“საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად ვაღიარებთ, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება”- ოლაფ შოლცი

118
spot_img

ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების კატეგორიას მივაკუთვნებთ. ორივეს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიამ საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა და სურს, ქვეყანაში წესების დარღვევით დარჩენის ფაქტები შეამციროს.

“გვსურს, შევამციროთ აქ წესების დარღვევით დარჩენის სტიმული. თუ გერმანიის ფედერალური მიწები განაცხადებენ, რომ მათ სურთ თანხის სანაცვლოდ სოციალური დახმარების ნატურალური ფორმით გაწევა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. თუ მათ სურთ სადებეტო ბარათების შემოღება თავშესაფრის მაძიებლებისთვის (ნაღდი ფულის ნაცვლად, რომელსაც სახლში რიცხავენ ან კონტრაბანდისტებს უხდიან), ჩვენ ამასაც მხარს დავუჭერთ. მეტიც, სწორად მივიჩნევთ თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზოგადოებრივი მომსახურების სერვისების გახსნას”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს საკმარისი იქნება გერმანიაში ჩასული ადამიანების რაოდენობის საგრძნობლად შესამცირებლად, ოლაფ შოლცმა უპასუხა:

“როგორც ვთქვი, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ზომების პაკეტით და მე ჯერ კიდევ არ მიხსენებია ერთი მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ საბოლოოდ უნდა მოვახდინოთ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს. ისინი, ვინც სავარაუდოდ ვერ მიიღებენ გერმანიაში დარჩენის ნებართვას, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ დაცვის საჭიროება, უნდა დაბრუნდნენ. პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის განცხადებები და პირველადი გასაუბრება უნდა ჩატარდეს თავდაპირველ მიმღებ დაწესებულებაში. სასამართლო პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მიწაზე, დეპორტაციის საქმეებზე თავდაპირველი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ოთხი თვის შემდეგ, ხოლო ზოგში ამას 39 თვე სჭირდება. ეს მიუღებელია. ჩვენ უნდა განვახორციელოთ დეპორტაცია უფრო ხშირად და უფრო სწრაფად“.