Home Blog Page 1897

კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების კიდევ ორი ფაქტი დაფიქსირდა

კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების კიდევ ორი ფაქტი დაფიქსირდა. ერთ შემთხვევაში, საქმე ეხება 14 წლის გოგონას, რომელზეც ადგილობრივების თქმით, სექსუალურად, სავარაუდოდ, მამამ იძალადა, ფაქტის შესახებ კი სამართალდამცავებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა. დირექტორი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ საეჭვო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ყველა შესაბამის უწყებას აცნობა.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 12 წლის მოზარდის გაუპატიურებაში მამინაცვალია ბრალდებული.

ორივე ფაქტზე სავარაუდო დამნაშავეები დაკავებული არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო.

“ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის” – დავით არახამია

ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ოთხ ქართველ მოსამართლეს აშშ-მა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქცია დაუწესა, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, – ამის შესახებ დავით არახამიამ ტელეგრამარხზე დაწერა.

„ბოლო გაფრთხილება შეერთებული შტატებიდან ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ოთხ ქართველ მოსამართლეს, პირველად, აშშ-მა კორუფციაში მონაწილეობისთვის სანქცია დაუწესა. ჩემი აზრით, ეს არის ბოლო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც ყველა წითელ ხაზს კვეთს და უკანონოდ აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ეს კარგად არ დასრულდება. პირველ ჯერზე არ შეისმინეს. იმედია, ახლა შეისმენენ. შეგახსენებთ, რომ ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ივანიშვილის უშუალო ბიზნესგარემოს შესახებ, რომელიც თავისი სტრუქტურების საშუალებით რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც შეიძლება, ველოდოთ სიახლეებს“, – წერს დავით არახამია.

„კოლექტიური დასავლეთი“ თბილისს რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს”

ჟენევაში გამართულ საერთაშორისო მოლაპარაკებების 57-ე რაუნდზე რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჟენევის დისკუსიების პოლიტიზების თავიდან აცილება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ინფორმაციით, 4-5 აპრილს გამართულ მოლაპარაკებებზე, რომელზეც რუსულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ გალუზინი წარმოადგენდა, ხაზი გაესვა „კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობებს, კონფრონტაცია უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ.

„აქცენტი გაკეთდა „კოლექტიური დასავლეთის“ უწყვეტ მცდელობებზე, კონფრონტაციის ლოგიკა უკრაინიდან სამხრეთ კავკასიაში გადაიტანონ, რაც გამოიხატება თბილისის მიმართ პროვოკაციულ მოწოდებებში, გახსნან „მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ასეთი საშიში განცხადებები საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და მათ მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციების მხრიდან“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსული და მისი აფხაზი და სამხრეთ ოსი მოკავშირეების შეფასებით“, რეალური წვლილი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევაში შეიძლება იყოს საქართველოს მიერ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასევე ე.წ. „ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთ ოსეთის საზღვრების“ დელიმიტაციისა და დემარკაციის დაწყება.

„ამ ამოცანების პრაქტიკული განხორციელება ჟენევის მოლაპარაკებებზე მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის მთავარ პრიორიტეტად რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“მოსამართლეების დასანქცირებით აშშ-მ კრიტიკულად გაამწვავა შიდა პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში”

ვერიდები მკვეთრ შეფასებებს, მაგრამ მოსამართლეების დასანქცირებით აშშ-მ კრიტიკულად გაამწვავა შიდა პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, ააგორა ესკალაციის ახალი ტალღა და მოახდინა შემდგომი რადიკალიზაციის ინსპირაცია, პრაქტიკულად – სანქცია გასცა საქართველოში ამბოხების ორგანიზებისა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ზარდიაშვილი წერს.

მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, აშშ-ს საელჩო რეალურად საქართველოს რევკომად გადაიქცევა.

“ეს ნაყარ-ნუყარი, რომელიც თავს ქართულ ოპოზიციურ სპექტრს უწოდებს – საუკეთესო შემთხვევაში აშშ-ს ხელის მლოკველი კლიენტელაა, უარესიც – მის კმაყოფაზე მყოფი მეხუთე კოლონაა, ხოლო თუ სინამდვილეს თვალს გაუსწორებთ, ამ “მსოფლიო რევკომის” ახალი “შულავერის კომიტეტის” ფორმირება მიმდინარეობს. ცხადია, “კომისრებიც” საკმარისი ჰყავთ და ასევე მამის ტრაკში დამჭრელ კოქტეილისტ-რევოლუციონერებსაც პოულობენ და იპოვიან კიდეც. მიუხედავად ამისა – ვერ გაგვტეხენ!” – წერს დავით ზარდიაშვილი.

ცნობისთვის, აშშ 4 ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი აღნიშნავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

“მათ სურთ იხილონ- საქართველოში მორჩილი ხელისუფლება, ჯუჯა ქვეყანა”… – ბიძინა გიორგობიანი

 

“EU არ უნდა გაბედოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ასეთი ქვეყნისათვის. შედეგად მათ სურთ იხილონ: საქართველოში მორჩილი ხელისუფლება, ჯუჯა ქვეყანა-პროვოკატორი, ერთადერთი ფუნქციით- გამოიწვიოს რუსული აგრესია კავკასიაში”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, ბიძინა გიორგობიანი აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას.

„აშშ გზავნილი ასეთია- პრესის თავისუფლება ვიწროვდება, სასამართლო სისტემა კორუმპირებული მოსამართლეების ხელშია (საკუთარ ცოდვებს კი არ ახსენებენ მოსამართლეებს, ანონიმური სანდო წყაროს ინფორმაციითო), შესაბამისად EU არ უნდა გაბედოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ასეთი ქვეყნისათვის. შედეგად მათ სურთ იხილონ: საქართველოში მორჩილი ხელისუფლება, ჯუჯა ქვეყანა-პროვოკატორი, ერთადერთი ფუნქციით- გამოიწვიოს რუსული აგრესია კავკასიაში.

პრივოცირებული რუსეთის ხელით, დესტაბილიზაცია საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში, შესაბამისად აზია- ევროკავშირის დამაკავშირებელი ბოლო მშვიდობიანი არეალის აფეთქება. ამავე მიზანს ემსახურებოდა არნახულ ტრაგედია გადატანილი თურქეთის საარჩევნო პროცესში, აშშ ელჩის ჩარევა და აზერბაიჯან -სომხეთის კონფლქტის გააქტიურება, მასში ირანის ფაქტორის შეტანა.

კრიზისიდან მდგომარეობიდან გამოსავალი მაინც არსებობს. მეზობლებთან რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერებით შესაძლოა დესტაბილიზაციის საფრთხის აცილება. ასევე მოუწევთ გამოსავლის მოძებნა მათ, ვინც ყველაზე ოდიოზური მოსამართლეები “სამიდღემჩიოდ” გაამწესა და პოლიტიკური მახე დაუგო საკუთარ თავს და ქვეყანას.

პ.ს. “კომისიის გასაძლიერებლად” მოსამართლეების თემას აუცილებლად გამოეხმაურება სალომე ზურაბიშვილიც და თავის ჩიქორთული ქართულით მოყვება, როგორ ცუდ დღეშია აქ სასამართლო“- წერს სოციალურ ქსელში ბიძინა გიორგობიანი

“გვითხრან კონკრეტული ფაქტები, რის გამო დაასანქცირეს მოსამართლეები – ლევან ნიკოლეიშვილი

ქართველი ხალხი ისეთ იოტისოდენა პატივისცემას მაინც იმსახურებს მეგობარი ამერიკისგან, რომ გვითხრან კონკრეტული ფაქტები, რა დანაშაულის გამო დაასანქცირეს მოსამართლეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩათვლის, რომ აშშ-ს მხრიდან ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ. – ასე აფასებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, შტატების გადაწყვეტილება მეგობარი საქართველოს მიმართ, უკიდურესად არასამართლიანია და ხელს უწყობს საზოგადოებაში ანტი-ამერიკული განწყობების გაღვივებას. ნიკოლეიშვილი, აშშ-ის ამ ნაბიჯს, საქართველოს ხელისუფლების შეცვლის დიდი სურვილით ხსნის.

„ქართველი ხალხი ისეთ იოტისოდენა პატივისცემას მაინც იმსახურებს მეგობარი ამერიკისგან, რომ გვითხრან კონკრეტული ფაქტები, რა დანაშაულის გამო დაასანქცირეს მოსამართლეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩათვლის, რომ აშშ ს მხრიდან ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ. მართლა გგონიათ, რომ ვინმეს დააჯერებთ აქ თქვენს ორხაზიან ბოდვას კორუფციაზე? ნუთუ ასეთი ჩამორჩენილი გგონიათ ქართველი ხალხი, რომ ვერ ხვდებოდეს რა მიზნები გაქვთ? ძალიან ცუდი. ერთადერთი, რასაც მოიმკით ამ თქვენი უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილებით, არის ის, რომ კიდევ უფრო გააღვივებთ ქვეყანაში ანტიამერიკულ განწყობებს, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ხელისუფლების არასამართლიანი ცვლილების დაუოკებელმა სურვილმა არ უნდა დაგაბრმაოთ.” – წერს ნიკოლეშვილი Facebook-ზე.

“უკრაინა ყირიმის საკითხზე მოლაპარაკებისთვის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ იქნება მზად” – ომის 407-ე დღე

რუსეთ-უკრაინის ომის 407-ე დღეს, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას დასახლებებისთვის სასტიკი ბრძოლა გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა მზად იქნება დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებულ კონტრშეტევას განახორციელებენ და ნახევარკუნძულის ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევენ.

„თუ მოვახერხებთ ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევას ბრძოლის ველზე და როდესაც ვიქნებით ყირიმთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, მზად ვიქნებით გადავშალოთ დიპლომატიური გვერდი ამ საკითხის განსახილველად. ეს არ ნიშნავს, რომ გამოვრიცხავთ ყირიმის ჩვენი არმიის მიერ გათავისუფლების გზას“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ Financial Times-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი თანაშემწეები ახლა განიხილავენ მხოლოდ ასეთ ვარიანტს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი, პოლონეთს მოუწოდა, გამოიჩინოს ლიდერობა საჰაერო კოალიციაში და უკრაინას თანამედროვე F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიღებაში დაეხმაროს.

„როდესაც ბრძოლა მოითხოვს არტილერიას, მისი მიწოდება უნდა მოხდეს. როდესაც გამარჯვება ითხოვს ტანკებს, ფრონტის ხაზზე მათი გრუხუნის ხმა უნდა ისმოდეს. როცა დამოუკიდებლობა ჰაერს მოითხოვს, ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, როგორი რეაგირება ექნება რუსეთი ჩვენს თვითმფრინავებზე, არ უნდა იფიქრო, რომელი ნომერი გამოიყურება უფრო უსაფრთხო ასო F-ის გვერდით, 16 თუ სხვა. ღირს მოქმედება! იმოქმედეთ ისე, როგორც თქვენმა ხელმძღვანელობამ სატანკო კოალიციაში გამოიჩინა თავი. მჯერა, ის საავიაციო კოალიციაშიც გამოიჩენს თავს“, – განაცხადა ზელენსკიმ პოლონეთში ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, პოლონეთმა უკრაინას „მიგ-29“ ტიპი რამდენიმე გამანადგურებელი უკვე გადასცა.

შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წელს განახორციელა.

“ოთხი მოსამართლის სანქცირება მხოლოდ პირველი მერცხალია”- დავით ზურაბიშვილი

„ოთხი მოსამართლის სანქცირება მხოლოდ პირველი მერცხალია. თუ ხელისუფლება ვერ მოეგება გონს, ბოლომდე ჩაებღაუჭება სასამართლო კლანს და გააგრძელებს ამერიკასთან შანტაჟის ენით ლაპარაკს, ამ პირველ მერცხლებს აუცილებლად მოჰყვება პოლიტიკური გაზაფხულიც თავისი წვიმით, ქარით და ელჭექით“- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, დავით ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას.

 

„საქართველოს ხელისუფლებამ ხანმოკლე შოკის შემდეგ სახელდახელოდ შეთხზა მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე მესიჯბოქსი, რომელსაც იმეორებს ყველა სახელისუფლო ტროლი ოფიციალური პირების ჩათვლით (ოფიციალური პირებიც რომ ბიძინას ტროლებად არიან გადაქცეულები, კიდევ ცალკე თემაა): ეს მოსამართლეები ხომ მიშას დროსაც იყვნენ და ამერიკა თუ შარზე არ არის, რატომ მაშინ არ ადებდა მათ სანქციებსო.

საქმეც ისაა, რომ მიშას დროს კონკრეტული მოსამართლეების სანქცირებას აზრი არ ჰქონდა, რადგან სასამართლო მთლიანად იყო პროკურატურას დაქვემდებარებული და ნებისმიერი მოსამართლე პრაქტიკულად პროკურატურის ნოტარიუსის როლს ასრულებდა. ამ მახინჯი სისტემის შეცვლის პირობა დადო სააკაშვილმა 2009 წელს აშშ მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თბილისში ვიზიტის დროს და როდესაც  არ შეასრულა ეს პირობა, საპასუხოდაც ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ითქვა, რომ საქართველოში უნდა მოხდეს ხელისუფლების გადაბარება (რაც, სხვათა შორის, ამ ხელისუფლების მიმართ ჯერ არ თქმულა). თუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ 2012 წელს სააკაშვილი ამერიკის სერიოზული ზეწოლის გარეშე აღიარებდა დამარცხებას არჩევნებში, მე მისი გულუბრყვილობისა მშურს მეთქი ვერ ვიტყვი, რადგან ეს გულუბრყვილობაც აღარაა.

ახლა არის ცოტა განსხვავებული სიტუაცია. კერძოდ, სასამართლო ემორჩილება არა პროკურატურას, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ სისტემას მართავს ე. წ. კლანის, ანუ კონკრეტულ მოსამართლეთა დაჯგუფების მეშვეობით. ოთხივე სანქცირებული მოსამართლე კი შეადგენს, თუ შეიძლება ასე ითქვას,  კლანის  ტოპ-მენეჯმენტს. ამ ტოპ-მენეჯერებს აქვთ პირდაპირი კავშირი ბიძინა ივანიშვილთან და ასრულებენ მხოლოდ მისგან წამოსულ დაკვეთებს. თუ ბიძინასგან არ მოდის რამე დაკვეთა ( ცხადია ივანიშვილი ყველა საქმეში არ ერევა, არამედ მხოლოდ იმაში, რომელიც პირადად მის პოლიტიკურ და ძალაუფლებრივ ინტერესებშია), კლანის ლიდერები არიან  მოქმედებაში თავისუფლები და სასამართლო სისტემას მართავენ, როგორც მოეხასიათებათ.

ამერიკის შეერთებული შტატები როგორც სააკაშვილისგან ითხოვდა მახინჯი სასამართლო სისტემის რეფორმირებას, ზუსტად ისევე ითხოვს ივანიშვილისგანაც, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობა თავისთავად გამორიცხავს ერთპიროვნულ ავტორიტარიზმს და ჩრდილოვან მმართველობას). ოღონდ ბიძინას ხელისუფლება სააკაშვილისგან განსხვავებით იქით ცდილობს ამერიკის დაშანტაჟებას სტრატეგიული კურსის ცვლილების მუქარით (სააკაშვილის ხელისუფლებას მსგავსი სიგიჟე თავში არასდროს მოუვიდოდა, თუნდაც წმინდა პრაგმატული მოსაზრებით), რაც უკრაინაში ომის ფონზე საერთოდ ორმაგი სიგიჟე და ამორალობაა და რაც, რასაკვირველია, ამერიკის მხრიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ დარჩებოდა რეაგირების გარეშე. ბოლო-ბოლო მსოფლიოს უძლიერეს და უმდიდრეს სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, რომელიც დღეს პრაქტიკულად მესამე მსოფლიო ომშია ჩაბმული რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ და საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც როგორც არასდროს ისეა გაზრდილი.

ასე, რომ ოთხი მოსამართლის სანქცირება მხოლოდ პირველი მერცხალია. თუ ხელისუფლება ვერ მოეგება გონს, ბოლომდე ჩაებღაუჭება სასამართლო კლანს და გააგრძელებს ამერიკასთან შანტაჟის ენით ლაპარაკს, ამ პირველ მერცხლებს აუცილებლად მოჰყვება პოლიტიკური გაზაფხულიც თავისი წვიმით, ქარით და ელჭექით.

სხვა რა გითხრათ? თუ კიდევ დარჩით ვინმე ქართული ოცნების მხარდამჭერებში, ვისაც ოდესმე ჭკუა მოგეკითხებოდათ, იქნებ ცოტა აზრზე მოხვიდეთ, თორემ დიტო სამხარაძის ჩამოსხმის ქოცები არა მგონია რამეს მიხვდნენ. სიმართლე თუ გინდათ, ესაა და თუ არ გინდათ, იყავით იქ სადაც ხართ და ბოლოს სად აღმოჩნდებით, იმასაც ვნახავ“,- წერს დავით ზურაბიშვილი.

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სასურველი შედეგის მისაღწევად, საკუთარი პოზიციის დაცვა და ხელმძღვანელობის თქვენს სიმართლეში დარწმუნება მოგიწევთ. ეცადეთ ეს კორექტულად და გონივრულად, ყოველგვარი ზეწოლისა და უხეშობის გარეშე გააკეთოთ. ამ დღეს დაწყებული საქმე დღესვე უნდა დაასრულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. გირჩევთ საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

კურო

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. კოლეგების დახმარებით საქმე სწრაფად და წარმატებით დასრულდება. ადამიანი, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ, თქვენს ქათინაურს ელის. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, ამ დღეს ოცნების ადამიანს შეხვდეთ და სერიოზული ურთიერთობა დაიწყოთ.

ტყუპები

ამ დღეს მოვლენების მიმდინარეობაში ჩარევა და რაღაცების შეცვლა არ უნდა სცადოთ. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები მაინც შემოვა, უბრალოდ უნდა დააკვირდეთ და გარემოებებს მოერგოთ. გირჩევთ ოჯახის წევრებს და საყოფაცხოვრებო საკითხებს მეტი დრო დაუთმოთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო ტაქტიანები იყოთ.

კირჩხიბი

მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენი სიჩქარე და უყურადღებობა შეცდომებს გამოიწვევს. ეცადეთ ყველა საკითხი კარგად გაიაზროთ და ინფორმაცია რამდენჯერმე გადაამოწმოთ. ემოციებმა ან განწყობამ თქვენს შრომისმოყვარეობასა და საქმის მიმართ დამოკიდებულებაზე არ უნდა იმოქმედოს. ნუ გაბრაზდებით, თუ ვინმე თქვენს საქმიანობას გააკრიტიკებს.

ლომი

ყურადღებით მოისმინეთ რას გთავაზობენ კოლეგები და ბიზნესპარტნიორები. ზოგი იდეა შეიძლება დამატებითი შემოსავლის მისაღებად წარმატებით გამოიყენოთ. ფრთხილად იყავით – ვიღაცას თქვენი ინტრიგებში ჩათრევა სურს.

ქალწული

რთული და ემოციურად დაძაბული დღეა. მოერიდეთ დამატებითი ვალდებულებების აღებას, რადგან შეიძლება ძირითადსაც ვერ გაუმკლავდეთ. ეცადეთ საკუთარ მოვალეობებს ახლებურად შეხედოთ და უფროსები თქვენს კრეატიულობას დააფასებენ.

სასწორი

ამ დღეს ბუზისგან სპილოს ქცევას ცდილობთ და ნებისმიერ წვრილმანზე ნერვიულობთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და მომხდარი მშვიდად აღიქვათ. ვიღაც თქვენს პროვოცირებას ცდილობს, მაგრამ თუ გონიერებას გამოიჩენთ, არაფერი გამოუვა. ცოტა უნდა მოითმინოთ, ხვალ მდგომარეობა გამოსწორდება.

მორიელი

არახელსაყრელი და კონფლიქტური დღეა. გირჩევთ ყოველგვარი კამათისა და დაპირისპირებისგან თავის შორს დაიჭიროთ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ სახლიდან ან განმარტოებით იმუშაოთ. სასურველია, რომ რთული და საპასუხისმგებლო საქმეების კეთება რამდენიმე დღით გადადოთ. საღამოს უნდა დაისვენოთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.

მშვილდოსანი

რთული პერიოდი რომ უსაფრთხოდ გაიაროთ, ემოციების კონტროლი უნდა შეძლოთ. თუ შესაძლებელია, უფრო დიდხანს იძინეთ და აქტიურად ივარჯიშეთ. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის და დიეტის დაწყებაზე იზრუნოთ. ამ დღეს უპირატესობა ფინანსურად მოგებიან საქმეებს უნდა მიანიჭოთ.

თხის რქა

ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმეები არ უნდა დაგეგმოთ – სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და მომავალს იმედით შეხედოთ. სავარაუდოდ, უფროს ნათესავს თქვენი მხარდაჭერა და მზრუნველობა სჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ.

მერწყული

ზოგჯერ ადამიანებისგან ძალიან ბევრს მოითხოვთ, რაც შეიძლება თქვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახოს. ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული. როცა სხვებს აკრიტიკებთ, ეცადეთ საკუთარი ნაკლოვანებებიც გაითვალისწინოთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება, ამიტომ ეცადეთ, თქვენი თანამოაზრეები და კოლეგები ერთმანეთთან დააკავშიროთ.

თევზები

შედეგის მისაღწევად ეს დღე ყურადღებით უნდა დაგეგმოთ, პრიორიტეტები დაისახოთ და ყურადღება ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე შეაჩეროთ. გირჩევთ, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას მოერიდოთ. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საკუთარი აზრები მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ.

 

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

„დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას.

ჩვენ ყველა იმ მოსმართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად. პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328 (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა“, – ნათქვამია  ბლინკენისს განცხადებაში.

იწვევს თუ არა სოლარიუმი კიბოს? – რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

qeti

სოლარიუმი იწვევს კიბოს!, – ამის შესახებ აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში წერს.

 

როგორც ექიმი აღნიშნავს, სოლარიუმი საშიშია ჯანმრთელობისთვის, ის კიბოს იწვევს – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას სოლარიუმის მავნებლობის შესახებ.

 

“სოლარიუმის გამოყენება ყველასთვის დიდი რისკის შემცველია, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილე  ახალგაზრდა ქალებს და ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს მართებთ, რომლებსაც მომატებული მგრძნობელობა ახასიათებთ ულტრაიისფერი სხივების მიმართ. დადგენილია, რომ დიდწილად სწორედ სოლარიუმის და მზის ულტრაიისფერი სხივები ახდენენ კანის კიბოს პროვოცირებას.

 

ავსტრალიაში, ევროპასა  და ამერიკის შეერთებული შტატებში, სოლარიუმის მოხმარების გამო, მელანომას 10 000 და კანის  სხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნეების 450 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება ყოველწლიურად.

 

როგორც ცნობილია, სოლარიუმის ყველაზე ხშირი მომხმარებლები  ახალგაზრდა ქალები არიან. დადგენილია, რომ რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში იწყება მისი გამოყენება, მით უფრო დიდია კანის ავთვისებიანი სიმსივნის რისკი.

 

სოლარიუმის გამოყენება

 

–    35 წლამდე – 60%-ით ზრდის მელანომას რისკს

 

–    25 წლამდე – 102% ით ზრდის კანის ბრტყელი უჯრედების კიბოს და 40% ით კანის ბაზალური უჯრედების კიბოს რისკს

 

კატარაქტა, იმუნური სისტემის დასუსტება, დამწვრობა და კანის ნაადრევი დაბერება- ეს სოლარიუმის სხვა ნეგატიური ეფექტებია ადამიანის ორგანიზმზე.

“, – წერს ქეთი შავლიაშვილი.

“შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე”

ჩვენი  უბანი,  ისევე  როგორც  სხვა  უბნები,  სავსეა  ახალგაზრდა  ნარკომანებით – სახედაკარგული,  გამათხოვრებული,  დაბოლილი  ახალგაზრდებით,  რომელთაც  არაფრის  ინტერესი  არ  ახატიათ  სახეზე –  წამლის (მარიხუანას)  და  სასმლის  გარდა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვაჟა შუბითიძე წერს.

 

მისი თქმით, შიდა  და  გარე მტრებმა  უომრად  შეძლეს  იმის  გაკეთება,  რასაც  ომით  ვერ  მიაღწიეს-  წაგვართვეს  ახალგაზრდობის  ნაწილი  სამუდამოდ,  ხოლო  მეორე  დიდი  ნაწილი  კი  უცხოეთში  გააქციეს  საშოვარზე.

 

“შარშანწინ  ჯარში  გამოძახებული  5000  წვევამდელიდან 4500-მა  გირჩის  ეკლესიის  ცნობა  მიიტანა  და  ჯარს  თავი  აარიდა-  ესაა  პირდაპირი  დივერსია  საქართველოს  უშიშროების  მიმართ  და მისი  ავტორები  და  მფარველები (მოსკოვიდან  ჩამოყვანილი  ნაცი  ჯაფარიძე)  დღეს  ციხის  მაგივრად  პარლამენტში  სხედან 5  კაციანი  ჯგუფით  და  აქეთ  გვასწავლიან  ჭკუას.   მარიხუანას  დაკანონებამ  სრული  კატასტროფა  გამოიწვია,  რასაც  მაშინ  მხარი  დაუჭირა  მოსკოვიდან  თათბირის  მერე  დაბრუნებულმა  შინაგან  საქმეთა  მინისტრმა  გახარიამ  და  მისით  ბიუჯეტის  შევსებაც  კი  შემოგვთავაზა  2018  წლის  ოქტომბერში-  გაგანია  საპრეზიდენტო  არჩევნების  დროს(რასაც  საეჭვოდ  დაემთხვა  ბენზინის  არნახული  გაძვირება  და  ლარის  ძლიერ  გაუფასურება,  რამაც  სალომეს  კინაღამ  საპრეზიდენტო  არჩევნები  წააგებინა – გორდონის  ჩამოსვლა  რომ  არა).  პოლიციას  თავისუფლად  შეუძლია  ნარკომანიის  თითქმის  ალაგმვა,  მაგრამ  შიგნით  ბევრი  მოღალატეა,  რომელიც  ნარკობარიგებს  მფარველობს… როცა  ხალხს  ამოდენი  მოღალატე  ჰყავს,  მაკედონელიც  ვერ  უშველის,  ჭეშმარიტად…ჩვენი  პარტნიორების  ლანძღვა-კრიტიკას,  ამ  პრობლემებს  მიხედეთ – თუ  მართლა  გიყვართ  საქართველო!”– წერს ვაჟა შუბითიძე.