Home Blog Page 1899

“რუსეთის წინააღმდეგ ომში 2024 წელი გადამწყვეტი იქნება”- ანდრეი ერმაკი

მომავალი წელი რუსეთის წინააღმდეგ ომში გადამწყვეტი იქნება, გარდამტეხი მომენტი ახლოვდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მან შეერთებულ შტატებსა და ევროპას მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ და უკრაინას დამატებითი იარაღის სისტემები, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემები, მიაწოდონ მანამ, სანამ რუსეთი ენერგოსისტემაზე თავდასხმებს დაიწყებს.

„ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება“, – აღნიშნა ერმაკმა ვაშინგტონში ვიზიტის დროს.

მისი თქმით, კიევის კონტრშეტევა გრძელდება, შეიარაღებულ ძალებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმი აქვთ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.

„ვლადიმერ კლიჩკო, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი კრივში: „წააგო თუ არა უკრაინამ ომი?“

 „როცა „ჰამასელი“ ტერორისტები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და 1400-მდე ებრაელი დახოცეს, მსოფლიოს საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღება უკრაინიდან  ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომზე გადაერთო“, – ნათქვამია ინტერვიუში, რომელიც გერმანულ ყოველდღიურ უდიდეს გაზეთ „ბილდში“ (Bild)  გამოქვეყნდა სათაურით „ვლადიმერ კლიჩკო, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი კრივში: „წააგო თუ არა უკრაინამ ომი?“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

47 წლის სპორტსმენს, კიევის მერის – ვიტალი კლიჩკოს (ასევე მოკრივის) ძმას ესაუბრება ჟურნალისტი პაულ რონცჰაიმერი. ექს-ჩემპიონი პასუხობს კითხვებს – გრძნობს თუ არა უკრაინა თავს მიტოვებულად და დავიწყებულად, ჩაიშალა თუ არა კონტრშეტევა და როგორია უკრაინის მოსახლეობის განწყობა.

„მსოფლიო უკრაინას არ მიატოვებს“

„ისევე როგორც ყველა მსოფლიოში, მეც შევძრწუნდი, როცა „ჰამასის“ მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტვის ამბავი გავიგე. დიახ, მსოფლიოს ყურადღება დღეს ახლო აღმოსავლეთისკენაა მიპყრობილი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ უკრაინას არ დაივიწყებენ. შესაძლოა მცირე ხნით, რაღაც პაუზა იქნება ისრაელში დატრიალებული საშინელების გამო, მაგრამ უკრაინა დასავლეთის ხედვის არედან არ გაქრება. მსოფლიო ისევ გააგრძელებს უკრაინისადმი მხარდაჭერას“, – ამბობს ვლადიმერ კლიჩკო.

არადა, სწორედ ახლა, როცა ზამთარი ახლოვდება და ტემპერატურა იკლებს, უკრაინა კვლავ ენერგეტიკული პრობლემის გამწავავების წინაშე დგება. რუსებმა ისევ დაიწყეს უკრაინისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგოობიექტების დაბომბვა. კონკრეტულად ეს ნიშნავს ელექტრო- და თბოსადგურების მწყობრიდან გამოყვანას, ელექტროგამანაწილებელი პუნქტების აფეთქებას და ყველაფერი იმის დაზიანებას, რაც საჭიროა მოსახლეობისათვის – რომ არ გაიყინონ და მათ სახლებში რომ შუქი ენთოს.

კითხვა ვლადიმერ კლიჩკოს:

– „როგორც ცნობილია, უკრაინის ჯარების სარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ბრიტანული „ეკონომისტისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ფრონტზე შექმნილი სიტუაცია საკმაოდ ობიექტურად შეაფასა და აღიარა, რომ „რუსეთთან ომი ჩიხში შევიდაო“. თქვენ რას იტყოდით ფრონტზე ამჟამად შექმნილი სიტუაციის ირგვლივ?

– დასამალი არ არის, რომ რუსეთის არმიას ჰქონდა დრო თავდცვის ხაზი გაემაგრებინა და მნიშვნელოვანი ზღუდეები აეგო, დაენაღმა ადგილები ისეთი დონით, რომ ჩვენ მათი სწრაფად გადალახვა არ შეგვიძლია. უბრალოდ, წინ ნელა მივდივართ. რუსეთი, მართალია, ფრონტზე უამრავ ჯარისკაცს გზავნის, მაგრამ ისინი ბევრი იხოცება. ეს ეხება რუსების ტექნიკას, არტილერიას, რაკეტებს… ჩვენი შეიარაღებული ძალები უამრავ რუსულ ტანკს, რაკეტას და დრონს ანადგურებს“, – ამბობს მსოფლიოს ექს-ჩემპიონი კრივში.

ვლადიმერ კლიჩკო უკრაინის ომსა და კრივს შორის პარალელს ავლებს:

„ომში ხშირად ხდება როგორც წინსვლა, ასევე უკუსვლაც. შეტევები, კრივის მსგავსად, რამდენიმე რაუნდად შეიძლება განხორციელდეს. ომი საშინელებაა, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. მთავარია, არავინ არ  დაიღალოს არც უკრაინაში და არც დასავლეთში – ის ადამიანები, ვინც მხარს უკრაინას უჭერს. ჩვენ ყველას სიმტკიცისა და ამტანობის მაგალითი უნდა ვაჩვენოთ. სწორედ ამით უდა დავამარცხოთ მსოფლიოში სიდიდით მეორე არმია“.

– არის თუ არა იმის საფრთხე, რომ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია „უკრაინის დაღლა-გამოფიტვის“ შესახებ იმუშავებს?

– მე დარწმუნებული ვარ, რომ ომი იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ თვითონ რუსეთის მოსახლეობა არ მიხვდება იმას, რომ უკრაინაზე თავდასხმა კრემლის მიერ დაშვებულ უდიდეს შეცდომას წარმოადგენს. როცა რუსები ამას გააცნობიერებენ, მაშინ რუსეთი უკვე სხვა პოლიტიკას გაატარებს – რუსებს სხვა პრეზიდენტი ეყოლებათ“.

ვლადიმერ კლიჩკომ მკაფიოდ აღნიშნა:

„სანამ ვლადიმერ პუტინი ჰააგის სასამართლოსწინაშე არ წარსდგება, მანამ, სამწუხაროდ ომი არ შეწყდება. არ ვიცი, ეს როდის მოხდება და როდის ექნება დასასრული ომს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენი წინააღმდეგობა მტრის მიმართ სამართლიანია, ჩვენ ვიცავთ საკუთარ სამშობლოს აგრესორი მეზობლისაგან, ჩვენ ვიბრძვით თავისუფალი ცხოვრებისათვის, მტრის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის“.

უკრაინის მოსახლეობის განწყობის თაობაზე მსოფლიოში სახელგანთქმული მოკრივე ამბობს: „რაც უფრო მეტად გვიტევს რუსეთი, რაც უფრო მეტად გვბომბავს და ანგრევს უკრაინას, რაც უფრო ცდილობს ჩვენთვის დემოკრატიისა და თავისუფლების წართმევას, მით უფრო მეტი იქნება ჩვენი წინააღმდეგობა მტრის მიმართ“.

წყარო

“ბარიერი არ დაიწევა – პარტია, რომელიც 90 ათასი და 100 ათასი ხმის მოგროვების შანსს ვერ ხედავს, პარტია არ არის”

ბარიერი არ დაიწევა – ერთი, ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც გვქონდა საუბარი – ეს ორი და მესამე – პარტია, რომელიც 90 ათასი და 100 ათასი ხმის მოგროვების შანსს ვერ ხედავს, პარტია არ არის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო მარათონი უნდა გაიმართოს პარტიებს შორის და არა ხელმოცარულ სატელიტებს შორის (განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“) რომელთაც არ აქვთ იმის იმედი, რომ მიიღებენ 90-დან 100 ათასამდე ხმასაც კი. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეს არის მაქსიმუმი, რაც 5%-იანი ბარიერის გადალახვას უნდა და დღის წესრიგში გამალებით დებენ ბარიერის თემას.

„კარგია, რომ მიდასტურებენ მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის წარმომადგენლები, რომ ირაკლი კობახიძემ ეს განაცხადა 2022 წლის დეკემბერთან დაკავშირებით. ეს [სტატუსის მიღება] 2022 წლის დეკემბერში, სამწუხაროდ, არ მოხდა, ჩვენ ერთი წლით გადაგვივადდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც. ეს ერთი და მეორე – ნახევარზე მეტ ევროპის ქვეყნებში არის და ამავდროულად წარმატებულ პრაქტიკად მიიჩნევა 5%-იანი ბარიერი. ეს ბარიერი ვინმეს ახირება კი არ არის ევროპის ქვეყნებში და ცივილიზებულ სამყაროში, ეს არის დამაბალანსებელი, დამზღვევი როგორც პრაქტიკულ, პოლიტიკურ, ასევე მეცნიერულ, იურიდიულ დონეზეც და დამზღვევი იმისა, რომ იყოს ბალანსი პლურალიზმს, წარმომადგენლობის ხარისხს და სტაბილურობას შორის და მიიჩნევა, რადგან ნახევარზე მეტ ქვეყნებში ამგვარი რეგულაცია და 5%-იანი ბარიერი მიიჩნევა, რომ 5%-იანი ბარიერი ყველაზე კარგად უზრუნველყოფს ამას და არ არის 7, 10 და 15 და არც არის 2, თუმცა, ორი და სამიც არის სამ-ოთხ ქვეყანაში. ამიტომ, არანაირი ვალდებულება აღარ გვაქვს და არანაირი დათქმა არ ითვალისწინებს ამას, შესაბამისად, გავყვეთ იმ პრაქტიკას, რომელიც სწორად არის მიჩნეული ევროპის, ევროკავშირის უფრო მეტ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარიერი არ დაიწევა – ერთი, ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი – ეს ორი და მესამე – პარტია, რომელიც 90 ათასი და 100 ათასი ხმის მოგროვების შანსს ვერ ხედავს, პარტია არ არის. აქ უნდა იყვნენ პარტიები. საარჩევნო მარათონი უნდა გაიმართოს პარტიებს შორის და არა ხელმოცარულ სატელიტებს შორის (განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“) რომელთაც არ აქვთ იმის იმედი, რომ მიიღებენ 90-დან 100 ათასამდე ხმასაც კი, ეს არის მაქსიმუმი, რაც 5%-იანი ბარიერის გადალახვას უნდა და გამალებით დღის წესრიგში დებენ ბარიერის თემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი რეალურად არ არიან პარტიები და ამის იმედი ელემენტარულად არ აქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ნაცმოძრაობამ“ აიყვანა ლობისტები, რათა საქართველო დასანქცირებულიყო, იმავეს აკეთებს მამუკა ხაზარაძე, ისინი ერთნი არიან”

„ნაცმოძრაობას“ და მამუკა ხაზარაძეს ერთი მიზანი აქვთ. „ნაცმოძრაობამ“ აიყვანა ლობისტები იმისთვის, რომ საქართველო დასანქცირებულიყო. იმავეს აკეთებს მამუკა ხაზარაძე. განსხვავებული არაფერია, ერთნი არიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც „ლელოს“ თავმჯდომარე ამბობს: „ნამდვილად არ მინდა, ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა საუბარია ჩვენი ქვეყნისა და ეროვნულ ინტერესზე, ყველა მეთოდი მისასალმებელია“.

მამუკა მდინარაძის თქმით, მათ სურთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პოზიტიურ სვლას შეუშალონ ხელი.

„ლობისტებს საქართველოს დასანქცირებას როცა უკვეთენ, როდესაც მამუკა ხაზარაძე ამერიკაში დადის და ამის შემდეგ ქვეცნობიერიდან წამოსულ განცხადებას აკეთებს, სანქციები დაუწესონ საქართველოს მოქალაქეებს, ეს ნიშნავს, რომ პოზიტიურ გზაზე ფეხი დაგიდონ და რამენაირად წაგაქციონ. ყველაზე კარგი ის არის, რომ არ ვიქცევით. მამუკა ხაზარაძეს გავახსენებ, რომ მისი ვერსია, რითიც საზოგადოების წინაშე დაპოზიციონირდა, როგორც პოლიტიკოსი, იყო ის, რომ ჩემს მეგობარ წერეთელს დავურეკე, 17 მილიონი ვთხოვე და მომცაო, წლების შემდეგ კი გავიგე, რომ ეს 17 მილიონი ჩემი ბანკიდან ჰქონია გამოტანილიო. ამ ვერსიას „აწვებოდა“. ამ კაცის ნამოქმედარზე კომენტარის გაკეთებაც კი უხერხული მგონია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის!”- კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ამ კვირაში გამოქვეყნდა უამრავი კვლევა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, თუ ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის, ორი ფაქტორის გამო.

პირველი და უმთავრესი – ეს არის შიში, რომ შესაძლოა, გამოკითხული ადამიანის აზრი გაიგოს სუს-მა და პირი დაისაჯოს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, სამსახურის დაკარგვით და ა.შ. ამიტომ ხალხი თავის აზრს ღიად არ გამოთქვამს – ან უარს აცხადებს პასუხზე, ან იტყუება, რომ ხმას „ოცნებას“ აძლევს. გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ არავინ იტყუება, რადგან ნაკლებია შანსი, რომ ოპოზიცია მათ პრობლემებს შეუქმნის.

მეორე – დიდ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები ოპტიმიზებას უკეთებენ როგორც კვლევის პროცესსა და შინაარს, ისე შედეგებს, დამკვეთის სასარგებლოდ. დღეს „ქოცბანდამ“, თავისივე ჩატარებული კვლევით გამოაცხადა, რომ 55%-იანი რეიტინგი აქვს, „ნაციონალებს“ 20%, ყველა დანარჩენი პარტია კი – ბარიერს მიღმა დატოვა.

ყველამ დავიმახსოვროთ: 2024 წლის არჩევნებში „ოცნება“ მიიღებს 40%-ზე გაცილებით ნაკლებს, მეორე ადგილზე გავა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაახლოებით 5-6 %-ით ნაკლებს აიღებს „ოცნებაზე“, გახარიას პარტია, „საქართველოსთვის“, დაახლოებით 15 %-ს მიიღებს, 5 %-იან ბარიერის გადალახავენ „ლელო“, „გირჩი-დროა“ და დიდი შანსები აქვთ „ლეიბორისტებსაც“. დღევანდელი გადასახედიდან,

5 %-იან ბარიერს სხვა პარტიები ვერ გადალახავენ და აგრეთვე, პარლამენტში ვერ მოხვდებიან „ქოცების“ სატელიტები. გაუნაწილებელი ხმების რაოდენობა კი არ იქნება 7-8 %-ზე მეტი.

ეს არის რეალური სურათი, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობებში დადგება. მაგრამ, როგორც ჩანს, „ოცნება“ აპირებს, არჩევნებზე 55 % დაიწეროს და ამით საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს – აღარც „ოცნება“ იარსებებს და აღარც მისი ე.წ. ლიდერშიპი. ასე რომ, ყველაფერი კარგად მიდის!“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

“უკვე პრობლემაა, რომ გიწევს ახსნა-განმარტება, პრეზიდენტმა ვინ იგულისხმა და ვინ – არა” – იაგო ხვიჩია

ძალიან ლოგიკურად მომეჩვენა, რომ, საბოლოოდ, პრეზიდენტმა უკან წაიღო განცხადება, – ამის შესახებ „გირჩის“ წვერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, სადაც აღნიშნულია: „ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე“.

ხვიჩიას თქმით, სხვანაირადაც შეიძლებოდა აღნიშნული განცხადების ახსნა და მობოდიშება.

„ჩემი აზრით, უკვე პრობლემა არის ის, რომ გიწევს ახსნა-განმარტების გაკეთება, ქვეყნის პრეზიდენტმა ვინ იგულისხმა და ვინ – არა, მით უმეტეს, როდესაც ეს არ ეხება მთლად უბრალო საკითხებს და ეხება ქვეყნის ინტერესებსაც, გინდა, არ გინდა. შესაბამისად, ძალიან ლოგიკურად მომეჩვენა, რომ, საბოლოოდ, პრეზიდენტმა უკან წაიღო ეს განცხადება. არ მიგულისხმიაო, მოეჩვენა ხალხს? ასე ხომ არ არის, მაგრამ სულ არაფერს მობოდიშება სჯობს, თორემ სხვანაირადაც შეიძლებოდა ამის ახსნაც და მობოდიშებაც“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, „პრეზიდენტს ჩინეთის მეთაურზე აუგი სიტყვა რომ დასცდა, ეს „ქართული ოცნებისთვისაც“ წარმოადგენდა უხერხულობას“.

„პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ თანამშრომლობა წარმომიდგენია ისე, როგორც ისინი შეთანხმდებიან. ქალბატონი პრეზიდენტი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესების საწინააღმდეგოს არაფერს აკეთებს. ჩინეთის მეთაურზე რომ აუგი სიტყვა დასცდა, ეს „ქართული ოცნებისთვისაც“ წარმოადგენდა უხერხულობას, „ქართულმა ოცნებამ“ თავი დაიზღვია, რომ საერთაშორისო სკანდალში არ გახვეულიყო. შიდა ნარატივი აქვთ, რომ ჩვენ პრეზიდენტს იმპიჩმენტს ვუწყობთ, მაგრამ არავინ დაიჯერებს, თითქოს ამით ომი აქვთ გაჩაღებული“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

შშმ პირთა ერთ-ერთი აიპი-ს ხელმძღვანელები ქონების გაფლანგვის ფაქტზე ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთი აიპი-ს ხელმძღვანელები, 2021-2022 წლებში, საწარმოს წესდების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რომლითაც მათ ევალებოდათ კეთილსინდისიერად გაძღოლოდნენ ორგანიზაციის საქმიანობას და ქონება გამოეყენებინათ მხოლოდ საწესდებო მიზნებისათვის, მიიღეს გადაწყვეტილებები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს 452 187 ლარის ღირებულების, დიდი ოდენობით მოძრავი ქონება.

ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საზოგადოების ხელმძღვანელობის პერიოდში, მიიღეს ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებები, რომლის შედეგად, აიპი-ს უძრავი ქონება გადაეცა სხვა იურიდიულ პირებს, რამაც ჯამში გამოიწვია 3 005 189 ლარის ოდენობის ზიანი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ქვეყანაში არსებობენ პენსიონერები, რომლებიც სახელმწიფოსგან დავიწყებულები არიან” – ქეთევან თურაზაშვილი

პენსიონერებს „ლიბერთი ბანკის” სესხის გარდა, სხვა ბევრი პრობლემა აქვთ! მე მიკავშირდება უამრავი პენსიონერი და მათგან ვისმენ წარმოუდგენელ ისტორიებს. ჩვენ ქვეყანაში არსებობენ პენსიონერები, რომლებიც სახელმწიფოსგან დავიწყებული არიან და ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის ,,მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქეთევან თურაზაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იგი მიმართავს ხელისუფლებას, დროულად იმოქმედონ და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რომ ამ ადამიანებს ე.წ. ოვერდრაფტები გაუნულდეთ.

„პარასკევს ვიყავი თელავში, ასამდე განცხადებით მივმართეთ „ლიბერთი ბანკს“ პენსიონერების დასახმარებლად და მათი „ოვერდრაფტების“ გამო. სანამ „ოვერდრაფტების“ პრობლემას შევეხები, მინდა მოგიყვეთ სხვა პენსიონერების მდგომარეობაზე, რომლებსაც „ლიბერთი ბანკის“ ვალი არ აქვთ, მაგრამ აქვთ სხვა პრობლემები. პენსიონერებს დღეს აქვთ შემწეობის ტოლფასი პენსია და ეს ოცი ლარის მატება არაფერს არ შველის, რადგან ყველაფერი ათმაგად გაძვირებულია. თელავში შეხვედრაზე გავიცანი ქალბატონი, რომელიც მზესუმზირას ყიდდა, რადგან პენსია მას არ ჰყოფნის საარსებოდ. მას ცოტა ხნის წინ გაუკეთეს თვალის ოპერაცია. ოპერაციაზე შესვლამდე ორივე თვალით ხედავდა, ოპერაციის შემდეგ კი მხოლოდ ერთი თვალით. როგორც თავად ამბობს, ექიმის დანაშაული იყო, მაგრამ ამას ვერ ამტკიცებს, რადგან მას არანაირი რესურსი არ აქვს, რომ თავი დაიცვას, მას არ ჰყავს პატრონი და სახელმწიფოს კი ის არ ადარდებს. ასეთი ადამიანი უამრავია ამ ქვეყანაში. კიდევ ერთი მსხვერპლის შესახებ მინდა მოგიყვეთ, რომელიც თელავში გავიცანი. შეხვედრის შემდეგ მე მას სახლში ვესტუმრე. ეს ქალბატონი წავიდა ქვეყნიდან, რომ ოჯახს დახმარებოდა, მაგრამ უბედური შემთხვევის დროს ჩამოწყდა ლიფტი, მას ორივე ფეხი დაემსხვრა და ახლა ეტლზეა მიჯაჭვული. მან ბანკს მიმართა იმიტომ, რომ შვილიშვილისთვის სწავლის საფასური გადაეხადა. ეტლზე მიჯაჭვულ ქალბატონს გაუფორმა ბანკმა „ოვერდრაფტი“ და ის ექვსი წელია რაც ვალს იხდის. ეს არის საბანკო პროდუქტი, რომლის სახელსაც პენსიონერები სწორადაც კი ვერ წარმოთქვამენ, რაც ძალიან კარგად ცხადყოფს, რომ მათთვის არავის აუხსნია, თუ რა სახის სესხს აძლევდნენ. არაერთხელ მოგვისმენია „ქართული ოცნებისგან“ ბოდიში, მაგრამ მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ გვიანია ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც წამალი ვერ იყიდეს როცა ცუდად იყვნენ; რომლებმაც სახელმწიფოსგან მზრუნველობა ვერ მიიღეს“ როცა მათ ეს სჭირდებოდათ. მივმართავ ,,ქართულ ოცნებას“, სანამ გვიანი არ არის, სანამ შეგიძლიათ მათი მდგომარეობის გამოსწორება, იმოქმედეთ, გადადგით კონკრეტული ნაბიჯები, რომ ამ ადამიანებს „ოვერდრაფტები“ გაუნულდეთ და ყოფა შეუმსუბუქდეთ!“ – განაცხადა დეპუტატმა.

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციის გეგმები საბოლოოდ დაამსხვრია – სოზარ სუბარი

ევროკომისიის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების ბრძოლის შედეგია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა პარლამენტში განაცხადა.

სუბარის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითმა რეკომენდაციამ საბოლოოდ დაამსხვრია ქართული ოპოზიციის გეგმები ქვეყანაში არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაც იქნება დადებითი და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების ორწლიანი ბრძოლის შედეგია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წვლილი მიუძღვის იმ ათწლიან რეფორმებს, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან, და იმ დემოკრატიული გარდაქმნის შედეგია, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა. რამდენად უსაფუძვლოა იაფფასიანი სპეკულაცია, თითქოს ეს არის რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ დამსახურება ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, მარტივად ჩანს შედეგიდან – ამ გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაამსხვრია ოპოზიციის გეგმები, რომ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლას შეძლებდნენ, და იმედი, რომ შეიძლება, რაიმე შედეგს მიაღწიონ რაიმე ტიპის არჩევნებში.

ახლა აქვთ ახალი ნარატივი, რომელსაც ყველა ოპოზიციონერი ერთხმად იმეორებს – რამენაირად მოხდეს საარჩევნო ბარიერის ხუთიდან ორ პროცენტამდე დაწევა. თვითონ ეს ფაქტი, რომ ორპროცენტიან ბარიერს ითხოვენ და სხვა შანსს ვერ ხედავენ, კარგად აჩვენებს, როგორი უსუსურია მათი მტკიცება, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს მხარდაჭერა და რომ ძალიან მალე ისინი შეძლებენ ხელისუფლების ცვლილებას. ამ დროს მთელი გათვლა აქვთ იმაზე, რომ ზუსტად იციან, მაქსიმუმ, რისი მიღწევაც შეუძლიათ, ეს არის 40 000 ამომრჩევლის ხმა. ეს არის მათი მაქსიმალური ელექტორატი. ამიტომ ცდილობენ, ორ პროცენტამდე დაიწიოს ბარიერი. სწორედ აქედან ჩანს, ვის ინტერესში შედიოდა კანდიდატის სტატუსის მოპოვება და ვინ აკეთებდა ყველაფერს, რომ სტატუსი არ მიგვეღო, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათი აზრით, შესაძლებელი იქნებოდა ქვეყანაში არეულობის მოწყობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, საარჩევნო ბარიერის დაწევა არ მოხდება და ქართული პოლიტიკა საბოლოოდ უნდა გაიწმინდოს უცხო ქვეყნების აგენტებისგან.

„როგორც კი ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა, შეცვალეს ტონი და განაცხადეს, რომ სტატუსი მხოლოდ სიმბოლური აქტია, მას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოაქვს. თითქოს ეს არ ნიშნავს ევროპასთან მეტ დაახლოებას, მეტ ფულს, არც პროდასავლური პოლიტიკის ინდიკატორია, მანამდე კი ამბობდნენ, რომ ვკარგავდით მილიარდებს და ქვეყნის პოლიტიკური ვექტორიც იცვლებოდა. მინდა, კატეგორიულად განვუცხადო ოპოზიციას, რომ ბარიერის დაწევა არ მოხდება და პოლიტიკა საბოლოოდ უნდა გაიწმინდოს იმ აგენტურისგან, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე დააზიანოს ჩვენი სამშობლო და ამით ასიამოვნოს თავის პატრონებს. აქვე გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი მიგვიძღვის სწორედ ჩვენ, „ხალხის ძალას“. ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც უკრაინას და მოლდოვას სტატუსი მიანიჭეს, ხოლო ჩვენ უპრეცედენტოდ მოკლე ვადა, ექვსი თვე მოგვცეს გარკვეული პირობების შესასრულებლად, მაშინ ვთქვით, რომ ეს იყო ერთგვარი ხაფანგი, რომელიც მოგონილი იყო, რათა ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარება არ განელებულიყო. ვგულისხმობ იმას, რომ სწორედ ექვსთვიანი ვადა იყო ხაფანგი და არა ის პირობები, რომლებიც წამოგვიყენეს. ვციტირებ, რასაც მაშინ ვაცხადებდით: „საზოგადოება საჭირო სიმართლით თუ არ აღიჭურვება, ის თავად გახდება არეულობისა და ომის სცენარის ნაწილი, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას სამუდამოდ შეუძლებელს გახდის. ჩვენ უნდა შევაიარაღოთ საზოგადოება სიმართლით, რათა ის თავად გახდეს საქართველოს ევროპული მომავლის გარანტი“. დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ სწორედ იმ სიმართლემ, რასაც საზოგადოებას ყოველ ჩვენს გამოსვლაში ვეუბნებოდით, შეუძლებელი გახადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და, საბოლოოდ, მიგვაღებინა კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“სალომე ზურაბიშვილის გარეშე მისი ძმა სააკაშვილის შეწყალების თემას ვერ შემოაცურებდა”

სალომე ზურაბიშვილის გარეშე მისი ძმა ამ განცხადებას, ალბათ, არ გააკეთებდა, შესაბამისად, მათ შემოაცურეს შეწყალების თემა – ფაქტია, ზურაბიშვილი ამასთან დაკავშირებით ცოტას ნერვიულობს,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის ძმის ოთარ ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მდინარაძის განცხადებით, ზურაბიშვილს გაუჭირდება სააკაშვილის შეწყალება, რადგან არ ჰგონია, ადვილი იყოს ზურაბიშვილისთვის, „პასუხისმგებლობა აიღოს იმ უსასტიკეს რეჟიმზე, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2003 – 2012 წლებში შექმნა“.

„რთულია იმის მტკიცება, რომ აუცილებლად შეთანხმებული იყო, მაგრამ უფრო მეტი შანსია, რომ ეს ასე იყო და ალბათ, სალომე ზურაბიშვილის გარეშე მისი ძმა ამ განცხადებას არ გააკეთებდა, ეს ვარაუდია, რადგან მტკიცებით ფორმაში ამას ასე ვერ იტყვი. შესაბამისად, მათ შემოაგდეს თემა, შემოაპარეს, შემოაცურეს ეს თემა, მაგრამ არ მგონია, ადვილი იყოს თუნდაც სალომე ზურაბიშვილისგან, თუნდაც, იმ პირობებში რასაც დღეს აკეთებს და რა პოზიციაზეც არის, პასუხისმგებლობა აიღოს იმ მკვლელობებზე, წამებაზე, იმ უსასტიკეს რეჟიმზე, რაც მიხეილ სააკაშვილმა 2003 – 2012 წლებში შექმნა, ამიტომ მე მგონია, მაინც გაუჭირდება შეწყალება, თუმცა, ფაქტია, ის ამასთან დაკავშირებით ცოტას ნერვიულობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, კითხვაზე უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია და სალომე ზურაბიშვილი გამოსავალს ეძებდა.

“თქვენი წყალობით, პირველი დანაშაულებრივი შედეგი მივიღეთ” – რომან გოცირიძე მმართველ გუნდს

დღეს, თქვენი წყალობით, პირველი დანაშაულებრივი შედეგი მივიღეთ. დღეს, ნათია თურნავამ გასცა ლიცენზია ე.წ. ციფრული ბანკის გახსნაზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველი ბიზნესმენია, ხოლო წილის 50% ეკუთვნის კრიპტო ბირჟას. ვის გაუგია, კრიპტო ბირჟა აფუძნებდეს ბანკს, მაგრამ თავი დავანებოთ კრიპტო ბირჟას, რომელიც ფულის გათეთრებაშია შემჩნეული. ეს კრიპტო ბირჟა არის, უკრაინული ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია Whitebit, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დადგება დრო, როდესაც ვიღაცები ციხეში წავლენ, როდესაც ფულის გათეთრების ფაქტებზე გამოძიება დაიწყება.

„ის რეკომენდაციები, ახალი ვალდებულებები, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველოს მთავრობამ უკვე მოლაპარაკების დაწყების პროცესში, გაიზარდა და კიდევ უფრო მძიმე გახდა თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების გამო. თქვენ დაანგრიეთ საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს ეროვნულ ბანკს დღეს არ ჰყავს მმართველობა. 9 ვალდებულებიდან ერთ-ერთი რეკომენდაციაა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. დღეს, ერთადერთი ადამიანი მმართავს ეროვნულ ბანკს. ბანკს პრეზიდენტი არ ჰყავს, არც ვიცე-პრეზიდენტი, ყველა კომიტეტი და საზედამხედველო ფუნქციები, რომელიც გადანაწილებული უნდა ყოფილიყო ეროვნული ბანკის სხვადასხვა თანამდებობის პირს შორის, ფაქტობრივად ერთი ადამიანის ხელშია.

დღეს, თქვენი წყალობით, პირველი დანაშაულებრივი შედეგი მივიღეთ. დღეს, ნათია თურნავამ გასცა ლიცენზია ე.წ. ციფრული ბანკის გახსნაზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველი ბიზნესმენია, ხოლო წილის 50% ეკუთვნის კრიპოტო ბირჟას. ვის გაუგია, კრიპტო ბირჟა აფუძნებდეს ბანკს, მაგრამ თავი დავანებოთ კრიპტო ბირჟას, რომელიც ფულის გათეთრებაშია შემჩნეული. ეს კრიპტო ბირჟა არის, უკრაინული ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია Whitebit ახლა „გუგლში“ და ნახეთ ვინ არის Whitebit. უამრავი სიუჟეტი იყო უკრაინაში, ასევე ქართულ მედიაში. ერთ წუთში, რაც მოვასწარი ბირჟის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ქრონოლოგიურად გეტყვით, თუ რა წერია: „უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დაავალა უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს, დაიწყოს გამოძიება ამ ბირჟისა, ვინაიდან ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებასა და რუსული ბიზნესის დაფინანსებაში. 18 თებერვალი, ეს არის ამ წელიწადს“.

უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო მოკვლევა მარტის თვეში, შემდეგ დამატებითი მოკვლევა გააგრძელა აპრილში და მიმდინარეობს დღემდე. რატომ არ დაელოდა ეროვნული ბანკი გამოძიების შედეგებს? ამ ბირჟის დამფუძნებელი ყოფილა იანუკოვიჩის პარტიის წევრი და მისი შვილი, რომლებიც რუსეთში გაიქცნენ და 2022 წელს რუსეთი მოქალაქეობა მიიღეს. 2023 წელს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ჩამოერთვათ უკრაინის მოქალაქეობა. ერთი წელია ეროვნულ ბანკში დარბიან ეს ადამიანები, რომ მიიღონ ლიცენზია. რატომ არ მისცა ლიცენზია კობა გვენეტაძემ ? რატომ არ გასცა არჩილ მესტვირიშვილმა? რატომ არ გასცა პაპუნა ლეჟავამ, რომელიც უშუალოდ საბანკო ზედამხედველობის ხელმძღვანელი იყო და გადადგა, ასევე სამივე ვიცე-პრეზიდენტი გადადგა იმ დანაშაულებრივი ქმედების გამო, რაც თურნავამ და თქვენ ჩაიდინეთ კანონის სახით. რატომ არ აძლევდნენ ლიცენზიას? დიდი რისკი იყო, რომ საქართველოში შემოსულიყო ფულის გათეთრების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ნახავთ, დადგება დრო, როდესაც ვიღაცები ციხეში წავლენ, როდესაც ფულის გათეთრების ფაქტებზე დაიწყება გამოძიება“,- აღნიშნა გოცირიძემ.

აშკელონში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

ღაზის სექტორიდან გაშვებულმა რაკეტებმა ისრაელის ქალაქ აშკელონში შენობები და ავტომობილები დააზიანა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რაკეტის აფეთქების შედეგად ორი დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ორ ადამიანს კი, განცდილი სტრესის გამო, სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.