“ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არის ისტორიული, ხალხის დაკვეთით” – ილია დარჩიაშვილი

35
spot_img

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამბობს, რომ ევროპული საბჭოს ეს გადაწყვეტილება ისტორიულია.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველო უმნიშვნელოვანეს ფაზაში შევიდა და უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ეს ფაზაც წარმატებით დასრულდეს.

„მინდა, მოგილოცოთ თქვენც და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღება. ამ გადაწყვეტილებით საქართველომ გაინაღდა ადგილი ევროპულ ოჯახში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ხალხის დაკვეთით საქართველოს მთავრობამ რეალობად აქცია. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც გამოგვიცხადეს ამ გადაწყვეტილებით.

ჩვენ სულ რაღაც ორი დღის წინ მივიღეთ მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, სადაც ესწრებოდნენ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო მინისტრები და მაშინ განვაცხადე, რომ საქართველოს მისამართით იყო ძალიან ძლიერი გზავნილები საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან. მაშინ ვთქვი, რომ არცერთი ქვეყანა არ იყო წინააღმდეგი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების. ეს იყო ძალიან ძლიერი იმპულსი, ძლიერი წახალისება ჩვენთვის და გვაძლევდა დიდ ოპტიმიზმს, რომელიც დღეს უკვე რეალობად იქცა და საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ამით ჩვენ შევედით ახალ, საბოლოო, უმნიშვნელოვანეს ფაზაში, როდესაც ჩვენ უნდა გადავდგათ მორიგები ნაბიჯები, რათა ეს საბოლო ფაზაც დასრულდეს და ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოტივაცია და შესაძლებლობა, რათა ეს რეალობად ვაქციოთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

დარჩიაშვილის განმარტებით, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა იყო ერთსულოვანი.

„არცერთ რომელიმე წევრ ქვეყანას არ დაუფიქსირებია რაიმე ტიპის წინააღმდეგობრივი პოზიცია, ერთიანობით იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით. ჩვენი საკითხის გარდა, იქ იყო ძალიან ფართო და კომპლექსური საკითხები, რომლებიც ეხებოდა ზოგადად გაფართოებას, სხვა საკითხებს, რომლებიც ეხებოდა ორმხრივ ფორმატში უნგრეთ-ევროკავშირის თემატიკას. შესაბამისად, იყო ძალიან რთული, ძალიან კომპლექსური მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლო ჯამში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ბატონი შარლ მიშელის ძალიან დიდი ძალისხმევით შეჯერდა ეს პოზიცია. ჩვენ სწორედ მისგან გავიგეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც არის ისტორიული, დიდი მნიშვნელობის მატარებელი. მოხარული ვარ, რომ თითოეული წევრი ქვეყანა დავარწმუნეთ, საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც დღეს უკვე რეალობად იქცა.

გასული წელი პარლამენტში იყო აქტიური საკანონმდებლო ცხოვრების თვალსაზრისით. ჩვენ შევასრულეთ ყველა პასუხისმგებლობა, ვალდებულება, რომელიც ავიღეთ. ეს არის სწორედ დადებითი შეფასება იმ პროგრესის, რომელიც ამ გზაზე ვანახეთ. ვაგრძელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენი საბოლოო მიზანია ამ ქვეყნის საბოლოო, სრულფასოვანი წევრობა ევროპული ოჯახისა“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.