“ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.4 პროცენტით გაიზარდა” – „საქსტატი“

65
spot_img

2023 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 14.4 პროცენტით გაიზარდა და 44.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 15.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია: 2023 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 14.0 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 16.7 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 49.2 პროცენტი, საშუალოზე – 23.0 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 27.8 პროცენტი.

„2023 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 24.1 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.0 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 15.7 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.9 პროცენტით მეტი) შეადგინა.

2023 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 716.1 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3 პროცენტი ქალია, ხოლო 56.7 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.0 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 35.3 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 677.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 3 645.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.2 პროცენტით მეტი).

2023 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 759.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 279.4 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 395.5 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 208.8 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 899.4 ლარი

⦁ საშუალო ბიზნესი – 2 030.1 ლარი

⦁ მცირე ბიზნესი – 1 368.7 ლარი.

2023 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.3 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 7.8 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 4.9 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.5 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3.4 პროცენტიანი წილით, ხოლო 9.5 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება: 2023 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.2 პროცენტი) და ვაჭრობა (19.2 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (14.9 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (8.9 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 35.8 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2023 წლის I კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.9, 12.3 და 10.3 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.2 პროცენტი), აგრეთვე მშენებლობის (8.0 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაციის (5.9 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (4.9 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

⦁ ქ. თბილისი – 80.2 პროცენტი

⦁ აჭარის ა.რ. – 5.0 პროცენტი

⦁ ქვემო ქართლი – 4.7 პროცენტი

⦁ იმერეთი – 2.9 პროცენტი

⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.0 პროცენტი

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს ასევე ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

⦁ ქ. თბილისი – 65.4 პროცენტი

⦁ აჭარის ა.რ. – 8.5 პროცენტი

⦁ ქვემო ქართლი – 8.2 პროცენტი

⦁ იმერეთი – 5.8 პროცენტი

⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.5 პროცენტი.

დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

⦁ ქ. თბილისი – 65.2 პროცენტი

⦁ აჭარის ა.რ. – 9.3 პროცენტი

⦁ იმერეთი – 6.9 პროცენტი

⦁ ქვემო ქართლი – 5.8 პროცენტი

⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი

⦁ კახეთი – 2.8 პროცენტი

⦁ შიდა ქართლი – 2.2 პროცენტი

⦁ მცხეთა-მთიანეთი – 1.6 პროცენტი

⦁ სამცხე-ჯავახეთი – 1.4 პროცენტი

⦁ გურია – 0.9 პროცენტი

⦁ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.2,“ – აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.