Home Blog Page 1894

“ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არის ისტორიული, ხალხის დაკვეთით” – ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ ულოცავს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ამბობს, რომ ევროპული საბჭოს ეს გადაწყვეტილება ისტორიულია.

დარჩიაშვილის თქმით, საქართველო უმნიშვნელოვანეს ფაზაში შევიდა და უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ეს ფაზაც წარმატებით დასრულდეს.

„მინდა, მოგილოცოთ თქვენც და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღება. ამ გადაწყვეტილებით საქართველომ გაინაღდა ადგილი ევროპულ ოჯახში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ხალხის დაკვეთით საქართველოს მთავრობამ რეალობად აქცია. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც გამოგვიცხადეს ამ გადაწყვეტილებით.

ჩვენ სულ რაღაც ორი დღის წინ მივიღეთ მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, სადაც ესწრებოდნენ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო მინისტრები და მაშინ განვაცხადე, რომ საქართველოს მისამართით იყო ძალიან ძლიერი გზავნილები საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან. მაშინ ვთქვი, რომ არცერთი ქვეყანა არ იყო წინააღმდეგი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების. ეს იყო ძალიან ძლიერი იმპულსი, ძლიერი წახალისება ჩვენთვის და გვაძლევდა დიდ ოპტიმიზმს, რომელიც დღეს უკვე რეალობად იქცა და საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ამით ჩვენ შევედით ახალ, საბოლოო, უმნიშვნელოვანეს ფაზაში, როდესაც ჩვენ უნდა გადავდგათ მორიგები ნაბიჯები, რათა ეს საბოლო ფაზაც დასრულდეს და ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოტივაცია და შესაძლებლობა, რათა ეს რეალობად ვაქციოთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

დარჩიაშვილის განმარტებით, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყანა იყო ერთსულოვანი.

„არცერთ რომელიმე წევრ ქვეყანას არ დაუფიქსირებია რაიმე ტიპის წინააღმდეგობრივი პოზიცია, ერთიანობით იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით. ჩვენი საკითხის გარდა, იქ იყო ძალიან ფართო და კომპლექსური საკითხები, რომლებიც ეხებოდა ზოგადად გაფართოებას, სხვა საკითხებს, რომლებიც ეხებოდა ორმხრივ ფორმატში უნგრეთ-ევროკავშირის თემატიკას. შესაბამისად, იყო ძალიან რთული, ძალიან კომპლექსური მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლო ჯამში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ბატონი შარლ მიშელის ძალიან დიდი ძალისხმევით შეჯერდა ეს პოზიცია. ჩვენ სწორედ მისგან გავიგეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც არის ისტორიული, დიდი მნიშვნელობის მატარებელი. მოხარული ვარ, რომ თითოეული წევრი ქვეყანა დავარწმუნეთ, საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც დღეს უკვე რეალობად იქცა.

გასული წელი პარლამენტში იყო აქტიური საკანონმდებლო ცხოვრების თვალსაზრისით. ჩვენ შევასრულეთ ყველა პასუხისმგებლობა, ვალდებულება, რომელიც ავიღეთ. ეს არის სწორედ დადებითი შეფასება იმ პროგრესის, რომელიც ამ გზაზე ვანახეთ. ვაგრძელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენი საბოლოო მიზანია ამ ქვეყნის საბოლოო, სრულფასოვანი წევრობა ევროპული ოჯახისა“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

“გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, გილოცავთ”

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს სამიტზე მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

„ამ საღამოს გადავწყვიტეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ“ – წერს ემანუელ მაკრონი.

ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.

“მოვუწოდებ ოპოზიციას, ჩვენთან ერთად შეძლონ კანდიდატის სტატუსის სრულფასოვნად ზეიმი” – შალვა პაპუაშვილი

მოვუწოდებ ოპოზიციას, გამოიტანონ დასკვნა, გვენდონ ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობას და ჩვენთან ერთად შეძლონ სრულფასოვნად ზეიმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „დღეს ოპოზიციაში ყველა ვერ იზეიმებს ამ გამარჯვებას, რადგან სამწუხაროდ, ბევრი ცდილობდა, რომ დაეცილებინა ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის“.

„ჩვენ ისევე, როგორც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ღია ვიქნები, რათა ოპოზიცია ჩაერთოს და დაეხმაროს საპარლამენტო უმრავლესობას ამ ნაბიჯების გადადგმაში. გასული წელიწადნახევრის განმავლობაში ვხედავდით სამწუხაროდ, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი დესტრუქციით იყო დაკავებული. გახსოვთ, სახალხო დამცველის არჩევის დროს სულ რამდენიმე ოპოზიციურმა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი და შევძელით სახალხო დამცველის არჩევაც. გახსოვთ, როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ ეს ოპოზიციონერი დეპუტატები, როგორც პარტიების ასევე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომ არ ყოფილიყვნენ თანამონაწილეები ევროპული პროცესისა. იგივე შეიძლება, ითქვას, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაში, სადაც რამდენიმე ოპოზიციონერის მხარდაჭერით შევძელით ჩვენ წევრების არჩევა, თუმცა აქაც დიდი წნეხი იყო პარტიებისგან და სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან. ეს უნდა გაანალიზოს ოპოზიციამ და მიხვდნენ, რამდენად მართალი და სწორი იყო ოპოზიციის იმ წარმომადგენლების ნაბიჯი, რომლებიც მაშინ ენდნენ საქართველოს ხელისუფლებას, საპარლამენტო უმრავლესობას და ჩვენთან ერთად მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

მოვუწოდებ ოპოზიციას, აქედან გამოიტანონ დასკვნა, გვენდონ ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობას და ჩვენთან ერთად შეძლონ სრულფასოვნად ზეიმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა. დღეს ყველა ვერ იზეიმებს ოპოზიციაში ამ გამარჯვებას, რადგან სამწუხაროდ, ბევრი პირიქით ცდილობდა, რომ დაეცილებინა ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის. ისინი სხვადასხვა კაბინეტებში ლობირებდნენ ევროპასა და ბრიუსელში გადადებულიყო გადაწყვეტილება, ან ისეთი გადაწყვეტილება ყოფილიყო, რომელიც დააზიანებდა მთლიანად სახელმწიფოს. მათ მოვუწოდებ, როდესაც არიან იმედგაცრუებული იმით, რომ ვერ ავნეს საქართველოს, დაფიქრდნენ, უღირდათ ასეთი მტრობა საკუთარი ქვეყნის? დაფიქრდნენ კიდევ ერთხელ და იქნებ გაიხსენონ, რამენაირად თავის გულიდან ამოიღონ ქვეყნის მიმართ სიყვარულის ემოციები და ახლა მაინც დაფიქრდნენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ ვინც წავა, ის გამარჯვებული ვერასდროს იქნება, რადგან საქართველო, ქართველი ხალხი ყოველთვის იქნება გამარჯვებული თავისი სიმართლით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას” – ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

ინგრიდა შიმონიტე ასევე ეხმაურება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ევროკავშირის დამსახურებული და ასე საჭირო გადაწყვეტილება უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს არის უკრაინისა და მოლდოვის მთავრობების, საზოგადოებების წარმოუდგენელი მუშაობა და შეუპოვრობა. უმძიმეს გარემოებებში მათ დაამტკიცეს, რომ შესაძლებელია კანდიდატის სტატუსიდან წევრობის შესახებ მოლაპარაკებებზე მხოლოდ 1,5 წელში გადასვლა. შეინარჩუნეთ ეს ტემპი. ასევე, ჩემი მილოცვა საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით“, – წერს ინგრიდა შიმონიტე.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

“დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას – საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა”

დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას – საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ქვეყნისა და ხალხის გამარჯვება.

„ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო! დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას – საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გილოცავთ ყველას! მე მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გამარჯვება. ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ, ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ.

მე მინდა, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ. პირველ რიგში, მინდა დავიწყო ჩემი მადლობით ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელმაც ახლა დამირეკა და პირადად მომილოცა დღევანდელი დღე და ეს ისტორიული გამარჯვება. მე ასევე მაქვს პატივი, გადმოგცეთ მისი მილოცვა ქართველი ხალხისადმი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყო და იყო ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი ქალბატონ ურსულასთან და ბატონ შარლ მიშელთან ერთად და რაც მთავარია – ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თითოეულ ლიდერს მე მინდა მადლობა გადავუხადო ერთსულოვნებისთვის და ერთხმად გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ნდობისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა გამარჯვება მიულოცა გუნდის თითოეულ წევრსა და პარტიის დამფუძნებელს – ბიძინა ივანიშვილს.

„მინდა განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი ისტორიული გამარჯვება ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, მთავრობის თითოეულ წევრს, ათასობით საჯარო მოხელეს, ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პარტიას, მმართველ გუნდს, თითოეულ წევრს, ვინც თავისი ღირსეული წვლილი შეიტანა ამ დიდი ისტორიული გამარჯვების მიღწევაში. მინდა მივულოცო ყველას. მინდა მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართველობამაც მოიტანა სწორედ დღევანდელი დღე და ეს გამარჯვება და ეს წარმატება. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, მიაღწია მაქსიმუმს და დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობისა.

მე მხვდა წილად პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელითა და ჩვენი გუნდის სახელით ხელი მომეწერა ჯერ ასოცირების შეთანხმებაზე, შემდეგ ჩემი მმართველობის პირველი პრემიერობის დროს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, შარშან უკვე მე მქონდა პატივი, რომ უკვე ოფიციალურად ჩვენი ქვეყნის სახელით შემეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რითაც დამტკიცდა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და დღეს უკვე 14 დეკემბერი ჩაიწერება როგორც ისტორიული თარიღი. საქართველო დღეიდან არის ევროპული სახელმწიფო, ევროპული ქვეყანა. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ასე რომ, ეს გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ძვირფასო მოქალაქენო, ეს არის ჩვენი შრომის, ჩვენი ბრძოლის შედეგი და კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ისტორიული გამარჯვების საქმეში თითოეული აგური დადო და ეს გამარჯვება მოუტანა ჩვენს ხალხს.

მე ასევე მინდა ყველა მოგიწვიოთ ხვალ, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის. ხვალინდელი დღე უნდა იყოს საერთო, ეროვნული ზეიმისა და საერთო გამარჯვების დღე. დიდი მადლობა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი”, – განაცხადა პრემიერმა.

“გილოცავთ! – ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა” – გიორგი გახარია

„გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

მისი თქმით, ეს გამარჯვება ეძვნება წინაპრებს.

„გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი!

დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, ყველამ ერთად. არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლილი, იმიტომ რომ ჩვენი წვლილი აქ მინიმალურია, აქ ჩვენი საქართველოს, ჩვენი წინაპრების, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის ყველაზე დიდი დამსახურებაა, გილოცავთ!“-აცხადებს გახარია.

“ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არის პირველ რიგში ქართველი ხალხის, იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია”

მინდა, გულწრფელად მივულოცო სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, უხარია წინგადადგმული ნაბიჯები და ევროპასთან დაახლოება, ძალიან რთული გზა გამოვიარეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.

„როდესაც იყო პირველი გადაწყვეტილება მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით, საქართველო და ქართული საზოგადოება დარჩა გულდაწყვეტილი, იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება, თუმცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ჩვენს ევროპელ მეგობრებს დავუმტკიცეთ, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, საქართველოს აქვს სურვილი, რომ გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ყველაფერი გაკეთდა ამ რთულ გზაზე. მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული რეფორმების განხორციელებაში, იმ ნაბიჯებში, რომელიც აუცილებელი იყო რეფორმებისთვის. ეს პროცესი გაგრძელდება. საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხთან ერთად მზად არის, ქვეყანაში განახორციელოს რეფორმები. ვულოცავ საქართველოს, ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხი და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. მიუხედავად უამრავი ხელშეშლისაწინაღობებისა, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მიეღო სტატუსი“, – განაცხადა კალაძემ.

“ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არის ჩვენი პარტნიორების ერთგულების დასტური, ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი მომავალი”

დღეს ჩვენ ვდგამთ ისტორიულ ნაბიჯს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ, უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით, მას შემდეგ რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არის ჩვენი პარტნიორების ერთგულების დასტური ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ევროკავშირის რეფორმების მიმართ. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი, აყვავებული და სტაბილური ევროპისკენ. ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი მომავალი!“,- წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.

“ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ სათქმელი თქვა, რამაც დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი”

ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ სათქმელი თქვა, რამაც დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი, საქართველოს გაერთიანება ევროპულ ოჯახთან შეუქცევადი პერსპექტივაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს.

„დღევანდელი დღე საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის მონუმენტური ეტაპია! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ სათქმელი თქვა, რამაც დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი. საქართველოს გაერთიანება ევროპულ ოჯახთან შეუქცევადი პერსპექტივაა!“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

“ვამაყობთ, რომ შევასრულეთ დანაპირები და გვიხარია ჩვენი პარტნიორების გამო”

ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.

„ლიდერებმა გადაწყვიტეს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. სტრატეგიული გადაწყვეტილება და დღე, რომელიც დარჩება ჩვენი კავშირის ისტორიაში. ვამაყობთ, რომ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები და გვიხარია ჩვენი პარტნიორების გამო“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.

“ვულოცავ თითოეულ უკრაინელს ამ დღეს, ისტორიას ქმნიან ისინი, ვინც არ იღლებიან თავისუფლებისთვის ბრძოლით”

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

„ევროპულმა საბჭომ მიიღო უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობდა, რათა ეს მომხდარიყო. ვულოცავ თითოეულ უკრაინელს ამ დღეს. ასევე, ვულოცავ მოლდოვას და პირადად მაია სანდუს. ისტორიას ქმნიან ისინი, ვინც არ იღლებიან თავისუფლებისთვის ბრძოლით“, – წერს ზელენსკი.

“გილოცავთ, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.