Home Blog Page 1883

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

რეკორდულად მაღალი სავალუტო შესყიდვების შემდეგ, წინა კვირაში სებ-მა 17.1 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. რა შეიძლება ითქვას ლარის კურსის შესახებ ამ და სხვა უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით? აპრილის 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან შედარებითუფრო მაღალია, რაც ცალკე აღებული, ფასების ზრდისა და მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის გამყარების არგუმენტია. ინფლაციის მხრივ, მართალია მაისის სამომხმარებლო ფასების ინდექსის ჯამური დინამიკა პროგნოზთან სრულ შესაბამისობაშია, თუმცა, მომსახურების სფეროში ფასების ყოველთვიური მატება შედარებით მაღალია. ეს ინდიკატორი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს რეალობაში, თიბისი კაპიტალის აზრით, შინაარსობრივად საბაზო ინფლაციის საზომთან ყველაზე ახლოა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ წინა თვეებში ნორმალიზების შემდეგ, მომსახურების ფასების შედარებით მატება მაინც უფრო ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული. ამაზე მიუთითებს მომსახურების ყველაზე მეტად გაძვირებული და გაიაფებული კომპონენტების გამორიცხვის შედეგად მიღებული ტენდენცია.

ამავდროულად, 2 ივნისის მდგომარეობით, ლარის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებითსაშუალო კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან უფრო მეტად დაახლოებას აჩვენებს. თუმცა, სხვადასხვა მკვლევარის მიერ ამ ინდიკატორის შეფასება სულ მცირე შესაძლებელია განსხვავებული იყოს.

მთლიანობაში, როგორც ყოველთვის, ლარის კურსის პროგნოზი არაერთ ახალ ინფორმაციაზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, თუ რა იქნება თუნდაც ევრო/დოლარის წყვილის სამომავლო მიმართულება და სხვა. ამასთან, სადღეისოდ არსებულ შეფასებასა და ლარის მიმდინარე კურსზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ახლო პერსპექტივაში თიბისი კაპიტალის მოლოდინები, ადრინდელთან შედარებით, მართალია მცირე, მაგრამ მაინც გაუფასურებიდან ამჟამად უფრო ნეიტრალურისაკენ შეიცვალა.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

R

“მილიონობით ლარს ახარჯავს ურეიტინგო ტელეკომპანიას”- ლადო ბოჟაძე

FARA-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბიუჯეტის ქურდი, ქართული ჯარის ფულის მიმთვისებელი, ქართული ბიზნესის რეკეტი და ევროკავშირის მოქალაქე პენსიონერების მძარცველი, ოლიგარქი დავით კეზერაშვილი 420 000(ოთხასოცი ათასი) დოლარს იხდის მხოლოდ იმაში რომ, ურეიტინგო ,,ფორმულას” შესახებ ამერიკულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციას „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ.

მისი თქმით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ტელეკომპანია „ფორმულა“ ნაძარცვი ფულით შექმნა, საზოგაოდებისთვის თვალის ასახვევად კი, წილების ნაწილი თანამშრომლებს გადასცა. ბოჟაძე ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ „ბიბისის“ ცნობილმა სიუჟეტმა, სადაც კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ იყო საუბარი, მას ფული და შრომა წყალში ჩაუყარა.

„FARA-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბიუჯეტის ქურდი, ქართული ჯარის ფულის მიმთვისებელი, ქართული ბიზნესის რეკეტი და ევროკავშირის მოქალაქე პენსიონერების მძარცველი, ოლიგარქი დავით კეზერაშვილი 420 000(ოთხასოცი ათასი) დოლარს იხდის მხოლოდ იმაში რომ, ურეიტინგო ,,ფორმულას” შესახებ ამერიკულ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს. მილიონობით ლარს ახარჯავს ურეიტინგო ტელეკომპანიას, რომელიც ნაძარცვი ფულით შექმნა, თვალის ასახვევად მისი წილების ნაწილი თანამშრომლებს გადაცა და ახლა ,,ფორმულას” შესახებ ,,სიმართლის” გავრცელებაში იხდის ფულს. როგორც ჩანს კეზერას კიდევ უფრო ძვირი დაუჯდებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ,,მედიამენეჯერად” მოხსენიება, თუმცა BBC-ის ცნობილმა სიუჟეტმა ეს ფულიც და შრომაც წყალში ჩაუყარა. დღეს კეზერას წინაამდეგ გამოძიებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მიმდინარეობს და სწორედ ამ გამოძიებისთვის ერთგვარი ,,იმუნიტეტის” შექმნის მცდელობაა ლობისტური კამპანიის დაფინანსება, თუმცა მილიარდობით ნაძარცი ფულიდან რამდენი მილიონიც არ უნდა დახარჯოს ,,პატიოსანი ადამიანის” იმიჯის შექნმაში, ვერ საქართველოს და ვერ ევროკავშირის მართლსაჯულებას ოლიგაქი კეზერაშვილი ვერსად დაემალება, ვერც მისი მართვადი ,,ნაცმოძრაობა”, ვერც რადიკალური პოზიცია და ვერც მოსყიდული ენჯეო და მედია სექტორი უშველის!“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid02Q8GBheq82otENz6Ri9fghrZHHosHw5SFKjSFstx5kuH2TighXdnwmo8U7xSpGmetl&id=100063574477264

მსოფლიო პატრიარქმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ამაღლების დღესასწაული მიულოცა

ყოვლადუწმინდეს პატრიარქ ბართლომეოსის ლოცვა-კურთხევით, სტამბოლში იმყოფებოდა და 2023 წლის 25 მაისს უფლის ამაღლების დღესასწაულის საღმრთო ლიტურგიას, როგორც მსოფლიო საპატრიარქოს საპატიო სტუმარი, დაესწრო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. მსახურება ადრიანოპოლის (ედირნეკაფის) ქართული სამრევლოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა (წინამძღვარი: მსოფლიო საპატრიარქოს საყდრის არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა).

როგორც საპატიო სტუმარი, მისმა უწმიდესობამ, ბატონი ზურაბი, ლიტურგიისას, მის გვერდით, მაღალი სახელმწიფო პირებისათვის განკუთვნილ ტახტზე დასვა.

ლიტურგიის დასასრულს, სსუ რექტორმა სიტყვით მიმართა მის ყოვლადუწმინდესობას, რომელშიც ხაზი გაუსვა მსოფლიო პატრიარქის მნიშვნელოვან როლსა და ძმურ მხარდაჭერას საქართველოს ეკლესიისადმი, ილია II-სა და ბართლომეოს I-ის მეგობრობას, მათ საერთო ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე მშვიდობის უზრუნველყოფისა და ქრისტიანული ფასეულობების განმტკიცებაში.

ბატონმა ზურაბმა მართლმადიდებლური სამყაროს უპირატეს პირველიერარქს არქიდიაკონ იოანე ხრისავგისის ქართულად თარგმნილი მონოგრაფია „ბართლომეოსი – მოციქული და წინასწარმხედველი“ გადასცა. აღსანიშნავია, რომ ამ კვლევის თარგმნა სსუ-ის რექტორის ინიციატივითა და მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდა.

ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა ქრისტე მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს სტუმრობისა და ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისათვის. აღინიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა, რაც, ასევე, ბატონი ზურაბის ინიციატივა გახლდათ. მსოფლიო პატრიარქმა სსუ-ის რექტორს სთხოვა ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის, მისი სულიერი ძმის ილია II-სადმი, რომელიც „ქართველი ერის გამაერთიანებელი სულიერი ლიდერია“, ხაზგასმით აღნიშნა მისმა ყოვლადუწმინდესობამ.

სტამბოლში გამართულ ამაღლების საღვთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში, ბატონი ზაზა ნადირაძე, საქართველოდან ჩასული სტუმრები, ადგილობრივი ქართული დიასპორისა და ემიგრაციის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ სსუ ქართულ უნივერსიტეტებში უპირველესია, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. ამით ხაზი გაესვა ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის განსაკუთრებულ ეროვნულ მნიშვნელობას და მის ერთგულებას საკაცობრიო ღირებულებებისადმი, რასაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველდღიურად ადასტურებს.

„ლეგენდარული ერდოღანი, რომელმაც დასავლეთი შეარყია“ – რას წერს „საბაჰში“ თურქეთის პრეზიდენტზე

თურქულ პრესაში აქტიურად გრძელდება სტატიების ბეჭდვა, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის შედეგს – რეჯეფ ერდოღანის გამარჯვებას ეხება. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უპირატესად მხარს ხელისუფლებას უჭერენ (ანუ პროსამთავროებად ითვლებიან), პუბლიკაციების აბსოლუტური უმეტესობა თავისი ხასიათით პოზიტიურია და ქება-დიდებით მოიხსენიებს მესამე ვადით არჩეულ პრეზიდენტს. ზოგიერთი ავტორი უფრო შორს მიდის და რეჯეფ ერდოღანს ლეგენდარულ და მითოლოგიურ გმირად, დიდების შარავანდედით მოსილ ადამიანად წარმოსახავს.

გაზეთ „საბაჰში“ (Sabah) გამოქვეყნებულია სტატია შთამბეჭდავი სათაურით – „ლეგენდარული ერდოღანი, რომელმაც დასავლეთი შეარყია“ (ავტორი – ბერჯან თუთარი). მასში განხილულია თურქეთის მესამე ვადით არჩეული ქვეყნის პრეზიდენტის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოსათვის.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ძველ დროში, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, დედამიწის გეოგრაფიას – მსოფლიოს – შვიდ ნაწილად ჰყოფდნენ, ე.წ. „შვიდ ქვეყნად“: ჩინეთად, ინდოეთად, არაბეთად, სპარსეთად, აფრიკად, ოსმალურ და ბერძნულ მიწებად.

ბოლო 400 წლის განმავლობაში დასავლეთმა ბატონობა დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტზე დაიწყო, თუმცა ამ ასწლეულში აშშ-სა და ევროპის მიერ შექმნილი გლობალური წესრიგი, „საბაზრო ცივილიზაციის“ სახელწოდებით, უკვე ინგრევა. თანამედროვე მსოფლიო ისევ ადრინდელ მრავალპოლუსიანობას უბრუნდება.

ამ ცვლილებებში უდიდესი წვლილი, უეჭველია, „ახალ თურქეთს“ შეაქვს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის ხელმძღვანელობით.

დასავლელი ანალიტიკოსები თურქეთის მეთაურს მსოფლიოს სამი პოლიტიკური ლიდერის – „დიდი სამეულის“ შემადგენლობაში ხედავენ, რომლებიც ახალ მსოფლიო წესრიგს ქმნიან: ვლადიმერ პუტინი, სი ძინპინი და რეჯეფ ერდოღანი.

ამიტომაც აქცევდნენ ესოდენ დიდ ყურადღებას საპრეზიდენტო არჩევნებს თურქეთში, რომელიც საკვანძო ქვეყნად ითვლება როგორც ძველი, ასევე ახალი მსოფლიოსათვის და რომელიც გლობალურ მასშტაბებს ფლობს.

ხატოვნად თუ ვიტყვით, მსოფლიოს შვილი ნაწილი და ოთხი კონტინენტი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ჩვენს ქვეყანაში მომხდარ ისტორიულ მოვლენას – არჩევნებს – „ახალი თურქეთის“ მეორე ასწლეულის მიჯნაზე. შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის არჩევნები მთელი მსოფლიოსათვის საბედისწერო მომენტად უნდა ჩაითვალოს.

იმ მილოცვების გამო, რომლებსაც რეჯეფ ერდოღანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებისაგან ზედიზედ იღებდა 28 მაისის გამარჯვების შემდეგ და იმ საერთო-სახალხო ზეიმის ფონზე, რაც ამ გამარჯვებამ გამოიწვია, ჩვენი პრეზიდენტის ირგვლივ ლეგენდები შეიქმნა.

რეჯეფ ერდოღანი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკაში გლობალური ბრენდი გახდა, „ახალ თურქეთს“ ისეთ მოთამაშედ აქცევს, რომ მსოფლიოსათვის მისაბაძ ნიმუშად ხდება ყველა მიმართულებით.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქმა ხალხმა, რომელმაც სხვა ქვეყნებს დემოკრატიის გაკვეთილი ჩაუტარა 14 და 28 მაისს, თავისი რეკორდულად მაღალი მონაწილეობით სრულიად გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში, პირდაპირ გააცამტვერა დასავლეთის მიერ რეჯეფ ერდოღანისათვის მიწებებული „დიქტატორის“ იარლიყი.

თურქეთის პრეზიდენტის ლეგენდარული წარმატება ძირს უთხრის გლობალურ სტატუს-ქვოს არა მარტო პოლიტიკურ არენაზე, არამედ სამხედრო, კულტურულ, ეკონომიკურ ფრონტებზე და არის შთაგონების წყარო იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც იმპერიალისტური ცენტრის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებიან.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ იბნ ჰალდუნის (არაბი ფილოსოფი, ისტორიკოსი და მოაზროვნე) ისტორიული და სოციალურად ორიენტირებული დიალექტიკური თეორია, რომელიც აქცენტირებულია და დამყარებულია „ასაბიაზე“ – ანატოლიურ ცოდნაზე, თავის ყველანაირ განსახიერებას სწორედ „ახალ თურქეთში“ ამჟღავნებს.

და დღეს სწორედ ამ ცოდნის მფლობელი ძალა არყევს დასავლური სამყაროს ტახტს. ევროპული ქვეყნების ლიდერები ზედიზედ უკან იხევენ რეჯეფ ერდოღანის ლეგენდარული დიდების წინაშე.

უკვე არა მხოლოდ აღმოსავლეთმა, არამედ დასავლეთმაც დაიწყო იმედების დამყარება რეჯეფ ერდოღანზე, რომელიც საკვანძო მოთამაშე გახდა მსოფლიო დიპლომატიაში და კრიზისების დარეგულირებაში.

ამ ყველაფერს იმისკენ მივყავართ, რომ „თურქული საუკუნის“ სახელით ისევ ვრცელდება ოსმალური უნივერსალიზმი, რომელიც მსოფლიოს ძალიან ჭირდება.

ამრიგად, „ახალი თურქეთის“ წყალობით, რომელმაც დასავლეთის ბატონობას დაარტყა, მსოფლიო კვლავ თავის ნამდვილ – შვიდნაწილიან – სახეს იღებს, უკვე ძალიან მონატრებულ და სასურველ სახეს.

წყარო

2023 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა 

2023 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაშუქება, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში და საქართველოში საუკეთესო, გამორჩეული სამეცნიერო კვლევითი პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე:

https://shorturl.at/fprD

რა წერია მთავრობის წლიურ ანგარიშში, რომელიც ბიუროს დღეს წარედგინება

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში თვის ბოლოს მივა. მანამდე კი მთავრობის წლიური ანგარიში ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება. ანგარიში 164-გვერდიანია.

პრემიერის წლიური ანგარიში პარლამენტშია. დოკუმენტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც ის ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და კომიტეტებს გადაეგზავნება. ყოველწლიური მოხსენებით მთავრობის მეთაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგაზაფხულო სესიის ბოლოს, სავარაუდოდ 30 ივნისს წარდგება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამთავრობო პროგრამით დასახული მიზნების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ მიუყვება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგს და გლობალური გამოწვევების ფონზე ახორციელებს მშვიდობიან და პრაგმატულ პოლიტიკას.

მთავრობის ინფორმაციით, რეფორმათა განხორციელება და ქვეყნის ინსტიტუციური გაძლიერება გრძელდება პროგრამით განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით, რაც წარმოადგენს საგზაო რუკას საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და კეთილდღეობის ამაღლებისთვის.

ანგარიშის თანახმად, გასული წელი საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ისტორიული შედეგით აღინიშნა − 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ.

„ევროინტეგრაციის გზაზე მორიგი ხელშესახები ნაბიჯი ხაზს უსვამს მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ფაზაში გადაჰყავს, რაც, თავის მხრივ, კატალიზატორია რეფორმების ტემპის ინტენსიფიკაციისთვის. ამ მიმართულებით გრძელდება ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულება და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც წარმოადგენს ჩარჩოს ევროკავშირთან მეტი დაახლოებისთვის ყველა პრიორიტეტულ სექტორში. გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების ფონზე გაღრმავდა ურთიერთობები ნატო-სთან − მადრიდის სამიტზე დამტკიცდა საქართველოსთვის მორგებული ღონისძიებათა დოკუმენტი, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და მედეგობას. საქართველო და აშშ კვლავ რჩებიან საიმედო მოკავშირეებად და სტრატეგიულ პარტნიორებად, ასევე საქართველო ინარჩუნებს ორპარტიულ მხარდაჭერას აშშ-ის კონგრესში და ხელს უწყობს აშშ-ის ჩართულობის ზრდას შავი ზღვის რეგიონში“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია რუსეთზეც. მთავრობის განმარტებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა შეუქცევადად არის მიმართული რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, დევნილი მოსახლეობის მშვიდობიანი დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვისკენ.

„ამისათვის საქართველოს დიპლომატიური სამსახური შესაძლებლობების ფარგლებში იყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა მობილიზებულ იქნეს მაქსიმალური საერთაშორისო ყურადღება და გაძლიერდეს წნეხი რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, – ნათქვამია დოკუმენტში. მთავრობა აღნიშნავს, რომ აქტიურად მუშაობენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის.

„აშშ-თან თანამშრომლობით დაიწყო თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) განხორციელება, მიმდინარეობს ურთიერთთავსებადობის ამაღლება ნატო-ს წევრ ქვეყნებთან და ამ მიზნით საქართველო ჩართულია სამხედრო სწავლებებში. თავდაცვის სფეროს რეფორმირებისა და სამხედრო სამსახურის გაძლიერებისთვის მომზადდა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში. უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით წარიმართა მუშაობა დანაშაულთან ბრძოლის სისტემის გაძლიერებისა და საპოლიციო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის, რისთვისაც გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, გამოძიების ხარისხის ამაღლება და მისი ინსტიტუციური გაძლიერება. დამტკიცდა 2022−2030 წლების ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის გრძელვადიან ხედვას და კონკრეტულ მიზნებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფისა და სისტემური დაცვისთვის“, – ნათქვამია ანგარიშში.

მთავრობა ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკურ ზრდაზეც. მთავრობის ცნობით, ზედიზედ მეორე წელს მიღწეულ იქნა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (2022 წელს − 10,1%), რომელიც საფუძვლად დაედო მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და უმუშევრობისა და სიღარიბის დონის რეკორდულად დაბალი მაჩვენებლის მიღწევას.

„სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ შემცირდა ინფლაცია. წინასწარი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა მდგრადია 2023 წელსაც და პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელი 7,2%-ს შეადგენს. განსაკუთრებით სწრაფად აღდგა ტურიზმის სექტორი, რომელმაც გააუმჯობესა პრეპანდემიური შედეგები და 2023 წლის პირველ კვარტალში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 37,5%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

მთავრობა აქცენტს აკეთებს სოციალურ მიმართულებაზეც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის განვითარებასა და დახვეწაზე.

„ჯანდაცვის სფეროში სისტემური რეფორმებისა და ახალი მექანიზმების დანერგვით სულ უფრო მცირდება მოსახლეობის ფინანსური ტვირთი და ჯიბიდან გადახდების წილი, რომელმაც 2022 წელს 41% შეადგინა. ამოქმედდა დიაგნოზით შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მეთოდოლოგია, რაც საშუალებას იძლევა, არსებული რესურსი უფრო ეფექტიანად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ფარმაცევტულ პროდუქტებზე დაწესდა რეფერენტული ფასები. შედეგად, მოსახლეობისათვის მედიკამენტური საშუალებები დაახლოებით 40%-ით გაიაფდა. მაღალკვალიფიციური და თანამედროვეობის საჭიროებებზე მორგებული ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს გრძელვადიან საწინდარს საქართველოს განვითარებისა და ღირსეული პოზიციონირებისათვის. ამ მიზნით, მთავრობა კვლავაც მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავდა განათლების სისტემის რეფორმის განხორციელებისა და თითოეულ საფეხურზე სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ. თანასწორი, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის განათლების სექტორის ჩამოყალიბებისათვის დამტკიცდა „2022−2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ეროვნული სტრატეგია“. დაიწყო საბავშვო ბაღების მშენებლობის/რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში, 885 ბაღი აშენდება და რეაბილიტირდება და ამ მიზნით სახელმწიფო 1,3 მილიარდ ლარს დახარჯავს. დაიწყო ერთი მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ჯამში, დასრულებულია 133 და მიმდინარეობს 53 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია“, – განმარტავს მთავრობა.

“ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.4 პროცენტით გაიზარდა” – „საქსტატი“

2023 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.4 პროცენტით გაიზარდა და 44.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 15.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია: 2023 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 14.0 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 16.7 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 49.2 პროცენტი, საშუალოზე – 23.0 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 27.8 პროცენტი.

„2023 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 24.1 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.0 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 15.7 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.9 პროცენტით მეტი) შეადგინა.

2023 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 716.1 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3 პროცენტი ქალია, ხოლო 56.7 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.0 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 35.3 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 677.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 3 645.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.2 პროცენტით მეტი).

2023 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 759.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 279.4 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 395.5 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 208.8 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 899.4 ლარი

⦁ საშუალო ბიზნესი – 2 030.1 ლარი

⦁ მცირე ბიზნესი – 1 368.7 ლარი.

2023 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.3 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 7.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 4.9 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.5 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 9.5 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება: 2023 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.2 პროცენტი) და ვაჭრობა (19.2 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (14.9 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (8.9 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 35.8 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2023 წლის I კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.9, 12.3 და 10.3 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.2 პროცენტი), აგრეთვე მშენებლობის (8.0 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაციის (5.9 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (4.9 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

⦁ ქ. თბილისი – 80.2 პროცენტი

⦁ აჭარის ა.რ. – 5.0 პროცენტი

⦁ ქვემო ქართლი – 4.7 პროცენტი

⦁ იმერეთი – 2.9 პროცენტი

⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.0 პროცენტი

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს ასევე ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

⦁ ქ. თბილისი – 65.4 პროცენტი

⦁ აჭარის ა.რ. – 8.5 პროცენტი

⦁ ქვემო ქართლი – 8.2 პროცენტი

⦁ იმერეთი – 5.8 პროცენტი

⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5 პროცენტი.

დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

⦁ ქ. თბილისი – 65.2 პროცენტი

⦁ აჭარის ა.რ. – 9.3 პროცენტი

⦁ იმერეთი – 6.9 პროცენტი

⦁ ქვემო ქართლი – 5.8 პროცენტი

⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი

⦁ კახეთი – 2.8 პროცენტი

⦁ შიდა ქართლი – 2.2 პროცენტი

⦁ მცხეთა-მთიანეთი – 1.6 პროცენტი

⦁ სამცხე-ჯავახეთი – 1.4 პროცენტი

⦁ გურია – 0.9 პროცენტი

⦁ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.2,“ – აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბანდის მეთაური იყო”- თემურ გვალია

სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პატიმრობა ორჯერ მომიწია და ორივეჯერ საშინელება ვნახე. 7 საპყრობილე მაქვს გამოვლილი. მოგეხსენებათ, ერთი რა იყო და 7 კარანტინის გავლა როგორი იქნებოდა, – ამის შესახებ მსახიობმა, თემურ გვალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პროცესს სანატორიუმი უწოდა და „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ციხეებში არსებული სიტუაცია დეტალურად გაიხსენა. აღწერა, თუ რისი გავლა და მოთმენა უწევდა მაშინ ციხეში მყოფ პატიმარს. მან შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ბანდის მეთაურად მოიხსენია.

„მერაბიშვილი ამ ბანდის ერთ-ერთი მეთაური იყო – ასე ვიტყვი. კი, იჯდა ციხეში, მაგრამ ციხეში მაგას ეძახიან „მალინას“. მაგისთვის 6 წელი არის ოაზისი, რაც მან აკეთა!“, – განაცხადა თემურ  გვალიამ.

“უკრაინა ნატო-ს ინტერესებისთვის იბრძვის, ამიტომ ის ალიანსისკენ სწრაფ გზას იმსახურებს”

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინა ნატო-ს ინტერესებიდან გამომდინარე იბრძვის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის მოკავშირე სახელმწიფოებს და ამიტომ იმსახურებს ალიანსის ნაწილი გახდეს.

„უკრაინა იბრძვის ნატო-ს ინტერესებისთვის იმ გაგებით, რომ იცავს სასტიკი რუსული ძალისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის ნატო-ს ბევრ ქვეყანას. მიმაჩნია, რომ უკრაინა იმსახურებს, შესთავაზონ ძალიან სწრაფი გზა ნატოს-კენ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

მისი თქმით, ეს საკითხი ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის სახელმწიფო სისტემის გარკვეული პრობლემები.

მორავიეცკიმ ასევე მოუწოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ტერიტორიულად მოშორებით მდებარეობენ, უკრაინას მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ.

რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში, რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე დაკავებულია.

ვარშანიძეს ბრალად ძალადობა ედება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე დაიწყო.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში კაცი მიმტანზე. ვიდეოს Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული პიროვნება, რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძეა.

ამასთან, რესტორნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვარშანიძე თანამშრომლებზე წლების განმავლობაში ძალადობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა დატოვა და ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.

“როდესაც პრეზიდენტი სიტყვა „დეფიტიზმს“ ახსენებს, უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ იმ ადამიანების შთამომავლები ვართ, ვინც დარჩა საქართველოში და საქართველო შევინახეთ”-სუბარი

ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი ახმოვანებს არა იმ ხალხის პოზიციას, რომელმაც აირჩია, არამედ უცხო ძალების პოზიციას და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული ვარ, რომ [როდესაც პრეზიდენტი ხელისუფლების საგარეო კურსის ცვლილების შესახებ განცხადებებს აკეთებს] ანგარიშს უწევს უცხო ძალებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მან ტერმინი „დეფიტიზმის“ ახსენა, რომელიც არის მარცხისადმი შემგუებლობა, თითქოს ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება შეეგუა მარცხს და მუდმივად დამარცხებულის პოზიციიდან ლაპარაკობს. როდესაც ქალბატონი სალომე ავირჩიეთ, ერთადერთი გამართლება ჰქონდა ამ არჩევანს – რომ ის არის ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების წარმომადგენელთა შთამომავალია და რაღაცნაირად ისტორიის გამთლიანებას ვუწყობდით თითქოს ხელს.

მაგრამ როდესაც სიტყვა „დეფიტიზმს“ ახსენებს, უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ იმ ადამიანების შთამომავლები ვართ, ვინც დარჩა საქართველოში და საქართველო შევინახეთ. აქ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, აქ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას და აქ ვქმნიდით ქართულ კულტურას და აქ ვცოცხლობდით. ზოგი დახვრიტეს, ზოგი გაციმბირებული იყო, ზოგი თანამშრომლობდა რეჟიმთან – კი, ესეც იყო, ზოგი უბრალოდ ჩუმად იყო და გულში კლავდა თავის სურვილებს, მაგრამ საქართველო აქ გადავარჩინეთ, არ გავქცეულვართ ქვეყნიდან და შორიდან არ ვლაპარაკობდით საქართველოზე. არ არის სამართლიანი, როდესაც ადამიანი, რომელიც დავაბრუნეთ ქვეყანაში და მივანიჭეთ პატივი, რომ იყოს ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ასეთი ტერმინებით საუბრობს“, – განაცხადა სუბარმა.

2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე აისახა -მთავრობის ანგარიში

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე აისახა. აღმასრულებელი ხელისუფლება დასაქმების პოლიტიკაზე წლიურ ანგრიშში საუბრობს, რომელიც პარლამენტს წარუდგინა.

მთავრობის ცნობით, 2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს − 17.3%-ს გაუტოლდა.

„უმუშევართა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა და 267.9 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად − 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. 2022 წელს დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, რაც, წინა წელთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით ზრდაა. პანდემიის შემდგომ, 2021 წლის მესამე კვარტალიდან, სტაბილურად ფიქსირდება დასაქმების ზრდა, ხოლო 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელსაც (შესაბამისად, 47.4 და 28.3 ათასით). დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა განპირობებული იყო როგორც დაქირავებით დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების რაოდენობის ზრდით. მთავრობის ცნობით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს 12 645 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, მათ შორის 8811 პირი სოციალურად დაუცველია. “2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით − 3 815 დასაქმდა, საიდანაც 3600 სოციალურად დაუცველი მოსარგებლეა. პროფესიული გადამზადება 609 პირმა აირჩია. ხელფასის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში, 2022 წელს ჩაერთო 6 დამსაქმებელი და 6 შშმ სამუშაოს მაძიებელი. შემოსავლების სამსახურთან მოსარგებლეთა მთლიანი ბაზის შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია – 3 684 მოსარგებლე. მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსების ფარგლებში, 2022 წელს სწავლა 1313-მა მოსარგებლემ დაასრულა, ხოლო 2023 წელს პირველ კვარტალში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების კომპონენტში 33 მიმწოდებელი ჩაერთო. სწავლების პროცესში ჩაერთო 563 სამუშაოს მაძიებელი. ამასთან, სტაჟირების კომპონენტში 2022 წელს ჩაერთო 24 დამსაქმებელი და 283 სტაჟიორი, მათ შორის, 12 შშმ პირი. აღნიშნულის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დასაქმებულია – 151 სამუშაოს მაძიებელი. საშუამავლო მომსახურების ფარგლებში 2022 წელს დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 10 017 თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულია 671 სამუშაოს მაძიებელი. 2023 წლის პირველ კვარტალში დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 2716 თავისუფალ სამუშაო ადგილზე ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 295 სამუშაოს მაძიებელი. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 32 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი”, – ნათქვამია ანგარიშში.