Home Blog Page 1867

როგორ დანერგა თიბისის ტექ გუნდმა Google-ის გადახდების სისტემა – Google Pay

თიბისიმ Google-ის გადახდების სისტემის გამოყენება რამდენიმე თვეა დაიწყო. თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივება და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაა, ამიტომაც ეს სიახლე ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა Android-ისა და WearOS მოწყობილობების მფლობელებს.

 

საქართველოში Google Pay-ს სრულფასოვანი შემოსვლის უზრუნველსაყოფად თიბისის შიგნით გუნდები გაერთიანდნენ. გლობალური პროდუქტის ქართული ტექნოლოგიური კომპანიის ინფრასტრუქტურაში ინტეგრაცია უმოკლეს ვადაში გახდა შესაძლებელი.

 

“ძალიან ამაღელვებელი იყო საქართველოში Gpay-ს შემოსვლის უზრუნველყოფაზე მუშაობა, რადგან მოლოდინები მომხმარებელთა მხრიდან ძალიან მაღალი იყო. პროდუქტის დანერგვისას მომხმარებლის ყველა მოთხოვნას და ჩვევას ვითვალისიწნებდით, რაც ძალიან მოქმედებს მოტივაციაზე, როცა იცი, რომ ვიღაც შენ მიერ გაანალიზებულ და დანერგილ პროდუქტს ელოდება და შემდეგ იყენებს ყოველდღიურ რეჟიმში”. – გიორგი მაევსკი, თიბისის სისტემური ანალიტიკოსი, ტექ გუნდის წევრი.

“Google-ის მოთხოვნების გაანალიზების და პასუხისმგებლობების გადანაწილების შემდეგ, დავიწყეთ ფიქრი პროდუქტის სამომხმარებლო გამოცდილებაზე (UX). პირველი გამოწვევა იყო UI ნაწილი, რომელზეც Google-ის ინსტრუქციების გათვალისწინებით უნდა გვემუშავა, შემდეგ კი ტექნიკური გადაწყვეტის ამ UI-სთან მორგებაზე უნდა გვეფიქრა. თითოეული ეტაპის გადალახვას სჭირდებოდა Google-ის დასტური”- თეო კეკელია, ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის გუნდის წევრი.

თიბისი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მუდმივად ნერგავს ინოვაციურ სიახლეებს. საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება კი, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია Google Pay-ის სერვისის დანერგვა, თიბისის კულტურისა და ღირებულებების ცენტრალური ხაზია.

 

Google Pay-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და ხშირად დასმული შეკითხვების სანახავად ესტუმრე ვებგვერდს.

 

R

„პუტინის დიდოსტატობისა და მოაზროვნე მმართველის შესახებ მითი გამოაშკარავდა“ – რას წერს „ნიუსვიქი“

„ოდესღაც კრემლი ცდილობდა, რომ ცხენზე ამხედრებული, წელზევით შიშველი ვლადიმერ პუტინის ფოტოსურათის რეკლამირებით რუსეთის ძლიერი პრეზიდენტის სახე შეექმნა – ისეთი ლიდერისა, რომელიც ყველაფერს ყოველთვის აკონტროლებს. მაგრამ, როცა უკვე ყველა ხედავს რუსეთის არმიის წარუმატებელ საომარ მოქმედებებს და „ვაგნერ-ჯგუფის“ ხელმძღვანელის  ევგენი პრიგოჟინის დაუმორჩილებლობას, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება და მის მიერ ჩამოყალიბებული ვერტიკალი ძველებურად საიმედო და მტკიცე რეჟიის ს თაბეჭდილებას აღარ ტოვებს“, – ნათქვამია ამერიკულ „ნიუსვიქში“ (Newsweek) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მითი პუტინის დიდოსტატობისა და მოაზროვნე მმართველის შესახებ გამოაშკარავდა“ (ავტორი – ბრენდან კოული).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო შეჭრამდე ვლადიმერ პუტინის რეპუტაცია საერთაშორისო დონეზე მაღალი რეიტინგით სარგებლობდა – იგი ისეთი ლიდერის სახით იყო წარმოდგენილი, რომელსაც ყველაფერი შეეძლო, ყველაფერი იცოდა… და კარგად იყენებდა  კოზირებს პოლიტიკური თამაშების დროს.

2008 წელს საქართველოსთან მომხდარი ხუთდღიანი ომის შედეგები, რომელთა თანახმად, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონები „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი რუსეთმა „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა, ხოლო სინამდვილეში მათი ოკუპირება მოახდინა, კრემლმა რუსული სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების აღორძინებად წარმოადგინა. ექვსი წლის შემდეგ, 2014 წელს, რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია განახორციელა – ამ ფაქტმა ქვეყნის შიგნით მოწონება დაიმსახურა, საზღვარგარეთ კი მხოლოდ დასავლეთის შეშფოთება-აღშფოთება.

ფაქტიურად, რუსეთს დაუსჯელობის გრძნობა გაუჩნდა. კრემლმა მომდევნო ნაბიჯი გადადგა უკრაინის დესტაბილიზების მიზნით – 2014 წლიდან ხელი შეუწყო დონბასელ რუსულენოვან სეპარატისტებს და უკრაინაში სრული შეჭრისათვის მოემზადა.

უკრაინაში შეჭრით, ომის გაჩაღებით და დონბასის ანექსიით ვლადიმერ პუტინმა ისეთი დიდი ლუკმა მოკბიჩა, რომლის დაღეჭვა და გადაყლაპვა ვერ შეძლო. როგორც გაჟონილი ინფორმაციებიდან ჩანს (მკაცრი ცენზურის პირობებშიც კი!), ფრონტებზე საქმე მთლად კარგად არ მიდის და მოსახლეობა ამას ამჩნევს.

ცხადია, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით სასტიკად მოტყუვდა. მან ბევრი რამ ვერ გათვალა. რაც მტავარია, მას ეგონა, რომ უკრაინის მოსახლეობა რუსეთის ჯარს ზარ-ზეიმით შეხვდებოდა, მაგრამ მწარედ შეცდა. დღეს უკვე ნათელია, რომ 17-თვიანმა ბრძოლებმა რუსეთს ცოცხალი ძალის დიდი მსხვერპლი მოუტანა, დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას და რისკები გააჩინა იმისა, რომ შეიძლება ვლადიმერ პუტინმა თავისივე ახლო გარემოცვის ნდობა დაკარგოს.

ვლადიმერ პუტინი ამჟამად დასუსტებულია, მისი შარავანდედი ფერმკრთალია, მითები კი – მხილებული და გამოაშკარავებული.

„ვაგნერის“ ამბოხებამ რუსეთში ქაოსური სიტუაციის წინაპირობები შექმნა: გავრცელდა ცნობები, რომ ვლდიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა… გარდა ამისა, იმ ინფორმაციებმა, რომ „ვაგნერმა“ რამდენიმე რუსული ვერტმფრენი და ძვირადღირებული თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხელი შეუწყო და დამატებითი წონა შესძინა მოარულ ხმებს ვლადიმერ პუტინის ქმედითუნარიანობისა და კონტროლის დაკარგვის შესახებ. მოგვიანებით კრემლის პროპაგანდისტებმა სიტუაცია ისე წარმოადგინეს, რომ პრეზიდენტი ყველაფერს აკონტროლებდა, რომ მსგავსი სიტუაციების მართვა და განმუხტვა ვლადიმერ პუტინისათვის ჩვეულებრივ საქმეს წარმოადგენდა და რომ მას შეცდომის პატიება და შენდობა შეუძლია.

(…)

კრემლი მოსახლეობას უმალავს ფრონტზე განცდილ დანაკარგებს, ცენზურა მთელი ძალით მუშაობს და ვინც ხელისუფლების მიმართ ოდნავ წინააღმდეგობას გამოამჟღავნებს, მას ციხე ელოდება, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.

წყარო

“ბევრი ადამიანია, ვისთან ერთადაც წავიდოდი სალაშქროდ, მათ შორის მაკრონთან, სანჩესთან, ვისთან ერთადაც არ წავიდოდი – პუტინია”

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, სალაშქროდ ბევრ ადამიანთან, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ერთად წავიდოდა, მაგრამ არა – პუტინთან. ამის შესახებ შოლცმა ბავარიაში, მოქალაქეებთან შეხვედრისას შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

შოლცს შეხვედრაზე კითხვა დაუსვეს: „რამდენიმედღიან ლაშქრობაში ვისთან ერთად წახვიდოდით და ვისთან ერთად – არა?“

„ბევრი ადამიანია, ვისთან ერთადაც წავიდოდი სალაშქროდ, არა მხოლოდ ჩემს პარტიაში, არამედ სხვაგანაც. კარგი ურთიერთობა მაქვს ზოგიერთ მმართველთან ევროპაში და მათთან ერთად ლაშქრობაში წავიდოდი, მათ შორის, ემანუელ მაკრონთან. ვფიქრობ, ის წამოვიდოდა ან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი. ის არის ადამიანი, რომელიც ამას კარგად მოერგებოდა და მთებს გადალახავდა. არის რამდენიმე სხვა ადამიანიც. აშკარაა, ვისთან ერთად არ წავიდოდი სალაშქროდ – პუნტინთან“, – უპასუხა გერმანიის კანცლერმა ბავარიაში ჟურნალისტის შეკითხვას.

“გულითადად ვულოცავ საფრანგეთს 14 ივლისს, ეს დღე არის შთაგონების წყარო ყველა ერისა და ქვეყნისთვის” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს ულოცავს.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, 14 ივლისი არის შთაგონების წყარო ყველა ერისა და ქვეყნისთვის, რომელიც თავისუფლებისა და ევროპისაკენ ისწრაფვის.

„გულითადად ვულოცავ საფრანგეთის რესპუბლიკას 14 ივლისს. ეს დღე არის თავისუფლებისა და თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლო, შთაგონების წყარო ყველა ერისა და ქვეყნისთვის, რომელიც თავისუფლებისა და ევროპისაკენ ისწრაფვის“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამას პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლომ პროცესი დახურა.

ცნობისთვის, ორი დღის წინ ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში  განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, 13 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, 13 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერების აქტიური ჩართულობით „ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, მოქალაქეებს შორის არსებულ ქონებრივ დავებს იხილავდნენ, მხარეების ქმედებებს აფასებდნენ და მატერიალური სარგებლის გადაცემას ითხოვდნენ.

მათივე ცნობით, გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერთან არსებული ქონებრივი დავის გადაწყვეტის მიზნით, ორმა პირმა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული გარჩევისთვის“ მიმართა.

„სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223(1)-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; რვა ბრალდებულს – სსკ-ის 223(3)-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო ორ პირს ბრალდება სსკ-ის 223(4)-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყარო წევრისათვის“ მიმართვა) წარედგინა, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ცამეტივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 ივლისს ქუთაისში +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში დღისით +30, ღამის ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +20 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +20 ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +29 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ლიტერატურული პრემია „საბას“  2023 წლის ფინალისტები ცნობილია!

წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამეერთედ გამოაცხადა და მესამე ათწლეულში გადააბიჯა. გამომცემლებმა და ავტორებმა 230 წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ –  გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი.

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-მდე წიგნი განიხილა, 196 პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).

იტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

  1. ირაკლი არიშვილი, „დასაწყისის დასასრული“ (პალიტრა L)
  2. ოთარ ბიწაძე, „სადღაც ჩაძირული გემებია“ (saba.com.ge)
  3. გოდე გორგილაძე, „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ (ინტელექტი)
  4. ელზა გურგენიძე, „ზაოდი“ (ინტელექტი)
  5. გიო ზედვაკელი, „არავითარი პოეზია“ (კალმოსანი)
  6. ირაკლი მაჩიტაძე, „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  7. ეკა მახარაშვილი, „ახალი ძველი ამბები“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
  8. გოგა ქობალია, „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“ (ინტელექტი)
  9. ანუკი შატაკიშვილი, „წუთით კოსმოსში“ (პალიტრა L)
  10. ანა ჯავახიშვილი, „სარდაფის ცოლები“ (ინტელექტი)
  11. ელზა ჯავახიშვილი, „საგზალი“ (ინტელექტი)
  12. გიორგი ჯამბურია (მთარგმნელი), ჰაინერ მიულერის „პიესები“ (პეგასი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

  1. ნანა აბულაძე, „ორივე სქესი“ (ინტელექტი)
  2. გუგა მგელაძე, „განგაშის პოეზია“ (ინტელექტი)
  3. საბა მეტრეველი, „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“ (საქართველოს აკადემიური გამომცემლობა)
  4. ოთარ ჯირკვალიშვილი, „კრიტიკულ-ანალიტიკური წერილები“ (პეგასი)

 წლის საუკეთესო პიესა:

  1. თამარ ბართაია, „შავ-თეთრი“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ N4)
  2. ვალერი ოთხოზორია, „წმინდა ნაწილები“ (saba.com.ge)
  3. ეკატერინე ტოგონიძე, „ექვსი ნოეს კიდობანი“ (ინტელექტი)
  4. ბესო ხვედელიძე, “მარი ხუანით” (აგორა)
  5. ბასა ჯანიკაშვილი, „ვთამაშობთ „გამზრდელს““ (ჟურნალი „პირველი სხივი“ N5)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

  1. გიორგი აბდუშელიშვილი, „სხვა ავღანური დღიური“ (ინტელექტი)
  2. ლევან ბერძენიშვილი, „1921-1990 (ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი)“ (არტანუჯი)
  3. თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე, „გალაკტიონი უცენზუროდ“ (არტანუჯი)
  4. რატი მუჯირი, „მონებს სამოთხეში არ უშვებენ“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  1. ლუკა ბაქანიძე, „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ (პალიტრა L)
  2. ნინო თარხნიშვილი, „სიცოცხლის დაზღვევა“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  1. ირმა ბერიძე, „კაცმა დარეკა“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
  2. ქეთი გზირიშვილი, „ახსნა“ (კალმოსანი)
  3. თემურ ელიავა, „ყვავების ფოსტა“ (ინტელექტი)
  4. ნინი ელიაშვილი, „სხვა სახელი მოუხდებოდა“ (კალმოსანი)
  5. ნატო ინგოროყვა, „ისმის ჩემი ხმა?“ (ინტელექტი)
  6. ზაზა კოშკაძე, „ამ ლექსის ბოლოს შენ იტირებ“ (ინტელექტი)
  7. ნიკა ლაშხია, „არ დაელოდო ანგელოზებს“ (ინტელექტი)
  8. სოსო მეშველიანი, „მწერი ქარვაში“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
  9. დათო ქარდავა, „მეორადი ჰომეროსი“ (ზიარი)

 

წლის საუკეთესო რომანი:

  1. ზაზა ბურჭულაძე, „ვარდის სურნელი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. რატი რატიანი, „რომეო იცინოდა“ (პალიტრა L)
  3. ივა ფეზუაშვილი, „მასკარაფონე“ (ინტელექტი)
  4. თამარ ფოლადაშვილი, „ძვლების წიგნი“ (ინტელექტი)
  5. თამრი ფხაკაძე, „ჩვენ, თურმელები“ (პალიტრა L)
  6. ზურა ჯიშკარიანი, „სწრაფი, ღამისიერი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

 

R

შავი ზღვის დიდი რეგიონი თანამედროვე კონტექსტში: გულახდილი საუბარი

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: ვიქტორ ყიფიანი – „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე

(პირველი ნაწილი)

უკმარისობის განცდა…

შავი ზღვის დიდი რეგიონი ევრაზიაში უსაფრთხოების შესახებ მიმდინარე დისკუსიების დღის წესრიგის რეგულარულ საკითხად დამკვიდრდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში განვითარებული პროცესების ფონზე ეს არც არის გასაკვირი. საკითხი გაცილებით აქტუალური გახდა უკრაინაში დიდ სახელმწიფოთა შორის არაპირდაპირი (proxy) დაპირისპირებისა და პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომის გათვალისწინებით. ფაქტია, რომ აღნიშნულმა დაპირისპირებამ მეტი სიცხადით გამოკვეთა შავი ზღვისა და მიმდებარე არეალზე პოლიტიკურ-სამხედრო დომინაციის მნიშვნელობა. მიზეზი კი ის არის, რომ რეგიონი, რომელშიც საქართველო იმყოფება, განახლებული სტრატეგიული კონკურენციის პირობებში ახალ გამყოფ საზღვრად – თავისებურ „გეოპოლიტიკურ დასავლეთ ბერლინად“ გადაქცევას უახლოვდება (თუ უკვე არ ჩამოყალიბდა ასეთად).

გარდა იმ მნიშვნელობისა, რომელიც მას ზოგადად ევრაზიული უსაფრთხოების კონტექსტში აქვს, შავი ზღვის დიდი რეგიონი არის სამხრეთ კავკასიის გავლით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისაკენ, ისე როგორც ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისაკენ მიმავალი კრიტიკული სატრანზიტო მარშრუტების „ჩამკეტი“, ამ ერთიანი ლოგისტიკური დაქსელვის საკვანძო ჰაბი.

ამისდა მიუხედავად, შავი ზღვის რეგიონზე აქცენტირებული ყურადღება მეტწილად აკადემიურ და მკვლევართა წრეებში შეინიშნება. ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ესეც მეტად სასარგებლო და საჭირო ფორუმია. თუმცა მიმდინარე მოვლენების კონტექსტში არსებული გამოწვევების ფონზე მხოლოდ სამეცნიერო პუბლიცისტიკა არ კმარა: აუცილებელია რეგიონის სტატუსის ადეკვატურად გარდაქმნა სტრატეგიული ხასიათის პოლიტიკურ დოკუმენტებში, ისე როგორც შესაბამისი საფრთხეების მართვის მიზნით პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება.

ამ თვალსაზრისით, მოდით, თვალი შევავლოთ იმ სტატუს-კვოს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აქვს. ეს ხომ ის მიმართულებაა, რომელიც, გარდა საკონსტიტუციო დანაწესისა, მტკიცედ არის განსხეულებული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის წიაღიდან აღმოცენებულ არჩევანში (სხვა დასკვნას არც 2008 წლის პლებისციტი გვთავაზობს და არც შემდგომში პოლიტიკურ-სამართლებრივ აქტებში გამოხატული ნებელობა). მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ ქართული სახელმწიფოს პარტნიორთა დამოკიდებულება არ ქმნის სასურველის განცდას, ხოლო მათი პრაქტიკული მექანიზმები დროსა და რეალობასთან შესაბამისობაში უსწრაფესად არის მოსაყვანი.

ასე მაგალითად, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების 2022 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია სულაც გვერდს უქცევს შავი ზღვის რეგიონის საკითხს და ამ მხრივ აცდენილია დროსაც და რეალობასაც. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ აშშ-ს დოქტრინული მიდგომის ეს ხარვეზი თითქოსდა უნდა დაკომპენსირდეს კონგრესში ინიციირებული აშშ-ს შავი ზღვის უსაფრთხოების კანონპროექტის მოქმედ კანონად გადაქცევით. თუმცა საერთო პოლიტიკის დოკუმენტებში არათანმიმდევრულობის პარალელურად, საფუძვლიან კრიტიკას იმსახურებს კანონპროექტის განხილვის გაჭიანურება.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელ მოთხოვნას ვერც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უპასუხებს, როდესაც რუსული გაგებით შავი ზღვის რეგიონის „პრივილეგირებული ინტერესების ზონის“ საპირისპიროდ, ნატო რეგიონს „ალიანსისათვის სტრატეგიულად სასიცოცხლო მნიშვნელობის“ მქონედ ასახელებს. სიტყვები „სტრატეგიული“ და „სასიცოცხლო“ შესაძლოა ლიტერატურულად დამაკმაყოფილებელ შინაარსს ატარებდეს, მაგრამ ალიანსის კონსტატაცია გეოპოლიტიკური რეგისტრით მაინც ჩამოუვარდება რუსულს. ასეთი შედარებითი ამბივალენტურობა მით უფრო გასაკვირია, როცა 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიღებულ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა განაცხადა, რომ „რევიზიონისტულ, სასტიკ და აგრესიულ რუსეთსა“ და „დემოკრატიულ სამყაროს“ შორის „დიდი კონკურენცია“ შავ ზღვაზე გაივლის. ჩვენი აზრით, შავი ზღვის რეგიონის როლის რეალური გადაფასების მხრივ დიდად არც ვილნიურის სამიტის ტექსტი გამოირჩევა.

ვაღიაროთ ისიც რომ…

…შავი ზღვის რეგიონის მიმართ დასავლეთის ერთიანი და მწყობრი სტრატეგიული მიდგომის დეფიციტი შესაძლოა რიგი ობიექტური სირთულეებით აიხსნას. მაგალითად, უკრაინაში მიმდინარე ომმა დიპლომატიური რესურსი სრულად „შთანთქა“ და დიდი რეგიონალური სურათის მშვიდად განსჯისა და ანალიზის სივრცე თითქოსდა მკვეთრად შეკვეცა. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკის შექმნის თვალსაზრისით უკმარისობის განცდა არათუ რეგიონალური უსაფრთხოების დიდი სურათის, არამედ თვით უკრაინაში სამხედრო ფაზის პოლიტიკურით დაბოლოების მიმართაც არის – და ეს მიუხედავად უკრაინის გამორჩეული პრიორიტეტულობისა.

შემდეგი გასათვალისწინებელი გარემოებაა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დასავლური რესურსის მაქსიმალური მობილიზება, რამაც, მინიმუმ საშუალოვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა საგრძნობლად შეზღუდოს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აუზში ჩინეთიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალების საშუალებები. ამგვარი იძულებითი შეზღუდვა განსაკუთრებით საყურადღებოა ამერიკის შეერთებული შტატების – გლობალურად გავლენიანი ქვეყნის გადასახედიდან, რომელიც, გარდა ხსენებულ აუზში ამერიკული „პრივილეგირებული ინტერესებისა“, მრავალი ათწლეული ტრადიციულად ორ გეოპოლიტიკურ არეალში (ევროპა/აზია) აქტიური ზემოქმედებისათვის რესურსულ თვითკმარობას ანიჭებდა თანაბარ პრიორიტეტს.

ამდენად, ერთი მხრივ, რუსეთსა და მის მოკავშირეთა ბანაკს, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინასა და მის მოკავშირეებს შორის ომის გაჭიანურების პირობებში, საფიქრალია, რესურსულად კიდევ რამდენად შეზღუდული შეიძლება გახდეს დასავლეთი შავი ზღვის რეგიონში. ეს საკითხი ისეთივე აქტუალურია, რამდენადაც აქტუალურია აშშ-ს და მოკავშირეთა რეგიონული პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის შემდგომი განმტკიცება. ასეთი აქტუალურობა, სულ მცირე, ორი პრაქტიკული მოსაზრებით საბუთდება: ერთია, რომ იგივე აშშ-ს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია ამბობს, რომ ალიანსები და პარტნიორული კავშირები „ქმნიან აშშ-ს სიძლიერეს, რაც კრიტიკულია მისი ამოცანების მისაღწევად“; ხოლო მეორეა, რომ ევროპასა და აზიას შორის სწორედ რომ რესურსის თანაზომიერი გადანაწილებისათვის შავი ზღვის რეგიონში მოკავშირეთა და პარტნიორთა მედეგობასა და მათი თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას არსებითი როლი ენიჭება.

დასავლეთისაკენ „ხელის გაშვერისას“ არ უნდა დაგვავიწყდეს შავი ზღვის რეგიონის ფრაგმენტირებული გეოპოლიტიკური ლანდშაფტი. აქ ქვეყნების, სულ მცირე, სამი წყებაა და რუსეთთან ურთიერთობასა თუ მიმდინარე ომთან დაკავშირებით სამივეს თავისი განსხვავებული პოზიცია აქვს. ესეც, ცხადია, ხელს უშლის ერთიანი და თანმიმდევრული რეგიონული უსაფრთხოებისათვის მყარი და გასაგები საფუძვლების ჩაყრას. მხოლოდ თურქეთის ფაქტორის თავისებურება რად ღირს, ქვეყნისა, რომლის საგარეო პოლიტიკის აქსიომა – „თურქეთი ყოველთვის მოქმედებს ისე, როგორც ეს თურქეთს აწყობს“ – ერთდროულად არის რეგიონული თანამშრომლობის გასაღებიც და რებუსიც.

და კიდევ ერთი მოსაზრება, რაკიღა ამ სტატიის სათაურში გულახდილობის პირობა დავდეთ. დიახ, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის რეგიონზე რუსეთის დომინაცია გამორიცხულია, – ამას გვიკარნახებს არა მარტო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობა, არამედ ბოლო წლების რეგიონული თუ სუბრეგიონული დინამიკაც. ეს ის მოცემულობაა, რომელიც „მიწაზე“ ყალიბდება, რაც არ უნდა მტკიცედ აცხადებდეს მოსკოვი შავი ზღვის რეგიონს „საკუთარი პრივილეგირებული ინტერესების ზონად“. ამავდროულად, რეალიზმი მოითხოვს გავაცნობიეროთ და, შესაბამისად, განვეწყოთ და შევემზადოთ კიდეც, რომ რუსული კვალი რეგიონში ბოლომდე არ გაქრება, არ აორთქლდება (შესახსენებელია ისიც, რომ რუსეთის ფედერაციისათვის შავი ზღვა სირიასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ინტერესების პროეცირების ინსტრუმენტული პლაცდარმიც არის). სხვაგვარად განწყობის წინაპირობად, განჭვრეტად მომავალში, ვერც რუსეთის, როგორც რეგიონული მოთამაშისა და ეკონომიკური აგენტის სტატუსი, ვერც, ელემენტარულად, გეოგრაფია ვერ იძლევა. აქედან გამომდინარე, მით უფრო გარდაუვალია ქართული უსაფრთხოების დოქტრინის მაქსიმალური მოქნილობისა და რეზისტენტულობის აუცილებლობა, მათ შორის, უსაფრთხოების ქმედით სისტემებში მისი რეალური ინტეგრირების გზით.

რამდენიმე „თეორიული“ წანამძღვარი

იმ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრაქტიკული რეკომენდაციის ჩამოყალიბებამდე, რომლებიც, ჩვენი აზრით, თანამედროვე პროცესების კონტექსტით და პრაქტიკული საჭიროებებით არის ნაკარნახევი, სავალდებულოდ მივიჩნევთ ასევე რამდენიმე საბაზისო პრინციპის დასახელებას. ვფიქრობთ, რომ მათი ხაზგასმა დაგვეხმარება კონკრეტული ინიციატივების მონიშვნასა და მათ უკეთ გააზრებაში:

რისკების ანალიზი: მხრივ შავი ზღვის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან რისკებისა და საფრთხეების შეფასების უნიფიკაციის გარეშე რეგიონის უსაფრთხოების ერთიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება გართულდება.

ამ პროცესში შავი ზღვის დიდი რეგიონის ქვეყნებთან ერთად (განსაკუთრებით კი, უშუალოდ ზღვისპირა ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით) დასავლურმა კოალიციამ საღად და პრაგმატულად უნდა გაიაზროს:

(ა) კონკრეტულად რა რისკებისა და საფრთხეების წინაშე არიან რეგიონის ქვეყნები?

(ბ) კონკრეტულად რა დახმარება შეიძლება გაეწიოს ამ ქვეყნებს რისკების შესამცირებლად თუ საფრთხეების სამართავად?

(გ) რამდენად საგნობრივი და შედეგზე ორიენტირებული შეიძლება იყოს დასავლური (თანა)მონაწილეობა რეგიონალური უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობაში?

საბოლოდ, რეგიონთან დაკავშირებით ნებისმიერი ყოვლისმომცველი კონცეფცია უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ სამხედრო ხასიათის, არამედ ეკონომიკური, ენერგეტიკული, დიპლომატიური და საინფორმაციო ზომების მწყობრ და ერთიან კომპლექსს. მხოლოდ ასე და ამ პირობით, რეგიონში უსაფრთხოების მოწყვლად ეროვნულ სისტემებს გაუჩნდებათ სრული დაცულობის თუ არა, მინიმუმ, კრიზისის დროს ქმედითი დახმარების პაკეტით გარანტირებული ხელშეწყობის განცდა.

ე.წ. „ეთნიკური კონფლიქტები“: არაერთგზის გვითქვამს, რომ ქართულ სივრცეში არსებული კონფლიქტები, აფხაზეთში იქნება ეს თუ ცხინვალში, რეალურად და უმეტესად გეოპოლიტიკური ხასიათისაა და არა ეთნიკურის. სხვა სიტყვებით, ეს კონფლიქტები – მათი გაღვივებიდან „ტერიტორიების აღიარებამდე“ – არის რუსეთის ფედერაციის ხისტი პასუხი საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.

აღსანიშნავია, რომ დასავლურ წყაროებში ამ კონფლიქტების ნამდვილი გენეზისის გააზრება ნელა და თანდათანობით იკიდებს ფეხს. თუმცა ჯერ კიდევ მაინც გვხვდება არსიდან გადახვევის შემთხვევები, რაც ერთხელ და საბოლოოდ აღსაკვეთია, რადგან მათი კვლავ „ეთნოკონფლიქტებად“ მოხსენიება რუსული ნარატივის უნებლიე მხარდაჭერა და ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ნაწილების ყოფნის „ლეგიტიმაციაა“. გასაგებია, რომ საკითხის ასე სანახევროდ კვალიფიცირება თუ საკუთარ გეოპოლიტიკურ კომფორტზე მორგების მცდელობა, სხვა პრობლემებთან ერთად, აუარესებს შავი ზღვის დიდი რეგიონის უსაფრთხოების გარემოს და დამატებით წინაღობას ქმნის არსებული გამოწვევების დასაძლევად.

არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც ამ „ეთნოკონფლიქტების“ პოლიტიკური საშუალებებით შესაძლო მოგვარებას ეხება. იგი უკავშირდება ჩვენი პარტნიორების არა მარტო არსებულ სამშვიდობო-სამომლაპარაკებლო ფორმატებში თანამონაწილეობას, არამედ ახალი და უფრო ეფექტიანი ფორმატების შეძლებისდაგვარად გამოძებნას. გარდა ქართული სივრცის რეინტეგრირებისა, დასავლეთის მიერ ასეთი აქტივობის მიზანი უნდა მოიაზროს რუსული გეოპოლიტიკური გაგებით „ახლო საზღვარგარეთში“ რუსული გავლენის შემცირება და მისი „პრივილეგირებული ინტერესების ზონის“ მაქსიმალური განეიტრალება. დავძენთ მხოლოდ, რომ ესეც ერთ–ერთი იმ საკითხთაგანია, რომელთა მიმართაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლური გეოპოლიტიკური მიდგომა კიდევ დიდხანს „სცოდავდა“ რუსეთის სამეზობლოს მნიშვნელოვან ნაწილზე რუსული ექსკლუზივის მდუმარე აღიარებით.

უსაფრთხოება რეგიონისათვის: დღეს ხშირად და ბევრი გვესმის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი დიდ გავლენას მოახდენს რეგიონის ქვეყნებზე. არ არის საკამათო, რომ ეს ასეა.

ამასთანავე, აუცილებელია, რომ ოფიციალურმა თბილისმა ასევე ხშირად იმეოროს სხვების გასაგონად, რომ შავი ზღვის დიდ რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა არ განისაზღვრება მხოლოდ უკრაინით. სხვაგვარად რომ განვმარტოთ, ქართული უსაფრთხოება, ისე როგორც რეგიონის სხვა მოწყვლადი ქვეყნების უსაფრთხოება, მხოლოდ უკრაინისათვის გაცემული გარანტიებით ვერ შემოიფარგლება. ამდენად, თუნდაც იმ პირობით, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში სამართლიანად არის გარდამტეხი ფაქტორი, კრიტიკულია, რომ მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები რეგიონის უსაფრთხოებას დიდ ფორმატში აღიქვამდნენ და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნის, თუნდაც უკრაინის პრიზმაში.

თურქეთის ფაქტორი: თურქეთის როლი შავი ზღვის დიდ რეგიონში იმგვარია, რომ როგორც არ უნდა სცადო უსაფრთხოების მოდელის აწყობა, ანკარის გაუთვალისწინებლად ყოველგვარი მცდელობა სანახევრო იქნება. თუ რატომ ასე და არ სხვაგვარად, მიზეზი მრავალია და არაერთი არგუმენტის დასახელება შეიძლება, რომლებიც მკითხველს კარგად მოეხსენება.

ცხადია ვაცნობიერებთ, რომ ამ კონკრეტული საკითხის ჭრილში დიდ რეგიონზე საუბარი უთუოდ მოითხოვს მეტად დელიკატურ მიდგომას: თანაც არა მარტო საქმით, არამედ სიტყვით. ჩვენც დელიკატურობას შევინარჩუნებთ და მხოლოდ რამდენიმე „აშკარა“ ასპექტს აღვნიშნავთ. კერძოდ, რეგიონული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია:

(ა) დასავლეთთან თურქეთის მოქმედებათა სინქრონიზაცია, პროცესის მიმდინარეობა, მისი პერსპექტივები, ობიექტური და სუბიექტური გარემოებები;

(ბ) შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობისათვის დამატებითი გარანტიების შექმნა. საეჭვოა, ახლო მომავალში თურქეთმა მონტროს კონვენციის გადახედვის მზადყოფნა გამოაცხადოს, თუმცა უკრაინის ომმა შეუზღუდავი ნაოსნობის უზრუნველმყოფი „საკომპენსაციო მექანიზმების“ აუცილებლობა გამოააშკარავა;

(გ) თურქეთის დამატებითი, პოლიტიკურ-დიპლომატიური შესაძლებლობების კონტრიბუცია შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

პირველი ნაწილის დასასრული..

„ვაგნერის“ მეთაურებს შეხვედრაზე დასაქმების რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ” – პუტინი

კერძო სამხედრო კომპანიების დაკანონების საკითხი იოლი არ არის, ამაზე მთავრობამ და სახელმწიფო დუმამ უნდა იმსჯელონ, მაგრამ ჯერჯერობით იურიდიულად ასეთი კომპანიები, მათ შორის „ვაგნერი“ არ არსებობენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს!” – უპასუხა პუტინმა ჟურნალისტის კითხვას, გააგრძელებს თუ არა ეს კომპანია არსებობას, როგორც საბრძოლო ერთეული. მისი განმარტებით, რუსეთში არ არსებობს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ „ასეთი იურიდიული პირი არ არსებობს“.

„[ვაგნერის] ჯგუფი არის, მაგრამ იურიდიულად არ არსებობს. ეს არის ცალკე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია რეალურ ლეგალიზაციასთან. მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო სათათბიროში, მთავრობაში. ეს არ არის ადვილი საკითხი“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, „ვაგნერის“ მეთაურებს შეხვედრაზე დასაქმების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის მათი უშუალო მეთაურის ხელმძღვანელობით, სახმისით „სედოი“ (ჭაღარა), რომლის ხელმძღვანელობითაც „ვაგნერის“ მებრძოლები ბოლო 16 თვის განმავლობაში მსახურობდნენ.

„ყველა მათგანს შეეძლო ერთ ადგილზე შეკრება და სამხედრო სამსახურის გაგრძელება და მათთვის არაფერი შეიცვლებოდა. ბევრმა თავი დააქნია, როცა ამას ვამბობდი და პრიგოჟინმა, რომელიც წინ იჯდა და ეს არ დაუნახავს, მოსმენის შემდეგ თქვა: ”არა, ბიჭები არ ეთანხმებიან ასეთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა პუტინმა.

რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის – ომის 506-ე დღე

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვორონეჟთან მიახლოებისას სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვორონეჟის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა.

მისი თქმით, თავდსხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ვორონეჟიდან რამდენიმე კილომეტრში, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს სამი უპილოტო საფრენი აპარატი. მსხვერპლი და დაზიანებები არ ყოფილა“, – წერს გუსევი „ტელეგრამ“ არხზე.

ამასთან, კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

„ღამით ქალაქ კურჩატოვში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივი დაზიანდა. არავინ დაშავებულა“, – წერს რომან სტაროვოიტი „ტელეგრამ“ არხზე.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დაპირებული კასეტური საბრძოლო მასალა უკვე მიიღო.

”ამ დროისთვის, კასეტური საბრძოლო მასალები მართლაც ჩასულია უკრაინაში”, – განაცხადა გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა.

ამასთან, ამერიკელ გენერალს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენეს თუ არა უკრაინელმა ჯარისკაცებმა მიღებული კასეტური საბრძოლო მასალა.

შეგახსენებთ, მანამდე, ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის, „ტავრიას“ მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-სგან კასეტური საბრძოლო მასალები მიიღო, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოუყენებია. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ რთული გადაწყვეტილება მიიღო და კასეტური საბრძოლო მასალის უკრაინისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა.

“კასეტური საბრძოლო მასალა რუსებმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს” – პენტაგონის წარმომადგენელი

პენტაგონმა დაადასტურა, რომ ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალები უკვე უკრაინაშია. როგორც „სიენენი“ წერს, აღნიშნულის შესახებ განცხადება გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, დუგლას სიმსმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ამ დროისთვის კასეტური საბრძოლო მასალები უკრაინაშია“, – აღნიშნა დუგლას სიმსმა.

მისი თქმით, უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, აღნიშნული იარაღის მშვიდობიან მოსახლეობასთან სიახლოვეს გამოყენების ინტერესი არ აქვს.

„რუსებმა გამოიყენეს ეს იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამოქალაქო თემებში, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რასაც უკრაინელები აპირებენ. ისინი გეგმავენ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ტაქტიკურ გარემოში, რუსების წინააღმდეგ და არა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გენერალ-ლეიტენანტმა.