„პუტინის დიდოსტატობისა და მოაზროვნე მმართველის შესახებ მითი გამოაშკარავდა“ – რას წერს „ნიუსვიქი“

356
spot_img

„ოდესღაც კრემლი ცდილობდა, რომ ცხენზე ამხედრებული, წელზევით შიშველი ვლადიმერ პუტინის ფოტოსურათის რეკლამირებით რუსეთის ძლიერი პრეზიდენტის სახე შეექმნა – ისეთი ლიდერისა, რომელიც ყველაფერს ყოველთვის აკონტროლებს. მაგრამ, როცა უკვე ყველა ხედავს რუსეთის არმიის წარუმატებელ საომარ მოქმედებებს და „ვაგნერ-ჯგუფის“ ხელმძღვანელის  ევგენი პრიგოჟინის დაუმორჩილებლობას, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება და მის მიერ ჩამოყალიბებული ვერტიკალი ძველებურად საიმედო და მტკიცე რეჟიის ს თაბეჭდილებას აღარ ტოვებს“, – ნათქვამია ამერიკულ „ნიუსვიქში“ (Newsweek) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მითი პუტინის დიდოსტატობისა და მოაზროვნე მმართველის შესახებ გამოაშკარავდა“ (ავტორი – ბრენდან კოული).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო შეჭრამდე ვლადიმერ პუტინის რეპუტაცია საერთაშორისო დონეზე მაღალი რეიტინგით სარგებლობდა – იგი ისეთი ლიდერის სახით იყო წარმოდგენილი, რომელსაც ყველაფერი შეეძლო, ყველაფერი იცოდა… და კარგად იყენებდა  კოზირებს პოლიტიკური თამაშების დროს.

2008 წელს საქართველოსთან მომხდარი ხუთდღიანი ომის შედეგები, რომელთა თანახმად, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონები „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი რუსეთმა „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა, ხოლო სინამდვილეში მათი ოკუპირება მოახდინა, კრემლმა რუსული სახელმწიფოს სამხედრო ძლიერების აღორძინებად წარმოადგინა. ექვსი წლის შემდეგ, 2014 წელს, რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია განახორციელა – ამ ფაქტმა ქვეყნის შიგნით მოწონება დაიმსახურა, საზღვარგარეთ კი მხოლოდ დასავლეთის შეშფოთება-აღშფოთება.

ფაქტიურად, რუსეთს დაუსჯელობის გრძნობა გაუჩნდა. კრემლმა მომდევნო ნაბიჯი გადადგა უკრაინის დესტაბილიზების მიზნით – 2014 წლიდან ხელი შეუწყო დონბასელ რუსულენოვან სეპარატისტებს და უკრაინაში სრული შეჭრისათვის მოემზადა.

უკრაინაში შეჭრით, ომის გაჩაღებით და დონბასის ანექსიით ვლადიმერ პუტინმა ისეთი დიდი ლუკმა მოკბიჩა, რომლის დაღეჭვა და გადაყლაპვა ვერ შეძლო. როგორც გაჟონილი ინფორმაციებიდან ჩანს (მკაცრი ცენზურის პირობებშიც კი!), ფრონტებზე საქმე მთლად კარგად არ მიდის და მოსახლეობა ამას ამჩნევს.

ცხადია, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით სასტიკად მოტყუვდა. მან ბევრი რამ ვერ გათვალა. რაც მტავარია, მას ეგონა, რომ უკრაინის მოსახლეობა რუსეთის ჯარს ზარ-ზეიმით შეხვდებოდა, მაგრამ მწარედ შეცდა. დღეს უკვე ნათელია, რომ 17-თვიანმა ბრძოლებმა რუსეთს ცოცხალი ძალის დიდი მსხვერპლი მოუტანა, დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას და რისკები გააჩინა იმისა, რომ შეიძლება ვლადიმერ პუტინმა თავისივე ახლო გარემოცვის ნდობა დაკარგოს.

ვლადიმერ პუტინი ამჟამად დასუსტებულია, მისი შარავანდედი ფერმკრთალია, მითები კი – მხილებული და გამოაშკარავებული.

„ვაგნერის“ ამბოხებამ რუსეთში ქაოსური სიტუაციის წინაპირობები შექმნა: გავრცელდა ცნობები, რომ ვლდიმერ პუტინმა მოსკოვი დატოვა… გარდა ამისა, იმ ინფორმაციებმა, რომ „ვაგნერმა“ რამდენიმე რუსული ვერტმფრენი და ძვირადღირებული თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხელი შეუწყო და დამატებითი წონა შესძინა მოარულ ხმებს ვლადიმერ პუტინის ქმედითუნარიანობისა და კონტროლის დაკარგვის შესახებ. მოგვიანებით კრემლის პროპაგანდისტებმა სიტუაცია ისე წარმოადგინეს, რომ პრეზიდენტი ყველაფერს აკონტროლებდა, რომ მსგავსი სიტუაციების მართვა და განმუხტვა ვლადიმერ პუტინისათვის ჩვეულებრივ საქმეს წარმოადგენდა და რომ მას შეცდომის პატიება და შენდობა შეუძლია.

(…)

კრემლი მოსახლეობას უმალავს ფრონტზე განცდილ დანაკარგებს, ცენზურა მთელი ძალით მუშაობს და ვინც ხელისუფლების მიმართ ოდნავ წინააღმდეგობას გამოამჟღავნებს, მას ციხე ელოდება, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.

წყარო