Home Blog Page 1894

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 20 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

20 პირის იდენტიფიცირებული ნეშტიდან 14 სამხედროა და 6 მშვიდობიანი მოქალაქე.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

დმანისში 18 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

დმანისში 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული გ.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2005 წელს დაბადებულ ე.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“საქართველოს ჩინეთთან დაახლოებამ შოკი გამოიწვია” – სოზარ სუბარი

აშშ-ს ახალმა ელჩმა, რობინ დანიგანმა, რომელმაც თითქოს წინა ელჩისგან განსხვავებით, გარკვეულწილად გადატვირთა ჩვენი ურთიერთობები, დღეს თქვა, რომ არ მიესალმებიან ამ ურთიერთობებს იმიტომ, რომ რუსეთის და ჩინეთის დაახლოება სახეზეა. რუსეთის და ჩინეთის დაახლოება მარტო საქართველოსთვის არის და არ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

სუბარის თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობებს უკრძალავენ, აშშ-ში ჩინეთს ლიდერს პომპეზურად ხვდებიან.

„საქართველოს ჩინეთთან დაახლოებამ შოკი გამოიწვია, არამარტო ქართულ ოპოზიციაში, არამედ ჩვენს ძალიან ბევრ დასავლელ პარტნიორში. საოცრება ის არის, ჩვენ რომ გვიკრძალავენ გარკვეულ ურთიერთობებს და ამ დროს ვხედავთ, დღეს როგორ უმაღლეს დონეზე და პომპეზურად ხვდებიან ჩინეთის ლიდერს აშშ-ში. მედია წერს, რომ კალიფორნიის ქუჩები დაასუფთავეს, გადაღებეს შენობები, გაიყვანეს უსახლკაროები, ნარკოდილერები თუ ნარკოტიკების მომხმარებლები, რაღაც განსხვავებული ხედი რომ შეექმნათ. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, ხელი არ მოაწეროთ რაიმე ტიპის ხელშეკრულებასო. საუბარია იმ ტიპის ხელშეკრულებაზე, როგორი სტრატეგიული ხელშეკრულებაც დადებული აქვს შეერთებულ შტატებს ჩინეთთან, ევროკავშირს მთლიანად და ასევე, ევროპის სახელმწიფოებს ცალ-ცალკე (გერმანიას და არაერთ სახელმწიფოს, უკრაინას აქვს დადებული და ა.შ..). უცებ გაახსენდა ჩვენს ოპოზიციას, რომ ჩინეთს თურმე მართავს „კომუნისტური პარტია“, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ უხსენებია არავის, უცებ გაახსენდა ერთბაშად ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და ამბობენ, როგორ შეიძლება „კომუნისტურ“ ჩინეთთან ხელშეკრულების დადებაო.

სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება რომ არა წამოცდენა, არამედ შეგნებული მავნებლობა იყო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული (რომელიც დარწმუნებული ვარ მისგან არ მოდიოდა), ეს დადასტურდა თუნდაც დღეს, როდესაც აშშ-ს ახალმა ელჩმა, ქალბატონმა რობინ დანიგანმა, რომელმაც თითქოს წინა ელჩისგან განსხვავებით, გარკვეულწილად ჩვენი ურთიერთობები გადატვირთა, დღეს თქვა, რომ არ მიესალმებიან ამ ურთიერთობებს იმიტომ, რომ სახეზეა რუსეთის და ჩინეთის დაახლოება. რუსეთის და ჩინეთის დაახლოება მარტო საქართველოსთვის არის და არ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის?“ – განაცხადა სუბარმა, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

აშშ-ის სენატმა მთავრობის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარებას არ ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“, თავიდან ასაცილებლად დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რომელიც ისრაელისთვის, ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს.

CNN-ის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც მანამდე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სენატმა 87 ხმით 11 წინააღმდეგ მიიღო, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნა.

ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, მათ შორისაა სამხედრო მშენებლობა, ვეტერანთა საქმეები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება.

ჩინეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი, ღია, მკაფიო სამხედრო კომუნიკაციები განახლდება – ბაიდენი

ჩინეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი, ღია, მკაფიო სამხედრო კომუნიკაციები განახლდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს იყო ყველაზე პროდუქტიული და კონსტრუქციული საუბარი, რაც ოდესმე გვქონია. ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. პრეზიდენტ სი ძინპინსა და ჩემს შორის გაიხსნება საკომუნიკაციო ხაზები. ახლა ორივე შევძლებთ, ავიღოთ ხელში ტელეფონები და პირდაპირ დავურეკოთ ერთმანეთს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა ბაიდენი სი ძინპინს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა „როგორც ძველ გამონათქვამშია, ენდე, მაგრამ გადაამოწმე“.

ბაიდენის თქმით, ლიდერებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში მთავარ კონფლიქტზე – ტაივანზე. ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ტაივანის სრუტეში.

ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ჩინეთმა განაახლეს ძალისხმევა აშშ-ში ფენტანილის ნაკადის შესამცირებლად.

ჟურნალისტის კითხვაზე, კვლავ მიიჩნევს თუ არა სი ძინპინს დიქტატორად, ბაიდენმა უპასუხა, რომ მიიჩნევს.

„დიახ, ის არის, ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას, რომელიც დაფუძნებულია მმართველობის ფორმაზე, რაც სრულიად განსხვავდება ჩვენისგან“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები უამრავ გლობალურ საკითხზე, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის ომისა და ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

16 ნოემბერს ქუთაისში +21 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +21 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს მესტიაშიც, დღისით +8 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით წვიმა და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 3 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +17, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში წვიმაა მოსალოდნელი, სადაც დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში წვიმიანი დღე და +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. უნალექო იქნება დღე ომალოში, სადაც დღისით +13, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +22 იქნება გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +22 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

სი ძინპინი დიქტატორია -ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი დიქტატორია.

ჩინელ კოლეგასთან გამართული სამიტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, თვლის თუ არა ის, რომ სინ ძინპინი დიქტატორია, რაზედაც ჯო ბაიდენმა უპასუხა:

”არის. ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას”, – განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ ჩინეთის მთავრობა სრულიად განსხვავდება აშშ-ის მთავრობისგან.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისში ჯო ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა, როდესაც ის აშშ-ის მიერ ჩინური სათვალთვალო ბუშტის ჩამოგდებაზე ჩინეთის ლიდერის რეაქციაზე საუბრობდა. ჯო ბაიდენის ამ განცხადებამ ჩინეთის ხელისუფლებისგან მკაცრი კრიტიკა გამოიწვია.

ისრაელ-ჰამასის კონფლიქტი დასრულდება, როცა „ჰამასს“ აღარ ექნება უნარი დახოცოს და შეურაცხყოს ისრაელელები -ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტი მაშინ დასრულდება, როდესაც „ჰამასს“ აღარ ექნება შესაძლებლობა დახოცოს ისრაელელები.

”ვფიქრობ, ეს შეჩერდება, როდესაც „ჰამასს“ აღარ ექნება უნარი დახოცოს, შეურაცხყოს და საშინელი ქმედებები ჩაიდინოს ისრაელელების წინააღმდეგ,” – აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, ისრაელმა კონფლიქტის დასრულებამდე უნდა მიაღწიოს იმ დონეს, როცა „ჰამასს“ მის წინააღმდეგ თავდასხმის განმეორების შესაძლებლობა აღარ ექნება.

ჰამასმა“ თქვა, რომ აპირებენ იმავეს გაკეთებას ისევ, რაც გააკეთეს. ისინი აპირებენ, შევიდნენ და სურთ ისრაელების დახოცვა. მათ სურთ ამის გაკეთება ისევ. მათ ეს ხმამაღლა თქვეს. ისინი ამაზე არ ხუმრობენ. ისინი უკან არ იხევენ. ასე რომ, უბრალოდ რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ: მაინტერესებს, რას ვიზამთ, ასე რომ იყოს?“ – აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ჰამასმა“ომის დანაშაული ჩაიდინა. „გვაქვს ისეთი გარემოება, როდესაც „ჰამასი“ ახორციელებს პირველ ომის დანაშაულს იმით, რომ მათი შტაბ-ბინა, მათი სამხედროები საავადმყოფოს ქვეშ არიან დამალული. ეს ფაქტია. ეს არის ის, რაც მოხდა“, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სი ძინპინი სან-ფრანცისკოში ბაიდენთან შესახვედრად ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი 15 ნოემბერს სან-ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ხვდებიან ერთმანეთს.

როგორც უცხოური მედია იტყობინებოდა, აშშ ჩინეთთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე მოლაპარაკების განახლებას გეგმავს, რათა რისკების მინიმიზაცია მოხდეს. ასევე განხილული იქნება გლობალური საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება სხვა.

ცნობისთვის, ეს ბაიდენის გაპრეზიდენტებიდან მსოფლიოს ორი უძლიერესი ქვეყნის – აშშ-ის და ჩინეთის – ლიდერების მეორე შეხვედრაა. პირველად ისინი 2022 წლის ბოლოს ბალიში შეხვდნენ

,,გამოკითხულთა 77% მთავარ პოლიტიკურ საფრთხედ საქართველოსთვის რუსეთს ასახელებს”- IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთს პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამენ. გამოკითხულები შეშფოთებულები არიან საქართველოში რუსი ემიგრანტების გამო და თვლიან, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის მაღალი დონეა.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 77% რუსეთს ასახელებს.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გათვალისწინებით და რეგიონში აგრესიული მოქმედებების გამო, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფრთხედ აღიქვამს,“ – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

ქართველები ცალსახად შეშფოთებულები არიან ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით. გამოკითხულთა 73% თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის დარეგისტრირების ან ქონების შეძენის უფლება.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% თვლის, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა საზოგადოების პოლარიზაციისკენ არის მიმართული.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემისას, ევროკომისიამ ხაზი გაუსვა დამატებით ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად უნდა გადაიდგას. დღესდღეობით უფრო მეტი სამუშაო არის გასაწევი მთავრობის ყველა დონეზე, პოლიტიკურ პარტიებს შორის და პარლამენტში იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას,“ – განაცხადა სტივენ ნიქსმა.

ინფორმაციისთვის, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

,,გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი ყველაზე პოზიტიურად ჯარს, საპატრიარქოსა და პოლიციას აფასებს”- IRI

საერათაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი ყველაზე პოზიტიურად ჯარს, საპატრიარქოსა და პოლიციას აფასებს, ყველაზე ნეგატიურად – პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებსა და პრეზიდენტის ოფისს.

გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 77% პოზიტიურად აფასებს საქართველოს არმიას (16% უარყოფითად), 71% პოზიტიურად აფასებს საქართველოს საპატრიარქოს (21% უარყოფითად) და 67% პოზიტიურად აფასებს პოლიციას (28% უარყოფითად).

ნეგატიური შეფასებების ყველაზე დიდი მაჩვენებლები გააჩნიათ საქართველოს პარლამენტს – 56% (38% პოზიტიურად), პოლიტიკურ პარტიებს – 52% (37% პოზიტიურად) და პრეზიდენტის ოფისს – 47% (41% პოზიტიურად).

მაღალიზი პოზიტიური შეფასებებით ასევე სარგებლობენ ადგილობრივი ხელისუფლებები – 61% (34% უარყოფითად), საგანმანათლებლო სისტემა – 59% (36% უარყოფითად) და ქართული მედია – 58% (35% უარყოფითად). პრემიერ-მინისტრის ოფისს 49% დადებითად აფასებს, ხოლო 41% – უარყოფითად.

მაღალი ნეგატიური შეფასებებით ასევე გამოირჩევიან ცენტრალური საარჩევნო კომისია – 44% (41% პოზიტიურად), სასამართლოები – 44% (40% პოზიტიურად) და ეროვნული ბანკი – 43% (39% პოზიტიურად).

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა

კვლევის თანახმად გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,” 29% – “ქართულ ოცნებას”, ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარეობს.

კერძოდ, კითხვაზე, რომელ პარტიებს არ დაუჭერს მხარს  არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,” , 29 – “ქართულ ოცნებას”, 18% – “გირჩსა და დროას”, 16% – “გირჩს”, 13% – “ევროპულ საქართველოს”, 12% – “კონსერვატიულ მოძრაობა – ალტ-ინფოს”, 11% – “ლეიბორისტულ პარტიას”, 10% – “ლელოს”, „სტრატეგია აღმაშენებელს“ 9%, „პატრიოტთა ალიანსს“ – 9 %, „საქართველოსთვის“ – 8%, „მოქალაქეები“ 6%, „ხალხის ძალა“ 4 %, „ხალხისთვის“ 2%.

გამოკითხულთა 8%-მა განაცხადა, რომ არც ერთს, 12% – არ იცის და 5%-მა უარი განაცხადა პასუხზე. სულ 3 პასუხამდე იყო დაშვებული.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.