Home Blog Page 1866

„ლელო“ არ გეგმავს რაიმე ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობას” – ანა ნაცვლიშვილი

„ლელო“ არ გეგმავს რაიმე ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობას, – თქვა პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა, რითაც გამოეხმაურა „პოლიტიკური აქტივობისა და ერთობის კომიტეტის“ შექმნასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

„ლელოს“ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას იღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო და არა სხვა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. შესაბამისად ჩვენ არ ვგეგმავდით და არც ვგეგმავთ „ნაციონალურ“ მოძრაობასთან რაიმე ტიპის საარჩევნო ერთობას“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას „პოლიტიკური აქტივობისა და ერთობის კომიტეტის“ შექმნას სთავაზობს.

 

“ოპოზიციის ნაწილი ეცდება, დისტანცირება მოახდინოს კეთროვანად გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერისგან” – ქარდაგიშვილი

ახლა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეცდება, რომ დისტანცირება მოახდინოს კეთროვანად გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერისგან,- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარტია“ საქართველოსთვის“ წინადადება, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.

როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, წინასაარჩევნოდ ყველა ოპოზიციური პარტია შეეცდება ამომრჩეველს თავი მოაწონოს, აქედან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ გახშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ დამგმობი განცხადებებიც.

„მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, მისი პატიმრობის მდგომარეობას წყვეტს შესაბამისი უწყება. არც ერთი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაზე არ არის ეს დამოკიდებული. რაც შეეხება მათი განცხადების პოლიტიკურ ნაწილს, ახლა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეცდება, რომ დისტანცირება მოახდინოს კეთროვანად გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერისგან. ეს განცხადება, ამ შემთხვევაში, უფრო ამას ემსახურება. პოლიტიკურ ნაწილში, ალბათ, ეს არის მათი მიზანი.

ყველა ფიქრობს, რომ ამომრჩევლის რომელიმე სეგმენტზე „დაჯდეს“. აქამდე, სამწუხაროდ, ოპოზიციის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის გამზიარებელი. ეს სპეკულაცია მათ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გაატარეს, რომ ქვეყანაში რევოლუციური დღის წესრიგი დაენერგათ და რევოლუცია მოეხდინათ. დღეს დაინახეს, რომ ეს ყველაფერი თავიანთი რუსული ლოზუნგებით, უკვე წყალში გადაყრილი დრო აღმოჩნდა, ამიტომ არჩევნების წინ ახლა ცდილობენ, რამენაირად საზოგადოებას დაანახონ, რომ რადიკალურად არიან გამიჯნულები „ნაციონალური მოძრაობისგან“ და საზოგადოების რაღაც სეგმენტს მოაწონონ თავი. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ბევრისგან ვიხილავთ „ნაციონალური მოძრაობის“ დამგმობ განცხადებებს“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ბორის ჯონსონი მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„ძვირფასო მიშა, ამ შობას ვიხსენებთ თქვენს გამბედაობასა და თავისუფალი საქართველოს შენების ხედვას. გისურვებთ წარმატებას თქვენი ხალხის არაჩვეულებრივი წარმატების მომდევნო თავში.

საქართველოს გაუმარჯოს!“,- აცხადებს ბორის ჯონსონი.

ვენეციის კომისიის დასკვნას საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის იყენებენ -ცესკო

ვენეციის კომისიის დასკვნას საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის იყენებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული კამპანია დაიწყო.

„სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი შეტევისთვის ამჯერად ვენეციის კომისიის დასკვნას იყენებენ, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს უკავშირდება. დაინტერესებული მხარეები ცდილობენ კომისიის დასკვნას მათთვის სასურველი ინტერპრეტაცია მისცენ. საუბარი ისევ დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის ლეგიტიმაციაზე, მაშინ, როდესაც მსგავსი შინაარსის ჩანაწერი დასკვნაში არ არის. ამასთან ერთად, ისინი არ საუბრობენ ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის პარტიების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში დანიშნული წევრების გათავისუფლების მკაფიო კრიტერიუმების საჭიროება, რამაც უნდა უზრუნველყოს მათი რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

სინამდვილეში, ყველა ჩართული მხარისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ცესკოს ყველა პროფესიული წევრი და მათ შორის თავმჯდომარე, უფლებამოსილებას კანონის შესაბამისად ახორციელებენ. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა არ შეფერხებულა არც ერთ წუთით და პირიქით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არჩევნების მოდერნიზების უმნიშვნელოვანესი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად, ამ პროცესში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებით დასანერგად. მხოლოდ 2023 წელს მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა ორი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები. წარმატებით მიმდინარეობს ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი. ცესკოს ხელმძღვანელობამ გამართა მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით. ცესკო საერთაშორისო სიმპოზიუმზე ერთდროულად სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა და ის აღიარებულია წლის საარჩევნო ადმინისტრაციად. ეს ბოლო პერიოდში განხორციელებული ეფექტიანი საქმიანობის არასრული ჩამონათვალია, რაც ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია ელექტრონული არჩევნების წარმატებით ჩატარებაზე, ამ ტიპის განცხადებები კი აზიანებს არა მხოლოდ უწყებას, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოს.

კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ პოლიტიკურ სუბიექტებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეაფასონ მხოლოდ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით და ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, რადგან არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო პროცესის წარმატებით განხორციელება საერთო ინტერესია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივ დასკვნაში წერია, რომ შეთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის.

უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების სამხედრო სამსახურში გაწვევას გეგმავს

უკრაინა, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომისთვის ახალი ჯარისკაცების ძიებაში, აპირებს მომავალ წელს საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელი მამაკაცები სამხედრო სამსახურში გამოიძახოს, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა Bild-თან, Welt TV-სთან და Politico-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები 25-დან 60 წლამდე უკრაინელებს მოუწევთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გამწვევ პუნქტებში გამოცხადდნენ და მათ, ვინც თავს აარიდებს, სანქციები დაემუქრება.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, რა უნდა მოხდეს, თუ ისინი ნებაყოფლობით არ გამოცხადდებიან“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უმაღლესმა სამხედრო მეთაურებმა დამატებით 450 000-500 000 ადამიანის მობილიზება შესთავაზეს.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ეს ძალიან სერიოზული რაოდენობაა და გეგმის შესრულებამდე მას უფრო ღრმა დისკუსია და მეტი არგუმენტი სჭირდება.

თიბისისთან და მასტერქარდთან ერთად ზამთრის კურორტებზე სასრიალო სეზონი გაიხსნა

თიბისი და მასტერქარდი  2023-2024 წლის ზამთრის სასრიალო სეზონზე მომხმარებლებს სპეციალური აქციას სთავაზობენ.

20 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით, მულტიქარდის ტიპის აბონემენტის TKT.GE და Biletebi.ge პლატფორმებზე შეძენისას, თიბისის Mastercard-ის ბარათების მფლობელები, ფასდაკლებით ისარგებლებენ:

  • 30%-იანი ფასდაკლება თიბისის Mastercard-ის სადებეტო ბარათზე;
  • 35%-იანი ფასდაკლება თიბისი კონცეპტის Mastercard-ის ბარათზე.

ფასდაკლება გავრცელდება შემდეგ კატეგორიებზე: 7-დღიანი, 10-დღიანი და სეზონური (კონკრეტულ კურორტზე მოქმედი) და მულტი-სეზონური (4-ვე კურორტზე მოქმედი) აბონემენტები.

შეთავაზება ვრცელდება საქართველოს 4-ვე სამთო კურორტზე – გუდაური, ბაკურიანი, მესტია და გოდერძი.

ახალი აბონემენტის გააქტიურება შესაძლებელია გასული წლის მულტიქარდზეც. თუ სკი პასი ჯერ არ გაქვს, ისარგებლე საკურიერო მომსახურებით და მიიღე ბარათი ნებისმიერ მისამართზე თბილისის მასშტაბით, როგორც TKT.GE, ისე Biletebi.ge-ზე შეძენისას.

(R)

პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს

პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან” სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს.

დაუშვილის თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის” სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაყვანილ იქნას მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიცაა დღევანდელი “ოცნება” და რომელიც ტარდება კორუფიისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო სისტემის გამოყენებით.

სამსახურებრივი უფლებასილების გადამეტებისთვის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მართლმსაჯულებას პასუხები უნდა გასცეს, მათ შორის იმაზე, თუ რატომ შეუვარდა სპეცრაზმით და დახურა იმ დროს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია “იმედი”, გუშინ სასამართლო სხდომაზე, პალატიდან, პირდაპირ ეთერში ატარებდა პარტიულ თათბირს, გასცემდა დავალებებს, ალაგებდა “ნაციონალური მოძრაობის” ხელახალი გაერთიანების გეგმას, უკრაინულ ენაზე აკეთებდა განცხადებებს, ანუ ლაპარაკობდა გარემოებებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რისი უფლებაც მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არ აქვს და ასეთ დროს მოსამართლე მას უნდა აჩერებდეს.

სანაცვლოდ, სააკაშვილის ეს წინასაარჩევნო აგიტაციია პირდაპირ ეთერებში გადაიცემა, მათ შორის, სააკაშვილისვე დარბეული ტელეკომპანია “იმედის” საშუალებით.

უცხო ქვეყნის მოქალაქე, საპატიმრო პალატაში მყოფი ბრალდებული სრულფასოვნად მონაწილეობს ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში, რასაც კანონი უკრძალავს, მაგრამ არ უკრძალავს და მეტიც, ამის უფლებას აძლევს “ოცნება”.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს კამპანიური ხასიათის მოვლენაა, რომლის მიზანია, 2024 წლის არჩევნებისთვის ერთი მხრივ, დაშლილი “ნაცმოძრაობის” გადარჩენა და მეორე მხრივ, სააკაშვილით და მისი “ნაცმოძრაობით” საქართველოს მოქალაქეების მორიგი დაშინება.

მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად; ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში; აცადოს სასამართლოს მართლმსაჯულების აღსრულება; შეწყვიტოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემატური დარღვევა და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – ახალი წლების შემდეგ მაინც”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დანიურმა მხარემ თავდაცვის ძალებს ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) დანიურმა მხარემ მაღალი გამავლობის ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა. ტექნიკისა და აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, დანიის სამეფოს ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა დანიურ მხარეს მხარდაჭერისთვის და გაწეული ფინანსური კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით, სტუმრებმა ცენტრის სასადილოში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.

მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში, დანიურმა მხარემ 403 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შეისყიდა, რომელიც JTEC-ის სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ახალი ცენტრის აღჭურვას მოხმარდება. პროგრამის ფარგლებში შეძენილია ორი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი (Toyota Land Cruiser) და ცენტრისთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკა და აპარატურა.

2024 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს სრულად დავაფინანსებთ

ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი გამარჯვებაა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.

მისი განმარტებით, პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა იმ რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტიურად ახორციელებს. მათ შორის არის თურქული ბაზრის გახსნა და წამლებზე დაწესებული რეფერენტული ფასები.

„რეფერენტული პოლიტიკითა და თურქული ბაზრის გახსნით, საქართველოს მოქალაქეებმა, ჯამში, 300-400 მილიონი ლარი დაზოგეს. წლიურ ჭრილში რომ ვისაუბროთ, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასები 80%-თაც შემცირდა. თუმცა, როგორც ვვარაუდობდით, საშუალოდ 40%-ით არის შემცირებული, რაც ვფიქრობ, საკმაოდ დიდი წარმატებაა“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

რატომ მოხდინა აშშ-ის კოლორადის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპის დისკვალიფიკაცია პირველადი კენჭისყრისგან

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რატომ მოხდინა აშშ-ის კოლორადის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპის დისკვალიფიკაცია პირველადი კენჭისყრისგან და რა მნიშვნელობა აქვს სასამართლოს მიერ მიღებულ ვერდიქტს“ (ავტორი – ჯეკ ქუინი). მასალაში გაანალიზებულია ამერიკის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პერსპექტივა 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, შტატის საპრეზიდენტო პრაიმერის კენჭისყრაში დონალდ ტრამპი მონაწილეობას ვერ მიირებს, იგი დისკვალიფიკაცირებულია. ეს არის საგანგებო მნიშვნელობის დოკუმენტი, თუმცა შესაძლოა  2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაუქმდეს.

რას გულისხმობს შტატის სასამართლოს გადაწყვეტილება და რას ნიშნავს ის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რესპუბლიკური პარტიიდან, ნომინაციის მოწინავე კანდიდატია?

რას ამბობს გადაწყვეტილება?

კოლორადოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მცირე უმრავლესობამ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს, აეკრძალა შტატში, პრაიმერის კენჭისყრაში მონაწილეობა. სასამართლომ აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების მე-3 ნაწილით იხელმძღვანელა, რომელიც „ამბოხებასა და აჯანყებაში“ ჩართული პირების მიერ, ფედერალური თანამდებობის დაკავებას კრძალავს.

ქვედა ინსტანციის სასამართლომ იქამდე დაადგინა, რომ 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმზე მისი მხარდამჭერების თავდასხმის დროს, დონალდ ტრამპის ქმედებები აჯანყებას უტოლდებოდა. მაგრამ, მისი დისკვალიფიკაცია შეაჩერა და მოსამართლემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის მე-14 შესწორების მესამე ნაწილი პრეზიდენტებზე არ ვრცელდება.

კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ, თავისი გადაწყვეტილება, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვის მოლოდინში შეაჩერა. დონალდ ტრამპმა, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაუყოვნებლივ თქვა, რომ ის გადაწყვეტილების ქვეყნის უზენაეს სასამართლოში განხილვას მოითხოვდა.

შენარჩუნდება თუ არა გადაწყვეტილება?

საქმე უპრეცედენტო სამართლებრივ საკითხს მოიცავს, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციის მე-14 შესწორების მესამე ნაწილთან. მესამე ნაწილი, შესწორებაში სამოქალაქო ომის შემდეგ შეიტანეს და ის აქამდე იშვიათად იქნა გამოყენებული.

ბუნდოვანია, თუ როგორი იქნება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების პერპექტივა მისი გასაჩივრების კვალობაზე. აშშ-ის უზენაეს სასამართლოში კონსერვატიული უმრავლესობა დომინირებს და სამი მოსამართლე დონალდ ტრამპის მიერ არის დანიშნული. ზოგიერთი მათგანი, დიდი ხანია სკეპტიკურად უდგება სასამართლოებისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც აშკარად არ არის კანონმდებლობაზე დაფუძნებული.

კოლორადოს სასამართლომ გადაწყვეტილება 4 ხმით, სამის წინააღმდეგ, ანუ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

რას ამბობს თავად დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებაზე?

დონალდ ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებმა, სასამართლოს გადაწყვეტილებას „არადემოკრატიული“ უწოდეს. „კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ სრულიად მცდარი გადაწყვეტილება გამოსცა და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ აშშ-ის უზენაესს სასამართლოს“ – თქვა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა. მან და მისმა მოკავშირეებმა, კოლორადოსა და სხვა რამდენიმე შტატში დისკვალიფიკაციის საქმეები გააკრიტიკეს და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გადაწყვეტილებას არჩევნებზე?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს განხილვის შემდეგ, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შენარჩუნდება, 2024 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგების კონტექსტში, ეს შეიძლება არათანმიმდევრული იყოს, რადგან ტრამპს არ სჭირდება კოლორადოს მოგება და შტატის ძლიერი დემოკრატიული მიდრეკილებების გათვალისწინებით, იქ რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვება მოსალოდნელი არც კი არის.

ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმიდან, კოლორადოს 9 ხმა აქვს. 2020 წლის არჩევნებში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატში 13 პროცენტული პუნქტით გაიმარჯვა.

მაგრამ, შესაძლებელია, მსგავსი სარჩელები შევიდეს იმგვარ შტატებშიც, რომელთა მოგება, დონალდ ტრამპს, საბოლოო გამარჯვებისთვის დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ სხვა არც ერთი სასამართლო არ იქნება ვალდებული, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიაროს, მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, მოსამართლეთა ნაწილი საქმეს ყურადღებით შეისწავლის და საკუთარ დასკვნებს გამოიტანს.

დისკვალიფიკაციის სხვა საქმეები

ამომრჩეველთა და ადვოკატირების ჯგუფებმა, დონალდ ტრამპის კენჭისყრაში დაბლოკვის მიზნით, სარჩელი 12-ზე მეტ შტატში შეიტანეს. მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათგან სულ მცირე 7 შემთხვევაში, საქმემ მარცხი განიცადა.

მიჩიგანის, ნიუ-ჰემფშირისა და ფლორიდის სასამართლოებმა, პროცედურული და იურიდიული საფუძვლებით, მსგავსი საქმეები გააუქმეს. ზოგიერთ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება, ცალმხრივად დაბლოკოს კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენიდან. დისკვალიფიკაციის საქმე ასევე უარყო მინესოტის შტატის უზენაესმა სასამართლომ.

წყარო

ქვეყანას ყოველდღიურად წვევამდელი ასაკის 6000 ახალგაზრდა ტოვებს -უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი

უკრაინას ყოველდღიურად წვევამდელი ასაკის 6000 ახალგაზრდა ტოვებს. ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.

იგორ მატვიიჩუკის თქმით, ახალგაზრდები უკრაინის საზღვარს სხვადასხვა სტატუსით, მათ შორის, მოხალისის, სატვირთოს მძღოლის, შეზღუდული უნარების მქონე პირის თანმხლების ან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსით ტოვებენ.

ხშირია თაღლითობის შემთხვევები, როდესაც წვევამდელი ასაკის მამაკაცები ხელს მრავალშვილიან ქალებთან აწერენ, რაც მათ საზღვრის დაუბრკოლებლად გადაკვეთის საშუალებას აძლევს. ასევე, გამოვლენილია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლის შემთხვევებიც.

„2024 – გეოპოლიტიკური გამოწვევების წელი იქნება“ – უცხოური პრესა

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის TRT-ის (Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „2024: გამოწვევების წელი“.

გთავაზობთ პუბლიკაციის ქართულ ვერსიას:

იმან, რაც მოხდა 2023 წელს, მნიშვნელოვნად გაამრავალფეროვნა 2024 წლის სავარაუდო გეოპოლიტიკური და სტრატეგიული სცენარები.

2024 წელს არჩევნებზე 4 მილიარდზე მეტი მოსახლეობა წავა. კრიტიკულ არჩევნებით წინა პლანზე იწევს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, რუსეთი, ინგლისი, ინდოეთი, ტაივანი და ბანგლადეში. უკრაინის, ღაზის, ტაივანის საკითხებმა, ირანის ბირთვულმა პროგრამამ, ისრაელ-არაბული კონფლიქტის შესაძლებლობამ ახლო აღმოსავლეთში, ენერგიის ფასების გაურკვევლობამ და კლიმატის ცვლილების გამო მოულოდნელმა მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს ფაქტები, რომლებიც ღრმად იმოქმედებს საერთაშორისო პოლიტიკაზე. ბოლო 24 თვის განმავლობაში 78 კონფლიქტი ან მთლიანად განახლდა, ​​ან არსებული გაყინული კონფლიქტები კვლავ შევიდა კონფლიქტის ფაზაში. ეს ვითარება საერთაშორისო სისტემის კონფლიქტური ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ელემენტია. – ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს უსაფრთხოების კვლევის დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

საერთაშორისო სისტემაში ცვლილება და ტრანსფორმაცია კვლავ გაურკვეველი რჩება და ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. არსებობს სერიოზული გამოწვევა აშშ-ის გლობალურ პოზიციასთან დაკავშირებით. ნათელია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩინეთმა ჯერ ვერ დააბალანსა ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო კუთხით, არსებობს შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში შეძლოს მისი დაბალანსება ზოგიერთ სექტორში. ეს ვითარება ჩინეთს ვერ მისცემს გლობალური ძალის პოზიციას, მაგრამ ის გვევლინება, როგორც სამხედრო პოზიცია, რომელსაც შეუძლია დააბალანსოს აშშ საკუთარ რეგიონში, უკან გასწიოს იგი ან უზრუნველყოს მისი უკან დახევა.

მეორე, ახლო აღმოსავლეთში არსებობს შეერთებული შტატების სამხედრო პოზიციებზე თავდასხმის სერიოზული ტენდენცია, განსაკუთრებით 7 ოქტომბრის შემდეგ. ეს ჩნდება როგორც სიტუაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების სამხედრო არსებობას. ეკონომიკურად, აშშ რჩება ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკად. ის მთლიანად ევროპასა და ჩინეთს უსწრებს. თუმცა, გლობალური ეკონომიკური ვითარება აჩვენებს, რომ ბევრი რეგიონალური და საშუალო ზომის ძალა ინდოეთის თაოსნობით, სერიოზულ გამოწვევას უქმნის აშშ-ს ეკონომიკურ ჰეგემონიას. დიპლომატიური თვალსაზრისით, როგორც ჩანს, აშშ-ის მორალური უპირატესობა დაიკარგა. განსაკუთრებით ღაზის ომის შემდეგ ამერიკულმა დიპლომატიამ, როგორც ჩანს, დაკარგა დამაჯერებლობა. ბაიდენის ხელისუფლების მიზანი, რომ შეექმნა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ჩაიშალა და რაც მთავარია, მან გაამართლა სხვა აქტორების არაწესიერი ქცევა.

კიდევ ერთი სისტემური საკითხია რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე საოკუპაციო ქმედებები. უკრაინაში რუსეთის გეოპოლიტიკური მიზნების ცვლილება ჯერ კიდევ არ მომხდარა. რუსეთი ცდილობს უკრაინა შავი ზღვისთვის ჩაკეტილ სახელმწიფოდ აქციოს. ფინეთის ნატოში გაწევრიანებისა და შვედეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანების შემდეგ, რუსეთის ეს მიზანი გაცილებით კრიტიკული გახდა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა ამ მიზანს მიაღწიოს ახლა და ალბათ 2024 წელს. ამიტომ უკრაინის ომში უცვლელი ბრძოლის ველი შეიქმნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო სერიოზული განსხვავება ბრძოლის ველზე გეოგრაფიულ პოზიციონირებასა და სამხედრო ოპერაციულ ინტენსივობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ საოპერაციო ინტენსივობა ძალიან მაღალია, გეოგრაფიულ დონეზე, ანუ საველეზე არ არის გაფართოება ან პროგრესი. ეს არ არის მდგრადი სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომში. შესაბამისად, რუსეთსა და უკრაინას შორის უკრაინასთან დაკავშირებით კონფლიქტის დინამიკა კვლავ გრძელდება. კიდევ ერთი საკითხია დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას, ეს სამხედრო მხარდაჭერა ამჟამად არ თამაშობს თამაშის შემცვლელ როლს ადგილზე. რა თქმა უნდა, ამან გააძლიერა უკრაინის თავდაცვა, მაგრამ უკრაინას არ აძლევდა სტრატეგიულ უპირატესობას რუსეთზე გამარჯვების მოპოვებაში. დიპლომატიურ ფრონტზე ჯერ პროგრესი არ არის. არ ჩანს, რომ ეს პროგრესი უახლოეს მომავალში მოხდებეა.

არსებული ვითარება ხელს უშლის უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ნიადაგის მომზადებაში. რადგან უკრაინის სამშვიდობო გეგმა კვლავ ითვალისწინებს უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანას. ამ მიზეზით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინაში არსებული ვითარება ასე გაგრძელდება 2024 წელს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება იყოს კრიტიკული მოვლენა უკრაინის პროცესისთვის, მსგავსად არჩევნები იქნება რუსეთშიც, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინის პრეზიდენტობა ამ არჩევნებზე გაგრძელდება თუ რაიმე დიდი მოულოდნელობა და „შავი გედის“ განვითარება არ მოხდება, რუსეთში ძალაუფლება პუტინის ძალაუფლების კონსოლიდაციით გაგრძელდება. რუსეთ-ევროპულ ურთიერთობებში შესაძლოა ახალი ტენდენცია შეინიშნოს. თუ დონალდ  ტრამპი მოიგებს არჩევნებს, ევროპის უკრაინასთან დაკავშირებით უფრო ავტონომიურად მოქმედების შესაძლებლობა შეიძლება გაძლიერდეს.

მოლოდინის საწინააღმდეგოდ, საერთაშორისო პოლიტიკამ შესაძლოა ახალი კონკურენტული და კონფლიქტური პროცესი განიცადოს.

წყარო