Home Blog Page 1874

,,ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებამ მოსახლეობა კიდევ ერთხელ შეიყვანა შეცდომაში ”- PSP

ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა არაზუსტი ინფორმაცია, რითაც შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა.

დღეს საქართველოში 50-ზე მეტი GDP-ს სერტიფიცირებული დისტრიბუტორი კომპანია და 100-ზე მეტი ბროკერი ოპერირებს, რომლებიც ე.წ. „დიდი ფარმაცევტული ქსელების“ მომწოდებლები არიან.

2023 წლის დასაწყისიდან ყველა ფარმაცევტული კომპანია ჩართულია სავალდებულო ჯანდაცვის ელექტრონულ სისტემაში, რაც სამინისტროს საშუალებას აძლევს მედიკამენტის იმპორტიდან საბოლოო მომხმარებლამდე, ყველა ტრანზაქციაზე განახორციელოს კონტროლი, თუმცა მიზანმიმართულად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და თვისი განცხადებით პირდაპირ ადანაშაულებს „დიდი ფარმაცევტული ქსელებს“ არაჯანსაღ კონკურენციასა და კარტელურ გარიგებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მედიკამენტების ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი მედიკამენტი(დიოვანი) არის PSP-ს მიერ იმპორტირებული; ყველა დანარჩენს შესყიდულია ადგილობრივი მომწოდებლებისგან. დიოვანის ფასნამატი 26%-ია, ხოლო ყველა დანარჩენ მედიკამენტზე არა 3000%, არამედ მარჟა  29%-ს არ აღემატება;

PSP-ს ქსელში იგივე მედიკამენტების შესასყიდი / გასაყიდი ფასებია:

 

რეფერენტული ფასების აუცილებლობაზე PSP-ს მხრიდან წლების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა განცხადება გაკეთებული და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აღნიშნულის აუცილებლობას.  გარდა იმისა, რომ ეს მოგვცემს შესაძლებლობას მომწოდებლებისგან მივიღოთ უფრო დაბალი შესასყიდი ფასი, ამავდროულად ჯანდაცვის სამინისტროს მოუსპობს შესაძლებლობას გაავრცელოს არაზუსტი ინფორმაციები.

 

ოთარ იოსელიანი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდზე რეჟისორი მეგობრებმა, ახლობლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გაიხსენეს და მის დამსახურებასა და ღვაწლზე ისაუბრეს.

კინორეჟისორი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ მუშაობდა, 1980 წლიდან კი საფრანგეთში მოღვაწეობდა; ოთარ იოსელიანის „გიორგობის თვემ“, საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის, კანის კინოფესტივალის სპეციალური კინოპრესის ჯილდო და ჟორჟ სადულის პრიზი დაიმსახურა. ფილმმა „მთვარის ფავორიტებმა“ კი ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.

“NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ” – გიორგი ვაშაძე

NDI-ის ბოლო კვლევა საერთოდ გადავხიოთ და გადავაგდოთ, რადგან პოლიტიკურ ნაწილში ეს არის სისულელე. ეს ღიად მაქვს მათთვისაც ნათქვამი, რატომ აკეთებენ ამას, მე არ ვიცი. პირდაპირ გეუბნებით, რომელი სოციოლოგიც გინდათ მოიყვანეთ, ყველა იტყვის, რომ ეს არის სისულელე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი კვლევა 2024 წლის არჩევნები იქნება.

„მთავარი კვლევა იქნება ოქტომბერში არჩევნებზე. მე გეუბნებით, რომ ვარ „გამარჯვების კოალიციის“ კამპანიის ხელმძღვანელი. „გამარჯვების კოალიციის“ ამოცანაა, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებში, შევქმნათ საბოლოო კოალიციური მმართველობა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა. ამისათვის ვემზადებით ძალიან სისტემურად, ამიტომ ვარ ახლა ქუთაისში, ამიტომ ვიყავი გუშინ რუსთავში, ამიტომ ვიყავი ზესტაფონში, ამიტომ მოვივლით მთელ საქართველოს. გვაქვს ძალიან მწყობრად გაწერილი ტაქტიკა და გეგმა. ჩვენი მთავარი მიზანია, საზოგადოებას ვუთხრათ და ახლაც ვეუბნები: ჩვენი გამარჯვება არის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, მათი გამარჯვება ნიშნავს საქართველოს ჭაობში – რომელიც გინდათ აირჩიეთ.

არასწორად არის ეს კვლევა გაკეთებული, თავისთავად, კითხვაც არასწორია. რა ვიცი, ერთი კვირის წინ IRI-ის კვლევა გამოვიდა, სხვა მონაცემია, ერთ კვირის შემდეგ NDI-ის კვლევა გამოდის – სხვა მონაცემია. NDI -ის დირექტორთან მქონდა მეგობრული საუბარი, ვაპირებ კიდევ დაველაპარაკო, რატომ აკეთებს ამას, არ ვიცი, მას დაუსვით ეს კითხვა. კარგი იქნება, თუ ტელევიზიაში მოიწვევთ ამ ადამიანს და ახსნა-განმარტებას გააკეთებს. როცა ყველა სოციოლოგი, რაც კი მსოფლიოში არსებობს, ეუბნება, რომ პოლიტიკური კვლევა ასე არ უნდა ჩატარდეს, რატომ ატარებს ასე, მე არ ვიცი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ეს არის დემნას პოზიცია…” – კირკოროვი “ბალენსიაგამ” შავ სიაში შეიყვანა

ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი მო­დის სახლ Balenciaga-ს შავ სი­ა­ში მოხ­ვდა და უკ­რა­ი­ნას­თან სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რის გამო. ამის შე­სა­ხებ კირკოროვმა რუ­სულ მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა.

გაირკვა, რომ შემსრულებლის სტილისტმა დარეკა მონაკოში მდებარე ბრენდის ბუტიკიდან და აცნობა, რომ ვეღარ მოემსახურებოდნენ მის კლიენტს, რადგან ის რუსეთში დარჩა და მხარს უჭერს ამჟამინდელ რეჟიმს , – თქვა კირკოროვმა დობროვინსკისთან ინტერვიუში.

დუ­ბა­ი­ში გას­ტროლ­ზე ყოფ­ნი­სას სცა­და, Balenciaga-ს მა­ღა­ზი­ა­ში, ჩან­თა შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ უთხრეს, რომ მისთვის ეს აკრძალული იყო.

“და­ვუ­რე­კე ჩემს მე­გო­ბარს აშშ-ში და ვთხო­ვე, “ბა­ლენ­სი­ა­გა­ში“ ჩემთვის ტან­საც­მლელი ეყიდა და უარი უთხრეს, საფ­რან­გე­თის ოფი­სი­დან მო­ვი­და წე­რი­ლი, რო­მელ­შიც ეწე­რა, რომ ეკ­რძა­ლე­ბო­დათ ჩემ­თვის ნივ­თე­ბის მი­ყიდ­ვა. ეს არის დემ­ნას პო­ზი­ცია…” – თქვა კირ­კო­როვ­მა.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა; მათ შორის არის მოწოდება/განცხადებები საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, რომ გახსნას საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ შეგროვებული ხელმოწერების საფუძველზე, – ამის შესახებ ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

ცესკო-ს განცხადებით, აღნიშნულმა უკვე მიიღო კამპანიური ხასიათი, საკითხის არასწორმა ინტერპრეტაციამ კი შესაძლოა, დააზიანოს საარჩევნო გარემო და შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩევლები.

„პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია არჩევნებში ამომრჩეველთა მაქსიმალური მონაწილეობა უზრუნველყოს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. ამას ადასტურებს ჩვენი საინფორმაციო კამპანიები, რომელიც წარმოებს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციებისა და პროცედურების გათვალისწინებით. საზოგადოებისთვის გვინდა, დეტალურად განვმარტოთ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ცესკო-ს მიერ მიიღება სხდომაზე, ეყრდნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებს.

„პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იურიდიულ შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობა მსგავს პროცედურას არ ითვალისწინებს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის. შესაბამისად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ცესკო-ს მიერ მიიღება სხდომაზე, ეყრდნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებს.

კანონმდებლობით გათვალისწინებულია ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების ფორმირების საკითხები, რომელიც დაკავშირებულია სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში მონაწილეობასთან. კერძოდ, ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკო-სთვის გადმოცემული იმ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან. სპეციალური სიების საშუალებით კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები ხმას აძლევენ, თუ ისინი დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, ასევე თუ რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში. ამ პირთა (გარდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირებისა) სიას ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა გადასცემს ცესკო-ს“, – აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

ცესკო-ს განმარტებით, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ პირთა სიას კი ადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა გადასცემს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

„საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა, ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისგან. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ პირთა სიას კი ადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა გადასცემს ცესკო-ს.

გვინდა, მივმართოთ ყველა ჩართულ მხარეს, გაითვალისწინონ და დაიცვან საარჩევნო პროცედურები, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ მნიშვნელოვან პროცესში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. – ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.

„დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე მატკავა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Matkava and Others v. Russia (no. 3963/18)). ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა. მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე. წ. აფხაზმა „მესაზღვრემ“, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. მომჩივნები ე. წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობენ. შესაბამისად, მომჩივნები აცხადებენ, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების მატერიალური და პროცედურული ნაწილები.

არსებითი განხილვის ეტაპი: 2018 წლის 8 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.

რუსეთის ფედერაცია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოდ იხსენიებს, რომელმაც თავი დააღწია საქართველოს აგრესიას და თვითგამორკვევის გზით გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რომ მისი იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, იგი არ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს ან რაიმე სახის ზეგავლენას ,,აფხაზეთის რესპუბლიკაზე“ ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას, დაიცვას ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე.

რუსეთის წერილობითი არგუმენტაციის საპირისპიროდ, როგორც საჩივარში, ასევე შემდგომ წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში, საიამ და EHRAC-მა მიუთითეს არაერთ მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებას. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მომჩივნების შუამდგომლობა და დაავალა რუსეთის ფედერაციას, წარმოედგინა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მთლიანი საგამოძიებო მასალების ასლები. მიუხედავად აღნიშნულისა, რუსეთის ფედერაციამ ვალდებულება არ შეასრულა. ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში საია დამატებით მიუთითებდა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპული სასამართლოსთვის საქმის მასალების არ გადაცემა არღვევდა კონვენციის 38-ე მუხლს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ 38-ე მუხლის დარღვევაც დაადგინა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროპულ სასამართლოში ასევე შეტანილია სახელმწიფოთაშორისი საჩივარი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) (no. 39611/18), რომელიც ევროპულმა სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა 2023 წლის 28 მარტს. საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი მე-4 სახელმწიფოთაშორისო საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი რუსეთის ოფიციალური შემწყნარებლობის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. სახელმწიფოს საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საქმეები წარმოადგენს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის სამაგალითო შემთხვევებს და განხილული იქნება ადმინისტრაციული პრაქტიკის ფარგლებში. ასევე, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მთავრობა კონკრეტულ დავაში მესამე მხარედ იყო ჩართული და წარადგინა სამართლებრივი პოზიცია მომჩივანთა მხარდასაჭერად.

გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა თუ, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ საქმეს ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” (EHRAC) თანამშრომლობით.

საია აღნიშნულ საქმეს ახორციელებდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში“, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერდოღანი აცხადებს, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება აშშ-სა და კანადაზეა დამოკიდებული

შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება აშშ-სა და კანადაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„დადებითი ცვლილებები, რასაც ჩვენ აშშ-სგან F-16-ის და კანადის დაპირებების შესახებ ველოდებით შვედეთის მიმართ ჩვენი პარლამენტის პოზიტიურ მიდგომას შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი დაკავშირებულია“, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების საკითხი გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განიხილა და ჯო ბაიდენი დაჰპირდა, რომ თურქეთისთვის F-16-ის მიყიდვის შესახებ კონგრესთან იმუშავებს.

ცნობისთვის, თურქეთსა და უნგრეთს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ.

ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია -დევიდ კამერონი

ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ კოლონასთან შეხვედრისას განაცხადა.

„დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერები არიან და დარჩებიან იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დამარცხდეს“, – განაცხადა კამერონმა.

დევიდ კამერონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა სპექტაკლს შეადარა და აღნიშნა, რომ მეოთხე მოქმედება ჯერ არ დაწერილა.

დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების მიუხედავად, ისინი საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხების შესახებ ერთ აზრზე რჩებიან.

“რუსეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ წითელი ზღვის სამუშაო ჯგუფს არ შეუერთდება” – დიმიტრი პესკოვი

რუსეთი აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ წითელი ზღვის სამუშაო ჯგუფს არ შეუერთდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ოპერაციაში არ ვმონაწილეობთ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

აშშ-მა ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვაში ახალი მრავალეროვნული სამუშაო ჯგუფი შექმნა.

საზღვაო ალიანსში სულ ათი სახელმწიფო ერთიანდება: ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6822 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6822 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6822 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.ა9338 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9252 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“თუ ჩინეთმა დაუმტკიცა რუსეთს, რომ ანაკლიაში პორტს ვაშენებ და 300 მეტრში შენი ბაზები ხელს მიშლისო, აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხიც დაიძვრება”

შემოგვთავაზებს ევროკავშირი ისეთ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, რომელიც მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებას ეწინააღმდეგება? ჩვენ ამ საკითხს არ განვიხილავთ, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამიტომ არის საჭირო, რომ საქართველომ განვითარების სხვა მიმართულებებიც იქონიოს, მათ შორის – ჩინეთი.

„გლობალურ ომის პარტიასაც, რომელიც აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან ასოცირდება, იმპერიალისტური დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ. ამაზე ხმა ავიმაღლეთ, განსაკუთრებით „ხალხის ძალამ“ და საუბარი დავიწყეთ. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მონიჭება და ამ მხრივ სამართლიანობის აღდგენა, მეტწილად, ჩვენს წარმატებადაც შეიძლება ჩავთვალო.

ასევე, არ შეიძლება, რომელიმე სხვა, აღმოსავლეთით თუ სამხრეთით მდებარე ნეოიმპერიალისტურ ინტერესებს დაუქვემდებარო ის, რაც დასაცავი გაქვს. ამიტომ, საქართველო მრავალპოლარული, მრავალვექტორული გადარჩენის ფორმულას ირჩევს, სადაც ლავირებაა შესაძლებელი. შემოგვთავაზებს ევროკავშირი ისეთ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, რომელიც ეწინააღმდეგება მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებას? ჩვენ ამ საკითხს არ განვიხილავთ. შეაფერხებს ეს ჩვენი ურჩობა ევროგზაზე მომდევნო საფეხურის მოპოვებას? შეაფერხოს. ჩვენ ღირსებით შევედით ამ სტატუსის მინიჭების პროცესში და მის დაკარგვას არ ვაპირებთ. ამიტომ არის საჭირო, რომ განვითარების სხვა მიმართულებაც გეხსნებოდეს – ჩინეთი, „ბრიქსი“… წინ გვაქვს 3+3-ის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი საქართველოსთვის, რაც, უშუალოდ ჩვენს სამეზობლოს ეხება, ოღონდ, იქაც რომ სრულფასოვნად და ღირსებით შევიდეთ, ასევეა საჭირო მთელი რიგი მტკივნეული საკითხების გადაწყვეტა ჩრდილოეთით, რუსეთთან. შევძლებთ ამას? რისკს თუ დავინახავთ ამაში, იმ შუამავალს, ანუ ჩინეთს მოვთხოვოთ დახმარება, რომელმაც პირდაპირ განგვიცხადა, რომ მთხოვეთ და გვერდით დაგიდგებითო და რომელსაც, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, უზარმაზარი ზეგავლენა აქვს რუსეთზე. თუ ჩინეთმა დაუმტკიცა რუსეთს, რომ ანაკლიაში პორტს ვაშენებ და 300 მეტრში შენი ბაზები ხელს მიშლისო, აფხაზეთის და ცხინვალის საკითხიც დაიძვრება“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

“გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში” – ალუდა ღუდუშაური

ჩვენი რეიტინგი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მეტი, მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში – ისეთი წონის და პოლიტიკური რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ აპირებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას, გამომდინარე იქიდან, რომ „ის გუშინ საზოგადოებაში ღიად გამოჩნდა“.

როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, აჟიოტაჟი, რაც ივანიშვილის გამოჩენას მოჰყვება ხოლმე, მეტყველებს იმაზე, თუ რამხელა ავტორიტეტი აქვს მას.

„ის, რომ ბიძინა ივანიშვილი სარგებლობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პატივისცემით და სიყვარულით და მას აქვს მოქალაქეების განუზომლად დიდი მხარდაჭერა, ეს ფაქტია. ის, რომ მისი რამდენიმე წუთით თუ საათით გამოჩენას აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე რადიკალური ოპოზიციის თუ ტელევიზიების მხრიდან, ესეც მეტყველებს, რაოდენ დიდია მისი ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება მის პოლიტიკაში შემობრუნებაზე საკითხს, არ მგონია დღეს „ქართულ ოცნებას” ამის საჭიროება ჰქონდეს. ჩვენი რეიტინგი ნამდვილად იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გვაქვს მოლოდინი, კიდევ უფრო მეტი, მყარი უმრავლესობით მოვიდეთ ხელისუფლებაში და 2024 წლის არჩევნებზე კიდევ უფრო წარმატებული შედეგი დავდოთ. ისეთი წონის და პოლიტიკური რეიტინგის მქონე პირის ჩართვის საჭიროება, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, არ არის”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილი რუსთაველის თეატრში, რამაზ ჩხიკვაძის საიუბილეო საღამოზე, მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად გამოჩნდა.