Home Blog Page 1877

პრემიერმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საზეიმო მიღებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„უკრაინის არმია ყველანაირად ცდილობს ჯარში გასაწვევად „კარგი“ ახალგაზრდები იპოვოს” – უცხოური პრესა

უკრანაში მობილიზაციის ახალ სტრატეგიას ამზადებენ. ომში ბევრი მებრძოლი იღუპება და სახიჩრდება. არმიას შევსება ჭირდება, ცოცხალი ძალა, ფრონტზე  დაღუპულ-დაჭრილები ჩასანაცვლებლად, ჯარში წამსვლელი მოხალისეები ცოტაა. ამიტომ ზოგიერთ ოლქში ადგილობრივმა სამხედრო კომისარიატებმა სპორტდარბაზებში და სავაჭრო ცენტრებში რეიდების განხორციელება დაიწყეს. უკრაინელები არმიაში წასვლას თავს არიდებენ, მგრამ კიევს იმედი აქვს, რომ ჯარის დაკომპლექტების ახალი მეთოდები გაამართლებს, – ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის არმია ყველანაირად ცდილობს ჯარში გასაწვევად „კარგი“ ახალგაზრდები იპოვოს და მათ უკეთესი პირობები შესთავაზოს. რუსეთიც დიდ დანაკარგებს განიცდის მაგრამ მოსკოვს ცოცხალი ძალის მხრივ უპირატესობა აქვს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის არმიაში გაწვეული ახალგაზრდები ქვეყნის საზოგადოების სხვადასხვა ფენებს განასახიერებენ, მაგრამ მათ ერთი საერთო ნიშანი აერთიანებთ: ახალწვეულებს არავინ არ ეკითხება, თუ რა აინტერესებთ და სადაც მეთაურობა ჩათვლის საჭიროდ, მათ იქ გზავნიან. მაგალითად, დასავლეთ ევროპაში წრთვნა გავლილი ახალწვეულებიდან არავინ არ ელოდა, რომ მათ ყველაზე ცხელ ადგილზე გაგზავნიდნენ [უაზროდ] საბრძოლველად [სადაც ჯარისკაცები ბუზივით იხოცებიან მასირებული დაბომბვებით]. ზოგიერთები მოხალისეებად ჩაეწერნენ და იმედი ჰქონდათ, რომ პროფილურ ქვედანაყოფებში მოხვდებოდნენ – დრონების ოპერატორებად ან არტილერისტებად. ზოგიერთები სოფლებში მამაკაცები პირდაპირ სახლებიდან ძალით გამოიყვანეს. ერთ-ერთმა შუა ხნის ახალწვეულმა ყბის პროთეზების აღებაც კი ვერ მოასწრო. ასეთი კონტინგენტით დანაკარგებიც დიდია: დონბასის ფრონტის სანგრებში მჯდარმა ოცეულმა ერთ კვირაში ექვსი ადამიანი დაკარგა.

დიახ, უკრაინელების არმიაში გაწვევას თან კურიოზებიც ახლავს, მწვავე და მწარე ისტორიებიც ბევრია. კიევი თავგანწირულად ცდილობს დაიცვას თავისი მიწა რუსების შეტევისაგან. ისიც ცხადია, რომ მსოფლიოს არცერთი ქვეყნის არმია არ მისცემს გარანტიას ახალწვეულს მისი სურვილის მიხედვით დისლოკაციის ადგილის თაობაზე, მით უმეტეს, საომარი მდგომარეობის დროს.

ჯარში გაწვევა სულ უფრო რთულდება: სამხედრო კომისარიატებში ნებაყოფლობით არავინ არ  მიდის. ამიტომაც ზოგიერთი გაწვევის პუნქტის თანამშრომლები სპორტდარბაზებში და სავაჭრო ცენტრებში რეიდებს აწყობენ, ასეთი წესით არმიაში გაგზავნილებიდან ძალიან ცოტა ხდება ნამდვილი ჯარისკაცი. „ჩვენთან მოჰყავთ 45-47 წლის მამაკაცები“, – ჩივის ერთ-ერთი ფრონტელი მეთაური, – „მათ ჯერ ფრონტის ხაზზე არ მოუღწევიათ და უკვე დაიღალნენ, სულს ძლივს ითქვამენ“.

გააცნობიერა რა პრობლემის არსებობა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სექტემბერში ახალ სამობილიზაციო სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. სამხედრო უწყების წარმომადგენლის  ილარიონ პავლიუკის თქმით, „ამჟამინდელმა სისტემამ საკუთარი თავი ამოწურა. ბევრმა უკრაინელმა შეცდომით ჩათვალა, რომ მის ნაცვლად ვიღაც სხვამ უნდა იბრძოლოს. ასე აღარ უნდა გაგრძელდეს“.

რეფორმების მიხედვით, ახალწვეულებს ფართო არჩევანი ექნებათ კონკრეტული სახეობის ჯარებში სამსახურისათვის. გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეების დასვენებისა და როტაციის მკაფიო სისტემა. მოხალისეები განსაზღვრული დროით იმსახურებენ და არა ისე, როგორც ახლა – უვადოდ. შეიქმნება ციფრული რეესტრი, რომელიც ქვეყნის საკადრო რესურსების უკეთ გაგებას გულისხმობს.

სხვათა შორის, უკრაინაში არიან ცალკეული ქვედანაყოფები, რომლებშიც მობილიზაციის კამპანია ნორმალურად მიმდინარეობს, მაგალითად, მე-3 შემტევი ბრიგადა – უკრაინის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფს წარმოადგენს. უკრაინაში ბევრგან დაინახავთ სარეკლამო  განცხადებებს, პლაკატებს შენობათა კედლებზე, რომელთა მიხედვით, ბრიგადის ჯარისკაცები გობლინებს – ბოროტების სიმბოლოებს ებრძვიან. ბრიგადის რეპუტაცია მაღალია – კარგი ტექნიკა, სამხედრო საქმის კარგად მცოდნე მეთაურები, სამსახურის კარგი პირობები საკმაოდ ბევრ უკრაინელ ახალგაზრდას იზიდავს. „რასაკვირველია, ავდეევკაში (ქალაქში, სადაც გაცხარებული ბრძოლები მიმდინარეობს) გაგზავნა და იქ ბრძოლა არავის არ ხიბლავს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც, მათთან შესაბამისი მუშაობის შემდეგ, ბრძოლაზე თანხმობას აცხადებენ“, – ამბობს ბრიგადის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ქრისტინა ბონდარენკო.

რა თქმა უნდა, რუსეთსაც აქვს სამობილიზაციო პრობლემები. კრემლის ტაქტიკის მიხედვით, წარმატება ომში ცოცხალი ძალის რაოდენობით შეიძლება იქნეს მიღწეული. რუსეთის სარდლობა ფრონტის ხაზზე ხშირად მოუმზადებელ ახალწვეულებს აგზავნის, შესაბამისი შეიარაღების გარეშე. როგორც ჩანს, ამითიც არის გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი დონე – ყოველდღიურად თითქმის 1000 რუსი ჯარისკაცი იღუპება. მაგრამ ელემენტარული მათემატიკა გვაჩვენებს, რომ უკრაინა სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის მხრივ კოლოსალური გამოწვევის წინაშე დგას: რუსეთს, რომელიც უკრაინას მოსახლეობით ოთხჯერ ჭარბობს, ოთხჯერ მეტი რაოდენობის ჯარისკაცის გაწვევა შეუძლია. რუსეთში არსებობს ისეთი ეკონომიკურად ჩამორჩენილი რეგიონები, სადაც არმიაში სამსახური სტაბილური შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ითვლება. სხვათა შორის, საკმაოდ კარგი ანაზღაურებით.

საერთოდ, კრემლმა ომისათვის მინიმალური მოთხოვნები სწორედ საკონტრაქტო გაწვევით დაიკმაყოფილა, ამიტომაც მოსკოვი მთლიან მობილიზაციას თავს არიდებს. ვლადიმერ პუტინს რომ სრული მობილიზაცია გამოეცხადებინა, მაშინ მას მოუწევდა იმის აღიარება, რომ რუსეთი უკრაინასთან ოფიციალურად იმყოფება ომის მდგომარეობაში, ახლა კი ისეთი ვითარების იმიტაცია ხდება, რომ ომი კი არ მიმდინარეობს, არამედ რაღაც შეზღუდული სახის „სპეცოპერაცია“.

უკრაინაში უკვე გაჩნდნენ სამხედრო სარდლობისა და მთავრობის კრიტიკოსები, რომელთა მტკიცებით, არმიის მდგომარეობა სავალალოა და რეფორმა ძალიან გვიანდება. მაგალითად, გადამდგარი პოლკოვნიკი ვიქტორ კამლიუკი აცხადებს, რომ „უკრაინა შეიძლება ხაფანგში აღმოჩნდეს, თუ მომავალი წლის მარტისათვის კარგად არ მოემზადება – როგორც კი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ვლადიმერ პუტინის ისევ უმაღლეს მთავარსარდლად დარჩება, კრემლი მთელი ძალებით შეეცდება ომის გაგრძელებას. ამიტომაც კიევმა საერთო-ეროვნული მობილიზაცია უნდა გამოაცხადოს“.

მაგრამ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მთელი ომის განმავლობაში მაქსიმალისტურ მოწოდებებს ეწინააღმდეგება და არ ეთანხმება გასაწვევი ასაკის ოფიციალურ მომატებას არარეზერვისტებისთვის, რომელიც ამჟამად 27 წლით განისაზღვრება. რასაკვირველია, იგი, ალბათ, პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს – პრეზიდენტს ხალხში უკმაყოფილების გამოწვევა არ სურს: „პრეზიდენტს არ უნდა, რომ მას დიქტატორის სახელი ჰქონდეს“.

რა თქმა უნდა, ომის დროს, ასეა თუ ისე, ზოგჯერ რთული და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია. პოლკოვნიკ ვიქტორ კამლიუკის თქმით, არმია ისეთი მტაცებელია, რომელიც მუდმივად საკვებს ითხოვს: „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. გვიწევს, რომ ვიყოთ სასტიკები და სისხლისმსმელები. თუ ამ ომს წავაგებთ, ყველა ცუდ დღეში აღმოვჩნდებით“.

მოკლედ, მთავარი ამოცანაა ახალწვეულები დარწმუნება ბრძოლისათვის, მათი მოტივაციის გაძლიერება. ჯერ-ჯერობით კი სიტუაცია სასურველი არ არის. „მე მზად ვარ ვემსახურო ქვეყანას იქ, სადაც მეტი სარგებლობის მოტანა შემიძლია, ჩემი ცოდნით და უნარით. ახლა კი დღე-ღამეში 24 საათი მხოლოდ საევაკუაციო სამსახურში ვარ და ვხედავ, რომ ზოგჯერ უაზროდ უამრავი უკრაინელი იღუპება“, – ამბობს დონბასის ერთ-ერთ ცხელ წერტილში მყოფი მეომარი, მეტსახელად „დირიჟორი“, რომლის დასკვნით, „არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ასეთი დაუფასებლობა და პრიმიტიულად გამოყენება“.

წყარო

“მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება”

Medical supplies, pills and capsules

მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტებს დიდ ფარმაცევტულ ქსელებში თითქმის იდენტური ფასი აქვს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას.

„ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის შეთანხმების საფუძველზე კი – იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია.

მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე უახლოეს მომავალში სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება“,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრი გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ნენსი ფეზერს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. მთავრობის მეთაურმა გამოჩენილი მხარდაჭერისათვის გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისადმი განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობისა და ურთიერთნდობის პრინციპებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ტანია ჰუტი, მიგრაციის საკითხებში ფედერალური მთავრობის სპეციალური კომისარი იოაკიმ სტამპი, ასევე დაგეგმვისა და კომუნიკაციების აღმასრულებელი დირექტორატის უფროსი ბასტიან ფლეიგი.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

“რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს” – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, რუსეთი რესპუბლიკაში ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს.

„ვფიქრობთ, რომ რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს აქ სიტუაციის დესტაბილიზაციას. სავარაუდოდ, ისინი დაახლოებით გაზაფხულიდან დაიწყებენ. აქ მყოფ ადამიანებს გამოიყენებენ, ტაქტიკა შეიძლება შეიცვალოს“, – განაცხადა სანდუმ PRO-TV-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მოლდოვის ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს გასული ადგილობრივი არჩევნების გაკვეთილები, გააანალიზოს ისინი და მიიღოს ზომები მოქალაქეთა ხმებისა და დემოკრატიული არჩევნების დასაცავად.

“საქართველოში ყოველი მე-4 ქალი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა” – კვლევა

საქართველოში ყოველი მე-4 ქალი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა, – აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის მხარდაჭერით, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებულ ახალ ეროვნულ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ეხება.

ამავე კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, 24%-ს – ფსიქოლოგიური ძალადობა; 8%-ს – ეკონომიკური ძალადობა; 6%-ს – ფიზიკური ძალადობა; 4%-ს – კი სექსუალური ძალადობა.

საქართველოში სექსუალური ძალადობა 18 წლამდე ასაკში ქალების 8.5%-ს გამოუცდია.

კვლევის თანახმად, ყოველ მე-5 ქალს, რომელსაც პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა გამოუცდია, ტრავმაც მიუღია. შემთხვევების 45.8%-ს ბავშვი შესწრებია. ამ ქალების 16.8%-ს ერთხელ მაინც უფიქრია თვითმკვლელობაზე, ან თვითდაზიანებაზე.

„საქართველოში ყოველ მე-4 ქალს სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. როგორც ახალ ეროვნულ კვლევაშია აღნიშნული, ქალები, ამბობენ, რომ ამ შემთხვევების 41% ქუჩაში ხდება; 28% – საზოგადოებრივ ტრანსპორტში; 11% – სკოლაში ან უნივერსიტეტში; 8% – სამუშაო ადგილზე. საქართველოში ქალების 8.5%-ს ცხოვრების განმავლობაში ადევნება გამოუცდია.

15-24 წლის გოგოები, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობენ, ადევნების მსხვერპლები ყველაზე ხშირად ხდებიან ხოლმე. ეს ნეგატიური გამოცდილება გოგოებს შემთხვევების 89%-ში კაცებისგან მიუღიათ, 57.5%-ის შემთხვევაში კი – უცნობებისგან.

საქართველოში სულ უფრო ნაკლებად მიაჩნიათ, რომ ცოლ-ქმარს შორის ძალადობა მხოლოდ მათი პირადი საქმეა, თუმცა, ყოველი მე-5 ქალი და მე-3 კაცი კვლავაც ფიქრობს, რომ სხვისი ოჯახის საქმეში არ უნდა ჩაერიოს.

ქალების უმრავლესობა გამოცდილ ძალადობაზე არ ლაპარაკობს. ამ თემაზე 38.2 %-ს არავისთან უსაუბრია; რომელიმე ორგანიზაციისთვის დახმარება 10-დან 2 ქალს უთხოვია; პოლიციისთვის კი 10-დან 1-ს მიუმართავს.

რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა. თვისებრივმა კვლევამ კი 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ, ჯამში 171 რესპონდენტი მოიცვა. კვლევამ შეისწავლა, თუ როგორია ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის გავრცელება, რა გავლენა აქვს მას ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, რამდენად ფლობენ ისინი ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ და სარგებლობენ თუ არა ამ სერვისებით, როგორია საზოგადოების დამოკიდებულებები ქალთა მიმართ ძალადობასთან, მის მიზეზებთან, შედეგებსა და აღკვეთის გზებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია კვლევაში.

ინფორმაცია, თითქოს „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერისთანავე ჩვენს მოქალაქეებს გერმანიას დაატოვებინებენ და გამოაძევებენ, სრული სიცრუეა -ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერისთანავე, საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან გამოძევების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების მიზანი უკანონო მიგრაციის პრევენციაა.

„გერმანიასა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმებას. შეთანხმების პროექტი მოიცავს დებულებებს შემდეგ საკითხებზე: უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება. უკანონო მიგრაციის შემცირების მიმართულებით შეთანხმების კონვერტში აღნიშნულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანის ვაჭრობის, ტრეფიკინგის დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე, უნებართვოდ ცხოვრებისა და რეადმისიის პროცესში თანამშრომლობის განმტკიცებას. ყურადღება გამახვილებულია, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციასა და დისკრიმინაციისგან მათ აქტიურ დაცვაზე. ასევე, საჭიროა, საინფორმაციო კამპანიების წარმოება გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის. შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობას. გერმანულ შრომის ბაზარზე ქართველებისთვის საქმიანობის დაწყებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას. გამარტივდება სამუშაო ვიზები, რომელიც პრობლემაა, დღეიდან შედარებით მარტივი იქნება. ინფორმაცია გავრცელდა სხვანაირად, თითქოს, დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა, დაატოვებინებენ მათ ქვეყანას… ეს სიცრუეა! რეადმისია წლების განმავლობაში ხორციელდება. ინფორმაცია, თითქოს, დღეიდან ხელი მოეწერება თუ არა, ჩვენს მოქალაქეებს გერმანიას დაატოვებინებენ და ქვეყნიდან გამოაძევებენ, სრული სიცრუეა. წლების განმავლობაში რეადმისია ხორციელდება და გაგრძელდება“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თიბისი გამარჯვებულია ნომინაციაში „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“  

თიბისი, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონული კონფერენციის − „GITI 2023“ ფარგლებში გამართულ კონკურსში დაჯილდოვდა ნომინაციაში „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“.

11-12 დეკემბერს საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. კონფერენციის მიზანი საქართველოში მნიშვნელოვანი IT პროექტების და ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის წარმოჩენაა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა კონკურსი, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო IT პროექტების გამოვლენა, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებასა და მათ ციფრულ ტრანსფორმაციას.

ნომინაციაში „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“ თიბისი დაჯილდოვდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებისთვის, რომლებსაც თიბისის IT აკადემია ახორციელებს.

თიბისისთვის, განათლება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავრი მიმართულებაა და როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის – ხარისხიან IT განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტია. IT აკადემია თიბისიმ 2019 წელს შექმნა. აკადემიაში ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ტექ. პროფესიონალები გახდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში IT აკადემიას ათასზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, მათგან 300-ზე მეტი კი თიბისიში და შვილობილ კომპანიებში მუშაობს.

ამჟამად, IT აკადემიაში მიმდინარეობს ინფორმაციული ტექნოლოგიების შემსწავლელი ცხრა ახალი კურსი, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, თიბისი დაჯილდოვდა ნომინაციაში „ხარისხიანი განათლება“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებისთვის, რომლებსაც თიბისის IT აკადემია ახორციელებს.

R

საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

„ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: ticket.railway.ge,

სწრაფი გადახდის აპარატებით,

საქართველოს რკინიგზის სალაროებში,

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.

“თეთრი სახლი შეშფოთებულია ისრაელის მიერ ლიბანის სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმით”

თეთრი სახლი შეშფოთებულია ისრაელის მიერ ლიბანის სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმით, – ამის შესახებ თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, აშშ-ს არ სურს „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომის სხვა ფრონტებზზე გავრცელება და მხარს უჭერს ისრაელს, რომ თავი დაიცვას „ჰეზბოლასგან“ ჩრდილოეთის საზღვარზე.

„თავდასხმები ლიბანის სამხედროებზე ღრმად შემაშფოთებელია, რადგან ისინი არ არიან ამ კონფლიქტის ნაწილი“, – აცხადებს კირბი.

თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინატორი ასევე გამოეხმაურა იერუსალიმის ლათინური ეკლესიის პატრიარქის განცხადებას, რომლის თანახმად, 17 დეკემბერს ღაზის სექტორში მდებარე კათოლიკური ეკლესიის ტერიტორიაზე ისრაელელმა სნაიპერმა ორი ადამიანი მოკლა.

კირბიმ აღნიშნულს საგანგაშო უწოდა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელს, გადადგას დამატებითი ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 დეკემბერს ქუთაისში +10 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. +10 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით მზე და +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +5, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც გამოიდარებს. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალაქო დღე და -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -3, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +6 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედს იხსენიებს

საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს წმინდა ნიკოლოზს იხსენიებენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს ულოცავს.

„წმინდანი ქრისტეშობიდან 257 წელს, მცირე აზიაში, პართიაში, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. იგი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას და თავადაც ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითი იყო. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, სადაც სარწმუნოების სიმბოლოდ იქნა დამტკიცებული.

წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმინდანი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, საქართველოში მის სახელზე მრავალი ტაძარია აგებული.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ნიკოლოზობას ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს და მშვიდობას უსურვებს“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.