Home Blog Page 1884

ჯო ბაიდენის კორტეჟს ავტომობილი დაეჯახა

დელავერის შტატში, უცნობი ავტომობილი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კორტეჟს დაეჯახა, როდესაც ბაიდენების ოჯახი წინასაარჩევნო შტაბს ტოვებდა. ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე არ დაშავებულან.

 

ამის შესახებ  Reuters წერს.

ინციდენტის თვითმხილველების თქმით, ვერცხლისფერი სედანი დელავერის სანომრე ნიშნებით, დაეჯახა მანქანას, რომელიც პრეზიდენტის ავტოკოლონას იცავდა, როცა ბაიდენი საარჩევნო შტაბიდან თავისი დაჯავშნული ავტომობილისკენ მიდიოდა. შემთხვევა ქალაქ უილმინგტონში მოხდა.

ინციდენტის შემდეგ სედანმა მოძრაობის გაგრძელება სცადა, მაგრამ პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურმა ამის შესაძლებლობა არ მისცა.

ბაიდენი ჩასვეს მანქანაში, სადაც  უკვე იჯდა მისი მეუღლე და სწრაფად წაიყვანეს უილმინგტონში მდებარე სახლში.

გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო წყვილი უსაფრთხოდაა. ინციდენტის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტის განრიგში არაფერი შეცვლილა.

წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

წინასაახალწლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლს ამკაცრებენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას – „ ნუ მოჭრი ნაძვს“ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეუერთდნენ და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, სადღესასწაულოდ ხელოვნური ნაძვის ხე გამოიყენონ.

წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველი ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა ემატება. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

„წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევე, იმპორტირება. კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“უახლოეს დღეებში დავიწყებთ უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანა ევროკომისიასთან ერთად უკრაინის კანონმდებლობის შეფასების პროცესს მალე დაიწყებს.

„ჩვენ გვაქვს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით – გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. უახლოეს დღეებში ჩვენ ოფიციალურად დავიწყებთ ევროკომისიასთან უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ მხარეები უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოზე მუშაობის დაწყებისთვისაც ემზადებიან, რაც სავარაუდოდ გაზაფხულზეა დაგეგმილი.

„მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ისტორიულად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება: უკრაინა ყოველთვის იქნება ჩვენი საერთო ევროპული სახლის ნაწილი“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში „ჰამასის“ 4-კილომეტრიანი გვირაბი იპოვეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ უდიდესი გვირაბი იპოვეს, რომელიც ოთხ კილომეტრს მოიცავს.

მათივე ინფორმაციით, გვირაბი საკმარისად ფართოა დიდი სატრანსპორტო საშუალების გასატარებლად, ასევე, აღჭურვილია ელექტროენერგიით, ვენტილაციისა და საკომუნიკაციო სისტემებით.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, გვირაბი „ჰამასის“ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ნაწილია და განადგურდება.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, 18 დეკემბრის ღამეს საოკუპაციო ძალების მიერ გაშვებული ხუთივე Shahed-ის დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის პრიმორსკოახტარსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს მიკოლაივის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცას და ხმელნიცკის ოლქებში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 დეკემბერს ქუთაისში +6 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. +8 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით -2 გრადუსი, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით თოვლი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი. ახალციხეშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +4, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლიანი დღე და -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით -2, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +6 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

პრემიერი დღეს მედიასა და საზოგადოებას მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს მედიასა და საზოგადოებას მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, 14:00 საათზე დაიწყება.

მთავრობის მეთაური 2023 წლის განმავლობაში მთავრობის საქმიანობას შეაჯამებს, ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიებაზე მიწვეულები იქნებიან მედიის, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები. გასული წლის შემაჯამებელ ანგარიშს პრემიერი ტრადიციულად დეკემბრის ბოლოს წარადგენს.

გერმანიიდან დეპორტაციის პროცედურა მარტივდება

გერმანიის მთავრობა საქართველოსთან მიგრაციის შესახებ შეთანხმებას აფორმებს, ამ მიზნით კი თბილისში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ნენსი ფესერი ჩამოვა.

აღნიშნული შეთანხმება ნიშნავს, რომ დეპორტაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება, თუმცა ასევე გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში თავშესაფარს უფრო მალე მიიღებენ – ანუ მათ საქმეებს უფრო შემჭიდროებულ ვადებში განიხილავენ.

„ჩვენ ხელს ვუწყობთ კვალიფიციურ იმიგრაციას და ამავდროულად გვაქვს სავალდებულო შეთანხმება, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გერმანიაში დარჩენის უფლება, დაბრუნდებიან უკან“, – თქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფესერმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თავშესაფრის შესახებ ამ ქვეყნების მოქალაქეების განცხადებები უფრო სწრაფად განიხილება და ძირითად შემთხვევებში, შესაძლოა უარყოფილ იქნას. სწორედ უსაფრთხო ქვყნის სტატუსის გამო ბერლინში ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები პოლიტიკურ დევნას არ ექვემდებარებიან.

თურქეთმა ვაშინგტონს მოუწოდა გამოიყენოს თავისი გავლენა ისრაელზე

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ამერიკელ კოლეგას, ენტონი ბლინკენს მოუწოდა, მოსთხოვოს ვაშინგტონს, გამოიყენოს თავისი გავლენა ისრაელზე, რათა შეაჩეროს ისრაელის თავდასხმები ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ თურქულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ცეცხლის სრული შეწყვეტის მიღწევის შემდეგ, რათა დაიწყოს პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპის გადაწყვეტაზეა დაფუძნებული“, – განუცხადა წყარომ „როიტერს“.

გამოცემა აღნიშავს, რომ თურქულმა მხარემ მკაცრად გააკრიტიკა ისრაელი, მოითხოვა ცეცხლის სრული შეწყვეტა და ისრაელის ლიდერების გასამართლება საერთაშორისო სასამართლოში ომის დანაშაულებისთვის, ამასთან გააკრიტიკა დასავლეთის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ.

რა მდგომარეობაა გზებზე უამინდობის გამო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ17-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„მუდმივად ვართ პიარული დარტყმის ქვეშ ”- ნიკოლოზ ჩხეტიანი ფონდ „ქართუს“ პროექტებზე

როგორც ჩანს, გეგმა-გრაფიკი აქვს შესაბამის მედია-საშუალებებს და გარკვეული პერიოდულობით აცხობენ ახალ-ახალ, ვითომ სენსაციურ ამბებს სიუჟეტებში, – ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა „იმედის კვირას“ დენდროლოგიური პარკის პროექტზე საუბრისას განუცხადა.

„მუდმივად ვართ პიარული დარტყმის ქვეშ – ერთი წუთით არ ჩერდება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. როგორც ჩანს, გარკვეული რაღაც გეგმა-გრაფიკი აქვს შესაბამის მედია-საშუალებებს და გარკვეული პერიოდულობით აცხობენ ახალ-ახალ, ვითომ სენსაციურ, ასე ფუთავენ, ამბებს სიუჟეტებში.

ორგანიზაცია „ახალი სერვისის“ ერთადერთი მიზანი და ამოცანა არის პირადი დახმარებების საკითხის მოგვარება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობლებისთვის, ნათესავებისა და მეგობრებისთვის. ეს ორგანიზაცია შეიქმნა იმისთვის, რომ ოჯახი მკაფიოდ მიჯნავს იმ ქველმოქმედებას, რასაც ახორციელებს ფონდი „ქართუ“ თავის პროექტების მიერ და თავისი ოჯახის პირად თემებს. თან ეს ყველაფერი იმისთვის ხდებოდა, რომ საგადასახადო რეგულირებით სრულად ყოფილიყო ეს მოგვარებული. არ ყოფილიყო არანაირი ზედმეტი კითხვა. ეს ორგანიზაცია, ამ წლების განმავლობაში, ამის გარდა სხვას არაფერს არ ასრულებდა. პირველ რიგში, ეს კარგად ცხადყოფს, ოჯახის დამოკიდებულებას ქველმოქმედებისადმი – ძალიან სერიოზულ დამოკიდებულებას, ძალიან მაღალ მორალურ სტანდარტს და იმას, თუ როგორ მიჯნავენ ისინი საქველმოქმედო პროექტებსა და თავისი ოჯახის პირად თემებს, სხვადასხვა სახის დახმარებას, რასაც ისინი თავის ახლობლებს უწევენ“, – აღნიშნა ჩხეტიანმა.

დენდროლოგიური პარკი, ისე როგორც ფონდ „ქართუს“ ყველა საქველმოქმედო პროექტი, წლებია რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების და მათი მედიასაშუალებების სამიზნეა. მათ ფეიკნიუსების ახალი ტალღის მიზეზად დენდროპარკისთვის კენიიდან ბაობაბების ტრანსპორტირება გამოიყენეს. ოპოზიციურმა მედიებმა ამ თემით სკანდალის შექმნა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, კენიიდან ფოთამდე 8 ბაობაბის ჩამოტანის შემდეგ სცადეს. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ხეები კანონდარღვევით შეისყიდა, რამაც კენიის მოსახლეობაც კი აღაშფოთა.

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დროა, საახალწლო ბიუჯეტი და ხარჯები დაგეგმო – გაიხსენეთ, რომ ფულს თვლა უყვარს! თუ კოლეგების დახმარება გჭირდებათ, უთხარით. მათი პრაქტიკული რჩევები ცხოვრებას გაგიადვილებთ. შეიძლება, უახლოესი გეგმის შეცვლა მოგიწიოთ, რადგან აღმოჩნდება, რომ მისი შედგენის დროს ბევრი რამ არ გაითვალისწინეთ.

კურო

რთული და დაძაბული დღეა. ეცადეთ გარემოებებს მოერგოთ და პრობლემების გადაჭრა განსხვავებული ხერხებით სცადოთ. 18 დეკემბერს ბედმა სიურპრიზები მოგიმზადათ, მაგრამ შეიძლება ყველა არ მოგეწონოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოხდარს ისე შეხედოთ, როგორც ახალ შესაძლებლობას და თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით – უცნობ ადამიანებთან.

ტყუპები

ამ დღეს სწრაფი რეაგირება და იმპროვიზაცია მოგიწევთ, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი პრინციპები უნდა დაიცვათ და დებატებში პოზიციები არ დათმოთ. შესაძლოა, ხელმძღვანელობისგან ახალი დავალებები მიიღოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები გამოავლინოთ.

კირჩხიბი

გირჩევთ, დინებას მიჰყვეთ, არ აჩქარდეთ და მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძალიან რთული იქნება. საკუთარი სიმართლის ნებისმიერ ფასად დამტკიცებას ნუ ეცდებით – თუ თქვენს ოპონენტს თქვენი არ სჯერა, მასზე ძვირფას დროს ნუ დაკარგავთ.

ლომი

ფინანსური საკითხების გადაჭრისას საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. დღევანდელი ურთიერთობა თქვენთვის არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება. შესაძლოა, შემთხვევით საინტერესო იდეა მოისმინოთ. პროფესიონალებთან საუბარი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებთ. შესაძლოა, ამ დღეს თქვენთვის საჭირო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ – ყურადღებით მოუსმინეთ რას გეუბნებიან, კოლეგებთან ურთიერთობაზე უარს ნუ იტყვით და ეს დღეს ნაყოფიერად ჩაივლის.

სასწორი

გაღიზიანება თავიდან რომ აიცილოთ, ამ დღეს ურთიერთობა უნდა შეზღუდოთ. კამათში ნუ ჩაერთვებით და მტკივნეული საკითხების განხილვას მოერიდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ცუდი განწყობა სამუშაო საკითხებზე კონცენტრირებაში ხელს გიშლით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მორიელი

ამ დღის მოვლენებმა შეიძლება გაგაოცოთ, მაგრამ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას უნდა მოერიდოთ. შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან დაკავშირებით მალე აზრი შეგეცვალოთ. თუ თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობა გაჩნდა, შანსი ხელიდან არ გაუშვათ და საქმეს შეუდექით. პოტენციურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრები კარგად ჩაივლის.

მშვილდოსანი

იდეა, რომლებიც ამ დღეს თავში მოგივათ, შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს და კარგი შემოსავალი მოგიტანოთ. გირჩევთ თქვენი გეგმები გამოცდილ ადამიანებს გაუზიაროთ და მათგან პრაქტიკული რჩევები ან სასარგებლო შენიშვნები მიიღოთ.

თხის რქა

ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის მზად უნდა იყოთ. ეს არა მხოლოდ სამუშაოს, ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, არ არის გამორიცხული კამათი და ჩხუბი, თუმცა ორ დღეში ყველაფერს ისევ სუფთა ფურცლიდან დაიწყებთ.

მერწყული

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, მათთვის საკუთარი განცდების და იდეების გაზიარება სტრესისგან გაგათავისუფლებთ. ახალგაცნობილ ადამიანებთან გულწრფელობას კი უნდა მოერიდოთ – ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მათ საკუთარი გეგმების შესახებ არავითარ შემთხვევაში არ უამბოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა რთული საქმის დაწყების ან უკვე დაწყებულის დასრულებისთვის. დაიმახსოვრეთ ყველა იდეა, რომელიც დღეს თავში მოგივათ. ახალი ნაცნობობა დადებით ემოციებს მოგიტანთ და განწყობას აგიმაღლებთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას – ის ამ დღეს არ გიღალატებთ.