Home Blog Page 1876

“საზოგადოებამ მოისმინა ტყუილ-მართალის ნაზავი” – გიგი წერეთელი ღარიბაშვილის ანგარიშზე

პრემიერ-მინისტრმა ბევრი ილაპარაკა 12 წლის განმავლობაში ბიუჯეტის ზრდაზე და ბევრი ციფრი „დაახვავა“, მაგრამ არაფერი უთქვამს, თუ რამდენჯერ გაძვირდა ცხოვრება ამ პერიოდში და რამდენად ხელმიუწვდომელია ხშირად ელემენტარული საჭიროებები უამრავი ჩვენი თანამოქალაქისთვის – საზოგადოებამ მოისმინა ტყუილ-მართალის ნაზავი, მაგრამ არაფერი რეკომენდაციების შესრულებასა და აუცილებელ რეფორმებზე, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის პრეზენტაციას.

მისივე თქმით, ღარიბაშვილს არც იმ კითხვაზე გაუცია პასუხი, რაც ხშირად ისმის საზოგადოებაში – „თუ ასე აყვავების გზაზეა ქვეყანა, რატომ არის უპრეცედენტო მიგრაცია საქართველოდან, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და იმ ადამიანების, ვისაც შეუძლია ამ ქვეყნის განვითარებაში მისი ფიზიკური, თუ ინტელექტუალური წვლილი შეიტანოს“.

„სრულიად გაუგებარია, რა მასობრივ გამდიდრებაზეა საუბარი, როდესაც სიღარიბე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში. თუ ის კონკრეტულ ჯგუფს გულისხმობდა, ვინც ხელისუფლებაში ან ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაახლოებულია, აქ შეიძლება მისი დამოკიდებულება მართალი იყოს.

ნათელია, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ იტყვის და გააკეთებს ყველაფერს, შეატრიალებს ყველა გზავნილს ან მოიქცევა იმგვარად, რაც მოემსახურება მათ მთავარ ამოცანას, როგორმე შეინარჩუნონ ხელისუფლება, დაიცვან ივანიშვილისა და მათი გუნდის კეთილდღეობა. ეს ამ გამოსვლაშიც გამოჩნდა დასავლეთთან დიამეტრალურად განსხვავებული გზავნილებით, როდესაც სულ ცოტახნის წინ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს მადლობას უხდიან, ამ ქვეყნის მტრებად აცხადებდნენ.

მიღწევების რეტროსპექტიული ანალიზისა და თავის ქების გარდა ვერ მოვისმინეთ რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება უსაფრთხოებისა და მშვიდობის მოსაპოვებლად, რასაც არა რუსეთთან დათმობის პოლიტიკა, არამედ პირველ რიგში ნატო-ში გაწევრიანება და ევროკავშირში სრული ინტეგრაცია წარმოადგენს. პრაქტიკულად არცერთი სიტყვა იმ გასატარებელ რეფორმებზე არ თქმულა, რის გარეშეც დღეს ჩვენი საზოგადოების დამსახურებით მიღებული სტატუსი უბრალოდ გამოუყენებელ შესაძლებლობად დარჩება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

თიბისის ციფრულ ბანკში გულების მარათონი 31 დეკემბრამდე გაგრძელდება

თიბისის ციფრულ ბანკში ერთგული ქულების მარათონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. თამაშის საპრიზო ფონდი 1 მილიონი ლარია. თანხა საჩუქრების რამდენიმე კატეგორიაზე ნაწილდება – მოთამაშეებს აქვთ შანსი მოიგონ 10-დან 1000-მდე ერთგული ქულა და მთავარი პრიზი – 20 000 ლარი.
თამაშში ჩასართავად და პრიზების მოსაგებად საჭიროა თიბისის ბარათებით თიბისის ტერმინალებზე ან ონლაინ მაღაზიაში გადახდის შესრულება და ტრანზაქციების განხორციელება თიბისის ციფრულ ბანკში.

გადახდების და ტრანზაქციების რაოდენობიდან გამომდინარე მოთამაშე ხვდება შვიდიდან ერთ-ერთ კალათაში. ყველა კალათას შესაბამისი პრიზი აქვს, რაც ციფრულ ბანკში, თამაშის სივრცეში ნაძვის ხის სახით ჩანს.
მომხმარებლები თიბისის ციფრულ ბანკში შესვლისთანავე დაინახავენ გულის ღილაკს, საიდანაც თითის ერთი დაჭერით შევლენ, გაეცნობიან თამაშის წესებს/პირობებს და ჩაერთვებიან გულების მარათონში.
თამაშში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს თიბისის ციფრული ბანკი და არის 18 ან მეტი წლის.
ინფორმაციას თამაშის შესახებ გაეცანით ბმულზე: https://link.tbc.ge/ertgulicampaign
თიბისი გისურვებთ მოგებას და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ერთგულებისთვის.

(R)

“ოთარ იოსელიანის უნიკალურმა ხედვამ და სტილმა გამორჩეული წვლილი შეიტანა მსოფლიო კინოსა და კულტურის საგანძურში” – ილია მეორე

საპატრიარქო რეჟისორ ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარს აქვეყნებს.

„დიდად ვწუხვართ მსოფლიო დონის ქართველი რეჟისორის, უდიდესი ხელოვანის, ბატონ ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო. მართალია, მან ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, მაგრამ სამშობლოზე ზრუნვა ყოველთვის მისი ცხოვრების მიზანს წარმოადგენდა; ამიტომაც წერდა: „ამქვეყნად ყველა ეროვნების ადამინი მიყვარს, თუმც აღმატებულად მიყვარს ჩემი ერი.“

თავისი შემოქმედებით იგი ისეთ თემებზე ამახვილებდა ყურადღებას, რაც იმ დროის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო და იუმორნარევი რეალობის მისთვის დამახასიათებელი ხელწერით ისე ძლიერად ამბობდა სათქმელს, – პრობლემა სახალხო მსჯელობის საგანი ხდებოდა.

უნდა ითქვას ისიც, რომ საზღვარგარეთ მოღვაწეობის პერიოდშიც, უცხო მასალის საფუძველზე, იგი მაინც ქართულ ფილმებს იღებდა.

ბატონ ოთარის უნიკალურმა ხედვამ და სტილმა, სიკეთისა და მარადიული ადამიანური ღირებულებების დამკვიდრების სურვილით აღბეჭდილმა მისმა შემოქმედებამ, გამორჩეული წვლილი შეიტანა არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული და მსოფლიო კინოსა და კულტურის საგანძურში.

მეტად სიმბოლურია და მნიშვნელოვანი, რომ იგი თბილისში გარდაიცვალა და მისი ნეშტი მშობლიურ მიწას მიებარება.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ოთარის უკვდავი სულისათვის, რათა მან სავანე მართალთა დაიმკვიდროს, ხოლო მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მოჰმადლოს მისთვის ლოცვის ძალა“, – აღნიშნა ილია მეორემ.

ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

„მაგნიტსკის აქტის“ გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა შეინარჩუნა.

ამასთან, როგორც  საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ზოგადად, ქვეყანა ევროკავშირის განცხადებებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 50%-მდე შემთხვევაში მიუერთდა.

„საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები.

რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად, 50%- მდეა გაზრდილი“,- აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპულმა საბჭომ „მაგნიტსკის აქტის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. მისი ინფორმაციით, საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უერთდებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში საქართველო არ არის.

მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„მინდა, განსაკუთრებული პატივისცემით მოგმართოთ საქართველოს საჯარო მოხელეებს” – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საჯარო მოხელეებმა განსაკუთრებული მისია შეასრულეს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

„მინდა, განსაკუთრებული პატივისცემით მოგმართოთ საქართველოს საჯარო მოხელეებს. დღეს თქვენი პროფესიული დღეა. ევროკავშირის კანდიდატად საქართველოს დასახელებამ მთელი ჩვენი ქვეყანა გაახარა. თქვენ განსაკუთრებული მისია შეასრულეთ ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღწევაში. ამიტომ ხალხისა და პარლამენტისგან არა მარტო მილოცვას, არამედ დიდ და განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებთ. ჩვენი ევროპელი პარტნიორები განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავენ საქართველოს საჯარო სამსახურის მაღალ პროფესიონალიზმსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ყოველი თქვენგანი არის საქართველოს მომავლის შემოქმედი, ჩვენი ქვეყნის წინსვლის ავტორი და სამშობლოს პატრიოტი. კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით და დიდ სამომავლო გამარჯვებებს გისურვებთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში – რუსეთს 130 000 ევრო დაეკისრა -გიორგი ტაბატაძე

“გიგა ოთხოზორიას საქმე მოვიგეთ სტრასბურგში. რუსეთს 130 000 ევრო დაეკისრა”,- ამის შესახებ ადვოკატი გიორგი ტაბატაძე სოციალურ ქსელში წერს.

“გიგა ოთხოზორიას საქმე იყო ჩემი პირველი საქმე რომელიც სტრასბურგში ვაწარმოე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა Tamuna Abazadze ამ ნდობისთვის ასევე Nino Jomarjidze რომლის გარეშეც ვერაფერს გავხდებოდი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ჯულიეტა ჭანტურიას და ნინო მატკავს რომლებიც იძულებული იყვნენ ჩვენების აღების დროს დეტალურად გაეხსენებინათ გიგას მკვლელობის დეტალები რაც ძალიან მძიმე იყო.

ჩემი იდეა იყო ამ საქმეში მომჩივანი ყოფილიყო არა მხოლოდ გიგა ოთხოზორიას დედა ან მეუღლე არამედ მთელი ოჯახი, მათ შორის ბავშვებიც. სიმბოლურია რომ დღეს ბავშვებმა მოიგეს ეს ბრძოლა.

მიუხედავად იმისა რომ რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება სავარაუდოდ არ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. მარტივად რომ აგიხსნათ სამართლებრივი წიაღსვლების გარეშე, აფხაზი ე.წ. მესაზღვრე გადმოვიდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა ჩვენი მოქალაქე და აღნიშნულ ფაქტზე ევროპულმა სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის ფედერაციას.. მაშინ როდესაც იქნება დებატები პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს თუ არა, ყოველთვის გახსოვდეთ რომ ევროპულმა სასამართლომაც კი თითოეულ მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელ პირად რუსეთი განსაზღვრა. მათ ქმედებებზე სრული კონტროლი აქვს რუსეთს და ეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეც კი გავრცელდა. ყოველთვის ვიამაყებ რომ მქონდა პატივი ოთხოზორიების ოჯახის ადვოკატი ვყოფილიყავი! დიდებული ოჯახის, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ სამართალს!”,- წერს ადვოკატი.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

თემქაზე ავტომანქანა გაჩერებაზე შევარდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

თბილისში, თემქაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ერთ-ერთი გაჩერებაზე შევარდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაჩერებაზე მდგომი ქვეითი დაშავდა.

შემთხვევის სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

საჯარო მოხელის პროფესიულ დღეს გილოცავთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს

საჯარო მოხელის პროფესიულ დღეს გილოცავთ საჯარო სამსახურში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს და მადლობას გიხდით ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის, – ამის შესახებ პრემიე-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

პრემიერის თქმით, საქართველოს საჯარო სამსახურის ეფექტიანობას საკვანძო როლი აქვს ქვეყნის უკეთესი მომავლის, ევროპული სახელმწიფოს შენებაში.

„თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, ეკონომიკურ წინსვლაში, სოციალური თუ საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით პროგრესში; განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს შრომას, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გასწიეთ, რამაც უდიდესწილად განაპირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარმატება – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება.

საქართველოს საჯარო სამსახურის ეფექტიანობას, თითოეული თქვენგანის ერთგულებას საჯარო მმართველობის ევროპული პრინციპებისა და ღირებულებებისადმი კვლავაც საკვანძო როლი აქვს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის, ევროპული სახელმწიფოს შენებაში. შემდგომ წარმატებებს გისურვებთ ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ოპოზიციის მომავალი არის გაჩერებულ ვაგონში, რომელიც ევროინტეგრაციის მატარებელს ჩამორჩა და ახალ ორთქლმავალს ელოდება”

ოპოზიციის მომავალი არის გაჩერებულ ვაგონში, რომელიც ჩამორჩა ევროინტეგრაციის მატარებელს, ახლა ამ გაჩერებულ ვაგონში ცხოვრობს ოპოზიცია და ახალ ორთქლმავალს ელოდება, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს – ვერც ამ ცხრა რეკომენდაციაში და ვერც სხვა რეკომენდაციებში, ოპოზიცია ბუნებრივად ვერ მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ჩართვის საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციამ პირველი ტესტი ვერ ჩააბარა, როდესაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციას იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვის თაობაზე მხარი არ დაუჭირა.

„კანდიდატის სტატუსის მოცემის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ის, რომ ფორმალურად მოგვანიჭეს და დე იურე გავხდით კანდიდატის სტატუსის ქვეყანა, არამედ პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ქართველმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ის იყო მართალი, ჩვენ ვიყავით მართლები, როდესაც ვამბობდით, რომ საერთაშორისო პარტნიორებს დავარწმუნებთ იმაში, რომ ქართული სახელმწიფო არის უძველესი ქრისტიანული კულტურის ქვეყანა და პირველ რიგში, ამიტომაა თავსებადი ევროპულ კულტურასთან. ჩვენ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში ვმუშაობდით ყველა რეკომენდაციაზე და ოპოზიცია პირიქით – ანგრევდა ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა. ამიტომაც დადასტურდა, რომ ჩვენ ვიყავით მართლები, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი ოპოზიციის საწინააღმდეგოდ და ქართველი ხალხის სასარგებლოდ. რაც შეეხება ოპოზიციის მომავალს, მისი მომავალი არის გაჩერებულ ვაგონში, რომელიც ჩამორჩა ევროინტეგრაციის მატარებელს. ახლა ამ გაჩერებულ ვაგონში ცხოვრობს ოპოზიცია და ახალ ორთქლმავალს ელოდება, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. შესაბამისად, ვერც ამ ცხრა რეკომენდაციაში და ვერც სხვა რეკომენდაციებში, ოპოზიცია ბუნებრივად ვერ მიიღებს მონაწილეობას, რადგან პირველივე ტესტი ვერ ჩააბარეს – როდესაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციით, პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო ოპოზიცია და დეოლიგარქიზაციის პროცესის შემადგენელ ნაწილად აღიარეს იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვა, ოპოზიციას იქ ხმა არ ამოუღია და ამის შემდეგ დაიწყეს საუბარი, რომ მონაწილეობას არ მიიღებდნენ და ხმა არ მისცეს ამ ცვლილებას, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაცია იყო. ბუნებრივია, პირველივე ტესტი რომ ვერ ჩააბარა ოპოზიციამ, იმედი არ მაქვს რომ დანარჩენ ტესტებს ჩააბარებს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

თიბისიში შექმნილი შოვის საქველმოქმედო ფონდი სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად

3 აგვისტოს, რაჭაში, კურორტ შოვში, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად თიბისიში გაიხსნა საქველმოქმედო ანგარიში, რომელშიც ჯამში შეგროვდა 775 000 ლარი. აქედან, თიბისის დონაცია 500 000 ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 275 000 ლარი – კერძო პირებისა და კომპანიების მხრიდან შენატანი თანხებია.

შოვის ფონდში შეგროვებული თანხების მიზნობრივად მიმართვის პროცესში, თიბისი თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან. აღნიშნული ორგანიზაციები თიბისიში შექმნილი შოვის საქველმოქმედო ანგარიშზე შეგროვებული თანხის უშუალო ბენეფიციარებამდე მიტანის პროცესს უწევენ ადმინისტრირებას.  დაზარალებულთა იდენტიფიცირებისა და საჭიროებების შეფასებისას გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომლებსაც ხმარდება ფონდში აკუმულირებული ფინანსური რესურსი.

ამ დროისთვის ანგარიშზე არსებული თანხები შემდეგი მიმართულებით განაწილდა:

სამაშველო სამუშაოებისთვის საჭირო აღჭურვილობა

სტიქიის პირველივე დღეებში, სამაშველო სამუშაოებისა და სტიქიაზე რეაგირებისათვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად, თიბისის ანგარიშიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გადაერიცხა 30 000 ლარი.

ფსიქიკური ჯანმრთელობა და გრძელვადიანი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

 აღნიშნული მიმართულება გულისხმობს სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირველი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას და გრძელვადიან ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. პროექტს მართავს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელსაც  ამ მიზნით გადაერიცხა 280 000 ლარი. საქველმოქმედო თანხა მოხმარდა ონის რაიონში 10 სექტემბრიდან საქართველოს წითელი ჯვრის ფსიქოსოციალური ცენტრის მოწყობას, ფსიქოლოგთა გუნდის დაკომპლექტებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, როგორც ცენტრში, ისე მის გარეთ. აღნიშნული აქტივობები ასევე ითვალისწინებს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მუშაობას და დაზარალებულ მოსახლეობასთან სახლებში ვიზიტებს. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის დაახლოებით 430 ადამიანს გაეწია მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფსიქოლოგიური დახმარება.

დაზარალებულთა ფინანსური დახმარება

 სოფელი გლოლასა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებული იყო დაბა შოვის ტურისტულ ზონაში, რაც მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. სტიქიის შედეგად ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. წითელი ჯვრის ეგიდით ჩატარდა შეფასება და შეიქმნა იმ პირთა მონაცემთა ბაზა, რომლებმაც სტიქიის შედეგად სამსახური და შესაბამისად, შემოსავალი დაკარგეს. შედეგად, შოვის ანგარიშიდან 136 პირს ჩაერიცხა ერთჯერადი ფინანსური დახმარება, თითოს ათასი ლარის ოდენობით, ჯამში 136 000 ლარი.

ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა

 USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამამ, თიბისისთან პარტნიორობით, ჩაატარა საგრანტო კონკურსი ონის მუნიციპალიტეტის გლოლას თემში, მიკრო და მცირე საწარმოების ხელშესაწყობად. შოვის საქველმოქმედო ანგარიშიდან საგრანტო პროექტების საერთო ღირებულების 20%-ს (55 000 ლარი) დაფინანსდა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სოფელ გლოლაში მოქმედი ისეთი ტიპის ბიზნესების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები და განთავსების სერვისის მიმწოდებლები, კვების ობიექტები, ტურისტული სერვისების მიმწოდებლები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სურსათის მწარმოებლები.

საქართველოში უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით, შოვის ანგარიშიდან 20 000 ლარი მოხმარდა სტიქიის შედეგად შოვში დაღუპული ორი უკრაინელი მოქალაქის უკრაინაში გადასვენების ხარჯებს.

შოვის ანგარიშზე დარჩენილი ფინანსური რესურსი, დაახლოებით 250 000 ლარის ოდენობით სრულად მოხმარდება სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.

თიბისი მადლობას უხდის ყველა ადამიანს და ორგანიზაციას, რომელიც შემოგვიერთდა ამ მნიშვნელოვან საქველმოქმედო საქმეში და თავისი წვლილი შეიტანა შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად.

(R)

 

 

„მოემზადეთ: 2024 წლის არჩევნები მთელ მსოფლიოს შეარყევს“ – რას წერს უცხოური პრესა

ამერიკული სამაუწყებლო ტელეარხის „სი-ენ-ენ“-ის (CNN) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მოემზადეთ: 2024 წლის არჩევნები მთელ მსოფლიოს შეარყევს“ (ავტორი – დევიდ ანდელმანი, ანალიტიკოსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

2024 წელს დაგეგმილი არჩევნები მსოფლიო სტაბილურობას შეარყევენ. ეს იქნება მართლაც შემობრუნებითი მომენტი, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი – 4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მათ სრულიად შეუძლიათ შეცვალონ მსოფლიოს სახე თავიანთი გადაწყვეტილებით.

უბრალოდ, წარმოიდგინეთ არჩევნების მასშტაბი: 2024 წელს, იანვრიდან დეკემბრამდე, არჩევნები გაიმართება აშშ-ში, რუსეთში, ევროკავშირში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბანგლადეშში, პაკისტანში, ინდოეთში, ინდონეზიაში, მექსიკაში, ტაივანზე და ასე შემდეგ.

ექსპერტ-ანალიტიკოსთა მიერ ჩატარებული კვლევები მოწმობენ, რომ მსოფლიოში დემოკრატიით უკმაყოფილების ტენდენცია შეიმჩნევა, მატულობს უკიდურესად მემარჯვენე ხასიათის იდეების მატარებელი პარტიებისა და პოლიტიკოსების პოპულარობა.

ტაივანზე დაგეგმილ „საპრეზიდენტო“ არჩევნებს პეკინსა და ტაიბეის შორის არსებული დაძაბულობის გამწვავება შეუძლია და როგორც შედეგი, პაკინსა და ვაშინგტონის ურთიერთობებისთვის „ცეცხლზე ნავთის დასხმის“ როლს შესრულებს. დღეს ტაივანზე, რომელსაც კომუნისტური ჩინეთი თავის განუყოფელ ნაწილად თვლის, ხოლო თვითონ კუნძულს საკუთარი თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიაჩნია, წინასაარჩევნო კამპანიაში მცირე უპირატესობით ლიდერობს ლი ჩინთე, რომელიც პროამერიკელია, სხვა კანდიდატები კი პირიქით, ან პეკინთან მოლაპარაკების მომხრენი არიან , ან „ოქროს შუალედის“ ძიებით არიან დაკავებულები.

რუსეთში 2024 წლის მარტის საპრეზიდენტო არცევნებში, დიდი ალბათობით , ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს. მის სავარაუდო კონკურენტად შეიძლება ალექსი ნეჩაევი იყოს, პარტია „ახალი ადამიანების“ ლიდერი და სახელმწიფო სათათბიროს წევრი, მაგრამ იგი წარმატებას ვერ მიაღწევს. ვლადიმერ პუტინის ხელახლა არჩევა რუსეთის პრეზიდენტად მსოფლიოში ძალთა განლაგების მხრივ, უახლოეს პერსპექტივაში დიდ მნიშვნელობას იძენს.

ინდოეთში არ არის გამორიცხული, რომ საპარლამენტო არცევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერად ისევ ნარენდრა მოდი დარჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა, სადაც დღეს დემოკრატია დინამიურად ვითარდება, ინდუისტურ ეროვნულ სახელმწიფოდ გადაიქცეს, თეოკრატიასთან მიახლოებული მართვის სისტემით. ეს ნიშნავს, რომ ინდოეთი და რუსეთი ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდებიან. ამჯამად ინდოეთი რუსეთისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს.

ევროკავშირს („ერთიან ევროპას“) სერიოზულად ემუქრება „მარჯვნივ გადახრა“ დღეს ევროპაში სწრაფად იკრებენ პოპულარობას მემარჯვენე შეხედულებები, ხოლო მემარჯვენეთა ბლოკი – პოლიტიკურ გავლენასა და ძალას. მემარჯვენე ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები ევროპარლამენტში შეიძლება მესამე გავლენიან ძალად ჩამოყალიბდნენ. რასაკვირველია, ისინი წამოაყენებენ საკითხს უკრაინისადმი დახმარების შეწყვეტის, რუსეთისადმი სანქციების შესუსტებისა და იმიგრაციის შემცირების თაობაზე (ამ დროს უნგრეთი და სლოვაკეთი ტანდემში იქნებიან). ასევე შესუსტდება კლიმატისადმი კონტროლი და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა ევროკავშირის მასშტაბით. განხორციელდება ჩინეთისადმი მიდგომის ცვლილებაც.

აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვებას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შუუზლია ძირი გამოუთხაროს დემოკრატიის საფუძველებს როგორც თვითონ ამერიკაში, ასევე მტელ მსოფლიოში. დონალდ ტრამპის გამარჯვება ძლიერ გავლენას მოახდენს ნატოზე და აშშ-ის ზოგად რიტორიკაზე – გავიხსენოთ, რომ ექს-პრეზიდენტი სიმპათიურად არის განწყობილი ვლადიმერ პუტინისა და ვიქტორ ორბანის მიმართ.

ასე რომ, 2024 წელს ამომრჩევლები მსოფლიოს ისეთ სახეს განსაზღვრავენ, რომელშიც ცხოვრება მოგვიხდება. უნდა მოვემზადოთ.

წყარო