისთვისაც უნდა გამოიყენონ ის ფაქტი, რომ არ მოგვცენ სტატუსი. იმიტომ იყო, რომ წელიწადზე მეტია ყველა ნაბიჯს დგამენ, ევროპის დედაქალაქების მოვლის ჩათვლით, ანტიქართულ პროპაგანდას აწარმოებენ მთელს მსოფლიოში, რომ სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ და არჩევნებამდე მოახდინონ არალეგალურად, არაკონსტიტუციურად ხელისუფლების შეცვლა.

რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ველოდებით ევროკავშირისგან სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. იმედით ვუყურებთ მომავალს. გვჯერა, ევროკავშირი ამ კუთხით მეტ შეცდომას აღარ დაუშვებს – გეოპოლიტიკურ შეცდომას. სწორედ ასეთი იყო ერთი წლის წინ სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის. დღეს იქნება სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს და ამით მწარედ დამარცხდება რადიკალური ოპოზიცია,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.