უკრანაში მობილიზაციის ახალ სტრატეგიას ამზადებენ. ომში ბევრი მებრძოლი იღუპება და სახიჩრდება. არმიას შევსება ჭირდება, ცოცხალი ძალა, ფრონტზე დაღუპულ-დაჭრილები ჩასანაცვლებლად, ჯარში წამსვლელი მოხალისეები ცოტაა. ამიტომ ზოგიერთ ოლქში ადგილობრივმა სამხედრო კომისარიატებმა სპორტდარბაზებში და სავაჭრო ცენტრებში რეიდების განხორციელება დაიწყეს. უკრაინელები არმიაში წასვლას თავს არიდებენ, მგრამ კიევს იმედი აქვს, რომ ჯარის დაკომპლექტების ახალი მეთოდები გაამართლებს, – ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის არმია ყველანაირად ცდილობს ჯარში გასაწვევად „კარგი“ ახალგაზრდები იპოვოს და მათ უკეთესი პირობები შესთავაზოს. რუსეთიც დიდ დანაკარგებს განიცდის მაგრამ მოსკოვს ცოცხალი ძალის მხრივ უპირატესობა აქვს“.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინის არმიაში გაწვეული ახალგაზრდები ქვეყნის საზოგადოების სხვადასხვა ფენებს განასახიერებენ, მაგრამ მათ ერთი საერთო ნიშანი აერთიანებთ: ახალწვეულებს არავინ არ ეკითხება, თუ რა აინტერესებთ და სადაც მეთაურობა ჩათვლის საჭიროდ, მათ იქ გზავნიან. მაგალითად, დასავლეთ ევროპაში წრთვნა გავლილი ახალწვეულებიდან არავინ არ ელოდა, რომ მათ ყველაზე ცხელ ადგილზე გაგზავნიდნენ [უაზროდ] საბრძოლველად [სადაც ჯარისკაცები ბუზივით იხოცებიან მასირებული დაბომბვებით]. ზოგიერთები მოხალისეებად ჩაეწერნენ და იმედი ჰქონდათ, რომ პროფილურ ქვედანაყოფებში მოხვდებოდნენ – დრონების ოპერატორებად ან არტილერისტებად. ზოგიერთები სოფლებში მამაკაცები პირდაპირ სახლებიდან ძალით გამოიყვანეს. ერთ-ერთმა შუა ხნის ახალწვეულმა ყბის პროთეზების აღებაც კი ვერ მოასწრო. ასეთი კონტინგენტით დანაკარგებიც დიდია: დონბასის ფრონტის სანგრებში მჯდარმა ოცეულმა ერთ კვირაში ექვსი ადამიანი დაკარგა.
დიახ, უკრაინელების არმიაში გაწვევას თან კურიოზებიც ახლავს, მწვავე და მწარე ისტორიებიც ბევრია. კიევი თავგანწირულად ცდილობს დაიცვას თავისი მიწა რუსების შეტევისაგან. ისიც ცხადია, რომ მსოფლიოს არცერთი ქვეყნის არმია არ მისცემს გარანტიას ახალწვეულს მისი სურვილის მიხედვით დისლოკაციის ადგილის თაობაზე, მით უმეტეს, საომარი მდგომარეობის დროს.
ჯარში გაწვევა სულ უფრო რთულდება: სამხედრო კომისარიატებში ნებაყოფლობით არავინ არ მიდის. ამიტომაც ზოგიერთი გაწვევის პუნქტის თანამშრომლები სპორტდარბაზებში და სავაჭრო ცენტრებში რეიდებს აწყობენ, ასეთი წესით არმიაში გაგზავნილებიდან ძალიან ცოტა ხდება ნამდვილი ჯარისკაცი. „ჩვენთან მოჰყავთ 45-47 წლის მამაკაცები“, – ჩივის ერთ-ერთი ფრონტელი მეთაური, – „მათ ჯერ ფრონტის ხაზზე არ მოუღწევიათ და უკვე დაიღალნენ, სულს ძლივს ითქვამენ“.
გააცნობიერა რა პრობლემის არსებობა, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სექტემბერში ახალ სამობილიზაციო სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. სამხედრო უწყების წარმომადგენლის ილარიონ პავლიუკის თქმით, „ამჟამინდელმა სისტემამ საკუთარი თავი ამოწურა. ბევრმა უკრაინელმა შეცდომით ჩათვალა, რომ მის ნაცვლად ვიღაც სხვამ უნდა იბრძოლოს. ასე აღარ უნდა გაგრძელდეს“.
რეფორმების მიხედვით, ახალწვეულებს ფართო არჩევანი ექნებათ კონკრეტული სახეობის ჯარებში სამსახურისათვის. გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეების დასვენებისა და როტაციის მკაფიო სისტემა. მოხალისეები განსაზღვრული დროით იმსახურებენ და არა ისე, როგორც ახლა – უვადოდ. შეიქმნება ციფრული რეესტრი, რომელიც ქვეყნის საკადრო რესურსების უკეთ გაგებას გულისხმობს.
სხვათა შორის, უკრაინაში არიან ცალკეული ქვედანაყოფები, რომლებშიც მობილიზაციის კამპანია ნორმალურად მიმდინარეობს, მაგალითად, მე-3 შემტევი ბრიგადა – უკრაინის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფს წარმოადგენს. უკრაინაში ბევრგან დაინახავთ სარეკლამო განცხადებებს, პლაკატებს შენობათა კედლებზე, რომელთა მიხედვით, ბრიგადის ჯარისკაცები გობლინებს – ბოროტების სიმბოლოებს ებრძვიან. ბრიგადის რეპუტაცია მაღალია – კარგი ტექნიკა, სამხედრო საქმის კარგად მცოდნე მეთაურები, სამსახურის კარგი პირობები საკმაოდ ბევრ უკრაინელ ახალგაზრდას იზიდავს. „რასაკვირველია, ავდეევკაში (ქალაქში, სადაც გაცხარებული ბრძოლები მიმდინარეობს) გაგზავნა და იქ ბრძოლა არავის არ ხიბლავს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც, მათთან შესაბამისი მუშაობის შემდეგ, ბრძოლაზე თანხმობას აცხადებენ“, – ამბობს ბრიგადის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ქრისტინა ბონდარენკო.
რა თქმა უნდა, რუსეთსაც აქვს სამობილიზაციო პრობლემები. კრემლის ტაქტიკის მიხედვით, წარმატება ომში ცოცხალი ძალის რაოდენობით შეიძლება იქნეს მიღწეული. რუსეთის სარდლობა ფრონტის ხაზზე ხშირად მოუმზადებელ ახალწვეულებს აგზავნის, შესაბამისი შეიარაღების გარეშე. როგორც ჩანს, ამითიც არის გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი დონე – ყოველდღიურად თითქმის 1000 რუსი ჯარისკაცი იღუპება. მაგრამ ელემენტარული მათემატიკა გვაჩვენებს, რომ უკრაინა სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის მხრივ კოლოსალური გამოწვევის წინაშე დგას: რუსეთს, რომელიც უკრაინას მოსახლეობით ოთხჯერ ჭარბობს, ოთხჯერ მეტი რაოდენობის ჯარისკაცის გაწვევა შეუძლია. რუსეთში არსებობს ისეთი ეკონომიკურად ჩამორჩენილი რეგიონები, სადაც არმიაში სამსახური სტაბილური შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ითვლება. სხვათა შორის, საკმაოდ კარგი ანაზღაურებით.
საერთოდ, კრემლმა ომისათვის მინიმალური მოთხოვნები სწორედ საკონტრაქტო გაწვევით დაიკმაყოფილა, ამიტომაც მოსკოვი მთლიან მობილიზაციას თავს არიდებს. ვლადიმერ პუტინს რომ სრული მობილიზაცია გამოეცხადებინა, მაშინ მას მოუწევდა იმის აღიარება, რომ რუსეთი უკრაინასთან ოფიციალურად იმყოფება ომის მდგომარეობაში, ახლა კი ისეთი ვითარების იმიტაცია ხდება, რომ ომი კი არ მიმდინარეობს, არამედ რაღაც შეზღუდული სახის „სპეცოპერაცია“.
უკრაინაში უკვე გაჩნდნენ სამხედრო სარდლობისა და მთავრობის კრიტიკოსები, რომელთა მტკიცებით, არმიის მდგომარეობა სავალალოა და რეფორმა ძალიან გვიანდება. მაგალითად, გადამდგარი პოლკოვნიკი ვიქტორ კამლიუკი აცხადებს, რომ „უკრაინა შეიძლება ხაფანგში აღმოჩნდეს, თუ მომავალი წლის მარტისათვის კარგად არ მოემზადება – როგორც კი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება და ვლადიმერ პუტინის ისევ უმაღლეს მთავარსარდლად დარჩება, კრემლი მთელი ძალებით შეეცდება ომის გაგრძელებას. ამიტომაც კიევმა საერთო-ეროვნული მობილიზაცია უნდა გამოაცხადოს“.
მაგრამ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მთელი ომის განმავლობაში მაქსიმალისტურ მოწოდებებს ეწინააღმდეგება და არ ეთანხმება გასაწვევი ასაკის ოფიციალურ მომატებას არარეზერვისტებისთვის, რომელიც ამჟამად 27 წლით განისაზღვრება. რასაკვირველია, იგი, ალბათ, პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს – პრეზიდენტს ხალხში უკმაყოფილების გამოწვევა არ სურს: „პრეზიდენტს არ უნდა, რომ მას დიქტატორის სახელი ჰქონდეს“.
რა თქმა უნდა, ომის დროს, ასეა თუ ისე, ზოგჯერ რთული და მძიმე გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია. პოლკოვნიკ ვიქტორ კამლიუკის თქმით, არმია ისეთი მტაცებელია, რომელიც მუდმივად საკვებს ითხოვს: „ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. გვიწევს, რომ ვიყოთ სასტიკები და სისხლისმსმელები. თუ ამ ომს წავაგებთ, ყველა ცუდ დღეში აღმოვჩნდებით“.
მოკლედ, მთავარი ამოცანაა ახალწვეულები დარწმუნება ბრძოლისათვის, მათი მოტივაციის გაძლიერება. ჯერ-ჯერობით კი სიტუაცია სასურველი არ არის. „მე მზად ვარ ვემსახურო ქვეყანას იქ, სადაც მეტი სარგებლობის მოტანა შემიძლია, ჩემი ცოდნით და უნარით. ახლა კი დღე-ღამეში 24 საათი მხოლოდ საევაკუაციო სამსახურში ვარ და ვხედავ, რომ ზოგჯერ უაზროდ უამრავი უკრაინელი იღუპება“, – ამბობს დონბასის ერთ-ერთ ცხელ წერტილში მყოფი მეომარი, მეტსახელად „დირიჟორი“, რომლის დასკვნით, „არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ასეთი დაუფასებლობა და პრიმიტიულად გამოყენება“.